კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-35(609)

მარჩუკმა ბრაზით დაჰკრა მუშტი მაგიდას, კომპიუტერის მონიტორს მოშორდა და ციგანოვს გადაულაპარაკა:
– ნაბიჭვარი... ხედავ, როგორ გვიპოდლა?
– უფრო მეტიც – შანსი არ დაგვიტოვა, – უპასუხა მან, – მალიშევმა პირდაპირ მითხრა, რომ ჩვენი ხელით აპირებს გეგეშიძის მოშთობას!
– დამპალი... ხელის გასვრასაც არ კადრულობს!
– თავიდანვე შორს უნდა დაგვეჭირა თავი ამ საქმიდან, – უკმაყოფილოდ თქვა ციგანოვმა, – ახლა ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდით: მალიშევი აღარ მოგვეშვება და გეგეშიძეც აღარ დაიხევს უკან.
– ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, მიშა. შენ კარგად იცი, რომ გეგეშიძე ასეთ რამეებს არავის აპატიებს, – თქვა ციგანოვმა.
– ვისთანაც გაუვა, კი... მე მაგრად მომაბეზრა თავი მაგ ქართველმა. კავკასიონის გაღმა იბლატავონ. მაგ ლავრუშნიკებს  არაფერი ესაქმებათ მოსკოვში! – ბრაზით წამოისროლა მარჩუკმა.
– სიფიცხე საჭირო არ არის. გეგეშიძე სხვა ყაიდის კაცია, არ მგონია, რაიმე მნიშვნელობა მიანიჭოს ამ დოსიეებს. თუნდაც მიანიჭოს, სხადნიაკის გარეშე პრეტენზიას მაინც ვერ წაგვიყენებს. სხადნიაკზე არავინ ენდობა „ეფესბეს” მიერ შემოგდებულ დოსიეებს. ასეთი რამ რომ გააკეთოს, იქით წაუყენებენ პრეტენზიას.
– ჰო, მართალი ხარ, მაგრამ, გეგეშიძე მაინც არ მოგვეშვება. შეხედე, რა საქმეების სია მოსდევს იმ დამპალ დოსიეებს, – მარჩუკმა კომპიუტერის მონიტორისკენ გაიშვირა ხელი, – საქმეები, ადგილები, თარიღები, სახელები... იდიოტიც მიხვდება, რომ საქმეში ჩაუხედავი კაცი ასეთ ინფორმაციას ვერ გააბაზრებდა. იცოდა... დამპალმა მალიშევმა წინასწარ იცოდა, რომ ტრუხა მასალებით გეგეშიძესთან ვერ დაგვაპირისპირებდა!
– ჰო, ყველაფერი გათვალა. აქ იმ შეხვედრაზეა ლაპარაკი, რომელზეც გეგეშიძის ძმაკაცი დაიღუპა, – მონიტორს ჩააცქერდა ციგანოვი, – გეგეშიძე არავის შეარჩენს მის სიკვდილს!
– შენ კი მიმტკიცებ, პრეტენზიას ვერავის წაუყენებსო. რაში სჭირდება სხადნიაკი და ქურდებთან კაჩავი?! მიზეზი არც დასჭირდება. ისე მოგვიგვარებს ბაზარს! როგორ გაგვთხარა დამპალმა მალიშევმა! გეგეშიძეს მაინც არ შევხვედროდით და ამ დამპალ დოსიეებზე არ აგვეწია ბაზარი. ახლა ხომ მისთვისაც იასნია, რომ ჩვენც გავდივართ საქმეში! თანაც, ისე გავეთხარეთ, რომ ზადნისაც ვეღარ მივცემთ – მალიშევი ამის საშუალებას არ მოგვცემს!
– როგორ მოვიქცეთ?! – კეფა მოიქექა ციგანოვმა.
– იქით უნდა მივაწვეთ. დოსიეების ამბავი ფრთხილად უნდა გავაბაზროთ მოსკოვში. აქ გეგეშიძისნაირი ტიპები არ მოსწონთ. მისი სასტავი კი უკრაინაშია. რამდენადაც ვიცი, იქაც სერიოზული პრობლემები აქვთ, – მარჩუკი მცირე ხნით ჩაფიქრდა და მერე დაამატა, – ჰო... ასე მოვიქცევით. ჯერ გავაბაზრებთ და, თუ ხმა არ ამოიღო, იქით მივაწვებით, რომ საძმოს ასეთ საქმეს უმალავდა!.. 
ვასილიჩის მცდელობამ სწრაფად გამოიღო შედეგი: სამი დღეც არ იყო გასული მისი ხარკოვში დაბრუნებიდან, რომ ლუკას კაცუბა დაუკავშირდა და სასწრაფოდ სთხოვა შეხვედრა.
– რატომ? – ჰკითხა ლუკამ.
– სალაპარაკო მაქვს შენთან, – უპასუხა კაცუბამ.
– რაც სათქმელი გქონდა, სამი დღის წინ მითხარი.
– რაღაც-რაღაცეები შეიცვალა.
