კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ვინ იყო ქალი, რომლის ბრალდების მიხედვით დააპატიმრეს: კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, ლეო ქიაჩელი, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, იაკინთე ლისაშვილი, გერონტი ქიქოძე და სხვები

საბჭოთა კავშირში ბოლშევიკური ტერორი (რეპრესიები) განსაკუთრებით მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მძვინვარებდა. ბოლშევიკი ჯალათები სხვადასხვა იარლიყს აკერებდნენ ეროვნულად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს და ჯურღმულებში უსპობდნენ სიცოცხლეს. რეპრესიების სქემა მარტივი იყო: საბჭოთა კავშირის აშკარა თუ ფარული მოწინააღმდეგე ფიზიკურად უნდა განადგურებულიყო. დანაშაულის აღიარების მიზნით, პატიმრებზე სასტიკი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა მიმდინარეობდა. ამჯერად მკითხველის ყურადღებას ერთ-ერთ ასეთ რეპრესირებულ ქალბატონზე, ლიდია გასვიანზე შევაჩერებთ. გვესაუბრება ისტორიკოსი ლევან ჯიქია.

 

– ლიდია ილარიონის ასული გასვიანი 1918 წლიდან კომუნისტურ პარტიაში ირიცხებოდა. მოგვიანებით ის პარტიიდან გარიცხეს როგორც აქტიური ტროცკისტი, თუმცა შემდეგ „დანაშაული” აპატიეს და ისევ აღადგინეს. ტროცკისტების საბოლოოდ განადგურების პროცესში საბჭოთა ხელისუფლება გასვიანის პიროვნებით ხელმეორედ დაინტერესდა. ამ დროს ის საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობის გამგის მოადგილედ მუშაობდა. 

– რას გულისხმობდა ტროცკისტობა?

– ლენინის გარდაცვალებამ საბჭოთა კავშირში ხელისუფლებისთვის ბრძოლა ძალზე გაამწვავა. ერთმანეთს „ტრიუმვირატი” (იოსებ სტალინი, გრიგორი ზინოვიევი და ლევ კამენევი) და ლევ ტროცკის დაჯგუფება დაუპირისპირდნენ. ეს ბრძოლა „ტრიუმვირატის“ გამარჯვებით დამთავრდა. ტროცკი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. მოგვიანებით სტალინმა თავისი ძველი მოკავშირეებიც ჩამოიშორა და საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მალე საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირისთვის არასასურველი ცვლილებები მოხდა: ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებაში მილიტარიზმის მომხრე ძალები მოვიდნენ. ჰაერში ახალი მსოფლიო ომის სუნი დატრიალდა. მსოფლიო ომისთვის მზადება საბჭოთა კავშირშიც მიმდინარეობდა. ამიტომ, „ტროცკიზმის“ იარლიყი მიაკერეს პოლიტიკურად ყველა არასანდო და მიუღებელ ადამიანს. მათ აბრალებდნენ ჯაშუშ-აგენტობას, დივერსანტ-მავნებლობას და ასე შემდეგ და ისინი ეგრეთ წოდებულ „შავ სიებში” ხვდებოდნენ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ „ტროცკიზმი“, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობდა. სტალინს მისი გამოგონება დასჭირდა და გამოიგონა კიდეც.

– ვინ ადგენდა „შავ სიებს” საქართველოში?

– „ტროცკიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლა ლავრენტი ბერიამ კარგად გამოიყენა სათავისოდ. „შავ სიებს” ბერია თავისი შეხედულებით ადგენდა და მასში მისთვის პოლიტიკურად მიუღებელი ყველა ადამიანი შეჰყავდა. აღსანიშნავია, რომ „შავ სიებში” ხვდებოდნენ როგორც „მთავარი დამნაშავეები”, ისე მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები. ბერია ყველაზე მეტად ბუდუ მდივანს ვერ იტანდა და ამიტომ მოსკოვში მასზე მაკომპრომეტირებელ მასალებს ხშირად გზავნიდა. ტროცკისტების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება ჩინებული საბაბი იყო მისთვის, რათა საბოლოოდ გასწორებოდა მდივანს. ბერიას ინიციატივით, ქართული „ტროცკიზმის“ მამამთავრად სწორედ მდივანი დასახელდა. დაკითხვის დროს ბუდუ მდივანზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა. მდივანი გამომძიებელ გოგლიძეს აცრემლებული ეკითხებოდა: „სად არის ჩემი ცოლი, სად არიან ჩემი შვილები, არიან კი ისინი ცოცხლები?” მდივანი იძულებული გახდა, წინასწარ შედგენილ ჩვენებაზე მოეწერა ხელი, რის შემდეგაც ის დახვრიტეს. ტროცკისტთა ვრცელ სიაში ბევრი ქალიც მოხვდა, მათ შორის – ლიდია გასვიანი.

