კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-37(611) 

 

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო! – მივუგე შჩუკინს.

– ურთულესი დავალება უნდა შეასრულო, თანაც, ისეთი საპასუხისმგებლო, რომ, შენ გარდა სხვას ვერ ვანდობთ.

– ასეთ რამეს ჩვეული ვარ, ამხანაგო გენერალო! – მივუგე შჩუკინს, მან კი სიტყვა შემაწყვეტინა:

– არა, ჩემო კოკი, იქ, შეიძლება, ისეთ სიტუაციაში ჩავარდე, როგორშიც ჯერ არ ყოფილხარ, ამიტომ, პირობა მომეცი, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, დავალებას არ ჩააგდებ.

შჩუკინის სიტყვებმა ძალიან გამაოცა, მაგრამ, არ შევიმჩნიე და ვუთხარი:

– პირობას გაძლევთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, დავალებას აუცილებლად შევასრულებ!

– კარგი. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. ანდრეი ლუკიჩ, – მიმართა შჩუკინმა მუხინს, რომელიც მანამდე უხმოდ გვისმენდა, – მიდი, კოკი საქმის კურსში ჩააყენე!

მუხინმა თეთრი კონვერტიდან დიდი ფორმატის ფერადი სურათები ამოალაგა, მაგიდაზე დააწყო და მითხრა:

– აი, ამას უნდა მოუღო ბოლო. სისხლი გაგვიშრო, სამმაგ თამაშს ეწევა და თავი ზევსი ჰგონია.

ანდრეი ლუკიჩის მიერ ნაჩვენებ სურათებზე ძალიან ცნობილი ევროპელი მონარქი იყო აღბეჭდილი, რომელსაც უმწიკვლო, პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა მსოფლიოში.

– ნამდვილად ეს უნდა მოვკლა? – ვკითხე მუხინს.

მას გაეცინა და მითხრა:

– სწორედ ამიტომ ჩამოგართვა პირობა ვიქტორ იაკოვლევიჩმა. ამ კაცს, როგორც დასავლეთში იტყვიან, უმწიკვლო ადამიანის იმიჯი აქვს და იმიტომაც დაეჭვდი, მაგრამ, გარწმუნებ, მასზე საზიზღარი, ვერაგი და ბოროტი ადამიანი თვით ფანტომასიც კი არ არის. ფანტომასისგან განსხვავებით კი, რომელიც მხოლოდ კინოგმირია, ის რეალური პიროვნებაა და დიდი ზიანი მოაქვს ყველასთვის, მათ შორის – ჩვენთვისაც, ჩვენ კი ღალატსა და ორპირობას არავის არასდროს ვაპატიებთ. ამიტომ, შენ ამ გახრწნილ, მოღალატე ადამიანს მოუსვლელში გაისტუმრებ და ამით დიდ სიკეთეს მოუტან შენს სამშობლოს.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე გენერალს, შჩუკინმა კი მხარზე ხელი მომითათუნა და მითხრა:

– ჰოდა, მიდი, ემსახურე და ნურავინ და ნურაფერი მოგატყუებს.

სიმართლეს ვიტყვი და, ცხოვრებაში პირველად შემეპარა ეჭვი შჩუკინისა და მუხინის სიტყვებში. არა იმიტომ, რომ მათი არ მჯეროდა, არამედ მეგონა, რომ გენერლები ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა. მაგრამ, ვინ მოატყუებდა იმ რანგის გენერლებს, რომლებიც უამრავი წყაროდან იღებდნენ ინფორმაციებს, თანაც ათასგზის გადამოწმებულსა და გაფილტრულს. მაშინ კი ამდენი ვერ მოვტვინე, რადგან ობიექტის უმწიკვლო რეპუტაციით ვიყავი დაბრმავებული, თუმცა, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, უკან არაფერზე დამეხია და ასეთი განწყობით ჩავედი ევროპის ერთ-ერთ მონარქისტულ ქვეყანაში, ამ სახელმწიფოს მეფის სალიკვიდაციოდ.

წინასწარ დამუშავებული გეგმის მიხედვით, ექსკურსიის დროს მონარქის სასახლის ბაღში უნდა დავმალულიყავი,  შემდეგ კი სასახლეში შევპარულიყავი და მისი ლიკვიდაცია განმეხორციელებინა.

