კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-35(609)

– მე შენ არასოდეს დამავიწყდები, ჟულიენ. შენნაირი კაცი ჯერ არ შემხვედრია და, ალბათ, არც შემხვდება.
– მჯობნის მჯობს რა დალევს ამქვეყნად, ჩემო მარტა, – ვუთხარი გოგონას, რომელსაც ჟულიენად გავეცანი და მასთან ყოველღამე იმდენ ენერგიას ვხარჯავდი ლოგინში, რამდენსაც 30-35 წლის ახალგაზრდა კაცი...
კურორტიდან ბერლინში გავემგზავრე, სადაც ერთი შეკვეთა უნდა შემესრულებინა, რომელშიც ექვსასი ათასი ევრო გადამიხადეს. შემკვეთი ინკოგნიტო იყო და მას სახეზე არ ვიცნობდი. პირობის თანახმად, მე ბერლინის არისტოკრატიულ რაიონში, დალემში, ერთ-ერთ ვილაში უნდა შევპარულიყავი, რომლის კარიც ღია დამხვდებოდა და დიდგვაროვანი გრაფი მომეკლა, მისი მეუღლე კი მეცემა, გამეკოჭა და უკან წავსულიყავი. როგორც შუამავალმა ამიხსნა, საქმე სასიყვარულო სამკუთხედს ეხებოდა და შემკვეთი გრაფსა და მის მეუღლეზე იძიებდა შურს.
ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შეთანხმებული იყო, ვილაში რომ შევედი და ცოლ-ქმრის საძინებელში შევიპარე, შევცბი: გრაფი შუა ხნის მამაკაცი იყო, ქალი კი სწორედ ის მარტა, რომელსაც სულ რამდენიმე საათის წინ დავშორდი შვეიცარიაში.
მართალია, გრიმით, შენიღბული ვმოქმედებდი, მაგრამ, ხმა მაინც შევიცვალე და ჯერ გრაფი გავაღვიძე, გავკოჭე და პირში ჩვარი ჩავტენე, რომ არ ეყვირა. შემდეგ მარტას ვწვდი თმაში და სამჯერ გავულაწუნე. ამ დროს გრაფი ამოძრავდა და თვალებით მანიშნებდა, ჩემს ცოლს ნუ სცემ და მე, რაც გინდა, მიქენიო... აშკარა იყო, რომ შეკვეთა მარტამ მოგვცა, მით უმეტეს, რომ კურორტზე რამდენჯერმე მითხრა, უახლოეს დროში ზღაპრულად გავმდიდრდებიო, რაშიც, ალბათ, გრაფის ქონება იგულისხმებოდა. ამიტომ, მე გრაფი შემეცოდა, რადგან ტყუილუბრალოდ ვკლავდი და ვუთხარი:
– პირს გაგითავისუფლებთ, თუკი არ იყვირებთ.
მან თვალებით მანიშნა, არ ვიყვირებო და პირი რომ გავუთავისუფლე, მითხრა:
– რას მერჩით, რა დაგიშავეთ? მით უმეტეს, ჩემმა ცოლმა. ის ისეთი სათნო და ღვთისნიერია, ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. ალბათ, მძარცველი ხართ და ფული და ნივთები გჭირდებათ. კი, ბატონო, გეტყვით, სად რა მაქვს და ყველაფერი წაიღეთ, ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებეთ.
– მძარცველი არ ვარ.
– აბა, ვინ ხართ?
– დაქირავებული მკვლელი.
– ვინ?
– ქილერი და თქვენი მოკვლა მაქვს დავალებული, რაშიც ექვსასი ათასი ევრო გადამიხადეს.
გრაფი საკმაოდ ღირსეული, თავდაჭერილი და მამაცი ადამიანი აღმოჩნდა. მას არ შეშინებია. უბრალოდ, გაუკვირდა და მითხრა:
– კი მაგრამ, მე უბრალო გრაფი ვარ, არც  პოლიტიკაში ვერევი და არც სხვა სახიფათო საქმეებში. ამიტომ, ვერ ვხვდები, ვის და რატომ უნდა შეეკვეთა ჩემი მოკვლა.
– შვილები ან უახლოესი მემკვიდრეები გყავთ?
– არა.
– ასეც ვიცოდი. თქვენი მკვლელობა ამ ქალბატონმა შეუკვეთა, რომელიც თქვენ ღვთისნიერი, პატიოსანი ადამიანი გგონიათ, ის კი სულაც არაა ღვთისნიერი, იაფფასიანი ბოზია!
– რა უფლებით აყენებთ შეურაცხყოფას ჩემს მეუღლეს? – აღშფოთდა გრაფი, მაგრამ, მე მას პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:
– ბოლოს და ბოლოს, ფეხებზე მკიდია თქვენი ურთიერთობები. რაში მენაღვლებით, გაგიხვრეტთ შუბლს და ჩემი გზით წავალ, მაგრამ, წესიერი კაცი ჩანხართ. სრულიად უდანაშაულო ხართ და შემეცოდეთ. ამიტომ, მე თქვენ არ მოგკლავთ და წავალ. თანაც, გირჩევთ, რომ ეს ძუკნა თავიდან მოიშოროთ, თორემ სხვა  მკვლელს დაიქირავებს. ან, სულაც, თვითონ მოგკლავთ და თქვენს ქონებას დაეპატრონება. წესით, ხომ ისაა თქვენი ერთადერთი მემკვიდრე?!
