კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ავიწყდებათ ქართველ პოლიტიკოსებს, როდესაც კოსტიუმზე ჰალსტუხს იკეთებენ და რა დატვირთვა აქვს კუჭს ამომრჩევლის მოხიბვლაში

 

თუკი საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობა იმ დილემის წინაშე იდგა, როგორ მოენადირებინა მამრობით სქესს სამყაროს მდედრობითი ნაწილის გული, მას შემდეგ, რაც დემოკრატიული ინსტიტუტები დაინერგა, აქტუალობა ორივე სქესის გულების მონადირებამ შეიძინა. ერთი სიტყვით, ყველა ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტპლატფორმის მქონე პოლიტიკოსები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ, რაც შეიძლება, მეტი მომხრე გაიჩინონ, მით უფრო, წინასაარჩევნო პერიოდში. მეტიც, საამისოდ მეთოდები არათუ შეიქმნა, დაიხვეწა და ახლაც იხვეწება და მერე რა, რომ ჯერ კიდევ როდის ამბობდა ბისმარკი, რომ არასდროს ტყუიან ისე მწარედ, როგორც ნადირობის შემდეგ, ომის დროს და არჩევნების წინო.

რაზე რეაგირებს ხალხის მასა თუ ინდივიდუალური ადამიანი, სად გადის მის გულზე გამავალი უმოკლესი გზა მისივე ხმისკენ და რა ჩვევებს უნდა ფლობდეს პერსონა, რომელსაც პოლიტიკოსად გახდომის (ანუ ძალაუფლების დაუფლების) თუ პოლიტიკოსის იმიჯის, მოკლედ რომ ვთქვა, ხელისუფლების შენარჩუნების სურვილი აქვს. თემას პოლიტტექნოლოგ კახა კახიშვილთან ერთად განვიხილავთ.

 

–  ამომრჩევლის ხმისკენ მიმავალი გზა უმეტესად რაზე გადის: გულზე, გონებაზე თუ კუჭზე? და განსხვავდება თუ არა ამ სამი კომპონენტის წილი იმისდა მიხედვით, განვითარების რა სტადიაზეა ესა თუ ის ქვეყანა? 

–  თუ პოლიტიკურ რუკას გადავხედავთ, ევროპაშიც კი, წინასაარჩევნო კამპანიებში სჭარბობს სოციალური თემატიკა. ეკონომიკური კრიზისისა თუ ევროკავშირში არსებული სხვადასხვა პრობლემის ფონზე, როგორც ჩანს, სოციალური მდგომარეობა გაუარესდა და ამიტომ, ძირითადად, პარტიები წინასაარჩევნო კამპანიებისას ორიენტირებულნი არიან სოციალურ თემებზე და მოსახლეობისკენ ისეთი გზავნილების გაშვებაზე, რომლებიც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. გლობალური პოლიტიკა იმდენად აღარ აინტერესებს მოსახლეობას. თუ პოლიტიკური გზავნილების ისტორიას გავიხსენებთ, იყო დრო, როდესაც გლობალურ პოლიტიკაზე, სახელმწიფოს იმიჯსა და სიძლიერეზე იყო გაკეთებული აქცენტები. იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუზველტის დროს. ახლა, ძირითადად, ყველა გადართულია სოციალურ თემატიკაზე: კომუნალური გადასახდელებით დაწყებული და ფასების ზრდით დამთავრებული. იმიტომ რომ ძირითადად ეს თემა აინტერესებს მოსახლეობას და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ძალიან ცოტაა ისეთი სახელმწიფო, რომელიც საერთოდ არ ზრუნავს თავის უმუშევარ მოქალაქეზე. რუსეთში, სომხეთშიც კი, თუმცა ეს ქვეყნები შორს არიან დემოკრატიისგან, განსაზღვრულია უმუშევართა შემწეობები, მიუხედავად იმისა, სოციალურად დაცულია ის თუ დაუცველი. ჩვენთან მხოლოდ უმუშევართა აღწერით შემოიფარგლებიან.

