კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როდის არის ქალისთვის სიყვარულით ქორწინება წამგებიანი

თურმე, არსებობს ანტირომანიც, ანუ ურთიერთობა, რომელიც მოწონებით, ლტოლვით იწყება, მაგრამ, სიყვარულში კი არ გადაიზრდება, არამედ, პირიქით და, ამაში გასაკვირი არაფერია. ფაქტი ის არის, რომ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იქნება პასუხისმგებელი საკუთარ მომავალზე, იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ხვალ. როგორ შეიძლება, დარწმუნებული იყო იმაში, რომ არასოდეს ჩაიდენ კონკრეტულ საქციელს. ადამიანი მაინც ემოციური არსებაა, ბოლომდე შეუცნობელი და გაუხსნელი. ის ყოველთვის დამოკიდებულია გარემოზე, იმ ფაქტორებზე, რომლებიც მისგან დამოუკიდებლად არსებობს. შეცდომებს ყველაზე ხშირად მაშინ ჩავდივართ, როცა ვფიქრობთ, რომ ბოლომდე შევიცანით საკუთარი თავი და ბუნება...

 

ლელიკო (31 წლის): იმდენი ადამიანი მოდის თქვენთან და საკუთარ თავზე გიყვებათ... მე მკითხველის როლში ვიყავი და, მეგონა, სულ ასე გაგრძელდებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მეც აღმოვჩნდებოდი იმ ქალების რიცხვში, ჯერ რომ სისულელეს ჩაიდენენ, მერე კი სინანულის ბარათებს წერენ. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, უბრალოდ, მრცხვენია, რომ ეს ყველაფერი მე დამემართა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ, რაღაც-რაღაცეებში, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი.

– ფიქრობთ, რომ თქვენი შეცდომების მიზეზი მეტისმეტი თავდაჯერებულობაა?

– არ ვიცი და სწორედ ამის გარკვევა მინდა. მიზეზებში აუცილებლად უნდა გავერკვიო, სხვანაირად ცხოვრების გაგრძელებას ვერ შევძლებ. ისევ რომ განმეორდეს იგივე?! უკვე ვეღარაფერზე დავდებ თავს. ჩემი ქმარი პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, ეს არის ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი და სხვები უკვე აღარ არსებობენ-მეთქი. იცით, რომ ახლა მოღალატე კაცებსაც ვეღარ ვამტყუნებ?! ეტყობა, მათ ცხოვრებაში არის მომენტები, როცა საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან და ისეთ რამეს სჩადიან, რასაც მერე საშინლად ნანობენ. ადამიანი რთული არსებაა, ძალიან რთული და მისი საქციელი ყოველთვის წინასწარ განსაზღვრული ვერ იქნება. ძალიან ბევრიც რომ იფიქრო, ძალიან ბევრ რამეზეც რომ შეიკავო თავი, ერთხელაც იქნება, სიტუაციის მართვას ვერ შეძლებ და სადავეები თავისით გაგისხლტება ხელიდან. ძალიან ბევრია დამოკიდებული შემთხვევაზეც.

– შემთხვევით არაფერი ხდებაო, ამისი თქმა გინდათ?

– არა, უბრალოდ, გარემოებაზე და შემთხვევაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. მე ჩემი ქმარი ახლაც ძალიან მიყვარს და სულ მეყვარება, მაგრამ, ეტყობა, რაღაც დამაკლდა მასთან ურთიერთობაში, თორემ, სხვა კაცთან ურთიერთობის, მასთან შეხვედრების სურვილი რატომ უნდა გამჩენოდა?!

– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ გათხოვილი ქალისთვის ქმრის გარდა სხვა მამაკაცი არ უნდა არსებობდეს?

– ყველა ვარიანტში ასე უნდა იყოს. ოფიციალური ქორწინება, როგორც სამოქალაქო, ისე რელიგიური, სწორედ ამას გულისხმობს. ფლირტიც კი, უკვე ღალატია და ფიქრშიც რომ დაუშვა სხვა პარტნიორის ყოლა, დანაშაული უკვე ჩადენილი გაქვს. მე არ ვიცი, სხვები როგორ ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ, როცა გავთხოვდებოდი, ჩემი ქმარი ჩემთვის ერთადერთი მამაკაცი იქნებოდა.

– ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ, როცა ხედავ სიმპათიურ მამაკაცს, ჯიუტად ამტკიცო, რომ „არ ხედავ“?

– არა, მე ეს არ მიგულისხმია. თვალებს, ბუნებრივია, ვერ დაიბრმავებ, მაგრამ სხვა საქმეა, როცა ამ სიმპათიური და მომხიბლავი მამაკაცის მიმართ ინტერესი გაგიჩნდება, მაგრამ, კიდევ უფრო უარესია, როცა ამას სურვილიც ემატება.

– თქვენ გქონდათ ასეთი შემთხვევა?

– დიახ, იმის მიუხედავად, რომ ქმარი მიყვარს, ხუთი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენს ურთიერთობაში ბზარი არ შემინიშნავს. არ მიგრძნია, რომ რამე პრობლემა გვქონდა რომელიმე  სფეროში. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? ამიტომაც ვარ გაოგნებული რა მოხდა, რამ მიბიძგა ამისკენ-მეთქი, – ვეკითხები საკუთარ თავს. რატომ მივედი ღალატამდე? თუმცა, ფიზიკურ ღალატს ადგილი არ ჰქონია. შარშან ზაფხულში მე და ჩემი მეუღლე ზღვაზე წავედით დასასვენებლად. ბავშვი ჩემს მშობლებს დავუტოვეთ – გვინდოდა, მარტო ერთმანეთით ვყოფილიყავით დაკავებულები... ამიტომ უფრო ვარ გაოგნებული.

– ანუ, ქმართან ურთიერთობაში აუცილებლად პრობლემა, აუცილებლად რაღაც დეფიციტი უნდა გქონდეს, რომ თვალი სხვა კაცისკენ გაგექცეს?

– ლოგიკურად ასეა. რაღაც არ უნდა გაკმაყოფილებდეს და ამ „რაღაცას“ სხვა კაცში ეძებდე.

– ისე, უბრალოდ რომ მოგეწონოს, არ შეიძლება?

– როგორ არ შეიძლება. თავიდანვე ვთქვი, რა მიმაჩნია პრობლემად და დანაშაულად – სხვა კაცით დაინტერესება და მის მიმართ სურვილების გაჩენა. ხომ არ არის აუცილებელი იმის დაკონკრეტება, რა სურვილებზეა საუბარი?!

 – არა, რა თქმა უნდა. თუმცა, სხვა რამის დაკონკრეტება, ალბათ, შეიძლება. მაგალითად, როგორი იყო თქვენი ინტიმური ურთიერთობა ქმართან.

– ნორმალურზე უკეთესი. ყველაფერი წესრიგში იყო, მართლა. ჩვენ კონფლიქტი არც ყოფაში გვქონია და არც ინტიმურ სფეროში. სიყვარულიც იყო, ვნებაც და მიზიდულობაც. მე არ ვეჭვიანობდი ქმარზე, და, ამიტომ, ვერ ვიტყვი,  შურისძიების სურვილი გამიჩნდა და ამან მიბიძგა ამისკენ-მეთქი. არადა, ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო. დავგეგმეთ რომანტიკული შვებულება ორისთვის და კინაღამ ცხოვრება დამენგრა... ჩემი ქმარი პლაჟზე ხელბურთს თამაშობდა, მე კი შეზლონგზე წამოწოლილი ვგულშემატკივრობდი. სწორედ მაშინ შევნიშნე ის ტიპი. მზე თვალებს მჭრიდა და კარგად ვერ აღვიქვი, თუმცა, მივხვდი, რომ გულმოდგინედ მათვალიერებდა.  ზრდასრული მამაკაცი იყო და, როგორც მერე აღმოვაჩინე, ძალიან სიმპათიურიც. პირდაპირ მოვიდა ჩემთან, გვერდით მომიჯდა და ისე გამიბა საუბარი, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით.

