კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის „მუცლის ცეკვების“ შემსრულებელი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი ქალბატონი და რის გამო ქვითინებდა ის მთელი კვირა

აღმოსავლური „მუცლის ცეკვების“ – ეგრეთ წოდებული „ბელიდენსის” ძალიან ცნობილი შემსრულებელი და ქორეოგრაფი ნინო მუჩაიძე 2000 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს. სახასიათო, აღმოსავლური გარეგნობის მქონე ქალბატონს არაერთი ტიტული აქვს, მათ შორის – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები; არაერთგზის გამხდარა რუსეთის ჩემპიონიც. მის ეგზოტიკურ გარეგნობასა და ცეკვას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღფრთოვანებით უკრავენ ტაშს, განსაკუთრებით კი – აღმოსავლეთის ქვეყნების შეიხები და პრინცები. გარდა ცეკვისა, ნინო მოსკოვში სწავლობს და ეკოლოგის პროფესიას ეუფლება. მას მოსკოვში დავუკავშირდით და თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დიდი სიამოვნებით გვესაუბრა.

– ნინო, როგორ მოხდა აღმოსავლურ ცეკვებთან თქვენი „გაცნობა“?
– ჯერ დავიწყოთ იმით, რომ თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ვცხოვრობდი ავლაბარში, გიორგი წერეთლის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ იტალიურ ეზოში. ძალიან მენატრება იქაურობა, მეზობლები. ჩემი თბილისელობით ძალიან ვამაყობ. რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავ. ჯერ სუხიშვილებთან დავდიოდი ქართულ ცეკვებზე, მერე თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეებთან ვცეკვავდი, მაგრამ, როგორც კი აღმოსავლურ ცეკვას შევეხე, მაშინვე გავგიჟდი. მანამდე, 1996 წელს, ისნის რაიონის „სილამაზის დედოფალი“ გავხდი. ვცეკვავდი ქუჩის ცეკვებსაც და ძალიან ბევრჯერ გამიმარჯვია. სხვათა შორის, ძალიან მათამამებდნენ მშობლები, უფროსები ჭკუიდან გადამყავდა ხოლმე. კიდევ, ხატვაზე დავდიოდი და კარგად ვხატავ.
აღმოსავლური ცეკვა პირველად თურქეთში ვნახე. მამაჩემი დიზაინერი იყო და თურქეთში მუშაობდა – საკუთარი სამკერვალო ფაბრიკა ჰქონდა. ერთხელ სტუმრად ვიყავით. იქ ვნახე, როგორ ცეკვავდა ერთი გოგონა თურქულ „ბელიდენსს“ და გავგიჟდი, მაგრამ, თან გულიც დამწყდა, მეგონა, ასე ცეკვას ვერასდროს შევძლებდი – მუცლის კუნთების მოძრაობა საკმაოდ რთულია. იმ სადარბაზოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, მეზობლად ცხოვრობდა თურქეთში საკმაოდ ცნობილი მომღერალი და აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელი – ბუკეტი. ბუკეტმა შემომთავაზა, მასთან შემესწავლა „მუცლის ცეკვა“. სიხარულისგან დავხტოდი, მაშინ მეჩვენებოდა, რომ თურქული „ბელიდენსი“ ყველაზე მაგარი და სუპერი იყო მსოფლიოში. 2000 წელს, გარკვეული  მიზეზების გამო, მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად. მე რუსულენოვანი ბებია მყავდა, ქართული ყოველთვის მიჭირდა და ამიტომ პედაგოგთან ვმეცადინეობდი ხოლმე. ახლა დამავიწყდა, მაგრამ, ვცდილობ, აღვიდგინო (იცინის).  რა თქმა უნდა, მინდოდა ცეკვის გაგრძელება და რაიმე ახალი. მირჩიეს მივსულიყავი ვალიდა საჩაკოვასთან, შემდეგ გადავედი ალა ჯანატაევასთან და დაიწყო ჩემი წვალება – ვარჯიშები, კოსტიუმები, კონკურსები... ალა ჯანატაევა აღმოსავლური ცეკვების საუკეთესო ქორეოგრაფია მოსკოვში. ქალბატონი ალა რესტორან „კორონაში” გავიცანი, მაგრამ, მაშინ ძალიან მორიდებული გოგო ვიყავი და ვერაფრით ვერ მოვიკრიბე გამბედაობა, რომ რუსეთის ფედერაციის დამსახურებულ არტისტთან მივსულიყავი და გამეცნო (იცინის). სხვებმა შეამჩნიეს ჩემი აღტაცება და გამაცნეს ალა. თავიდან, დავდიოდი და ვუყურებდი, როგორ ცეკვავდა, მერე მე თვითონაც მოვეწყვე მოცეკვავედ რესტორან „კორონაში”. 2004 წლიდან უკვე მასთან ვმუშაობდი. ეს იყო ჩემთვის რაღაც ახალი, მინდოდა, თავი ვარსკვლავად მეგრძნო. ცეკვა ჩემთვის არის ნამდვილი ავადმყოფობა, რომლისგანაც ვერასოდეს განვიკურნები. ამჟამად მე მაქვს არაბული „ბელიდენსის“ საკუთარი სკოლა „შამადანი”, სადაც ცეკვას ვასწავლი. ასევე, ვარ უმაღლესი კატეგორიის მსაჯი.