ჩვენთან რთული ეკონომიკური მდგომარეობაა და ამიტომაც ყველა პოლიტიკური პარტია სოციალური „მესიჯებით“გამოდის. ადრე, როგორც წესი, სოციალურ გზავნილებს იყენებდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ სოციალური თემატიკა პრიორიტეტია საკანონმდებლო არჩევნებზეც. სხვა თემა მოსახლეობას უკვე იმდენად აღარ აინტერესებს, რადგან დღიდან დღემდე ადამიანები ლუკმა-პურის შოვნაზე არიან გადასული. ამიტომაც მმართველი პარტიით დაწყებული და ოპოზიციური პარტიებით დამთავრებული გადართულნი არიან სოციალურ თემატიკაზე.

–  ალბათ, არსებობს აქციების, მასების მართვის ტექნოლოგია. როგორი ტიპის გზავნილებია  მნიშვნელოვანი, მაგალითად, დიდი რაოდენობით თავშეყრილი ადამიანების წინაშე გამოსვლისას?

–  გულისხმობთ მხარდამჭერ და არა საპროტესტო აქციებს?

–  მხარდამჭერს, ისეთს, რომლის მონაწილეებიც, სავარაუდოდ, უკვე საარჩევნო ყუთთან შენს სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს. რით უნდა აიყვანო ხალხი აქციაზე, რომ იქიდან მიცემული მუხტი საარჩევნო ურნებთანაც მიჰყვეს?

–  პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ფიარი და ტექნოლოგიები. თუ აქამდე პოლიტიკა უფრო ერთფასადიანი იყო, ახლა პოლიტიკის უკან ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები, ფიარ-ქმედებები დგას და, სლოგანი რომ სლოგანია, საარჩევნო სლოგანს ვგულისხმობ, იმასაც კი ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ პროცესში და ყველა ქვეყანაში სლოგანი ფართოდ გამოიყენება, როგორც ტექნოლოგია.

–  ანდაზები ჩაანაცვლა სლოგანებმა?

–  ასეც შეიძლება, ითქვას. გადავხედოთ მმართველი პარტიის ტექნოლოგიას: ის ცდილობს, მოედოს ყველა ფენის ამომრჩეველს. შეხედეთ, როგორ აქვთ დაყოფილი მოსახლეობის სეგმენტი, ისე, რომ თითოეულზე ჰქონდეთ კონტროლი.

–  ფლობენ, ესე იგი, ტექნოლოგიებს?

–  ფლობენ და, სამწუხაროდ, კონკურენტიც არ ჰყავთ. რადგან ის ტექნოლოგია, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, დიდ ფინანსებს საჭიროებს, რის საშუალებაც არ აქვს ოპოზიციურ პარტიებს. ახლა გამოჩნდა მეორე ძალა, რომელსაც აქვს საამისო ფინანსური საშუალებები და ცდილობს, იგივე ტექნოლოგიები დანერგოს საკუთარ პოლიტიკურ გუნდში. ტექნოლოგიები კარგია, მაგრამ მოითხოვს ძალიან დიდ ფულს. ტექნოლოგიების ერთი ნაწილია ლობისტების გამოყენება. მე არ ვარ ლობისტების მომხრე, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ ლობისტების გარეშე პოლიტიკური პროცესების წარმართვა შეუძლებელია.

–  და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის ზომას?

–  არა. აი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ ცნობილი გახდა, რომ კრემლის ადმინისტრაციამ ლობისტურ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებებში 10 მილიონი დოლარი დახარჯა, რომ საკუთარი ხელისუფლების პოპულარიზაცია მოეხდინა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

–  ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჰყავს ლობისტები?