– მაინც რა? – ჩაეკითხა ლუკა. ის ბოლომდე არასდროს ენდობოდა კიეველ ჩინოვნიკს. თანაც, ხარკოვში რამე მნიშვნელოვანი რომ მომხდარიყო, ვოვა ჩუმაკი უმალ დაუკავშირდებოდა. კიევიდან ვასილიჩი აწვდიდა საჭირო ცნობებს.  ბოლო ორი დღის განმავლობაში კი, მას არც ერთი  არ დაჰკავშირებია.
– ტელეფონით ვერაფერს გეტყვი, – უპასუხა კაცუბამ.
– მიმანიშნე.
– ვასილიჩის კიევში სტუმრობამ რამდენიმე  პიროვნება დააინტერესა.
– თვითონ ვასილიჩი რატომ არ დამიკავშირდა? – გაუკვირდა ლუკას.
– მან არაფერი იცის ამის შესახებ. მათთვის ცნობილია, რომ მე „ვერშინასთან” გარკვეული კავშირები მაქვს. მათ კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება მთხოვეს...
– შეგეძლო, ვასილიჩი შეგეხვედრებინა მათთვის, – თქვა ლუკამ.
– საქმე იმ სფეროს ეხება, რომელზეც ბოლო შეხვედრისას ვისაუბრეთ.  ასეთ საქმეში ვასილიჩს რაიმეს გადაწყვეტა არ შეუძლია, – უპასუხა კაცუბამ.
– კეთილი... მოგვიანებით დაგიკავშირდები და შეხვედრის დროსა და ადგილს გაცნობებ, – უპასუხა ლუკამ და ტელეფონი გათიშა.
ლუკა და ჯაბა პირველები მივიდნენ შეხვედრის ადგილზე. როგორც კი ჯაბამ მანქანა სიბნელეში ჩაძირულ კორომში შეაჩერა, ლუკა ტელეფონით დაუკავშირდა კაცუბას და მოსვლა სთხოვა. ათიოდ წუთში ქალაქის მხრიდან მომავალი მანქანა გამოჩნდა. პირობის თანახმად, კაცუბა გზაჯვარედინს გასცდა და გზის პირას შეჩერდა.
– ხომ არ გამოგყვე? – ჰკითხა ჯაბამ.
– არ არის საჭირო, მარტოს უფრო ღიად დამელაპარაკება, – უპასუხა ლუკამ და კაცუბას მანქანას მიაშურა.
მან მაშინვე დაძრა მანქანა და გზატკეცილს გაუყვა.
– რატომ გინდოდა ჩემთან შეხვედრა? – ჰკითხა ლუკამ.
– ტელეფონით ვერაფერს გეტყოდი. საქმე „ნორდსტრიმის“ აქციებს ეხება, – უპასუხა კაცუბამ.
– კონკრეტულად?
– გულწრფელად მითხარი, ლუკა, ვასილიჩი შენი დავალებით ჩავიდა კიევში? – ჰკითხა კაცუბამ.
– დავუშვათ, – უპასუხა ლუკამ.
– არ მენდობი, – ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა კაცუბამ.
– შენ საქმეზე ჩამოხვედი, თუ იმის გასარკვევად, გენდობი თუ არა?! – ცივად მიუგო ლუკამ.
– მე ვიცი, რომ არ მენდობი, მაგრამ, ამ ვითარებაში ურთიერთნდობის გარეშე არაფერი გამოვა.
– ჰო... მე გავგზავნე, – უპასუხა ლუკამ.
– ესე იგი, მაინც არ დამიჯერე, – კაცუბამ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.
– რა მოხდა კიევში? – ჰკითხა ლუკამ. კაცუბასთან შეხვედრამდე ის ტელეფონით ესაუბრა ვასილიჩს, მაგრამ, მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რამ ააფორიაქა კიეველი ჩინოვნიკი. ის ლუკას დავალებით შეხვდა გუსმანის ორ თანაშემწეს და „ნორდსტრიმის“ აქციებზე ჩამოუგდო სიტყვა. ვასილიჩის თქმით, მათ რაიმე დაინტერესება არ გამოუხატავთ და მისთვის საერთოდ გაუგებარი იყო, თუ რატომ სურდა კაცუბას ლუკასთან შეხვედრა.
– გუშინ გუსმანი თავის ერთ თანაშემწესთან ერთად მესტუმრა და „ვერშინას”  შესახებ გარკვეული ინფორმაცია მომთხოვა. სიმართლე გითხრა, გამიკვირდა, უფრო კი – არ მესიამოვნა. დამთხვევა თავიდანვე გამოვრიცხე. სამი დღის წინ შენ მელაპარაკე გუსმანზე, ახლა კი ის ინტერესდებოდა „ვერშინით”.
– მაინც რა აინტერესებდა? – ჰკითხა ლუკამ.
