კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეყოფა თუ არა ნატოს სამხედრო რესურსი ავღანეთისა და ერაყის პარალელურად, სირიის კრიზისის ფონზე ირანზე თავდასასხმელად

ჩვენი ყურადღება, ბუნებრივია, ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენებისადმია მიმართული, რადგან, ბოლოს და ბოლოს, არჩევნები ყოველდღე არ ტარდება, თუმცა, იმ მარტივი მიზეზით, რომ დედამიწა ჩვენ გარშემო არ ბრუნავს, მსოფლიოში სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემებიცაა. მათ შორის, ერთ-ერთი სირიის კრიზისია, რომლის გადაწყვეტას ბოლო არ უჩანს, მეტიც, მასში ჩართვას ირანიც ლამობს (პრეზიდენტმა ახმადინეჯადმა უკვე შეუთვალა ბაშარ ასადს, რომ სირიის შემწუხებელი, მისი შემწუხებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუკი დასავლელები სირიაზე თავდასხმას მოინდომებენ, ირანი ბაშარ ასადის რეჟიმს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს). მეორე მხრივ, ირანი არც ისრაელის მისამართით აკლებს მუქარებს და კვლავაც მიაჩნია, რომ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის ფაქტი თავისთავადაა შეურაცხმყოფელი;  ამ მუქარას „ჰესბოლა“ და „ჰამასიც“ უერთდებიან. ანალიტიკოსები კი, თავის მხრივ, ირანთან ომს პროგნოზირებენ, ოღონდ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შემდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეს ცივილიზაციათა დაჯახების ელფერი აქვს, ხოლო აღმოსავლეთი, ისევე, როგორც დასავლეთი საქართველოდან ხელის გაწვდენაზეა, ბუნებრივია, მოვლენების დრამატულად განვითარების შემთხვევაში, ფრონტის წინა ხაზზე დგომა გარანტირებული გვაქვს. მოვლენების დრამატულად განვითარების შესაძლო ვარიანტებს ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.
– დასაწყისისთვის ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად სირიის, როგორც ქვეყნის, თავისებურებებზე.
– სირია საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა: მოსახლეობის 86 პროცენტი არის მუსლიმანი, 82 პროცენტი –  სუნიტი, ხოლო –  4 პროცენტი არის ალავიტი და სხვა მიმდინარეობის მუსლიმანი. დაახლოებით 10 პროცენტია ქრისტიანი და უმეტესწილად მართლმადიდებელი ქრისტიანები. ასადი და მისი ოჯახის წევრები არიან ალავიტები. ამდენად, მათ ყოველთვის ჰქონდათ გარკვეული ეჭვნარევი დამოკიდებულება ხალხისადმი, რადგან სუნიტები უფრო თურქეთისკენ იყურებოდნენ, ამიტომ ალავიტები სამხედრო ძალას აძლიერებდნენ, რომ ეს ხალხი გარკვეული რეჟიმის ქვეშ ჰყოლოდათ. მიუხედავად ამისა, 1976-1982 წლებში სერიოზული გამოსვლები იყო ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ამბობენ, რომ დღევანდელ არეულობას სირიაში უკვე შეეწირა 20 000 ადამიანი, მაშინ კი 30 000 კაცი დაიღუპა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ასადის რეჟიმის დაცემა. სირიის რეჟიმი ყოველთვის აღიზიანებდა დასავლეთსა და შეერთებულ შტატებს. იმიტომ რომ სირია იყო მთავარი აქტორი ლიბანში, სადაც მას წლების განმავლობაში ჰყავდა შეყვანილი ჯარები და მხოლოდ 2005 წელს გამოიყვანა. ამ სიტუაციაში შეუძლებელი იყო, არაბულ გაზაფხულს გვერდი აევლო სირიისთვის და მართლაც აქ დაიწყო გამოსვლები. სავარაუდოა, რომ დასავლეთმა ამ პროცესებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ახლა ჩვენ იქ გვაქვს სრულფასოვანი სამოქალაქო ომი.
– მაგრამ საკმაოდ ნელა ვითარდება მოვლენები სირიაში, არადა ეს ქვეყანა თითქმის სასაკლაოდ იქცა.
