კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

მერჩივნა, ისევ სიღატაკეში მეცხოვრა

7 წლის ვიყავი, დედა სამუშაოდ რომ წავიდა უცხოეთში (ქვეყანას არ დავასახელებ). მამასთან გაყრილი იყო, სამსახურები დაიხურა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან, მე და ბებია უნდა ვერჩინეთ. მე ბებიასთან (დედამისთან) დამტოვა და ის მზრდიდა, მაგრამ, ოთხი წლის შემდეგ ბებია გარდაიცვალა და მამამ თავისთან წამიყვანა. ისე მოხდა, რომ დედაჩემი ბებიის გასვენებაშიც ვერ ჩამოვიდა, მხოლოდ დეპეშა გამოგზავნა. მაშინ ჩვენთან კომპიუტერი და მობილური ჯერ არ იყო შემოსული და ამიტომ ასე ადვილად ვერ ვეკონტაქტებოდით დედას. თვეში ერთხელ თუ დარეკავდა და მომიკითხავდა (ამბობდა, ძალიან ძვირია აქედან დარეკვაო), ჩვენ კი ვერ ვურეკავდით, რადგან, გვეუბნებოდა, ხშირად ვიცვლი ოჯახებს და მუდმივი ტელეფონის ნომერი არ მაქვსო.

მიუხედავად იმისა, რომ მამა, მამიდა და ჩემი დედინაცვალი (რომელიც არაჩვეულებრივი ქალი გამოდგა) არაფერს მაკლებდნენ, მაინც დედის ნატვრაში ვიყავი. მართალია, ფულს სისტემატურად მიგზავნიდა, მაგრამ, მე ფული კი არა, დედა მინდოდა. ამიტომ, ყოველი დარეკვისას ვეხვეწებოდი, ჩამოდი-მეთქი. ისიც სულ მპირდებოდა, ერთ- ორ თვეში ჩამოვალო, მაგრამ, ამასობაში თორმეტი წელი გავიდა. მეც, ცხადია, გავიზარდე, დიდი გოგო გავხდი და განსაკუთრებით განვიცდიდი უდედობას, მით უმეტეს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი სურათიც კი არ გაგვიგზავნია მისთვის (მამამ მოისურვა ასე). ერთ დღეს კი ვიგრძენი, ისე დავიღალე დედის ლოდინით, რომ საერთოდ აღარ მინდოდა მისი ნახვა.

20 წლის ვხდებოდი, რომ გავთხოვდი. დედამ რომ დარეკა, გავიგონე, მამიდაჩემმა უთხრა, მაკას ქორწილისთვის მაინც ჩამოდი, ნუთუ არ გაინტერესებს, როგორი შვილი გყავს და ვის მიჰყვება ცოლადო. დედამ ტირილი დაიწყო და შეჰპირდა, აუცილებლად ჩამოვალ, მანამდე კი საქორწილო კაბას და ფეხსაცმელებს გამოვუგზავნიო. კაბა და ფეხსაცმელი კი გამომიგზავნა, მაგრამ, თვითონ მაინც არ ჩამოვიდა. ამ ამბავმა ისე გამანაწყენა, რომ მისი ხსენებაც კი ავუკრძალე ყველას. სიმართლე გითხრათ, დედის გარეგნობა აღარ მახსოვდა, მხოლოდ ძველი სურათებით თუ გავიხსენებდი ხოლმე მის სახეს, მაგრამ, გათხოვების შემდეგ მამაჩემს ვუთხარი, ცალკე შეინახე ეს სურათები, თორემ დავწვავ და გადავყრი-მეთქი.

პირველი შვილი რომ გამიჩნდა, მაშინ ჩამოვიდა დედაჩემი. საჩუქრებით სავსე მანქანა მოაყენა სახლს. თან ვიღაც კაცი ახლდა, რომელმაც ჯერ ღიმილით გამომიწოდა ხელი, მერე კი გადამკოცნა. მე ისე დავიბენი, აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დედა კი ვიცანი, მაგრამ ამდენი წლის უნახაობის შემდეგ ისეთი გაუცხოება მქონდა, ასე მეგონა, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანი იდგა ჩემ წინ. ისევ ჩემმა ქმარმა იმარჯვა და სტუმრები სახლში შემოიპატიჟა. საუბარი ვერა და ვერ აეწყო, მაგრამ, ის მაინც გაირკვა, რომ ის კაცი დედაჩემის ქმარი ყოფილა.

ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი დედას. მან და მისმა ქმარმა თავისთვის ცალკე იყიდეს ბინა და მეც კარგი ბინა მიყიდეს (თან, ყველანაირად მომიწყვეს). შეიძლება ითქვას, თან მყვებიან. ჩემს მამინაცვალს თავისი შვილი არ ჰყავს და ისე შევუყვარდით მე და ჩემი ქმარი, მთელ თავის ქონებას ჩვენ გვიტოვებს ანდერძით, ანუ, მატერიალურად მარტო მე კი არა, ჩემი შვილებიც უზრუნველყოფილები იქნებიან და, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მთელი ამდენი წლის განმავლობაში, რაც დედა დაბრუნდა, ვერაფრით ვერ ვახერხებ, რომ „დედა“ დავუძახო – ჩემთვის მაინც უცხო ქალად რჩება. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ნეტავი, დედა არსად წასულიყო და თუნდაც ისევ ისეთ სიდუხჭირეში მეცხოვრა. სამაგიეროდ, ნამდვილი დედა მეყოლებოდა.

მაკა, 32 წლის.

 

ძმაკაცებმა საქმე გამირჩიეს

ჩემს ძმაკაცს, კოკას ერთი გოგო მოსწონდა, რომელიც ჩემს უბანში ცხოვრობს. პრინციპში, სიყვარულამდე და ელემენტარულ ურთიერთობამდეც კი არ მისულა საქმე, რადგან კოკამ იმ გოგოს გაცნობაც კი ვერ მოახერხა, მერე კი ვიღაც სხვა გოგო შეუყვარდა და იმ მოწონებამაც ისე ჩაიარა, არანაირი „მოქმედება“ არ განვითარებულა. ახლა კოკა „ახალ“ გოგოს ხვდება და ამბობს, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ცოლად უნდა შევირთოო.

ისე მოხდა, რომ ის ჩემი უბნელი გოგო, ნატა, შემთხვევით გავიცანი ჩემი მეზობლისა და ბავშვობის მეგობრის ოჯახში. ერთმანეთი მოგვეწონა და რამდენჯერმე შევხვდით კიდეც, მაგრამ კოკამ ეს ამბავი რომ გაიგო, დამიბარა, ჩვენი საერთო ძმაკაცები დამახვედრა და ყველამ ერთად გამირჩია საქმე. მათი თქმით, ჩემგან არაკაცური და მოღალატური საქციელი იყო, რომ ვხვდებოდი იმ გოგოს, რომელიც ოდესღაც ჩემს ძმაკაცს მოსწონდა. მათი თქმით, „კაცურ ამბავში“, უფლება არ მქონდა, ნატასთან ურთიერთობა გამება. ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა შევხვდე ნატას, როცა ის კოკას სახითაც კი აღარ ახსოვს, ნატამ კი კოკას არსებობის შესახებაც კი არაფერი იცის, თავად კოკა კი სხვა გოგოს ხვდება და მის ცოლად მოყვანას აპირებს.

ბიჭებმა ისეთი დღე მაყარეს, უკანასკნელ ნაძირალად გამომიყვანეს. ამის გამო ნატასთვის რამდენიმე დღე აღარ დამირეკავს. თვითონ რომ მირეკავდა, ან ყურმილს არ ვიღებდი, ან ცივად ვპასუხობდი რამდენიმე სიტყვით და ტელეფონს ვუთიშავდი. საწყალი გოგო გაოცებული იყო ჩემი ასეთი საქციელით. ერთ დღეს კი სახლში მომადგა და პირდაპირ მითხრა, თუ აღარ მოგწონვარ და ჩემთან ურთიერთობა აღარ გინდა, კუკუმალობანას რას მეთამაშები, პირდაპირ მითხარი, ოღონდ, მიზეზიც მაინტერესებსო. მე ვთხოვე, ჩემს თავში უნდა გავერკვე და რამდენიმე დღე მომეცი-მეთქი. დამთანხმდა, მაგრამ ის რამდენიმე დღე უკვე ამოიწურა და, მართალია, ნატას ჩემთვის აღარ დაურეკავს, მაგრამ, ვიცი, ჩემს პასუხს ელოდება, მე კი წარმოდგენა არ მაქვს, რა ვუთხრა. არადა, ამ დღეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მართლა მიყვარს. აზრზე არ ვარ, როგორ მოვიქცე. რამე სულელური ტყუილი მოვიგონო და ისე დავშორდე?! რატომ? ძალიან ბევრი  შემთხვევა ვიცი, ძმაკაცს ძმაკაცისთვის საცოლე (ან, ცოლიც კი) წაურთმევია, მაგრამ, ცხოვრობენ მშვენივრად. რა თქმა უნდა, ასეთ საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ, მე რატომ ვიქნები არაკაცი, ნატა თუ მეყვარება?!

ალბათ, მაინც, უმჯობესი იქნება, ნატას სიმართლე ვუთხრა, დაე ერთად გადავწყვიტოთ, მერე როგორ მოვიქცეთ. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, გამიგებს და, სხვა თუ არაფერი, ნატა მაინც არ ჩამთვლის მოღალატედ და არაკაცად.

ვატო, 21 წლის.