– კომპანიის საქმიანობის მიმართულებები, ფინანსური შესაძლებლობები, კავშირები, რეალური მფლობელები და ასე შემდეგ...  მე ვუპასუხე, რომ ყოველივე ამის ნახვა კომპანიის ვებ-გვერდზეც შეიძლებოდა. ჩემმა პასუხმა გუსმანს ღიმილი მოჰგვარა... კარგადაა ინფორმირებული, ნაბიჭვარი! –  ბრაზით ჩაილაპარაკა კაცუბამ, – ასე მითხრა: კომპანიის ვებ-გვერდზე ის ანგარიშებიც ხომ არ არის მითითებული, რომლებზეც შენ და ხარკოვის ოლქის მილიციის უფროსს, პოპოვს, ფული გერიცხებათო. მაშინ მართლაც გავბრაზდი. გუსმანი ანგარიშგასაწევი კაცია, მაგრამ, მეც არ ვარ ხელწამოსაკრავი დიშოვკა. ვუთხარი, პირდაპირ თქვი, რა გაინტერესებს მეთქი. მან კი მკითხა, საიდან გაუჩნდა „ვერშინას” „ნორდსტრიმის“ აქციების ინტერესიო. მაშინვე მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე.
– ცუდად?! – გაიკვირვა ლუკამ, – რატომ? „ვერშინა” ღარიბი კომპანია არ არის. რა არის იმაში უცნაური, ბაზარზე გატანილი აქციებით რომ დაინტერესდეს?
– კარგი, რა, ლუკა, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. ყველას პატივს გცემთ, მაგრამ, „ვერშინა” ასეთ სიმაღლეებს ვერ შესწვდება!
– ესე იგი, შენ გგონია, რომ „ვერშინის” ყველაზე დიდი მიღწევა შენი შინაგან საქმეთა კურატორად დანიშვნა იყო?! – გაეცინა ლუკას, – სხვათა შორის, იმ ანგარიშზე, რომელიც გუსმანმა შეგახსენა, მხოლოდ ერთი დანიშნულებით ირიცხება ფული. შენ ყველგან და ყოველთვის კომპანიის ინტერესებს უნდა იცავდე!
– კომპანიის ინტერესების გარდა, ჩემი ინტერესებიც გამაჩნია! – ხაზგასმით წარმოთქვა კაცუბამ.
– და, რაში მდგომარეობს შენი ინტერესები?
– მშვიდ ცხოვრებაში!
– ოოო... ეგ არც ისე ცოტაა. მშვიდ ცხოვრებას გააფთრებული ბრძოლით თუ მოიპოვებ! – ლუკამ პაუზა გააკეთა და შემდეგ ჰკითხა: – მაინც, რით დაგირღვია მყუდროება გუსმანმა?
– „ვერშინაზე” ლაპარაკი მალე მობეზრდა და შენზე ჩამომიგდო სიტყვა – რა იცი გეგეშიძეზეო. ავუხსენი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მის შესახებ მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები გააჩნია-მეთქი!.. სიცილად არ ეყო. ეგ ჟურნალისტებს მოუყევი. თუ გინდა, იმ „დელიკატური” შეთანხმების პირობებს შეგახსენებ, რომელიც თქვენ შორის დაიდოო... გესმის, ლუკა? ხვდები, რა კარგადაა ინფორმირებული?!
– მგონი, მართლაც გაქვს მღელვარების საბაბი, – ჩაიცინა ლუკამ.
– დიახაც რომ მაქვს. მე არ მაინტერესებს ასეთი საქმეები. ჩემი კაბინეტი, სამსახურის მანქანა, ხელფასი და „ვერშინაში” გახსნილი ანგარიშიც მყოფნის!
– ახლა ვნანობ, ელია ცოცხალი რომ არ დავტოვე. ის იქით მიაწვებოდა და ღრუბელივით გამოწურავდა გუსმანს, – გახედა ლუკამ.
– მე ელია არ ვარ, ამიტომაც ვარ ცოცხალი და, მინდა, რომ მომავალშიც ასევე დარჩეს!
– რა უნდა გუსმანს?
– შენთან შუამავლობა მთხოვა, – უპასუხა კაცუბამ.
– რას გულისხმობ შუამავლობაში? – დაინტერესდა ლუკა.
– შენთან შეხვედრა სურს და ჩემგან გარკვეულ გარანტიებს ითხოვს.
– გარანტიებს?! – გაუკვირდა ლუკას, – რა გარანტიებს?
– მოკლედ რომ ვთქვა, საქმის გაბაზრების ეშინია. წარმოგიდგენია, რა მოჰყვება სტატიას სათაურით „პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლისა და კანონიერი ქურდის საიდუმლო შეხვედრის დეტალები”. გუსმანი გარანტიას ითხოვს, რომ ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება. შენ მშვიდად მოუსმენ. თუ შეთანხმდით, ხომ კარგი, თუ ვერა – სამუდამოდ დაივიწყებ ყველაფერს.
– და, რას ითხოვ ჩემგან?! – ჰკითხა ლუკამ.
– უკვე გითხარი, – გაუბედავად ჩაილაპარაკა კაცუბამ.
– ჩემგან ითხოვ პირობას?! – ირონიით გახედა ლუკამ, – ტვინი ხომ არ აგეჭრა, სერგეი?
– მე მხოლოდ მისი დანაბარები გადმოგეცი, – სწრაფად წამოისროლა კაცუბამ.
