კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით ჰგავს და განსხვავდება საბჭოთა და პოსტრევოლუციური ქართული ციხე და პატიმრების წამების მეთოდები ერთმანეთისგან

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სისტემურ მარცხს აღიარებს, ციხის ჯალათების ვინაობა საზოგადოებისთვის სრულად ჯერ კიდევ არ გაუცნია. თუმცა ამგვარი პრაქტიკა ერთხელ უკვე იყო. 1991 წელს, როდესაც ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება მოვიდა, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა საბჭოთა დროს ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდების“ საკნებში შეგზავნილი „ნასედკებისა“ და მამათმავლების გვარ-სახელები, რომლებიც საბჭოთა მილიციურ სისტემაზე მუშაობდნენ. ბუნებრივია, ადრე თუ გვიან, ჩვენი საზოგადოება ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს ციხის ჯალათების ვინაობასაც გაარკვევს, მათაც დასჯის, ვინც ამგვარი პრაქტიკა დანერგა, ერთი ისაა, რომ ამით არც დაღუპულებს ეშველებათ და არც ძალადობის მსხვერპლთ. ირინა სარიშვილთან ერთად განვიხილავთ საბჭოთა და პოსტრევოლუციური საქართველოს ციხეების მსგავსება-განსხვავებას და იმის გარკვევასაც შევეცდებით, რა უწყობს ხელს ადამიანს ადამიანის სახის საბოლოოდ დაკარგვაში.
– მართალია, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, სცილდება ყოველგვარი წარმოსახვის საზღვარს, მაგრამ შეიძლება, მართლაც ჩაითვალოს, რომ საბჭოთა სისტემიდან იღებს სათავეს ასეთი პათოლოგიური ქცევა?
– ძნელი სათქმელია, საიდან იღებს ეს სათავეს. როგორც წესი, ეს მძიმე ბავშვობის მქონე ადამიანების პრობლემაა. მძიმე ბავშვობაში ვგულისხმობ იმას, როდესაც მათ გულში წყენა უგროვდებათ თავიანთი თანატოლების მიმართ, საკუთარი უძლურებიდან გამომდინარე; ხშირად იჩაგრებიან ბიჭურად. ასეთი ადამიანები თავიდანვე, სკოლის პერიოდშივე გამოირჩევიან, როგორც წესი, მაბეზღარობით: ისინი არ აწერინებენ თანატოლებს დავალებებს, ასეთები არ მიდიან „შატალოზე“, პირიქით, აბეზღებენ დირექციასთან თანაკლასელებს და ასე შემდეგ. ერთი  სიტყვით, დირექციისადმი მაამებლური მოქმედებებით არიან გამორჩეული.
– და თანატოლებისგან გამიჯნულები?
– დიახ და, როგორც წესი, ასეთებს მოხვდებათ ხოლმე ნორმალური ბავშვებისგან. ასეთი ადამიანები პათოლოგები ხდებიან, როდესაც კანონით გარანტირებულად უვარდებათ ხელში იარაღი და ძალაუფლება. და მათი მთელი შემდგომი ცხოვრება არის რევანშისტული. უმეტეს შემთხვევაში ასეთია მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მე არ მინდა შევეხო იმ ბინძურ თემას, რაც ვნახე, მაგრამ, ფაქტია, რომ არსებობს, ერთი მხრივ, მოძალადის ფსიქოტიპი და, მეორე მხრივ, ბავშვობაში გაბოროტებული მსხვერპლი, რომლის შემდგომი ცხოვრება მთლიანად რევანშისტულია. ჩვენს შემთხვევაში პრობლემა არის სახელმწიფო პოლიტიკა. ბუნებრივია, ვერ ვიტყვით, რომ ასეთი ადამიანები უნდა გავწყვიტოთ, მაგრამ, როდესაც სახელმწიფოში კანონი კანონობს და უკანონობა ისჯება არა მხოლოდ რიგითი ადამიანის, არამედ, უპირველესად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ, ბუნებრივია, ვერანაირი ბოღმა და მსგავი ფსიქოტიპი ვერ აყვავდება, რადგან საკმარისია ერთი ასეთი შემთხვევაც და საკადრისი პასუხი გაეცემათ. ნეტავ, ადრე გვცოდნოდაო და ლამისაა, იქით დაადანაშაულონ სხვები, ადრე რომ გეთქვათ, ნაკლები ადამიანი დაზარალდებოდაო.
