კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაუბრუნდა ზურა ხაჩიძე პოლიტიკას და რატომ არ ეშინია მას ცეცხლში შესვლის

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ დიდუბეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ცნობილი ქართველი მომღერალი ზურა ხაჩიძე წარადგინა, რომელიც ახლახან დაბრუნდა თბილისში და საარჩევნო ბრძოლაში ჩაება. ზურა დღეს ჩვენი სტუმარია და თავად გვეტყვის, რას ჰპირდება თავის ამომრჩეველს და რისი იმედი აქვს მას 1 ოქტომბრის არჩევნებში.

– რატომ გადაწყვიტე პოლიტიკაში ჩაბმა, კენჭისყრა დიდუბეში და რატომ აირჩიე მაინცდამაინც ქრისტიან-დემოკრატები?
– მე ჯერ კიდევ წინა არჩევნებში ვიყრიდი კენჭს ჩემს მშობლიურ ბორჯომში მაჟორიტარ კანდიდატად. გარკვეული საარჩევნო გამოცდილება მაქვს და, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკას დავუბრუნდი. ეს კი იმიტომ გავაკეთე, რომ სამართლიანობისთვის ვიბრძოლო და მთელი ძალებით წინ აღვუდგე უკანონობას. დიდუბე იმიტომ ავირჩიე, რომ ამ რაიონში დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი, კარგად ვიცნობ დიდუბელების პრობლემებს, იქ ბევრი ნაცნობ-მეგობარი მყავს და მათი დახმარების დიდი იმედი მაქვს. ქრისტიან-დემოკრატებზე კი იმიტომ შევაჩერე არჩევანი, რომ სრულად ვიზიარებ მათ პოლიტიკურ მრწამსს, ბრძოლის ხერხებსა და დეკლარირებულ პრინციპებს.
– უფრო კონკრეტულად?
– კონკრეტულად იმას გეტყვით, რომ საქართველოს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ უაღრესად გაწონასწორებული, სტაბილური, ქართული პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ძალუძს ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას აწუხებს. ჩვენი მოძრაობა რადიკალურად განსხვავდება იმ ორი მარგინალური ძალისგან, რომლებიც მოახლოებულ არჩევნებზე სასტიკი ომის გამართვას აპირებს ერთმანეთში, რაც ჩვენს ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავს და, რაც ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატებმა, მთელ ჩვენს ხალხთან ერთად არ უნდა დავუშვათ. ანუ, ჩვენი მოძრაობის მესამე ძალა ის მესამე გზაა, რომელიც მომავლისკენ წაუძღვება საქართველოს. ჩვენ სხვებივით არარეალურ დაპირებებს არ ვიძლევით და, სხვებისგან განსხვავებით, ჩვენს ამომრჩეველს ყველა დაპირებას შევუსრულებთ.
– რას ჰპირდები დიდუბელებს?
– დიდუბელებს, პირველ ყოვლისა, ყოფითი პრობლემების მოგვარებას ვპირდები. ესაა, რა თქმა უნდა, გზების, ეგრეთ წოდებული „მეორადი გზების“ მოწესრიგება, რომლებიც მთელ რიგ ქუჩებზე ყოვლად უვარგისი, ატალახებულია და იქ გავლა მხოლოდ ტრაქტორითაა შესაძლებელი, ტრაქტორით კი ქალაქში სიარული აკრძალულია (იცინის). მე ჩემს დიდუბელებს ვპირდები წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემის სრულ რეაბილიტაციას; უმწეო, გაჭირვებული ადამიანებისთვის მეტი და უფრო ქმედითი შეღავათების დაწესებას. გაჭირვების ფასი მეც კარგად ვიცი და ასეთი კატეგორიის ადამიანების პრობლემების გულთან მიტანა ნამდვილად არ გამიჭირდება. თუკი პარლამენტში მოვხვდი, პირობას ვიძლევი, რომ საკანონმდებლო ორგანოს ამ მაღალი ტრიბუნიდან ხშირად ავიმაღლებ ხმას უსამართლობის წინააღმდეგ და გაჭირვებული ადამიანების დასაცავად. ჩემი ტელეფონი ოცდაოთხი საათის განმავლობაში იქნება ჩართული, ჩემთან დარეკვა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება და არც ერთი მათგანი არ დარჩება ჩემი მხრიდან ქმედითი რეაგირების გარეშე.
– მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, უცხოეთში ცხოვრობ და თბილისში ახლახან დაბრუნდი, აქაური ამბები კარგად იცი და პოლიტიკური პერიპეტიების შესახებაც ფლობ ინფორმაციას. პოლიტიკაში დასაბრუნებლად საგანგებოდ ხომ არ ემზადებოდი?
