კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ უჩნდება ცოლის მოცილების სურვილი უცბად გამდიდრებულ მამაკაცს და როგორ ეხმარება ქალს არტისტიზმი ფინანსური კრიზისის დროს

 როგორც ფსიქოლოგები და სოციოლოგები  გვიმტკიცებენ,  ხშირად ოჯახური  კონფლიქტების  მთავარი საბაბი მისი უდიდებულესობა ფული ხდება.  ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური სოციალური თემატიკით „დახუნძლულ”  საზოგადოებაშია, სადაც ერთი ძველი ანდაზაც კი არსებობს – „კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დაუწყებს ჯავრობასო“.  ვინ უფრო მეტად უძლებს ფინანსურ კრიზისს  ოჯახში – ქალი თუ მამაკაცი და რა მართავს დღეს სამყაროს, ამის შესახებ ქალბატონ ნინო ოკრიბელაშვილს გავესაუბრეთ.  

 

ნინო ოკრიბელაშვილი:  სტატისტიკის მიხედვით,  ძალიან ხშირად და უმთავრესად, ოჯახური პრობლემებისა და კონფლიქტის საფუძველი არის არა სექსუალური პრობლემები, არა შვილების აღზრდის   პრობლემები ან ავადმყოფობა, არამედ ფინანსები. ეს ნიშანდობლივია იმ დროსა და სივრცისთვის,  სადაც რიტორიკულ კითხვად  ისმის საკითხი, რა არის დღეს მთავარი? როგორც თანამედროვე სოციოლოგები გვიმტკიცებენ,  ორი  უმთავრესი რამ, რაც მართავს დღეს სამყაროს, ეს არის მისი უდიდებულესობა: სიყვარული და ფული. ეს ორი მთავარი მოცემულობა არის ოჯახის საფუძველი. თუ ოჯახი არ არის შექმნილი და დაფუძნებული  სიყვარულზე და მას ემატება ფინანსური პრობლემები, საუბარი ოჯახურ კეთილდღეობასა და ჰარმონიულ ურთიერთობაზე, ზედმეტია.

–  აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინანსებს ოჯახურ იდილიაში?

– რა თქმა უნდა, აქვს, თუმცა, მარტო ფინანსებიც არ წყვეტს ოჯახურ იდილიას. განქორწინებათა რიცხვი განსაკუთრებით მატულობს ფინანსური კრიზისების პერიოდებში. თუ ოჯახი დაფუძნებულია სიყვარულზე და  ურთიერთპატივისცემაზე, იქ ფული ყოველთვის საკმარისი იქნება და ქალი არ იქცევა მომხვეჭელად. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, მამაკაციც ხშირად ხვდება მომხვეჭელის როლში.  ძალიან საინტერესო სტატისტიკა იყო გარიგებით შექმნილ ქორწინებებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ასეთი ოჯახები უფრო სტაბილურია, იმიტომ, რომ „მაჭანკალი” ძალიან კარგად იცნობდა ორივე ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, ახდენდა ერთგვარ კალკულაციას, რაც ურთიერთობას უფრო მეტად სტაბილურს ხდიდა. ხანდახან ფინანსები,  რა თქმა უნდა, ოჯახური ვაჭრობის თემაა, მაგრამ დამიტოვეთ იმის სურვილი, ვიფიქრო, რომ სიყვარული უფრო მაღლა დგას, ვიდრე ფული, რომელიც მხოლოდ იმისთვის უნდა იყოს  საჭირო, რომ  სიყვარულმა უფრო კარგად იარსებოს. ესენინს დავესესხები,  რომ სიყვარულის ნავი დაანგრია ყოფამ, რაც ძალიან ხშირად ხდება.  აქ მნიშვნელოვანია ისიც, რისგან წარმოიქმნება ფინანსური კრიზისი, სამსახური დაიკეტა თუ ქმარმა კაზინოში წააგო ფული.  ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ზარალი მიადგა ოჯახს. როცა იკარგება ბინა, სახლი, რომელიც ადამიანის იდენტობის გაგრძელებაა, ეს ძალიან მწვავე პრობლემებამდე მიდის. თუ გააცნობიერებ, რომ ხარ ზოგადად, სამყაროში მიმდინარე პროცესების „მსხვერპლი”, მაშინ განცდები ისე მძაფრი არაა, მაგრამ თუ ხარ მსხვერპლი კაზინოში წაგებული, ნარკოტიკში გასროლილი თანხების, შენ გყავს მოცილე დამოკიდებულების სახით, რითაც ინგრევა ის კეთილდღეობა, რომლის გარანტიებსაც ელოდი.  ქალი აპატიებს ქმარს გაღარიბებას გლობალური კრიზისების გამო, მაგრამ არ აპატიებს გაღარიბებას სხვადასხვა ცდუნებაზე დამოკიდებულების  გამო.  ეს შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ გარკვეულ პერიოდამდე,  თუ ასეთი ოჯახი არ დაინგრა, ის ხდება არაჰარმონიული და ავადმყოფური.    

