კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იცვლებოდა საარჩევნო პლაკატების სტილი 1991 წლიდან დღემდე და რატომ ვერ მოხსნა მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო საარჩევნო რეკორდი

საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე 5 საპრეზიდენტო და 7-იც საპარლამენტო არჩევნები ჩავატარეთ, თუმცა ჯერჯერობით, მაინცდამაინც, ზუსტი არც ამომრჩეველთა სია გვაქვს და არც ის ვიცით, ქვეყნიდან ვინ, სად რა რამდენია გასული. მეორე მხრივ, ვერც პოლიტიკური კულტურით დავიკვეხნით და დიდად ვერც იმით გავიხარებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოვყალიბდით.
ასეა თუ ისე, სულ რაღაც, ერთ კვირაში რიგით მერვე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამ თარიღთან დაკავშირებით საჯარო ბიბლიოთეკაში 1990-წლიდან დღემდე არსებული სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო პლაკატები გამოიფინა. თუმცა, ვიდრე ამ საარჩევნო პლაკატების ავკარგიანობაზე ვისაუბრებთ, თვალი გადავავლოთ ციფრებს და თარიღებს.
 დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 14 აპრილის ჩატარდა და მასში მონაწილეობა 6-მა კანდიდატმა მიიღო. გამარჯვებულ კანდიდატ ზვიად გამსახურდიას ამომრჩეველთა ორ-ნახევარ მილიონზე მეტი ხმა ერგო.
1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არა მხოლოდ ყველაზე მრავალპარტიული იყო (მასში მონაწილეობას 24 საარჩევნო სუბიექტი იღებდა), არამედ იმითაც გამოირჩეოდა, თითქმის ყველა მათგანი მოხვდა „იმელისად“ წოდებულ პარლამენტში. ამომრჩეველთა რაოდენობა, იმდროინდელი მონაცემებით, 3 მილიონ 471 ათასს შეადგენდა, არჩევნებში მონაწილეობა კი მათგან ორ-ნახევარ მილიონზე მეტმა მიიღო.
1995 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა. ამომრჩეველთა რაოდენობა 3 მილიონზე მეტით განისაზღვრა, გამარჯვებულმა კანდიდატმა ედუარდ შევარდნაძემ კი მილიონ 590 ათას ხმამდე მიიღო, არჩევნებში სულ 2 139 369 ამომრჩეველი იღებდა მონაწილეობას.
1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში 53 პარტია იღებდა მონაწილეობას, თუმცა 5-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ სამმა გადალახა: „მოქკავშირმა“, „აღორძინების კავშირმა“ და „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც მრავალი მონაწილე ჰყავდა (45 საარჩევნო სუბიექტი) და ზღვარი ამჯერადაც სამმა გადალახა: „მოქკავშირი“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და „აღორძინების ბლოკი“. იმ არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 143 851-ით განისაზღვრა, თვითონ არჩევნებში კი 2 133 878-მა მიიღო მონაწილეობა.
2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბედი კვლავაც 4-მა კანდიდატმა სცადა, თუმცა ედუარდ შევარდნაძემ გაიმარჯვა მილიონ 870 ათასი ხმით (ამომრჩეველთა რაოდენობა სამ მილიონზე 88 ათასით მეტი იყო, არჩევნებში კი მონაწილეობა 2 მილიონ 343 ათასმა მიიღო).
2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა, რის გამოც 2004 წლის იანვარში პრეზიდენტის, ხოლო მაისში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საგულისხმოა, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ამ არჩევნებზეც განსხვავებულია. თუმცა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის იანვარში 1  890 256 ხმა მიიღო, 2 231 998 ამომრჩევლის პირობებში, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე კი მხოლოდ მილიონ 60 ათას ხმას დასჯერდა.
საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფენილი საარჩევნო პლაკატები „თი ემ ჯის“ მარკეტინგის უფროს კონსულტანტ ნიკო თევდორაშვილთან ერთად მოვინახულეთ და ჩვენი პლაკატებში გამოხატული 22-წლიანი წინასაარჩევნო პერიოდის ანალიზიც მასვე ვთხოვეთ.
– ჩვენი წინასაარჩევნო პლაკატების ისტორია 1991 წლიდან იწყება. საიდან მოვდივართ, რას გვეუბნება ეს პლაკატები?
– ეს პლაკატები ასახავს იმ ისტორიას, რაც საქართველოს აქვს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ და, როდესაც მათ ვათვალიერებდი, თვალწინ წარმომიდგა ის პერიოდი, რაც საქართველომ 1990-იანი წლებიდან გამოიარა. მათზე ზუსტადაა ასახული იმ პერიოდის რეალობა, როდესაც ეს არჩევნები ტარდებოდა.