– როდის დააპატიმრეს გასვიანი და რა კონკრეტული ბრალდება წაუყენეს მას?

– გასვიანი 1936 წლის 20 ივლისს დააპატიმრეს. ზოგადად, ქართველი ტროცკისტებისთვის წაყენებული ბრალდებების ნუსხა საკმაოდ ვრცელია: თითქოს, მათ, მოსკოვიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად, საქართველოში ჩამოსულ სტალინსა და ბერიაზე ტერორისტული აქტები უნდა განეხორციელებინათ; რომ მათ „მავნებლურ-დივერსიული ჯგუფი” შექმნეს, რომელსაც სახალხო მეურნეობაზე მავნებლობა უნდა განეხორციელებინა და, რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა სურდათ და ამ მიზნით ქართული წითელი არმიის ნაწილების მეთაურების გადაბირებას ეწეოდნენ. ბრალდების მიხედვით, გასვიანის ტროცკისტული მუშაობა 1926 წლიდან იწყება (გასვიანი 1933 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა). აქედან მოყოლებული, გასვიანი ტროცკისთან „მუდმივ პოლიტიკურ კავშირში იმყოფებოდა”. ამ შეხვედრების შემდეგ, ბრალდებაში ვკითხულობთ, რომ ტროცკი მას „სრულად ენდობოდა”... 

– თუმცა,  თვით ტროცკი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს, არა?

– დიახ და ეს 1929 წელს მოხდა. ნორმალურად მოაზროვნე ყველა ადამიანისთვის ცხადი იყო, რომ ტროცკის გაძევება სტალინის ერთპიროვნული ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა. ტროცკის გაძევების შემდეგ რუსეთში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. ბრალდებაში ვკითხულობთ: „ლიდია გასვიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც ლევ ტროცკის საბჭოთა კავშირიდან გაძევებას აპროტესტებდა”. უფრო მეტიც, რუსეთში მყოფი გასვიანი ზაფხულობით საქართველოში ჩამოდიოდა და, ამიტომაც, გამოძიებამ მას თურქეთში მყოფ ტროცკისთან  კავშირის დამყარება დააბრალა.

– ბრალდების მიხედვით გასვიანს საქართველოში ვისთან ჰქონდა კავშირი?

– როგორც ცნობილია, გასვიანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. ეს გარემოება ჩინებული მომენტი იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის, საბოლოოდ გასწორებოდა ქართულ ინტელიგენციას. ამიტომაც, გასვიანს დაბრალდა, რომ მას დავალებული ჰქონდა, ემუშავა ქართულ ინტელიგენციასთან შემდეგი მიმართულებით: მას უნდა მოეძებნა ისეთი პირები, რომლებიც პროპაგანდას გაუწევდნენ საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას; ასევე, გასვიანს უნდა დაერწმუნებინა ქართველი მწერლები, რომ შეიქმნებოდა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც, ტერორისტულ აქტებთან ერთად, შეიარაღებულ აჯანყებაში მიიღებდა მონაწილეობას. 

– ბრალდების მიხედვით, რომელ ქართველ მწერლებთან ჰქონდა მსგავსი შინაარსის საუბარი გასვიანს?

– აქ დასახელდნენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი მწერლები და პოეტები: კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, ლეო ქიაჩელი, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, იაკინთე ლისაშვილი, გერონტი ქიქოძე და სხვები. ბრალდების მიხედვით, ისინი ილია ჭავჭავაძის სახლში, საგურამოში იკრიბებოდნენ და მათი მიზანი იყო, ლიტერატურაში „ნაციონალისტურ-ფაშისტური” იდეები დაენერგათ და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი პოპულარული გაეხადათ; თითქოს კონსტანტინე გამსახურდიამ, სხვა ქართველ მწერლებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შექმნა „კონტრრევოლუციური ჯგუფი” და სომეხ და აზერბაიჯანელ კონტრრევოლუციონერ-ნაციონალისტებთან დაამყარა კავშირი; თითქოს გასვიანს თავის ბინაში ჰქონდა შეხვედრები კონსტანტინე გამსახურდიასთან და კონსტანტინე ჭიჭინაძესთან, რა დროსაც გაირკვა, რომ „ისინი საქართველოს სოციალისტური განვითარების გზას მხარს არ უჭერდნენ და სოციალიზმის პრინციპებს საქართველოსთვის მიუღებლად თვლიდნენ”;  ასევე, მიხეილ ჯავახიშვილმა ქართული წითელი ჯარის ნაწილების ხელმძღვანელებთან დაიწყო საუბარი მათი გადმობირების მიზნით. მათ უნდა დაეპატიმრებინათ საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ლავრენტი ბერია და სხვა მაღალი თანამდებობის კომუნისტები და ასე შემდეგ. ბრალდების მიხედვით, ყველა ამ საკითხში ქართველი მწერლები ლიდია გასვიანის დირექტივებით მოქმედებდნენ. 