– ქალი უფრო უძლებს ფინანსურ კრიზისს ოჯახში თუ მამაკაცი?

– ქალის ბუნებაში უფრო მეტია არტისტიზმი, ვიდრე მამაკაცის ხასიათში, ეს ეხმარება ქალს, უფრო გაუძლოს ფინანსურ კრიზისს ოჯახში, კაცი კი ფსიქიკურად ვერ უძლებს ამას. უფულობის დროს ის საკუთარ თავს უფრო ინადგურებს, ეძალება ალკოჰოლს, ნარკოტიკს და ასე შემდეგ. მე აქვე, გაგახსენებთ ჩარლი ჩაპლინის ძალიან ცნობილ გამოთქმას: ნებისმიერ ქალს შეუძლია, მამაკაცი აქციოს მილიონერად, თუ ის კაცი მილიარდერია. ხუმრობა იქით იყოს და ეს ძალიან საინტერესო თემაა. მე ვიზიარებ სტერეოტიპს, რომ ყველა  წარმატებული მამაკაცის უკან  ჭკვიანი  ქალი დგას. თუმცა, სტერეოტიპების მიხედვით მსჯელობას თუ მივყვებით, მამაკაცია ოჯახში შემომტანი, ის  უნდა იყოს ოჯახის  მატერიალური უზრუნველყოფის  გარანტი. დღეს, როცა საუბარია გენდერულ თანასწორობაზე, ეს საკითხი თითქოს მეორე პლანზე გადავიდა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  მამაკაცმა ეს ფუნქცია არ დაკარგოს. ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ  პატრიარქალური აზროვნება დომინირებს. თუმცა, ირგვლივ უამრავი ქალბატონია, ვინც ოჯახის ტვირთი საკუთარ მხრებზე აიღო. ადაპტაციური უნარი მას უფრო მეტი აქვს, ვიდრე მამაკაცს.   90-იან წლებში, როცა საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდი კრიზისი იყო, ქართველმა ქალმა უფრო გაუძლო ამ გაჭირვებას.  დღემდე  ქართველი ქალების ძალიან დიდი რაოდენობა  მუშაობს უცხოეთში, რომ აქ შეინახოს ოჯახი, შვილები.  მამაკაცი ამ მისიას ასე ღრმად ვერ აღიქვამს, ამიტომაც, ქალი ფინანსურ პრობლემებში უფრო გამძლეა, ეს მისი ბიოლოგიით არის განპირობებული. თუმცა, ქალი მაინც სტერეოტიპულად ემოციასთან, სითბოსთან, სიმყუდროვესთან ასოცირდება.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიოლოგიურად ქალი დედაა, მან უნდა განახორციელოს დედობის ინსტინქტი. თუ ამ ინსტინქტთან არის მიბმული ქალის  სოციალური სტატუსი, მაგალითად, ქალი მარტოხელა დედაა, მას არა მარტო ბიოლოგიურად დედის, მარტოხელა ქალის მიერ ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფაც თავის თავზე აქვს აღებული.  ქალმა, რომელმაც დაინახა, რომ არის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, მამაკაცის ფუნქციები,  გარკვეულწილად, საკუთარ თავზე აიღო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალი აუცილებლად მამაკაცად უნდა გადაკეთდეს.  უმეტეს შემთხვევაში, ქალი მამაკაცს  „იყენებს,” როცა მას  აკისრებს  მატერიალური დოვლათის შემომტანის ფუნქციას. ასეთ დროს  ქალი უფრო მეტად კარგავს ემოციების გამომჟღავნების, მგრძნობიარობის შესაძლებლობას და ხდება მომხვეჭელი, მომხმარებელი.

