კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მდიდრდებიან ქართული ბანკები საქართველოს მოქალაქეების განათლებისა და ჯანდაცვის პრობლემების გამო

 

მართალია, ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზარდა და, მათ შორის, განათლების დაფინანსების მოცულობაც, თუმცა, თუ წლიდან წლამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს გადავხედავთ (კერძოდ, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის შეუქცევად შემცირებას), საქმე, მაინცდამაინც, დამაიმედებლად ვერ გვაქვს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ 21-ე საუკუნე კრეატიულობის ეპოქაა, კრეატიულობის წყარო კი განათლების დონე და ხარისხია, მათ შორის, განათლებულების რაოდენობაც.

ჩვენი სახელმწიფო სრულად და ნაწილობრივაც მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სტუდენტებს უფინანსებს სწავლის საფასურს, ისიც სრულად მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში (სადაც სწავლის წლიური საფასური 2 250 ლარია). გაცილებით მწირია სახელმწიფო დაფინანსება მაგისტრობის დონეზე (არადა სრულფასოვანი სპეციალისტის აღსაზრდელად უმაღლესი სასწავლებლის სამივე საფეხურის გავლაა აუცილებელი). მაგალითად, მაგისტრებს ბიუჯეტი მხოლოდ 2 მილიონი ლარით აფინანსებს. თანხა შემდეგნაირად ნაწილდება: თანხის 10 პროცენტი რეიტინგული სიის მიხედვით ნაწილდება (და ყველა მიმართულების მხოლოდ 44 მაგისტრისთვისაა საკმარისი), 40 პროცენტი მიმართულებების მიხედვით (სულ 27 მიმართულებაა და თითეული მიმართულებისთვის, დაახლოებით, ამ თანხის 3,6 პროცენტია გათვალისწინებული, რაც ნიშნავს, რომ სამაგისტრო დაფინანსება შეხვდება მხოლოდ 6 მომავალ ექიმსა თუ იურისტს, ჟურნალისტსა თუ ფინანსისტს და ასე შემდეგ), თანხის 50 პროცენტი კი პრიორიტეტულ (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ნაწილდება. ამასთანავე, მათ ეძლევათ, როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაფინანსებაც).

გაამართლა თუ არა სწავლის დაფინანსების ამ სქემამ, როგორ ახერხებს მდიდარი დასავლეთი უფასო განათლების შენარჩუნებას (თან არა მარტო საკუთარი, უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვისაც კი) და რა პერსპექტივა აქვთ ქართულ სისტემაში განათლებამიღებულებს. თემას სოსო არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– 2012 წელს, დაახლოებით, 600 მილიონ ლარამდეა ბიუჯეტში გამოყოფილი განათლების სფეროსთვის: სკოლამდელი დაწესებულებით დაწყებული და მეცნიერებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, კარგია, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი იზრდება. 2012 წლისთვის გათვალისწინებულია, რომ განათლების სფეროზე მოვა საბიუჯეტო ხარჯების, დაახლოებით, 8,4 პროცენტი, წინა წლებში გაცილებით ნაკლები იყო. შევეცდები, შედარება მოვახდინო ევროგაერთიანებასთან. რატომ ევროგაერთიანებასთან? იმიტომ რომ, თუ სამთავრობო დაწესებულებების წინ ევროკავშირის დროშები ფრიალებს, მაშინ ორიენტაცია ყველა პარამეტრით ევროგაერთიანებაზე უნდა იყოს. ევროკავშირში განათლებაზე საბიუჯეტო ხარჯების თითქმის 12 პროცენტია გამოყოფილი, ესე იგი, ჩვენზე მეტია; ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკური განვითარების დონე იქ შეუდარებლად მაღალია: დაახლოებით, 10-11-ჯერაა განვითარებული, ვიდრე ჩვენთან, განათლებისთვის გამოყოფილი რეალური ხარჯიც გაცილებით მეტია. გამოდის, რომ ისინი ეკონომიკურადაც ჩვენზე წინ არიან და განათლებაზეც პროცენტულად მეტს ხარჯავენ. მაგალითად, ბელგიაში ეს მაჩვენებელია 11,8 პროცენტი, ესტონეთში –  16,8 პროცენტი, ირლანდიაში –  12,6 პროცენტი, პოლონეთში –  13,4 პროცენტი. აქვე ვიტყვი, რომ მათი 1 პროცენტი ჩვენს 10 პროცენტს უდრის.

