კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიკავა საქართველომ აფხაზეთის სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილი და რას მივიღებთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით

მიუხედავად იმ უხერხულობისა, რომ რუსეთი საქართველოს ისეთ საზღვრებში აღიარებს (ანუ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის გარეშე), რასაც არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა (მათთვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ფორმა 1991  წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისას არსებულ საზღვრებში მოიაზრება), რუსეთის ფედერაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი (WTO) გასული წლის მიწურულს მაინც გახდა, მათ შორის, საქართველოს თანხმობითაც. თუმცა აქტიურ ფაზაში მისი წევრობა სულ ახლახან შევიდა, რამაც ბუნებრივად გააჩინა კითხვები: რუსეთის ეს წევრობა რას მოუტანს ცივილიზებულ სამყაროს, თავად რუსეთს და, რაკი ჯერ თავო და თავოო, უპირველესად, ჩვენ? –  ამ კითხვებზე პასუხების გაცემას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ლადო პაპავასთან ერთად შევეცდებით.

– ის, რომ რუსეთი უკვე საბოლოოდ გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან დიდი პლუსია, იმ თვალსაზრისით, რომ ამ ორგანიზაციას აქვს გარკვეული წესები. მათი დაცვა სავალდებულოა და რუსეთი ხდება უფრო პროგნოზირებადი. ამიტომაც უნდოდათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, ჩვენს მთავარ პარტნიორებს, რომ რუსეთი ყოფილიყო ამ ორგანიზაციაში. მაგრამ ეს ორგანიზაცია რა არის ინსტიტუციურად სრულყოფილად ჩამოყალიბებული, ის არ არის ძლიერი ორგანიზაცია, რის გამოც ხშირია წევრების მიერ ორგანიზაციის წესების დარღვევა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამ წესების არაერთხელ დარღვევა. გამორჩეული მაგალითია, როდესაც ჯორჯ ბუშ-უმცროსმა, რომელიც რამდენიმე კვირის შესული იყო თეთრ სახლში, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 30 პროცენტით გაზარდა. ამას მსოფლიოში სერიოზული რეაქცია მოჰყვა, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღებულ ვალდებულებებს, მაგრამ მას ეს შერჩა. ასე რომ, რუსეთის წევრობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, რომ რუსეთი შებოჭილი იქნება და სრულად დაიცავს წესებს.
– მაგრამ არის სხვა მაგალითებიც, მაგალითად, როდესაც ამერიკისა და მექსიკის დავა კონკრეტულ საკითხზე გადაწყდა მექსიკის სასარგებლოდ, როდესაც ამერიკა ვაჭრობაში ჩაგრავდა მექსიკას?
– რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა მაგალითები. რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა ვერ მოაქცევს სერიოზულ კალაპოტში, თუმცა იმის თქმაც  არ შეიძლება, რომ ის ითავნებებს და, რასაც უნდა, იმას გააკეთებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არის ორგანიზაცია, სადაც ხდება ქვეყნებს შორის სავაჭრო დავების განხილვა. ამდენად, უფრო უკეთესია, რუსეთი იყოს მისი წევრი, ვიდრე არ იყოს.
– რას ვეღარ დააშავებს ისეთს რუსეთი, როგორც WTO-ს წევრი, მსოფლიო სავაჭრო პროცესში, რასაც მანამდე აშავებდა?
– რუსეთისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დღესაც აქვს პროტექციონისტულ პოლიტიკას, კერძოდ, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას, რაც, საბოლოოდ, რუსეთის ეკონომიკისთვის ძალიან ცუდია და ამიტომაც ის, როგორი ჩამორჩენილიც იყო, ისეთივედ რჩება. რუსეთისთვის პრინციპული იყო საკითხი, რომელიც ეხება ნავთობპროდუქტებს.
– სწორედ ეს მინდოდა, მეკითხა: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის შემდეგ რუსეთს აღარ ექნება ევროპის ნავთობპროდუქტებით შანტაჟის საშუალება?
– აქამდე რუსეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი დამატებული ღირებულების გადასახადით იბეგრებოდა, მაშინ, როდესაც, წესით, ექსპორტი დამატებული ღირებულების გადასახადით არ უნდა იბეგრებოდეს. მას ამაზე უარის თქმა მოუწევს, რაც რუსეთისთვის დიდ დანაკარგს ნიშნავს.
– ეს ნავთობპროდუქტების გაიაფებას არ ნიშნავს?