   როცა საუბარია უფულობაზე, ზოგადად ადამიანზე, ვისაც  ფული არ აქვს,  არსებული სტერეოტიპით ითვლება, რომ ასეთ ადამიანს არ აქვს ხერხემალი, არ აქვს ამბიცია,  არის უინიციატივო და გარკვეულწილად, ინფანტილური. ფული  ოჯახურ ურთიერთობაში, ცოლისა და ქმრის ურთიერთპატივისცემის ასპექტში, აუცილებლად  უნდა იქცეს სიამოვნების მიღების საშუალებად, და არა აუცილებლობად, რომლითაც ერთი ადამიანი მეორეს ახრჩობს. არც ქალმა და არც მამაკაცმა  არ უნდა მოახვიოს თავზე მეორეს საკუთარი პრეტენზიები  ილუზორული ფასეულობების დასაკმაყოფილებლად, რომლითაც ადამიანი თავის უსუსურობას ნიღბავს. ის თავდაჯერებული ხდება იმით, რომ ამ ფულით  ყიდულობს  ნივთებს, რომლებიც აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს და მათი შეძენა კაპრიზების დაკმაყოფილებას და  სხვათა თვალში კეთილდღეობის წარმოჩენას ემსახურება.  რეალურად, ეს არ აძლევს ადამიანს სიამოვნების მიღების საშუალებას. ამ ასპექტში შეიძლება განვიხილოთ მოულოდნელი კეთილდღეობის სინდრომი, როცა ადამიანი უცებ მოიპოვებს ფულს. ფულის გამოყენება და მისგან  სიამოვნების მიღების შესაძლებლობა რეალურად ეძლევა მხოლოდ მესამე თაობას. პირველი თაობა, რომელიც იღვწის  და შრომობს ამ ფულის  მოსაპოვებლად, სიამოვნებას ვერ იღებს. მეორე თაობაც ზედაპირულად უყურებს უფროსი თაობის მიერ მოპოვებულ ქონებას, მხოლოდ მესამე თაობა ტკბება ამ სიკეთეებით. ამიტომაცაა, რომ ძალიან ბევრ ოჯახში პირველ თაობაში დაგროვილი ფულის  გამოყენება არ ხდება. ძალიან ბევრი ასეთი ოჯახი ღატაკდება კიდეც, ასეთია ქართული რეალობა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში.  სოციალური ფსიქოლოგები  ამბობენ, ფული უნდა გიყვარდეს, მაგრამ არა პათოლოგიურად. უნდა იცოდე მისი მოპოვება და მისგან   სიამოვნების მიღება. ფული არ  უნდა დააგროვო შავი დღისთვის, ძვირფასი ნივთი იმიტომ კი არ უნდა იყიდო, რომ ოდესმე დაგჭირდება, არა, ის ნივთი უნდა მოგწონდეს და უნდა მოიხმარო. განივთებული ფული პირიქით, ბევრ ხარჯსაც კი მოითხოვს. ასე რომ, ყველა წყვილს ვურჩევდი, ფინანსურ კრიზისს არ გადააყოლონ ურთიერთობა და არ ჰქონდეთ აქცენტი, ვინ მეტი შემატა ოჯახს,  ცოლ-ქმარს შორის კალკულაცია იმას ჰგავს, მე ერთხელ გაკოცე და შენც ერთხელ მაკოცეო. იმის გამო, რომ შენ მეტი შეგაქვს ოჯახში დიქტატორი არ უნდა გახდე. იგივე ხდება მამაკაცის შემთხვევაშიც, უფრო მეტიც, მამაკაცს ხშირად უჩნდება იმ ქალის მოცილების სურვილი, ვინც იცის მისი წარსული და უნახავს ის უფულო. მას  არ სურს, გამდიდრების შემდეგ, მის გვერდით დარჩეს ქალი, რომელიც მას სხვანაირს იცნობდა. უცებ გამდიდრებული და ზოგადად,  ფულიანი  ქალი უფრო მასკულინურ  თვისებებს ეძებს,  უფრო ავტორიტეტული ხდება,  მოთხოვნები ეზრდება, კაცი კი გარბის.  ასე  რომ,  ყველაფერს ზომიერება ჯობია, როგორც ამბობენ, საბანი როგორც გაგწვდება, ისე უნდა გადაიფარო. 

