კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

და სამუდამოდ დავკარგე
ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვწერ – ჩემი ხნის კაცს არ შეეფერება ოჯახის პრობლემების ასე საქვეყნოდ გამომზეურება, მაგრამ, ძალიან მინდა, ჩემმა დამ და სიძემ წაიკითხონ ან ვინმემ წაიკითხოს და უამბოს ამ წერილის შინაარსი, რადგან, ურთიერთობა მათთან აღარ მაქვს, არადა, მინდა, რომ იცოდნენ, რას ვფიქრობ მათზე არა მარტო მე, არამედ, მთელი სანათესაო და მეზობლები; იქნებ, როგორმე დაფიქრდნენ, როგორ ცუდად მოექცა საწყალ დედაჩემს პირადად ჩემი და, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა და მთელ ქვეყნიერებას ერჩივნა. მაგრამ, ღმერთმა მაპატიოს და, დედაჩემიც არ მოიქცა სწორად, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ჩემ მიმართ არ მოიქცა სამართლიანად. საერთოდ, როგორც იცით, ნებისმიერ უსიამოვნებას ადამიანებს (მით უმეტეს – ოჯახის წევრებს) შორის, მატერიალური საფუძველი აქვს, ანუ, თითქმის ყოველი დავა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქონების გაყოფასთან არის დაკავშირებული. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩემი და რომ გათხოვდა, დედაჩემმა ის სამოთახიანი ბინა „გაატანა“ მზითევში, მამამ ჩემთვის რომ იყიდა – ცოლს რომ შეირთავს, კაცს თავისი ბინა უნდა ჰქონდეს, თავაწეული რომ იყოს ახალ ნათესავებშიო (მამა უკვე გარდაცვლილი იყო). მაშინ სტუდენტი ვიყავი, დაოჯახებას არ ვაპირებდი და, თანაც, ძალიან მიყვარდა ჩემი უფროსი და, ამიტომ, მისთვის ყველაფერი მემეტებოდა და გულშიც კი არ გამჩენია პროტესტი. რამდენიმე წლის შემდეგ, მუშაობა რომ დავიწყე, ერთი გოგო შემიყვარდა, მასაც შევუყვარდი და დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩემი საცოლე პირველად ჩემს დასთან მივიყვანე და მხოლოდ მერე გავაცანი დედაჩემს. მერე მეც გავიცანი ნინიკოს მშობლები, ჩემებსაც გავაცანი და ქორწილი შემოდგომისთვის დავნიშნეთ. ჯერ გაზაფხული იყო და, გვინდოდა, ყველაფერი მაღალ დონეზე მოგვესწრო. ამ ამბებიდან ორი კვირის შემდეგ ჩემმა დამ და სიძემ (იმასაც რომ კაცი ჰქვია) ყოველდღე დაიწყეს ჩვენთან სიარული და ყოველი მოსვლის შემდეგ მიჰქონდათ ნივთები: ჯერ ჭურჭლით დაიწყეს, ბოლოს კი ავეჯზე გადავიდნენ. ზაფხულში მივლინებაში გამიშვეს სამსახურიდან ორი კვირით და იქიდან რომ ჩამოვედი, ჩემი ბინა თითქმის ცარიელი დამხვდა. ჯერ შემეშინდა – ვერ მივხვდი, რა მოხდა, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, რომ ყველაფერს მაცაცოზე ვიყავი შეპირებული და იმას გავატანე. ცოლს რომ მოიყვან, რძალი მულისთვის ვეღარაფერს გაიმეტებსო. პირველად ავფეთქდი. რამდენიმე დღეში კი ისიც გაირკვა, რომ ჩემი ცოლისთვის გადადებული სამკაული, რომელიც ნიშნობაზე უნდა მიგვეტანა, სასწრაფოდ „დასჭირვებია“ ჩემს დას და უკლებლივ ყველა წაუღია. სწორად გამიგეთ, რა!  