კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააღწია თავი ფოტორეპორტიორმა გოგი ცაგარელმა ოჩამჩირის ალყას და როგორ შემოინახა მისმა ფოტოარქივმა ომის საშინელი კადრები

გოგი ცაგარელი წლების განმავლობაში იყო ცნობილი ბეჭდური გამომცემლობების ფოტორეპორტიორი. პროფესიით ინჟინერმა ფოტოგრაფიას ცხოვრება შემთხვევით დაუკავშირა, თუმცა, ფიქრობს, რომ  სწორი არჩევანი გააკეთა და  ამ პროფესიის წყალობით   საინტერესო წლები განვლო.  მის ფოტოარქივში ბევრია ისეთი ფოტო, რომელიც საქართველოს უახლესი წარსულის მნიშვნელოვან კადრებს ასახავს. როგორი იყო გოგი ცაგარელის „შეჩერებული კადრების” ისტორია, ამის შესახებ ის თავად გიამბობთ.

 გოგი ცაგარელი: იმ პერიოდში, როცა მე ცხოვრება  ფოტოგრაფიას დავუკავშირე, ეს არ იყო მოდური მიმართულება. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ, ვმუშაობდი საპროექტო ინსტიტუტში, წლების განმავლობაში ვაპროექტებდით ჩაის  ფაბრიკებს, ღვინის ქარხნებს.  ეს იყო ძალიან რუტინული სამუშაო, დილიდან საღამომდე ნახაზებში მქონდა ჩარგული თავი. იმ პერიოდში საკმაოდ არაკომუნიკაბელური ადამიანი ვიყავი და  ეს  ჩემი პრობლემა იყო.  არ შემეძლო ზედმეტი შეკითხვების დასმა ავტობუსის მძღოლისთვის, ქუჩაში უცნობი ადამიანისთვის, თუმცა, როგორც კი ფოტოგრაფიას  დავუკავშირე ცხოვრება, ეს ბარიერი  რამდენიმე თვეში გადავლახე.  ფოტოგრაფიასთან ჩემი კავშირი  კი  საკმაოდ ბანალურად დაიწყო –  პირველი ფოტოები ჩემს შვილს გადავუღე. საკუთარი ფოტოაპარატიც კი არ მქონდა,  ჩემი ცოლის კუთვნილი „ზენიტით” ვიღებდი. ზოგიერთი ფოტო კარგი გამოდიოდა, ზოგიერთი – ცუდი. მაშინ არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ, ამ საქმემ ძალიან მალე დამაინტერესა.  როცა მივხვდი, რომ ფოტოგრაფია მხოლოდ საკუთარი შვილის ფოტოების გადაღება არაა, გაიზარდა  არეალიც.  ჩემი მეზობელი  იყო მხატვარი  სიომა აჯიაშვილი, რომელიც გაზეთ „ვეჩერნი ტბილისში” მუშაობდა. ერთ დღეს, როცა  სიომამ  ჩემი ფოტოები  ნახა, მითხრა, მოდი ჩვენთან, რედაქციაშიო. მივედი.  მომეწონა  პრესის  ფოტოგრაფია.  „ვეჩერნი ტბილისი”  ძალიან პოპულარული გამოცემა იყო,  თუმცა, თემატიკა, რაზეც ფოტოებს ვიღებდი, მაინცდამაინც არ მომწონდა.   ჩვენი რედაქციის თავზე  იყო მეორე გამომცემლობა – „მოლოდიოჟ გრუზიი” და  მალე მათთვის დავიწყე გადაღება. იმის მიუხედავად, რომ კომკავშირული გაზეთი იყო და კომკავშირის ცეკას ექვემდებარებოდა,   გამომცემლობის ხელმძღვანელები აფასებდნენ  კარგ ფოტოს. 
–  რომლებსაც ისევ ცოლის კუთვნილი „ზენიტით” იღებდით?