– არა. არანაირი საგანგებო მზადება არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ვცხოვრობ, არასდროს მავიწყდება, „ვისი გორისა ვარ“. უპირველესად, მე ქართველი ვარ, ამ დალოცვილი, მრავალტანჯული ქვეყნის შვილი, ჩემი სამშობლოს ყველა ტკივილი მტკივა და ყველა წარმატება მიხარია. იქ, საქართველოს საზღვრებს გარეთ, უფრო თვალნათლივ ჩანს ქართული პრობლემები და იქ უფრო განიცდი ყველაფერს. ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში ნამდვილად არ შემეძლო გულხელდაკრეფილი ჯდომა, იმიტომ გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა და, რომ იტყვიან, ცეცხლში შესვლა. როგორც უკვე ვთქვი, საგანგებო მზადება არ მქონია, უბრალოდ, მე ყოველთვის მზად ვარ, ჩემი სამშობლოს გამო ცეცხლში შევიდე და ბოლომდე ვიბრძოლო.
– ცეცხლი რომ წვავს? არ გეშინია ამის?
– რა თქმა უნდა, არა. ნათქვამია: „თევზის დაჭერა თუ გინდა, ფეხიც უნდა დაისველოო“. პოლიტიკა კი, როგორც თქვი, მით უმეტეს – ჩვენთან, ცეცხლთან თამაშია და, თუკი ეს თამაში ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს სიკეთეს მოუტანს, მზად ვარ, რომ დავიწვა კიდეც. სწორად გამიგეთ, თავს არავის ვადარებ, მით უმეტეს – გამოჩენილ, სახელოვან ქართველებს, მაგრამ, თუკი მრავალი მათგანი სამშობლოსთვის დაიწვა და დაიფერფლა, ზურა ხაჩიძე ვინაა მათთან შედარებით?! მაგალითისთვის, ჩვენი უახლესი ისტორიიდან ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელებიც კმარა. მე მათ არ ვბაძავ, რადგან, ისინი ერთადერთნი და განუმეორებლები იყვნენ და მათი მიბაძვით არაფერი გამოვა, მაგრამ, მათი ცხოვრება, მათი პატრიოტიზმი და თავდადება ყველა ქართველისთვის და მათ შორის – ჩემთვისაც, სამაგალითო და გზის გამკვლევია. აქედან გამომდინარე კი, მიმაჩნია, რომ სწორედ საქართველოს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა“ ის ჭეშმარიტი, ეროვნული გზა, საითკენაც მიისწრაფოდა ყველა ცნობილი ეროვნული ლიდერი თუ საზოგადო მოღვაწე.
– თქვენი მოძრაობის ლიდერებზე რას იტყვი?
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოძრაობაში ბევრი ცნობილი ადამიანია შეკრებილი, რომლებიც, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ლიდერებიც არიან, ქართველ ქრისტიან-დემოკრატების უპირობო ლიდერი მაინც გიორგი თარგამაძეა და ესაა ერთმნიშვნელოვანი. სწორად გამიგეთ,  გიორგის ქებაში ნუ ჩამომართმევთ – მას ჩემი ქება არ სჭირდება, მე, უბრალოდ, კითხვას ვპასუხობ. გიორგი თარგამაძეზე სულ რამდენიმე სიტყვით გეტყვით: ის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნამდვილად გამორჩეული ლიდერია თავისი, უპირველეს ყოვლისა, რიგში გაწონასწორებულითა და სტაბილურობით. თუმცა, მას არც ემოციურობა აკლია და, ჩემი აზრით, სწორედ ამ თვისებების ნაზავია ის, რაც გიორგი თარგამაძეს იდეალურ პოლიტიკურ ლიდერთან აახლოებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის მომავლის პოლიტიკოსია და დიდ კონკურენციას გაუწევს ყველა თავის პოლიტიკურ ოპონენტს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუკი მან ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
– საკუთარ თავზე რას იტყვი, როგორ დაახასიათებს ზურა ხაჩიძე ზურა ხაჩიძეს?
– საკუთარ თავზე ლაპარაკი ნამდვილად არ მიყვარს და, მირჩევნია, ეს სხვებმა გააკეთონ. ერთს კი ვიტყვი, რომ ვცდილობ, ყოველთვის ვიყო გაწონასწორებული, მით უმეტეს – პოლიტიკაში და, უფრო ცივი გონებით ვიმოქმედო, ვიდრე ცხელი გულით, თუმცა, არც უემოციებოდ შეიძლება ცხოვრება თვით პოლიტიკაშიც კი.
– რა ემოციების მოლოდინში ხარ 1 ოქტომბერს?
– დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გამარჯვების ემოციები. ანუ, ჩვენი მოძრაობა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს 1 ოქტომბრის არჩევნებზე, პარლამენტში გაძლიერებული შემადგენლობით შევალთ და უფრო ქმედითად და სრულფასოვნად მოვემსახურებით ჩვენს ხალხს. ამისთვის კი საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და შემოხაზონ ათიანი...

скачать dle 11.3