კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებდა ეთიოპიის პირველ პრეზიდენტს, მენგისტუ ჰაილე მარიამს ედუარდ შევარდნაძესთან და რატომ მიიჩნევა ის აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დიქტატორად

 

„შავი სტალინი”, „ეთიოპიელი ყასაბი”, „წითელი ნეგუსი” და ეთიოპიაში მომხდარი „წითელი ტერორის” ავტორი – მენგისტუ ჰაილე მარიამი, ეთიოპიის სამხედრო ხუნტის ლიდერი 1977-1987 წლებში და ეთიოპიის პირველი პრეზიდენტი 1987-1991 წლებში, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და სასტიკი დიქტატორი, რომლის მმართველობის პერიოდში, სხვადასხვა მონაცემით, 200 ათასიდან 3 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, უმეტესად შიმშილისგან. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ფაქტებს აფრიკელი დიქტატორის ცხოვრებიდან.

* მენგისტუ ჰაილე მარიამი 1937 ან 1941 წლის 21 მაისს პროვინციალ ჰარირის პატარა ქალაქ ვალაიტაში დაიბადა. ოფიციალური ვერსიით, მისი მშობლები – მამა სამხედრო, ხოლო დედა დიასახლისი იყო, არაოფიციალურად კი, მენგისტუს დედა ეთიოპიური არისტოკრატიის წარმომადგენლის, მინისტრის ქალიშვილის უკანონო შვილი იყო. მენგისტუს რეალური ბიოგრაფია, პრაქტიკულად, უცნობია და ამ ფაქტის გამო ის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ აფრიკელ დიქტატორად მიიჩნევა. მენგისტუ ჰაილე მარიამს მხოლოდ დაწყებითი განათლება ჰქონდა მიღებული, რის შემდეგაც სამხედრო აკადემიაში ოფიცრის გადამზადების კურსებზე ჩაირიცხა. თუმცა, იქ ბიძის პროტექციით მოხვდა. 1967 წლიდან მენგისტუ ჰაილე მარიამი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა სასწავლებლად. თავდაპირველად, ის საარტილერიო-ტექნიკურ სამსახურს გადიოდა ფორტ ლივენვორტში, შემდეგ კი მერილენდის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მენგისტუ ჰაილე მარიამი სამხედრო სამსახურზე მოეწყო ეთიოპიის არმიის მესამე დივიზიაში.
* 1974 წელს ეთიოპიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და იმპერატორი ჰაილე სელასიე პირველი სამეფო ტახტს ჩამოაშორეს. ახალგაზრდა ოფიცერი მენგისტუ ჰაილე მარიამი ნაკლებად იყო ჩართული რევოლუციურ საქმიანობაში. თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, სწორედ ის გახდა დროებითი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე. არსებობს ვერსია, რომ იმპერატორის მკვლელობა მისი ორგანიზებული იყო და ამის საპასუხოდ დაინიშნა მთავრობის ლიდერად. თავად მენგისტუ ჰაილე მარიამი კატეგორიულად უარყოფდა მონარქის მკვლელობის ორგანიზებას და მოგვიანებით, ერთ-ერთ იტალიურ ტელეარხისთვის,  მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მონარქი ხნიერი იყო და თავისი სიკვდილით მოკვდა. ოფიციალური ვერსიით კი, ჰაილე სელასიე პირველი ბალიშით გაგუდეს და შემდეგ სხეული გადამალეს, შემდგომში მონარქის სხეულის ნაწილები საიმპერატორო სასახლის საპირფარეშოს ქვეშ აღმოაჩინეს. ამბობენ, მენგისტუ ჰაილე მარიამი ხანგრძლივი დროის განმავლობაში თითზე ჰაილე სელასიეს კუთვნილ საიმპერატორო – „სოლომონის ბეჭედს” ატარებდა, რომელიც შემდგომ გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა დიქტატორის თითიდან.
* ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წელს მენგისტუ ჰაილე მარიამმა განაცხადა, რომ ეთიოპია სოციალისტურ რეჟიმზე გადავიდა და ომი გამოუცხადა წინა, მონარქიული ხელისუფლების წარმომადგენლებს. დიქტატორის ერთ-ერთი პირველი ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს ეთიოპიის მაღალი რანგის სახელისუფლებო წევრები, სულ 59 ადამიანი, მათ შორის ორი პრემიერ-მინისტრი, 12 პროვინციის გუბერნატორი, 18 გენერალი და იმპერატორის შვილიშვილი. მოგვიანებით, მენგისტუ ჰაილე მარიამმა სამხედრო გადატრიალების უშუალო მონაწილეები და თავისი თანამებრძოლები – გენერალ-ლეიტენანტი ამანა ანდომა და გენერალი ტეფერი ბანტი სიკვდილით დასაჯა და საკუთარი თავი ეთიოპიის ერთპიროვნულ ლიდერად გამოაცხადა. 1977 წლიდან ეთიოპიას შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა ამერიკასთან და მთლიანად იყო გადართული საბჭოთა კავშირზე, რომელიც რევოლუციურ მთავრობას იარაღით ამარაგებდა. 1977 წლის მაისში შედგა მენგისტუ ჰაილე მარიამის პირველი ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში.
* 1977 წლიდან ეთიოპიის სოციალისტურ რესპუბლიკაში დამყარდა „წითელი ტერორი”, რომლის იდეის სულისჩამდგმელი და ინიციატორი მენგისტუ ჰაილე მარიამი იყო. ქვეყანაში დაიხურა უნივერსიტეტები, სკოლები და აიკრძალა პროფკავშირების საქმიანობა. რეგისტრირებული იყო მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია, ორივე მარქსისტულ იდეებზე დაყრდნობილი. ამ პარტიებიდან ერთ-ერთი, ეთიოპიის სახალხო-რევოლუციური პარტია, მოგვიანებით, ოპოზიციურად გამოცხადდა და მენგისტუ ჰაილე მარიამის ბრძანებით, პარტიის ყველა წევრი დააპატიმრეს ან დახვრიტეს. პარტიის მომხრეებს ქუჩაში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხოცავდნენ, ან სამხედრო შტატებში წამებით კლავდნენ და შემდეგ გვამებს პირდაპირ ქუჩაში აგდებდნენ ან ძმათა სასაფლაოებზე კრძალავდნენ. „კონტრრევოლუციურ საქმიანობაში” შემჩნეულ ახალგაზრდებს სასტიკად უსწორდებოდნენ, მიმდინარეობდა მასიური დახვრეტები. თავიანთი შვილების სხეულის მიღების სანაცვლოდ კი, მოკლულების მშობლებს აიძულებდნენ იმ ტყვიის საფასური გადაეხადათ, რომლითაც მათი შვილი მოკლეს. გავრცელებული ვერსიის თანახმად „წითელი ტერორი” არც ბავშვებს ინდობდა –  11-დან 13 წლის ასაკის ბავშვების უმეტესობას წამებით კლავდნენ, გარდაცვლილთა სხეულებს კი ქუჩაში ყრიდნენ, სადაც გიენების ხროვა თარეშობდა. კომუნისტური რიტორიკისა და „წითელი ტერორის” კამპანიის მოწყობისთვის, მენგისტუ ჰაილე მარიამს დასავლეთში „წითელი ნეგუსი” ანუ „წითელი მეფე” უწოდეს. გარდა ამისა, მას „წითელ სტალინად” და „ეთიოპიელ ყასაბად” მოიხსენიებდნენ. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, „წითელი ტერორის” მსხვერპლთა რაოდენობა 500 ათასიდან 2 მილიონამდე მერყეობდა. 