– დიახ, – დამიდასტურა გრაფმა, – მით უმეტეს, რომ ამ ერთი თვის წინ სწორედ მას დავუმტკიცე ჩემი მემკვიდრეობა ოფიციალურად.
– აი, ხომ ხედავთ, გრაფ, თქვენ კი ეჭვი გეპარებოდათ.
– და, მაინც არ მჯერა, – მითხრა გრაფმა. შემდეგ ცოლს შეხედა და მომიბრუნდა, – რა ბრძანეთ, რამდენი გადაგიხადათ ჩემი მოკვლისთვის?
– ექვსასი ათასი ევრო.
– ჩემმა ცოლმა კი, ერთი თვის წინ შვიდასი ათასი ევრო გამომართვა და მითხრა, შენთვის სიურპრიზი უნდა დავამზადებინოო. ნუთუ ეს ფული გადაგიხადათ?
– ასი ათასი თვითონ გამოიყენა, დანარჩენით კი მკვლელი დაიქირავა – აი, კიდევ ერთი დასტური.
– არა, მაინც არ მჯერა. ჩემი მარტა მორწმუნეა. ორი კვირა მონასტერში გაატარა და ის ნამდვილად არ გამიმეტებდა ასე. აქ რაღაც შეცდომაა.
– არავითარი შეცდომა! ეს ძუკნა მონასტერში კი არა, ელიტურ კურორტზე ეგდო და ვიღაც ბებერთან ატარებდა დროს.
სანამ ბოლო ფრაზას ვიტყოდი, მარტა უხმოდ მისმენდა. ბოლოს კი მას ნერვებმა უმტყუნა და აყვირდა:
– ვინ ხარ და საიდან იცი ამდენი? მოგცეს ფული?! – მიდი და შენი საქმე შეასრულე, სხვა რამეს რას კითხულობ?
– აი, გრაფ, – ხელი გავიშვირე მარტასკენ, – ახლაც არ გჯერათ?
– ახლა კი მჯერა, – მომიგო გრაფმა და დაამატა: – გმადლობთ. თქვენ წესიერი ადამიანი ყოფილხართ.
– ჰმ, წესიერი, ხომ? – ახარხარდა მარტა და ჩემზე გამოიწია, რომ სახეში მცემოდა, მაგრამ მე მას სილა გავაწანი, იქვე მივაგდე და გრაფს ვუთხარი:
– მე წავედი, გრაფ, დანარჩენი კი თქვენ იცით. ფულს, რა თქმა უნდა, უკან არ დაგიბრუნებთ.
ვილიდან სწრაფად გამოვედი. რამდენიმე კვარტალი რომ გავიარე, მანქანაში ჩავჯექი და კონსპირაციულ ბინაში გავემართე, რომ გრიმი მომეშორებინა და თბილისში დავბრუნებულიყავი.
შეიძლება, გრაფთან დაკავშირებული ისტორია ჩემს კოლეგებს  არაპროფესიონალურ, არასწორ საქციელად მოეჩვენოთ, მაგრამ, მე ასე არ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანის მოკვლაც დაუშვებელია. გრაფი კი მართლაც, უდანაშაულო იყო და ამიტომ ვიხსენი სიკვდილისგან. უფრო სწორად კი, არ მოვკალი და იოტისოდენადაც არ ვნანობ ჩემს საქციელს და, საერთოდ, არასოდეს არაფერს ვნანობ, რადგან, წახდენილ საქმეს სინანულით ვეღარ გამოასწორებ და ყოველთვის ჯობია, რომ მანამდე მოიქცე სწორად და არ შეცდე.
ბოლომდე შეუმცდარები არ არსებობენ, მაგრამ, როგორც გამნაღმველს, ასევე, ჩვენც, ერთი შეცდომაც კი, შეიძლება, სიცოცხლის ფასი დაგვიჯდეს და საიქიოდან ვეღარავინ მოგვაბრუნებს. თუმცა, ჩემს კარიერაში მქონდა თითქმის ასეთი შემთხვევა, უკვე ორივე ფეხით საიქიოში ვიყავი და სასწაულებრივად გადავრჩი.
