კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (51)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ უჭირს „ვარსკვლავური” ცხოვრება დიმა ბასილაიას და რაში ავარჯიშებს მას რვა მწვრთნელი

 მართალია, ქართველი მორაგბეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ და ბევრი ცნობილი კლუბისთვის ნამდვილ განძად ითვლებიან, მაგრამ, მათ შორის ერთ-ერთი სულ რამდენიმე ხნის წინ მორაგბეებისთვის საოცნებო მხარეში – შოტლანდიაში სათამაშოდ გაემგზავრა. დიმა ბასილაიას გზა ფოთიდან ედინბურგამდე არც ისე გრძელი და რთული იყო. როგორც თავად ამბობს, სპორტსმენის ცხოვრებაში გამართლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, მისი ნიჭი და უდიდესი შრომა, რომელსაც ამ სპორტში დებს, შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

– ამ დონეზე საქართველოდან მხოლოდ შენ თამაშობ. როგორ აღმოჩნდი შოტლანდიაში?
– ქართველებიდან უმაღლეს დონეზე ძალიან ბევრი თამაშობს, მაგარი ბიჭები გვყავს, უბრალოდ, მე აღმოვჩნდი პირველი, ვისაც სათამაშოდ ბრიტანეთში წამოსვლა მოუწია. შოტლანდია, ასე ვთქვათ,  სპორტის ამ სახეობის დაბადების ადგილია და აქ თამაში სპორტსმენისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, 2011 წლის ოქტომბერში წინადადება მივიღე ედინბურგში თამაშზე. მაიკლ ბრედლი არის ჩვენი მწვრთნელი ედინბურგში, რომელიც ერთი წლის წინ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი იყო. ოთხი თვე იმუშავა ნაკრებთან ერთად და, მას შემდეგ, რაც ედინბურგიდან მოწვევა მოუვიდა, იძულებული გახდა, წასულიყო. რიჩი დიქსონიც, ჩვენი მწვრთნელი, შოტლანდიელია, მაიკლი მას დაეკონტაქტა და ასე გამოვიდნენ ჩემზე. რა თქმა უნდა, ეგრევე დავთანხმდი. იმ პერიოდში საფრანგეთში, „ვალენს დაჟენში“ ვთამაშობდი. ბრიტანული რაგბი ძალიან მომწონს, თან, მაგარი კლუბია, რომლის რვა მოთამაშე შოტლანდიის ნაკრების წევრია.
– რაგბის ყველაზე დიდი კულტურა მაინც ბრიტანეთშია.
– რაგბის სამშობლოა და მაინც სხვა დონეზეა ყველაფერი, ეს მათი კულტურის ნაწილია. შოტლანდიის ნაკრების მოთამაშეები ძალიან ცნობილები არიან, ხალხს უზომოდ უყვარს. შთაბეჭდილებები აქ ჩამოსვლისთანავე მასშტაბური იყო. პირველი გაკვირვება სტადიონი იყო – სამოცდაათიათასკაციანი, ულამაზესი. აბსოლუტურად პროფესიონალური სტრუქტურაა,  ყველაფერი საათივით აქვთ აწყობილი. ჩასვლის დღესვე გამაცნეს მწვრთნელები. სულ რვა მწვრთნელი გვყავს:  მთავარი, შერკინების, დაცვის, ხაზის... ორი – ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ასევე, პირადი ექიმები, დიეტოლოგები. ყოველდღე იგებენ ჩვენს წონას, გვიკეთებენ სხვადასხვა ანალიზს. თითოეულს ინდივიდუალური დიეტოლოგი გვყავს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის წერს კვების პროგრამას – რა უნდა ვჭამოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ფორმაში...
– მოკლედ, მადონასავით ცხოვრობ.
– სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა რთულია ასე ცხოვრება. ძალიან მძიმე გრაფიკში ვართ: რეჟიმული კვება, კალორიების და ცხიმების თვლა, დღეში ორი ვარჯიში... მუდმივად, სპეციალური ხელსაწყოთი ორგანიზმში ცხიმების რაოდენობას გვიზომავენ. ეს, ცოტა არ იყოს, მძიმე პროცესია. თვიდან თვემდე ცხიმის რაოდენობა ნაკლები უნდა გქონდეს. ძალიან ცოტაა ცხიმის პროცენტული დაშვება. მე რა პოზიციაზეც ვთამაშობ, იმ პოზიციაზე სხვა დასაშვები ნორმაა, სხვა პოზიციაზე – განსხვავებული.