– მეც შეგახსენებთ ქართულ ანდაზას, „კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დაუწყებს ჯავრობასო“. 

– ქართულ რეალობაში ასეა, გაღარიბებული კაცის სინდრომი, ესაა პირდაპირი გზა დეპრესიისა და სუიციდისკენ. ადამიანი ასეთ დროს პიროვნულად იცვლება, იწყებს სხვათა განქიქებას, ოჯახის წევრების მიმართ მატულობს გაღიზიანებულობა, ხდება  მისი წარუმატებლობის სხვებზე გადაბრალება. ეს სერიოზული ფენომენია.  ოჯახში, სადაც შემომტანი ქალია, ფუნქციები ირღვევა. ახალგაზრდა თაობაში, ეს საბედნიეროდ, ასე აღარაა და  ბიჭი და გოგო პასუხისმგებლობებს თანაბრად ინაწილებენ. შესაძლოა, ცოლის ხელფასი მამაკაცის ხელფასზე მეტი იყოს, მაგრამ ეს არ ხდება დავის თემა და არც კალკულატორით  დარბიან.  დღეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთმანეთს აძლევს საშუალებას, პიროვნული და პროფესიული ზრდის, რაც წინა თაობებში ასე აქტუალური არ ყოფილა. ოჯახში, სადაც ეს პირობა არაა დაკმაყოფილებული, ეს ოჯახი ხდება დესტრუქციული.  ცოლ-ქმრის  „შეჯიბრი” და „მარათონი” კარგი გაგებით, როცა არც ქალი იჩაგრება და არც მამაკაცი,  ოჯახის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახებში, სადაც ცოლ-ქმრის ასაკი  35-40 წლის ზემოთაა, ეს პრობლემა უფრო მძაფრად დგას. ქალი, რომელიც ოჯახში ფინანსების მთავარი შემტანია,  ანგრევს მამაკაცს. თუმცა, ხშირ შემთხვევებში, ვერ დავიჯერებ, რომ მამაკაცს არ გაუჩნდეს სურვილი,  თავადაც რამე შექმნას.   წაქცეულ მამაკაცს მეუღლემ  ზედ არ უნდა გადაუაროს. თუ ადამიანი განიჭებს სიამოვნებას, თუნდაც წარსულთან დაკავშირებული ემოციების გამო, მას ყოველთვის უნდა მიეცეს შანსი, კვლავ დადგეს ფეხზე. თუმცა, ქალს აქვს უფლება გააკეთოს საკუთარი  არჩევანი. არჩევანი რაციოსა და ემოციოს შორის იოლი არაა, მაგრამ, როცა რაციო აქტიურად არის ჩართული, ჰარმონიის შენარჩუნება ძალიან რთულია.       

 

 

скачать dle 11.3