არასწორად ჰგონიათ, რომ მუცლის ცეკვის შემსრულებელი აუცილებლად ცოტათი სრული უნდა იყოს. გააჩნია, ვინ როგორ ფლობს საკუთარი მუცლის კუნთებს, როგორ გრძნობს მუსიკას, რიტმს. აღმოსავლური ცეკვა ადვილი არ არის, პირიქით, ძალიან რთულია, ძალიან შრომატევადი და ამით ქართულ ცეკვას შევადარებდი. ცეკვისას თავი აუცილებლად  დედოფლად უნდა იგრძნო. ხანდახან, ძალიან გამხდარი გოგოები უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე სრულები. ჩემთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლის აღიარება – ყოველთვის ვუყურებ, როგორი რეაქცია აქვს დარბაზს. სერიოზული ტრავმა არ მიმიღია. ამ ცეკვის შემსრულებლებს ზოგჯერ კუნთის დაჭიმულობის პრობლემა აქვთ,  ან, დახრა და გამართვა უჭირთ.
– აღმოსავლეთის ქვეყნებში თუ იცხოვრებდით?
– არა მგონია. შინაგანი წყობით აბსოლუტურად ევროპელი ვარ და აზიის ქვეყნებში გამიჭირდებოდა ცხოვრება. თუმცა ბევრ არაბულ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მიცეკვია – ბაჰრეინში, გაერთიანებულ ემირატებში, საუდის არაბეთში... უზარმაზარ აფიშებზე ეწერა ჩემი სახელი და თვეობით არ ჩამოდიოდა. შეიხები, მდიდარი არაბები, პრინცები აღფრთოვანებით მიკრავდნენ ტაშს. ამ ქვეყნებში, კონცერტების გარდა, მასტერკლასებსაც ვატარებდი. სხვათა შორის, სადაც კი წავსულვარ გასტროლებით თუ კონკურსებზე, ყოველთვის ხაზს ვუსვამდი ჩემს ქართველობას. მე ერთადერთი ქართველი მოცეკვავე ვარ, რომელმაც „ბელიდენსის“ ყველა მწვერვალი დაიპყრო. წელს გასტროლით ვიყავი ჩრდილოეთ კორეაში და მასტერკლასი ჩავატარე. დროის უქონლობის გამო, ბევრ ქვეყანაში გასტროლზე ვთქვი უარი, მაგალითად, ვერ წავედი ესპანეთში. არაბულ პრესაში ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე ჩემს კონცერტებს. რუსულთან და არაბულთან კი არა, სომხურ პრესასთანაც მქონია ინტერვიუები. როცა ერთ-ერთი სომხური გამოცემა დამიკავშირდა, ძალიან გამიკვირდა. რუსეთის ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში მქონია გასტროლები და აქ მოყვარულთათვის მასტერკლასებს ყოველთვე ვატარებ. ასევე, ვარ რუსეთის საერთაშორისო საცეკვაო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე. ამ ორგანიზაციაში ბევრი ქვეყანა შედის: ისრაელი, თურქეთი, ბელორუსი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იტალია და სხვები. „ბელიდენსი“ რუსეთში ძალიან პოპულარულია – ყველა ასაკის ქალები ცეკვავენ, როგორც პატარა გოგონები, ისე შედარებით ასაკოვნები.
