კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-36(610)

შავი „მერსედესი” დიდი სისწრაფით მიუყვებოდა ჩაბნელებულ გზატკეცილს. საჭესთან ჯაბა იჯდა. მის გვერდით, სავარძელზე გადაწოლილი ლუკა აუჩქარებლად ფურცლავდა საქაღალდეს, რომელიც გუსმანმა მისცა.
საქაღალდეში ჩვეულებრივი ოპერატიული მონაცემები იყო თავმოყრილი, რომლის მსგავსიც ლუკას მრავალჯერ ენახა. პირველი თავდასხმა ორი კვირის წინ იყო მომხდარი. ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა სახლიდან გამოსვლისას ავტომატებით დაცხრილა მიხეილ ტროშკინი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ტროშკინი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალნენ. მანქანა მოგვიანებით ორიოდე კვარტალის იქით, ყრუ ჩიხში მიტოვებული აღმოაჩინეს. ოპერატიული მონაცემებით, ის წინა დღეს იყო გატაცებული. შემდეგ მოდიოდა შემთხვევის ადგილის ტრადიციული აღწერა, გვამის მდგომარეობა, მასრების რაოდენობა და ასე შემდეგ. ლუკას ყოველივე ეს უინტერესოდ ეჩვენა და თვითმხილველების ჩვენებებზე გადავიდა. ტროშკინზე თავდასხმას რამდენიმე შემთხვევითი გამვლელი შეესწრო და მათი ჩვენებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს:
„შავლაბადიანი მამაკაცი სადარბაზოდან გამოვიდა. მის გვერდით მოულოდნელად შეჩერდა ლურჯი „ბეემვე”. მანქანიდან ორი ნიღბიანი და ავტომატებით შეიარაღებული მამაკაცი გადმოხტა. მათ გაუფრთხილებლად გახსნეს ცეცხლი და შავლაბადიანი მამაკაცი დაცხრილეს. როგორც კი ის წაიქცა, ერთ-ერთმა მათგანმა რამდენიმე ტყვია დაახალა თავში. ამის შემდეგ ორივე მანქანაში ჩასხდა, „ბეემვე” საბურავების წივილით დაიძრა ადგილიდან და მოსახვევში მიიმალა...”
მოკვლევა უკრაინის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამსახურის მიერ იყო ჩატარებული. გამოძიებასაც იგივე უწყება აწარმოებდა, მაგრამ, ამ ეტაპზე თავდამსხმელთა ვინაობა ძიებისთვის  უცნობი იყო.
მეორე თავდასხმა უფრო სისხლიანი გამოდგა. ამჯერად თავდამსხმელებმა დისტანციური მართვის ნაღმით ააფეთქეს მანქანა, რომლითაც უკრაინული „ნეფტოგაზის” სამეთვალყურეო საბჭოს თანამშრომლები მგზავრობდნენ. აფეთქებისას დაიღუპა ერთი, სამმა მძიმე დაზიანებები მიიღო, ერთი მათგანი კი სამუდამოდ დახეიბრდა. თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. მანქანა მოძრაობდა, შემდეგ კი მოულოდნელად აფრინდა ჰაერში. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან, დისტანციურად მართული ნაღმის ამოქმედება შორი მანძილიდანაც იყო შესაძლებელი. ისევე, როგორც პირველი შემთხვევისას, ძიებისთვის ამჯერადაც უცნობი დარჩა აფეთქების ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ვინაობა. ექსპერტების შეფასებით, ნაღმი რუსული წარმოებისა იყო, მაგრამ, იმავე სისტემის მოწყობილობებს უკრაინული სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიც იყენებდნენ.