– არ ნიშნავს, რადგან, თუ ექსპორტი აღარ დაიბეგრება, იმპორტი ხომ მაინც დაიბეგრება? ანუ ის ქვეყანა დაბეგრავს, სადაც შევა ნავთობპროდუქტები რუსეთიდან. საერთოდ, ბაზარზე ფასი დგინდება მოთხოვნა-მიწოდებით და, თუ იმპორტიორს საქონელი უიაფდება, ეს არ ნიშნავს, რომ ის გააიაფებს მყიდველისთვისაც, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მას ექნება დამატებითი მოგება, ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე. პროდუქცია იაფდება კონკურენციის შემთხვევაში, თორემ, თუ კონკურენცია არ იქნა, როგორ გააიაფებ?! ხოლო ნავთობპროდუქტების ბაზარი იმდენად მონოპოლიზებულია, რომ, ფაქტობრივად, არანაირი კონკურენცია არ არის და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში.
საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები უახლოეს მომავალში არ აპირებენ, უარი თქვან თავიანთ პროტექციონისტულ პოლიტიკაზე და საკმაოდ ნელა აპირებენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების აყოლას. რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრანება-არგაწევრიანების საკითხი რთულად გადასაწყვეტი იყო. რუსმა ექსპერტებმა დაითვალეს და შეაფასეს, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით ისინი ყოველწლიურად, დამატებით 23 მილიარდ დოლარს სარგებელს მიიღებდნენ, მაგრამ ყოველწლიური ზარალი შეადგენდა 90 მილიარდ დოლარს. ანუ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთს უფრო ზარალს მიაყენებს, ვიდრე სარგებელს მოუტანს. იმავდროულად, რუსეთის ბიზნესი მონოპოლიზებული და კორუმპირებულია და, ამდენად, არც მათთვისაა ხელსაყრელი გამჭვირვალე თამაშის წესების დაცვა.
– მაშინ რატომ გაწევრიანდა, ვინ აძალებდა?
– რუსეთს აქვს ამბიცია, რომ მსოფლიო პოლუსია, არადა დიდი რვიანის ქვეყნებს შორს ის იყო ერთადერთი, ვინც არ გახლდათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი; დიდი ოციანის ქვეყნებს შორისაც ის იყო ერთადერთი, ვინც არ გახლდათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, ანუ გამოვიდა, რომ რუსეთის პოლიტიკური ამბიცია წინააღმდეგობაში მოვიდა მის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. მეორე მხრივ, რესეთის საგარეო ვაჭრობის 92 პროცენტი მოდის სწორედ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებზე. წარმოიდგინეთ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ეს ქვეყნები იღებენ რაღაც გადაწყვეტილებას და ამ პროცესში რუსეთი არ იღებს მონაწილეობას?! ამიტომ რუსეთისთვის ეს იყო გამოწვევა და რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილიყო ამ ორგანიზაციაში, თუმცა საწყის ეტაპზე ეკონომიკურად უფრო  მეტ ზარალს ნახავს, ვიდრე სარგებელს.
– ჩვენ რას ვნახავთ უფრო მეტს?
– რომ არა რუსეთთან კონფლიქტი, ჩვენც იმ ქვეყნების ჩამონათვალში ვიქნებოდით, რომელთა ინტერესი იყო და არის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება. რადგან ჩვენთვის ხელსაყრელია ურთიერთობა ისეთ პარტნიორთან, რომელიც თამაშის წესებს იცავს და, თუ დაარღვევს ამ წესებს, გექნება ადგილი, სადაც მასთან იდავებ. ამ კუთხითაც, რასაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია, დადებითად უნდა შეფასდეს: მათ გამოძებნეს შუალედური გადაწყვეტილება შვეიცარელთა შუამავლობით. შვეიცარელების მიერ შერჩეული კომპანია აიღებს ინფორმაციას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საქონლის მოძრაობის შესახებ და მთლიანობაში უკეთესია, რომ ეს ასე იყოს, ვიდრე არ იყოს. თუმცა ეს მექანიზმი საკმაოდ ნაკლოვანია. პირველი ნაკლოვანება: იქმნება სატრანსპორტო დერეფანი საქონლის მოძრაობისთვის, რომელიც იწყება საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთიდან და მთავრდება ზუგდიდში. გაუგებარია, ზუგდიდთან რა მთავრდება? ანუ ეს შუამავალი კომპანია, რომელმაც უნდა აღნუსხოს ტვირთბრუნვა, მხოლოდ რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთში იდგება თუ ზუგდიდშიც? თუ ზუგდიდშიც იქნება, ესე იგი, აფხაზეთი თბილისის  თანხმობით დე-იურედ არის აღიარებული არაქართულ ტერიტორიად. ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ეს სატრანსპორტო დერეფანი, რაც გაუგებრობას იწვევს, საქართველოს მთავრობა კი არ ხსნის, რა ხდება.