–  რა თქმა უნდა და, სხვათა შორის, ლობიზმსა და კორუფციას შორის მეტად მცირე განსხვავებაა და ყველაზე კარგად ეს იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რადგან იქ არაერთი სკანდალი მომხდარა ლობისტური საქმიანობის გამო. გახსოვთ, ალბათ, ალასკის მიყიდვის ფაქტი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ლობისტური საქმიანობით გახდა შესაძლებელი. არც ახსოვდათ რუსებს ალასკა, მაგრამ ისეთი ფონი შექმნეს, რომ თითქოს ძალიან იყვნენ დაინტერესებული, მოისყიდეს ამერიკის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელი, რომ ლობისტობა გაეწია და დაერწმუნებინა ამერიკელები, რომ ალასკის ყიდვა საჭირო იყო. შემდეგ კი ირტყეს თავში ხელი, როდესაც მიხვდნენ, რომ არაფერში გადაიხადეს ამდენი ფული.

– მაგრამ საბოლოოდ ხომ მაინც გაამართლა ალასკაში ფულის გადახდამ?

– საერთო ჯამში, გაამართლა, მაგრამ იმ პერიოდში წამგებიანი იყო. ანუ ლობისტების მეშვეობით ძალიან ბევრი რამ კეთდება მსოფლიოში, მაგრამ ლობიზმსა და კორუფციას შორის ძალიან მცირე ზღვარია. მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბარაკ ობამამ განცხადება შეიტანა ამერიკის პროკურატურაში მაკკეინისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი კანონის გვერდის ავლით ახორციელებდნენ რუსი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების ლობირებას თეთრ სახლში, ასევე, არგენტინელი პოლიტიკოსების ლობირებას და მსგავსი არაერთი სკანდალი გვახსოვს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამის გამო. ამიტომაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1995 წელს მიიღო ძალიან მკაცრი კანონი, რის მიხედვითაც, ნებისმიერი ლობისტური ხელშეკრულება დეტალებში უნდა იყოს ცნობილი სახელმწიფოსთვის და ლობისტური ფირმები ვალდებული არიან, წელიწადში რამდენჯერმე  ანგარიში მიაწოდონ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს, არა მარტო ტექსტობრივი ფორმატით, არამედ სატელეფონო საუბრებიც, შეხვედრების ოქმები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ დღეს მსოფლიოში ლობიზმი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ისედაც ვიცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს რეკლამას და ხუმრობაც არის, რომ სწორედ ადამია პირველი რეკლამის მსხვერპლი. 

–  მთლად რეკლამას ნუ დავაბრალებთ, ადამს უნდა დაეტანებინა ცოტა ჭკუა. კიდევ რა ესმის ლიდერისგან და რას იმახსოვრებს აქციაზე შეკრებილი ხალხი?

–  მისთვის სასარგებლო ინფორმაციას. ამიტომაც წინასაარჩევნო პერიოდში სპეციალურად ტარდება კვლევები, რომ გაიგონ, რა საკითხები აინტერესებს მოსახლეობას, რა თემებია პროცენტულად პრიორიტეტული ამომრჩევლებისთვის და ამაზე იგება ყველა პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ძირითადი ნაწილი. შემდეგ აქციებსა და შეხვედრებზე ამ თემების პოპულარიზაციასა და ამ თემებში გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებზეა საუბარი და მთელი საარჩევნო პროცესი ამაზე იგება. დღესაც ვხედავთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები საკუთარი კვლევების შესაბამისად ახდენენ ფოკუსირებას ამომრჩეველზე: ზოგი საუბრობს ტარიფებზე, ზოგი – უმუშევრობის აღმოფხვრაზე, ზოგი – სოციალური დახმარების მნიშვნელობაზე. და სამწუხაროა, რომ ეს პროგრამები მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ პოლიტიკურ სუბიექტებს და ისიც ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ტიპის ქვეყნებში არა მხოლოდ მმართველ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოსახლეობასთან ურთიერთობა სჭირდება მხოლოდ არჩევნების წინ.

