კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური ქართველმა ყმაწვილმა თავისი მშობლების უმოწყალოდ დახოცვის გამო

ძარცვა
მერი ხალვაშმა იავნანა დაასრულა, მძინარე შვილებს თმაზე მიეფერა და საძინებელი ოთახიდან გავიდა.
– დაიძინეს? – ჰკითხა ცოლს ზურაბ ხალვაშმა და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, რომ კარი მოულოდნელად გაიღო და ოთახში სამი ნიღბიანი შემოვარდა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები.
– ფული, თორემ, სულს გაგაძრობთ! – დასჭყივლა ერთ-ერთმა მძარცველმა და ცოლ-ქმარს „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი მიუშვირა.
– არ გაგივარდეს, თუ კაცი ხარ, – მშვიდად უთხრა მძარცველს ზურაბმა, – ახლავე ყველაფერს გამოგიტანთ და მშვიდობიანად წადით აქედან.
ოჯახის უფროსმა კომოდიდან ხის ზარდახშა ამოიღო, მძარცველებს გაუწოდა და უთხრა:
– აი, აქაა მთელი ჩვენი ქონება და ცხრაასი მანეთი. წაიღეთ და წადით.
მძარცველები უკვე წასვლას აპირებდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა მერი ხალვაშის მაჯას დახედა, რომელზეც ქალს ზურმუხტისთვლიანი სამაჯური ეკეთა და უთხრა:
– მოიხსენი ეგეც!
ქალმა ზიზღით შეხედა ნიღბიანს, ძვირფასი სამაჯური ფეხებთან დაუგდო და უთხრა:
– წაიღე, წაიღე, მაგრამ, არ შეგერგება. კარგად გიცანი, ვინც ხარ და ყელში ამოგივა ჩვენი ქონება...
მძარცველმა ჯერ სამაჯური ჩაიდო ჯიბეში, შემდეგ ბასრი ხანჯალი ამოაცურა ქამრიდან, მერის მოულოდნელად გულში ჩასცა და ძირს დააგდო. ზურაბმა რომ ეს დაინახა, ხანჯლიანისკენ გაიწია, მაგრამ, მეორე მძარცველმა მას „ნაგანით“ კეფა გაუხვრიტა.
– რა ქენით, თქვე ბოზებო, ორი ტრუპი რისთვის აიკიდეთ? – უღრიალა თავის მეგობრებს მესამე მძარცველმა და დაამატა. – ჩქარა, აქედან გავიქცეთ!
ნიღბიანებმა ხალვაშების სახლი სასწრაფოდ დატოვეს, ნაძარცვი ნივთებიც  თან წაიღეს და ღამის სიბნელეში გაუჩინარდნენ.
 – ზურაბ, – ამოიკვნესა სასიკვდილოდ დაჭრილმა მერიმ და მოკლულ ქმარს რომ მოკრა თვალი, სანამ სულს დალევდა, თქვა – ვაი, შვილებო! გოჩა, ხვიჩა...
ყაჩაღებმა სწრაფად გაიარეს სოფელი, შემდეგ პატარა მდინარე გადალახეს და, ტყეში რომ შევიდნენ, მხოლოდ მაშინ შეჩერდნენ.
– ეს რა ქენი, ხუსიკ, ქალს რას ერჩოდი? – უთხრა მერი ხალვაშის მკვლელს მესამე ყაჩაღმა, რომელსაც ხუსიკამ მიუგო:
– ვერ გაიგონე, რა თქვა? გიცანიო.
– ეს ისე თქვა, საიდან უნდა ეცნე?
– „ისე“ არ ვიცი მე, სიფრთხილეს თავი არ სტკივა!
– არ უნდა მოგეკლა, შეცდი. წილები გავიყოთ და გავიფანტოთ. მიდი, გახსენი სუნდუკი და ნადავლი გავინაწილოთ, – უთხრა ხუსიკას მესამე მძარცველმა, მაგრამ, ხუსიკამ მასაც, ისევე, როგორც მერი ხალვაშს, ხანჯალი ჩასცა გულში და ძირს დააგდო, შემდეგ დავარდნილს ყელი გამოსჭრა და მეორე მძარცველს უთხრა:
– ბოზი იყო. ჭკუას გვარიგებდა და იმიტომ დავბრიდე. ისე ბაზრობდა, რომ უეჭველად ჩაგვიშვებდა. ნადავლი კი ჩვენ გავინაწილოთ და დროებით დავიფანტოთ. რას იტყვი, მურაზ, მართალი არ ვარ?
