კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთის ვარსკვლავები, რომლებმაც კარიერა დაასრულეს

ახალმა საფეხბურთო სეზონმა სტარტი აიღო ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში  და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები არდადეგების შემდეგ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოსავლენ ესტაფეტაში ჩაებნენ. ახალი სეზონის დაწყება იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ფეხბურთიდან რამდენიმე სახელოვანი სპორტსმენი წავიდა, რომელთა ჩამონათვალს „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.
რუუდ ვან ნისტელროი – ჰოლანდია
ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელი ფეხბურთის ისტორიისა  და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2001-2010 წლების მსოფლიოს ყველაზე შედეგიან თავდამსხმელად დაასახელა. სუპერფორვარდმა ვან ნისტელროიმ თავისი კარიერის საუკეთესო წლები „მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის „რეალში” გაატარა და სწორედ მისი გაყიდვა სახელდება მადრიდულ სუპერკლუბში ალექს ფერგიუსონის ყველაზე დიდ სატრანსფერო შეცდომად. თავისი ბოლო სეზონი დიდ ფეხბურთში ვან ნისტელროიმ ესპანურ „მალაგაში” გაატარა, თუმცა, მას ოცნებად ჰქონდა, რომ ბოლო მატჩი „რეალის” მაისურით ეთამაშა. ვან ნისტელროი ჰოლანდიის ნაკრებიდანაც ვალმოხდილი წავიდა – 70 მატჩში მან 35 გოლის გატანა მოახერხა.
ფილიპო ინძაგი – იტალია
„ადამიანი, რომელიც თამაშგარეში დაიბადა“. – ასე მოიხსენიებენ ფილიპო ინძაგის, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო თავდამსხმელს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მას ნებისმიერი სახიფათო მომენტის გოლად ქცევა შეეძლო. ინძაგიმ თავისი უკანასკნელი მატჩი „მილანის” შემადგენლობაში 2012 წლის 13 მაისს ითამაშა და გამარჯვების მომტანი გოლით დაემშვიდობა ქომაგებს. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ინძაგი ამჟამად „მილანის” 17 წლამდელთა გუნდის მწვრთნელია და, მისი თქმით, ფეხბურთის თამაში მისთვის გაცილებით იოლი იყო, ვიდრე მწვრთნელობაა.
სილვიენ ვილტორი – საფრანგეთი
39 წლის ევროპის ჩემპიონმა სილვიენ ვილტორმა კარიერა „ნანტში” დაასრულა. მისი პროფესიონალური სპორტული კარიერა 1991 წელს „რენში” დაიწყო, შემდგომში კი მან არაერთი სახელოვანი კლუბის მაისური მოირგო, მათ შორის, „არსენალის”, „ბორდოს”, „ლიონისა” და „მარსელის” რიგებში. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი, ვილტორის კარიერაში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრაა, როდესაც მან  94-ე წუთზე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუტანა გოლი ფრანჩესკო ტოლდოს და იტალიის ნაკრებს განაღდებული ჩემპიონობა ცხვირწინ ააცალა.
ჰანს-იორგ ბუტი – გერმანია
გერმანელი გოლკიპერი და შტატიანი პენალტისტი, რომელმაც კარიერის განმავლობაში 50-მდე გოლი გაიტანა. ბუტი „ჰამბურგის” – „ბაიერის” და გერმანული ფეხბურთის ფლაგმანის „ბაიერნის” ძირითადი მეკარე იყო და, რომ არა უდიდესი კონკურენცია ოლივერ კანთან და იენს ლემანთან, შესაძლოა, სწორედ ის ყოფილიყო ბუნდესტიმის ნომერ პირველი მეკარე. ბუტზე მეტი გოლი მეკარეთა შორის ლეგენდარულ პარაგვაელს, ხოსე-ლუის ჩილავერტს და ამჟამად მოქმედ ბრაზილიელ მეკარეს, როჟერიო სენის აქვთ გატანილი. ბუტმა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზეც გაიტანა გოლი პენალტის ნიშნულიდან და ბავარიული კლუბის ისტორიაში მეორე მეკარე გახდა ჟან-მარი პფაფის შემდეგ, რომელმაც ეს მოახერხა.
ხუან-სებასტიან ვერონი – არგენტინა
არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი, რომელმაც თავისი ხანგრძლივი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ევროპულ სუპერკლუბებში: „ჩელსიში”, „ლაციოში”, „მანჩესტერ იუნაიტედში”, „ინტერში“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვერონი მშობლიური „ესტუდიანტესის” რიგებში ჩაირიცხა და სწორედ ამ გუნდის მაისურით, 37 წლის ასაკში, უკანასკნელად გავიდა სათამაშო მოედანზე. 2004 წელს პელემ დაასახელა მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელი და მათ შორის ფიგურირებდა ვერონი, რომელმაც ბოლო მატჩი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში, დიეგო მარადონას ხელმძღვანელობით გამართა 2010 წლის მუნდიალზე სამხრეთ აფრიკაში.
