კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ემტერებოდნენ საინგილოში მოღვაწე მღვდელს მიხეილ ყულოშვილს მოლები და მუსავატები და როგორ აწამეს და მოკლეს ის 1917 წელს

 2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებით, საინგილოში მოღვაწე მღვდელი მიხეილ ყულოშვილი წმიდანად შეირაცხა. მისი ხსენების დღედ კი, 5 ივლისი დადგინდა. მამა მიხეილი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. მისი ცხოვრება, მოღვაწეობა ძალიან საინტერესოა, ხოლო მისი წამებისა და გარდაცვალების ფაქტმა არ შეიძლება, ვინმე გულგრილი დატოვოს. ჯერ კიდევ 1917 წელს, როდესაც სასულიერო პირი სასტიკი წამების შედეგად მოკლეს, მის შესახებ ადგილობრივი პრესა წერდა: თავდადებამ მამა მიხეილს მოწამეობრივი გვირგვინი არგუნაო.

ლუარსაბ ტოგონიძე (მკვლევარი): მღვდელი მიხეილ ყულოშვილი დაიბადა 1845 წელს საინგილოში, სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი, სოფელი კახი), რომელიც იმ დროს იყო ელისუს სასულთნო. მამამისს ერქვა რაფაელი, ხოლო დედას – საბედო. როგორც ცნობილია‚ მიხეილის პაპა‚ აბელი იყო მონათუხუცესი ყუღლარ აღა ვახვახიშვილისა, რომელიც უკვე ალისულთნად იყო წოდებული, ბებია, დარეჯანი კი „ხუციანთ წმიდა კერის” ქალიშვილი იყო. არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ დარეჯანი წმიდა გიორგის სახელობის ქურმუხის საყდრისკენ ცხენით მიდიოდა და თან უფროსი ვაჟი, 13-14 წლის დავითი ახლდა. ერთ-ერთმა თათარმა დაინახა ეკლესიისკენ მიმავალი ქალი და ვახვახიშვილთან დააბეზღა. ვახვახიშვილს ისეთი მოწიწება ჰქონია ამ გვარის მიმართ, რომ თათარს თვალი გამოსთხარა და უთხრა: „განა მე კი არ ვიცი, რომ დარეჯანი წმიდა „ხუციანთ ოთხთავის” კერიიდანაა და ეკლესიაში ლოცულობსო”! (მოსე ჯანაშვილის გადმოცემით, „ხუციანი ანუ ხუციშვილები” კახში იმ აბრაამისა და იოაკიმე ხუცესის შთამომავალნი არიან, რომელიც სულთანმა აწამა. მათ კერაში შემორჩენილია „ოთხთავი” და სხვა საეკლესიო ნივთები). ამით ალისულთანი არ დაკმაყოფილდა და თათარს ენაც მოაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილის მამა მუსლიმანი იყო,  ოჯახში საოჯახო, ქრისტიანული ტრადიციები, განსაკუთრებით დედის მხრიდან‚ მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს პატარა მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. საერთოდ ოჯახურმა ტრადიციებმა დიდი გავლენა იქონია მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. გარდა ქართული წერა-კითხვისა, მას საუცხოოდ სცოდნია რუსული, თათრული, სომხური და უდინური ენები. ზეპირად უსწავლია „ვეფხისტყაოსანი”. მან ქართული წერა-კითხვა, წმიდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ზაქათალის ოლქის მთავარხუცესთან, მღვდელ სვიმონ ბეგიაშვილთან ისწავლა. მისი თაოსნობით 1858 წელს საინგილოში გაიხსნა პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა‚ სადაც ინგილო ბავშვებს მიხეილი უსასყიდლოდ ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას.