ყველაფერი წარმატებით ვითარდებოდა. ექსკურსიის დროს ბუჩქებში დავიმალე და გაუნძრევლად  ვიწექი სამი საათის განმავლობაში.  ხოლო, როდესაც დაღამდა, ბუჩქებიდან გამოვძვერი და ხოხვით მივედი სასახლის სათადარიგო შესასვლელამდე. შემდეგ ფეხაკრეფით შევედი სასახლეში, მაყუჩიანი პისტოლეტი მოვიმარჯვე და ფრთხილად ავუყევი მარმარილოს კიბეებს.

მონარქის სასახლის გეგმა დაწვრილებით გამაცნეს ლუბიანკაზე და შენობაში ორიენტაცია არ გამჭირვებია. მონარქის საძინებლამდე დაუბრკოლებლად მივედი, შიგნითაც უპრობლემოდ შევაღწიე და მოოქრულ საწოლში მყოფ მონარქს თავზე წამოვადექი, პისტოლეტი მივუშვირე და, სანამ რამეს იტყოდა, სამი ტყვია ვესროლე – თავში, თვალსა და გულში, მაგრამ, როგორც კი შემოტრიალება დავაპირე, რომ უკან წამოვსულიყავი, თავში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და გონება დავკარგე... თვალი რომ გავახილე, დავინახე  ცოცხალი მონარქი, რომელიც თავზე მადგა, ხელში ავტომატური პისტოლეტი ეკავა, ქამარში კი ბასრი ხანჯალი ჰქონდა გარჭობილი და მანიაკისთვის დამახასიათებელი მზერით მომჩერებოდა. მის გვერდით ორი ათლეტი იდგა, რომლებიც, სავარაუდოდ,  მისი პირადი მცველები უნდა ყოფილიყვნენ. მე ხელბორკილებით იმ საწოლზე ვიყავი მიბმული, სადაც მისი მოკლული ორეული იწვა.

– გიკვირს, ცოცხალს რომ მხედავ? – პათოლოგიური ღიმილით მკითხა მონარქმა და მოკლულისკენ გაიშვირა ხელი, – ის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ორეული იყო, ძალიან ცუდი ასლი, რადგან, მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ. თუმცა, შენ მაინც მოტყუვდი, ახლა ჩემს ხელში ხარ და, ჯერ კარგად გავერთობი შენი წამებით, ბოლოს კი შენი სისხლიანი ხორცებით ჩემს ძაღლებს გავაძღობ.

მონარქს ადამიანის ხორცით ნაკვები ოთხი უზარმაზარი როტვეილერი სასახლის ქვეშ, უზარმაზარ ბუნკერში ჰყავდა გამომწყვდეული,  სადაც თავის შავბნელ საქმეებს აკეთებდა, რომლებზეც თავად მიამბო. მას შემდეგ, რაც იმ საშინელ ბუნკერში ჩამიყვანეს ობიექტის პირადმა მცველებმა და მოკლული ორეულის გვამი ჩემ თვალწინ შეაჭამეს როტვეილერს. მონარქმა კვლავ მანიაკურად გამიღიმა და მითხრა:

– შენ უარესი დღე მოგელის: მე შენ ნელ-ნელა მოგკვეთ ორგანოებს და საკუთარი თვალით გაყურებინებ შენს სიკვდილს.

– სამწუხაროა, რომ შენი ნამდვილი სახე თითქმის არავინ იცის და კრავის ქურქში ხარ გახვეული, – ვუთხარი მონარქს, მან კი მომიგო:

– ხმა ამოიღე? ასე იცის სიკვდილის შიშმა, მაგრამ, წესიერ სიკვდილს მაინც არ გაღირსებ. შენ მართალი ხარ, ჩემი ნამდვილი სახე მართლაც თითქმის არავინ იცის და მისი ნახვის ექსკლუზიური ბედნიერება შენ გექნება. სანამ შენს წამებას დავიწყებ, ერთი შოუ უნდა შემოგთავაზო, რომელიც ნათელ წარმოდგენას შეგიქმნის ჩემზე და, არა მარტო იმას ინანებ, რომ ჩემს მოსაკლავად მოხვედი, არამედ, იმასაც, რომ საერთოდ გაჩნდი ამქვეყნად. ჰო, მართლა, ვისი დავალებით მოქმედებ და ჩემს მოსაკლავად ვინ გამოგგზავნა?