მურაზმა, რომელმაც „ნაგანიდან“ ზურაბ ხალვაში კეფაში გასროლით მოკლა, ხუსიკას კვერი დაუკრა:
– მართალი ხარ. რამე რომ ყოფილიყო, ის ჩაგვიშვებდა. ჩვენ მკვლელობისთვის დაგვხვრეტდნენ, ეს კი გამოძვრებოდა, მაგრამ, ვერ მივართვით. მოდი, გავიყოთ ნადავლი და დავიფანტოთ.
ხუსიკამ ზარდახშა მიწაზე დადო, ვითომ მისი გახსნა უნდოდა, მაგრამ უცებ საკუთარი „ნაგანიდან“ ქვემოდან ესროლა მურაზას, პირდაპირ თვალში გაარტყა, ტვინი გაასხმევინა და თქვა:
– შენც კარგი ნაბოზარი ხარ. არც შენ დამინდობდი და ჩამიშვებდი. ახლა მარტო დავრჩი და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ვარ, თან, მთელი ნადავლიც ჩემია. ძვირფასეულობას შევინახავ, ცხრაასი მანეთით კი რუსეთში დავითესები და მეძებონ რამდენიც უნდათ...
ხუსიკამ თავისი „ნაგანი“ გაწმინდა, რომ თითის ანაბეჭდები არ დაჩნეოდა და მესამე მძარცველს ჩაუდო ხელში, თავისი ხანჯალი კი, რომლითაც მერი ხალვაში და მესამე მძარცველი ჰყავდა მოკლული, ჯერ გაწმინდა, შემდეგ მურაზას ჩაუდო მარჯვენა ხელში და ზარდახშიანად იქაურობას გაეცალა...
წყალწაღებული
ხალვაშების  ოჯახი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და მათ ყველა დიდ პატივს სცემდა, რადგან ზურაბ ხალვაში ცნობილი ექიმი იყო, მერი ხალვაში კი – საშუალო სკოლის დირექტორი. მათ ტყუპი ვაჟები, 4-4 წლის გოჩა და ხვიჩა ჰყავდათ. ხვიჩას მწვავე ბრონქული ასთმა აწუხებდა და მას მკურნალობის სპეციალურ კურსს მამამისი, ზურაბი  უტარებდა.
უმოწყალოდ დახოცილი ცოლ-ქმარი დანაშაულის მეორე დღეს, მათ სახლში უთენია მისულმა ნონა ხალვაშმა აღმოაჩინა, რომელიც ზურაბის და იყო და ძმას იმიტომ ეწვია ასე ადრე, რომ ბინაში დარჩენილიყო, რადგან ხალვაშები დილით თბილისში მიემგზავრებოდნენ მერის ძმასთან, კოტესთან.
ტყუპებს ჯერ კიდევ ეძინათ, როდესაც ოდაში შესული ნონა ხალვაშის არაადამიანურმა ბღავილმა მთელი სოფელი ფეხზე დააყენა. ქალმა სისხლის გუბეებში მცურავი ცოლ-ქმრის უსულო ცხედრები რომ დაინახა, ჯერ დაიბღავლა, შემდეგ კი იქვე, გულგახეთქილი  დაეცა... ტყუპებს შორის პირველად ხვიჩას გაეღვიძა. ის ჯერ შეშინდა და ატირდა, შემდეგ კი ასთმის შეტევა დაეწყო, საშინელი ხველება აუტყდა და ოდაში შეყრილ მეზობლებს ასეთ მდგომარეობაში დახვდა.
შემთხვევის ადგილზე სულ მალე მივიდა მილიცია და ცხედრები ბათუმის პროზექტურაში გადაიტანეს ექსპერტიზისთვის. იმავე დღეს, ტყეში ორი მოკლული ყაჩაღის ცხედარი იპოვეს. ესენი იყვნენ მურაზ კირკიტაძე და ომარ კოციანი. მათ კარგად იცნობდნენ სამართალდამცველები, რადგან კირკიტაძე ორჯერ იყო ნასამართლევი საქონლის ქურდობისთვის, კოციანი კი ერთხელ ხულიგნობისთვის იყო მსჯავრდებული, ერთხელ კი ბინის ქურდობისთვის იჯდა ციხეში.