მომდევნო თავდასხმისას სამიზნე „ნეფტოგაზის“ საინვესტიციო ფონდის დირექტორი იყო. მასაც, ისევე, როგორც ტროშკინს, საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ.  ფონდის დირექტორს თან პირადი მცველები ახლდნენ, მაგრამ ამან  თავდამსხმელები ვერ შეაჩერა და მათ შორის მოხდა შეტაკება. ურთიერთსროლისას ფონდის დირექტორი და ერთ-ერთი მცველი დაიჭრნენ. ასევე დაიჭრა ერთი თავდამსხმელი, მაგრამ სამართალდამცველებისთვის საუბედუროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ასე რომ, მისთვის ერთი კითხვის დასმაც ვერ მოასწრეს. მოგვიანებით გამოძიებამ მისი ვინაობა გაარკვია. ის აღმოჩნდა კიევის მკვიდრი კონსტანტინე ბაბიცკი. ბაბიცკი წარსულში სპეცნაწილებში მსახურობდა. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციისას მიიღო ტრავმა და ამის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. მას შემდეგ არც ერთ სახელმწიფო უწყებაში აღარ უმუშავია. გამოძიების მონაცემებით, ის ერთი-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა კიევის მკვიდრი ლეონიდ კლიმოვი, იგივე „კლიმი”. ჰქონდა თუ არა უშუალო კავშირი კლიმოვს თავდასხმების სერიასთან, გამოძიებისთვის უცნობი იყო, რადგან, მისი ადგილსამყოფლის დადგენა ვერ ხერხდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, ის უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
მასალები კლიმოვის მოკლე დახასიათებით მთავრდებოდა:
„ლეონიდ კლიმოვი, 45 წლის. სამართალში არ ყოფილა. ყოფილი სპორტსმენი. მოცურავე, სპორტის დამსახურებული ოსტატი. რამდენიმე წელი იყო უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრი. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ დაკავდა ბიზნესით. ამჟამად მის საკუთრებაშია კომპანია „ვეგასი”, რომელიც კიევსა და ოდესაში ფლობს რამდენიმე რესტორანს, სასტუმროსა და კაზინოს. ასევე, მის საკუთრებაშია ბანკ „პრესტიჟის” აქციების ოცი პროცენტი. გარკვეული ინტერესები აქვს ენერგეტიკის სფეროში. არაოფიციალური მონაცემებით, აკონტროლებს „კრეშჩატიკის საძმოს” სახელით ცნობილ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც, ძირითადად, ყოფილი სპორტსმენებისა და სამხედროებისგან შედგებოდა. ასევე არაოფიციალური მონაცემებით, კლიმოვს ახლო კავშირი ჰქონდა რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან. ზოგი მონაცემი კი იმაზე მიუთითებდა, რომ ის აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის „ეფესბესთნ”.
თავად ლუკას არასდროს უნახავს კლიმოვი, თუმცა მის შესახებ საკმაოდ ბევრი სმენოდა. ორი წლის წინ კლიმოვი ოდესელ კანონიერ ქურდს, ხარლამოვს დაუპირისპირდა. დაპირისპირების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ კი ოდესელი ქურდი მანქანაში ააფეთქეს. ხარლამოვის ახლო მეგობარი, ასევე კანონიერი ქურდი, ოზეროვი, ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ აფეთქება კლიმოვის ორგანიზებული იყო, მაგრამ, სულ ცოტა ხანში, ოზეროვი უკვალოდ გაქრა. მისი ასავალ-დასავალი ვერც ქურდებმა გაარკვიეს და ვერც სამართალდამცველებმა. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ორივე ქურდის მკვლელობა კლიმოვს უკავშირდებოდა,  მაგრამ, ამის დამტკიცება არავის შეეძლო. ამიტომაც, ოდესელმა ქურდებმა უარი თქვეს შურისძიებაზე იმ დრომდე, ვიდრე კლიმოვი რამე შეცდომას არ დაუშვებდა.
– რა ხდება? – ჰკითხა ჯაბამ, როგორც კი ლუკამ საქაღალდე დახურა.
– კარგი არაფერი. ამათ ნაღდი ომი წამოუწყიათ – ავტომატებით სროლა, ნაღმების აფეთქებები და ასე შემდეგ.
– მომისმინე, ლუკა, – განაგრძო ჯაბამ, – რაში გვჭირდება მაგათ რაზბორკებში შეტენვა? ჯობია, ჩვენს საქმეს მივხედოთ. საცაა ეკას ამბავი მოგვარდება, მერე კი მივაფურთხოთ ყველაფერს და უცხოეთში დავახვიოთ. წავიდეთ ევროპაში – საფრანგეთში ან ჰოლანდიაში, თუ გინდა – კანადაში.
– არ გამოვა, – თავი გააქნია ლუკამ.
– რატომ? – გაუკვირდა ჯაბას.
– უკრაინიდან ჩვენი გაძევება მათი გამარჯვების  პირველი ნაბიჯია. როცა შორს დაგვიგულებენ, „ვერშინას” ჩაძირავენ, მე კი, სანამ ცოცხალი ვარ, არავის დავუთმობ საქმეს, რომელსაც ნაინა, დადა, ვოლინა და ჩვენი დანარჩენი ძმები შეეწირნენ! ეგეც რომ არ იყოს, ჩვენი ცხოვრება მაინც არ მოგვეშვება – სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან გამოჩნდება ვინმე, ვისაც რაღაც არ მოეწონება ჩვენი, ან – ჩვენ არ მოგვეწონება მისი და ყველაფერი თავიდან დაიწყება.