მართალი გითხრათ, იმ კადრებზე არანაკლებ შემაძრწუნა ახალაიას განცხადებამ. მე რომ მკითხოთ, ყველაზე დიდი აღშფოთება ამ განცხადებას უნდა გამოეწვია, რადგან იმ 10 კაცით, რომლებიც დაიჭირეს, არ იწყება და არ მთავრდება ამ ტიპის უწყებებში ასეთი განუკითხაობა. დარწმუნებული ვარ, ამ ათის გარდა არის კიდევ 490, რომლებიც ზუსტად იგივეს სჩადიან ან ზუსტად იმავეს ჩამდენი არიან.
– თქვენ მჯდარხართ ციხეში საბჭოთა დროს. რა ხდებოდა მაშინ?
– სააკაშვილს ასეთი მეთოდი აქვს არჩეული: რაც ცუდია, არის საბჭოთა მემკვიდრეობა, რაც კარგია, მისი დამსახურებაა. ციხეები მეც მინახავს და ძალიან ბევრ ჩემს მეგობარსაც. იქ წამებაც ყოფილა, გარკვეულ შემთხვევებში, ალბათ, ძალადობაც მომხდარა, ფსიქიატრიულებშიც მიჰყავდათ პატიმრები, მაგრამ ასეთი რამ, რაც ვნახეთ, არათუ ოდესმე საქართველოში, დედამიწის ზურგზე არ მომხდარა არსად. საკმაოდ კარგად ვიცნობ მსოფლიო ისტორიას და ასეთი სისტემური დანაშაული, არათუ საბჭოთა კავშირში, პირველყოფილი თემური წყობილებიდან მოყოლებული არ მსმენია. ასე რომ, აქ სალაპარაკოც არაფერია.
– დისიდენტებზე ზემოქმედების როგორ მეთოდებს იყენებდნენ: უფრო ფსიქოლოგიურს?
– ჩემს დროს უკვე საბჭოთა ციხეებში ესეც აღარ იყო. მაგრამ მაშინ გავრცელებული პრაქტიკა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში დისიდენტების გიჟებად გამოცხადება და ფსიქიატრიულ საავადმოყოფოებში დაწვენა იყო. მე არც ერთხელ არ მსმენია, რომ მსგავსი, რაც ჩვენ ვნახეთ, განეხორციელებინათ რომელიმე დისიდენტზე. მას შეიძლება, ნემსებს უკეთებდნენ, შეიძლება კლავდნენ, უამრავ რამეს უშავებდნენ, მაგრამ ასეთი რამ არასდროს გაუკეთებიათ.
– უხერხულია ამის თქმა და ბოდიშს ვუხდი მკითხველს, მაგრამ გიჟებად გამოცხადებას, რა უშლიდათ ხელს, გაენეიტრალებინათ ისინი?
– პრობლემა ის იყო, რომ მხოლოდ ადამიანები კი არ უნდა მოესპოთ, არამედ დარტყმა უნდა მიეყენებინათ მათი ნააზრევისთვისაც. თუ ამ ადამიანებს უბრალოდ დახოცავდნენ, მაშინ, ბუნებრივია, ეს ადამიანები გადაიქცეოდნენ გმირებად და მათი მსოფლმხედველობა, თუ მათი კონკრეტული პროგრამები ვიღაცისთვის გახდებოდა აკრძალული, მაგრამ სასურველი. ამიტომ, ბუნებრივია, ამ ადამიანების დისკრედიტაცია უნდა მომხდარიყო და ამ გზით გაენადგურებინათ ისინი.
