კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონა ვასო გოძიაშვილი ერნა წიფურიას მუნჯი და რა შემოუნახა მას საქართველოს ოქროს ფონდმა

ეკატერინე ღლონტი წარსულში რადიოსა და ტელევიზიიის ცნობილი მომღერალი გახლდათ. მისი სიმღერები საქართველოს ოქროს ფონდში ინახება. ცნობილი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე მისი ხელოვნების მოტრფიალე იყო. ქალბატონ ეკატერინეს სცენა და სიმღერა ძალიან ენატრება, მაგრამ ამბობს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამჟამად შვილიშვილების და შვილთაშვილების ბედნიერებით ხარობს. მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა, ერნა წიფურიამ მუსიკა თავის ცხოვრების მთავარ საქმედ აირჩია. ის ცნობილი ბავშვთა სტუდია „გვირილას” ხელმძღვანელი გახლავთ. სტუდია უკვე 19 წლისაა. სტუდიაში აღიზარდა უამრავი თაობა, მათ შორის წარმატებული ოპერის მომღერლები, რომლებიც იტალიაში მოღვაწეობენ – გიორგი ანდღულაძე და მერიკო ჯეორჯინი. ქალბატონი ერნა წიფურია და მისი ქალიშვილი, ნინო ჩიხლაძე გვიამბობენ თავიანთი ოჯახის ტრადიციებზე.
– ქალბატონო ერნა, ვიცი, რომ მუსიკალურ გარემოში გაიზარდეთ, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე?
– ჩემი დიდი ბაბუა, ლევან ღლონტი ლოტბარი იყო. ჰყავდა თავისი გუნდი, რომელიც მეოცე  საუკუნის დასაწყისში საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ პოპულარობით სარგებლობდა. ბებია შესანიშნავად უკრავდა როიალზე ქართულ რომანსებს. მისი გზა დედამ გააგრძელა. მე დედისერთა ვარ. არაჩვეულებრივ მუსიკალურ გარემოში გავიზარდე, მუსიკის ჰანგები ბავშვობიდან მესმოდა. 5-6 წლის ბავშვი დედას ოპერის თეატრში ყოველდღე დავყავდი. ვიზრდებოდი სოლოლაკში... ჩვენს სახლში უამრავი კომპოზიტორი, მსახიობი და მომღერალი იყრიდა თავს. დედის კონცერტმაისტერი გახლდათ ვასო გოძიაშვილის მეუღლე. მათ სახლში გავიზარდე. ბატონი ვასო თავის მეუღლეს ჟესტებით ესაუბრებოდა, ამიტომ მუნჯი მეგონა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის თურმე, სპექტაკლისთვის ზოგავდა ხმას. ძალიან ამაყი ვარ ასევე იმით, რომ დედა ცნობილი ქართული რომანსის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა. ეს რომანსი გახლავთ  რევაზ გაბიჩვაძის „რა ლამაზი ხარ”, რომელიც საქართველოს ოქროს ფონდში შეიტანეს და დღემდე იქ ინახება. ამ გარემოში გაზრდილი სხვა გზას ვერც ავირჩევდი. გავაგრძელე ოჯახის მუსიკალური ტრადიციები და წარჩინებით დავამთავრე თბილისის კონსერვატორია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ლექტორები იყვნენ ბატონები: სულხან ცინცაძე, ვახტანგ ფალიაშვილი, დავით ანდღულაძე, მენული თოფურია, ავთო რევიშვილი. ჩვენი ოჯახის ყველაზე დიდი სიმდიდრე მუსიკაა და დღემდე ასე ვცხოვრობთ.
– თქვენ არ გიფიქრიათ სასიმღერო კარიერის შექმნაზე?
– ჩემი ოცნება იყო ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი. პატარა რომ ვიყავი გრძელ კაბებს ვიცვამდი, სარკის წინ ვდგებოდი და ვმღეროდი. 4 წლის ასაკში გამიკეთეს გლანდების ოპერაცია, დამემართა მშრალი კატარი, რის გამოც დარჩა აუხდენელი ჩემი ბავშვობის ოცნება.
– ქალბატონო ერნა, მოგვიყევით თქვენი ქალიშვილის შესახებ?
– ჩემს ქალიშვილს საოცრად ეხერხება დაგეგმარება. ის ბევრი წარმატებული პროექტის ავტორია. მისი დამსახურებაა დღესდღეობით, ანსამბლში რომ ბევრი სიახლეა.
– ნინო, გვიამბეთ თქვენ შესახებ?
– მყავს ვაჟი – გიორგი ღოღობერიძე. გიოს კარგი ვოკალური მონაცემები აქვს და გამორიცხული არ არის, დიდი ბებიის გზა გააგრძელოს. მინდა, ერთი კურიოზი გავიხსენო. უცხოეთში მოგზაურობისას, გავიცანი იტალიელები, რომლებსაც გიორგის სიმღერა ისე მოეწონათ, მასთან მოვიდნენ და ავტოგრაფი სთხოვეს. თავდაპირველად, გამიკვირდა, მეგონა, ხუმრობდენენ, მაგრამ კალამი და ფურცელი რომ მოიტანეს, მივხვდი, საქმე სერიოზულად იყო. ერთმა იტალიელმა გიორგის უთხრა – დაგვაფასე, ტოტო კუტუნიო, სურათი ერთად გადავიღოთო. მეორემ კი შეუსწორა, ტოტო კი არა, პავაროტიაო. ყოველთვის ძალიან მიხარია, როცა ბავშვები საქართველოდან უცხოელი მაყურებლის წინაშე პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებენ. ჩვენ სახლში მთავარი ყურადღება სწავლასა და განათლებას ექცევა. ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს წიგნები, გვაქვს საოცარი საოჯახო ბიბლიოთეკა, რითაც ძალიან ვამაყობ.     

скачать dle 11.3