– დიეტები არ გასუსტებს?
– არა, სპეციალური დიეტაა, რომელსაც, პირიქით, ენერგიაზე მოჰყავხარ. ეს არ არის გასახდომი დიეტა, ცხიმების დაწვის დიეტაა, ხოლო კუნთებს კი ერგება. უმაღლეს დონეზეა დისციპლინა – ამაზე მწვრთნელს ლაპარაკიც კი არ სჭირდება, ყველამ იცის თავისი საქმე და მას ასი პროცენტით აკეთებს. თუ ეს ასი პროცენტი არ იქნება ვერ მოხვდები იმ ოცდაორ კაცში, არადა აქ ყველა ამისთვის ვართ ჩამოსული. დილის 9 საათზე რომ გავდივარ, 4 საათზე ვბრუნდები სახლში. ათის ნახევრიდან თორმეტის ნახევრამდე ვარჯიში გვაქვს; მერე, ვისაც უნდა, მასაჟს იკეთებს. პირველის ნახევარზე სადილი გვაქვს, ვისვენებთ, მერე კრება გვაქვს და მერე ისევ ვარჯიში.
– თავი თუ გამოიჩინე ამ დროში?
– სამწუხაროდ, პირველივე თამაშზე, პირველ ათ წუთში, ყვითელი ბარათი მივიღე, მაგრამ, ნორმალურად ვითამაშე. ჯერჯერობით ჩემი პრობლემა ენის ბარიერია. ახლა ამიყვანეს მასწავლებელი და ვიწყებ ენის ინტენსიურ შესწავლას – კვირაში სამჯერ მექნება გაკვეთილები. ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე სახლში მოსვლის შემდეგ, მაგრამ, რას ვიზამ, აუცილებელია ენის შესწავლა. მოკლედ, მეორე თამაში გვქონდა ძალიან ძლიერ გუნდთან, სადაც შედარებით ნორმალურად ვითამაშე და მწვრთნელებიც კმაყოფილები იყვნენ. სამწუხაროდ, ამ თამაშზე პატარა ტრავმა მივიღე. ეს წინა პარასკევს მოხდა და გუშინ უკვე ნება დამრთო ექიმმა გუნდთან ერთად სრულად მევარჯიშა, შაბათს თამაშის უფლებაც მომცეს. უკვე ჩემპიონატი იწყება – „პროდირექტ 12“, სადაც შოტლანდიის, უელსისა და ირლანდიის კლუბები თამაშობენ. საკმაოდ რთული იქნება.
– შოტლანდია თუ მოგეწონა? ამბობენ ნისლიანი, წვიმიანი ქვეყანააო.
– სხვათა შორის, ყველა ასე მაშინებდა, მაგრამ, რაც ჩამოვედი, სულ ორჯერ იწვიმა. თვითონ ედინბურგი რაღაც სასწაულია. რაგბის წყალობით მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, მაგრამ, ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს. რაღაც ზღაპრული ქალაქივითაა, ძველთაძველი კოშკებითა და ციხესიმაგრეებით, თან, საოცარი ბუნებაა. ხალხიც საკმაოდ თბილია და ხასიათით ქართველებს ჰგვანან. საფრანგეთში ცხოვრების დროს ბევრი რაღაც მიკვირდა. შოტლანდიელები თავისი ვაჟკაცობით გამოირჩევიან. ჩვენ ერებს შორის ამ მსგავსების გამოც თავს ისე მარტოდ აღარ ვგრძნობ.
– კილტებში მოარული მამაკაცები, ალბათ, ცოტა უხერხული სანახავია...
– სხვათა შორის, მამაჩემმა მითხრა, შარვალში ჩაცმულს გიშვებ და კაბით არ დამიბრუნდეო (იცინის). მაგრამ, მინდა გითხრათ, ისეთი ვაჟკაცები არიან ნაციონალურ კილტებში გამოწყობილები, ბევრი ვერ შეედრება.
– რას ნიშნავს შენთვის ედინბურგში თამაში?