თუ მთლიანობაში ავიღებთ ბიუჯეტს, ევროგაერთიანების ქვეყნების ბიუჯეტები გაცილებით სოციალურადაა ორიენტირებული, ვიდრე ჩვენი. ამას საყვედურისთვის კი არ ვამბობ, უბრალოდ ვხსნი. ჩვენ, როდესაც სახელმწიფოებრიობის მშენებლობა დავიწყეთ, ძალიან ბევრი ხარჯი მოითხოვა ინსტიტუციურმა მშენებლობამ: საჭირო იყო ჯარის, უშიშროების, საზღვრის, საბანკო სექტორის, პოლიციის და ასე შემდეგ ფორმირება. 2003 წლამდე სიმბოლური დატვირთვისა და მწირი შესაძლებლობების სახელმწიფო ინსტიტუტები გვქონდა და, შესაბამისად, ამის გამოსწორებისთვის პირველად ხარჯები მიიმართა სახელმწიფო მშენებლობებისკენ და მხოლოდ დარჩენილი თანხა განაწილდა განათლებაზე, კულტურასა თუ ხელოვნებაზე. ამდენად, ამას ახსნა მოეძებნება, მაგრამ, როდესაც ბავშვი ტირის, მას ვერ აუხსნი, რატომ არ მუშაობს მამა. ამდენად, ახლა საზოგადოება გაცილებით მეტს ითხოვს, ვიდრე 8-10 წლის წინათ ითხოვდა. ითხოვს მეტ ხარჯებს განათლებაზე, მეცნიერებაზე, კულტურაზე, ჯანდაცვაზე და მთლიანად სოციალურ ბლოკზე.

– სოციალური ხარჯების მხრივაც შევადაროთ ჩვენი და ევროკავშირის ქვეყნების ბიუჯეტები?

– ჩვენ საბიუჯეტო ხარჯების, დაახლოებით, 40 პროცენტამდე ვხარჯავთ სოციალურ ბლოკზე, თავისი საპენსიო სისტემიანად.

– ეს აუცილებლად ხაზგასასმელია, რადგან, მართალია, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა გადააჭარბა მილიარდს, მაგრამ ჩვენ გვყავს 800 000 პენსიონერი და მათი საპენსიო მომსახურებაც, რაც მილიარდ ლარამდეა, სწორედ ამას ხმარდება.

– დიახ, ჩვენთან ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია პენსიონერებთან შედარებით. 200 000-ით ნაკლები დაქირავებით დასაქმებული გვყავს, ვიდრე პენსიონერი, არადა 3-4-ჯერ მეტი უნდა იყოს. ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წილით მთელი ჯანდაცვის ხარჯებში, იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თავის თავზე იღებს საკუთარი ჯანდაცვის ხარჯებს. გარკვეული კონვერსია შეინიშნება საყოველთაო დაზღვევის ელემენტის შემოტანით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ტვირთი ერთბაშად მოაკლდება მოსახლეობის ჯიბეს. ამას წლები უნდა და ამ მიმართულებით ჯერ ბევრია გასაკეთებელი.

განათლებაში ასეთი შედარება შემიძლია, მოვიყვანო: ევროგაერთიანებაში მთელი განათლების ხარჯების მხოლოდ 13 პროცენტი იფარება მოსახლეობის მიერ.

– აი, სწორედ ეს უნდა გკითხოთ: მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ცხოვრების დონე ჩვენსაზე გაცილებით მაღალია, მათი შემოსავლებიც სჭარბობს ჩვენს შემოსავლებს, სახელმწიფო ახერხებს, რომ განათლება უფასო იყოს არა მხოლოდ საკუთარი, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც კი?

– ხარჯების ორი წყაროა: სახელმწიფოს და მოსახლეობის მიერ გაღებული. ჩვენთან მოსახლეობის მიერ საკუთარი ჯიბიდან გაღებული ხარჯები 60 პროცენტზე მეტს შეადგენს და ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს შინამეურნეობების ხარჯების სტრუქტურაზე, მათ კეთილდღეობაზე. თან გავითვალისწინოთ, რომ ჯანდაცვაში ვითარება უფრო მძიმეა: მოსახლეობის მიერ საკუთარი ჯიბიდან გადახდების წილი უფრო მაღალია. ბოლო წლებამდე 80-82 პროცენტი იყო, თუმცა დღეს შეიძლება, დაიკლო 77-78 პროცენტამდე, მაშინ, როდესაც მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი ასეთია: ჯანდაცვის ხარჯების 59 პროცენტს ფარავს სახელმწიფო და მხოლოდ 41 პროცენტს –  მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს მათი ხარჯების სტრუქტურაზე. სწავლას რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი მოქალაქე იძულებული გახდა, დაეგირავებინა სახლი ან გაეყიდა.

– ყველა კვლევა ამბობს, რომ ჯანდაცვის ხარჯი გაღატაკების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

– ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და არა მარტო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ბანკების საკუთრებაში გადასული უძრავი ქონების ღირებულებამ  210 მილიონი ლარი შეადგინა.

