კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა შემთხვევაში შეიძლება, აღმოჩნდეთ 2 წლით გისოსებს მიღმა, თუ მაწანწალა ძაღლს ან კატას არაჯეროვნად მოექცევით

 

იმის მიუხედავად, რომ მაწანწალა ცხოველები პრობლემად რჩება, უფრო დიდი პრობლემა (რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, დასავლური ცივილიზაციისგან განგვასხვავებს) ჩვენი მაწანწალა ცხოველებისადმი დამოკიდებულებაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მათ მიმართ აგრესიულობით გამოვირჩევით, რაც, ერთი მხრივ, შიშის ფაქტორითაა  განპირობებული და, მეორე მხრივ, იმითაც, რომ, მაინცდამაინც, არც კანონი არეგულირებს ამ საკითხს. შესაბამისად, ამ სულიერ არსებებსაც უსულოსავით ვექცევით. 2012 წლის 6 სექტემბერს დედაქალაქის მერიამ დადგენილება მიიღო, რომლის ძალითაც დედაქალაქში ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთობა დარეგულირდება. ამ უკანასკნელთა უფლებებს კანონი იცავს და, შესაძლოა, მათ შორის, მაწანწალა კატებისა და ძაღლებისადმი სასტიკმა მოპყრობამ თვით გისოსებს მიღმაც ამოგაყოფინოთ თავი. ამ მიმართულებით არსებული ახალი და უკვე მოქმედი კანონების დეტალებს ადვოკატი ოთარ კაჭკაჭიშვილი განგვიმარტავს.

– ჩვენ თავად მივედით ამ ჰუმანურ მოსაზრებამდე თუ ახლაც ცივილიზებულმა სამყარომ გვიკარნახა, რომ დაცვა ჩვენ გვერდით მცხოვრებ ცხოველებსაც, ამ შემთხვევაში, ძაღლებს და კატებს სჭირდება?

– საქართველოც დასავლური ცივილიზაციის ნაწილია და, შესაბამისად, მიერთებულია საერთაშორისო შეთანხმებებსა თუ პაქტებს და ეს კონკრეტული კანონმდებლობაც ამ ჩარჩოში ჯდება. საქართველო არაერთი საერთაშორისო კონვენციის გამტარებელია გარემოს დაცვის კუთხით. მათ შორისაა ისეთი საკანონმდებლო აქტები, როგორებიცაა: გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია, კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ, კონვენცია ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ, კონვენცია ოზონის შრის დაცვის შესახებ და ასე შემდეგ.

ჩვენთან ცხოველთა უფლებები აქამდე გაწერილი იყო „კანონში ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“. ამა წლის 2012 წლის 6 სექტემბერს კი ძალაში შევიდა ახალი „კანონი თბილისში ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ“. ეს დადგენილება თბილისის საკრებულომ მიიღო და ამის მიხედვით, აუცილებელია ისეთი პირობების არსებობა, რომ ცხოველმა ადამიანს არ შეუქმნას პრობლემები და პირიქით, ადამიანმა –  ცხოველს. ანუ დარეგულირდა ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობები.

უპირველესად, ხსენებული კანონი გვთავაზობს ცხოველთა კლასიფიკაციას. ცხოველთა სამართლებრივი სტატუსის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატრონობის განხორციელებისთვის თბილისში ბინადარი ცხოველები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: პატრონიანი; უმეთვალყურეო; მიკედლებული და უპატრონო.

– განვმარტოთ თითოეული.

– უმეთვალყურეო, პატრონიანისა თუ უპატრონო ცხოველს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან. ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადის შეტანის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, ცხოველი ითვლება დროებით მიკედლებულად და მასზე ვრცელდება მიკედლებული ცხოველისათვის დადგენილი ნორმები.

– ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ქუჩაში რომ ძაღლი ვიპოვო, უნდა ვაცნობო შესაბამის სამსახურს, რადგან მის პირდაპირ სახლში წაყვანას კანონი მიკრძალავს?

– ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს მიმართავთ და, თუ პატრონი არ გამოუჩნდება, მოითხოვთ, რომ თქვენ მოგაკედლონ. კანონითვეა განსაზღვრული მეპატრონის ვალდებულებები. კერძოდ,  მეპატრონე ვალდებულია, ცხოველს მოუაროს კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეტიოლოგიურ თავისებურებებთან შესაბამისად. მეპატრონემ უნდა უზრუნველყოს თავისი შინაური ცხოველი: სათანადო კვებით და დაწყურვებით; ფიზიკური აქტივობით; საძილე ადგილით, გათბობითა და განათებით. მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარსა და ცხოველს სათანადო პირობები უნდა შეუქმნას. ასევე, დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. თუ აღარ შეუძლია ცხოველის მოვლა, ის უნდა ჩააბაროს თავშესაფარში. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა. აგრეთვე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა თუ აფთიაქებში შეყვანა. ასევე, აკრძალულია ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა.

– საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანაც აკრძალულია?

– თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბელით და ალიკაპით, ოღონდ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება დეკორატიული ჯიშის ძაღლებზე.

აქვე მინდა, კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს საკითხზე გავამახვილო ყურადღება. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: დახრჩობა; გაგუდვა; მოწამვლა; ელექტრომუხტის გამოყენება; მექანიკური დაზიანების მიყენება: იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.