– ასპროცენტიანი ხარ, – თავი დაუქნია ჯაბამ, – ახვრებს რა გამოლევს ამქვეყნად!
– ჰო... ასეა... ჩვენ არც ინჟინრები ვართ, არც ექიმები და არც სპორტსმენები. პროფესიას ვერ შევიცვლით. ჩვენ ერთხელ დავადექით გზას, რომლიდან გადახვევა სიკვდილის ტოლფასია. ჩვენ ვივლით ბოლომდე, მანამ, სანამ არ დავიხოცებით!
– კარგი რა, ლუკა, ნუ მგრუზავ! ეგ არც პირველია და არც უკანასკნელი! ის მაინც მითხარი, ამჯერად ვისთან გვაქვს საქმე?
– „კლიმი” გსმენია?
– კიეველ ნაბოზარს გულისხმობ? – ჰკითხა ჯაბამ.
– ჰო, – დაუდასტურა ლუკამ.
– მაგან დახოცა ხარლამოვი და ოზეროვი, – გაიხსენა ჯაბამ.
– მაგან დახოცა, მაგრამ, ოდესელებმა იცოდნენ, რომ კლიმოვის უკან „ეფესბე” იდგა და მოცდა გადაწყვიტეს.
– მასთან სიტყვა არ გაჭრის. სისხლს დაგვაღვრევინებს! – ცივად ჩაილაპარაკა ჯაბამ.
– ვიცი... – უპასუხა ლუკამ, შემდეგ მოხერხებულად მოეწყო სავარძელზე, თვალები დახუჭა და ფიქრს მიეცა.
* * *
მალიშევი  მეგობრულად შეეგება კლიმოვს, მოიკითხა და ჟურნალების მაგიდასთან მიიწვია.
– საქმე გაიწელა, კლიმ, – წამოიწყო მალიშევმა, როგორც კი სტუმარი სავარძელში მოეწყო.
– ჩემი ხალხი შენ მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებს. მათ მიმართ რაიმე პრეტენზია ხომ არ გაქვს? – ჰკითხა კლიმოვმა.
– როგორც ნათქვამია, გარდაცვლილზე ან  კარგს ამბობენ, ან – არაფერს!
– ბაბიცკის გულისხმობ?  – კლიმოვი უმალ მიხვდა, ვისზეც მიანიშნებდა მასპინძელი.
– ჰო. მე თავიდანვე გაგაფრთხილე, რომ საქმეზე ყველაზე გამოცდილი ხალხი გაგეგზავნა.
– ბაბიცკი ყოფილი „სპეცნაზელი” იყო. მაგაზე გამოცდილი ადამიანი სასტავში არ მყავს და – უკმაყოფილოდ უპასუხა კლიმოვმა, – მე არასოდეს ვცდები ხალხის შერჩევაში. კარგად ვიცი, რა შეუძლიათ და რა – არა!
– მართლა?!  – ირონიით უპასუხა მალიშევმა, – მაშინ, იქნებ ამიხსნა, როგორ მოხვდა შენი ნაქები „რემბო“ მორგის საყინულეში?!
– ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, ბორია! – ხმა გაიმკაცრა კლიმოვმა.
– ცოცხალი რომ გადარჩენილიყო, მართლაც არ იქნებოდი ხუმრობის ხასიათზე! – შენიშნა მალიშევმა, – ასეთი საქმისთვის უკრაინა სამუდამოდ გამოგაცხადებდა „პერსონა ნონ გრატად”!
– რად გვინდა იმის გარჩევა, რაც არ მომხდარა? ჰო, ბაბიცკი შეცდა, მაგრამ, თავის შეცდომაზე უკვე აგო პასუხი. რომ არ მომკვდარიყო, საკუთარი ხელით დავახლიდი ტყვიას! – მალიშევმა პაუზა გააკეთა და მერე განაგრძო: – მოდი, თავი გავანებოთ წარსულს და მომავალზე ვიფიქროთ.
– არა, ლეონიდ. ბაბიცკის საქმეს ასე მარტივად ვერ გადავდებთ გვერდზე. მე მგონი უკრაინის პროკურატურას არ გაუჭირდებოდა მისი ვინაობის დადგენა.
– არ გასჭირვებიათ. იმ დღესვე დაკითხეს ჩემი კაზინოს თანამშრომლები, – უპასუხა კლიმოვმა.
– რა შუაშია კაზინო? – ჰკითხა მალიშევმა.
– ოფიციალურად ბაბიცკი ჩემი კაზინოს დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო.
– იარაღის ტარების ნებართვის მიღება სხვანაირად ვერ მოახერხე? – ირონიით თქვა მალიშევმა.