ერთხელ, ჯერ კიდევ ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის დასაწყისში, პაკისტანის ქალაქ პეშვარში გამგზავნეს, რომ ვინმე შამილ ქემალის ლიკვიდაცია მომეხდინა. ის ცნობილი ავღანელი საველე მეთაური იყო და საბჭოთა სამხედრო ძალებს სისხლს უშრობდა. ქემალის ლიკვიდაციისთვის სამი ვარიანტი გვქონდა დამუშავებული და არც ერთი არ იყო ადვილი. თუმცა, მე ყველაზე რთული მისიის შესრულება მომიწია. რადგან ობიექტს ვერც ახლოდან მივწვდი და ვერც სნაიპერული შაშხანიდან, მისი გარემოცვა ბრძოლით უნდა გამერღვია და ამგვარად შემესრულებინა ეს ურთულესი დავალება. შამილ ქემალი და მისი გარემოცვა სულ რაღაც თორმეტი კაცისგან შედგებოდა, მაგრამ, ისინი კარგად მომზადებული მეომრები იყვნენ და მათი დახოცვა ადვილი არ იყო, მით უმეტეს, რომ ისინი ქალაქის კლდოვან რაიონში ცხოვრობდნენ. ის ადგილი კი, თითქმის მიუვალი და კარგად დაცული იყო. თანაც, იქვე, მზადყოფნაში ჰყავდა ამერიკული ვერტმფრენი „კობრა“ და, საშიშროების შემთხვევაში, გაქცევაც შეეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, მე საკმაოდ ეფექტურად შევასრულე ჩემი დავალება. ქემალი და მისი დაცვა დავხოცე და მათივე ვერტმფრენით ვცადე გაქცევა, რომლის მართვაც, რა თქმა უნდა, „კაგებეში“ მასწავლეს. თითქმის ორმოცდაათ მეტრ სიმაღლეზე ვიყავი ასული და სამშვიდობოზე გავდიოდი, როდესაც კლდის ნაპრალში „სტინგერიან“ მოჯაჰედს მოვკარი თვალი,  რომელმაც რეაქტიული რაკეტა დამიმიზნა და ჩემი მიმართულებით გამოუშვა... ხუთიოდე წამიც და ჩემგან სველი ადგილიც კი არ დარჩებოდა, რადგან „სტინგერი“ ნაკუწებად აქცევდა ჩემს „კობრას“. ამიტომ, ვერტმფრენიდან გადმოვხტი. ამ დროს ვერტმფრენს რაკეტა მოხვდა, აფეთქების ტალღამ უცნაური ტრაექტორიით გამისროლა კლდეებისკენ და, იმის ნაცვლად, რომ უფსკრულში ჩავვარდნილიყავი, კლდის ერთ-ერთ ნაპრალს დავეჯახე და ვიწრო ბილიკზე ამოსულ უზარმაზარ გაფოთლილ ხეში გავიჭედე.
„მე მგონი, საიქიოდან მოვბრუნდი“, – გავიფიქრე გუნებაში და ნელ-ნელა თანმიმდევრულად შევუდექი უფსკრულის პირას ამოსული ხიდან ჩამოსვლას.
მართალია, არც იქიდან იყო ადვილი თავის დაღწევა, მაგრამ, რაც მთავარია, „სტინგერს“ გადავურჩი და, სავარაუდოდ, სიკვდილმა კვლავ გვერდით ჩამიარა, თუმცა, ფრთა გამკრა...
– შენ, ჩემო ძმაო, ბედის რჩეული ყოფილხარ, – მითხრა მუხინმა, როდესაც პაკისტანიდან დავბრუნდი და ხელმძღვანელობას ანგარიში ჩავაბარე.
– ნამდვილად. ყოჩაღ, კოკი! თავის გადარჩენა არანაკლები ვაჟკაცობაა, ვიდრე დავალების შესრულება, – ცხოვრებაში პირველად მომმართა შჩუკინმა ასე შინაურულად, რაც იმას ნიშნავდა, რომ გენერალი თითქმის ბოლომდე მენდობოდა და მას მერე ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობისკენ განვითარდა.
– შენ მართლაც რომ ბედის რჩეული ხარ, ჩემო კოკი, – მითხრა ერთხელ შჩუკინმა, როდესაც მორიგი დავალების დეტალებს ვაზუსტებდით, – ფენომენალური შედეგები გაქვს. სიკვდილი ყოველთვის გვერდს გივლის და ბედისწერა შენს მხარეზეა.
მაშინ ღმერთი არ მწამდა და ვიქტორ იაკოვლევიჩს ვუთხარი:
– კარგი მასწავლებლები მყავდა და ცოტა მეც მოვინდომე.
შჩუკინს ჩაეცინა და მითხრა:
– სხვებსაც შენნაირი მასწავლებლები ჰყავდათ. შენზე არანაკლებად მონდომებულები და ნიჭიერებიც იყვნენ, მაგრამ, ორი-სამი დავალების მეტი ვერ გაქაჩეს. აქ თავად უმაღლესი სუბსტანციაა ჩარეული, რასაც ჩვენ განგებას ვუწოდებთ, სინამდვილეში კი ესაა ღმერთი.
შჩუკინისთვის არაფერი მითქვამს. თუმცა, მერი დამიდგა თვალწინ, რომელიც ყველაფერს ღმერთს მიაწერდა და ხშირად ამბობდა: „უფალი არ უნდა განარისხოო“.
ერთხელ შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:
– აი, ამან ღმერთი განარისხა და უნდა განადგურდეს, – ვიქტორ იაკოვლევიჩმა შუახნის მამაკაცის სურათი მაჩვენა, რომელსაც ცეცხლოვანი თვალები ჰქონდა, ეტყობოდა, რომ არავის არაფერს დაუთმობდა და საჭიროების შემთხვევაში გაანადგურებდა კიდეც.