– როგორ გგონია, ჟურნალისტებს პრესკონფერენციას მოვუწყობ – სტეფანე გუსმანს შევხვდი-მეთქი?!
– კარგი რა, ლუკა. სერიოზულად ვილაპარაკოთ.
– რა გითხარი არასერიოზული?!
– ჰო, კარგი, მაპატიე... – ჩაიბურტყუნა კაცუბამ.
– რისთვის უნდა გუსმანს ჩემთან შეხვედრა? – ჰკითხა ლუკამ.
– კონკრეტულად არაფერი უთქვამს, მაგრამ, ვიცი, რომ „ნორდსტრიმის“ აქციებზე სურს ლაპარაკი.
– როგორ უნდა შევხვდე?..
– შეხვდები? – სწრაფად ჰკითხა კაცუბამ.
– შევხვდები, მაგრამ, უკრაინაში ვერ ჩავალ, ჯერჯერობით აქ მაქვს საქმეები.
– სწორად გამიგე, ლუკა. ეს ჩემი იდეა არ არის, გუსმანმა გადაწყვიტა ასე, – ყოყმანით წამოიწყო კაცუბამ.
– რისი თქმა გინდა?
– გუსმანი აქ არის – როსტოვის გარეუბანში აგარაკი აქვს ნაქირავები. ახლა ჩემს ზარს ელის. შენ თუ თანახმა ხარ, დავუკავშირდები და ამაღამვე შეგახვედრებ, –  უპასუხა კაცუბამ.
– და, ამის მერე გიკვირს, რატომ არ გენდობი?! – ცივად თქვა ლუკამ, – წესით, ლაპარაკი ამით უნდა დაგეწყო – სანდო ადამიანები ასე იქცევიან!
– რაც იყო, იყო. გუსმანი ჩემს ზარს ელის.
ლუკა ჩაფიქრდა. კაცუბასგან რაიმე ხაფანგის მოლოდინი არ ჰქონდა – სერგეი  არც ისეთი სულელი იყო, რომ ასეთი საბედისწერო ნაბიჯი გადაედგა. ამით ძალიან ბევრს დაკარგავდა და, პირველ ყოვლისა, „ვერშინის” კეთილგანწყობას. ამას კი თავისთავად მოჰყვებოდა პრეზიდენტის აპარატიდან მისი დათხოვნა. მაგრამ, ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შემდეგ მოელოდა – მას უეჭველად მოკლავდნენ და მოკვდებოდა ისე, როგორც დაიღუპნენ ელია და ნოვაკი. არა, ის ამაზე არასდროს წავიდოდა. „მაგრამ, იქნებ, ვინმე იყენებს? – გაიფიქრა ლუკამ, – გამორიცხულია. ასეთ საქმეებში პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლები არ მონაწილეობენ, ეს გუსმანის საქმე არ არის. ვასილიჩი კი მისი თანაშემწეების გარდა არავის შეხვედრია. სხვა მხრივ კი – რა?!  მათ უკრაინიდან წასვლა მთხოვეს და მეც წავედი. კიევს ჩემთან პრეტენზია არა აქვს“...
– რა გადაწყვიტე? – კაცუბას ხმამ ლუკა ფიქრს მოსწყვიტა.
– დაურეკე... – უპასუხა ლუკამ და სიგარეტს მოუკიდა.
* * *
მალიშევი მხედრული ნაბიჯით შევიდა კაბინეტში და მაგიდასთან საპატიო ყარაულის ჯარისკაცივით გაქვავდა. გენერალს ცუდად ენიშნა მისი პოზა. მალიშევი მხოლოდ მაშინ იქცეოდა ასე, როდესაც თავის მართლება არ შეეძლო.
– დაჯექი, ბორია... – შინაურულად მიმართა გენერალმა, – ჯერჯერობით მხოლოდ სასაუბროდ მოგიწვიე და არა ოფიციალური ახსნა-განმარტებისთვის. მაგრამ, მხოლოდ ჯერჯერობით!..
მალიშევი მაგიდას მიუჯდა და გენერლის წინ გაშლილ საქაღალდეს მიაბჯინა მზერა.
– გეცნობა? – ჰკითხა მან.
– ჩემ მიერ შემუშავებული ოპერატიული გეგმაა.
– შენ მიერ შემუშავებული და ჩემ მიერ დამტკიცებული, – შეუსწორა გენერალმა, – მაგრამ, როგორც მახსოვს, ამ გეგმით არც გადმობირებული კრიმინალების დოსიეების გამჟღავნება იყო განსაზღვრული და არც ჟურნალისტ გრომოვის მკვლელობა!.. რით ახსნი ასეთ ცვლილებებს?
– გაუთვალისწინებელი გარემოებებით, – ყრუ ხმით უპასუხა მალიშევმა.
– გაუთვალისწინებელი გარემოებებით... – გაიმეორა გენერალმა, – საინტერესოდ ჟღერს. როგორ გგონია, საიქიოსთან კავშირის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, როგორ აგვიხსნიდა თავის დაღუპვას შენი მეგობარი და კოლეგა რიჟკოვი?!
მალიშევმა დუმილით უპასუხა.