– ცნობილია, რომ ზვიად გამსახურდიას ქათმებს უწამლავდნენ სუკის თანამშრომლები, მაგრამ, ბუნებრივია, როდესაც ის ყვებოდა, რომ ქათმები მოუწამლეს, არავინ უჯერებდა და ფიქრობდნენ, რომ გაგიჟდა.
– ყველაფერი შეიძლება ექნათ, უბრალოდ, როდესაც ადამიანს ძალიან ბევრჯერ და ხშირად აყენებენ ასეთ ზიანს, იმ ადამიანს შემდეგ შეიძლება, მოჩვენებებიც დაეწყოს, მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის, ეს იმის ბრალია, რომ მას ასეთი რამ ნანახი აქვს და კიდევ უფრო აგრესიული ხდება, როდესაც გრძნობს, რომ მისი არავის სჯერა და გიჟად აცხადებენ.
– ცნობილია, რომ მანიაკები მრავალრიცხოვანი ერებისა და დიდი ზომის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ამ კანონზომიერების დამადასტურებელი სტატისტიკაც არსებობს და ამ ლოგიკით, ჩვენ თითქოს არ უნდა გვყავდეს მანიაკები, თუმცა გვყოლია…
– მოძალადეების ხმის ტემბრიდან გამომდინარე, როდესაც მისი საუბარი ისმის, ბუნებრივია, ჯანმრთელ ადამიანთან არ გვაქვს საქმე.
– მე არ ვიცი, ჯდება თუ არა ეს მანიაკის კლასიკურ განმარტებაში, მაგრამ ამდენი პათოლოგიური ადამიანი რომ გვყოლია, ზოგიერთებს შეიძლება, ვიცნობთ კიდეც, კაცობაზეც გველაპარაკება და ულვაშზეც ხელს იკიდებს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რაღაც ზოგადი ფსიქიკური პრობლემა გვაქვს?
– ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ეს ადამიანები დიდი ხანია, არსებობენ ციხეებში, ის, რაც ვნახეთ, დიდი ხანია, ხდებოდა და პირველად არ მოგვისმენია ამის შესახებ ინფორმაცია. თუმცა ვერანაირი ფოტოსურათი თუ ნაამბობი ვერ მოახდენდა ადამიანზე იმ შთაბეჭდილებას, რაც, თუნდაც, ამ წუნდებულ ფირებზე ნანახმა მოახდინა. მე არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე: მე ერთი რამ ვიცი, ლაპარაკია ქართველებზე, იმ ტრადიციების მქონე საზოგადოებაზე, რომლის ღერძიც არის მამაკაცი და, თუ აი, ამის დამშვები პირები ორ-სამ სკამსაც კი დაიკავებენ ხელისუფლებაში, ეს პრობლემა მიძინებული, მაგრამ რაღაცა სახით მაინც დარჩება. ასეთი ადამიანები გასარეკია. ბუნებრივია, ზოგს იურიდიულად ვერ შეედავები, უბრალოდ იდგა და ტაშს უკრავდა ამას, მაგრამ ეს ადამიანები არაფერს არ უნდა გააკარო.
– მაგრამ ისინი ხომ, ასე თუ ისე, მაინც დარჩებიან ამ საზოგადოებაში? რით ვუმკურნალოთ?
– მკურნალობა იქნება მათი გარიყვა საზოგადოებიდან. მე არ მგონია, საქართველოში, ვინც უნდა იყოს, მოიძებნებოდეს ადამიანი, რომელიც ასეთებს ხელს ჩამოართმევს და დაელაპარაკება. რადგან გასკდა ეს ამბავი, ჩვენ, რომც არ დავწეროთ მათი სახელები და გვარები, ძალიან პატარაა საქართველო და ძალიან მალე გახდება ეს ყველასთვის ცნობილი.
– გაეროც, ევროსაბჭოც, სხვა ევროსტრუქტურებიც ჩვენთან უნისონში არიან შეძრწუნებულები.  მათ ძალიან საგულისხმო რამ თქვეს: შეძრწუნებულნი ვართ, რომ ეს ხდებოდა ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაშიო. ასე მარტივი ხომ არ არის საგარეო საფრთხის მექანიზმის ამოქმედება, ეს არ არის და არ იქნება დარტყმა დასავლეთისთვის?