* 1978 წელს მენგისტუ ჰაილე მარიამი მეორედ ეწვია საბჭოთა კავშირს და ხელი მოაწერა თანამშრომლობისა და მეგობრობის აქტს ორ სოციალისტურ სახელმწიფოს შორის. გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება რომელიც ითვალისწინებდა  ეთიოპიის სოფლის მეურნეობაში ახალი პროგრამების დანერგვას და გლეხებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ამოქმედდა საერთო-ნაციონალური კამპანია, რომელიც ითვალისწინებდა წერა-კითხვის გავრცელებას ეთიოპიელებში. 1980-იან წლებამდე მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი იყო განათლებული. 1987 წელს ეთიოპიაში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც საბჭოთა კავშირის 1977 წლის კონსტიტუციის შემცირებული ასლი იყო. საერთო ჯამში, მენგისტუ ჰაილე მარიამის მმართველობის 17-წლიანი პერიოდის განმავლობაში ეთიოპიამ არც ერთი მონაცემით არ წაიწია წინ.
* მონარქიული რეჟიმის პერიოდში ეთიოპიაში მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელი იყო. თუმცა, სამხედრო გადატრიალების და ხელისუფლებაში მენგისტუ ჰაილე მარიამის მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში ანტირელიგიური კამპანია ამოქმედდა. ეკლესია-ტაძრების უმეტესობა დაანგრიეს ან დანიშნულება შეუცვალეს. სასულიერო პირების ნაწილი ციხეში ჩასვეს, ნაწილი კი დახვრიტეს. ეკლესიებს ჩამოერთვათ ქონება. 1978 წელს მენგისტუ ჰაილე მარიამის არაოფიციალური ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს ეთიოპიის პატრიარქი, თეოფილე.
* 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირმა შეაჩერა სამხედრო თანამშრომლობა ეთიოპიასთან და პრაქტიკულად, საერთოდ დაივიწყა მენგისტუ ჰაილე მარიამი, რომელიც მმართველობის ბოლო დღეებს ითვლიდა. რამდენიმე წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მიუხედავად, ოპოზიციურად განწყობილმა სამხედროებმა მოახერხეს ეთიოპიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლის დამყარება და საბოლოოდ, 1991 წელს, მენგისტუ ჰაილე მარიამი იძულებული გახდა, კენიის გავლით ზიმბაბვეში გაქცეულიყო. იქ მას პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა რობერტ მუგაბემ, კიდევ ერთმა აფრიკელმა დიქტატორმა. მას შემდეგ მენგისტუ ჰაილე მარიამი ოჯახთან ერთად ზიმბაბვეში ცხოვრობს, სამშობლოში კი მას დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობისა და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.
* 1978 წელს საბჭოთა კავშირში ვიზიტად მყოფი მენგისტუ ჰაილე მარიამი რამდენიმე საბჭოური რესპუბლიკის დედაქალაქს ეწვია. ტაშკენტში ჩასულ აფრიკელ სტუმარს ტაშკენტის მეტროპოლიტენი დაათვალიერებინეს და მენგისტუ ჰაილე მარიამმა აღფრთოვანება ვერ დამალა მიწისქვეშა ტრანსპორტით და სურვილი გამოთქვა, რომ ყველა სადგური დაეთვალიერებინა. მათ შორის „ლენინის მოედანი” გამოარჩია სილამაზით. ტაშკენტიდან მენგისტუ ჰაილე მარიამი 1978 წლის 23 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდა, სადაც მას ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე შეხვდა. ამბობენ, რომ მატჩანოვმა, უზბეკეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარემ დეპეშა გაუგზავნა შევარდნაძეს, რომ ამ უკანასკნელს სტუმარი მეტროპოლიტენში არ ჩაეყვანა,  იმის საშიშროება არსებობდა, რომ მენგისტუ ჰაილე მარიამი დაცვას გაქცეოდა და მარტოს ემგზავრა მეტროთი, რაც მან ტაშკენტის მეტროპოლიტენში წარმატებით განახორციელა.

 

скачать dle 11.3