– ბრალდების მიხედვით, გასვიანს მხოლოდ ქართველი მწერლების გადაბირება ევალებოდა?

– რა თქმა უნდა, არა. გასვიანის ნაცნობთა წრე საკმაოდ ფართო იყო და ამ შანსს გამოძიება ხელიდან ვერ გაუშვებდა. გასვიანს დაბრალდა დიმიტრი (დიტო) შევარდნაძის, ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის, გიორგი წერეთლისა  და სხვების გადაბირება. ბრალდების მიხედვით, გასვიანისა და სანდრო ახმეტელის ანტისაბჭოთა მუშაობა სათავეს 1932 წლიდან იღებს. მათი შეხვედრები თბილისსა და მოსკოვში ხდებოდა. ამ შეხვედრებმა ახმეტელი გასვიანის თვალში წარმოაჩინა როგორც ანტისაბჭოთა პიროვნება და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიური მომხრე. უფრო მეტიც, ბრალდებაში ვკითხულობთ, რომ ახმეტელმა რუსთაველის თეატრში ფაშისტური ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც ახალგაზრდებში ნაციონალური კუთხით მუშაობდა. ახმეტელის მოსაზრებებს იზიარებდნენ მსახიობები – აკაკი ვასაძე და აკაკი ხორავა. ახმეტელს ჰქონდა გეგმა, თუ როგორ უნდა მოეპოვებინა საქართველოს ჰეგემონის როლი კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებში. ბრალდების მიხედვით, ანალოგიური შინაარსის საუბარი ჰქონდა გასვიანს საქართველოს სსრ ეროვნული გალერეის დირექტორთან, დიტო შევარდნაძესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა საბჭოთა კავშირი გააკრიტიკა.   

– აღიარა თუ არა გასვიანმა წაყენებული ბრალდება?

– დაკითხვის პროცესი არნახული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა, რასაც „ეჭვმიტანილთა” უმრავლესობა ვერ უძლებდა. ადგილი ჰქონდა დაპატიმრებულთა დამცირებას, მაგალითად, გაღებულ პირში ჩაფურთხებას და ასე შემდეგ. დაკითხვის დროს ქალებსაც იმავე მეთოდებით უსწორდებოდნენ, როგორც კაცებს. ცხადია, ქალებისთვის ასეთი ტანჯვის ატანა უფრო ძნელი იყო. გასვიანი წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, ბოლოს იძულებული გახდა, წინასწარ შედგენილ ჩვენებაზე ხელი მოეწერა.

– ბრალდებაზე ხელის მოწერამ რატომ ვერ იხსნა ის დახვრეტისაგან?

– მართალია, გასვიანმა თავისი „აღიარებით” საბჭოთა ხელისუფლებას დიდი სამსახური გაუწია და მისცა საშუალება, ბევრი „არასანდო ელემენტის” ლიკვიდაცია „კანონიერად” მოეხდინა, მაგრამ, თვით გამოძიებამ ხომ მშვენივრად იცოდა, რომ ეს კარგად დადგმული სპექტაკლი იყო?! ხომ შეიძლებოდა, ერთ მშვენიერ დღეს, გასვიანს სიმართლე ეღიარებინა და ხაზი გადაესვა თავისი ჩვენებისთვის?! ამიტომაც, გაცილებით უფრო მარტივი იყო განსასჯელის ფიზიკური ლიკვიდაცია, მით უმეტეს, რომ ადამიანის სიცოცხლე საბჭოთა კავშირში ჩალის ფასი ღირდა. საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1937 წლის 25 ივნისის განაჩენით, ლიდია გასვიანს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა შეეფარდა. 

 

 

скачать dle 11.3