– ანუ აქცენტები ჩანს?
– აქცენტები, ლიდერების ტიპაჟები. 1991 წლის წინასაარჩევნო პერიოდს ახასიათებს ის, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის პლაკატზე არ არის დატანებული ნომერი და არც ერთს არ აქვს სლოგანი. ამდენად, როდესაც ვუყურებთ „მრგვალი მაგიდა  – თავისუფალი საქართველოს“ პლაკატს, გაუგებარია, რატომ უნდა დაგეჭირა მხარი ან რომელი ნომერი უნდა შემოგეხაზა, თუ მას უჭერდი მხარს. შესაძლოა, ლიდერები ამას შეხვედრებისას ეუბნებოდნენ თავიანთ ამომრჩეველს, მაგრამ პლაკატებზე დატანილი არ არის. თუმცა 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ნომერი უწერია მხოლოდ ბლოკ „თავისუფლებას“, თუმცა საარჩევნო ნომერი ისევ არც ერთ პლაკატზე არ არის. მაგრამ 1992 წელს სიახლე ის არის, რომ „ტრადიციონალისტთა კავშირს“ გაუჩნდა სლოგანი: „საქართველო უწინარეს ყოვლისა“. ასევე, სლოგანი ჰქონია ედპ-ს: „კეთილდღეობა საქართველოს ყველა ოჯახს“. ანუ 1992 წელს თანდათან გაჩნდა პოლიტიკური მარკეტინგისა და ფიარის ჩანასახები. მანამდე საარჩევნო პროცესი იყო ქაოტური, რომელიც ემყარებოდა ლიდერის ქარიზმასა და ცნობადობას.
– ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას წინასაარჩევნო პლაკატზე აქვს ილიას ფოტო. ანუ?
– ინტუიტური მარკეტინგული მეთოდი გამოიყენეს, იმიტომ რომ ილიას ყველა იცნობდა, მაშინ, როდესაც, თუ ლიდერის ფოტოს დაატანდნენ პლაკატს, შესაძლოა, ის ვერ ეცნოთ. გავიხსენოთ იმდროინდელი მედიასაშუალებების მდგომარეობა, უშუქობა. რეალურად, იმ დროინდელი საზოგადოება ილიას იცნობდა, თუმცა დღეს შესაძლოა, გნსხვავებული სურათი იყოს. პლაკატზე ზვიად გამსახურდიას ფოტო მეტყველებს იმაზე, რომ მასაც იცნობდნენ, ისევე, როგორც მერაბ კოსტავას. მაგრამ 1991-1992 წლების საარჩევნო პროცესი უფრო ქაოტური იყო და პლაკატებიც არაფრისმთქმელია. განსაკუთრებით 1992 წლის და ეს აისახა კიდეც შედეგში –  არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა პარტია შევიდა პარლამენტში.
1995 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე ყველა კანდიდატის პლაკატზეა ნომერი. უბრალოდ თამაზ კვაჭანტირაძის პლაკატზე იმდენი ნომერია, რომ ვერ მიხვდები, რომელია საარჩევნო.
– და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, შეცდომაა: წერია „თავისუფლება იწყება არჩევანით“, არადა, უნდა იყოს – არჩევნით. თამაზ კვაჭანტირაძისგან გამიკვირდა.
– ყურადღებას იქცევს შევარდნაძის პლაკატი: მასზე არ არის არც სლოგანი, არც საარჩევნო ნომერი, მხოლოდ „ედუარდ შევარდნაძე“ წერია.
– 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „მწვანეებს“ აქვთ ნათელფერებიანი პლაკატი.
– მათ შემოიტანეს ნათელი ფერები, ცისარტყელას სახით, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული LGBT სიმბოლოა. დღეს რომ იგივე გაეკეთებინათ, საკმაოდ უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ. იგივეა შემდეგ გამეორებული „მოქალაქეთა კავშირის“ პლაკატზეც. 1999 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პლაკატებით ჩანს, რომ ქვეყანა, ასეა თუ ისე, დალაგდა, გამოიკვეთა პოლიტიკური ძალებიც და სლოგანებიც გამოჩნდა.
– მაგრამ „მწვანეების“ პლაკატი ნიანგის კარიკატურებს ჰგავს?
– იწვევს „ნიანგის“ ასოციაციას, მაგრამ ცუდი არ არის იუმორის შემოტანა პლაკატში, ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთის მსგავს პლაკატებს სჯობია. განსხვავებული პლაკატი ყურადღებას იქცევს. თუმცა სლოგანი: „წავიდეთ: საქმე ვაკეთოთ“, პირადად ჩემთვის გაუგებარია. სლოგანი არის კონკრეტული ემოციის, ქმედების მიმართულუბის მიცემის საშუალება, ის ადამიანს უნდა დაამახსოვრდეს და კონკრეტულად უნდა აღიქვას.