– საქმე ის არის, რომ, როდესაც მყარდება ავტორიტარული ან ტოტალიტარული რეჟიმი, ის ანადგურებს რეალური შეხედულებების მქონე ისტებლიშმენტს და სარბიელზე რჩებიან მხოლოდ ხელისუფლების მორჩილი ადამიანები, განსხვავებული თვალსაზრისების მქონენი კი ან მიდიან ქვეყნიდან, ან იხოცებიან, ან ქრებიან ხალხის წიაღში და ხშირად რადიკალურ ისლამს ან რადიკალურ რელიგიურ მიმართულებებს აფარებენ თავს. და, როგორც კი მოირყევა რეჟიმი, წინა პლანზე გამოდიან არა ინტელექტუალური პოლიტიკოსები, არამედ უკვე მისი უდიდებულესობა მაუზერი, ანუ იარაღი და ამ იარაღის უკან, როგორც წესი, დგანან რადიკალები, ფუნდამენტალისტები. აქაც ისმის კითხვა, რატომ არ გამოცხადდა არასაფრენი ზონა სირიის თავზე?! ამ შემთხვევაში ხომ მებრძოლ დაპირისპირებულ ძალებს შორის უპირატესობას მოიპოვებდნენ მეამბოხეები, შეავიწროებდნენ ხელისუფლების ძალებს და შეეძლოთ გაემარჯვათ კიდეც.
– იმის თქმა გინდათ, რომ დასავლეთი არ თანაუგრძნობს სირიელ მეამბოხეებს?
– ჩემი აზრით, დასავლეთი დარწმუნებული არ არის, რომ ის ძალები, რომლებიც შეიძლება, მოვიდნენ სირიის ხელისუფლებაში, თუკი სირიის თავზე არასაფრენი ზონა გამოცხადდება, მიდიან პროგრესისა და დემოკრატიისკენ. მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას აღნიშნა, რომ სირიელი ამბოხებულები ალ-ქაიდაზე ურესები არიან. ალ-ქაიდაზე უარესი როგორ შეიძლება, იყო, მაგრამ ამას ამბობს რუსეთის ოფიციალური უწყება. ამ განცხადების საფუძველი, ერთი მხრივ, ის არის, რომ რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამხედრო ინტერესები, მას აქვს ბაზები სირიაში. ამდენად, ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეგიონიდან რუსებს არ უნდათ წამოსვლა, ამიტომ ისინი მხარს უჭერენ ბაშარ ასადის რეჟიმს. დასავლეთიც თითქოს აფიქსირებს მხარდაჭერას ამბოხებულებისადმი, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა ვცნოთ მეამბოხეთა მთავრობაო, მაგრამ რეალურად ამის გაკეთებას არც დასავლეთი ჩქარობს და არც შეერთებული შტატები. მაშინ რა გამოდის? აკვირდებიან ვითარებას, მაგრამ გადაწყვეტილებას არც ერთი მხარე არ იღებს. თუ მსოფლიო მოთამაშეები (ჩინეთი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები, თურქეთი, რომელსაც სერიოზული ინტერესები აქვს, რადგან სირიაში სუნიტია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და, რაც უფრო გართულდება ვითარება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოინდომებს ლტოლვილად თურქეთში გადმოსვლას და თურქეთს აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები), დარწმუნებული იქნებოდნენ, რომ მეამბოხეების გამარჯვება პროგრესს შეუწყობს ხელს, შეძლებდნენ საერთო ენის გამონახვას. მაგრამ მათ ჯერჯერობით არ სურთ არც ერთი ძალის გაძლიერება: არც ის უნდათ, რომ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით გაიმარჯვოს ბაშარ ასადმა, რომელიც ბომბავს თავის ქალაქებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და არც ის, რომ გაიმარჯვონ ამბოხებულებმა, ამიტომ არც ერთ მხარეს არ აძლევენ გამარჯვების საშუალებას: ხან რუსეთის მეშვეობით აიარაღებენ ბაშარ ასადს, ხან მესამე ქვეყნების მეშვეობით პირდაპირ აწოდებენ იარაღს ოპოზიციას, რომ ბაშარ ასადმა არ გაიმარჯვოს. მთავარ აქტორებს არ ადარდებთ სირიის მოქალაქეების ბედი,  რადგან იმდენად დიდია სირიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რეგიონში, რომ იქ არ შეიძლება ხელისუფლების სათავეში არაპროგნოზირებადი ძალა მოვიდეს, რადგან ეს შემდეგ გაცილებით დიდ უბედურებას მოუტანს რეგიონს. არანაკლები პრობლემები შეიქმნა იმის გამო, რომ დემოკრატიისთვის მზად არ იყო ლიბია და არანაკლები პრობლემებია ეგვიპტეშიც. ძალიან ცდილობს პრეზიდენტი მურსი, რომ ვითარება მოაწესრიგოს, მაგრამ ძმები მუსლიმანების რადიკალური შენაკადები უფრო გაბედულ ქმედებას მოითხოვენ და სურთ ქვეყნის საერო მოდელიდან ისლამური ელემენტების შემცველი სახელმწიფო წყობისკენ გადაყვანა. პრეზიდენტმა მურსიმ მხარი დაუჭირა სირიის ამბოხებულებს ახლახან თეირანში გამართულ ფორუმზე, რის გამოც სირიის ოფიციალურმა ხელისუფლებამ დატოვა თეირანის ფორუმი. ამავე დროს, ირანს კარგი ურთიერთობა აქვს მურსის ეგვიპტესთან, მაგრამ ბაშარ ასადს ჰპირდება, რომ დაეხმარება.