– ხომ გითხარი, არ ღირს ამაზე დროის დაკარგვა. კაზინო პასუხს არ აგებს თავის თანამშრომლებზე. ბაბიცკი ყოფილი სპეცრაზმელია. კაზინოს მშვიდი ვითარება არ შეესაბამებოდა მის ტემპერამენტს, არ აკმაყოფილებდა მცველის ხელფასიც. ამ დროს გამოჩნდა ვიღაც და მას „ნეფტოგაზის“ საინვესტიციო ფონდის დირექტორზე თავდასხმა შესთავაზა. ბაბიცკიმ სიხარულით მიიღო წინადადება, რომელიც „ორთქლის გამოშვების“ და, ამასთან ერთად, ფულის შოვნის შესაძლებლობასაც აძლევდა, მაგრამ, არ გაუმართლა – ფონდის დირექტორის ყოჩაღმა მცველებმა გააგორეს. ბაბიცკი მოკვდა და შემკვეთის სახელიც საფლავში ჩაიყოლა!.. – სულ ეს არის მთელი ისტორია. მის მოსაყოლად ნახევარი წუთიც არ დამიკარგავს და, თან, ერთხელაც არ მიხსენებია კაზინოსი და კომპანიის მფლობელი. ასე რომ, შეგიძლია, სამუდამოდ დაივიწყო ბაბიცკი და მის მიერ ჩაფლავებული საქმე!
– საინტერესო ვერსიაა. მაგრამ, მე შენი კი არა, ის ვერსია მაინტერესებს, რომელსაც უკრაინის პროკურატურა ამუშავებს.
– მაკვირვებ, ბორია, – ხელები გაშალა კლიმოვმა, – ერთი შეხედვით, მე უნდა ვღელავდე – ვაითუ პროკურატურაში მართლაც მოუვიდეს ვინმეს აზრად ამ საქმის ჩემთან დაკავშირება და უფრო მონდომებით დაიწყოს ქექვა. მაგრამ, შენ რა გაშინებს?
– მომავალი! – მოკლედ მიუგო მალიშევმა.
– რას გულისხმობ მომავალში? – ჰკითხა კლიმოვმა.
– ფსონი უნდა გავზარდოთ, ლეონიდ. შენი ხალხის მიერ განხორციელებული აქციები მავანს საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში ვერ დაეხმარა. მართალია, ჩვენი მომხრეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ, არის პიროვნება, რომელიც გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევს.
– ვინ?
– გუსმანი!
–  შენ გინდა, რომ... – კლიმოვმა გაოცებული მზერა მიაპყრო.
– ჩვენ გვინდა! – შეუსწორა მალიშევმა.
– გუსმანი სერიოზული ფიგურაა. ობივატელებს ის ბუნჩულა, უწყინარ ბიძად მიაჩნიათ, მაგრამ, მე კარგად ვიცი, რა გავლენაც აქვს მთავრობაზე და მთლიანად ქვეყანაზე. ეს, შეიძლება ცუდად დამთავრდეს!
– აქციები ევროპაში თუ წავიდა, მართლაც ცუდად იქნება საქმე! – ცივად შენიშნა მალიშევმა.
– იმ თავდასხმების შემდეგ, ყველა ჩინოვნიკს, რომლებიც „ნორდსტრიმის“ საქმეს უკავშირდებიან, განსაკუთრებით იცავენ. მათ შორის გუსმანი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.
–  ვიცი და ამიტომაც გითხარი, რომ ბაბიცკიმ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა. მე კარგად ვიცნობ საგამოძიებო სისტემას და, შემიძლია, ვივარაუდო, რასაც აკეთებს ახლა უკრაინის პროკურატურა. გასაგებია, რომ ბაბიცკის შენ ვერ მოგაკერებენ, მაგრამ, შენი მონაწილეობის ვერსიას მაინც დაამუშავებენ. ახლა შენი სასტავიდან ვინმემ ბაბიცკის შეცდომა რომ გაიმეოროს, ვეღარაფერი გიშველის – სამხილების მოძიებას აღარ დაელოდებიან, ცოცხლად გაგხდიან ტყავს!.. – თქვა მალიშევმა.
– ეს მართლაც პრობლემაა, – უხალისოდ ჩაილაპარაკა კლიმოვმა.
– უფრო მეტიც: მაგ საქმეს ჩემი უწყების სახელი თუ მიეკერა, უკრაინელებზე ადრე მე მოგიღებ ბოლოს! – დაუფარავი მუქარით განაგრძო მალიშევმა.
– შეურაცხყოფას მაყენებ! – ბრაზი მოერია კლიმოვს.