– საქართველოს მოქალაქეების 210 მილიონი ლარის ქონება გადავიდა მათ ხელში?

– შეიძლება, მათ შორის იურიდიული პირებიც იყვნენ, მაგრამ ძირითადად მოქალაქეების ქონებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიზეზთა და მიზეზთა გამო, საქართველოს მოქალაქეებმა გასულ წელს დაკარგეს 210 მილიონი ლარის ქონება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ციფრი არის ნომინალური მაჩვენებელი, რადგან, როდესაც სესხით იტვირთება ქონება, მისი ღირებულება ფასდება საბაზრო ღირებულებაზე 3-4-ჯერ ნაკლებად. ამიტომ ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ რეალურად არანაკლებ ნახევარი მილიარდი ლარის ქონება გადავიდა საქართველოს კომერციული ბანკების ხელში. ეს საკმაოდ დიდი ციფრია. თუ გავიხსენებთ, რომ მხოლოდ შარშან ბანკების გაორმაგებულმა მოგებამ მხოლოდ 300 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც ორჯერ მეტი იყო წინა წლის მოგების მაჩვენებელზე, ამასთან ერთად, ბანკებმა: ასევე, წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტი ქონება ჩაიგდეს ხელში. ანუ გამოდის, რომ ბანკების შემოსავლის წყარო არის არა საკრედიტო რესურსების რეალიზაციიდან მიღებული მოგება, არამედ მოსახლეობის გაჭირვებისა და სხვა ფაქტორების გამო მიღებული მოგება. მდგომარეობამ იმდენად მძიმე მასშტაბები მიიღო, რომ რამდენიმე თვის წინათ პრეზიდენტმა გააფრთხილა ბანკები, რადგან ეს აუცილებლად გამოიწვევს უკმაყოფილების დიდ ტალღას. საკრედიტო რესურსების სიძვირით მსოფლიო პირველ ათეულში ვართ, მაშინ როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი არ არის მაღალი, პირიქით, ბოლო თვეებში გაცილებით დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ საბანკო სექტორი დიდ და დაუმსახურებელ მოგებას იღებს, ვიდრე ეს ნორმალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი.

– მე გადავხედე ქართული კომერციული ბანკების სტუდენტური სესხების შეთავაზებებს, უშუალოდ სტუდენტს, ბაკალავსა თუ მაგისტრანტს, მისი აღების შესაძლებლობა არ აქვს.

– ჯერ ერთი, ეს სისტემა არ არის განვითარებული და რომც იყოს, იმის ალბათობა, რომ 25-წლამდე ახალგაზრდა იპოვის სამუშაოს, დაბალია. შემიძლია, გითხრათ, რომ, ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევრობის დონე 25 წლამდე ახალგაზრდებში ძალიან მაღალია: დაახლოებით, 40 პროცენტამდეა და ანაზღაურების მიმღებთა რაოდენობა ყოველი 1 000 25-წლამდე ასაკის ახალგაზრდიდან აქვს მხოლოდ 96-ს. ხოლო, რადგან 25 წლამდე ახალგაზრდის მიერ  სამუშაოს შოვნის ალბათობა დაბალია, ბანკებს სხვა დამატებითი გარანტიები სჭირდება. ამდენად, ეს კომპლექსური პრობლემაა და მხოლოდ ბანკების კეთილ სურვილზე ან ახალგაზრდის უნარზე არ არის დამოკიდებული. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ სამუშაო და ჩვენ მასობრივად გვჭირდება სამუშაო ადგილების შექმნა.

– სახელმწიფო ამბობს, რომ აფინანსებს მას, ვინც საუკეთესოა, თუმცა ბაკალავრიატის შემთხვევაში ეს 100-პროცენტიანი დაფინანსება ჰყოფნის მხოლოდ 1 000 ახალგაზრდას, მაგრამ, თუ საუკეთესო 4 000-ია?

– სახელმწიფოს აქვს თავისი შეზღუდული ლიმიტი და მის მიერ სტუდენტისთვის გამოყოფილი მაქსიმალური თანხა 2 250 ლარია, ხოლო, თუ სტუდენტი ისეთ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდა, სადაც სწავლა უფრო ძვირი ღირს, 100-პროცენტიანი გრანტის აღების შემთხვევაშიც კი, სხვაობა უნდა დაფაროს ოჯახმა. ოჯახს კი შესაძლოა, ამის საშუალება არ ჰქონდეს. ანუ ჩვენ ვერ ვქმნით სოციალურ ლიფტებს: იმ შესაძლებლობას, რომ ადამიანმა თავის უნარის საფუძველზე, ოჯახის მიერ ეკონომიკური უზრუნველყოფის გარეშე მიაღწიოს კარიერულ წინსვლას.