–  ერთია, რომ პოლიტიკური სუბიექტები არიან ასეთები და, როგორც ბისმარკი იტყოდა, ჩვეულებისამებრ, მწარედ იტყუებიან არჩევნების წინ, მაგრამ, მეორე მხრივ, ამომრჩეველს ხომ აქვს მეხსიერება? რატომ ივიწყებს, რას დაჰპირდნენ და რას –   არა?

–  არ ავიწყდება, რადგან ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველია ნიჰილიზმში და, ზოგადად, პოლიტიკური სუბიექტებისადმი ნდობა არ აქვთ. ცოტა გამოცოცხლდა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, მაგრამ, თუ მისი სასურველი ლიდერი იტყვის, რომ ჯობია, პარლამენტში მაინც შევიდეთ, რადგან საპარლამენტო დებატები მნიშვნელოვანია და 2013 წელს დაველოდოთო…

–  თუმცა აგერ უკვე 20 წელია, ვაკვირდებით პოლიტიკურ პროცესებს და ვხედავთ, რომ, თუ ხელისუფლება იცვლება, ერთი ძალა მთლიანად ანაცვლებს მეორეს. არ შეიძლება, ჩვენც ნელ-ნელა მივყვეთ პროცესებს? 

–  მე მომხრე ვარ იმის, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იყოს და არა –   ერთპარტიული, რადგან არავინ იცის, რომ ესა თუ ის ძალა, თუ უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, ერთპიროვნული მმართველი არ გახდება და მონსტრად არ გადაიქცევა. შესაძლოა, ნებისმიერი ლამაზად შეფუთული ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში მოვიდეს უმრავლესობით და შემდეგ ის ისევე მოსწყდეს რეალობას... ამიტომ ჩვენი ტიპის ქვეყნებში, სანამ არ ჩამოყალიბდება მყარი ინსტიტუტები: მანამდე საუბარი იმაზე, რომ ვინმე უმრავლესობით უნდა მოვიდეს, გაუმართლებელია. და, დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს ინსტიტუტები ჩამოყალიბდება, უმრავლესობით ვერც ვერავინ ვეღარ მოვა ხელისუფლებაში: შეიძლება აბსოლუტური უმრავლესობითაც მოხვიდე, მაგრამ აბსოლუტური ძალაუფლება ვეღარ გექნება, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები იქნება მყარი. სააკაშვილმა,  მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე აკრიტიკებდა შევარდნაძეს, ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი შექმნაო, მას შემდეგ, რაც თვითონ გახდა პრეზიდენტი, კიდევ უფრო გააძლიერა პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამდენად, არ ვართ დაზღვეული, რომ სხვასაც არ გაუჩნდება იგივე სურვილები. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა: ვიყოთ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა თავისი მყარი ინსტიტუტებით, თუ ჩვენ გვინდა, უბრალოდ დავიჯეროთ იმ ლამაზი ლოზუნგების, რომლებიც კვლევის შედეგებით არის შექმნილი და შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მონსტრი მივიღეთ ხელისუფლებაში. თქვენ ხედავთ, როგორი არამყარი პარტიული სისტემაა საქართველოში: რომელ პარტიაში შეიცვალა თავმჯდომარე იმისდა მიხედვით, მისმა პარტიამ მოიგო თუ წააგო არჩევნები?! თუ არ ჩავთვლით, როდესაც 2-3 კაცი ცვლის ერთმანეთში თავმჯდომარეობას. 

–  არათუ პარტიების თავმჯდომარეები, სახელოვნებო საზოგადოებების თავმჯდომარეებიც კი არ იცვლება?

–  როგორ შეიძლება, ის ხალხი მოუშვა ხელისუფლებაში, რომლებიც თავისი პარტიის თავმჯდომარეობაზეც კი ვერ ამბობენ უარს?! როდესაც არ ზრუნავენ თავიანთ პარტიაში მყარი დემოკრატიის ფორმირებაზე?! როგორ შეიძლება, ვისაუბროთ ამ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან თვითმმართველობის გაძლიერებაზე, როდესაც თავიანთ წევრებს თითოეული სიტყვის შეთანხმებას სთხოვენ ცენტრალურ ოფისთან?! ამიტომ საჭიროა ძალიან სერიოზული ინსტიტუტების შექმნა, ხოლო მანამდე კი ხელისუფლებაში ვერც ერთი ძალა ვერ უნდა მოვიდეს უმრავლესობაში.

