კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაბდღვნა მაყურებელმა სცენიდან ქეთი ორჯონიკიძის ქურთუკი და რატომ გახდა ის „შავი ანგელოზი“

ცოტა ხნის წინ გვატემალაში სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „მის მსოფლიო თინეიჯერი“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა „მის საქართველო თინეიჯერის“ გამარჯვებული, ლიდა ჩხაიძე. ქართველმა გოგონამ საერთაშორისო კონკურსზე დიდ წარმატებას მიაღწია და მეორე ადგილზე გავიდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია‚ კონკურსს 10 დღის განმავლობაში მუსიკალურად ქეთი ორჯონიკიძე აფორმებდა და მან‚ როგორც ყოველთვის‚ გვატემალაშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა მოწონებისა, ქეთი სხვა კონტინენტიდან კარგი შემოთავაზებებით დაბრუნდა, რაზეც ნიჭიერი მომღერალი თავად გვესაუბრება.

ქეთი ორჯონიკიძე: გვატემალაში ყოფნის დროს იქვე დაიგეგმა ჩემი სოლო კონცერტები სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიდის, რომ შევთანხმდეთ პირობებზე, გარკვეულ საკითხებზე და შემდეგ გავმართო კონცერტები – ეს ძალიან მახარებს. ასევე‚ საფრანგეთიდანაც არის შემოთავაზება, ანუ მიდის მოლაპარაკება ერთ-ერთ კლუბთან, სადაც შეიძლება ვიმღერო. უბრალოდ‚ არ მიყვარს წინასწარ რაღაცეების დაკონკრეტება, რადგან მერე არ გამოდის ხოლმე.
– რომელ ქვეყნებში იგეგმება შენი კონცერტები?
– გვატემალაში კონკურსანტები 45 ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული და იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან მიდის მოლაპარაკება, რომლებმაც მეტი ინიციატივა გამოიჩინეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ქვეყანაში ჩატარდეს კონცერტი. სურვილი ყველამ გამოთქვა, მაგრამ სურვილს ინიციატივაც ხომ უნდა მოჰყვეს. ახლა ინტერნეტით მიდის მათთან მოლაპარაკებები. რამდენიმე ქვეყანა განსაკუთრებით აქტიურობს და როდესაც ყველაფერი გადაწყდება, მერე უკვე ხმამაღლა ვიტყვი. პირობები ყველაზე მნიშვნელოვანია. მარტო იმიტომ ხომ არ უნდა გააკეთო‚ რომ რაღაც გააკეთო – მომგებიანი უნდა იყოს ყველასთვის და რაც მთავარია‚ ხარისხიანი.
– ასეთი რა ჩაიდინე, რომ მთელი გვატემალა და პლუს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც აალაპარაკე?
– ძალიან კარგი სიტუაცია იყო და სასიამოვნო დრო ვატარე. იმდენად კარგ განწყობაზე ვიყავი, რომ‚ ეტყობა‚ ეს ჩემს ემოციებზე, ვოკალურ მონაცემებზეც კარგად აისახა. თავი ვარსკვლავად ვიგრძენი და ძალიან ბედნიერი ჩამოვედი. ისე მოხდა, რომ ერთ დღეში ძალიან პოპულარული გავხდი. თან‚ როგორც მერე გავიგე, სანამ გვატემალაში ჩავიდოდი, იქ მანამდე უკვე პოპულარული ვიყავი, რადგან „მის თინეიჯერის“ რეკლამებთან, პოსტერებთან ერთად, ჩემი ფოტოებიც იყო გაკრული და ეწერა – ქეთი ორჯონიკიძე, მომღერალი. მახსოვს ახალი ჩასული ვიყავი და რამდენიმე ადამიანი მოვიდა, მითხრეს: უკაცრავად‚ თავიდან ვერ გიცანით, თმის ფერი შეგიცვლიათო. თავიდან მეგონა, ვიღაცაში ავერიე, საქართველო ხომ არ იყო, ასე ვეცნე ვინმეს, გვატემალაში ვიყავი, თან‚ პირველად. მაგრამ, არ ვიმჩნევდი და შემდეგ‚ სავაჭრო ცენტრში რომ შევედი და იქ უზარმაზარი ბანერები დავინახე ჩემი ფოტოთი, მერე მივხვდი, რომ ამ ხალხს არავისში არ ვეშლებოდი.