აჭარის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, რომლებიც ერთ საქმედ გააერთიანეს და გამოცდილ გამომძიებელს, ტარიელ იმნაძეს ჩააბარეს. საქმე იყო აღძრული ყაჩაღობისა და მკვლელობის მუხლით. იმნაძემ თავდაპირველი მოკვლევა ჩაატარა როგორც ხალვაშების ოდაში, ასევე, ტყეში და დაასკვნა, რომ ცოლ-ქმარს ჯერ კირკიტაძე და კოციანი დაესხნენ თავს გაძარცვის მიზნით და, რომ ვერაფერი წაიღეს, ისინი დახოცეს და წავიდნენ. შემდეგ კი ტყეში ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ და ერთმანეთიც დახოცეს. თუმცა, მოგვიანებით, იმნაძემ ხალვაშების ერთ-ერთი მეზობლისგან შეიტყო, რომ ცოლ-ქმარს ზარდახშაში ძვირფასეულობა ჰქონდათ შენახული.
– ცხონებულები ღვიძლი დასავით მენდობოდნენ და ეს ყველაფერი იმიტომ ვიცი. მერი ხის ინკრუსტირებულ ზარდახშაში ინახავდა სამკაულებს, რომელიც კომოდში იდო, – უთხრა ტარიელ იმნაძეს ანა დავითიძემ, – საცოდავ მერის ხელზე ოქროს ძვირფასი სამაჯური ეკეთა, რომელშიც რვა ცალი ზურმუხტი იყო ჩასმული. როგორც ჩანს, მძარცველებმა ისიც წაიღეს.
ანა დავითიძემ იმნაძეს ეს ჩვენება მკვლელობიდან სამი დღის მერე მისცა, რადგან ქალი სწორედ სამი დღის შემდეგ დაბრუნდა სოფელში ბათუმიდან. ამიტომ, ტარიელ იმნაძემ მოკვლევის მასალები და ჩვენებები შეაჯამა და თავისი საგამოძიებო ჯგუფის წევრებს უთხრა:
– ყაჩაღები სამნი იყვნენ. მესამემ, სავარაუდოდ, თავისი „პაძელნიკები“ დახოცა და ნაძარცვი ქონება გაიტაცა, თან, ყველაფერი ისე მოაწყო, რომ გვეფიქრა, თითქოს კირკიტაძემ და კოციანმა ერთმანეთი დახოცეს. ერთი სიტყვით, მესამე ყაჩაღი უნდა ვეძებოთ...
ინტენსიური კვლევა-ძიებისა და ძებნის მიუხედავად, აჭარელ ძალოვნებს ეჭვიც კი არავისზე ჰქონდათ, რადგან კოციანისა და კირკიტაძის ისედაც მცირერიცხოვანი სანაცნობო წრე საფუძვლიანად გადაამოწმეს და მესამე ყაჩაღის კვალს მათში ვერ მიაკვლიეს.
ცოლ-ქმარი ხალვაშები და ზურაბის და – ნონა, ერთი კვირის შემდეგ დაკრძალეს. ტყუპების აღზრდა კი საკუთარ თავზე მერის ძმამ, კოტემ და მისმა ცოლმა, ქეთომ აიღეს და ბავშვები თბილისში უნდა წაეყვანათ, მაგრამ, მხოლოდ გოჩას წაყვანა შეძლეს. ხვიჩას კი, მშობლების მკვლელობის დღეს დაწყებული ასთმის შეტევა ისე გაურთულდა, რომ ჯერ ბათუმში წაიყვანეს სასწრაფო დახმარებით. მაგრამ ბათუმში ხველა დროებით შეუჩერეს და მკურნალობის გასაგრძელებლად ის სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისში გაამგზავრეს... რიკოთის უღელტეხილზე გადასვლის დროს, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს ავტომობილი წვიმაში მოუცურდა და ის ჯერ ქვას დაეჯახა, შემდეგ უზარმაზარ ხეს და ტოტებში გაიჭედა. ამ დროს მანქანის კარი გაიღო და 4 წლის ხვიჩა ხალვაში გარეთ გამოფრინდა, მდინარეში ჩავარდა და წყალმა წაიღო.
10 წლის შემდეგ
– მოდი, დედიკო, აქ, რაღაც უნდა გითხრა, ძალები მელევა, – ლოგინში მწოლიარე სამოციოდე წლის ქალმა მიიხმო ტანადი ყმაწვილი და დაამატა, – არ მინდა, რამე უთქმელი დამრჩეს.