– ვინ არის?
– ყოფილი რელიგიური მაღალჩინოსანი. მანტიას ამოფარებული, ყოველგვარ სისაძაგლეს სჩადიოდა და მოკვეთეს.
– მხოლოდ მოკვეთა შველის ასეთ რამეს? რატომ არ დაიჭირეს?
– ყველაფერს თავისი წესი აქვს. ჯერ ეკლესიას უნდა გაესამართლებინა, გაეკრიჭა და მხოლოდ ამის მერე ერთვებოდა საქმეში კანონი. მან კი ამ შუალედით ისარგებლა. უცხოეთში გაიქცა და თავი რჯულისთვის წამებულად გამოაცხადა.
– ამერიკაშია?
– ჰო, იქაა და კვლავ რელიგიას შეფარებული, ახლა უკვე პირდაპირ ეწევა ანტისაბჭოთა საქმიანობას – გამოდის ტელევიზიითა და რადიოთი, იბეჭდება გაზეთებში. სხვათა შორის, ბევრი მორწმუნე, პატიოსანი ადამიანი უჭერს მას მხარს და ამიტომ ის ძალიან საშიშია. მით უმეტეს, რომ „ცეერუც“ უმაგრებს ზურგს. ხელმძღვანელობამ მისი ლიკვიდაციის ბრძანება მოგვცა. როგორც უკვე გითხარი, მან ღმერთი განარისხა და შენ უნდა გადაიქცე ღმერთის მრისხანე მახვილად.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ამ კაცის ლიკვიდაცია უფრო მეტ ზიანს ხომ არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას და მას წამებულ წმიდანად ხომ არ გამოაცხადებენ, რაც მის მომხრე ანტისაბჭოელთა რიცხვს უფრო გაზრდის? – ვუთხარი შჩუკინს.
–  ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჯერ მისი მამხილებელი მასალები მოვიპოვოთ, რომლებსაც გავასაჯაროებთ და მისი ლიკვიდაცია გამართლებული იქნება მასის თვალში.
– რას გულისხმობთ?
– თუნდაც, მისი ორგიების კინოკადრებს, რომლებსაც ის თითქმის ყოველდღიურად მართავს თავის ნიუიორკულ აპარტამენტში.
– ესეც მე უნდა ვქნა?
– აბა, სხვას ვის დავავალებთ?
შემუშავებული გეგმის მიხედვით, მე იმ კაცის გარემოცვაში მსახურის სტატუსით უნდა მოვხვედრილიყავი, შემდეგ კი ორგიები გადამეღო და ლიკვიდაციაც განმეხორციელებინა. ასეთი რამ კი, სულაც არ იყო ადვილი საქმე და გარკვეულწილად, გამართლებაზეც იყო დამოკიდებული.
ობიექტი ისე იყო ნიუ-იორკში რეკლამირებული და  ცნობილი, რომ მის ფეშენებელურ აპარტამენტებთან უამრავი ხალხი იკრიბებოდა. ისინი როგორც მხსნელს, ისე ელოდნენ მის გამოჩენას და, როდესაც ის დღეში ერთხელ, სულ რაღაც ნახევარი წუთით ჩნდებოდა ხალხში, პირჯვარს გამოისახავდა და კვლავ უკან შედიოდა, იქაურობას კი გრიგალივით გადაუვლიდა ხოლმე ეგზალტირებული მასის ჟრიამული.
აპარტამენტებს მეორე შესასვლელიც ჰქონდა. იქ ახალგაზრდა გოგონები და კუნთმაგარი ყმაწვილები მიდიოდნენ, რომ „დიადისთვის“ (ასე უწოდებდნენ ობიექტს) სამუშაო ეთხოვათ. ქალებს ობიექტი მრუშობისთვის იყენებდა, კუნთმაგრებს კი – დაცვაში და მსახურებად. სწორედ იქ მივედი მეც და გამიმართლა კიდეც, რადგან „დიადის“ პირველმა მსახურმა მითხრა:
– ჩვენს დიადს მოემსახურები. აქ იცხოვრებ და ყველაფერში დაემორჩილები მას.
– გასაგებია, ბატონო. დიდი მადლობა, – მივუგე ობიექტის პირად მსახურს და, მას მერე, რაც გულდასმით გამჩხრიკეს, ჯერ გამაშიშვლეს და აბანოში შემიშვეს, შემდეგ კი თავიანთი სამოსი მომცეს და აპარტამენტებში შემიყვანეს.
„დიადის“ აპარტამენტები უფრო აღმოსავლელი მბრძანებლის მდიდრულ სასახლეს ჰგავდა, ვიდრე პატიოსანი და ღვთისმოსავი რელიგიური მოღვაწის სადგომს. ის მოოქრულ ტახტზე იჯდა და ოქროთი ნაქარგი მანტია ემოსა. რომ დამინახა, თითით მიმიხმო, ხელი გამომიწოდა და მაამბორებინა, შემდეგ კი მკითხა:
– რა გქვია?