მეორე, ეს შეთანხმება ვრცელდება მხოლოდ სახმელეთო საზღვარზე, რასაც მნიშვნელობა აქვს  საქართველო-რუსეთის საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელიც გადის ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთზე“. იმიტომ, რომ იქ სახმელეთო საზღვრის გარდა არანაირი სხვა გზა არ არის.
– იქ არც არაფერია დიდად საბრუნავი?
– რაც არის, იმითაც არ გამოვა საჰაერო ტრანსპორტით საქონელბრუნვა. აფხაზეთში კი თვისებრივად სხვა ვითარებაა, იმიტომ რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხსენებული ხელშეკრულებით მხოლოდ სახმელეთო საზღვარი უნდა გაკონტროლდეს და არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება საზღვაო და საჰაერო საზღვარი. ანუ ზღვით თავისუფლად შეიძლება აფხაზეთიდან ტვირთის არა მხოლოდ გატანა, არამედ იქ შეტანა. ამას გარდა, აფხაზეთში სამოქალაქოსთან ერთად არის  სამხედრო აეროდრომებიც, რომლებსაც მძიმე ტვირთების მიღების შესაძლებლობა აქვთ და, ამდენად, საჰაერო ტვირთგადაზიდვების განხორციელება არის შესაძლებელი. შეიძლება, ეს არც დასჭირდეთ, იმიტომ რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვაო მანძილი მცირეა. აი, ამ თვალსაზრისით, ამ შეთანხმებას აქვს ნაკლი.
რაც შეეხება იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას: რადგან რუსეთი გახდა ამ ორგანიზაციის წევრი, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რუსეთის ბაზარი იხსნება ქართული პროდუქციისთვის. სინამდვილეში, რუსეთს ჩვენთვის სავაჭრო ემბარგო არ გამოუცხადებია. ის, რაც 2006 წელს მოხდა, უკავშირდება იმას, რომ რუსეთის მთავარმა სანიტარმა ქართული პროდუქცია უხარისხოდ ცნო. უხარისხობის მიზეზით ბაზრის დაკეტვა კი არ ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. მაგრამ, თუ არსებობს რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების სურვილი, ეს უნდა განახორციელოს არა საქართველოს მთავრობამ, არამედ იმ კერძო კომპანიებმა, რომლებსაც უნდათ რუსულ ბაზარზე შესვლა. მათ უნდა მიმართონ რუსეთის სანიტარულ სამსახურს და გააკეთონ განაცხადი ბაზარზე შესვლის შესახებ.
– „ბორჯომი“ თუ ქართული ღვინოები, რომლებიც თავის დროზე დაგვიწუნა რუსეთმა, ხომ შეგვაქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში. ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად დაიშვება ის ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე?
– სწორედ აქ მივადექით ყველაზე საინტერესო საკითხს: იმ კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ბაზრებზე, აქვთ დადასტურებული დოკუმენტები, რომ აკმაყოფილებენ ხარისხის მოთხოვნებს. ამიტომ, თუ რუსეთმა ასეთი ქართული პროდუქცია არ დაუშვა თავის ბაზარზე, საქართველოს უკვე შეუძლია ამ დავის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჩარჩოში გადატანა. თუ საქართველოს კონკრეტული კომპანიების პროდუქცია შეიძლება გაიყიდოს სკანდინავიის ქვეყნებში, რატომ არ შეიძლება, გაიყიდოს რუსეთში? რა განსხვავებული სტანდარტი არსებობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში? ამდენად, ამ ფორმატით ეს დავა შესაძლებელია, რადგან ამ ფორმატის გარეშე რუსეთს ყოველთვის შეეძლო, ეთქვა, რომ პროდუქცია უხარისხოა. ასე რომ, ეს პლუსია საქართველოს კონკრეტული კომპანიებისთვის.
– ამერიკის მაგალითი ახსენეთ დასაწყისში, როდესაც ბუშმა გააძვირა ფოლადი 30 პროცენტით, ანუ დაარღვია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ანუ რუსეთსაც შეუძლია ყოველგვარი დასაბუთებების გარეშე არ შეუშვას თავსი ბაზარზე ქართული პროდუქცია?