თვალცრემლიანმა ბიჭმა ლოგინთან მიირბინა, ქალს ჩაეხუტა და უთხრა:
– რას ამბობ, დედიკო, უშენოდ მოვკვდები... გთხოვ, ასე ნუ ლაპარაკობ.
ქალი ბიჭს თმაზე მოეფერა და თქვა:
– ლევან, დედიკო, სულ მალე თხუთმეტი წლის გახდები. უკვე კაცი ხარ და ყველაფრის კაცურად გადატანა უნდა შეგეძლოს. ახლა კი ყურადღებით მომისმინე, დაიმახსოვრე და შემპირდი, რომ კარგი კაცი გამოხვალ. ლევან, ეს სახელი მე დაგარქვი, სინამდვილეში კი რა გქვია, ნამდვილად არ ვიცი.
– რას ამბობ, დედიკო, – თქვა ბიჭმა, რომელსაც ეგონა, რომ ქალი ბოდავდა.
– ნუ მაწყვეტინებ, შვილო, მე არ ვბოდავ. ჩვენ ადრე საქართველოში ვცხოვრობდით და ათი წლის წინ გადმოვსახლდით ვლადივოსტოკში, რადგან მამაშენი აქ სამუშაოდ გადმოვიდა. მაშინ დაახლოებით ოთხი წლის იქნებოდი. ჩვენ სოფლის განაპირას, რიკოთის უღელტეხილთან ვცხოვრობდით. იმ დღეს მე ბალახის საკრეფად ვიყავი ტყეში, რომ მალამო დამემზადებინა. ამ დროს დავინახე, რომ მდინარეს ბავშვი მოჰქონდა. წყალმა ნაპირთან ახლოს მოაგდო და, რაღაცნაირად, მოვახერხე, ტანსაცმელში ჩავავლე ხელი და ამოვიყვანე. ეს ბავშვი შენ იყავი. თვალები დახუჭული გქონდა, მაგრამ ცოცხალი იყავი. სახლში ჩუმად მოგიყვანე, გიმკურნალე და ასთმა მოგირჩინე. შენ ლაპარაკი კი იცოდი, მაგრამ, არაფერი გახსოვდა. როგორც ჩანს, წყალში ჩავარდნის გამო ამნეზია დაგემართა. ექვს თვეში სრულიად გამოჯანმრთელდი, თუმცა მეხსიერება მაინც არ დაგიბრუნდა და მე დედას მეძახდი, ჩემს ქმარს კი – მამას. იმის გამო, რომ სოფლიდან შორს ვცხოვრობდით და ჩვენთან თითქმის არავინ დადიოდა, შენ შესახებ ვერავინ ვერაფერი შეიტყო. ჩვენ უშვილოები ვიყავით და ამიტომ შენ ღმერთის საჩუქრად მიგიჩნიეთ. მილიციაში შენ შესახებ არ განვაცხადეთ, სულ მალე კი აქ, ვლადივოსტოკში გადმოვსახლდით. მე ვკვდები, შვილო, და ეს ამბავი იმიტომ მოგიყევი, რომ, თუკი საქართველოში დაბრუნდები, მოძებნე შენი მშობლები. იცოდე, ცუდ გზას არ დაადგე, რაც არ უნდა გაგიჭირდეს და თავი არ შეირცხვინო...
დაასრულა თუ არა ლაპარაკი, ქალმა სული დალია და 14 წლის ლევან თოიძე, რომელიც სინამდვილეში ხვიჩა ხალვაში იყო, სრულიად მარტო დარჩა ამქვეყნად, რადგან მისი მამობილიც გარდაცვლილი იყო.
გადატანილი ამნეზიის მიუხედავად, ხვიჩას ახსოვდა ზურმუხტისთვლიანი სამაჯური, უფრო სწორად კი მისი თვალის მომჭრელი კაშკაში.  თუმცა, ვერ იხსენებდა, სად ჰქონდა ის ნანახი. ბავშვი სიზმარში ხშირად ხედავდა სამაჯურს. ზოგჯერ ცხადშიც თვალწინ ედგა მისი ელვარება და ასეთ დროს ის თვალებს ხუჭავდა და ცდილობდა, გაეგო, თუ რა იყო ეს. მაგდა თოიძე რომ დაასაფლავეს, ლევანი ვლადივოსტოკის ბავშვთა სახლში გაამწესეს, მაგრამ, ის იქიდან სამ თვეში გაიქცა და საქართველოსკენ აიღო გეზი, რომ თავისი ნამდვილი მშობლები მოეძებნა...