– არა,  „ზენიტი” უკვე წარსულში იყო დარჩენილი, ვიღებდი ძალიან კარგი კამერით – ფული მოვაგროვე და, ჯერ გერმანული კამერა ვიყიდე, შემდეგ კი – უფრო უკეთესი.   არც ისე დიდი ხნის შემდეგ,   მოვხვდი „საქინფორმში”.  ეს ყველა  იმ ფოტოგრაფის ოცნება იყო, ვინც იმ პერიოდში პრესაში მუშაობდა. „საქინფორმი” იყო სერიოზული სახელმწიოფო ორგანიზაცია,  ფოტოგრაფებისთვის ძალიან დიდი  არეალითა და სპექტრით. ჩვენ ვიღებდით თითქმის ყველაფერს, მოვიარეთ მთელი საქართველო, დავდგი ფეხი იქაც  კი,  სადაც არასდროს მიფიქრია წასვლა. სახლიდან გავდიოდი და არ ვიცოდი, იმ დღეს სად მოვხვდებოდი, ამიტომ, მუდამ მზადყოფნაში  მქონდა საველე ჩანთა, სადაც ყოველთვის მეწყო პირველადი მოხმარების საგნები და  ამ ჩანთას არასდროს ვიცილებდი (იცინის).  იმის მიუხედავად, რომ საინტერესო სამუშაო მქონდა,   „საქინფორმიდან”  სხვადასხვა მიზეზის გამო  წელიწად-ნახევარში „გავიქეცი”, კვლავ დავუბრუნდი „მოლოდიოჟ გრუზიას”, საიდანაც  მიმიწვიეს  სააგენტო ‘„ნოვოსტში” და აქ დაიწყო  ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპი. ეს იყო  საბჭოთა პროპაგანდისტული სააგენტო, ისევე, როგორც „ტასი”, რომელიც მუშაობდა, რომ შექმნილიყო საბჭოური ცხოვრების წესის  დიდების ხატი. სააგენტოში შედიოდა უამრავი ჟურნალი, შესაბამისად,  იქ მომუშავე ფოტოგრაფს თავისუფლად შეეძლო, გადაეღო ყველანაირი ხასიათის ფოტო და, თუ ერთ ჟურნალს არ შეეფერებოდა, მეორეში დაიბეჭდებოდა. არჩევანი დიდი იყო, აბსოლუტურად არაფერში გვზღუდავდნენ. ფირებს გვაძლევდნენ იმდენს, რამდენის წამოღებაც შეგვეძლო (იცინის). იმ პერიოდში  „ნოვოსტში”  მუშაობდა ვსევლოდ ტარასევიჩი, საბჭოთა ფოტოგრაფიის პატრიარქი. ის არ იყო  სააგენტოს  ხელმძღვანელი, მაგრამ, იმდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ სააგენტოში მიღებულ ყველა ფოტოგრაფს „ნათლობა“ მასთან უნდა გაევლო – ეს იყო დაურღვეველი ტრადიცია. მე  კარგად   მახსოვს ჩვენი შეხვედრა და გაცნობა. თითქმის ნახევარი საათი ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, რის შემდეგაც მან „მწვანე შუქი“ ამინთო. სააგენტოში ვიმუშავე მის დაშლამდე. ომის გადაღებაც სწორედ  ამ სააგენტოსთვის დავიწყე, ასე მოხვდა ჩემს ფოტოარქივში აფხაზეთის, ოსეთის, ყარაბაღის ომების კადრები.
– ეს იყო რუსული სააგენტო,  გქონდათ საშუალება ქართველ ფოტოგრაფს გადაგეღოთ კადრები, რომლებიც საქართველოში რუსულ აგრესიას ასახავდა?