მაპატიეთ და, ნივთების დედაც ვატირე, მაგრამ, ყველაზე ახლობელი ადამიანები ასე რომ მოგექცევიან, არაფრად რომ არ ჩაგაგდებენ და ფეხებზე დაგიკიდებენ, სხვას როგორღა უნდა ენდო?! ძალიან გავბრაზდი, დედაჩემსაც ვეჩხუბე და ვუთხარი, ღმერთის მაინც არ გეშინია, მთელი ცხოვრება ასე რომ ასხვავებ შვილებს-მეთქი?! მართლაც ასე იყო ყოველთვის, უბრალოდ, მაშინ არ ვაქცევდი ყურადღებას, რადგან, ჯერ ერთი, ბიჭი ვიყავი, თანაც – ბევრად უმცროსი; გარდა ამისა, სულ ის მესმოდა, მაცაცო გოგოა, გოგოს კი განსაკუთრებული მოვლა და მიხედვა სჭირდებაო. კიდევ ხმას არ ამოვიღებდი და ამ წერილსაც არ მოგწერდით, რომ არა ერთი კულმინაციური უსინდისობა ჩემი დის მხრიდან: არაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ლოგინად ჩავარდნილ დედაჩემს მე და ჩემი ცოლი ვუვლიდით მთელი სამი წელი. ჩემი და ნახევარ წელიწადში ერთხელ თუ მობრძანდებოდა ხოლმე, თანაც მაშინ, როცა მე არ ვიყავი სახლში (ნაწყენი ბრძანდებოდა ქალბატონი), ისიც, მხოლოდ თხუთმეტი წუთით და გარბოდა. ბოლოს კი, უკვე ძალიან ცუდად რომ გახდა დედა და ექიმმა გვითხრა, მაქსიმუმ ერთ თვეს თუ გაატანსო, მაშინ დაიწყო ჩემმა დამ ყოველდღე სირბილი, ჩაიკეტებოდა ხოლმე დედას ოთახში და რაღაცას ეჩურჩულებოდა.
დედა რომ გარდაიცვალა, იმ დღეს დააგვიანდა მოსვლა ჩემს დას. სიკვდილის წინ დედაჩემმა ტირილით მთხოვა პატიება, რაღაც კონვერტი გადმომცა და მითხრა, ეს ჩემი ბოლო ანდერძიაო. თავიდან ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე, მაგრამ, ყველაფერი დაკრძალვის მეორე დღეს გაირკვა. თურმე, ჩემმა დამ (ბოლო თვეს რომ მოდიოდა დედასთან, მაშინ) აიძულა დედაჩემი, ანდერძი დაეწერა და ის ბინა, რომელშიც მე ვცხოვრობდი ჩემი ოჯახით, მისთვის დაეტოვებინა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში დედა მიხვდა თავის შეცდომას და ახალი ანდერძი დაწერა (ჩვენი კარის მეზობლისთვის უთხოვია სახლში ნოტარიუსის მოყვანა, რაც მე და ჩემმა ცოლმა არ ვიცოდით) და წინა ანდერძი ჩემს სასარგებლოდ გააუქმა. ეს რომ ჩემმა დამ გაიგო, არ იცით, რა საშინელებები ჩაიდინა, მაგრამ, ბოლოს იძულებული გახდა, სამუდამოდ წასულიყო ჩემი სახლიდან.
იმის მაგივრად, რომ გასუსული იყოს და ხმა არ ამოიღოს, თურმე, ჩემი და ყველას უყვება, როგორ დატოვა მშრალზე მისმა გაზრდილმა ერთადერთმა ძმამ (ანუ – მე) და კიდევ ათას სიბინძურეს გვაბრალებს მე და ჩემს ცოლს. კარგად უმყოფოს შვილები უფალმა, მათთვის ცუდი ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ღმერთის მაინც არ ეშინია?!
სერგი, 45 წლის.