პატიმარი ¹13270
ვლადივოსტოკის ბავშვთა სახლიდან გაქცეულმა ლევან თოიძემ ხაბაროვსკამდე ჩააღწია, იქ კი ის მილიციის ლეიტენანტმა დააკავა, რომელმაც ქართულად უთხრა:
– ქართველი ხარ?
– დიახ. თოიძე ლევანი.
– მოგზაურობ?
– ნათესავებთან მივემგზავრები საქართველოში. დედ-მამამ გამიშვა, – იცრუა ბიჭმა, მილიციელმა კი ყურადღებით შეათვალიერა ყმაწვილი და უთხრა:
– შენ, შემთხვევით, ვლადივოსტოკის ბავშვთა სახლიდან ხომ არ გაიქეცი?
ლევანმა გაქცევა დააპირა, მაგრამ მილიციელს ხელიდან ვერ დაუსხლტა, ლეიტენანტმა კი უთხრა:
– ნუ გეშინია, მე შეგიფარებ, ოღონდ, ყველაფერი უნდა დამიჯერო.
მილიციის ხაბაროვსკელი ლეიტენანტი ვინმე ჰუსეინ ბუზ-ოღლი აღმოჩნდა. ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაბადებული და გაზრდილი, რომელიც ათი წლის წინ გადასახლდა რუსეთში. 35 წლის მილიციელი მარტოხელა იყო და ხაბაროვსკში კერძო სახლში ცხოვრობდა. მართალია, მან ლევანი შეიფარა, მაგრამ, ბიჭს ის კრიმინალურ საქმიანობას აიძულებდა, ძირითადად, ქურდობას, თან, მფარველობდა, რომ ის მილიციას არ დაეჭირა.
– იცოდე, თუ ჩამიშვებ, თავს მოგაჭრი, – ხშირად აშინებდა ხოლმე ჰუსეინი ბიჭს. ასე გაიარა ექვსმა წელიწადმა და 21 წლის ლევან თოიძე უკვე ჩამოყალიბებული კრიმინალი იყო, მაგრამ, ის მოხერხებულად ინიღბებოდა და ხალხის თვალის ასახვევად მილიციაში მუშაობდა, სადაც ის ჰუსეინმა მოაწყო.
დიდი გავლენის მიუხედავად, ჰუსეინი უკვე ვეღარ უბედავდა ბიჭს მუქარას, თუმცა მასზე გავლენა ჯერ არ დაეკარგა და კრიმინალურ საქმიანობას ერთად განაგრძობდნენ.
ლევანს ჰუსეინის აღარ ეშინოდა, მაგრამ, ვერაფრით გაეგო, რა „მასტის“ კაცთან ჰქონდა საქმე და ყოველთვის აინტერესებდა მისი წარსული, რომელზეც ბუზ-ოღლი თითქმის არ ლაპარაკობდა. ბიჭმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ჰუსეინი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იყო დაბადებული, საქართველოდან ათი წლის წინ გადმოიხვეწა რუსეთში და კრიმინალურ საქმიანობას იმიტომ ეწეოდა, რომ კარგი ცხოვრება უყვარდა, რაც ხელფასით შეუძლებელი იყო.