– ვინც გამომგზავნა, ის ამას მაინც გააკეთებს, ვერც ორეული გიხსნის, ვერც ძაღლები და ვერც ეს შენი გორილები, – მივუგე მონარქს და პირად მცველებზე მივუთითე.

– რუსების მოგზავნილი ხარ, წყალი არ გაუვა ამას. რუსები შემომიწყრნენ ამას წინათ იმის გამო, რომ მათ სამშვიდობო ინიციატივას მხარი არ დავუჭირე და ჩემმა ხმამ ჩააგდო ის. მაგრამ, რა ვქნა, მშვიდობას ხომ არ გადავაყოლებ ბიზნესს? ამით ჩემი საქმე დაზარალდებოდა, რუსებს კი ეს არ ეპიტნავათ და მკვლელი მომიგზავნეს, რომელიც ახლა ჩემს ხელშია და სულ მალე მის ხორცებს ჩემს ძაღლებს შევაჭმევ.

როგორც შემდეგ შევიტყვე, მანიაკი მონარქი ადამიანებით მოვაჭრე იყო და ამ სფეროში მსხვილი არალეგალური ბიზნესი ჰქონდა. დღესდღეობით ეს საქმიანობა ტრეფიკინგის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო კანონმდებლობით რეგულირდება და მას მთელ მსოფლიოში ებრძვიან. მონარქი ამ საქმიანობით ძალიან დიდ ფულს შოულობდა. მისი ხალხი, ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნიდან, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და უამრავი ლტოლვილი იყო, სწორედ იმ ლტოლვილებს ყიდდნენ მონებად, მეძავებად და სხვადასხვა დანიშნულებისამებრ, მათ შორის – ორგანოების ტრანსპლანტაციისთვისაც. სწორედ საბჭოთა კავშირმა დააყენა გაეროში იმ აფრიკულ ქვეყანაში ომის შეწყვეტისა და მშვიდობისმყოფელების შეყვანის საკითხი და ამ მონარქის საწინააღმდეგოდ მიცემულმა ხმამ ჩააგდო ეს საკითხი.

– რუსები, რუსები მემტერებიან, – იმეორებდა მანიაკი მონარქი, – მაგრამ, ვერ მივართვი, ისინი ჩემს სიკვდილს ვერ ეღირსებიან! რუსებს უნდათ ჩემი მოკვლა და შენც რუსი ხარ. მხოლოდ რუსს შეუძლია, სიკვდილის წინ ასე თავხედურად მოქცევა, მაგრამ, სულ მალე ჩაგიქრობ მაგ ცეცხლს და გასწავლი ჭკუას! 

მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და ჩემი სიკვდილი გარდაუვალი იყო, არ შემშინებია და, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოცხალი გადავრჩებოდი. მანიაკის მუქარამ კი, რომელშიც აშკარად ჩანდა საბჭოეთის მიმართ შიში, რატომღაც, გამამხიარულა და ვუთხარი:

– ესე იგი, რუსები, ხომ? ფიქრობ, რუსებს უნდათ შენი მოკვლა? თუ ეს ასეა, მაშინ, სამგლოვიარო მუსიკა შეუკვეთე, რადგან, დარწმუნებული იყავი, რომ ისინი მაინც მოგიღებენ ბოლოს.

– დამცინი კიდეც? – მონარქმა ყურადღებით შემათვალიერა, შემდეგ ერთ-ერთ „გორილას“ მიუბრუნდა და უთხრა:

– მიდი, შემოიყვანე, ჯერ საბავშვო შოუთი გავერთოთ, შემდეგ კი მთავარი სანახაობა ჩავატაროთ.

ბავშვის ხსენებაზე გულმა რეჩხი მიყო და დავიძაბე. „გორილამ“ კი რამდენიმე წუთის შემდეგ ხუთიოდე წლის შავგვრემანი ბოშა ბიჭი შემოიყვანა, რომელსაც კონკები ემოსა, არ ტიროდა და შავ, ცოცხალ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.

ბუნკერში ბეტონის ღრმა ორმო იყო, რომელშიც კაციჭამია როტვეილერები ჰყავდათ. მოთავსებულები. მე ამ ორმოს აღმოსავლეთ მხარეს ვიყავი მიბმული; მონარქი, მისი ამალა და ბავშვი კი – ჩემს საპირისპირო მხარეს, დასავლეთ ნაწილში იმყოფებოდნენ. ჩვენ შორის ათიოდე მეტრი მანძილი იყო და ორმოდან დამშეული ძაღლები გვიღრენდნენ.