– თავიდან მათთვის ვიღებდი, 1992 წლის შემდეგ კი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და „ნოვოსტიმაც” შეწყვიტა ფუნქციონირება, მე კვლავ დავბრუნდი „საქინფორმში” და იქ განვაგრძე მუშაობა. „პერესტროიკის” დაწყებამდე უამრავი თემა იყო ტაბუდადებული: ჩვენ არ ვიღებდით სტიქიურ მოვლენებს. 1967 წლის ტაშკენტის მიწისძვრა საერთოდ არ გაშუქებულა, არ საუბრობდნენ მსხვერპლზე, არ არსებობდა ფოტომასალა. იქ ფოტოგრაფი არალეგალურადაც კი  ვერ მოხვდებოდა.  მე ინფორმაციას ვფლობდი, როგორც ინჟინერი, რომელიც ჩართული იყო ტაშკენტში, თბილისის მიკრორაიონის მშენებლობაში, პროფესიული ხაზით. მახსოვს, როგორი ფორმალობების გავლა მომიხდა, რომ მოვხვედრილიყავი ჩერნობილში, სადაც ატომური ელექტროსადგური აფეთქდა.  მე არ მიშვებდნენ ქალაქ ჩერნობილში,  სამივლინებო ბოლო წერტილი იყო ქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ ინჟინერ-მშენებლები, რომლებიც იქ მუშაობდნენ  აფეთების შედეგების ლიკვიდაციაზე.  ეს იყო აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ. მე დამეხმარა ჩემი კოლეგა და მისი წყალობით მოვიპოვე საშვი, რომლითაც მოვხვდი აფეთქებულ ჩერნობილში და ეს საშვი დღემდე შენახული მაქვს (იცინის). როდესაც ვიყავი ცხელ წერტილებში და  ვიღებდი ძალადობრივი სიკვდილით  დახოცილ ჯარისკაცებს,  ვფიქრობდი: ისინი ხომ არ დაიბადნენ ამისთვის, მათ ხომ ჰყავთ დედა, შვილი, ვიღაცას უყვარს, ვიღაც  უყვართ... და, უცებ, იწყება ასეთი საშინელება.
–  თქვენს არქივში ბევრი ფოტოა, რომლებიც აფხაზეთის ომის საშინელ კადრებს ასახავს.  როგორ იღებდით მათ ბრძოლის წინა ხაზზე?
–  ეს იყო ძალიან  საინტერესო პერიოდი,  დაკავშირებული  დიდ პროფესიულ აზარტთან, რისკთან. ხშირად უკითხავთ ჩემთვის, რატომ წავედი ომში. მაშინ ამაზე პასუხი არც  კი მქონდა, მიჭირდა ახსნა. ეს ყველაფერი ერთად იყო – პროფესიული ცნობისმოყვარეობა, პატრიოტული მოტივი, თან, ახალგაზრდებიც ვიყავით და არ მეგონა, სიკვდილი თუ შემეხებოდა. მახსოვს, როდესაც ომიდან დავბრუნდი, საოცარი გრძნობა  მქონდა – აღარ ვიცოდი, რა უნდა გადამეღო.  ომმა მძაფრი შთაბეჭდილებები  დამიტოვა, შეიძლება, მთელი ცხოვრება ვერ შეიგრძნო იმდენი, რამდენიც შეიგრძნო ომში ერთ დღეში, თუმცა, მე არ ვგავარ იმ ჩაციკლულ ვეტერანებს, რომლებიც მხოლოდ წარსულში   რჩებიან. ომში  ვიღებდი ყველაფერს, რაც კი მომხვდებოდა. ძალიან გვიწყობდნენ ხელს სამხედრო პირები, ისინი არაფერს არ გვიკრძალავდნენ, უფრო მეტიც, განსაკუთრებულ პატივს გვცემდნენ. როცა ხარ ჯარიკაცი და მიდიხარ ომში, ეს შენი პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ, როცა საკუთარი ნებით, დიდი რისკის ფასად ხარ იმ საშინელი მოვლენების ეპიცენტრში, ეს უკვე სხვა რამ არის.  