სასულიერო მოღვაწეობა
1860 წლის 19 სექტემბერს მიხეილი ბელაქანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1864 წლის 27 მარტს მარსანის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წელს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 1865 წლის 6 ოქტომბერს შტატის მედავითნედ დაამტკიცეს. 1866 წლის 20 ნოემბერს‚ მღვდელ პეტრე კონჭოშვილის წარდგენით‚ დიაკვნად აკურთხეს და კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. საერთოდ, მამა მიხეილზე უდიდესი გავლენა იქონია და ძალიან უყვარდა იმ დროისთვის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, პეტრე კონჭოშვილი, ის კახელი იყო, საბუედან, მაგრამ იმ  პერიოდში საინგილოში მოღვაწეობდა. მოგვიანებით‚ ისინი დანათესავდნენ კიდეც, პეტრეს ძმისშვილი, სოფიო მიხეილ ყულოშვილის ვაჟზე გათხოვდა. 1870 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მიხეილ ყულოშვილს მღვდლად დაასხა ხელი და ვართაშენის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1874 წლის 1 სექტემბრიდან 1878 წლის 21 დეკემბრამდე სოფელ ვართაშენის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო. 1875 წლის 28 ოქტომბერს კი საგვერდულით დააჯილდოეს. 1881 წლის 5 იანვარს საინგილოს ოლქის მთავარხუცესის, მღვდელ დავით უტიაშვილის ლოცვა-კურთხევით გაიგზავნა ახლად მონათლული ინგილოების სულიერ მოძღვრად. 1882 წლის 6 ივნისს კახის ეკლესიის მეორე მღვდლად დაადგინეს. 1888 წლის 18 მარტს საქართველოს ეგზარქოსის პალადის (რაევი) ლოცვა-კურთხევით‚ საინგილოს ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1889 წლის 4 თებერვალს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სამახსოვრო ჯვრით დააჯილდოვა. 1889 წლის 16 მაისს საინგილოს ოლქის მისიონერის, მღვდელ-მონაზონ ლეონიდეს (ოქროპირიძე) თხოვნით‚ კახის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა და ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა. მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1888-1904 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში, რომლის აღდგენაც ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას ძალიან უნდოდა, თუმცა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლების ბოლოს ქურმუხის ეკლესიის აღდგენის მიზნით ფულის შეგროვება დაიწყეს და ამ საქმის ინიციატორი სწორედ მღვდელი მიხეილ ყულოშვილი იყო. 1891 წელს „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ“ სოფელ თასმალოში წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. 1892 წლის 16 მაისს მამა მიხეილი ამ ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და 18 მაისს სკუფია უბოძეს. 1894 წლის 9 ოქტომბერს თასმალოს ეკლესია საზეიმოდ იკურთხა. ეს ეკლესია კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ეს ძველი ქართული სოფელი მთლიანად მუსლიმანებით იყო გარშემორტყმული, ამიტომ‚ ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. ახლადმოქცეული მუსლიმი სასულიერო პირები განსაკუთრებით ავიწროვებდნენ. მამა მიხეილი კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა თასმალოში და საჭიროების შემთხვევაში, იქ რჩებოდა. შესაბამისად‚ მას მოღვაწეობა მეტად რთულ პირობებში უწევდა. მამა მიხეილმა ძალიან კარგად იცოდა ყურანი და მოლებთან პაექრობაში, უპირატესობით გამოირჩეოდა. ძალიან კარგ შედეგსაც მიაღწია – ისინი‚ ვისაც ფანატიზმით არ ჰქონდათ გონება დაბნელებული, მამა მიხეილთან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლად ინათლებოდნენ. 1900 წლის მონაცემებით‚ თასმალოს მართლმადიდებლური სამრევლო 22 კომლისგან შედგებოდა. ასეთ რთულ პირობებში და მოკლე დროში 22 ოჯახის მოქცევა მამა მიხეილის წარმატებულ მისიონერულ მოღვაწეობაზე მეტყველებს.