– მიუხედავად სარწმუნოებრივი განსხვავებისა?
– დიახ, ირანელები შიიტები არიან, მაგრამ ირანს აქვს პრეტენზია, რომ იყოს მიუმხრობელი ქვეყნებისა და რეგიონული ლიდერი, რადგან სხვა შემთხვევაში მას მიაჩნია, რომ ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანს დაჩაგრავენ და შეიძლება, გაანადგურონ კიდეც, რადგან ირანს ეჭვი აქვს, რომ დასავლეთს უნდა მათი მდიდარი საბადოების ხელში ჩაგდება.
– არ უნდა იყოს ეს ეჭვი, მაინცდამაინც, საფუძველმოკლებული?
– არ ვიცი, რამდენად არის საფუძველს მოკლებული, მაგრამ ფაქტია, რომ ირანი მეორე ადგილზეა ნავთობის მოპოვების მიხედვით „ოპეკის“ ქვეყნებს შორის და გაზის მსოფლიო მარაგების 16 პროცენტს ფლობს. ამავე დროს, ეს არის 70-მილიონიანი ქვეყანა, რომელსაც შობადობის მაღალი დონე ახასიათებს,  თუმცა ბოლო დროს ამ მაჩვენებელმა დაიკლო.
– ირანის დემოგრაფია ცნობილია იმით, რომ ახალგაზრდა ერია, ძალიან დიდია მოსახლეობის საერთო რაოდენობაში კი 25-წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი?
– ეს იმ პერიოდის დამსახურებაა, როდესაც ირანში მაღალი იყო შობადობა. განსაკუთრებით 1976 წლის შემდეგ, როდესაც აიათოლა ჰომეინი დაბრუნდა ირანში და მოხდა ისლამური რევოლუცია. მაშინ, უწინარეს ყოვლისა, წახალისდა შარიათი, ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა აბორტების მიმართ და, ბუნებრივია, შობადობა გაიზარდა, მაგრამ ახლა, როდესაც ცივილიზაცია აღწევს  ირანში, შობადობა შემცირდა. თუმცა ირანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში და სირიის პრობლემის გადაწყვეტაში შეუძლია თავისი როლის შესრულება, თუ დასავლეთი ამაზე დასთანხმდა. მაგრამ თვითონ ირანია მიუღებელი დასავლეთისთვის, როგორც სისტემა, რომელსაც ბოლომდე არ ენდობიან და რომელთანაც გასარკვევი აქვთ ურთიერთობები. ერთი სიტყვით, ზედაპირზე დევს ცივილიზაციათა ჯახის ელემენტები და ეს შეჯახება გარდაუვალია, რადგან დასავლეთი თავის პრინციპებს არ უღალატებს, ხოლო ირანმა ძნელად წარმოსადგენია, უარი თქვას თავის მიზნებზე ბირთვულ პროგრამებთან მიმართებაში.
რეგიონი, რომელიც იწყება მაროკოდან და მთავრდება ავღანეთში, არის ძალიან გრძელი გამყოფი ხაზი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ანუ ძალიან მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ცივილიზაციათა ჯახის კონტური. სირიიდან გამოსავლის ძიების არანაირი ვარიანტი არ ჩანს: ასადი და არაერთგვაროვანი სირიული ოპოზიცია, სავარაუდოდ, ვერ მოილაპარაკებს, უცხოეთი კი არ ჩქარობს ამ კონფლიქტის მოწესრიგებას, ამიტომ ეს დაძაბულობის კერა რჩება. რომ გამოვყვეთ აქეთ, მივადგებით ირანს, რომელიც, ასევე, არის დესტაბილიზაციის წყარო და დასავლეთში ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ირანი ხელს არ აიღებს თავის ატომურ გეგმებზე და ამიტომ ირანზე დარტყმა გარდუვალია, მაგრამ, ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში, ანუ წლის ბოლომდე ეს არ არის მოსალოდნელი.
