კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიაჩნია ჯაბა სამუშიას პოლიტიკურ პროვინციალიზმად და რატომ მოსწონს მას „ოლიმპიური სისტემა“

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ნაძალადევის მაჟორიტარულ-საარჩევნო ოლქში ძირძველი „ნახალოვკელი“, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯაბა სამუშია წარადგინა, რომელმაც საარჩევნო-პარტიულ სიაზე უარი განაცხადა და საპარლამენტო მანდატის მოპოვებას მაჟორიტარულ არჩევნებში შეეცდება. ბატონი ჯაბა დღეს ჩვენი სტუმარია და თავად გვეტყვის, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და რისი იმედი აქვს 1 ოქტომბრის არჩევნებზე, რომელიც სულ რაღაც ორ კვირაში უნდა ჩატარდეს.

 

– რატომ გადაწყვიტეთ მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრა და პარტიულ სიაში ყოფნაზე უარის თქმა, არ არის ეს  სარისკო გადაწყვეტილება?

– დავიწყებ იმით, რომ მე ძირძველი „ნახალოვკელი“ ვარ და ამ უბანში ყველას კარგად ვიცნობ. აქ მყავს ძირითადი სამეგობრო წრე, საძმაკაცო, ის ხალხი, ვისთან ერთადაც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დავდიოდი, შემდეგ კი მე-14 საშუალო სკოლა დავამთავრე. მე, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. გარდა ამისა, როგორც ნაღდ „ნახალოვკელს“, კარგად ვიცი ამ უბნის, ამ რაიონის ყველა პრობლემა; და მთელი ეს ოლქი, რომ იტყვიან, კარდაკარ მაქვს მოვლილი და, შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა ამომრჩევლის პრობლემა პირადად მოვისმინე და აუცილებლად მოვუგვარებ მათ. დროა, რომ სამადაშვილის მმართველობა დასრულდეს, რადგან, სწორედ ისაა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი და რაიონისთვის ერთი პრობლემაც კი არ მოუგვარებია. დროა, რომ ეს პერიოდი დასრულდეს და უბნის ნამდვილ გულშემატკივარს მისცენ ასპარეზი.

– სამადაშვილთან რა პრეტენზიები გაქვთ?

– მე მას პირადად არ ვიცნობ და მასთან არანაირი პიროვნული პრეტენზია არ გამაჩნია. უბრალოდ, ის პარლამენტის სხდომათა აბსოლუტურ უმრავლესობას არ დასწრებია და, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიღებულ თითქმის არც ერთ კანონსა და გადაწყვეტილებაში, არ მიუძღვის წვლილი. ანუ, ის ქმედითუუნარო პარლამენტარია, მით უმეტეს, მაჟორიტარი და, სჭირდება კი ნაძალადევს ასეთი წარმომადგენელი?! რა თქმა უნდა, არა! მას პარლამენტის სხდომებზე დასწრება ეზარება და ქუჩა-ქუჩა ივლის ხალხის პრობლემების გადასაწყვეტად?!

– თქვენ იცნობთ ნაძალადეველების პრობლემებს?

– რა თქმა უნდა. როგორც უკვე ვთქვი, მე კარდაკარ მაქვს შემოვლილი მთელი ოლქი და ზეპირად ვიცი, სად რომელი წყლისა თუ საკანალიზაციო მილია დაზიანებული და რომელ ქუჩაზე რა ბზარი აქვს ამა თუ იმ სახლს. პრობლემები ნაძალადევში, ისევე, როგორც მთელ თბილისში, თითქმის ერთი და იგივეა – ესაა ამორტიზებული, ნგრევის პირას მისული სახლები; ყოვლად გაუმართავი წყლისა და საკანალიზაციო სისტემა; დანგრეული, გაუვალი გზები, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ფეხით სიარული უწევთ, რადგან იქ მანქანა ვერ  ადის; ეს კი ფატალურად შეიძლება დასრულდეს; რა თქმა უნდა, დრაკონული ტარიფები – ყოვლად გაუმართლებელი, ბევრად გაზრდილი გადასახადები დენზე, გაზზე, წყალსა და დასუფთავებაზე. სტატისტიკას რომ ჩავუღრმავდეთ, წყლის გადასახადის მიხედვით, გამოდის, რომ საქართველო იმდენ წყალს ხარჯავს 24 საათის განმავლობაში, თითქოსდა, მთელი მოსახლეობა 12 საათის განმავლობაში შხაპის ქვეშ დგას (იცინის). მეტი აბსურდი გაგონილა?! მაგალითად, თემქაზე ბევრი ისეთი საცხოვრებელი კორპუსია, სადაც წყალი გრაფიკითაა – დღე-ღამეში სულ რაღაც 4-5 საათის განმავლობაში თუ მოდის, მაგრამ, ამ კორპუსის მცხოვრებლები მაინც წყლის სრულ საფასურს იხდიან. მსგავს აბსურდებს კიდევ ბევრს გეტყვით და, ეს აბსურდი რომ დასრულდეს და ხალხმა მშვიდად ამოისუნთქოს, დროა, მმართველი პარტია თუნდაც ოპოზიციაში გადავიყვანოთ და ნდობის მანდატი არ მივცეთ.

– და, თქვენ, ქრისტიან-დემოკრატები მოგიყვანონ უმრავლესობაში?