1999 წლის არჩევნებში უკვე სხვა ტენდენციებია. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ მაშინ საქართველოში მუშაობდა რუსული ფიარჯგუფი „ნიკოლო ემი“, რომელმაც თითქმის ყველა პარტიას ჩაუტარა სერიოზული ფიარკონსულტაციები და გარდა ამისა, კონკრეტული სამუშაო გეგმებიც მისცა, რაც აისახა კიდეც წინასაარჩევნო პლაკატებში. „მოქკავშირის“ სლოგანი იყო: „სტაბილურობიდან ეკონომიკური კეთილდღეობისკენ“. ნომერიც მითითეუბლია, თუმცა აქ არის შეცდომა: ნომერი არ შეიძლება შემოხაზული იყოს წითელი ფერით, იმიტომ რომ წითელი აკრძალვის ფერია, ამასთან, თან ახლავს ყვითელიც: გაფრთხილების ნიშანი.
– 1999 წელს გავუფრთხილებივართ „მოქკავშირს“, მაგრამ ჩვენ ვერ მივმხვდარვართ?
– მიუხედავად იმისა, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ პარტიულ პლაკატზე შეცდომაა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის იმდროინდელ პლაკატზე ეს შეცდომა არ არის. როგორც წესი: პლაკატის მარცხენა ქვედა კუთხეში არ სვამენ ლოგოს ან ნომერს. მათ ათავსებენ მარჯვენა მხარეს ან მარჯვენა ზედა მხარეს, იმიტომ რომ ადამიანი თვალიერებას იწყებს ზედა კუთხიდან. იმ არჩევნებზე „მოქალაქეთა კავშირის“ კარგი სლოგანი აქვს: „კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს“. სხვა თემაა, რამდენად ასრულებენ თუ არ ასრულებენ პარტიები თავიანთ საარჩევნო დანაპირებებს, მე მხოლოდ ფიარტექნოლოგიაზე ვსაუბრობ.
– 1999 წელს ასლან აბაშიძეს ისეთივე პლაკატი აქვს, როგორიც 1991 წელს ჰქონდათ პარტიებს.
– გავიხსენოთ ასლან აბაშიძის არქეტიპი: ის იყო უბრალოდ ბაბუ, რომელიც „პატრონობდა ყველას“. შესაბამისად, პლაკატზე არის სურათი, სადაც ის ზის ჩაფიქრებული, მარჯვენა ზედა კუთხეში ძლიერების სიმბოლო არწივით და მხოლოდ ის აწერია, რომ „საარჩევნო ბიულეტენში ჩვენი ბლოკის ნომერია 2“.
– ანუ მეტის ცოდნა ამომრჩეველს არ სჭირდებოდა, ასლანი იფიქრებდა ყველას ნაცვლად?
– დაახლოებით. გაურკვეველია „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის“ პლაკატი, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყვნენ: ედპ, „რესპუბლიკელები“ და „მრეწველები“. ითვლება, რომ ეს სამი ძალა წარმოადგენდა ბიზნესს, პოლიტიკურ გამოცდილებას და ცოდნას, არადა მათი პლაკატი არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. არაფერი არ იკითხება, არც ემოცია მიჩნდება და შედეგიც ადეკვატური იყო.
მცირე ტექნიკურ შეცდომებს თუ გვერდით გადავდებთ, 1999 წლიდან დაიწყო არჩევნებისადმი პროფესიული, დაგეგმილი მიდგომა. მანამდე ინტუიტური იყო, მართალია, ინტუიცია შემდეგაც გრძელდება, მაგრამ პროფესიული ხელწერა გამოჩნდა.
– და რაღაც უცნაური არ არის, რომ რუსული ფიარჯგუფის დამსახურებით?
– არაფერი დასაძრახი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენც პოსტ-საბჭოთა ქვეყანა ვართ და, ბევრი განსხვავების მიუხედავად, მაინც ბევრი საერთო გვაქვს. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა. საინტერესოა, რომ 2004 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილმა მიიღო 1 890 256 ხმა, ამომრჩეველი კი მივიდა 2 231 998, ანუ იმ არჩევნებზე მოტივირებული იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. როდესაც ლიდერი აღარ იყო იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებზე იმაზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მისცა ხმა. თავიანთ პლაკატებზე „ნაციონალები“ წითელ ხუთიანს იყენებენ, მაგრამ შემოხაზული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ხუთიანზეა აქცენტი.