– ალბათ, ისიც გაუთვალისწინებელ გარემოებებს მოიშველიებდა... მე კი ასეთ განმარტებებს არ მივიღებ!.. – გენერალმა მუშტი დაჰკრა მაგიდას, – ის, რაც  მოხდა, მხოლოდ პროფანის თვითდაჯერებულობად, მოწინააღმდეგის ზერელედ შეფასებად, ანუ, უბრალოდ, არაკომპეტენტურობად მიმაჩნია! ამან დაღუპა რიჟკოვი და შენც იმავე მიზეზით აღმოჩნდი ბრიყვის მდგომარეობაში!..
– ყველაფერს გამოვასწორებ, მხოლოდ დრო მომეცით, – ყრუდ ჩაილაპარაკა მალიშევმა.
– ყურადღებით მისმინე, ბორია! – განაგრძო გენერალმა, – ჩვენ მკაცრი იერარქიის პირობებში ვმუშაობთ. შენ გყავს ხელქვეითები, რომლებიც პასუხს აგებენ შენ წინაშე; შენ ჩემ წინაშე ხარ პასუხისმგებელი; ჩემი მაღალი წოდებისა და თანამდებობის მიუხედავად, მეც ვიღაცის წინაშე ვაგებ პასუხს, ის ადამიანები კი ასე არ ესაუბრებიან თავის ხელქვეითებს და მეც არ ვაპირებ ბრიყვის პოზაში დგომას!.. დარწმუნებული იყავი, რომ ამას ვერ მოესწრები. რაიმე მსგავსი თუ დამემუქრა, საკუთარი ხელით მიგახვრეტ!..
– გასაგებია... პირობას გაძლევთ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება, – ჩაილაპარაკა მალიშევმა.
– იმედია... – გენერალმა საქაღალდეს ჩახედა და შემდეგ თქვა, – ამ ყველაფრის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდება. არც კი ვიცი, რა ჩაგითვალო ყველაზე დიდ შეცდომად: დოსიეების დაკარგვა, რიბკინის გაუჩინარება, „ნორდსტრიმის“ აქციებთან დაკავშირებული საქმის ჩავარდნა თუ გრომოვის დაღუპვა. არც კი მჯერა, რომ ყოველივე ეს სინამდვილეა და არა საშინელი სიზმარი!.. რამეზე თუ შეგიძლია პასუხის გაცემა?.. რამე გაარკვიე გრომოვის შესახებ?
– ვერაფერი, – თავი გაიქნია მალიშევმა, – თვითმხილველების ჩვენებით, თავდამსხმელებმა გრომოვი პისტოლეტის ტარის დარტყმით გათიშეს და გაიტაცეს. ჩემი ვარაუდით, ის ცოცხალი აღარ უნდა იყოს. გეგეშიძეს სამართალდამცველების მიმართ განსაკუთრებული ზიზღი ამოძრავებს. არა მგონია, ის გამომძიებელი დაეტოვებინა ცოცხალი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში არ აძლევდა მოსვენებას.
– დაღუპულად თუ მიგაჩნია, გვამი წარმომიდგინე! – მკაცრად თქვა გენერალმა.
– ვეძებთ!
–  „ნორდსტრიმის“ საქმეც ჩააფლავე!
– რაც შეეხება „ნორდსტრიმს“. მე ეს საქმე უპერსპექტივოდ არ მიმაჩნია.
– უპერსპექტივოდ არ მიგაჩნია?! – გაიკვირვა გენერალმა, – ხომ არ მომესმა, ბორია?! რისი იმედი გაქვს?.. გეგეშიძემ უარი თქვა ამ საქმეში მონაწილეობაზე და, უფრო მეტიც – ოჯახის ამოწყვეტითაც კი დაგემუქრა!
– ის არ წავა ამაზე. მისი სიტყვები მხოლოდ მუქარა იყო და, რომც მოინდომოს, ვერაფერს შეძლებს! – უპასუხა მალიშევმა.
– ოჯახი გადამალე?
– დროებით.
– ამით შენი ოჯახის წევრებს დაიცავ, მაგრამ, როგორ ჩართავ გეგეშიძეს  „ნორდსტრიმის“ საქმეში? – ჰკითხა გენერალმა.
– ჩვენ კიდევ დაგვრჩა ერთი კოზირი – მისი საყვარელი!
– ტყუილად გაქვს ამის იმედი. ჩემი ინფორმაციით, გეგეშიძის საყვარელთან დაკავშირებით თბილისს გარკვეული პრობლემები შეექმნა და ქართული პროკურატურა მის გათავისუფლებას აპირებს.
– ეს მეც ვიცი, – დაუდასტურა მალიშევმა.
– გამოდის, რომ კოზირიც აღარ გქონია! – შენიშნა გენერალმა.
– მე ერთი მოსაზრება მაქვს, მაგრამ, თქვენთან შეთანხმების გარეშე მოქმედებას ვერ დავიწყებ.
– თქვი, – უპასუხა გენერალმა და მოხერხებულად მოეწყო სკამზე.
– მე ქართულ მხარეს ისეთი წინადადებით მივმართავ, რომელზეც უარს არ იტყვიან.
