კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თქვა იულია ქავთარაძემ უარი ჰიუ ჰეფნერის შემოთავაზებაზე და რატომ აწვალებდა ის მომავალ მეუღლეს

იულია ქავთარაძე უკრაინული ესტრადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ქართველი შემსრულებელია. ლამაზმანი ბავშვობიდან იყო ცეკვით, მუსიკითა და მხატვრული ტანვარჯიშით დაკავებული, თუმცა, წარმოუდგენელი პოპულარობა ჯგუფმა „ნიკიტამ” მოუტანა – 2009 წელს ჟურნალმა „კოსმოპოლიტანმა” დაშა და იულია ყველაზე მოდურ გოგონებად დაასახელა. იულიამ ჯგუფი ერთი წელია, რაც დატოვა. ის რამდენიმე დღის წინ მშობლიურ ქალაქში – ბათუმში იყო ჩამოსული 5 წლის მარგარიტასა და დედასთან ერთად. ამბობს, რომ მეორე შვილის გაჩენაზე ფიქრობს. რასაკვირველია, იულია ჩავწერეთ და გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

– იულია, დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილხართ?
– ბოლოს ოთხი წლის წინ ვიყავი ჩამოსული. ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია, 6 წლამდე აქ ვიზრდებოდი და ძალიან მიყვარს აქაურობა. დედა უკრაინელი მყავს. 6 წლის რომ გავხდი, საცხოვრებლად საქართველოდან უკრაინაში, კიევში გადავედით. თუმცა, 16 წლის ვიყავი, როცა მამა ჩვენგან წავიდა და ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ. საცხოვრებელი, ტელეფონი, ყველანაირი კონტაქტი გამოვიცვალეთ და ერთმანეთს ვეღარ ვპოულობდით. მე ძალიან მიყვარდა მამა, მენატრებოდა, რადგან, ათი წელი არ მყავდა ნანახი. ვდარდობდი და მის დაკარგვას ვერ ვეგუებოდი. მერე სოციალური ქსელები გაჩნდა და ამ გზით ვიპოვე ჩემი ძმა – ბონდო ქავთარაძე, რომელიც თვალით არ მყავდა ნანახი. ძალიან დიდხანს ვეძებდი, მაგრამ, ვიპოვე. მივწერე, შენი და ვარ და შენი ნახვა მინდა-მეთქი. გაგიჟდა სიხარულისგან. ყველაფერი სცოდნია ჩემზე – აღმოჩნდა, რომ დედამისი უყვებოდა ხოლმე. თურმე, ოცნებობდა, სრულწლოვანი რომ გახდებოდა უკრაინაში მოვეძებნე. ჩამოვედი ბათუმში და დამხვდნენ მამა, ძმა, ჩემი ბიძაშვილები და ბიძა, რომელთან ერთადაც მთელი ჩემი ჯადოსნური ბავშვობა მაქვს გატარებული. ამჟამად ვისვენებ და ბათუმში ჩემს ქალიშვილთან, მარგარიტასთან და დედასთან ერთად ვარ ჩამოსული. სხვათა შორის, მარგოს 1 000 პროცენტით ქართული ხასიათი აქვს.  ძალიან ტემპერამენტიანი გოგონაა – მის ძარღვებში ხომ ქართული სისხლი ჩქეფს და მე ვამაყობ ამით! მე თვითონაც ქართული ხასიათი მაქვს – მგზნებარე. ჩემზე კავკასიური ფესვები ახდენს გავლენას, მიყვარს იუმორის მქონე და ძლიერი ხასიათის ადამიანები. ნელ-ნელა ვსწავლობ დათმობებზე წასვლას, თუმცა, ძალიან მიჭირს. თუ ვინმე მაწყენინებს, შემიძლია, ვაპატიო, მაგრამ, თუ ჩემს ახლობლებს მიაყენებენ ტკივილს, ასეთ შემთხვევაში დაუნდობელი ვხდები!
– ქართული, როგორც ჩანს, საერთოდ არ გახსოვთ.
– სამწუხაროდ, არა, რადგან, 6 წლის ვიყავი, აქედან რომ გავემგზავრეთ. დედა მეუბნება, რომ ბავშვობაში ვლაპარაკობდი ქართულად, თუმცა, ახლა სულ რამდენიმე სიტყვა ვიცი, მათ შორის – „მე შენ მიყვარხარ”. მაგრამ, გაგიკვირდებათ და, სხვების ლაპარაკს რომ ვუსმენ, მესმის, რაზე ლაპარაკობენ. თვითონაც არ ვიცი, ეს როგორ ხდება. უკვირთ და მეუბნებიან, არ არსებობს, კი მაგრამ, როგორ გესმისო? ჰგონიათ, რომ ვეშმაკობ (იცინის).