– აი, რუსო, ეს ბოშა ბიჭუნა ჩემმა მცველებმა ქუჩიდან მოიყვანეს გუშინ. ახლა მას როტვეილერებს ვაჩუქებ და ერთად ვუყუროთ, რა მოხდება, შემდეგ კი შენი ჯერიც დადგება და ჩემი ღამის შოუ დღეს ამით დამთავრდება, – მითხრა მანიაკმა მონარქმა, უფრო სწორად კი, გამომძახა, ბიჭი ხელში აიყვანა და მაღლა ასწია, რომ სპეციალურად გაკეთებული სასრიალოთი ორმოში ჩაეშვა.

მე ხელები უკვე თავისუფალი მქონდა, რადგან, ყოველი შემთხვევისთვის პირში  დამალული ფოლადის პატარა მავთული სწორედ მაშინ მოვიხელთე თითებში, როდესაც ბუნკერში ჩამიყვანეს და ორმოს პირას მიმაბეს. მიუხედავად ამისა, ბუნკერიდან გაქცევა ძალიან რთული იყო, რადგან თვით მანიაკი მონარქი და მისი ორი „გორილა“ კარგად შეიარაღებულები იყვნენ. თუმცა, ბუნკერიდან გაქცევა არც მიფიქრია, რადგან ჯერ დავალება უნდა შემესრულებინა. ყველაფერ ამას კი პატარა ბოშა ბიჭუნაც დაემატა, რომელსაც შველა სჭირდებოდა. წამები წყვეტდა ბავშვის ბედს და მისი გადარჩენის სურვილმა ჩემში ყველაფერი დაჩრდილა და მათ შორის, დავალებაც. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ დამადებინა პირობა შჩუკინმა, რომ დავალებას ნებისმიერ შემთხვევაში შევასრულებდი და ხელს ვერაფერი შემიშლიდა. მან კარგად იცოდა მონარქის ჩვევები და დავალებაზე წასვლის წინ კიდევ ერთხელ გამახსენა დადებული პირობა. თუმცა, როდესაც სასტიკი რეალობის წინაშე დავდექი, მზად ვიყავი, დავალების შესრულებაზეც კი უარი მეთქვა, ოღონდ ის კი შავთვალება ბოშა ბიჭუნა გადამერჩინა.

– ბავშვი დაუშვი და რაღაცას გეტყვი...

– ისედაც მეტყვი! – გამომძახა მონარქმა და, მართალია, ბავშვი კვლავ ზევით ჰყავდა აღმართული, მაგრამ, ძაღლებთან არ ჩაუსრიალებია და დაამატა – რა გინდა?

– მინდა, შევთანხმდეთ.

– შენს მდგომარეობაში ასეთი ლაპარაკი სასაცილოა.

– გეთანხმები, მაგრამ, მაინც მომისმინე, რომ შენ თვითონ არ ჩავარდე სასაცილო მდგომარეობაში.

– გისმენ, თქვი!

– ჯერ ბავშვი დაუშვი და შემდეგ გეტყვი.

მონარქმა ბავშვი ძირს დაუშვა და ბოშა ბიჭუნამ კედლისკენ მოკურცხლა, მაგრამ, ის ერთ-ერთმა „გორილამ“ დაიჭირა, მხრებში მაგრად ჩაავლო ხელები და ადგილზე გააქვავა. ამის მიუხედავად, პატარა ბოშას არამცთუ არ უტირია, შიშიც კი არ აღბეჭდვია სახეზე. მის შემხედვარეს ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ ეს ბავშვი თავისი საზრიანობით, სიმართლითა და სიმამაცით დამეხმარებოდა.

– აბა, თქვი, რა გინდა! – მითხრა მონარქმა.

მე დრო უნდა გამეწელა, მომენტი შემერჩია და ელვისებურად მემოქმედა – ზუსტად ისე, როგორც ეს კოჯრის სპეცსკოლაში მასწავლეს. ამიტომ, მონარქს გავძახე: 

– ჩემი სიცოცხლის გარანტიის სანაცვლოდ, გასწავლი, თუ როგორ უნდა გამოძვრე ამ სიტუაციიდან.

– ცუდ სიტუაციაში შენ იმყოფები და სიცოცხლე შენ გაქვს გადასარჩენი, მე კი არაფრის გარანტიებს არ ვიძლევი. აბა, მითხარი, რა გინდა და, იქნებ, შეგიწყალო.