– ამერიკის არჩევნებს ელოდება ყველა?
– რა თქმა უნდა. უპირველესად, ამერიკაში ახალი ადმინისტრაცია უნდა ჩამოყალიბდეს. ამას გარდა, განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან დასავლეთში კავკასიაში არსებული ვითარებითაც, ამიტომ, ვფიქრობ, ლიბერმანის, მაკკეინის და რასმუსენის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კავკასიის საკითხები გულდასმით იქნება განხილული, რადგან სირიაზე არანაკლები გეოსტრატეგიული პუნქტია კავკასია და, თუ აქ მასშტაბური ცეცხლი დაინთება, ამას ექნება უფრო უარესი შედეგი, ვიდრე იმას, რაც სირიაში ხდება.
– ირანზე თავდასხმას ვარაუდობთ წლის ბოლოს, მაგრამ ერაყში რაც ხდება, ვიცით, უარესი ვითარებაა ავღანეთში. აქვს ნატოს ამდენი რესურსი?
– გეთანხმებით, რომ სამხედრო კომუნიკაციები გაფანტულია, ნატო არის ძლიერი ორგანიზაცია და ჯერჯერობით თავს ართმევს მის წინაშე დაკისრებულ მოვალეობას და ამ ორგანიზაციის ცენტრალიზაცია გამორიცხულია მასში შემავალი სახელმწიფოების დემოკრატიულობიდან გამომდინარე. რაღაც ცვლილებები უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ ერაყის ოპერაცია ნატოსთვის მხოლოდ რამდენადმე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, იქ მივიღეთ ერაყი სადამ ჰუსეინის რეჟიმის გარეშე, მაგრამ ის დღეს სამად გაყოფილი ქვეყანაა; ავღანურ კამპანიასაც აქვს პოზიტიური შედეგი, მაგრამ ამას ნატოს უპირობო წარმატებად მაინც ვერ ჩავთვლით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირანი უფრო სერიოზული მოწინააღმდეგე იქნება, ვიდრე ერაყი და ავღანეთი არიან, თქვენ წარმოიდგინეთ, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ ნატოს აქტივობებიდან.
– მომისმენია ასეთი მოსაზრება: მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერი, ადრე თუ გვიან, მაინც დამარცხდებოდა საბჭოთა კავშირთან, რადგან თითო საბჭოთა სოფელში თითო ჯარისკაცი რომ ჩაეყენებინა, ამისთვის უბრალოდ არმია არ ეყოფოდა. იმ ერთ ჯარისკაცს კი ბოლოს და ბოლოს მოკლავდა სოფელიო. ანალოგიური პრობლემა ხომ არ აქვს ნატოს –  შეძლებს მოიცვას ამხელა ტერიტორია?
– აი, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხები სიღატაკეში ცხოვრობენ, მიუხედავად ნავთობისა და სხვა წიაღისეულის ფლობისა, ისინი მეომარი ხალხები არიან. მე ძალიან მომწონს ერთი მიგნება, რომელიც შესაძლოა, სადღაც ამოვიკითხე: თუ ერაყელს უყვარს მოკვლა, ირანელს უყვარს –  სიკვდილი. ამდენად, როდესაც მიდიხარ ასეთი ქვეყნის წინააღმდეგ, შენ უნდა იცოდე მისი ბუნება. მაგალითად, ერაყ-ირანის ომის დროს, გასული საუკუნის 80-იან წლებში, ერაყელები საკმაოდ ღრმად შეიჭრნენ ირანში, მაგრამ შემდეგ ჰომეინის ლოცვებით გულმოცემული ირანელები სამოთხის გასაღებებს ჩამოიკიდებდნენ ხოლმე გულზე და დანაღმულ ველზე მიდიოდნენ და ამის შემხედვარე ერაყელები უკანმოუხედავად მირბოდნენ თავქუდმოგლეჯილნი. აი, ასეთ სინამდვილესთან გვაქვს საქმე, ჩვენში, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ დასავლურ ცივილიზაციას.

скачать dle 11.3