კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის, გიორგი თარგამაძის აზრით, ბავშვობაში ჩარჩენილი პოლიტიკოსი და რა არის ქრისტიან-დემოკრატთა საბოლოო მიზანი

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა, საარჩევნო კამპანია ფინიშის სწორზე გავიდა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია. აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს „საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს შეხვედრებს და ამომრჩეველს საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობს.
ჩვენი სტუმარია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელიც თავად მოგვითხრობს მოძრაობის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ და ყველა იმ კითხვას უპასუხებს, რომელიც ქართველ ამომრჩეველს აინტერესებს.

– როგორ მიმდინარეობს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია და რა შედეგებს ელოდებით 1 ოქტომბერს?
– ჩვენი საარჩევნო კამპანია დიდი წარმატებით მიმდინარეობს, რაც განპირობებულია მისი სწორი დაგეგმვით. ჩვენი გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდება ამომრჩევლებს და ამ შეხვედრებზე უამრავი, ზღვა ხალხი მოდის, რაც შეხვედრებს გრანდიოზულს ხდის. ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ მხარდამჭერთა მთელი არმია გვყავს, ეს კი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ 1 ოქტომბერს „საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად, გაძლიერებული შემადგენლობით შევალთ. ეს კი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობას ყველა დაპირება შევუსრულოთ და წარმატებით განვაგრძოთ სვლა ჩვენი საბოლოო მიზნისკენ.
– რას ჰპირდებით ხალხს და რა არის თქვენი საბოლოო მიზანი?
– ჩვენი წინასაარჩევნო სლოგანი: „განათლება – ბავშვებს, დასაქმება – მშობლებს და დაფასება – პენსიონრებს“, ჩემი აზრით, სრულყოფილად გადმოსცემს ჩვენი დაპირებების შინაარსს. გარდა ამისა, მოსახლეობას ვპირდებით სამართლიან ტარიფებს ენერგეტიკის სფეროში, რაც დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენი მოსახლეობის თავზე, რადგან, ხალხი გადასახადებს ვერ იხდის და, რად გინდა ისეთი დენი, გაზი და წყალი, თუკი მათ ვერ მოიხმარ?! ჩვენი საბოლოო მიზანი კი ქრისტიან-დემოკრატიის გამარჯვებაა, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით და რის გამოც არც საკუთარ სიცოცხლეს დავიშურებთ.
– რას ნიშნავს „ქრისტიან-დემოკრატიის იდეა“, რომლის გამარჯვებისკენაც თქვენ მთელი არსებით მიისწრაფით?
– ქრისტიან-დემოკრატიული იდეა, როგორც თავად სიტყვა ხსნის, ქრისტეს ჰუმანურ იდეებზე დამყარებული პოლიტიკური დოქტრინაა, რომელიც, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების აზრით, ყველაზე მეტად მიესადაგება ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ყოფას. ეს, ამავდროულად, არის მარადიული საქართველოს იდეა და ეს რეალობაა, რადგან, სწორედ ქრისტიანულ-დემოკრატიული იდეების ერთგულებამ შეგვინარჩუნა ჩვენი გენი, ჩვენი თვითმყოფადობა, თანაც, მცირე კონფლიქტიც კი არ გვქონია სხვა ეთნიკურ-რელიგიურ ჯგუფებთან, რომლებიც ასე მრავალფეროვნად და შეიძლება ითქვას, ლაღად არიან წარმოდგენილნი ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალზე. ვერავინ დამისახელებს სხვა ისეთ ერს, რომლის დედაქალაქის პატარა მონაკვეთზე გვერდიგვერდ მდებარეობს მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ტაძარი, გრიგორიანული ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი – აი, ესაა ქართული ტოლერანტობა, რაც ჭეშმარიტი ქრისტიან-დემოკრატიის უბადლო, თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს და ამ იდეის გამარჯვება გაამთლიანებს და გააძლიერებს საქართველოს. ამ აზრზეა მთელი ჩვენი გუნდი და, ვიმეორებ, რომ ამ იდეისთვის ჩვენ საკუთარ სიცოცხლესაც კი არ დავიშურებთ.
– რას იტყვით თქვენი გუნდის ძირითად ბირთვზე, რომელსაც ხალხი ჟურნალისტ-პარლამენტართა გუნდს უწოდებს?
– ჯერ ერთი, ჩვენი გუნდი იმ ადამიანთა უზარმაზარი არმიაა, რომელიც ჩვენს იდეებს იზიარებს და ყოველმხრივ გვიდგას გვერდში. დიახ, ჩვენს გუნდში ბევრი ჟურნალისტია, ბევრი წარმატებული ჟურნალისტია, ვისაც კარგად იცნობს ქართული საზოგადოება, ვისაც მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს თავის პროფესიაში და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამაში დასაგმობი არაფერია. ზოგადად კი ვიტყვი, რომ ქართველი ქრისტიან-დემოკრატები ახალგაზრდა, პატრიოტი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია, რომელსაც თუნდაც დღესვე შეუძლია როგორც ხარისხობრივ, ასევე რაოდენობრივ ასპექტში აიღოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მართვის ყველა სფეროში და წარმატებით გაართვას თავი.