კარგად ვიცოდი, რომ მანიაკი მონარქი მატყუებდა, თუმცა, მაინც გავძახე:

– მართალი ხარ, მაგრამ, მერწმუნე, სულ მალე კიდევ რამდენიმე მკვლელს მოგიგზავნიან და, მილიონი ორეული რომ გყავდეს, მაინც მოგაგნებენ და მოგკლავენ. ამიტომ, სიტყვა მომეცი, რომ ცოცხალს დამტოვებ, მეტიც, რომ შენთან მამუშავებ, რადგან, უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი მაქვს და ერთგული ძაღლივით მოგემსახურები. მონარქის სიტყვა მომეცი და დაგიჯერებ.

– სიტყვას გაძლევ, რომ არ მოგკლავ. მიდი, თქვი, რისი თქმა გინდა!

– თქვენო უდიდებულესობავ, ჩემთან მოდით, რომ ყველაფერი მხოლოდ პირადად თქვენ გითხრათ.

რომ იტყვიან, მონარქმა „ჭამა“, მომიახლოვდა და მითხრა:

– აბა, ამოღერღე!

– თქვენო უდიდებულესობავ, მე მართლა რუსებმა გამომგზავნეს თქვენს მოსაკლავად, ანუ „კაგებეს“ დავალებას ვასრულებ, „კაგებე“ კი ასე მარტივად არ მოქმედებს და ყოველთვის აქვს შემუშავებული სათადარიგო ვარიანტი, ზოგჯერ კი ორიც კი.

– ამით რა გინდა, რომ თქვა? – მკითხა მონარქმა და შევატყვე, რომ შეშფოთდა.

„უკვე „ჭამს“, – გავიფიქრე გუნებაში, მონარქს კი ჩუმად ვუთხარი:

– ზუსტად ვიცი, თქვენო უდიდებულესობავ, რომ თქვენს პირად დაცვაში, მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც ჰყავს „კაგებეს“ შემოგზავნილი და, იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მისია ჩაფლავდება, ეს როლი მან უნდა იკისროს, ანუ, თქვენ თქვენი პირადი მცველი მოგკლავთ.

ჩემს სიტყვებზე მანიაკი მონარქი გველნაკბენივით შეხტა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საბოლოოდ „ჭამა“ და მკითხა:

– მისი სახელი ხომ არ იცი?

– არა, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ, თუ მენდობით, მის აღმოჩენაში დაგეხმარებით და მას პირადად მოვუღებ ბოლოს, ამით კი საბოლოოდ მოვიჭრი უკან დასაბრუნებელ გზას და ერთგულებას დაგიმტკიცებთ.

– კარგი, თანახმა ვარ, ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან, მაგრამ, ჯერ ვერ აგხსნი, თანაც, ეს მაწანწალა ბოშა ბიჭი აუცილებლად უნდა შევაჭამო ჩემს ძაღლებს, თორემ, მშივრები დარჩებიან, – მითხრა მონარქმა, შემდეგ პირადი მცველებისკენ შეტრიალდა და გასძახა:

– ლეოპოლდ, მოდი, ჩაასრიალე!

ლეოპოლდმა ბიჭის აწევა დააპირა, მაგრამ ბოშამ მას  მძლავრად ჩაასო ხელში ბასრი კბილები, ხორცი ამოგლიჯა, თავი გაითავისუფლა და მოკურცხლა. ბავშვის ასეთი საქციელი მოქმედების დაწყების ნიშანი იყო: ორ, მაქსიმუმ – სამ წამში უნდა მემოქმედა. ამიტომ მონარქს ელვისებური სისწრაფით ამოვაცალე ქამრიდან მაყუჩიანი პისტოლეტი და მისი ორი „გორილა“ ზუსტი გასროლით დავხოცე, შემდეგ კი იარაღი მონარქს მივუშვირე, რომელსაც ბოშა ბიჭუნა ჰყავდა აფარებული, ორმოს პირას იდგა და მანიაკურად მიღიმოდა.

– ბავშვი გაუშვი, თორემ, შუბლს გაგიხვრეტ! – შევძახე მონარქს, მან კი მომიგო:

– გამიხვრეტ და ორივე ორმოში ჩავცვივდებით და ბიჭი მაინც დაიღუპება. ამიტომ, იარაღი დადე და წადი, გიშვებ, ბავშვი კი ჩემთან დარჩება.