– გასაგებია, რომ კანონი კრძალავს ასეთ ქმედებებს ცხოველების მიმართ, მაგრამ სანქციები თუ არის გათვალისწინებული იმ პირებისადმი, ვინც ასეთი ტიპის ქმედებას ჩაიდენს?

– იმას, რაც მოგახსენეთ, საკრებულოს მიერ მიღებული კანონი ითვალისწინებს, თუმცა არსებობს უფრო მაღალი დონის კანონები, რომლებიც იცავს ცხოველთა უფლებებს. მაგალითად, ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას კრძალავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე, ცხოველების წვალება ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

– ჯარიმა რამდენია?

– ყოველ შემთხვევაში ეს თანხა არ არის 2 000 ლარზე ნაკლები. უფრო მეტიც, იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

– ესე იგი, ძაღლი ან კატა რომ ვინმემ დაასახიჩროს ან დააზიანოს, შესაძლებელია შესაბამისი სამსახურისთვის მიმართვა?

– რა თქმა უნდა.

– იგივე ვრცელდება უპატრონო ძაღლებისა და კატებისადმიც?

– დიახ, არ აქვს მნიშვნელობა, ჰყავს თუ  არა პატრონი ცხოველს. მას ჩაუტარდება ექსპერტიზა და, თუ გაირკვევა, რომ, მართლაც, ამ დაზიანებამ გამოიწვია ცხოველის სიკვდილი ან დასახიჩრება, ამის ჩამდენი პირი დაისჯება. 

ცხოველებს აქვთ სამი ძიირთადი უფლება: სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და თავისუფლების. სიცოცხლის უფლებაში იგულისხმება, რომ გაუმართლებელია ცხოველის მოკვლა მისგან ხორცის, ტყავის, ბეწვეულის, ძვლისა თუ სხვა ნივთიერების მიღების მიზნით.

რაც შეეხება ჯანმრთელობის უფლებას: საგანგებო ლაბორატორიებში ცხოველებზე ატარებენ სამეცნიერო ექსპერიმენტებს, რომელთა უმეტესობა სრულდება მათი სიკვდილით. ეს ექსპერიმენტები განსაკუთრებით სასტიკია –  ცხოველს ხელოვნურად ასნეულებენ, კვეთენ, ასახიჩრებენ და ხშირად ეს იწვევს მათ ნელ და მტანჯველ სიკვდილს, არადა ცხოველებს ტკივილის ისეთივე შეგრძნება აქვთ, როგორც ადამიანებს.

თავისუფლების უფლება: ცხოველებს ფართოდ იყენებენ ცირკებსა თუ სხვა გასართობ სანახაობებში, სადაც მათ დაშინების, ცემისა თუ სხვაგვარი სასჯელების გამოყენებით აიძულებენ, შეასრულონ არაბუნებრივი მოძრაობები. ამგვარი სანახაობების მესვეურები უმეტესად არ ზრუნავენ ცხოველთა მდგომარეობაზე, თავად კი ამისგან დიდ მოგებას იღებენ. 

– მხოლოდ ძაღლსა და კატაზეა ლაპარაკი?

– ზოგადად, ცხოველებზეა ლაპარაკი. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს, გადაარჩინოს ბუნება, მათ შორის, ცხოველები მავნე ზემოქმედებისგან. მას მსოფლიო მასშტაბით 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ისინი მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ეწევიან თავიანთ საქმიანობას. სხვათა შორის, ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ეკვადორელი ქართველი, გარემოს დამცველი იოლანდა კაკაბაძე.

– გარდა იმისა, რომ პატრონმა უნდა უზრუნველყოს ცხოველის კვება და სათანადო პირობები შეუქმნას საცხოვრებლად, სხვა რა მოვალეობებს აკისრებს მას კანონი?

– აუცილებელია წელიწადში ერთხელ ცხოველის ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება. ასევე, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო-ვეტერინარიულ დაწესებულებას, თუ მის საკუთრებაში მყოფი ცხოველი ადამიანს ან სხვა ცხოველს დაკბენს და მიაკითხოს ვეტერინარიულ-სამკურნალო დაწესებულებას, ცხოველზე ვეტერინარული  ზედამხედველობის დასაწესებლად. ვეტერინარული  ზედამხედველობის ხარჯებს იხდის ცხოველის მეპატრონე.

– ამერიკის შეერთებულ შტატებში არებობს პოლიციური ტიპის სამსახური, რომელიც ამოწმებს, რამდენად სათანადოდ უვლიან მეპატრონეები თავიანთ შინაურ ცხოველებს. მიდიან ადგილზე, ამოწმებენ, თუ საჭიროა, ჩამოართმევენ კიდეც შინაურ ცხოველს.

– საქართველოშიც იგეგმება მსგავსი სამსახურის შემოღება. საკრებულოს 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება იმას მოწმობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა იხვეწება და იგეგმება კიდეც ინსპექტირების შემოღება. სპეციალური სამსახური გააკონტროლებს ცხოველებისადმი მოპყრობის ფაქტებს და ეს იქნება პოლიციური ტიპის ორგანო. შესაბამის კანონებში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც დაარეგულირებს, თუ რა სანქციებს გამოიყენებენ იმ პირების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ ცხოველთა უფლებებს. ასევე, სანქციები იქნება გამოყენებული იმ მეპატრონეების მიმართ, თუ მათი ძაღლი ან ნებისმიერი პირუტყვი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ადგილებში სხვა ადამიანებს. 

 

 

скачать dle 11.3