– კონკრეტულად რას გულისხმობ?
– ისინი გეგეშიძის საყვარელს პატიმრობაში დატოვებენ. უფრო მეტიც, მიუსჯიან მაქსიმალურ სასჯელს და ამის სანაცვლოდ ჩვენ გადავცემთ მათ შეიარაღებულ ძალებში ჩვენს სასარგებლოდ მოქმედ რამდენიმე აგენტს, მათი აგენტურული საქმიანობის დამადასტურებელი მონაცემებით. ცხადია, საქმე უმნიშვნელო აგენტურას ეხება. ვფიქრობ, სამი-ოთხი აგენტი საკმარისი იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ ფასად ქართული პროკურატურა გეგეშიძის საყვარელს უყოყმანოდ დატოვებს პატიმრობაში, – თქვა მალიშევმა.
– სავსებით შესაძლებელია, მაგრამ, ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, რას მოიმოქმედებს გეგეშიძე. იქნებ, მან სრულიად სხვა გზა აირჩიოს საყვარლის პატიმრობიდან დასახსნელად? – ივარაუდა გენერალმა.
– შესაძლებელია, მაგრამ, ამ პიროვნების საქმეზე მუშაობამ ერთ რამეში დამარწმუნა: ის არ აზროვნებს როგორც სხვა კრიმინალები. სხვა, მის ადგილას, ყურადღებას არ მიაქცევდა საყვარელს და მის გამო საფრთხეშიც არ ჩაიგდებდა თავს. ის კი უკან არ იხევს. ღია დაპირისპირებაში შემოდის და, უფრო მეტიც – ცდილობს, აქეთ გვიკარნახოს პირობები, – თქვა მალიშევმა.
– ჰო, ეს მართლაც უცნაურია, – ჩაილაპარაკა გენერალმა.
– ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ მის მოთოკვას შევძლებ.
– შენი გეგმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში იმუშავებს: გეგეშიძე უნდა დარწმუნდეს, რომ შენი უშუალო მონაწილეობის გარეშე საყვარელს პატიმრობიდან ვერ დაიხსნის, – ურჩია გენერალმა.
– მეც ვიფიქრე ამაზე და შესაფერისი კანდიდატიც შევარჩიე – ის, ვინც იოლად გაუფანტავს ილუზიებს, რომ საყვარლის საპატიმროდან გაყვანას მოახერხებს.
– ვის გულისხმობ, მარჩუკს თუ ციგანოვს? – ჰკითხა გენერალმა.
– არა, ისინი სხვა ოპერაციით არიან დაკავებულები.
– მაშ, ვინ?
– მე! – უპასუხა მალიშევმა.
– შენ?! –  უკმაყოფილოდ გახედა გენერალმა, – ცეცხლს ეთამაშები, ბორია. გეგეშიძე არაპროგნოზირებადია. არავინ ვიცით, რას მოიმოქმედებს კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში! არ მომწონს შენი იდეა. ასეთი საქციელი არ შეეფერება „ეფესბეს” ოფიცერს!
– რა ნახეთ ჩემს ჩანაფიქრში ოფიცრისთვის შეუფერებელი? – ჰკითხა მალიშევმა.
– ჩვენ სპეცსამსახურის ოფიცრები ვართ და ვმოქმედებთ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მე კი ვხედავ, რომ გეგეშიძესთან დაპირისპირებას პირად მტრობად აღიქვამ და ეს უკვე ემოციების გამოვლინებაა. ემოციით მართული ადამიანი კი, ძალიან ადვილად უშვებს შეცდომებს!
– ის ნაბიჭვარი ჩემს ცოლ-შვილს ემუქრებოდა! – ავად გამოსცრა მალიშევმა.
– ესე იგი, მაინც ემოცია!.. არა უშავს, სამაგიეროდ, შენ მის საყვარელს გამოამწყვდევ ციხეში! – გენერალმა პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა – რაც შეეხება შენს იდეას. შეგიძლია, ნიადაგი მოსინჯო. ჯერჯერობით  მხოლოდ ჩვენი პირობები შესთავაზე ქართველებს. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ. მაგრამ, გაფრთხილებ: არავითარი თვითშემოქმედება. გეგეშიძესთან უშუალო კონტაქტს მკაცრად გიკრძალავ! გასაგებია?
– გასაგებია, – უხალისოდ უპასუხა მალიშევმა.
– თუ გასაგებია, შეგიძლია, იმოქმედო, – უპასუხა გენერალმა და საქაღალდეს მიუბრუნდა.
* * *
სტეპან გუსმანი ორმოცდაათიოდე წლის, საშუალო სიმაღლის, ოდნავ ჩასუქებული მამაკაცი იყო. ლოყებსა და ნიკაპს თხელი, ჭაღარაშერეული წვერი უფარავდა.
მასპინძელი სასტუმრო ოთახის კართან შეეგება ლუკას, თანაშემწე დაითხოვა და სტუმარი ჟურნალის მაგიდასთან მიიწვია.