– ვიცი, რომ სცენაზე ბავშვობიდან დგახართ.
– დიახ, აქტიურად ვმღეროდი, ასევე, დავდიოდი მხატვრულ ტანვარჯიშზე და ვიოლინოზე.
– ამჟამად შემოქმედებითი პაუზა გაქვთ? რით ხართ დაკავებული?
– უკვე ერთი წელია, რაც ჯგუფიდან წამოვედი. რა თქმა უნდა, ვაპირებ მუსიკაში კარიერის გაგრძელებას და ვეძებ სათანადო რეპერტუარს. ჰო, მართლა, კარგი იქნებოდა, რომ რომელიმე ქართველ ავტორთან და კომპოზიტორთან მეთანამშრომლა. ამჟამად დაკავებული ვარ სამსახიობო კარიერით – ვითამაშე ფილმში „ტოტ იშჩო კარლსონ” კომედიური როლი მიხაილ გალუსტიანთან ერთად; შევასრულე როლი „ინსპექტორში”, რომელიც ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა, რადგან, იგეგმება მისი ჩვენება ფესტივალის ფარგლებში; მონაწილეობა მივიღე ფილმ „ქალღმერთებში” არაჩვეულებრივ ადამიანთან და მსახიობთან, ალექსეი სერებრიაკოვთან ერთად; ასევე, ხშირად ვიღებ  მონაწილეობას ფოტოსესიებში, ძალიან მიყვარს კამერის წინ პოზირება. მიღებენ რეკლამებში, ასევე, ვარ „ტერმინალ სკიდოკის“ სახე და, რაც მნიშვნელოვანია, მონაწილეობა მივიღე „მგზავრების” ახალ კლიპში, რასაც, ჩვეულებრივ, შემსრულებლები არ აკეთებენ ხოლმე.
გიგი დედალამაზიშვილი ძალიან საყვარელი და სასაცილო ბიჭია. ასეთ შემოთავაზებაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი – ნამდვილად მაგარი ბიჭები და ნიჭიერი შემსრულებლები არიან. „მგზავრების” კონცერტზე კიევში სამჯერ ვიყავი. გიგიმ დედაჩემი გაიცნო და მას საკუთარი დისკი აჩუქა ავტოგრაფით. როცა უხასიათოდ ვარ, ამ დისკს ვრთავ და ვუსმენ – უდიდესი ენერგეტიკა აქვს. საერთოდ, ქართული მუსიკა ძალიან მიყვარს, ისეთი ნაზი და, თან, ძლიერია ერთდროულად...
– „ნიკიტა“ რატომ დატოვეთ? თუ არ ვცდები, ამბობდით, რომ ჯგუფის პროდიუსერთან უთანხმოება გქონდათ.
– უკვე უფრო მეტი, ვიდრე უთანხმოება. 12 წლის განმავლობაში ამ პროდიუსერთან ვმუშაობდი და ბავშვობიდან სულ მეკითხებოდა, მინდოდა თუ არა მემღერა! ნელ-ნელა დაიწყო და დაგროვდა. მე მინდოდა რაღაც უფრო მეტი, მინდოდა თვითრეალიზება, მეტი შემოქმედებითობა. ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვვითარდებოდი, რადგან, ყველაფერი უაზროდ იყო ჩაციკლული სექსზე! შეიძლება, ვინმეს სჭირდებოდეს ამ გზით მოპოვებული დიდება, მაგრამ მე ნამდვილად არ მჭირდება. საგასტროლო გრაფიკი, უბრალოდ, აღარაფრის დროს არ მიტოვებდა. როცა ვკითხე, შეეძლოთ თუ არა, სექსის გარდა რაიმე ახალი შემოეთავაზებინათ, პასუხი ვერ მივიღე. არადა, ჩემი აზრით, ქალი ყოველთვის უნდა იყოს იდუმალი, რჩებოდეს გამოცანად – ასე ვთქვათ, ფარდის მიღმა, რომ მამაკაცს მისი ამოცნობის, გახსნის სურვილი გაუჩნდეს. გიჟურად პოპულარულები ვიყავით, მაგრამ, მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი,  უარი ვთქვი ჯგუფის წევრობაზე და, მიმაჩნია, რომ რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ. არ გავაკეთებ იმას, რისი კეთებაც არ მინდა. ბოლოს და ბოლოს, თუ აქტიური მუსიკალური და სამსახიობო კარიერა აღარ მექნება, წავალ და „მგზავრების” კონცერტზე ვიმღერებ.
– ვიცი, რომ ჰიუ ჰეფნერის იუბილეზე იყავით და მან „ფლეიბოის” ფოტოსესიაში შემოგთავაზათ მონაწილეობა.