ერთ საღამოს, როდესაც ჰუსეინი მორიგე იყო, ლევანი კი სახლში იმყოფებოდა, ეზოდან ძაღლის ყმუილი გაისმა. ბიჭი გარეთ გავიდა და დაინახა, რომ უზარმაზარი ნაგაზი, სახელად „ტოტო“ სულს ღაფავდა. ძაღლი რომ მოკვდა, ლევანმა ნიჩაბი აიღო, უკანა ეზოში გავიდა და კედელთან ორმოს თხრა დაიწყო, რომ ნაგაზი დაემარხა. მეტრ-ნახევარი რომ გათხარა, ნიჩაბი რკინის ყუთს მოხვდა, მან ყუთი ამოიღო, გახსნა და შიგნით ხის ინკრუსტრირებული ზარდახშა აღმოჩნდა. ლევანმა ზარდახშა გახსნა და გაშეშდა – იქ ძვირფასი სამკაულები ელაგა. ბიჭს უცებ ზურმუხტის ძვირფასმა თვლებმა მოსჭრა თვალი. გაოგნებულმა ლევანმა თვალები დახუჭა და მრავალი წლის განმავლობაში ნაცნობი სიზმარი დაუდგა თვალწინ, რომელსაც ვერაფრით ხსნიდა. თუმცა, უეცრად, რაღაც გაახსენდა, შემდეგ ქალის ტკბილი ხმაც ჩაესმა, რომელიც „იავნანას“ მღეროდა და ჩაილაპარაკა: „დედიკო, დედა, ნუთუ ჰუსეინმა...“
ლევანმა ძაღლი დამარხა და ორმო მიწით ამოავსო, ძვირფასეულობით სავსე ზარდახშა კი სახლში დამალა, ტახტზე წამოწვა და ჰუსეინის დაბრუნებას დაელოდა, რომელიც ღამის 10 საათზე ამთავრებდა თავის ცვლას. როდესაც ის დაბრუნდა, ლევანმა, ისე, რომ არაფერი უთქვამს, მას ჯერ პისტოლეტის ტარი ჩაარტყა შუბლში და გათიშა, შემდეგ კი გააშიშვლა და შუა ოთახში დედაბოძზე მიაბა. როდესაც ჰუსეინი გამოფხიზლდა, ზურმუხტის სამკაული უჩვენა და კბილებში გამოსცრა:
– ეს სამაჯური საიდან გაქვს?
 ჰუსეინი, იგივე, ხუსიკა, რომელსაც სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული, ლევანს ყურადღებით დააკვირდა და უთხრა:
– შენზე ყოველთვის ვფიქრობდი, ვიღაცას ჰგავს-მეთქი და ახლაღა მივხვდი, რომ ზურაბ ხალვაშის შვილი ხარ.
ლევანმა ხუსიკა სასტიკად აწამა და თექვსმეტი წლის წინანდელი ამბავი დაწვრილებით მოაყოლა. ბოლოს კი მას ნავთი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და სახლში ამობუგა. თვითონ კი, ხალვაშების ძვირფასეულობას ხელი დაავლო და წავიდა.
ხვიჩაზე ძებნა გამოცხადდა და 21 წლის მილიციელი, რომელიც ჰუსეინ ბუზ-ოღლის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, ქუთაისში, რკინიგზის სადგურზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ბათუმში აპირებდა გამგზავრებას ელექტრომატარებლით.
დაკავებული ჯერ ქუთაისში დაკითხეს და ქალაქის მილიციის სამმართველოში გამოამწყვდიეს, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს და გასამართლების შემდეგ იქ 22 წლის ყმაწვილს განსაკუთრებით მძიმე მკვლელობის ჩადენისთვის დახვრეტა მიუსაჯეს და ისევ ვლადივოსტოკში დააბრუნეს.
სიკვდილმისჯილი პატიმარი ¹13270 ვლადივოსტოკის ციხეში იჯდა და სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ელოდა. მაგრამ, სამი თვის შემდეგ მას ციხის უფროსმა აცნობა, რომ დახვრეტა 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს და იმავე ციხეში დატოვეს სასჯელის მოსახდელად.
ხვიჩა ხალვაშის ტყუპისცალი ძმა, გოჩა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მას, პროფესიით იურისტი იყო და ბიძამისის, კოტეს წყალობით, კარგი კარიერა გაიკეთა საქართველოს პროკურატურაში. ისე მოხდა, რომ თბილისში ჩატარებულ სასამართლოს გოჩაც დაესწრო და, რადგან პატიმარი მას ძალიან ჰგავდა, ბიძამისის, კოტეს დახმარებით, დაადგინა მისი ვინაობა. სწორედ გოჩამ და კოტემ მოახერხეს ხვიჩასთვის სასჯელის შეცვლა, 8 წლის შემდეგ კი 30 წლის ხვიჩა ხალვაშის გათავისუფლებაც მოხერხდა და ის თბილისში ჩამოიყვანეს. სწორედ მაშინ შეხვდნენ ძმები ერთმანეთს  26-წლიანი განშორების შემდეგ პირველად.
ძმები ხალვაშები დღესაც ცოცხლები არიან და თავიანთ მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ცხოვრობენ...

скачать dle 11.3