– რას დალევთ? – ჰკითხა გუსმანმა, როგორც კი ლუკა სავარძელში მოკალათდა, – გვაქვს ვისკი, კონიაკი, უკრაინული „პერცოვკა“, ქართული „ხვანჭკარა“.
– არაფერს.
– როგორც გენებოთ. მე კი დავლევ, – გუსმანმა  ჭიქა ვისკით შეავსო და დივანზე ჩამოჯდა.
– რისთვის გინდოდათ ჩემთან შეხვედრა? – ჰკითხა ლუკამ.
გუსმანმა ვისკი მოსვა და შემდეგ უპასუხა:
– ეს ძალიან დელიკატური საკითხია. დროდადრო იქმნება ვითარება, რომელშიც სახელმწიფო მართვის ინსტიტუტები არაეფექტურები ხდებიან.  ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვიძლევით განკარგულებებს, მაგრამ, საქმე ადგილიდან მაინც არ იძვრის.... ჰო, ეს ალბათ საინტერესო არ არის თქვენთვის, – დაამატა გუსმანმა, როგორც კი თანამოსაუბრის გულგრილი მზერა შენიშნა.
– არ არის საინტერესო. კონკრეტულად ამიხსენით, რა გინდათ ჩემგან?
– რამდენიმე დღის წინ „ვერშინის” წარმომადგენელმა ჩემს თანაშეემწეებთან საუბარში თქვა, რომ კომპანია „ვერშინა” „ნორდსტრიმის“ აქციებითაა დაინტერესებული, რომლებსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიტანენ ბაზარზე.
– დიახ, მე ვიცი ამის შესახებ, – დაუდასტურა ლუკამ.
– ის თუ იცით, რომ უკრაინული „ნეფტოგაზი“ აქციების დანაწევრებას არ აპირებს და ისინი ერთ პაკეტად გადაეცემა მყიდველს?
– ანუ...
– ანუ, ამ წამოწყებაში „ვერშინას” არავითარი პერსპექტივა არ აქვს, – თქვა გუსმანმა.
– მაშინ, ყველაფერი ისედაც გარკვეული ყოფილა და, მე ვერ ვხვდები, რისთვის მოინდომეთ ჩემთან შეხვედრა!
– არ დაგიმალავთ. მე ბევრი რამ მსმენია თქვენზე, მათ შორის ბევრი ცუდიც. თქვენ გახასიათებენ როგორც მკაცრ და დაუნდობელ ადამიანს. მაგრამ, ამასთან ერთად, ჩემთვის ისიც უთქვამთ, რომ თქვენ არასდროს არღვევთ პირობას და ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ წამოწყებული საქმე. ამიტომაც, პირდაპირ გეტყვით სათქმელს... – გუსმანმა ერთი ყლუპი ვისკი მოსვა და ლაპარაკი განაგრძო, – ჩვენ „ნორდსტრიმის“ აქციებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეგვექმნა. ეს ის სფეროა, რომელიც თქვენ ნაკლებად გაინტერესებთ, მაგრამ, ვითარების გასარკვევად მაინც მოგაწვდით გარკვეულ ინფორმაციას: სახელმწიფო დაინტერესებულია აქციების გაყიდვით, მაგრამ, ჩვენთვის სულერთი არ არის, ვინ შეიძენს მათ...
– თქვენ არ გინდათ, რომ ის რუსულმა „გაზპრომმა“ იყიდოს... – ჩაურთო ლუკამ.
– კარგად ხართ ინფორმირებული, – შენიშნა გუსმანმა.
– ამის გათვლა არც ისე რთულია.
– მართალი ბრძანდებით, ჩვენ არ გვინდა, რომ აქციები „გაზპრომის“ ხელში აღმოჩნდეს, მაგრამ, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ვერ დავარღვევთ და ამას ხმამაღლა ვერ განვაცხადებთ. ასევე, გასაგებია, რომ ეს მოსკოვშიც იციან. ჩვენ ვიბრძვით აქციების ევროპაში გასატანად, რუსული მხარე კი თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს, რამაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მნიშვნელოვანი დაპირისპირება წარმოშვა. ჩინოვნიკების უდიდესი ნაწილი აქციების ევროპაში გატანას უჭერს მხარს, მაგრამ, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ღიად თუ ფარულად ლობირებს რუსულ ინტერესებს.
– ეს უკვე პოლიტიკურ მოხსენებას ემსგავსება, – შენიშნა ლუკამ.
– კარგით, კარგით, აღარ გადაგღლით, – გაეღიმა გუსმანს, – საქმე ისაა, რომ მოვლენებმა ჩვენი ყაიდის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სცენარით დაიწყო განვითარება. როგორც კი რუსული მხარე დარწმუნდა, რომ სამართლებრივ სივრცეში წარმატებას ვერ მიაღწევდა, ძალადობას მიმართა: ბოლო ორი კვირის განმავლობაში, „ნორდსტრიმის“ საქმეში ჩართულ თანამდებობის პირებზე თავდასხმების სერია განხორციელდა. მოკლულია ორი ადამიანი და რამდენიმე დაჭრილია. რიგ თანამდებობის პირებზე ხორციელდება ზეწოლა. ჩვენი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ უახლოეს მომავალში ვითარება უფრო დაიძაბება.