– არ გინდა, ლეონიდ! ვიცი, შეუპოვარი ადამიანი რომ ხარ. მაგრამ, ისიც ვიცი, რომ სერიოზულ პრესს ბოლომდე ვერავინ უძლებს. მით უმეტეს – ასეთ საქმეზე!
– რას მთავაზობ?
– გუსმანის საქმეზე სხვა სასტავი წავა – ისეთი ხალხი, რომლებიც, ჩავარდნის შემთხვევაში, შენზე ვერაფერს იტყვიან. ისე, მათი ჩავარდნა მომგებიანიც კი იქნება შენთვის. უკრაინის პროკურატურა თავისთავად გადაერთვება სხვა ვერსიაზე, – უპასუხა მალიშევმა.
– რომელ სასტავს გულისხმობ? – დაინტერესდა კლიმოვი.
– ჩვენს საერთო ნაცნობებს – ციგანოვსა და მარჩუკს. გუსმანის საკითხს ისინი მოაგვარებენ, – მალიშევმა კედლის საათს გახედა, – საცაა ისინიც შემოგვიერთდებიან.
– აქ მოვლენ? – მოიღრუბლა კლიმოვი.
– ჰო... რა არ მოგწონს? – ჰკითხა მალიშევმა.
– ჩვენ შევთანხმდით, რომ სხვა ხალხთან საქმე არ მექნებოდა. არ მინდა, რომ ერთად გვნახონ!
– მე მინდა! – ცივად მოუჭრა მალიშევმა.
– რისთვის? – გაუკვირდა  კლიმოვს.
– ვატყობ, რომ ეშინიათ, საქმეში შენი მონაწილეობა კი გაბედულებას შეჰმატებთ.
– ბორია, ასე ვერ შევთანხმდებით. უკვე მერამდენედ არღვევ პირობებს!
– პირობებს ვარღვევ?! – იწყინა მალიშევმა, – როდის და რაში გადაგაგდე?!
– შენ დამპირდი, რომ საქმეში ხარკოველ ქურდს, გეგეშიძეს ჩართავდი, მის ნაცვლად კი ორ მოსკოველ ნაბოზარს მატენი! – უკმაყოფილოდ უპასუხა კლიმოვმა.
– გეგეშიძე იმაზე ჯიუტი გამოდგა, ვიდრე ვვარაუდობდი, – უპასუხა მალიშევმა.
– ესე იგი, ის საქმიდან ამოვარდა?
– არა... უბრალოდ, მის მიმართ გეგმები შეიცვალა.
– შეგიძლია, ამიხსნა?
– ჩემთვის ცნობილია, რომ გეგეშიძეს გარკვეული კავშირები აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გარკვეულ წრეებში მას ყოველთვის უწევდნენ ანგარიშს, მაგრამ „ნორდსტრიმის“ საქმეში ჩართვაზე კატეგორიული უარი განაცხადა. თუმცა, იმას, რასაც ვერ მივაღწიე შეგონებით, მივაღწევ ძალით. გეგეშიძე მაინც ჩაერთვება ამ საქმეში, მაგრამ, უკვე სხვა სტატუსით.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა კლიმოვმა.
– ახლა მის მიმართ მხოლოდ ერთი ინტერესი მამოძრავებს. ეს არ არის რთული ოპერაცია. მთავარია, მან კიევს აგრძნობინოს, რომ გარკვეული ინტერესი გააჩნია „ნორდსტრიმის“ აქციების მიმართ. შემდეგ ჩვენ გუსმანის საკითხს მოვაგვარებთ. როგორ გგონია, ვის დაადანაშაულებს კიევი თავისი მაღალჩინოსნის მკვლელობაში?
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა კლიმოვმა.
– როგორც ვიცი, ბოლო ხანებში გეგეშიძეს კიევთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მთავრობამ უკრაინიდან მისი გაძევება გადაწყვიტა. ასე რომ, კიევში მას აღარავინ დაიცავს, პირიქით, კეთროვანივით გაერიდებიან. თანაც, ამ ადამიანს ერთი შესაშური თვისება აქვს – მისი მოხელთება ძალიან ძნელია. ყოველ შემთხვევაში, ეს ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. სავარაუდოდ, კიევსაც დიდხანს მოუწევს მისი დევნა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, აიყვანენ თუ ვერა, მთავარია, პროკურატურამ მასზე გადაიტანოს ყურადღება. ამ დროს კი ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ საქმეს. შემდეგ უკვე საფიქრალი არაფერი გვექნება, ყველა ცოდვა მაინც გეგეშიძესა და მის სასტავს მიეწერება.
