კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რატომ არ დაეხმარა სტალინი თავის მასწავლებელს, კალისტრატე ცინცაძეს პატიმრობიდან თავის დაღწევაში

იოსებ სტალინი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეზე 12 წლით უმცროსი იყო. კალისტრატე ცინცაძემ კიევის სასულიერო აკადემია 1892 წელს დაასრულა, იოსებ ჯუღაშვილი კი ორი წლის შემდეგ – 1894 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მღვდელი კალისტრატე ცინცაძე, დიდუბის ეკლესიაში მოღვაწეობის პარალელურად, ერთხანს თბილისის სასულიერო სემინარიაშიც ასწავლიდა. სწორედ აქ შეხვდნენ ერთმანეთს პირველად მომავალი ზესახელმწიფოს – საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული მბრძანებელი იოსებ სტალინი და საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე. დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან მასწავლებელსა და მოსწავლეს, სამაგიეროდ, დადასტურებულია ის, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიასთან და საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად 1922 წლიდან დევნილ, ხოლო შემდეგ პატიმრობაში მყოფ მღვდელ კალისტრატე ცინცაძეს სტალინი არ დახმარებია. ცხადია, სტალინს ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიასთან ერთად მსჯავრდებული იყო მღვდელი კალისტრატე ცინცაძე, მაგრამ, იმხანად სტალინს არ შეეძლო სხვა მსჯავრდებულებისგან საკუთარი მასწავლებლის გამოყოფა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. ეს, ალბათ, კარგად უწყოდა კალისტრატე ცინცაძემაც და ამიტომ იყო, რომ თხოვნით სტალინი არც შეუწუხებია.
მიუხედავად ბოლშევიკური სიმკაცრისა, კალისტრატე ცინცაძე პირნათლად ასრულებდა ჯერ ქაშუეთის წმიდა გიორგის წინამძღვრის, ხოლო შემდეგ (1925 წლიდან) მღვდელმთავრის მოვალეობას. კალისტრატე ცინცაძემ შეურიგებელი პოზიცია დაიკავა, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესია, ისევე, როგორც ყველა სხვა მოქმედი თუ დახურული ეკლესია, ასევე, მიწის ნაკვეთი, შენობა, წმიდა წიგნები, წმიდა ხატები და სხვა, სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში ედავებოდა კალისტრატე ცინცაძეს ქაშუეთის ეკლესიაში დაცული განძეულობის გადამალვის გამო. ქაშუეთის წინამძღვარი მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე, რაც, ცხადია, აღიზიანებდათ საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუ გავიხსენებთ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ავბედით ეპოქას, დიდ გაბედულებად უნდა ჩაითვალოს მეუფე კალისტრატეს მიერ 1938 წლის 31 აგვისტოს ლავრენტი ბერიასთვის გაგზავნილი წერილი. მეუფე კალისტრატე წერდა, რომ საქართველოს სიძველეთა კომიტეტის მიერ ქაშუეთის ეკლესია აყვანილი იყო აღრიცხვაზე. ამასთან დაკავშირებით, მეუფე კალისტრატე საკმაოდ გაბედული და სახიფათო თხოვნით მიმართავდა ბერიას: „კადნიერად მივაქცევ რა თქვენს განათლებულ ყურადღებას ზემოაღნიშნულზედ, პატივისცემით გთხოვთ განკარგულებას ქვაშვეთის სამრევლოს განკარგულებაში დატოვებისათვის.” მოულოდნელად ლავრენტი ბერიამ უკან დაიხია და კალისტრატე ცინცაძის თხოვნას შემდეგი რეზოლუცია დაადო: „გთხოვთ, გვაცნობოთ, არსებობს თუ არა რაიმე ოფიციალური წყარო ქვაშვეთის ეკლესიის დახურვის შესახებ”. ამის შემდეგ მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ ქაშუეთის ეკლესიას საქართველოს საპატრიარქოს ჩამოართმევდნენ და დაანგრევდნენ, შეწყდა. ძნელი სათქმელია,  ასეთი გაბედული ნაბიჯების გადადგმისას, საბჭოთა ხელისუფლებასთან მუდმივი დაპირისპირებისას,  ჰქონდა თუ არა კალისტრატე ცინცაძეს იოსებ სტალინის მფარველობის იმედი. ყოველ შემთხვევაში კალისტრატე ცინცაძე, ჯერ როგორც დეკანოზი, ხოლო შემდეგ – როგორც მეუფე, ძალზე გაბედულად და შეუპოვრად მოქმედებდა.