ისინი ასრულებდნენ ბრძანებას, ჩვენ კი ვიყავით ჩვენი ნებით, რაც მათ ხანდახან უკვირდათ ხოლმე. ჩვენ მათთან ერთად ვხვდებოდით სპეცოპერაციებში,  საშინელ საარტილერიო სროლებში. აფხაზებს რომ ტყვედ ჩავვარდნოდით, სასწაული გველოდა, თუმცა, არასდროს მინანია, რომ ომში წავედი. იმ ომებს შორის, რომლებშიც მოვხვდი, ყველაზე რთული გადასაღები აფხაზეთის ომი  იყო; ყველა მძიმე მომენტი, რომლის გადატანაც მომიხდა, ამ ომში განვიცადე.  მე მაქვს ამ  ისტორიების ამსახველი უამრავი მასალა და მათ შორის არის ფოტო, რომელიც გადავიღე მაშინ, როცა აფხაზეთიდან  გამოვიდა უკანასკნელი  მატარებელი.  28 სექტემბერს, ღამით,  ოჩამჩირეს მოადგა დევნილების დიდი ნაკადი. მე და ჩემმა მეგობარმა, გრიშა ტამბულოვმა, რომელთან ერთადაც წავედი ომში, დავიწყეთ მათი გადაღება. ძალიან გვიან გავაცნობიერეთ, რომ თვითონაც უნდა დაგვეღწია იქიდან თავი. წავედით სტადიონისკენ, ვერტმფრენები  სტადიონზე სხდებოდნენ. ჯარისკაცებმა, რომლებიც იცავდნენ ასაფრენ მოედანს, გვითხრეს, რომ ვერტმფრენები აღარ  დაფრინავდნენ, რომ ელოდნენ  მხოლოდ ერთ ვერტმფრენს, რომელიც ხალხს არ წაიყვანდა. იქვე ეწყო ყუთები, რომლებიც სავსე იყო საიდუმლო საომარი მასალით. სტადიონზე მოჰყავდათ  დაჭრილები,  რომლებსაც აწვენდნენ  შემოსაზღვრულ ზღუდესთან. ძალიან კარგად მახსოვს  ახალგაზრდა ექიმი ქალი, რომელიც სთხოვდა დაღლილ ოფიცერს,  რომ ვერტმფრენში დაჭრილები აეყვანათ. იქვე იყო ერთი ასაკოვანი ოფიცერიც,  ის  მედგრად  ცდილობდა ვერტმფრენში მოხვედრას. როცა მოფრინდა ვერტმფრენი, დაიწყეს ყუთების ჩატვირთვა.  ექიმმა გოგონამ ოფიცერს განუცხადა, რომ ის არ მისცემდა უფლებას, ისე აფრენილიყო ვერტმფრენი, რომ მძიმე დაჭრილები მაინც არ წაეყვანა. მან თავისი გაიტანა და ვერტმფრენში სამი  ყველაზე მძიმედ დაჭრილის აყვანაზე შეთანხმდნენ.   ჩვენ გადაღება აგვიკრძალეს. დაიწყეს დაჭრილების აყვანა. მესამე საკაცესთან, რომელიც უკვე მიუახლოვდა ასაფრენ ბილიკს,  შევნიშნე ის ასაკოვანი ოფიცერი, რომელიც  ვერტმფრენში  მოხვედრას ცდილობდა. ვერტმფრენის კართან იდგა პილოტი, რომელმაც, შეატარა თუ არა მესამე დაჭრილი,  ის ოფიცერი კიბეებიდან ჩამოაგდო, რომელიც განწირული აკივლდა: არამზადებო, მოხუცი, ავადმყოფი კაცი ვარო. დარჩენილი დაჭრილები სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაანაწილეს და ექიმმა გოგონამ ისინი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ჩვენ  მივხვდით, რომ იქაურობა უნდა დაგვეტოვებინა, მაგრამ, არ ვიცოდით, როგორ. ქუჩაში, სტადიონთან, გადაგვაწყდა „ენტევეს“ გადამღები ჯგუფის  ავტომანქანა, რომელიც ისეთი სავსე იყო, ადამიანები სამ სართულად ისხდნენ. მათ გვითხრეს, რომ არ დაგვტოვებდნენ და წაგვიყვანეს ვაგზალზე, საიდანაც გადიოდა მატარებელი ზუგდიდის მიმართულებით. მე და გრიშამ იქაურობის გადაღება დავიწყეთ: ვიღებდით დევნილებს,  რომლებიც იწევდნენ  მატარებლისკენ,  რომ იქ მოხვედრილიყვნენ. უცებ ვაგზალს არტილერიის შტურმი დაატყდა და ატყდა საშინელი პანიკა.  