– სახელმწიფო თავის ჩინოვნიკებს ვერ იცავს?! – ირონიით ჰკითხა ლუკამ.
– სახელმწიფოს განკარგულებაშია საგამოძიებო სამსახურები, მაგრამ, ამ შემთხვევაში ისინი არაეფექტურნი აღმოჩნდნენ. მომხდარის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას დრო სჭირდება. ამ შემთხვევაში კი დრო ჩვენს მოწინააღმდეგეზე მუშაობს – აქციების ბაზარზე გატანამდე ორიოდ თვეა დარჩენილი და, ვეჭვობ, რომ ამ დროში ჩვენმა სამართალდამცველებმა რომელიმე საქმის გახსნა შეძლონ. იმასაც თუ ვივარაუდებთ, რომ ამ დროის განმავლობაში გასახსნელი საქმეების სია გაიზრდება... მოკლედ, აშკარად წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდებით, – სწრაფად დაასრულა გუსმანმა.
– გასაგებია, მაგრამ, მე მაინც ვერ მივხვდი, რას მოითხოვთ ჩემგან? – თქვა ლუკამ.
– არაოფიციალური მონაცემებით, რუსული ინტერესების სასარგებლოდ რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებს. ჩვენს სამართალდამცველებს შეუძლიათ მათი ლიდერების ნეიტრალიზაცია, მაგრამ, ეს მათაც კარგად ესმით და, ამიტომაც, ახლოს არ ეკარებიან უკრაინას. ისინი რუსეთის ტერიტორიიდან ხელმძღვანელობენ თავიანთ დაჯგუფებებს და თავისთავად გასაგებია, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. წვრილფეხობასთან ბრძოლას კი აზრი არ აქვს – ნეიტრალიზაციის შემთხვევაში, მათ სწრაფად ჩაანაცვლებენ სხვა თავზეხელაღებულებით, – უპასუხა გუსმანმა.
– და, თქვენ გინდათ, რომ ისინი მე შევაჩერო? – ჰკითხა ლუკამ.
– დიახ... თქვენ არაფრით ხართ შეზღუდული, ვერ შეგაჩერებთ ვერც ერთი კონვენცია, ნორმა თუ კოდექსის მუხლი.
– ვისი სახელით მელაპარაკებით, ბატონო სტეპან?
– მოდი, შევთანხმდეთ – სახელები საჭირო არ არის. მოკლედ კი ასე გიპასუხებთ: ამ შეხვედრის იდეა მე მეკუთვნის, მაგრამ, გადაწყვეტილება ჩემზე ბევრად მაღალი თანამდებობის პირმა მიიღო, – უპასუხა გუსმანმა.
– მე არასდროს ვერევი სახელმწიფოს საქმეებში!
– რას მოიმოქმედებდით, თქვენთვის რომელიმე პიროვნებას რომ შემოეჩივლა: არასწორად მექცევიან, მჩაგრავენო?! – ჰკითხა გუსმანმა.
– საგანგებოდ მოემზადეთ ჩემთან შესახვედრად თუ მართლაც ასე ფიქრობთ? – გაეცინა ლუკას.
– მე მოვედი თქვენთან და, როცა ვინმესთან მიდიხარ, კარგად უნდა იცოდე, ვისთან მიდიხარ!
– რისთვის უნდა შევიწუხო, უფრო მეტიც, საფრთხეში ჩავიგდო თავი, იმ ადამიანების ინტერესების დასაცავად, რომლებმაც უკრაინაში გამოჩენაც კი ამიკრძალეს?! – ჰკითხა ლუკამ.
– ჩავთვალოთ, რომ ეს გაუგებრობა იყო, – სწრაფად უპასუხა გუსმანმა, – თქვენ სრულ რეაბილიტაციას მიიღებთ!
– ეს პირობაა?
– დიახ, პირობას გაძლევთ, რომ უკრაინაში არავინ შეგეხებათ.
– ცეცხლს ეთამაშებით, ბატონო სტეპან! ჩემზე იმასაც გეტყოდნენ, რომ პატიებაც არ მახასიათებს!
– მითხრეს, მაგრამ, ჰაერზე მეც არ ვიძლევი პირობებს და ეს ყველაფერი არ არის. „ვერშინა”, რომლის ინტერესებსაც თქვენ იცავთ, ვერ ჩაერევა „ნორდსტრიმის“ აქციებთან დაკავშირებულ საქმეში, მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია, შევთანხმდეთ სხვა აქციებზე, რომლებიც არანაკლებ შემოსავალს მისცემს კომპანიას. რას იტყვით ამაზე?
ლუკა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– ჩემს გადაწყვეტილებას კაცუბა გაცნობებთ.
– მანამდე კი, ამ მონაცემებს გაეცანით – ამ სიტყვებთან ერთად გუსმანმა ჩანთიდან საშუალო ზომის საქაღალდე ამოიღო და წინ დაუდო, – აქ „ნორდსტრიმის“ საქმეში ჩართულ რუსულ- უკრაინულ დაჯგუფებაზეა მასალები...    
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3