– ტიხონი, ბატონო!
– ამიერიდან ბართლომე იქნები, – მითხრა „დიადმა“, – დღეიდან პირადად მომემსახურები.
– გასაგებია, ბატონო, – ვუთხარი „დიადს“, გუნებაში კი გავიფიქრე: „ბართლომეს გიჩვენებ მე შენ და, თუ ვყოფილვარ კოკი, ნამდვილ ბართლომეს ღამეს მოგიწყობ. მანამდე კი შენს სიბილწეებს აღვბეჭდავ ფირზე და მთელ მსოფლიოში გავავრცელებთ, რომ წამებულად არ გამოგაცხადონ“.
ნაეპისკოპოსარმა მწველი მზერა მესროლა და მითხრა:
– ბატონს რომ მეძახი კარგია და ეს შენს მორჩილებაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, შენი ბატონი ვარ, მაგრამ, მე ყველა დიადს მეძახის და შენც დიადი დამიძახე.
– გასაგებია, დიადო! – ვთქვი მე და ისე დავხარე თავი, ლამის იატაკს დავკარი, შემდეგ კი „დიადს“ ხელზე ვემთხვიე, რაც ჩემთვის „დიდი მადლი“ და „წყალობა“ იყო.
– კარგია, კარგი. თუ ასე განაგრძეს, ძალიან მალე დაწინაურდები, – შემპირდა „დიადი“, მე კი მას მივუგე:
– თქვენი წყალობა და მადლი არ მომეშალოს, დიადო!
– არც არასოდეს მოგეშლება, თუ ბოლომდე მიერთგულებ. ახლა კი ტაშტით წყალი მომიტანე და ფეხები დამბანე, ჩემი წინდები კი ხელით გარეცხე, – მითხრა „დიადმა“, რაც მე დიდი მონდომებით შევასრულე და მისი მორიგი ქება დავიმსახურე:
– ყოჩაღ, ბართლომე, ყოჩაღ. ახლა წადი და, როდესაც დამჭირდები, გიხმობ.
„დიადის“ ინტიმურ გარემოში ძალიან მალე, სულ რაღაც სამ კვირაში მოვხვდი. პირველივე შესაძლებლობისთანავე აღვბეჭდე მისი გახრწნილობები ფარულ, მინიკინოკამერაზე და იმავე ღამეს ცენტრში გადავაგზავნე, იქიდან კი დაშიფრული დეპეშა მოვიდა. სტილით ვიცანი, რომ მუხინის შედგენილი იყო. მასში ეწერა: „მშვენიერი ფილმი გადაგიღია. ყველა კმაყოფილია. ახლა კი შეგიძლია, ის ჯოჯოხეთის გზას გაუყენო. გისურვებთ წარმატებებს“.
„დიადის“ სექს-ორგიები იმდენად ამაზრზენი და საზიზღარი იყო, რომ მათი აღწერა გულს მირევს და დეტალებზე ამიტომ არ ვსაუბრობ. „კაგებეში“ ჩემი გადაღებული ფირი გადაამრავლეს და ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე კომერციულ არხს გაუგზავნეს, რომლებმაც ის დაუყოვნებლივ გაუშვეს ეთერში და ათეულ მილიონობით ადამიანი შოკში ჩაყარეს. ამის პარალელურად კი მე „დიადის“ სალიკვიდაციოდ მოვემზადე, ხელსაყრელ მომენტს დაველოდე და, როდესაც ის თავის ფეშენებელურ ბილწ აპარტამენტებში მარტო დარჩა, ვეახელი და ვკითხე:
– რამეს ხომ არ მიბრძანებთ, დიადო?
– ტანსაცმელი გამხადე და სხეულის მასაჟი გამიკეთე, – მიბრძანა ნამთვრალევმა „დიადმა“. – შემდეგ სამი გოგო მომიყვანე, არაყი მოაყოლე და დანარჩენ მითითებებს დაელოდე.
„დიადი“ გავაშიშვლე და, იმის ნაცვლად, რომ მისი ბილწი სხეული დამეზილა, ჯერ კისერი მოვტეხე, შემდეგ წინასწარ გამზადებული ტროსი მოვაბი კისერზე და უზარმაზარ ჭაღზე ჩამოვკიდე. ბოლოს ეს ყველაფერი კინოფირზე აღვბეჭდე, მისი აპარტამენტები დავტოვე და, სანამ ქუჩაში გავიდოდი, მის დაცვას ვუთხარი:
– დიადი ისვენებს. მითხრა, არავინ შემაწუხოს, თუ რამე დამჭირდა, მე თვითონ გიხმობთო. მე კი რაღაც საქმეზე გამგზავნა და საღამოს დავბრუნდები.
ჩემზე ეჭვი არავის აუღია და დაუბრკოლებლად გამიშვეს. ერთი საათის შემდეგ კი უკვე თვითმფრინავში ვიჯექი და ამერიკას ვტოვებდი.