სარწმუნოებისთვის თავდადებული  სასულიერო პირი  და მისი სასტიკი წამების დეტალები
მამა მიხეილი შრომისმოყვარე და ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. ხანშიშესულ ხალხს დღესაც ახსოვს‚ როგორ უვლიდა ის კარ-მიდამოს. უყვარდა თავისი ხალხი, რჩევა-დარიგებას აძლევდა მათ, საექიმო საქმეც შეეძლო და თუ ვინმე გაჭირვებულს დაინახავდა, მისი პირველი დამხმარე და შემწე ხდებოდა. 1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, საინგილოში პოლიტიკური მდგომარეობა ძლიერ დაიძაბა. რუსეთის იმპერიის რღვევას დადებითთან ერთად უარყოფითი მოვლენებიც მოჰყვა – მატერიალური გაჭირვება, პოლიტიკური არეულობები. საქართველოს წარმომადგენლებმა შიშის გამო ზაქათალის ოლქი მიატოვეს და საქართველოსთან ყველანაირი მიმოსვლა და კავშირი შეწყდა. ჩაიკეტა გზები. იმ დროს მუსავატების მოძრაობა იყო და ისინი დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ფაქტობრივად‚ ტერორისტული ორგანიზაცია გახლდათ. თურქი ასკერების მხარდაჭერით, აზერბაიჯანელმა მუსავატელმა პანთურქებმა მთელი ტერიტორია დაიპყრეს, ოლქის სოფლებში პროთურქული რაზმები დადიოდნენ და ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას აიძულებდნენ. დაარბიეს და ამოწყვიტეს სომხური სოფლები. ვინც გადარჩა, ინგილოების დახმარებით‚ ალაზნის გაღმა, საქართველოში გადმოვიდნენ და შირაქში დასახლდნენ. უკვე ინგილოების განადგურების ჯერი დადგა. ხალხი შიშმა მოიცვა, ბევრი ტყე-ღრეში გაიქცა თავის შესაფარებლად. მუსავატებმა ძარცვა-გლეჯასა და მკვლელობას მიჰყვეს ხელი. ბუნებრივია‚ მამა მიხეილ ყულოშვილის სიცოცხლეც, რომელიც ამ რეგიონის სულიერი მოძღვარი იყო, საფრთხის წინაშე დადგა. ქრისტიანი მღვდელი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქრისტიანულ სოფლებში: კახში, ალიბეგლოში, ყორაღანში, მარსაში, თასმალოში, ალათემურში და სხვაგან. მისი სჯეროდათ, მის აზრს პატივს სცემდნენ. მღვდელს სარწმუნოების შეცვლის გაგონებაც არ უნდოდა. ქრისტიანობის უარყოფასა და მუსლიმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ მეორედ ამისთვის აღარ მისულიყვნენ. მიუხედავად მუსავატთა მუქარისა, მამა მიხეილი ყოველდღე უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა. ის სახარებისეულ გამოთქმას იშველიებდა – კეთილი ბოროტზე მუდამ იმარჯვებსო. 1917 წლის 1 ნოემბერს მამა მიხეილი სამრევლოში ჩავიდა. წირვის დამთავრების შემდეგ ცხენი შეკაზმა და სახლისკენ გზას გაუდგა. მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. სოფლის ხიდთან ერთი დაღონებული კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად გაყოლა სთხოვა. ბუნებით კეთილი ადამიანი მაშინვე მიენდო უცნობს, არც უფიქრია, რომ ატყუებდა. როდესაც ავადმყოფთან მივიდა, კართან არავინ შეეგება, მაგრამ გაბედულად შევიდა სახლში. იატაკი წინასწარ იყო ახდილი და რომ არავინ მიხვედრილიყო, მასზე დიდი ფარდაგი გადაეფარებინათ. მამა მიხეილმა ფეხი დააბიჯა თუ არა, ფარდაგიანად სარდაფში ჩავარდა, სადაც მოსყიდული მკვლელები იყვნენ ჩასაფრებულები. მათ მღვდელი შებოჭეს და თავდაპირველად, ტკბილად დაელაპარაკნენ. სარწმუნოების შეცვლა სთხოვეს, რათა შემდეგ გაქრისტიანებული ინგილო ხალხი მუსლიმანობაზე მოექცია. მამა მიხეილი‚ რა თქმა უნდა‚ არ დასთანხმდა, მაშინ ხანჯლებით დაადგნენ თავზე, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს მამა მიხეილს უთქვამს: „ვიცი, რომ სიკვდილის პირას ვარ, მაგრამ მე ჩემს სარწმუნოებას ურჯულოთა რჯულზე არ შევცვლი. ადამიანის სიცოცხლის ბოლო მაინც სიკვდილია, ამიტომ‚ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“. დაე, მომკალით წმიდა სამებისთვის. სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ თქვენს