– საშიში კაცი ხარ, ბორია, – ჩაიცინა კლიმოვმა.
– ამიტომაც გირჩევ, იყავი ჩემს მხარეს და არ წააგებ! – უპასუხა მალიშევმა.
– სხვა რა გეგმები გაქვს? თუ, საიდუმლოა?
– ჰო... არის ერთი საკითხი, რომელიც შენ უნდა მოაგვარო.
– რა საკითხი? – ჰკითხა კლიმოვმა.
მალიშევმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო – სწორედ ამ დროს ოთახში მისი მცველი შემოვიდა და მოახსენა: მოვიდნენო.
– შემოიყვანე! – უბრძანა მალიშევმა და კლიმოვს მიუბრუნდა, – მარჩუკი და ციგანოვი მოვიდნენ და უნდა შევჯორო. აქ რაც არ უნდა ითქვას, ლაპარაკში არ ჩაერიო, უბრალოდ, მოისმინე.
ორიოდ წუთში ოთახში ციგანოვი და მარჩუკი შემოვიდნენ. კლიმოვის დანახვისას ორივე კარში გაქვავდა.
– მოდით, დასხედით, – მალიშევმა ხელით ანიშნა დივანზე.
მარჩუკი და კლიმოვი უსიტყვოდ დაემორჩილნენ, დივანზე ჩამოსხდნენ და დაძაბული მზერა მიაპყრეს კლიმოვს.
– ამაზე რას მეტყვით?! – ამ სიტყვებთან ერთად  მალიშევმა ქურთუკის შიდა ჯიბიდან ორად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო. ფურცელი მარჩუკმა აიღო და კითხვას შეუდგა. ეს ოპერატიული ცნობა აღმოჩნდა. მასში დაწვრილებით იყო აღწერილი ქურდების თავყრილობა, რომელიც მარჩუკისა და ციგანოვის ინიციატივით შედგა მოსკოვში სამი დღის წინ. თავყრილობაზე იმ ავადსახსენებელ დოსიეებზე მსჯელობდნენ, რომლებიც  პროკურატურიდან დაიკარგა. ციგანოვი და მარჩუკი მოსკოველ ავტორიტეტებს გეგეშიძესთან შეხვედრასა და დოსიეების შესახებ საუბარს სთავაზობდნენ.
– ვერაფერს იტყვი, კარგად მუშაობთ, – მარჩუკმა უკმაყოფილო სახით მოჭმუჭნა ფურცელი, – მაინც, რომელმა ნაბოზარმა ჩაგვიშვა?!
–  სხვა არაფერი გაქვს სათქმელი?  – ჰკითხა მალიშევმა.
– სათქმელი რა უნდა მქონდეს? – მხრები აიჩეჩა მარჩუკმა, – აქ ისედაც ყველაფერი წერია!
– ესე იგი, სხადნიაკი მოაწყვეთ?
– მოვაწყვეთ, – დაუდასტურა ციგანოვმა.
– და, ქურდებთან გააბაზრეთ, რომ დოსიეები გეგეშიძეს აქვს?! – ხმას აუწია მალიშევმა.
– და, რა მოხდა ამით? – ჰკითხა მარჩუკმა.
–  თქვენ რა, საერთოდ გააფრინეთ? – ავად ისროლა მალიშევმა, – რომელ იდიოტს ეკუთვნოდა ეს იდეა?
– ჩვენ... ჩვენ... – ერთმანეთს გადახედეს მარჩუკმა და ციგანოვმა.
– მე გაგაფრთხილეთ, რომ ჩემთან შეუთანხმებლად ერთი ნაბიჯიც არ გადადგათ-მეთქი!
– რა ბაზარია?! – იწყინა მარჩუკმა, – ეს ჩვენი პირადი საქმეა!
– მომისმინეთ, იდიოტებო! – ბრაზით განაგრძო მალიშევმა, – იცით, რამდენი ვიწვალე, რომ დოსიეებთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა ჩამეჩუმებინა?! თქვენ კი იმდენი მოახერხეთ, რომ დოსიეების საქმესთან ერთად ცირკულარულ „სვოდკაში”  მოხვდით!.. იცით რას ნიშნავს ცირკულარი?!
– არა! – ერთხმად უპასუხეს მარჩუკმა და ციგანოვმა.