– ყოჩაღ, კოკი, უზადო შესრულება იყო, – შემაქო შჩუკინმა, როდესაც ლუბიანკაზე მივედი და მის კაბინეტში შევდგი ფეხი დაწვრილებითი ანგარიშის ჩასაბარებლად, – ყველაფერი ისე კარგად აეწყო, რომ იმ ბილწის გამო მწუხარებაც კი არავის გამოუთქვამს, პროტესტსა და, მით უმეტეს, მის წამებულად გამოცხადებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისეთი ფირი გამოგვიგზავნე, რომ წყალი არ გაუვიდოდა.
– საშინელი ბილწი და ძალიან საზიზღარი ვინმე იყო, – მივუგე შჩუკინს, – იმ ნაძირალას თავი რასპუტინი ეგონა, თუმცა, მისი არანაირი პარამეტრი არ ემთხვეოდა რასპუტინისას.
– ორივე უკვე საიქიოშია და, ალბათ, კუპრში ბანაობენ, – ღიმილით მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა და მკითხა – ახლა ის მითხარი, როგორ ხარ, დიადმა ფორმა ხომ არ დაგაკარგვინა?
– არა, მშვენიერ ფორმაში ვარ, ამხანაგო გენერალო!
– მაშინ, კიდევ ერთი დავალება უნდა შეასრულო. არ შეგაწუხებდით, მაგრამ, ისეთი რამაა, რომ სხვას ვერ ვანდობთ.
– ბრძანეთ, ამხანაგო გენერალო, გისმენთ.
– ჯერ ის მითხარი, მეტსახელი „დაშნა“ თუ გეუბნება რამეს?
– დაშნა... დაშნა... – გავიმეორე და დარწმუნებით ვუპასუხე: – არა, არასდროს გამიგია ასეთი სახელი.
შჩუკინს გაეცინა და მითხრა:
– ძალიან ჩამორჩენილი ხარ და ქურდებს პატივს არ სცემ, თორემ, დაშნა როგორ არ გეცოდინებოდა. მით უმეტეს, რომ ის შენი თანამემამულეა. დაშნა, ჩემო კოკი, საკავშირო მნიშვნელობის ქურდი, ქურდული სალაროს შემნახველი პიროვნებაა. თბილისელი მაინც არ იყო! ნუთუ მართლა ყურიც არ მოგიკრავს მისი სახელისთვის?
– ნამდვილად არა, ვიქტორ იაკოვლევიჩ. კრიმინალური სამყარო ნამდვილად არ მიტაცებს და ჩემი ოჯახი სულ სხვა ღირებულებებით ცხოვრობს. არასოდეს დავინტერესებულვარ ამ კატეგორიის ხალხით.
– გასაგებია, – თავი დამიქნია შჩუკინმა, – მოგიწევს დაინტერესება. თანაც, არა მარტო დაინტერესება, არამედ მათი წეს-ჩვეულებების შესწავლაც. მეტსაც გეტყვი – შენ თვითონ უნდა გახდე საკავშირო მნიშვნელობის კანონიერი ქურდი.
– ქურდი უნდა გავხდე?
– ჰო, თანაც, დაშნა.
– დაშნა?
– ჰო, დაშნა, – მითხრა შჩუკინმა, – მოკლედ, ასე, ჩემო კარგო, დაშნა აქ, ლუბიანკაზე გვყავდა და დამუშავებისას ჩვენს კრეტინებს შემოაკვდათ. ის კი „ემვედეს“ „ვეთხოვეთ“ დროებით და, უკან თუ ვერ ჩავაბარეთ საღ-სალამათი, ჯერ ერთი, მთელი ოპერაცია ჩაგვეშლება, თანაც, ისეთი სკანდალი ატყდება მინისტრების დონეზე, რომ დედა შვილს არ აიყვანს.
– მაინც, რა მოხდა?
– ეგ დაშნა, ჩვენი ინფორმაციით, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ნაგროვებ ქურდულ „ობშჩიაკს“ ინახავდა სადღაც და, მის გარდა კიდევ ვინ იცის ამის შესახებ, არ ვიცით. სწორედ ამის გასაგებად „ვითხოვეთ“ „ემვედესგან“ და, როგორც გითხარი, შემოგვაკვდა.
– მილიციას რა მიზეზით აართვით?
– არ აგვირთმევია, უბრალოდ, დროებით გამოვართვით, იმ მიზეზით, თითქოს რაღაც ძველი საქმის გამო უნდა დაგვეკითხა, სინამდვილეში კი „ობშჩიაკის“ ადგილსამყოფლის შესახებ უნდა გაგვეგო ინფორმაცია,  მაგრამ, სამწუხაროდ, ვიზარალეთ.
– მილიციამ, ალბათ, არ იცის ეს ინფორმაცია, თორემ, დაშნას არ გამოგატანდნენ და თვითონვე შეეცდებოდნენ „ობშჩიაკის“ ადგილსამყოფლის დადგენას, – ვუთხარი შჩუკინს, მან კი თავი დამიქნია:
– არა, ნამდვილად არ იციან. დაშნა მათ კრიმინალურ სამყაროში წონასწორობის შესანარჩუნებლად, ქურდებისა და კრიმინალების გასაკონტროლებლად სჭირდებოდათ და იმიტომ უფრთხილდებოდნენ. ის ბუტირკაში იჯდა და გულაობდა.