–  ახლა ამომრჩევლის ბოსტანში ვისვრი კენჭს: როდესაც ირჩევ ძალას აბსოლუტური უმრავლესობით, თითქოს ხელს იბან, პასუხისმგებლობას იხსნი. შეიძლება, ერთგვარად თავის უპასუხისმგებლობას ფარავს ამომრჩეველი, როდესაც ერთ ძალას ანდობს მმართველობას? ამას ფრომი უწოდებდა გაქცევას თავისუფლებისგან, რადგან თავისუფლება ძალიან მძიმე ხვედრია. 

–  ჩვენ საამისოდ მომზადებაში არავინ გვიწყობს ხელს. მართალია, კონსტიტუცია ამას გვავალებს, ხელისუფლების წყარო ხალხიაო, მაგრამ, ვინაიდან თითოეული ჩვენგანი გრძნობს, რომ ჩვენი არჩევნით არ წყდება არჩევნების ბედი: ეს წყდება თანხებით, პოპულარული ლოზუნგებით, სახელისუფლო რესურსით, დამკვირვებლებით და ასე შემდეგ, ადამიანებს არ ექნებათ ჩართულობის განცდა. არათუ პარტიების საარჩევნო სიების ფორმირებაში, ამომრჩეველს მონაწილეობას არ აღებინებენ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, ამიტომ ადამიანები გარიყულად გრძნობენ თავს და, სანამ ის თავს გარიყულად გრძნობს, ვერ იგრძნობს პასუხისმგებლობას თავის არჩევანზე. დააკვირდით ჩვენს პოლიტიკოსებს: მოსახლეობასთან კონტაქტში შედიან, თუ რამე აქვთ გასაპროტესტებელი ან არჩევნების წინ. მმართველი პარტია თავისთვისაა, ოპოზიცია –   თავისთვის, ადამიანები თავისთვის არიან და მათი პრობლემები ყველას მხოლოდ კრიტიკულ მომენტში ახსენდება. ჩვენი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ თავად არიან ყველაზე ჭკვიანები. იმდენად დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში, რომ აღარ ახსოვთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, სანამ ჰალსტუხებს გაიკეთებდნენ შარვალ-კოსტიუმზე. 

–  პარტიული მუშაკები პარტიულ სკოლებში სწავლობდნენ მუშაკობას, ჩვენები სად ეუფლებიან პოლიტიკოსის ჩვევებს თუ არც არსად არ ეუფლებიან?

–  პოლიტიკა ყველგან ბინძურია და ინტრიგებითაა ცნობილი. უბრალოდ ჩვენთან ეს უფრო დიდი მასშტაბით ხდება და უფრო მეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს პოლიტიკოსები, იმიტომ რომ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ ხალხის წინაშე, რადგან თავი მოსახლეობაზე ჭკვიანები ჰგონიათ. ამიტომ ეს სკოლები პოლიტიკოსებისთვის კარგი იქნებოდა, თუნდაც, იმიტომ რომ, როდესაც მათზე ჭკვიანი ხალხი დაუწყებს სწავლებას, მიხვდებიან, რომ თავად არ არიან ყველაზე ჭკვიანები. ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ გაიზიარა სოკრატეს შეგონება: მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი. შემდგომში ერთ-ერთმა ცნობილმა ფილოსოფოსმა ისიც თქვა, მე ვიცი, რომ არ ვიცი იმაზე მეტი, ვიდრე სოკრატემ არ იცოდა. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ უფრო მეტი იციან, ვიდრე სოკრატემ იცოდა და უფრო მეტიც, დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი იციან.

 

 

 

скачать dle 11.3