– უბავშვოდ არ წავალ.

– ბავშვი ჩემი სიცოცხლის გარანტიაა. კართან მიდი, იარაღი იატაკზე დადე და ჩემკენ გამოაცურე, მე კი ბავშვს გამოვუშვებ და წადით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამივე დავიღუპებით. აქ სულ მალე ჩემი მცველები მოვლენ და ცოცხალს არ გაგიშვებენ.

– თანახმა ვარ, – მივუგე მონარქს და კართან მივედი, პისტოლეტი ძირს დავდე და ფეხი ვკარი... იარაღი მონარქისკენ გაცურდა, მან კი ბავშვს ხელი უშვა და ბოშა ბიჭუნა ჩემკენ გამოქანდა. მე მარმარილოს იატაკზე გავცურდი, რომ მონარქისთვის პისტოლეტის დაუფლების საშუალება არ მიმეცა. მან კი ქამარში გარჭობილი ხანჯალი იძრო და ჩემკენ დაიძრა, რომ მანამდე ავეჩეხე, სანამ მე რამეს მოვიმოქმედებდი. ეს ყველაფერი, სულ რაღაც, სამ წამს გაგრძელდა. მონარქიც საკმაოდ მომზადებული და ფიზიკურად ძლიერი ჩანდა და ასე იოლად არ დამითმობდა. თუმცა, ჩემმა „კაგებეშნიკურმა“ სპეცმომზადებამ მაინც თავისი ქნა და მონარქის მოქნეული ხანჯალი მარჯვედ ავიცდინე, მერე ცივი იარაღი ავართვი, ორჯერ გავუსვი ნეკნებზე და, ჯერ იატაკზე დავანარცხე, შემდეგ კი ჰაერში ავიტაცე და კაციჭამია როტვეილერებით სავსე ორმოში გადავუძახე... გააფთრებული ძაღლები თავის მანიაკ პატრონს ეძგერნენ და დაგლიჯეს, მე და პატარა ბოშამ კი ძალიან ფრთხილად დავტოვეთ იქაურობა, სამშვიდობოზე გავედით და, მას შემდეგ, რაც ბიჭი კონსპირაციულ ბინაში მივიყვანე, მითხრა:

– მაგარი იყო, ძია, არა?

– კბენის გარდა, შენ ლაპარაკიც გცოდნია, – გავუღიმე ბიჭს, – მე კი მუნჯი მეგონე.

– რა მუნჯი, მე კიდევ ინგლისურიც ვიცი და ბოშურიც – სულ სამი ენა, აი, ამდენი, – და პატარამ მარჯვენა ხელის სამი თითი დამანახვა.

– რა გქვია?

– ბორისი.

– რამდენი წლის ხარ?

– აი, ამდენის, ხუთის, – ბიჭმა ხუთი თითი გაშალა და მითხრა – მე ასამდე ვიცი თვლა, კიდევ – ფულის ცნობა.

– დედ-მამა გყავს?

– არა, მე ბოშების ბანაკში ვცხოვრობდი. ჩემი დედ-მამა შარშან ავტოავარიაში დაიღუპა პარიზში.

– აბა, ვისთან უნდა მიგიყვანო? – ვთქვი მე, – შენი ბოშები უკვე წასულები იქნებიან, ამიტომ, პოლიციაში მიგიყვან.

– ძია, არც ბოშებთან მინდა და არც პოლიციაში, შენთან წამიყვანე.

– ჩემთან?

– ჰო, შენთან. შემდეგ სკოლაში შემიყვანე და, გპირდები, რომ კარგად ვისწავლი.

ბავშვი ისეთი თვალებით მიყურებდა და ისეთი საზრიანი ჩანდა, რომ გამეცინა და ვთქვი:

 – ეს იდეაა, ხომ იცი! რატომაც არა, ჩემთან ერთად წამოდი, მაგრამ, შემპირდი, რომ სკოლაშიც კარგად ისწავლი და უფროსებსაც დაუჯერებ. მე ისეთი სამუშაო მაქვს, რომ ხშირად ვერ გნახავ, მაგრამ, ერთმანეთს შევხვდებით ხოლმე. ასე გაწყობს?

– მაწყობს, ძია, მაწყობს, კარგად ვისწავლი და კარგად მოვიქცევი, ოღონდ თან წამიყვანე!