– მილიციასთან შეკრული იყო?
– არა, დაშნა მათი აგენტი არ ყოფილა. უბრალოდ, შეღავათების სანაცვლოდ, დაშნა მილიციას კრიმინალური წესრიგის დამყარებაში ეხმარებოდა.
– გასაგებია. მე რა უნდა ვქნა?
– როგორც უკვე გითხარი, დაშნად უნდა გადაიქცე.
– ეგ როგორ?
– პლასტიკური ოპერაციის მეშვეობით. ჩვენი სუპერქირურგები შენგან მის ზუსტ ასლს დაამზადებენ, შემდეგ კი, ოპერაცია რომ დასრულდება, შენ კვლავ ძველ ჰაბიტუსს დაგიბრუნებენ, ყოველგვარი იარებისა და კვალის გარეშე. მით უმეტეს, რომ შენ და დაშნა აღნაგობითაც ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს.
– გასაგებია. სულ ესაა?
– ახლა უფრო კონკრეტულ დეტალებზე ვილაპარაკოთ, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ჩვენს ოპერაციას ორი მიზანი აქვს: პირველი – საღსალამათი დაშნას დაბრუნება ბუტირკის ციხეში, ისე, რომ შეცვლის ამბავი ვერავინ გაიგოს და მეორე – უნდა მოახერხო ქურდული ობშჩიაკის ადგილსამყოფლის გაგებას.
– გასაგებია. როდის უნდა დავიწყოთ?
– ახლავე, – მითხრა შჩუკინმა, – ჩვენ ახლა მინუს მეექვსე სართულზე ჩავალთ, სადაც დაშნას გვამს განახვებთ და ინფორმაციებსაც მოგაწვდით.
– კარგი, წავედით.
ლუბიანკის მინუს მეექვსე სართულზე მუხინიც შემოგვიერთდა. იქ, ეგრეთ წოდებული, „ადამიანის სპეცსანახი“ მდებარეობდა, სადაც უზარმაზარ მაცივრებში ადამიანების გვამებს ინახავდნენ. თეთრ ხალათში გამოწყობილმა პათანატომმა მაცივრიდან დაშნას შიშველი გვამი გამოიღო, საპროექციო მაგიდაზე დადო და წავიდა.
– ამას ჯერჯერობით აქ შეინახავენ, – მითხრა მუხინმა, – ბოლოს კი მორიგი შეცვლა მოხდება და „ემვედეს“ ნამდვილი დაშნას გვამს შევაჩეჩებთ.
– კოკი, ხედავ, სხეული როგორი მოხატული აქვს? – მითხრა შჩუკინმა, – შენც ასე მოგხატავენ, მერე კი სახესაც შეგიცვლიან.
– ტატუებს, ალბათ, შემდეგ წამიშლიან ხომ? – ვკითხე შჩუკინს.
– სამ თვეში თვითონვე გაქრება. ჩვენი მხატვრები შენს სხეულში სპეციალურ ქიმიურ ხსნარს შეუშვებენ, რომელიც სრულიად უვნებელია.
– გასაგებია. კიდევ?
– „ემვედეს“ კიდევ ერთი კვირით ვთხოვეთ დაშნას ჩვენთან დატოვება და სწორედ ეს დრო გვაქვს, რომ შენგან მისი ორეული შევქმნათ, – მითხრა მუხინმა, შჩუკინმა კი დაამატა:
– მინუს მეცხრეზე ჩავალთ, იქ შენ პლასტიკური ქირურგები და მხატვრები გელოდებიან და დღესვე გააკეთებენ თავიანთ საქმეს, ხვალ დილიდან კი ჩვენი ორი ინსტრუქტორი ქურდობის სრულ კურსს გაგატარებს და შემდეგ ბუტირკაში გადაგიყვანთ.
– კარგი, მე მზად ვარ.
ოპერაცია და ტატუები უმაღლეს დონეზე გამიკეთეს, ინსტრუქტორებმა კი ექვსი დღის განმავლობაში იმდენი რამ მასწავლეს როგორც ქურდული სამყაროსა ისე კონკრეტულად დაშნასა და მისი გარემოცვის შესახებ, რომ, როდესაც ბუტირკის ციხეში მიმიყვანეს, მე კოკი კი არა, საკავშირო მნიშვნელობის კანონიერი ქურდი – დაშნა ვიყავი...
– დაშნა-ჯან, დაბრუნდი? – მკითხა ერთ-ერთმა კოლეგამ, რომელიც კართან შემეგება და გადამეხვია.
ქურდულ საკანში სულ ექვსი ქურდი იჯდა, მეშვიდე მე ვიყავი და ჩემი პრესტიჟული ადგილი ფანჯარასთან ცარიელი დამხვდა.