– როგორი  გრაფიკი გქონდა, ძალიან იყავი დატვირთული?
– დაცვა დაგვყვებოდა და ყველაფერი კონტროლქვეშ იყო აყვანილი. რამდენადაც რთული და დამღლელი იყო ყველაფერი, რეპეტიციები, თუნდაც გოგონებთან ერთად სიარული, თან მე ყოველდღე მქონდა კონცერტი, იმდენად სულ სასიამოვნო ემოციებით ვბრუნდებოდით. ვერც კი ვხვდებოდით‚ საიდან მოდიოდა ახალ-ახალი ენერგია. ვერ გეტყვი, რომ ბუნება ვნახე, რადგან საექსკურსიო დრო არ იყო, სხვადასხვა ქალაქში გვქონდა კონცერტები და სულ სიარული გვიწევდა. იმ მომენტში რის ნახვასაც ვასწრებდით‚ სულ ის იყო. გვატემალაში ვულკანია, რომელმაც სანამ ჩვენ ჩავიდოდით გაიღვიძა და ვხუმრობდი კიდეც – ლავის პირველი წვეთი თავზე მე თუ არ დამეცა, ისე როგორ იქნება-მეთქი. მაგრამ, გადავურჩი და ვერც ვნახე, ანუ დროისა და მოუცლელობის გამო, იმდენი კარგი ადგილი ვერ ვნახე, რაც‚ ჩემი აზრით‚ ძალიან მომეწონებოდა. რაც შეეხება ჩემს გამოსვლებს, ან ვმღეროდი შუალედებში, ან კონკურსანტების გამოსვლის დროს. ერთ გამოსვლაზე გოგონები სულ თეთრებსა და ოქროსფერებში იყვნენ ჩაცმულები, ფრთები ჰქონდათ გაკეთებული და მე სულ შავებში ვიყავი. მე შავი ანგელოზი ვიყავი, ისინი – თეთრები. ანუ მე ვმღეროდი და ისინი ჩვენებას აწყობდნენ, სანახაობრივი შოუ იყო, „ვიქტორიას სეკრეტის“ სტილში. შეიძლება ითქვას, გვატემალაში ჩემმა ბედმა ისე არ იზარმაცა, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე. ჯერჯერობით გვერდულად გამიღიმა, ცალი ყბით და ახლა ველოდები‚ მთლიანად როდის გამიღიმებს. როცა ყველაფერი სასიამოვნოდ დასრულდება, რაც ჩაფიქრებულია‚ ის გამოვა, მერე ვიტყვი, რომ ბოლომდე გამიღიმა.
– ანუ, მთელ კონკურსს მუსიკალურად მთლიანად შენ აფორმებდი?
– კი, მხოლოდ საფინალო შოუზე იმღერეს ჩემთან ერთად გვატემალის ვარსკვლავებმა. თუმცა‚ შოუ მე გავხსენი და დავხურე. ქალბატონმა ეკა მგალობლიშვილმა გააგზავნა ჩემი მონაცემები და თუ ისინი დააკმაყოფილებდნენ ჩვენს სურვილებს, მოთხოვნებს, „მის მსოფლიო თინეიჯერს“ მუსიკალურად მთლიანად მე გავაფორმებდი. რა თქმა უნდა‚ ყველაფერზე შევთანხმდით, ჩავედი და გავაფორმე. სხვათა შორის‚ შოუ „თბილისოთი“ დაიხურა, რომელიც მე შევასრულე და რომ დავამთავრე, მერე „თბილისოს“ არანჟირებაზე მიდიოდა საღამოს კაბებში გოგონების ჩვენება.