პატარა ბოშა მოსკოვში გაუფრთხილებლად ჩავიყვანე, მაგრამ საყვედური არავის უთქვამს, პირიქით, შჩუკინმა მხარზე ხელი მომითათუნა და მითხრა:

– აბსოლუტურად სწორად მოიქეცი, ყოჩაღ!

პატარა ბორისის აღზრდა-განათლების საქმე მთლიანად „კაგებემ“ აიღო საკუთარ თავზე და მან ჯერ სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი და ბოლოს ასპირანტურაც დაამთავრა. დღესდღეობით ის მოსკოვში ცხოვრობს, ცოლ-შვილი ჰყავს და მასთან მუდმივი, ახლო ურთიერთობები მაქვს. ის ისევ „ძიას“ მეძახის, როგორც მაშინ, როდესაც მანიაკი მონარქის კლანჭებიდან გამოვიხსენი და სიკვდილს გადავარჩინე.

ბორისის მსგავსად, ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის განმავლობაში არაერთი ადამიანი მყავს გადარჩენილი და რამდენიმე მსგავსი საქმე ჩემს პოსტკაგებეშნიკურ პერიოდშიც მაქვს შესრულებული.

ახალი საქმიანობა, სულ რაღაც, ერთი წლის დაწყებული მქონდა, როდესაც რომანმა დამიბარა და მითხრა:

– ერთი საქმეა, მაგრამ, შემკვეთს უნდა შეხვდე და პირადად დაელაპარაკო.

– სად და როდის?

– რაც უფრო მალე, მით უკეთესი. შეხვედრის ადგილი კი ლონდონია.

– ლონდონში უნდა გავემგზავრო?

– ჰო, აი, ფული – აქ ოცი ათასი გირვანქაა, მხოლოდ გზისა და ცხოვრების ხარჯები, დანარჩენზე კი პირადად მოგელაპარაკება შემკვეთი. აი, მისი ტელეფონიც და, რომ ჩახვალ, დაურეკე, – რომანმა მოზრდილი კონვერტი ჩამიდო მუხლებში, გამომემშვიდობა და წავიდა.

ლონდონში მეორე დღესვე გავემგზავრე, მერიკოს კი ვუთხარი, რომ მოსკოვში მივფრინავდი, რადგან მაშინ ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობები გვქონდა რუსეთთან და მოსკოვში გამგზავრება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.

ბრიტანეთის დედაქალაქში რომ ჩავედი, ჯერ პატარა სასტუმროში დავბინავდი, შემდეგ კი შემკვეთს დავურეკე, რომელიც ქალი აღმოჩნდა და მან ერთ-ერთ სკვერში დამინიშნა შეხვედრა.

– პამელა სანდერსი, – მითხრა ქალმა და ხელი ჩამომართვა.

– მარტინ ლოუ, – მივუგე შემკვეთს, რადგან ლონდონში სწორედ ამ სახელით ვიყავი ჩასული, – გისმენთ.

– მე თქვენთან ერთი უჩვეულო თხოვნა მაქვს, რაც კარგად ანაზღაურდება და, თუ თანახმა იქნებით, შეგვიძლია, ახლავე დავიწყოთ.

– გისმენთ, ბრძანეთ, – მივუგე შემკვეთს, რომელიც საკმაოდ გაპრანჭულად იყო ჩაცმული და ყურადღებას იქცევდა. პამელა ოცდაათიოდე წლის იქნებოდა, მაგრამ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, რადგან ეტყობოდა, რომ თავს კარგად უვლიდა.

– მისტერ მარტინ, მე მინდა, რომ მამაჩემი მომაძებნინოთ.

– მამათქვენი? კი მაგრამ, რა შეემთხვა?

– არ ვიცი და სწორედ ამის გარკვევა მინდა, ამიტომაც დაგიკავშირდით. იმედი მაქვს დამეხმარებით.

– ჯერ ყველაფერი მომიყევით და მერე ვნახოთ, – ვუთხარი პამელას, – აბა, დაიწყეთ.

გოგონამ თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და მითხრა:

– მამაჩემი, სემ სანდერსი, ვიეტნამის ომის გმირია, მას რამდენიმე მაღალი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული და ომის დროს სპეცდანიშნულების რაზმს მეთაურობდა. ის და დედაჩემი ოცი წლის წინ გაეყარნენ ერთმანეთს. მაშინ მე 10 წლის ვიყავი და მას მერე მხოლოდ ერთხელ ვნახე მამა.