ჩემი საქმრო ეჭვიანი გახდა
მყავს საქმრო, რომელიც ძალიან მიყვარს. ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ. უერთმანეთოდ ერთ საათსაც ვერ ვძლებთ, მაგრამ, დღე არ გავა, რომ არ ვიჩხუბოთ. პატარა ბავშვებივით ვკინკლაობთ და სიტყვაზე ვეკიდებით ერთმანეთს. თან, ორივე ისეთი ჯიუტები ვართ, რომელიმეს მხრიდან დათმობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მე სულ იმას ვეუბნები, რომ, ქალი ვარ და ამიტომ უნდა დამითმოს, ის კი მიმტკიცებს, ოჯახში მთავარი სიტყვა კაცს ეკუთვნის და მე როგორც გადავწყვიტე, ყველაფერი ისე უნდა იყოსო. მართალია, ჯერ არ დავქორწინებულვართ, მაგრამ, უკვე ოჯახის უფროსად წარმოიდგინა თავი და ბრძენი და მკაცრი ქმრის როლშია შეჭრილი, რაც ძალიან მაღიზიანებს. თან, ამ ბოლო დროს ცოტ-ცოტა ეჭვიანობა დაიწყო და ეს ხომ მთლად მაცოფებს. სამი წელია, შეყვარებულები ვართ და არასდროს მსგავსი არაფერი გამოუმჟღავნებია, ახლა კი ლამის ყველას ბიოგრაფია გამომკითხოს, ვინც კი ქუჩაში შემხვდება და დამელაპარაკება. რომ უთხრა, ეჭვიანობო, თავს გაგიხეთქავს – ეგ როგორ მაკადრეო, არადა, სხვა რა დავარქვა მის ასეთ საქციელს? თვითონ აქვს უამრავჯერ ნათქვამი, თუ ქმარი ან შეყვარებული ეჭვიანია, ამის მიზეზი მის ფსიქიკაში უნდა ეძებო – ასეთი კაცები ბავშვობიდან დაჩაგრული და დაკომპლექსებული ადამიანები არიან, რომლებსაც პატარაობიდანვე არ აქვთ საკუთარი თავის, საკუთარი ძალების რწმენა და შინაგანად სულ რაღაცის ეშინიათო. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ვატო კომპლექსიანი და მშიშარაა, მაგრამ, აშკარად ვგრძნობ, რომ, ზოგადად, ეჭვიანი ხასიათი გაუხდა, რაც ადრე აშკარად არ ჰქონდა. დედაჩემს გავუმხილე ჩემი წუხილი და ძალიან ჩააფიქრა ამ ამბავმა. მითხრა, კარგად დაფიქრდი, სანამ ცოლად გაჰყვები, რომ მერე სანანებლად არ გაგიხდეს ეს ნაბიჯი. შეიძლება, ქალმა ლოთ ქმარსაც გაუძლოს, დამნაშავესაც, ნარკომანსაც კი, მაგრამ, ეჭვიანი ქმრის გაძლება შეუძლებელია, ჭკუიდან შეგშლის და, ან ნაადრევად გაგიშვებს იმქვეყნად, ან ისე დაგთრგუნავს, დაგაბეჩავებს და საცოდავ არსებად გაქცევს, აღარც საკუთარი თავისთვის ივარგებ და არც შვილებისთვისო. ამ სიტყვებმა ძალიან ჩამაფიქრა. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ჩემს სიყვარულში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, მაგრამ, რაც უფრო ხანგრძლივდება ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი, მით მეტ უარყოფით (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მიუღებელ) თვისებებს ვპოულობ მასში. შეიძლება, ისიც ასევე ფიქრობს ჩემზე და ისიც რაღაცით არის იმედგაცრუებული, მაგრამ, არ მეუბნება და თვითონაც ორჭოფობს, შემირთოს თუ არა ცოლად. ერთი სიტყვით, ვატყობ, ჩვენ შორის აშკარად შავმა კატამ გადაირბინა, ან, ახლა აპირებს გადარბენას. ხანდახან ვფიქრობ, მისი ცოლი რომ გავხდები და დაინახავს ჩემს ერთგულებას, ოჯახისთვის თავდადებას, ეს ეჭვიანობა თანდათან გაუვლის-მეთქი, მაგრამ, დაინახავს კი?!
თაკო, 23 წლის.

скачать dle 11.3