– 2008 წლის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო მილიონ 60 ათასი ხმა, ხოლო ლევან გაჩეჩილაძემ 509 ათასი ხმა. ადეკვატურია მათი შედეგი საარჩევნო პლაკატების?
– გაჩეჩილაძის სარეკლამო ბანერი უფრო დახვეწილია არა მხოლოდ სხვა კანდიდატებთან, არამედ მიხეილ სააკაშვილის პლაკატის ფონზეც. თუმცა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ეროვნული საბჭოს“ ბანერი არ მომწონს, რადგან ძალიან ბევრი ლიდერია გამოსახული.
– და ძალიან გაუგებარია „მემარჯვენეების“ სლოგანი: „ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა“?
– ეს შედეგებშიც აისახა. ხშირად საარჩევნო პლაკატით ჩანს, ვისი გაკეთებულია ის: ლიდერის გემოვნებით თუ პროფესიონალების დახმარებით. „ნაციონალების“ შემთხვევაში ცალსახად ჩანს, რომ პროფესიონალის ნამუშევარია.
ძალიან საინტერესოა 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში „ივანიშვილი –  სახალხო დემოკრატების“ სტილი.
– განვუმარტოთ მკითხველს, რომ საუბარია ნიკა ივანიშვილზე, თუ, რა თქმა უნდა, ახსოვს. აშკარაა, რომ ამ პლაკატებში არცთუ მცირე ფულია დახარჯული, მე მახსოვს, რომ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწეოდა და შემდეგ ისე გაქრა, თვალიც არ მოგვიკრავს, თუმცა ამდენი ფული კი დახარჯა.
– ეს მისი საქმეა, მაგრამ, ფაქტია, რომ ნამუშევარია. ის ძალა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოჩნდა და იმ პერიოდისთვის ნორმალური შედეგი აჩვენეს არჩევნებში. მათი საარჩევნო პლაკატი ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს.
– აი, გია თორთლაძის სლოგანი: „ერთად ვმართოთ საქართველო“. რას ნიშნავს ეს?
– საკმაოდ რთული წყობაა… ამ საარჩევნო პლაკატებს, გარდა იმისა, რომ ეტყობა, თუ როგორ ვითარდებოდა ქვეყანა, ასევე, ეტყობა კანდიდატების ძალაც. 2010 წლის პლაკატებით ცალსახად შეიძლება, წავიკითხოთ, რომელი ლიდერი იყო გამორჩეული. თორთლაძეს პლაკატს გამარჯვების ელფერი არ აქვს. ქდმ-ს კი მოუწევს, გადახედოს თავის ფერებს საარჩევნო პლაკატებზე, იმიტომ რომ ძალიან ჩამუქებულია, უფრო ხალასი ფერები უნდა შემოიტანონ.
–  ევოლუცია ჩანს ამ პლაკატებით, ისევ იქ ხომ არ ვართ, სადაც 22 წლის წინათ ვიყავით?
– ცალსახად ჩანს ევოლუცია. თუ წლევანდელ არჩევნებს გადავხედავთ, უფრო შესამჩნევი გახდება ეს ევოლუცია. თუმცა წელსაც ზოგიერთ პარტიას ისეთი უხარისხო და მდარე ბანერი აქვს, როგორებიც 1991 წელსაც კი არ ყოფილა  და ეს აისახება კიდეც მათ შედეგებზე. რაც მთავარია, ამ არჩევნებზე ფიარულად განსხვავებული სიტუაციაა: მე ასე დავარქმევდი, ეს ჰგავს ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების ჭიდილს. იცით, რომ ოლიმპიელი ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, ანუ ოთხი წელი ვარჯიშობს, რომ თავის პიკს მიაღწიოს, მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ვალდებულია, ყოველ წელს იყოს ფორმაში და მოიგოს. მმართველი ძალა, ამ კუთხით, ჰგავს მსოფლიო ჩემპიონს, რომელიც ცდილობს, რომ ყოველდღიურად იყოს ფორმაში, გვაჩვენოს თავისი ეფექტიანობა, მეორე ძალა კი ნელ-ნელა მოდის და პარტიზანული ბრძოლით ცდილობს თავისი პიკის მიღწევას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.
– რომელი ტაქტიკაა სწორი?
– ორივე მუშაობს სტრატეგიულად. ფიარული ჭიდილი იმდენად მაღალ დონეზეა ასული, რომ დანარჩენი ძალები ჩაიკარგა. იმდენად ძლიერია ეს ორი ძალა, რომ მათ დაჩრდილეს მთელი საინფორმაციო ველი.

скачать dle 11.3