– არის დარტყმა და განცხადების დონეზე ეს თქვეს კიდეც, მაგრამ გავიხსენოთ, როგორი სოლიდარულები იყვნენ ევროპელები და მთლიანად დასავლეთი საქართველოს მიმართ, რამდენი პრეზიდენტი გვეწვია და გაგვითენა ღამე იმ მძიმე დღეებში? ხოლო ამის შემდგომ ეს თემა დარჩა თემად, განცხადების დონეზე და ჩვეულებრივად გაგრძელდა ამ ევროპის ქვეყნებისა და დასავლეთის ურთიერთობა რუსეთთან. დაიდო კონტრაქტები, ზოგი იმაზე უკეთესიც კი, რაც მანამდე ჰქონია რუსეთს.
– საფრანგეთმა ორი „მისტრალი“ მიჰყიდა, ულიანოვსკში ნატოს ბაზა დაუთმეს.
– ანუ ჩვენ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მოვლენის პოლიტიკური შეფასება და დე-ფაქტო მდგომარეობა. ამიტომ მიმაჩნია არასწორად იმავე ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ არ დავეთანხმები საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას. რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ მე  დავეთანხმები საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას, ასევე, არ არის საჭირო, მაგრამ იმავე საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ორგანიზაციებმა უნდა იცოდნენ ერთი რამ: თუ მათი დასკვნა არ იქნება რეალური და ობიექტური, ეს ვერ გააჩერებს ხალხს და როდესაც ეს იმ დამკვირვებლებს ეცოდინებათ, მათი მოქმედება ნაკლებად იქნება დამოკიდებული რაღაც მერკანტილურ ფაქტორებზე. ანუ მესიჯი საერთაშორისო საზოგადოებისადმი ასეთი უნდა იყოს: ჩვენ მოვითხოვთ დამკვირვებლებისგან, რადგან ისინი ამაში ხელფასს იღებენ და ეს მათი სამუშაოა, ობიექტურ შეფასებას.
ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც სრულიად მიუღებელი მოვლენები ხდებოდა იმავე რუსეთში თუ მსოფლიოს სხვა კუთხეში, შესაძლებელია ეს, მართლაც, არ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ან ვინმე სხვისთვის მისაღები, მაგრამ ფაქტობრივ მდგომარეობას ყოველთვის ეწევა ანგარიში.
– ჩვენი გაგვჭირვებია, ისეთი გაუგონარი რამის მომსწრე გავხდით და უცბად რუსეთი აკეთებს განცხადებას, რომ ნატო-რუსეთის კომისია შეწყვეტს არსებობას, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება.
– რუსეთი უკვე მერამდენედ ეხმარება მიხეილ სააკაშვილს. ამას წინათ განაცხადა, რომ არ სურს ისეთი პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, თითქოს არ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი ვეღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი 5 წლის განმავლობაში. რაც მთავარია, ასეთი განცხადებები უცხო ქვეყნის მხრიდან, რაოდენ საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო უნდა იყოს, იწვევს უკურეაქციას. რუსეთში ბევრად უფრო მნიშვნელოვან თემას უნდა მივაქციოთ ყურადღება: ეს არის ისევ ყარაბაღის თემის წამოწევა.
– ყარაბაღი რა შუაშია?
–  ისტორიულად, საქართველოს ძალიან ცუდად ახსოვს ყარაღაბის თემის წამოწევის ყველა შემთხვევა. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ამ თემის ხელოვნურად წინ წამოწევას არ მოჰყოლოდეს აფხაზეთში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა. არ არის გამორიცხული, თუ სააკაშვილი ვერ გადაფარავს აი, ამ მუხტს, მან საგარეო საფრთხის მექანიზმი ჩართოს. მართალია, არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიცით, რა მოხდება.

скачать dle 11.3