– დიახ, მე და დაშა ვიყავით და ჰიუ პირადად გავიცანი. ძალიან სასიამოვნო, ქარიზმატული და უშუალო ადამიანია. ჩვენ მეგობრული საუბარი გვქონდა და მან შემომთავაზა, გადამეღო „ფლეიბოისთვის“, მაგრამ, მე არ მსურდა, მისი „ბაჭიებიდან” ერთ-ერთი ვყოფილიყავი და ამიტომ უარი ვუთხარი. მე რომ ვყოფილიყავი პირველი და ეს სიახლე ყოფილიყო, შეიძლება, დავთანხმებულიყავი და ეს ლამაზი ეროტიკა იქნებოდა. რა, არ შეიძლება, ქართველი ქალი ეროტიკული და სასურველი იყოს?! (იცინის) უბრალოდ, ჩემთვის არსებობს ზღვარი სილამაზესა და ვულგარულობას, ეროტიკასა და გარყვნილებას შორის.
– დაშა ასტაფიევასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ამჟამად არანაირი. ჩვენ საქმიანი, პროფესიული ურთიერთობა გვქონდა. დაშა ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია. ჩვენ ბევრი დროის გატარება მოგვიწია ერთად და, იყო როგორც კარგი, ისე ცუდი მომენტები. ხანდახან მახსენდება და ვფიქრობ, როგორ არის-მეთქი. ალბათ, ისიც ფიქრობს ჩემზე. ხშირად ვჩხუბობდით და ვკბენდით ერთმანეთს, მერე კი ისევ ვრიგდებოდით. რაც ჯგუფიდან წამოვედი, ერთხელაც არ მინახავს.
– უკრაინულ შოუ-ბიზნესში ვისთან მეგობრობთ?
– ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, თუმცა, ჩემი მეგობრები შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები არ არიან. ერთადერთი გამოვარჩევდი ანდრეი დანილკოს (ვერკა სერდიუჩკა), რომელთან ერთადაც გასტროლებზე გვიხდებოდა ყოფნა. ანდრეი გენიალური ადამიანია, ნამდვილი თვითნაბადი ტალანტი! სხვათა შორის, „ნიკიტას“ ევროპაშიც ჰქონდა კონცერტები, მაგალითად, კანში, იტალიაში...
– მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?
– ანდრეის ძალიან დიდი დრო და მოთმინება დასჭირდა იმისთვის, რომ ჩემი მკაცრი, ყუნულის გული გაელღო და მოენადირებინა (იცინის). სულ ცდილობდა ჩემთან შეხვედრას. სხვადასხვა დროს უამრავი ხალხი ცდილობდა ჩვენს გაცნობას – ეტყობა, ძალიან მოვწონდი შორიდან. მთელი წელი ჩემი საყვარელი ყვავილის – თეთრი ვარდების უზარმაზარ თაიგულებს მიგზავნიდა, ყველანაირად ცდილობდა, თავი შეეხსენებინა! ერთხელ კანში გამოვდიოდით და სასტუმროს ნომერში თეთრი ორქიდეების ულამაზესი იკებანა მომართვეს ანდრეისგან; ასევე, ბროლის ანგელოზი, რომელსაც ხელში გული ეჭირა. მიყვარს, როცა სასიამოვნოდ მაოცებენ! დიდხანს ვამოწმებდი მისი გრძნობების სიმტკიცეს და ისიც მოთმინებით იცდიდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს სახლი, მყუდროება და კომფორტი. ვგიჟდები დიდ ოჯახზე და, მინდა, ბიჭი გავაჩინო.
– ზღვა თქვენი სტიქიაა, როგორც ვიცი.
– ვგიჟდები ზღვაზე და ბათუმზე – ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია, ვხედავ, რომ ბოლო დროს ძალიან გალამაზდა. მინდა, აქაურები უკეთესად ცხოვრობდნენ. ზღვას რაც შეეხება, წყალი იმდენად მიყვარს, ვფიქრობ, წინა ცხოვრებაში დელფინი ვიყავი (იცინის).
– თქვენი კლიპი – „ვერიოვკი” ნამდვილი შოკი აღმოჩნდა და ქართულ მუსიკალურ არხებზეც დღედაღამ ატრიალებდნენ.
– მართლა? რას ამბობთ (იცინის)! ნამდვილად არ ვიცოდი. ეგ კლიპი უკრაინაშიც შოკის მომგვრელი იყო. ამ კლიპში ჩანს, რომ ჩვენ სულ შიშვლები ვართ. ყველა ჯგუფზე არსებობს ლეგენდები, თუმცა, ყველა კარტის გახსნა ნამდვილად არ მინდა.

скачать dle 11.3