 

სიღარიბის გამო კლასმა გამინაპირა

პირველი კლასიდან კარგად ვსწავლობ. სანამ პატარები ვიყავით, იმის გამო, რომ ყველაზე კარგად ვსწავლობდი, ბავშვებმა თავისთავად მაღიარეს ლიდერად და ყველა ცდილობდა, მერხზე ჩემ გვერდით დამჯდარიყო, ჩემთან ემეგობრა და ამიტომ, შეიძლება ითქვას, კუდში დამდევდნენ. მათი მშობლებიც ცდილობდნენ, თავიანთი შვილები ჩემთან დაემეგობრებინათ და ხან ერთი მეპატიჟებოდა სახლში, ხან – მეორე. რამდენჯერმე დასასვენებლად წაყვანაც კი უთხოვიათ ჩემი მშობლებისთვის. ძალიან ხშირად დავალებების დაწერაშიც ვეხმარებოდი ხოლმე განურჩევლად ყველას, ვინც კი ამას მთხოვდა, მაგრამ, ასე გაგრძელდა დაახლოებით მეშვიდე კლასამდე. მეშვიდე კლასიდან კი, თითქოს ყველა ერთად გამეფიცა (განსაკუთრებით – გოგოები): ჯერ ჩემ გვერდით დაჯდომას აღარ კადრულობდნენ, მერე, პრაქტიკულად, შეწყვიტეს ჩემთან ყველანაირი ურთიერთობა. ჩემს დაბადების დღეზე მხოლოდ ორი გოგო მოვიდა. არადა, დედაჩემმა ფული ისესხა, დაბადების დღე რომ გადაეხადა. მეორე დღეს გოგოებს რომ ვკითხე, რატომ არ მოხვედით-მეთქი, ირონიულად მიპასუხეს, რა გოიმობაა დაბადების დღის სახლში გადახდაო. მეც ვიცოდი, რომ ყველა რაღაც ცენტრებში იხდიდა დაბადების დღეს, მაგრამ, ამის საშუალება ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ. ამ დღის შემდეგ არც ერთს (ორის გარდა, რომლებიც ჩემი მეზობლებიც არიან და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და რომლებიც ჩემს დაბადების დღეზე მოვიდნენ) აღარ დავუპატიჟებივარ. ბიჭები ცდილობდნენ, რომ რაღაც დონეზე მაინც შეენარჩუნებინათ ჩემთან მეგობრობა, მაგრამ, ვატყობ, ისე იქცეოდნენ, თითქოს იმ გოგოების ერიდებოდათ (თუ ეშინოდათ), რომლებსაც კლასში „სტოსი მიჰყავდათ“. ასე თანდათან გამინაპირა პრაქტიკულად მთელმა კლასმა, რასაც ძალიან განვიცდიდი. ამ ყველაფრის გამო საკუთარ თავში ჩავიკეტე და მე თვითონ აღარ მინდოდა არავისთან ურთიერთობა. დედამ შემამჩნია ცვლილება და სულ მეკითხებოდა, რა მოგივიდაო, მაგრამ, არაფერს ვეუბნებოდი, მარტო ვატარებდი ჩემს ტკივილს. ყველაზე მეტად კი ის მადარდებდა, რომ, არ ვიცოდი, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, რადგან, არც ჩხუბი მომსვლია, არც ენები არ მიტარებია აქეთ-იქით, არც უარი მითქვამს ვინმესთვის დავალების გადაწერაზე. ერთ დღეს კი ყველაფერი გაირკვა: საკლასო ოთახში რომ შევედი, ის რამდენიმე გოგო, რომლებსაც თავიანთ ჭკუაზე დაჰყავდათ მთელი კლასი, ფანჯარასთან იდგა. რომ დამინახეს ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს და ფხუკუნი წასკდათ. მე არ შევიმჩნიე და ჩემს მერხს მივუჯექი, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, ავდექი და კლასიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა შემაჩერა და პირდაპირ მომახალა: გოგო, მთელი თვე ერთი და იგივე ტანსაცმელი რომ გაცვია, არ „გიტყდება“? გასაგებია, რომ ღარიბი მშობლები გყავს, მაგრამ, უკვე დიდი გოგო ხარ და უნდა მოითხოვო, რომ წესიერად ჩაგაცვან, თორემ, ისე ბინძურად დადიხარ, შენ გვერდით დადგომაც კი „პაზორიაო“. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რატომ ამითვალისწუნეს და გამინაპირეს.

ახლა მეათე კლასში ვარ და ჩემდამი დამოკიდებულება არ შეცვლილა. მე ვიცი ჩემი მშობლების მდგომარეობა, ამიტომ, ვერ ვთხოვ, კარგად ჩამაცვით-მეთქი და ჩემს ტკივილს გულში ვიკლავ. სხვა სკოლაში გადასვლასაც არ აქვს აზრი, რადგან, დარწმუნებული ვარ, იქაც იგივე სიტუაცია დამხვდება.

ელენე, 15 წლის.

 

скачать dle 11.3