– ალბათ, ძალიან ბევრი ტიტულის მფლობელი ხართ.
– დიახ, ნამდვილად ასეა. შევეცდები არაფერი გამოვტოვო: ვარ რუსეთის ექვსგზის ჩემპიონი კლასიკურ „ბელიდენსში“, ამდენჯერვე რუსეთის თასის მფლობელი; 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ „ბელიდენსსა“ და ფოლკლორში,  ევროპის ორგზის ჩემპიონი, სამგზის მსოფლიო თასის მფლობელი, სამგზის პირველი კატეგორიის ქორეოგრაფის სერტიფიკატის მფლობელი, სოლო-პროფესიონალ შემსრულებელთა შორის კონკურსის პრიზიორი... რა ვიცი, ყველაფერს ახლა რა გამახსენებს... მინიმუმი, რაც ამიღია კონკურსებში, ეს არის მესამე ადგილი. ერთადერთხელ გავედი მეხუთე ადგილზე და მწარედ მახსოვს: მთელი კვირა ვქვითინებდი, ნამდვილი ისტერიკა მქონდა. მეხუთე ადგილი იმის გამო მომაკუთვნეს, რომ ბიუსტჰალტერი გამეწია გვერდზე და, თან, ქუსლი მომტყდა. გამარჯვებას ჯერ კიდევ საქართველოში ვიყავი  მიჩვეული, როცა ქართულ ცეკვებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ისე გამაბრაზა ამ წარუმატებლობამ, რომ, მას შემდეგ მესამე ადგილზე დაბალი პოზიცია აღარ მქონია (იცინის). მერე იყო კონკურსი რუსეთში – „თეთრი ღამეები”, სადაც იმ წაგების შემდეგ გამოვედი. მახსოვს, ჩემს ორივე პედაგოგს დავურეკე და ვტიროდი; ისინიც ტიროდნენ, ეგონათ მეხუთე ადგილის შემდეგ აქაც ჩავფლავდებოდი, მაგრამ, გავიმარჯვე! ძალიან ბევრს ვმუშაობ, რადგან, მოსკოვი ნამდვილი მგლების ქალაქია! ბევრი ცნობილი რუსი დადის ჩემთან ცეკვის შესასწავლად, მათ შორის – ესტრადის მომღერლები, მსახიობები...
– საქართველოში თუ გიცეკვიათ?
– დიახ, თუ არ ვცდები, 2006 წელს ვიყავი და მონაწილეობა მივიღე აღმოსავლური ცეკვების პირველ ქართულ კონკურსში,  რომელიც ტარდებოდა კლუბ „ქალაქურში” და გავიმარჯვე – მაქვს კიდეც სათანადო სერტიფიკატი. ქართველები ძალიან ნიჭიერები არიან ცეკვაში, „ბელიდენსიც“ კარგად გამოსდით. აქტიურად ვეძებ მოსკოვში ქართველებს, რომლებსაც „ბელიდენსს“ შევასწავლი. რუსეთში ბევრი მეგობარი და კოლეგა მყავს და ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს.
– ჟიურის წევრიც ყოფილხართ, თუ არ ვცდები.
– დიახ, კონკურსზე – „კარელია 2009“. ნამდვილად საინტერესო იყო. ბევრი კარგი მოცეკვავეა, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული, რომლებიც პროფესიონალებს ტოლს არ უდებენ.
– გათხოვილი ხართ?
– არა, არ ვარ გათხოვილი, მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. რუსი მამაკაცების რა მოგახსენოთ... რა ვიცი, ჯერ არც ვგეგმავ ოჯახის შექმნას. რუს მამაკაცებში გამოვარჩევდი ვლადისლავ გასიუნასს, რომელთან ერთადაც ვაწყობთ კონკურსს –„არბატი”. უფრო სწორად, ის ლიტველია (იცინის).

скачать dle 11.3