– რუსეთს ეს შეუძლია, მაგრამ, რადგან საკითხი განიხილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატით, საქართველო კი იქ მარტო არ არის და ყოველთვის შეუძლია, რომ ჰყავდეს მხარდამჭერები და შესაძლებელია აამოქმედოს მხარდაჭერის მექანიზმი. ერთი სიტყვით, ქართულ ბიზნესს უჩნდება რუსულ ბაზარზე შესვლის უფრო მეტი შესაძლებლობა.
მე არ მომწონს სიტყვა „დაბრუნება“, რადგან დაბრუნება იქნებოდა, თუკი ეს ძალიან სწრაფად მოხდებოდა, აკრძალვიდან მცირე ხანში. ახლა კი, როდესაც ექვსი წელია გასული, ეს უკვე თავიდან შესვლას ნიშნავს. თანაც, მე მახსოვს კომპანია „ნაბეღლავის“ განცხადება, რომ მათ არ აინტერესებთ რუსული ბაზარი. მათ განაცხადეს, ჩვენს პროდუქციას რუსული ბაზარი არ  იცნობს და აგრესიული სარეკლამო კამპანიის ხარჯი რომ დაითვალეს, მიხვდნენ, რომ მათ ეს არ უღირთ, მაგრამ „ბორჯომისთვის“ უფრო რეალური იქნება დაბრუნება, თუმცა ღვინოების დაბრუნება არ არის რეალური, იმიტომ რომ ღვინოები უნდა შევიდეს, იმდენად კონკურენტული ბაზარია დღეს რუსეთში. ეს ცოტა რთული იქნება, ამიტომ დაბრუნების ნაცვლად ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე შესვლაზე.
– რასაც თქვენ ამბობთ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქციას გაუჭირდება, გნებავთ, შესვლა და, გნებავთ, დაბრუნება?
– რუსეთს პოლიტიკურად არ მიუღია ემბარგოს გადაწყვეტილება, მაგრამ ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ მთავარი სანიტარული ექიმის გადაწყვეტილების უკან იდგა პოლიტიკური დავალება. ითქვა, რომ ქართული ღვინო არ შეიძლება დავუშვათ რუსულ ბაზარზე, იმიტომ რომ არ პასუხობს სანიტარულ მოთხოვნებსო და ამ დროს რუსულ ბაზარზე უშვებენ აფხაზეთში ჩამოსხმულ ღვინოს.
–  იმას ვგულისხმობდი, რომ ჩვენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციას, ღვინისა თუ მინერალური წყლებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით არ აქვს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის უფლება. ჩვენ მოგვეწერება ცხინვალიდან და აფხაზეთიდან რუსეთში შესული პროდუქცია?
– არა, მათ ისედაც შეაქვთ თავიანთი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე. რუსეთს თავისი შეთანხმებები აქვს ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან. ინტერნეტში, მართალია, „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია, მაგრამ აფხაზეთზე არის ინფორმაცია, რის მიხედვითაც, აფხაზეთს ჰყავს სამი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი: პირველია რუსეთი, მეორე –  თურქეთი და მესამე –  საქართველო. ისინი საქართველოს განიხილავენ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
– რუსეთს ძალიან საინტერესო მოდელისთვის მიუგნია: არაოკუპირებულ საქართველოსთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეგიდით, ანუ ლეგალურად ვაჭრობს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან კი –  არალეგალურად?
– არალეგალურად, საერთაშორისო სტანდარტებით, მაგრამ თავისთვის ეს ლეგალური ვაჭრობაა, რადგან მან აღიარა ეს ორი ტერიტორია. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი. როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოსა და  რუსეთს შორის იმოქმედებს შვეიცარიელების მიერ შერჩეული შუამავალი კომპანია, ამან სოხუმი  გაანაწყენა. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა რუსმა ანალიტიკოსმა, სერგეი მარკედონოვმა საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრიორიტეტი ყოველთვის ვერ იქნება აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ და სოხუმმა და ცხინვალმა უნდა ისწავლონ, რომ მოსკოვი ყოველთვის ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ცხინვალსა და სოხუმს მოეწონებათ. ეს საინტერესო ანალიზია, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა მარკედონოვისადმი, არა მარტო სოხუმმა და ცხინვალმა უნდა ისწავლოს, რომ მოსკოვს შეუძლია, მიიღოს მათთვის არაპრიორიტეტული გადაწყვეტილებები, არამედ თბილისმაც უნდა ისწავლოს, რომ მოსკოვს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოიწვევენ სოხუმსა და ცხინვალში. აი, ამ კომპონენტის გამოყენება აუცილებლად უნდა ისწავლოს თბილისმა.

скачать dle 11.3