– ეს საერთო ცნობაა, რომელიც ეგზავნება ყველა ძალოვან უწყებას: „ეფესბეს”, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს!..  მე ვეღარ შევძლებ ამ ტალღის შეჩერებას. „სვოდკაში” გასაგებად წერია, რომ ბაზარი თქვენ ასწიეთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს უწყება დამუშავებაში აგიყვანთ. რას იტყვით მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელბორკილდადებულებს მიგათრევენ და გკითხავენ: მაინც, საიდან გაქვთ, ბატონებო, ეს ინფორმაციაო?! მითხარით, რას უპასუხებთ პეტროვკელ ოპერებს?
მარჩუკმა და ციგანოვმა დუმილით უპასუხეს.
– შეგიძლიათ, ამიხსნათ, რისთვის ჩაიდინეთ ეს სირობა? – განაგრძო  მალიშევმა.
– აბა, რა უნდა გვექნა, გულხელდაკრეფილები ხომ არ დაველოდებოდით, როდის მოგვაკითხავდა გეგეშიძე?! – უპასუხა ციგანოვმა.
– და ქურდების ხელით გადაწყვიტეთ  მისი თავიდან მოშორება?
– რამე გაქვს ამის საწინააღმდეგო? – ჰკითხა ციგანოვმა.
– პრინციპში, არა. მაგრამ, უკეთესი იქნება, თუ მოიცდით, – უპასუხა მალიშევმა.
– რისთვის? – ჰკითხა მარჩუკმა.
– საერთო საქმეს ასე სჭირდება. მე თვითონ გეტყვით, როცა საამისო დრო დადგება.
–  კარგი, ვთქვათ, მოვიცადეთ, მაგრამ, გეგეშიძე თუ მოიცდის?
– მოიცდის. მას თქვენთვის არ ეცლება და თქვენც ვერ მოიცლით მისთვის, – თქვა მალიშევმა, – სხვა საქმით იქნებით დაკავებულები.
– რა საქმით? – ჰკითხა ციგანოვმა.
– მოდი, შევთანხმდეთ, – საქმიანი იერით წამოიწყო მალიშევმა, – დოსიეებთან დაკავშირებული საქმის მოგვარებას ჩემს თავზე ვიღებ: პირობას გაძლევთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ შეგაწუხებთ. ისინი საერთოდ დაივიწყებენ ამ „სვოდკას”, „ეფესბესთან” კი ისედაც გარკვეული გაქვთ ურთიერთობა. სამაგიეროდ, თქვენ ერთი საკითხის მოგვარებაში დამეხმარებით.
– რა გინდა? – ჰკითხა ციგანოვმა.
– ერთმა ადამიანმა გარკვეული პრობლემები შემიქმნა.
– გინდა, რომ მოგაშოროთ? – ჰკითხა მარჩუკმა.
– მიყვარს, როცა უსიტყვოდ ესმით ჩემი, – კმაყოფილი იერით თქვა მალიშევმა.
– ვინ არის?
– ჯერჯერობით არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის ტიპი კიეველია. რაღაც დეტალებს დავაზუსტებ და შემდეგ ვილაპარაკოთ... შევთანხმდით?  – თქვა მალიშევმა.
– შევთანხმდით, – უპასუხა ციგანოვმა.
– კეთილი... მაშინ, შეგიძლიათ წახვიდეთ. რამდენიმე დღეში დაგიკავშირდებით, – თქვა მალიშევმა.
– ეს ნაღდი „სვოდკაა”?  – ჰკითხა კლიმოვმა, როგორც კი მარჩუკი და ციგანოვი ოთახიდან გავიდნენ.
– რა თქმა უნდა, არა. ჩემი არხებიდან მქონდა ინფორმაცია, რომ ამ იდიოტებმა სხადნიაკი შეკრიბეს. უბრალოდ, კარგად ვიცი, ვის რა აშინებს, დანარჩენი კი ტექნიკის საკითხია... – ამოიოხრა მალიშევმა და დაამატა – ხედავ, როგორ იდიოტებთან მიწევს მუშაობა?
– იმედი გაქვს, რომ ესენი გუსმანის საკითხის მოგვარებას შეძლებენ?
– რამდენიმე ქილერის დაქირავებას ეს ბრიყვებიც მოახერხებენ. რა თქმა უნდა, ბრმად არ ვენდობი, ჩემი არხებით გადავამოწმებ მათ კვალიფიკაციას და, თუ დავრწმუნდი, რომ შემსრულებლები არიან, „მწვანეს” ავუნთებ, – უპასუხა მალიშევმა.
– ჰო... რისი თქმა გინდოდა ჩემთვის? – შეწყვეტილი საუბარი შეახსენა კლიმოვმა.