უფრო მეტი მასალაა სტალინისა და კალისტრატე ცინცაძის ურთიერთობის შესახებ საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის (1941-1945 წლები) პერიოდიდან. 1917-1943 წლებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ ცნობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ომის წლებში, სტალინის ნებითა და ინიციატივით, ცვლილება განიცადა საბჭოთა ხელისუფლების საეკლესიო პოლიტიკამ. ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთის ეკლესიის მეუფეებთან შეხვედრისას, სტალინმა რუსეთში პატრიარქობის აღდგენის იდეა წამოაყენა და 1943 წლის სექტემბერში რუსეთში აღდგა პატრიარქობა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი სერგი (სტრაგოროდსკი). კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და დაიწყო ნიადაგის მოსინჯვა რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის მიზნით. ცხადია, კალისტრატე ცინცაძემ კარგად იცოდა, რომ პატრიარქი სერგი ამ საკითხს ვერ გადაწყვეტდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ეს  სტალინის გვერდის ავლით ვერ მოგვარდებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პირდაპირ იოსებ სტალინს არ მიმართა. 1943 წლის 14 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ოფიციალური წერილით მიულოცა სერგი სტრაგოროდსკის პატრიარქად არჩევა და გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ურთიერთობა აღდგებოდა. პატრიარქმა სერგიმ საპასუხო წერილში გამოთქვა მზადყოფნა ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ. ცხადია, მოსკოვში მოლაპარაკების მიზანი და მისი შედეგიც წინასწარ იქნებოდა განსაზღვრული. ანუ, უკვე მიღებული იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას ვერც პატრიარქი სერგი და ვერც რუსეთის ეკლესიის სინოდი ვერ მიიღებდა, გადაწყვეტილება იოსებ სტალინს უნდა მიეღო, ამ გადაწყვეტილების რეალიზება კი უკვე რუსეთის პატრიარქზე იყო დამოკიდებული. 1943 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოსი ანტონი. მოლაპარაკების შემდეგ, 31 ოქტომბერს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს თანამწირველი იყო რუსი მთავარეპისკოპოსი ანტონი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ორ ეკლესიას შორის ევქარისტული კავშირი აღდგა.
1944 წელს გარდაიცვალა რუსეთის პატრიარქი სერგი. 1945 წლის იანვარ-თებერვალში მიმდინარეობდა რუსეთის საეკლესიო კრება ახალი პატრიარქის არჩევის მიზნით. რუს მღვდელმთავრებთან ერთად, მას ესწრებოდა ორი მართლმადიდებელი პატრიარქი: ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი ქრისტეფორე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე. კალისტრატე ცინცაძე მონაწილეობდა რუსეთის ახალი პატრიარქის ინტრონიზაციაში, რომელიც 1945 წლის 4 თებერვალს შედგა.
არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ 1945 წლის იანვარ-თებერვალში, მოსკოვში ყოფნის პერიოდში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე შეხვდა იოსებ სტალინს. შეხვედრაზე კალისტრატე ცინცაძე სამოქალაქო ტანსაცმელში (ფრაკში) გამოწყობილი მისულა. ამ ვერსიის მიხედვით, საუბრისას სტალინს კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკითხავს: „კალისტრატე, ღმერთის უფრო გეშინია თუ ჩემი?” კალისტრატე ცინცაძეს უპასუხია: „რა თქმა უნდა, ღმერთის!” სტალინს ირონიულად გაუღიმია და უთქვამს: შენ რომ ღმერთის უფრო გეშინოდეს, ჩემთან პატრიარქის შესამოსელით მოხვიდოდიო. როგორც გაირკვა, ყოველივე ეს ფოლკლორს განეკუთვნება, რადგან, 1948 წელს იოსებ სტალინისადმი გაგზავნილ წერილში კალისტრატე ცინცაძე აღნიშნავს, რომ, მოსკოვში ყოფნისას (1945 წ) მას სტალინის ნახვა უნდოდა, მაგრამ, ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
რუსეთში პატრიარქობის აღდგენის შემდეგ ეკლესიაზე ზედამხედველობის მიზნით, შეიქმნა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან (მინისტრთა საბჭოსთან) არსებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭო, რომლის თავმჯდომარეც იყო გიორგი კარპოვი. მართალია, ეს საბჭო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებს განაგებდა, მაგრამ, არსებობდა არა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოსთან, არამედ, საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან და, რადგან საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, საქართველოს ეკლესიაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს უნდა დაქვემდებარებოდა. ცხადია, ასეთი ეშმაკური გადაწყვეტილება სტალინთან შეთანხმების გარეშე ვერ იქნებოდა მიღებული. ეს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემაც კარგად იცოდა, მაგრამ, არ შედრკა და 1945 წლის 6 იანვარს წერილით მიმართა იოსებ სტალინს. კალისტრატე ცინცაძე ითხოვდა, რომ საბჭოსთვის სახელი გამოეცვალათ და ეწოდებინათ ასე: საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭო. ამრიგად, კალისტრატე ცინცაძემ მოითხოვა ორგანიზაციის დასახელებიდან სიტყვა „რუსეთის” ამოგდება და ყოველივე ამას საკმაოდ გაბედული არგუმენტაციით ასაბუთებდა კათოლიკოს-პატრიარქი. იგი აღნიშნავდა, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია არის ავტოკეფალიური, ანუ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თანასწორი და, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს  იურისდიქცია ჰქონდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. მოწაფემ მასწავლებლის წინაშე უკან დაიხია. სტალინმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სრულიად მიუღებელი იყო რუსეთის პატრიარქისა და საეკლესიო იერარქებისათვის და, ცხადია, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვისაც. ახლად შექმნილი ორგანიზაციის სახელწოდება კალისტრატე ცინცაძის მოთხოვნის მიხედვით შეიცვალა.
ვახტანგ გურულის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3