საზიზღარ სარწმუნოებას – სადაც დედისა და დის მეტს არავის ცნობთ. ძმა ძმის ცოლს ირთავს, არ იცით სისხლით ნათესაობა. გაქვთ ჩამორჩენილი კულტურა...” ჯალათებმა მამა მიხეილს სიტყვის დასრულება არ დააცალეს, პირჯვრის გადაწერაც ვერ მოასწრო, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს. როგორც კი შებინდდა, მაშინვე მისი გვამი შავ სუდარაში შეახვიეს, ურემზე დადეს და უღრან ტყეში წაიღეს. უპატრონოდ დარჩენილი ცხენი ჭიხვინით გამოიქცა სოფელში და ხალხი ყველაფერს მიხვდა. მამა მიხეილის მკვლელობის ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ საქართველოში. გაზეთ „საქართველოს“ 1918 წლის მეექვსე ნომერში ვინმე „ვ-ლი“-ის ფსევდონიმით წერდა: „ამას წინათ აქ ვერაგულად მოკლეს ინგილო მღვდელი, გავლენიანი და ფრიად პატივცემული მოხუცი მიხეილ ყულოშვილი, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია არამცთუ საინგილოში, არამედ მის გარეთაც. მამა მიხეილი უკვალოდ დაიკარგა ნოემბრის პირველს სოფელს მარსანში, რომელიც დასახლებულია მუსლიმან-ინგილოთაგან. 18 დღის ძებნის შემდეგ გვამი მღვდლისა ვიპოვეთ სოფელ მარსანის ახლო ტყეში, ძველი ნახშირის საწვავ ორმოში ჩაგდებული. ნახევრად გახრწნილი გვამი რომ ამოიღეს,  მნახველთ საშინელი სურათი წარმოუდგათ: ხელები გაკრული ზურგზედ, ხანჯლის ჭრილობა გულის ზემოთ, ყელი გამოჭრილი და კისრის ხერხემლის ძვლები დაკეპილი. ექიმების გამოკვლევით, ხელგაკრული მღვდელი დაუწვენიათ მარცხენა გვერდზე და მარჯვენა მხრით დაუწყიათ ხანჯლით (ან ცულით) ცემა და ნახევარზედ მოუშორებიათ კისერი. კუჭის გასინჯვამ აღმოაჩინა, რომ მღვდელი რამდენიმე დღე მშიერი ჰყოლიათ დამწყვდეული. არის ნიშნები, რომ გვამის დაწვა სდომებიათ ორმოში, მაგრამ ცეცხლი მალე ჩამქრალა. ამ მხეცური მკვლელობის ჩამდენნი ხალხმა იცის, მაგრამ ვერ უთქვამს, რადგან მთავრობა არ არის და გამჟღავნებისთვის შურისძიების ეშინიათ. მღვდელი მიხეილ ყულოშვილის გვამი მრავალი ხალხის თანდასწრებით დაკრძალული იქნა კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში... ეჭვი არ არის, რომ მხეცური მკვლელობა ჩადენილია სარწმუნოებრივ ნიადაგზე. სიცოცხლის დროსვე მუსლიმანები ხან ემუქრებოდნენ მღვდელ ყულოშვილს ჩვენს სჯულზე გადმოდი, თორემ ინანებო, ხან გამოცვლისთვის ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ. განსაკუთრებით მოლები ემტერებოდნენ, რადგან უკანასკნელმა კარგად იცოდა მაჰმადის სჯული, ყურანის ახსნა და ხშირად ამხელდა მოლების უვიცობას. მუქარას უთვლიდნენ მუსლიმანები ქრისტიან-ინგილოთაც და ძალათ უნდათ მაჰმადიანობა მიაღებინონ. საჭიროა, ქართველობამ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს მათ გაჭირვებულ მდგომარეობას და ეხლავე ზომები მიიღოს ინგილოთა განსაცდელისგან დახსნისთვის, თორემ მერე გვიანი იქნება...”
დიდხანს იგლოვდნენ მღვდლის გარდაცვალებას. დასაფლავებას ინგილო ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანებიც ესწრებოდნენ. ეს ფაქტი ყველამ დაგმო, რადგან ეს არ იყო მხოლოდ სარწმუნოებრივი დაპირისპირება, პოლიტიკური დაპირისპირების სახეც ჰქონდა. ალათემურის თავიდან კახამდე მოყოლებული გზები მრევლით იყო სავსე და როგორც პროფესორი მოსე ჯანაშვილი იგონებდა, ყველა აღეშფოთებინა სულიერი მამის მკვლელობას. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ფაქტზე ვიღაცეები დააპატიმრეს, მაგრამ მათი კანონიერი გზით დასჯის შესახებ არაფერია ცნობილი, რადგან განუკითხავი დრო იყო. მამა მიხეილი გამორჩეული რუდუნებითა და პატივისცემით მიასვენეს კახის წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში და საინგილოს დიდი ეროვნული გმირის, ივანე-ბაბა ბულუღაშვილის გვერდით, საინგილოს პანთეონში დაკრძალეს.

скачать dle 11.3