– ამერიკელი ხართ?

– დიახ. ტეხასის შტატში ვცხოვრობ. გავიგე, რომ მამა ერთხანს ამერიკაში ცხოვრობდა, შემდეგ ევროპაში გამოემგზავრა და მისი კვალი აქ იკარგება.

– ჩემო კარგო, შეიძლება, ეს მე არც კი მეხება, მაგრამ, სრულწლოვან ქალს ახლა გაგახსენდათ მამა? თქვენი შემხედვარე, ვერ იტყვის კაცი, ღარიბიაო და, აქამდე რატომ არ მოძებნეთ. მით უმეტეს, თუ მას უჭირდა? ეს რომ ასე იქნებოდა, იქიდანაც ჩანს, რომ ამერიკელი კაცი, როგორც თქვით, ევროპაში გამოემგზავრა, ეს კი კარგი ცხოვრებით არ იქნებოდა გამოწვეული.

– თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, სერ, – მითხრა გოგონამ და ასლუკუნდა. მე მას ცხვირსახოცი მივაწოდე და ვუთხარი:

 – ეგეთები არ იყოს, ცრემლი არ დამანახვოთ, თორემ, წავალ. ჩემი სიტყვებისთვის კი ბოდიშს გიხდით.

– არა, საბოდიშო არაფერი გაქვთ, თქვენ მართალი ბრძანდებით. მამას აქამდე იმიტომ არ ვეძებდი, რომ საცოდავი დედაჩემი მეუბნებოდა, მამას არ უნდიხარ, არ გნახულობს და არ სჭირდებიო. ერთი სიტყვით, დედამ შემაძულა მამა. ამ ცოტა ხნის წინ კი დედა გარდაიცვალა და, სანამ სულს დალევდა, გამომიტყდა, რომ მამას თვითონ აუკრძალა ჩემი ნახვა და ამაში მას მისი მაღალჩინოსანი მეგობრები დაეხმარნენ. თანაც, მამის წერილები გადმომცა, რომლებსაც ჩემი საბრალო დედა ინახავდა. მამაჩემი ამ ორი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ მეორე დღეს მწერდა წერილს და თითოეული მათგანი ჩემი უდიდესი სიყვარულითაა გაჟღენთილი. მამა ევროპიდანაც მწერდა, ბოლო წერილი კი ამ სამი თვის წინ სწორედ ლონდონიდანაა მოწერილი, აი, ამ მისამართიდან.

პამელა სანდერსმა ლონდონის ერთ-ერთი გარეუბნის მისამართი მიჩვენა, სადაც ძალიან დაბალი ფენის ადამიანები და კრიმინალები ცხოვრობდნენ. იქ შესვლას პოლიციაც კი თავს არიდებდა. მე კარგად ვიცნობდი ამ რაიონს, რადგან, ჯერ კიდევ „კაგებეშნიკობის“ დროს, იქ ერთი საქმე გავაკეთე და წინასწარ კარგად შევისწავლე ეს უბანი. ამიტომ, დავხედე თუ არა მისამართს, გოგონას ვუთხარი:

– ეს ლონდონის ყველაზე უბადრუკი კრიმინალური უბანია.

– დიახ, მე ვიყავი იქ და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე თქვენი დაქირავება.

– ვინ ნახეთ იქ და რა გითხრათ?

– იქ იმ მისამართზე მივედი, რომელიც წერილში იყო აღნიშნული და ერთი შუახნის კაცი შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ მამაჩემი სამი თვის წინ წავიდა უცნობი მიმართულებით.

– მის, – მითხრა იმ კაცმა, – კარგია, რომ მოხვედით. მამათქვენს ჩემი ასი ფუნტი მართებს ბინის ქირა და გადამიხადეთ.

მე მას ფული მივეცი და ვთხოვე, მამაჩემზე დამატებითი ინფორმაცია მოეცა, რაზეც მან მითხრა, მეტი არაფერი ვიციო, თუმცა, ვგრძნობ, რომ მან რაღაც იცის, მაგრამ მიმალავს.

– გასაგებია. ესე იგი, თქვენ გინდათ, რომ გამოძიება იმ კაციდან დავიწყოთ და მამათქვენის კვალზე გავიდეთ.

– დიახ.

– კეთილი, თანახმა ვარ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უბრალოდ უნდა ჩავიცვათ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3