– ანუ, ფლირტი მან წამოიწყო? ინიციატივა მისგან წამოვიდა?

– დიახ. მაგრამ, მე საკუთარი თავით ვარ გაოგნებული და განცვიფრებული, მაშინვე რომ არ მოვიშორე და გავუღიმე კიდეც. ანუ, ავყევი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ვაშავებდი. მგონი, ეწყინა, რადგან, მომცილდა და აღარ შევუწუხებივარ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს შეურაცხყოფილი დავრჩი, ასე მალე რომ დაიხია უკან. არ ვიცი, რამდენად კარგად გიხსნით, მაგრამ, თითქოს არასრულფასოვნების განცდა იყო. ანუ, ადვილად „შესაბმელ“ ქალთან რომ იქცევა კაცი და, როგორც კი პატარა წინააღმდეგობას წააწყდება, მაშინვე უკან იხევს – ეს ამად არ ღირსო. მეორე დღეს პლაჟზე იმავე ადგილას გავედით და ჩემი ქმარი ნაყინის მოსატანად წავიდა. არ ვიცი, ჩასაფრებული იყო თუ რა მოხდა, მაგრამ, მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდა. გამიღიმა და პირდაპირ მითხრა, რა უნდა გავაკეთო, რომ თქვენი მოხიბვლა და ცდუნება შევძლოო. ლამის ენა ჩამივარდა. ნამდვილი შოკი იყო და, ეტყობა, გაოგნებულმა შევხედე. მერე გამეცინა.

– გაგეცინათ იმიტომ, რომ თქვენი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილდა?

– გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი – დრო არ მქონდა, რომ მეფიქრა. მოულოდნელობის ეფექტმა იმუშავა.

– რატომ? რაც გათხოვილი ხართ, არც ერთ მამაკაცს არ უცდია თქვენთან ფლირტი?

– სერიოზულად არა. მე, მით უმეტეს, არასდროს არანაირი თანაგრძნობა არ გამომიხატავს ასეთი ტიპების მიმართ. პირად შეურაცხყოფად მიმაჩნდა: როგორ, ასეთი რაღაც როგორ გამიბედეს გათხოვილ ქალს, რა შემამჩნიეს ამისთანა-მეთქი.

– გათხოვილი ქალის სტატუსი ზოგჯერ მამაკაცს ფლირტის სურვილს ვერ უქრობს. ეს ცალკე თემაა და ასეთი მამაკაცების სინდისზე დავტოვოთ.

– პრინციპში, გეთანხმებით, მაგრამ, ქალმა უნდა დაგიკარგოს ამისი სურვილი. მე ეს არასოდეს მიჭირდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი დამემართა რაღაც წარმოუდგენელი – ჩემთვის წარმოუდგენელი... ფაქტობრივად, „მწვანე შუქი“ ავუნთე, გავუღიმე და პაემანზეც კი დავთანხმდი, სანამ ჩემი ქმარი მოვიდოდა.

– ეს გაუცნობიერებლად გააკეთეთ?

– ვაიმე, როგორ ვთქვა, გაუცნობიერებლად გავაკეთე-მეთქი. ვითომ, იმ მომენტისთვის გართობა მომინდა?! მოკლედ, არ ვიცი, რა ვიფიქრო. ოღონდ, თავის გამართლებისთვის არ ვამბობ ამას. მართლა მინდა, კარგად გავერკვიო მომხდარში.

– რატომ, რა მიზნით?

– რა დოზით შევცოდე ქმართან – ამის გარკვევა მინდა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.

– სინდისი გქენჯნით?

– დიახ, რაღაც ამდაგვარია. რამდენად სერიოზულია ჩემი დანაშაული. დაბნეული ვარ, არ ვიცი, ქმრისთვის თვალებში შეხედვის უნდა მრცხვენოდეს თუ არა.

– თუ არ გიღალატიათ, რატომ უნდა გრცხვენოდეთ?