– რა მოთხოვნები გქონდა?
– ჩასვლის ადგილზე ყველაფერი უნდა მქონოდა‚ რასაც მოვისურვებდი – უნდა უზრუნველეყოთ საცხოვრებელი ადგილი, კვება, გადაადგილება. ადამიანური მოთხოვნები მქონდა. ნებისმიერი რაღაც შემეძლო მომეთხოვა, რაც კი დამჭირდებოდა და მაშინვე გააჩენდნენ, ყველაფერზე თანახმა იყვნენ. ძალიან კარგი პიროვნული თვისებების ხალხია, კარგად შევეწყე და მომეწონა მათთან ურთიერთობა. გოგონებთან ერთადაც კარგად ვატარებდი დროს. პირადად მე‚ სრულიად თავისუფალი ვიყავი. უბრალოდ‚ თხოვნა იყო, რომ შეკრებებზე მივსულიყავით, რადგან ხშირად იმართებოდა სამთავრობო შეკრებები.
– როგორ მიგიღო მაყურებელმა?
– ისეთი ემოციები მოდიოდა ხალხისგან, რომ მეც გაოცებული ვიყავი. როდესაც სცენაზე ვიდექი, საითაც გავიხედავდი, იმწუთასვე ერთი ამბავი იწყებოდა – უცებ ვიგრძენი თავი ვარსკვლავად. ფოტოების გადაღებაზე, ავტოგრაფებზე საუბარი აღარცაა. „ვარსკვლავების აკადემიიდან“ რომ გამოვედით და ბუმი დაგვხვდა, დაახლოებით, ასეთი სიტუაცია იყო იქაც. ეს ჩემთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ნებისმიერი კონცერტი‚ სადაც უნდა იყოს ის, გამოცდილება და დიდი პასუხისმგებლობაა – ეს, უპირველეს ყოვლისა‚ საკუთარი თავის პატივისცემაა და იმ ხალხის, ვინც გისმენს. ერთ-ერთ კონცერტზე ძალიან დამცხა, ქურთუკი გავიხადე და ეკას ვესროლე. ფილმებში რომ არის შენელებული კადრები – ხალხი ყველა მიმართულებით, რომ მიფრინავს – აი, ასე იყო. სანამ ქურთუკი ძირს დაეცა და ეკამდე მივიდა, არც ერთი რკინა აღარ ჰქონდა ზედ, გზაში გაბდღვნეს, ეკამ ძლივს გადაარჩინა.
– გვატემალიდან საფრანგეთში გაემგზავრეთ. იქ როგორი დრო გაატარეთ?
– რელაქსაციისთვის წავედით საფრანგეთში და სასიამოვნო დრო ვატარეთ, კარგად დავისვენეთ. სამწუხაროდ‚ კიდევ ერთხელ ვერ მოვასწარი იმ ადგილების მონახულება, რაც მინდოდა, მაგრამ მთლიანობაში კარგი დრო გავატარეთ. პოზიტიური განწყობით, ახალი იდეებით ჩამოვედი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თან‚ როგორც უკვე აღვნიშნე ერთ-ერთ ბარს დავუკავშირდი, ახლა ჩემს მონაცემებს გავუგზავნით და ვნახოთ‚ რა იქნება, როგორ შევთანხმდებით. ვსეირნობდით გემი-რესტორნით, დავდიოდით ბევრს. მოკლედ‚ პარიზში ჩვენი ყოფნა მთლიანად ესთეტიკურ სიამოვნებას მივუძღვენით. თან, მე, ეკა და ლიდა ვიყავით ერთად. ეკა ლიდას შეჰპირდა‚ თუ საუკეთესო ხუთეულში შევიდოდა, გარკვეულ დროს პარიზში გაატარებდა და რა თქმა უნდა‚ ეკამ ეს პირობა შეასრულა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი.

скачать dle 11.3