– 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ გადაწყვიტა. იქიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე ისეთი გრანდიოზული გუნდისგან წამოვიდა ჩემით დაინტერესება, რომ არც მჯეროდა. სულ ვამბობ, რომ სპორტსმენის ცხოვრებაში 60 პროცენტი მაინც გამართლებაა და, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფორტუნა ამ შემთხვევაში ჩემს მხარეს იყო. რა თქმა უნდა, გამართლება მხოლოდ ძალიან ბევრი შრომისა და მონდომების შემდეგ მოდის. ჩემს დღევანდელ მდგომარეობას, ალბათ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, როცა 1998 წელს ფოთში რაგბის თამაში დავიწყე. რაგბის წრე საერთოდ პირველად გაიხსნა ჩვენ ქალაქში და, მეგონა, ამერიკული ფეხბურთი იყო. სამი თვის შემდეგ პირველად ვნახე ტელევიზორში, თუ რა იყო რაგბი...
– და, მიხვდი, რომ შენ სულ სხვა რაღაცას თამაშობდი?
– (იცინის) დიახ. მამაჩემმა დამიძახა, მოდი განახო, რას თამაშობ სამი თვეაო. თბილისში სწავლის გაგრძელების შემდეგ თამაშიც გავაგრძელე „არმაზში”. 2006 წელს 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე წავედი, რის შემდეგაც უკვე ვაპირებდი რაგბისთვის თავის დანებებას და სწავლის მიხედვას, მაგრამ, კლერმონ-ფერანში, სადაც ჩემპიონატი ტარდებოდა; სწორედ მათი კლუბიდან მივიღე შემოთავაზება. წარმოუდგენელი წარმატება იყო მაშინ ეს ჩემთვის, მით უმეტეს, რომ საფრანგეთში ეს უძლიერესი კლუბია, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
– ფეხბურთს რომ შევადაროთ, სად თამაშობ – მილანში, ბარსელონაში...
– არსენალში (იცინის). საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდია.
– თუმცა, იმდენი ფული რაგბიში არ არის, რამდენიც ფეხბურთში.
– სამწუხაროდ, არა.
– შოტლანდიელ გოგონებზე რა აზრის ხარ, თუ ფრანგები ჯობდნენ?
 – ფრანგი გოგოები, სიმართლე გითხრათ, უფრო მომწონს. საფრანგეთიდან ცოტა ნოსტალგია გამომყვა. ეს, შესაძლოა, ენის ბრალიც იყოს – მიჭირს ურთიერთობების ხელახლა აწყობა. იქ ექვსი წელი ვცხოვრობდი, ჩემი სამეგობრო წრე მყავდა, ისე ვიყავი, როგორც სახლში. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მაკლია. იმედია, აქაც მალე „მოვშინაურდები“.
– რამდენწლიანია შენი კონტრაქტი?
– ხელი მოვაწერე ორწლიან კონტრაქტს, თუმცა, ამ პერიოდში ნაკრების თამაშებზე აუცილებლად ჩამოვალ. ნოემბერში ტესტ-მატჩები გვაქვს ფიჯისთან და იაპონიასთან. იმედია, გამომიძახებენ. ასევე, იწყება ექვსი ერიც, იმედია, ნაკრებში მოვხვდები და კარგ შედეგებსაც ვაჩვენებთ. ედინგურგის შემდეგ რას ვიზამ, ჯერ წარმოდგენა არ მაქვს. საქართველოში აგენტი უცხოა, ჩემთან კონტაქტზეც პირდაპირ გამოვიდნენ და ფედერაციის დახმარებით გავაფორმეთ კონტრაქტი. აგენტი მყავს საფრანგეთში, რომელიც, თუ რამეს ნახავს საინტერესოს ძალიან კარგი იქნება.
– თავისუფალი დრო თუ გაქვს?
– ძალიან იშვიათად, მაგრამ, როცა არის მეგობრებთან, გუნდელებთან ერთად ქალაქში გავდივართ, ვსეირნობთ, სადმე ბარში ვსხდებით. დალევა აქ ძალიან უყვართ. მეგონა, ქართველები ბევრს ვსვამდით, ქართველი კაცი დალევამ როგორ უნდა გააკვირვოს, მაგრამ, რაც აქ ვნახე, მართლა გაოცებული ვარ – ძალიან, ძალიან ბევრ ლუდს სვამენ,  ოღონდ, დალევის შემდეგ შარიანები ნამდვილად არ არიან, ყოველ შემთხვევაში, იმდენი ჩხუბი რაც საქართველოშია სიმთვრალის გამო, აქ ნამდვილად არ არის.

скачать dle 11.3