ლედლი კინგი – ინგლისი
ინგლისის ნაკრებისა და „ტოტენჰემის” ცენტრალური მცველი, რომელსაც 31 წლის ასაკში, ტრავმის გამო, ნაადრევად მოუხდა კარიერის დასრულება. კინგმა სადებიუტო მატჩში გამოჩენით ჩაწერა საკუთარი სახელი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში. 1999 წელს, „ლივერპულთან” მატჩში, კინგმა თამაშის დაწყებიდან მეათე წამზე მოახერხა გოლის გატანა, რაც დღემდე მოუხსნელ რეკორდად ითვლება. კინგს „ერთი გუნდის ფეხბურთელს“ უწოდებენ, რადგან, თავისი კარიერის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი  კლუბის მაისურით ითამაშა. კინგი ფაბიო კაპელოს ფავორიტ მცველად ითვლებოდა ამ უკანასკნელის ინგლისის ნაკრებში მუშაობის პერიოდში და, ხშირ შემთხვევაში, ის კინგს უფრო მეტად ენდობოდა, ვიდრე სახელოვან რიო ფერდინანდს ან ჯონ ტერის.
ივან კორდობა – კოლუმბია
კოლუმბიელმა ივან კორდობამ თავისი კარიერის დიდი ნაწილი მილანის „ინტერში” გაატარა. კოლუმბიის ნაკრების კაპიტნისთვის 2000 წლიდან დაწყებული მილანური კარიერა 2012 წელს დასრულდა. კორდობა იმ თაობის კოლუმბიელი ფეხბურთელების წარმომადგენელია, რომლებსაც ლეგენდარულ კარლოს ვალდერამასთან და ფაუსტინო ასპრილიასთან ერთად უთამაშიათ. 36 წლის კორდობა ათი წლის განმავლობაში „ინტერის” ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, სადაც მხოლოდ ბოლო სეზონზე დაკარგა ადგილი. ამბობენ, კორდობას ძალიან უნდოდა, რომ ლეგენდარული არგენტინელის, ხავიერ ძანეტის რეკორდი მოეხსნა, თუმცა, 39 წლის ძანეტი ახლაც კი მშვენიერ სპორტულ ფორმაშია და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კარიერის დასრულებას არ გეგმავს.
რობერტო კარლოსი – ბრაზილია
2012 წლის 1 აგვისტოს ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. 39 წლის კარლოსმა ბუცები ლურსმანზე მახაჩკალის „ანჟის” შემადგენლობაში ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ დაკიდა. ერთხანს კარლოსი აცხადებდა, რომ 2014 წლამდე აპირებდა ფეხბურთის თამაშს და იმედოვნებდა, რომ 2014 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების ღირსებას დაიცავდა, იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელად პენტაკამპეონების ყვითელი მაისური მან 2006 წელს მოირგო. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მარცხენა მცველმა ფეხბურთის ქომაგების სიყვარული საიმედო თამაშთან ერთად 1997 წელს, იტალიის ნაკრების კარში გატანილი ფენომენალური ჯარიმით დაიმსახურა. ის გოლი ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გოლად ითვლება, რადგან იმ დარტყმით კარლოსმა ფიზიკის კანონებს აუარა გვერდი და საკუთარი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ფეხბურთის მემატიანეში.
ნიკოს ლიბეროპულოსი – საბერძნეთი
ბერძნული ფეხბურთის „ჯოკერი” და „უკანასკნელი მოჰიკანი” – ლიბეროპულოსი, იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც ბერძნულ ფეხბურთს უდიდესი გამარჯვება მოუტანა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თავად ლიბეროპულოსმა ტრავმის გამო გამოტოვა. უკანასკნელად ლიბეროპულოსი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გამოჩნდა, სადაც საბერძნეთის ნაკრების  გერმანიასთან ბოლო მატჩში გამოვიდა შეცვლაზე და, ეს მატჩი მის ხანგრძლივ კარიერაში, როგორც ჩანს, უკანასკნელი გამოდგა.
იან ვენეგოორ ოფ ჰესელინკი – ჰოლანდია
ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გრძელი გვარის მქონე იან იოჰანეს ვენეგოორ ოფ ჰესელინკმა ფეხბურთის თამაშს საკმაოდ ადრე – 33 წლის ასაკში დაანება თავი. კარიერის განმავლობაში მან არაერთი ცნობილი კლუბის შემადგენლობაში გამოიჩინა თავი და, ამასთან ერთად, ჰოლანდიის ნაკრების მუდმივი წევრი იყო 2004-2008 წლებში. ჰესელინკის გვარი სათავეს მეჩვიდმეტე საუკუნიდან იღებს, როდესაც ჰოლანდიური ენსხედეს ორი ფერმერული ოჯახი დანათესავდა და სწორედ მას შემდეგ წარმოიშვა ასეთი გრძელი გვარი.

скачать dle 11.3