– ერთ ძველ საქმეზე მაკაჩავებდნენ „კაგებეში“, – ვამცნე ქურდებს, ხელები ძირს დავუშვი და დავამატე, – მაგრამ ვერ მომჭამეს და ჩემგან სიტყვაც ვერ გაიგეს.
ერთი სიტყვით, ჩემმა „დაბრუნებამ“ წარმატებით ჩაიარა და, ვერც მილიცია, ვერც ციხის თანამშრომლები და ვერც პატიმრები ვერ მიხვდნენ, რომ ნამდვილი დაშნა არ ვიყავი.
პატიმრობის ორი თვის თავზე, „პრაგულკის“ დროს, ერთ-ერთი ჩემი „კოლეგა“, მეტსახელად „ტროლი“ ჩემ გვერდით ჩამოჯდა, მიიხედ-მოიხედა და მითხრა:
– სანამ კაგებე გაკაჩავებდა, ქსივა მომივიდა, რომელშიც ეწერა, რომ ყველაფერი მზადაა და შენს სიტყვას ელოდებიან დასაძვრელად. რას იტყვი, რა ვქნათ? ხვალ პასუხი უნდა მივწეროთ.
ტროლის სიტყვებიდან მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ვიღაც ან რაღაც სადღაც უნდა წასულიყო ან წაეღოთ, თუმცა, ზუსტად რაში იყო საქმე, არ ვიცოდი და არც რამის კითხვა ივარგებდა, რადგან „დავიწვებოდი“. ამიტომ ტროლს ვუთხარი:
– მეც ერთ ქსივას ველოდები ხვალ და პასუხიც მერე იქნება.
– კარგი, ხვალ იყოს.
ერთადერთი, რაც ვიცოდი, ის იყო, რომ აუცილებლად ტროლი უნდა „დაეკაჩავებინა“ „კაგებეს“. თუმცა, იმ მომენტში ჩემებთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. არადა, დრო არ ითმენდა და, სულ რაღაც თორმეტი საათის შემდეგ, შეიძლება, გავშიფრულიყავი. ამის დაშვება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა და სასწრაფოდ რაღაც უნდა მომეფიქრებინა. მე ნარზე წამოვწექი, ორიოდე საათი ვიფიქრე, მოქმედების გეგმა შევიმუშავე და მის შესრულებას შევუდექი.
როგორც ლუბიანკელმა ინსტრუქტორებმა მითხრეს, მე, ანუ, დაშნას, საჭიროების შემთხვევაში ბუტირკის ციხიდან რამდენიმე საათით გასვლაც კი შემეძლო უფროსთან შეთანხმებით. ამიტომ, ბადრაგი ვიხმე და გარეთ გაყვანა მოვთხოვე, შემდეგ ციხის უფროსს შევხვდი და ვუთხარი:
– ტროლი უნდა გაუშვათ გარეთ ორი-სამი საათით. რაღაც საქმეა და მალევე დაბრუნდება.
– შენ თუ გინდა, ერთი დღითაც გაგიშვებ, მაგრამ, ტროლს – ვერა. რომ დაითესოს, თავს მომაჭრიან.
– არ დაითესება, მე ვარ ატვეჩაი. სამ საათში მოვა და პატივსაც გცემ.
– კარგი. მხოლოდ შენი ხათრით, დაშნა, – მითხრა ციხის უფროსმა, – გამოვიყვანოთ კამერიდან?
– ჯერ არა. ჯერ მე დამაბრუნეთ და მერე გაიყვანეთ, – ვუთხარი ციხის უფროსს. საკანში რომ დამაბრუნეს, ტროლს ვუხმე და ვუთხარი:
– შენ ახლა გარეთ გაგიშვებენ და ჯერ ერთგან დარეკავ, შემდეგ ამ ქსივას გადასცემ და უკანვე დაბრუნდები. აბა, შენ იცი, მიდი!
ტროლს დაშიფრული წერილი გავატანე, რომელშიც ეწერა: „ეს „ტროლია“, ქურდი. ხვალ ვიღაცასთან ქსივა უნდა გავგზავნოთ, მაგრამ, ვისთან და რა – არ ვიცი, არ უთქვამს და, რომ მეკითხა, „დავიწვებოდი“. ამიტომ, რაც შეიძლება მოკლე დროში დაამუშავეთ და ისევ უკან გამოუშვით“.
ტროლს კონსპირაციული ნომერი მივეცი, რომელიც წინასწარ გვქონდა ლუბიანკაზე შეთანხმებული. ხუთი საათის მერე რომ დაბრუნდა, ჩემს ნართან მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა:
– ყველაფერი წესრიგშია. „ქარვას“ თვითონ გაუშვებენ და, ასე მითხრეს, არაფერზე ინერვიულოსო.
– ძალიან კარგი. ყოჩაღ, ტროლ! შენ როგორ ხარ? – ვუთხარი ტროლს, თან ყურადღებით შევათვალიერე, რადგან, შეცვლილი მეჩვენა.
– კარგად ვარ. უბრალოდ, ძალიან დავიღალე და მეძინება. თუ ჩემთან მეტი საქმე არ გაქვს, მაშინ, ცოტას წავაკიმარებ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3