– რატომაც არა?! ჩვენ ისედაც მოვალთ ხელისუფლებაში, მაგრამ, რაც უფრო მალე მოხდება ეს და რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, მით უკეთესია ხალხისა და ქვეყნისთვის. დროა, ეს პოლიტიკური პროვინციალიზმი დასრულდეს, რომელსაც არა მარტო ნაცმოძრაობა – მმართველი პარტია ახორციელებს, არამედ, კოალიცია „ოცნებაც“, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის დიდი პრეტენზია აქვს, თუმცა, აქედანვე ეტყობათ, რომ არც ისინი იტყვიან უარს ნაცმოძრაობის ხერხებზე.

– რას ნიშნავს პროლიტიკური პროვინციალიზმი და რას ერჩით „ოცნებას“?

– დავიწყებ იმით, რომ  „ოცნებას“ არაფერს ვერჩი, პირიქით, ისინი თავად გვერჩიან ქრისტიან-დემოკრატებს, ათას ლაფს გვასხამენ თავზე და არარსებულ წარსულ ცოდვებს „გვახსენებენ“. მოდი, ყველამ თავის ცოდვებსა და წარსულს მიხედოს, ყველამ საკუთარ გულსა და საარჩევნო სიაში ჩაიხედოს. როგორც ჩვენმა ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ საჯაროდ, სავსებით სამართლიანად განაცხადა, რაც ჩვენს საარჩევნო კლიპშიცაა, ქრისტიან-დემოკრატთა სიაში ერთ კაცსაც კი ვერ ნახავთ, ვისაც საქართველოს გახლეჩასა თუ სამოქალაქო ომში, სისხლისღვრაში ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა. ჩვენს ოპონენტებს კი, განსაკუთრებით – „ოცნებას“, ასეთი ადამიანები წამყვან პოზიციებზე ჰყავთ და რაზეა ლაპარაკი?! ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ პროვინციალიზმს, ესაა სკამებზე ჩაბღაუჭება და არაღიარება იმისა, რომ ყავლი გაგივიდა და, თუკი პოლიტიკიდან არ წახვალ, მინიმუმ, ოპოზიციაში მაინც გადადი. კიდევ ერთს დავამატებ: არჩევნები, ფეოლას (ფილმის გმირის – ავტორი) თქმის არ იყოს, ოლიმპიური სისტემაა – წააგე?! – გავარდი, წადი...

– და, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ არჩევნებზე ეს სისტემა იმუშავებს? მით უმეტეს, რომ, როგორც მმართველი პარტია, ასევე კოალიცია, აქტიურად ემზადება 1 ოქტომბრისთვის და, შეიძლება, მოვლენები ძალიან ცუდი სცენარით განვითარდეს...

– ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, თუ ეს ასე მოხდა,  ჩვენ კვლავ, ეგრეთ წოდებულ „ქვის ხანაში“ დავბრუნდებით და ჩვენი ქვეყნის განვითარება, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ხნით შეფერხდება. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. როგორც ერთმა, ასევე მეორე მარგინალურმა ძალამ უნდა გაითავისოს ეს, თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე და ხალხის ნებას, ამომრჩევლის გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. მე ვერ ვიტყვი, რომ მომავალი არჩევნები იდეალურად, ყოველგვარი დარღვევის გარეშე ჩატარდება, მაგრამ, აქ უამრავი საერთაშორისო, ნეიტრალური დამკვირვებელია ჩამოსული და, წესით, 1 ოქტომბრის არჩევნებში ისეთი გაყალბება არ უნდა მოხდეს, რაც გადამწყვეტ გავლენას იქონიებს მის შედეგებზე. მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, ყოველგვარი გართულებების გარეშე და ქვეყანა მიიღებს განახლებულ პარლამენტს, რომელიც საქართველოს თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო როლს შეასრულებს. 

– რადგან ოჯახები ახსენეთ, იქნებ ორიოდე სიტყვა თქვენს ოჯახზეც გვითხრათ...

– მყავს და-ძმა, მშობლები, მეუღლე – ნინო გძელიძე და შვილები: თორნიკე, რომელიც ბაღში დადის და ცოტნე, რომელიც წელს პირველად მიდის სკოლაში. მე და ნინო 2003 წელს დავქორწინდით, მანამდე კი სამი წელი შეყვარებულები ვიყავით. ჩემი და ნინოს გაცნობა ერთობ კურიოზულ სიტუაციაში მოხდა: მე ახალი დაბრუნებული ვიყავი ლონდონიდან და ლექცია უნდა ჩამეტარებინა ერთ-ერთ აუდიტორიაში. კარგად მახსოვს, 8 თებერვალი იყო. ნინო შეცდომით შემოვიდა პირველ აუდიტორიაში,  არადა, თურმე, სხვასთან ჰქონდა ლექცია. სწორედ იმ დღეს გავიცანით ერთმანეთი და ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ აეწყო, რაც ოჯახის შექმნით დასრულდა. საერთოდ, მე, ისევე, როგორც ჩვენი, ქრისტიან-დემოკრატიული იდეოლოგია, პრიორიტეტს ვანიჭებთ ოჯახს და, მიგვაჩნია, რომ სწორედ ოჯახია ქვეყნის ძლიერების ბურჯი. ამიტომ, ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ, რომ 1 ოქტომბერს ღირსეული არჩევანი გააკეთოს და ხმა მისცეს საქართველოს ნათელ მომავალს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჩვენი ამომრჩეველი შემოხაზავს ათიანს...

 

 

скачать dle 11.3