– ჩვენთან ეს თითქმის გამორიცხულია?

– შეზღუდულია, მაშინ, როდესაც მსოფლიოში მასობრივია ეს პროცესი. იქ ეძებენ ინოვაციური, კრეატიული აზროვნების ადამიანებს. თავის დროზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ბუმის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მათ განათლების სფეროში ჩადეს ძალიან ბევრი სახსრები. განათლების სფეროს ინვესტირება საკმარისად მყარია და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდას იწვევს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს მსოფლიოში, გვჭირდება შესაბამისი ტექნოლოგიები. ამას უზრუნველყოფენ ის ადამიანები, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობა ეფუძნება მსოფლიო სტანდარტებს. ანუ მათი ცოდნაც მსოფლიოს განვითარების დონის შესაბამისი უნდა იყოს. თუ ჩვენ ნაკლებს ვხარჯავთ განათლებაზე, ჩვენი კონკურენტუნარიანობაც ნაკლები იქნება.

მეტსაც გეტყვით, ჩვენ გაცილებით ნაკლები სტუდენტი გვყავს, ვიდრე  ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს. მაგალითად, ლატვიასთან შედარებით ჩვენთან სტუდენტების რაოდენობა 2,5-ჯერ ნაკლებია. რა გამოდის? სტუდენტს ვაფინანსებთ გაცილებით ნაკლებად და მათი რაოდენობაც მოსახლეობის ყოველ 1 000 კაცზე უფრო მცირეა ჩვენთან? ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ინტელექტუალური ზრდის პოტენციალი გაცილებით ნაკლებია. მე არ ვამბობ რომ ეს მხოლოდ ამ მიზეზის ბრალია, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება: ჩვენ ვლაპარაკობთ რეფორმების სისწრაფეზე, მაგრამ მე არსად წამიკითხავს, ვინმე წერდეს ქართული ეკონომიკური ზრდის სასწაულზე. როგორც ეს იყო გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იპონიაში, კორეაში. ქართულ ეკონომიკურ სასწაულზე არ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ჩვენთან 2003 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის ტემპები საკმაოდ მოკრძალებული იყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში კოლოსალური ვარდნა გვქონდა, ეკონომიკური ზრდის ამ თითოეული პროცენტის წონაც მოკრძალებული გამოდის. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა იმისთვის, რომ დავძლიოთ ის ჩამორჩენა, რაც საქართველოს ჰქონდა 90-იანი წლებიდან. სანამ სიტუაცია აირეოდა, 1988 წელს, საქართველოს მთიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით 40 პროცენტამდე იყო, დღეს ეს თანაფარდობა, დაახლოებით, 13 პროცენტამდეა. ამდენად, ალბათ, უნდა მოვახდინოთ ხარჯების მნიშვნელოვანი კონვერსია სოციალური სფეროს სასარგებლოდ. მე არ ვამბობ, რომ იოლი მისაღწევია, მაგრამ ქვეყნის მმართველობამ მეტად უნდა დაზოგოს ხარჯები მმართველობაზე და მეტი ხარჯი მიმართოს განათლების დაფინანსებაზე.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მეცნიერების დაფინანსებაზე აქვს ისრაელს, მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 4 პროცენტს ხარჯავს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, ასეთი პერიფრაზი გავაკეთოთ: ებრაელები იმიტომ კი არ არიან ჭკვიანები, რომ ბევრს ხარჯავენ მეცნიერებაზე, არამედ იმიტომაც, რომ იციან, ბევრი რომ უნდა დახარჯონ მეცნიერებაზე. ჩვენც ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რადგან ტექნოლოგიური ჩამორჩენა ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ ჩამორჩენას, ეკონომიკური ჩამორჩენა კი აღარ იძლევა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საშუალებას. შეუძლებლია, მივაღიოთ მაღალ შემოსავლებს, რაც უნდა ბევრი ინვესტიცია შემოვიდეს და რაც უნდა ბევრი მიგრანტი გავიდეს უცხოეთში სამუშაოდ. მაგალითად, ჩვენი მიგრანტების საშუალო ანაზღაურება ადგილობრივების საშუალო ანაზღაურების 50-60 პროცენტია. ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ მეტი მიგრანტი გვყავდეს, არამედ მეტი კვალიფიციური დასაქმებული გვყავდეს, იმიტომ რომ თვითდასაქმება არ იძლევა საკმარის შემოსავალს: თვითდასაქმებულის  შემოსავალი 3-4-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე დაქირავებით დასაქმებულის შემოსავალი.

 

 

скачать dle 11.3