– ერთი კაცის მეშვეობით გეგეშიძეს ჩემი დანაბარები უნდა გადასცე, – ამ სიტყვებთან ერთად, მალიშევმა ჩანთიდან ფოტოსურათი ამოიღო და კლიმოვს გაუწოდა, – ეს არის ის პიროვნება. ახლა კი ყურადღებით მომისმინე: არავითარი იმპროვიზაცია და თვითშემოქმედება. არც ერთი ზედმეტი ან ნაკლები სიტყვა, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც მე ვიტყვი... გასაგებია?
– გასაგებია, – უპასუხა კლიმოვმა და ფოტოსურათს დააკვირდა.
* * *
ვასილიჩმა ინსტინქტურად იგრძნო საფრთხე, მაგრამ, ვიდრე რამეს მოიმოქმედებდა, ორი მამაკაცი აქეთ-იქიდან ეცა. ერთმა მათგანმა პირზე ააფარა ხელი, მეორემ გვერდზე პისტოლეტის ლულა მიაბჯინა და გველივით ჩაუსისინა ყურში:
– ხმა არ ამოიღო, თორემ, აქვე გაგათავებ!..
იმავ წამს მათ გვერდით მანქანა შეჩერდა. თავდამსხმელებმა ვასილიჩი ხელისკვრით დააგდეს უკანა სავარძელზე, თვითონ კი აქეთ-იქიდან მოუსხდნენ. მანქანა მაშინვე დაიძრა ადგილიდან და დიდი სისწრაფით გაუყვა გზას.
„მორჩა, ყველაფერი დამთავრდა... ესენი მკვლელები არიან, ახლა რომელიმე მყუდრო ადგილას მიმიყვანენ და ტყვიას დამახლიან, – გულისტკივილით გაიფიქრა ვასილიჩმა, – ამათი დედაც!.. როგორ არიფივით ჩამიგდეს ხელში!..“
ამასობაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საგულდაგულოდ გაჩხრიკა და ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოაცალა. შემდეგ ტელეფონში ნომრების სიას გადახედა და ჰკითხა:
– რომელია გეგეშიძის ნომერი?
– ვისი?! – გაიკვირვა ვასილიჩმა.
– გეგეშიძეს არ იცნობ? – ირონიით თქვა თავდამსხმელმა.
– არა. არ ვიცნობ, – თავი გაიქნია ვასილიჩმა.
– ცეცხლს ნუ ეთამაშები, ვასილიჩ!.. გინდა, დამაჯერო, რომ „ვერშინის” ადვოკატს არაფერი სმენია გეგეშიძეზე?!
– არა. მე არ მითქვამს, რომ არაფერი მსმენია მასზე, უბრალოდ, არასდროს შევხვედრივარ.
– მე უფრო გონიერი ადამიანი მეგონე, – ავად ჩაილაპარაკა თავდამსხმელმა და მოწყვეტით გაარტყა სახეში.
ვასილიჩმა ენით მოისინჯა გახეთქილი ტუჩი და დაუფარავი ბრაზით მიუგო:
– და, რა მოიგე ამით?
– უბრალოდ, აზრზე მოგიყვანე... ესე იგი გეგეშიძესთან ვერ დამაკავშირებ? – ჰკითხა თავდამსხმელმა.
– უკვე გითხარი, რომ მას არასოდეს შევხვედრივარ, – გაიმეორა ვასილიჩმა.
– ვის შეუძლია მასთან დაკავშირება?
– არ ვიცი.
– ჩუმას?
– მას ჰკითხე.
– ვხედავ, რომ მართლაც მოგბეზრებია თავი! – ცივად ჩაილაპარაკა თავდამსხმელმა.
ამასობაში მანქანამ გზიდან გადაუხვია და მიტოვებული ფაბრიკის ნანგრევებში მიიმალა. თავდამსხმელები მანქანიდან გადავიდნენ და ვასილიჩიც გადაიყვანეს. ერთ-ერთმა მათგანმა პისტოლეტი შემართა, შუბლში დაუმიზნა და  თქვა:
– ნუ გამოსცდი ჩემს მოთმინებას. კიდევ გაგიმეორებ: დამაკავშირებ თუ არა გეგეშიძესთან?
– ვერა, – ჯიუტად გაიმეორა ვასილიჩმა.
– გეგეშიძის უფრო გეშინია, ვიდრე სიკვდილის?! – ცივი ღიმილით ჰკითხა თავდამსხმელმა.
ვასილიჩმა დუმილით უპასუხა.
– კარგი... იცოცხლე, მაგრამ, ერთი პირობით, – თავდამსხმელმა პისტოლეტი დაუშვა, – გეგეშიძეს ჩემს დანაბარებს გადასცემ. პირობას გაძლევ, რომ თვითონაც დაინტერესდება – საქმე მის საყვარელს ეხება...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3