– ეს საკმაოდ თამამი განცხადებაა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ თქვენს გაზრდილ რეიტინგს, რომელიც საზოგადოებრივ არხზე გამართული ბოლო ორი დებატის შემდეგ საგრძნობლად ამაღლდა, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნდობის მანდატი მიიღოთ.
– ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს და, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდ მხარდაჭერას ველით 1 ოქტომბერს. ადრე თუ გვიან, ჩვენ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვალთ და  აუცილებლად შევასხამთ ხორცს ჩვენს იდეებს. ამას ჩვენ არც ვმალავთ და ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომით, ყოველგვარი ინტრიგებისა და კანონდარღვევების გარეშე მივისწრაფით მიზნისკენ. დროა, რომ საქართველო მყარად გაერთიანდეს ერთიან ევროპულ ოჯახში, სადაც ზომიერება, კანონმორჩილება და პატიოსნებაა პრიორიტეტული, ანუ, ქრისტიან-დემოკრატიული იდეაა ის, რაზეც მე უკვე გესაუბრებით.
– თქვენზე ხშირად ამბობენ, რაც არაერთხელ მასმედიითაც გაჟღერდა, რომ უფრო ევროპული ტიპის პოლიტიკოსი ხართ, ვიდრე საქართველოსთვის დამახასიათებელი ტიპური პოლიტიკური ლიდერი.
– ასეთი რამ ჩემს მეგობრებსაც არაერთხელ უთქვამთ, შენ ევროპაში უნდა მოღვაწეობდე, და არა აქ. ამ გიჟ ქვეყანას გიჟი მმართველი უნდა და არა შენნაირიო. ასეთი შეფასება, ერთი მხრივ, მახარებს, მეორე მხრივ კი, მწყინს. რას ჰქვია, „გიჟი ქვეყნის გიჟი მმართველი?!“ ჩემი მთელი ძალისხმევა სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ გიჟი მმართველები აღარ გვყავდეს, ქვეყანაც დამშვიდდეს და დანარჩენ დემოკრატიულ ევროპას შევუერთდეთ.
– ამ იმიჯის შექმნაზე სპეციალურად მუშაობთ?
– რა თქმა უნდა, არა. თუმცა, ვცდილობ, ყოველთვის გავაკონტროლო საკუთარი თავი – მოვზომო სიტყვები და საქციელი და ემოციებიც მოვთოკო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ემოციები არ გამაჩნია, ძალიან ცდება. ჩემში გურული სისხლი ჩქეფს და საკმაოდ ემოციურიც ვარ. ბავშვობაში ეს თვისება საკმაოდ  გამოხატული მქონდა. მიჩხუბია კიდეც და, ჩემი მეტოქეც საკმაოდ დამიზარალებია, რაც შემდეგ მინანია. თუმცა, ეს იყო ბავშვობაში, მოზრდილი ადამიანი, კი, მით უმეტეს – პოლიტიკოსი, ბავშვობაში არ უნდა ჩარჩეს, რადგან, ბავშვობაში ჩარჩენილ, საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანებს, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა აწევთ ზურგზე, ხალხისთვის დიდი უბედურება მოაქვთ. ბავშვობა თავისთავად, ცუდი არ არის. თვით დიდი გოეთეს სიტყვებია: „ბავშვის პირით ჭეშმარიტება ღაღადებსო“, მაგრამ, პოლიტიკოსის საქციელი რომ ჯიუტი ბავშვის საქციელს ემსგავსება, ეს უკვე დიდი ტრაგედია და უბედურებაა. ასე რომ, ბავშვობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს და, დროა, სერიოზული საქმეები ვაკეთოთ.
– ბავშვობა ახსენეთ და, იქნებ, ორიოდე სიტყვა საკუთარ ბავშვობაზეც გვითხრათ?
– ეგზიუპერის თქმის არ იყოს, ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობა რაც არ უნდა მძიმე ჰქონდეს ადამიანს, მაინც ბედნიერი, სანატრელი ხანაა და მეც მენატრება ის ასაკი. მენატრება თუნდაც იმიტომ, რომ მამა ცოცხალი მყავდა და ის სწორედ ბავშვობაში გამომეცალა ხელიდან, რაც ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. მაგრამ, არ გავტეხილვარ, დედას გვერდში ამოვუდექი და 13 წლიდან გავიგე შრომის ყადრი, დედასთან ერთად  მიწევდა ოჯახის რჩენა და გაჭირვების ფასიც საკმაოდ კარგად ვიცი. ვისაც გაჭირვება არ უნახავს, ის ვერც ლხინის ფასს გაიგებს ბოლომდე, მაგრამ იმისი სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ მაინცდამაინც ბავშვობაში უნდა შეიცნო გაჭირვება. ბავშვობა, როგორც უკვე ვთქვი, ბედნიერების ხანაა და ამ ასაკში ბავშვი უდარდელი და ბედნიერი უნდა იყოს. ამიტომ, ყოველმხრივ ვცდილობ, რომ ჩემს შვილებს ბედნიერი ცხოვრების პირობები შევუქმნა, თუმცა, ამავდროულად, ისიც უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს გაჭირვება, უნდა ეცოდებოდეთ ღარიბი უპოვარი და ჭეშმარიტი ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებებით იცხოვრონ.
– როგორი მამა, როგორი მეოჯახე და როგორი მეუღლეა გიორგი თარგამაძე?
– გიორგი თარგამაძე შვილების მოყვარული, მზრუნველი მამაა, რომელიც უდიდეს პატივს სცემს დედას, ძალიან უყვარს მეუღლე და, საერთოდ, ჩვენი ოჯახი ერთ მუშტად შეკრული, ერთმანეთის მოყვარული ჯანსაღი ორგანიზმია. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, გეტყვით, რომ ვისურვებდი, ყველა ოჯახში სუფევდეს ისეთი ჰარმონია, როგორიც ჩვენთანაა.
– მიმართეთ ჩვენს მკითხველს.
– თქვენი მშვენიერი ჟურნალის მკითხველს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უღრუბლო ცას. ამომრჩეველს კი მოვუწოდებ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებზე ათიანი შემოხაზონ და ხმა მოგვცენ ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატებს, ჭეშმარიტ ქართულ ძალას, რომელიც ქვეყანას ნათელი, ბედნიერი მომავლისკენ გაუძღვება!

скачать dle 11.3