– ინტიმური სიახლოვე ნამდვილად არ მქონია იმ კაცთან, მაგრამ, პაემანზე ხომ ვიყავი?! არც მზეთუნახავი ვარ და არც ისე გამოვიყურები, როგორც ადვილად ხელმისაწვდომი ქალი. რატომ გადაწყვიტა ამ კაცმა, რომ ჩემს კეთილგანწყობას მოიპოვებდა?! ფაქტია, რომ მან ეს შეძლო. მაინტერესებს, ჩემი მზადყოფნა დაინახა თუ, უბრალოდ, გაუმართლა?

– როგორ ჩაიარა თქვენმა პაემანმა?

– ძალიან მხურვალედ. ჩემს თავს იმიტომ ვადანაშაულებ, რომ სურვილში გამოვიჭირე საკუთარი თავი. იმ მომენტში ეს ვერ გავაცნობიერე. მარტო იმას ვგრძნობდი, რომ მინდოდა ამ მამაკაცთან ურთიერთობა, მისი მოფერება... ეს საშინელება იყო... კიდევ კარგი, რომ რაღაც ეტაპზე „წითელი“ ამენთო და შემეშინდა, რომ ჩემი ქმარი წამოგვადგებოდა თავზე.

– ანუ?

– ანუ, ბოლომდე არ მიგვიყვანია „ის“ საქმე, თორემ, ალერსისა და ნეტარების მწვერვალზე ვიყავი. როგორ დავუშვი ეს, როგორ მივეცი თავს ასეთი მოდუნების უფლება, წარმოდგენა არ მაქვს. ნუთუ ადამიანი მართლაც მხოლოდ ფიზიოლოგიური არსებაა, რომელიც რაღაც მომენტში ინსტინქტების დონეზე დადის?

– თქვენ ფიქრობთ, რომ ინსტინქტმა გიბიძგათ ამისკენ?

– აბა, სხვა რა ვიფიქრო?! ჩემი ქმარი  ძალიან მიყვარს. მასთან თავს კარგად ვგრძნობ; მაკმაყოფილებს როგორც მამაკაცი და სხვა კაცის მიმართ ასეთი ვნება რატომ უნდა მეგრძნო?! რაც ეს მოხდა, მას მერე საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი. ძალიან ვნერვიულობ. ზოგჯერ იმის სურვილიც მიჩნდება, ყველაფერი ვუამბო ქმარს, იქნებ, გულზე მომეშვას... მაგრამ, რომ ვერ გამიგოს და არ დამიჯეროს, რომ მიყვარს და მისი ღალატის სურვილი აზრადაც არ მქონია?!

– თუმცა, ღალატის შესაძლებლობა რაღაც მომენტში მაინც დაუშვით – თქვენ თავად თქვით.

– დიახ, ასეა. ფიქრში ღალატიც არანაკლები  ღალატია და, ბუნებრივია, გამართლება არ მაქვს. მაგრამ, ოჯახი რომ დამენგრას ამ ჩემი გაუაზრებელი საქციელის გამო, არ მინდა.

– მაშინ, უნდა დაივიწყოთ მომხდარი.

– სათქმელად ადვილია. როგორ დავივიწყო, როცა მუდმივად თავში მიტრიალებს და სულ ამაზე ვფიქრობ?! სულ  მოწყენილი ვარ და მეშინია, რომ, ერთხელაც, ჩემი ქმარი მკითხავს, რა ხდებაო. ნეტავი, სულ ასე ვიქნები? ნუთუ ვერ შევძლებ, ნორმალურ, მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდე?

– ძნელია, თქვენს სიტუაციაში რამე გირჩიოთ.

– ალბათ, მართალი ბრძანდებით. იმასაც ვხვდები, რისი თქმა გინდათ: მეტი პასუხისმგებლობა მმართებდა. პრობლემა ისიც არის, რომ ის კაცი აღარ მეშვება – მირეკავს და შეხვედრას მთხოვს. დენთის კასრზე რომ იჯდები ადამიანი, ისეთი განცდა მაქვს.

 

 

скачать dle 11.3