ვაგზლის ჭუჭყიან ბაქანზე  დამხობილი ვწყევლიდი მათ, ვინც ეს ომი დაიწყო და  ვინც  მას ასრულებდა. ბომბები ჩვენ სიახლოვეს ცვიოდა, ვაგზლის ირგვლივ დენთის საშინელი სუნი იდგა. ჩვენკენ მორბოდა რკინიგზის თანამშრომელი, რომელიც ყვიროდა, რომ მატარებელი საღამოს ნაცვლად ახლა, სასწრაფოდ უნდა გასულიყო. დაზაფრული  ხალხი მიაწყდა მატარებელს, რომელიც მძიმედ დაიძრა. მე და ჩემმა  მეგობარმა ძლივს შევასწარით ვაგონში. ირგვლივ იწვოდა ყველაფერი, მატარებელი კი აღმოსავლეთისკენ მიგვაქროლებდა. რამდენიმე კილომეტრში მატარებელი გაჩერდა და გაივსო დაჭრილებით, ბნელ ვაგონში ტიროდნენ ბავშვები. ეს საშინელი  სურათი იყო. გამთენიისას ენგურის ხიდთან ვიყავით. ეს იყო 30 სექტემბრის დილა, რამდენიმე საათში კი ომიც დამთავრდა.            
ყარაბაღში წავედი სრულიად მარტო.  ეს არ იყო ჩემი სამუშაო ზონა, მაგრამ, ისე მომინდა იქ წასვლა, რომ დავურეკე ჩემს სომეხ კოლეგას  და ვუთხარი: მაპატიე, მაგრამ, ყარაბაღში უნდა ჩავიდე-მეთქი. ის სიამოვნებით დამთანხმდა. შევუთანხმე ჩემი მივლინება მოსკოვს, ავიღე ფოტოაპარატი და ჩავედი ყარაბაღში, სადაც ბევრი საშინელი კადრის მოწმე გავხდი. ყარაბაღის  თემაზე ბევრი საინტერესო ფოტო მაქვს გადაღებული, მათ შორის ერთ-ერთია აზერბაიჯანელი ტყვე, რომელიც  მაშინ გადავიღე, როცა ის ქალაქის ციხეში წყალს სვამდა.       
– თქვენს ობიექტივში, ალბათ, იმ პერიოდის  ბევრი  ცნობილი ადამიანიც მოხვდა.
– მე არ ვიყავი პორტრეტისტი, როგორც, დავუშვათ, იურა მეჩითოვი, რომელმაც ძალიან ბევრი ისტორიული პიროვნება გადაიღო. მე ვიყავი რეპორტიორი და ვიღებდი  მოვლენებს,  თუმცა, გადაღებული  მაქვს ბევრი საინტერესო ადამიანის  ფოტო.  ძალიან დიდხანს, როცა პრესის რეპორტიორად ვმუშაობდი, ვიღებდი მაღალი თანამდებობის პირებს, მაგალითად, სულ ჩვენ თვალწინ ტრიალებდა ედუარდ შევარდნაძე.  მე  გადავიღე    მსტისლავ რასტრაპოვიჩის ბოლო ჩამოსვლა თბილისში,  როდესაც ის კონცერტის შემდეგ, საშინლად დაღლილი, ჯანსუღ კახიძესთან ერთად გამოვიდა  ჟურნალისტების წინაშე; გადაღებული მყავს ჯაბა იოსელიანი, ძალიან საინტერესო პიროვნება. ეს ფოტო გადავიღე პარლამენტში, თუ არ ვცდები, 1997 წელს, „მხედრიონის“ საწინააღმდეგო კამპანია უკვე აქტიურ ფაზაში იყო შესული და, აშკარად ჩანდა, რომ ჯაბას მალე დააპატიმრებდნენ. ფოტოზე ჯაბა მარტოა – მასთან ახლოს უკვე აღარავინ დგას. მე ომშიც ძალიან ბევრჯერ გადამიღია ჯაბა იოსელიანი და მისი გმირობისა და ვაჟკაცური   ხასიათის  მომსწრეც ბევრჯერ  გავმხდარვარ.

скачать dle 11.3