კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ეწერა სანდრო ახმეტელის წინააღმდეგ შედგენილ დოსიეში

სანდრო ახმეტელს კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება. დღეს, მისი სახელობის თეატრიც ფუნქციონირებს საქართველოში. თუმცა, ბევრმა არ იცის, მისი ცხოვრების ზოგიერთი საინტერესო დეტალი, რომელიც წინ უძღოდა დიდი რეჟისორის დახვრეტას. ჩვენი რესპონდენტია თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ცქიტიშვილი.

– სანდრო ახმეტელი არა მარტო თავისი შემოქმედებით, არამედ პიროვნულადაც ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. მას მრავალმხრივი ინტერესები ჰქონდა, სანამ საბოლოოდ თეატრის რეჟისორად ჩამოყალიბდებოდა. მაგალითად, ცნობილია, რომ ის პეტერბურგში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ერთი პერიოდი პოლიტიკაშიც იყო აქტიურად ჩართული, წერდა პუბლიცისტურ წერილებს საქართველოზე, მის დამოუკიდებლობაზე. მოგეხსენებათ, 26 მაისს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, სანდრო ახმეტელს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი, როგორც დამფუძნებელი კრების, ანუ მაშინდელი პარლამენტის წევრს. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, სანდრო ახმეტელს ავიაციაშიც კი ჰქონდა გამოგონების მცდელობა.
– რას გულისხმობთ, რა გამოიგონა?
– აეროპლანივით გააკეთა, რაღაც მფრინავი მოწყობილობა და შემდეგ თვითონვე გამოსცადა. გამოსაცდელად მთაწმინდიდან გადმოხტა და ძლივს გადარჩა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ მინდა, მისი მრავალმხრივი ინტერესები დაგანახვოთ: სად პოლიტიკა, სად თეატრი, იურისპრუდენცია, ავიაცია... აი, ასეთი კაცი იყო.
– ბატონო გიორგი, იქნებ თეატრის თემაზე შევჩერდეთ.
– თეატრის მიმართ ინტერესს ახმეტელი სულ ამჟღავნებდა, ჯერ კიდევ კახეთში სამოყვარულო წარმოდგენებს დგამდა, თუმცა, თეატრი მის ცხოვრებაში ოდნავ მოგვიანებით მოვიდა. თავიდან, 1919 წელს, საოპერო სტუდიაში დადგა ერთი სპექტაკლი. მომდევნო წელს, უკვე დღევანდელ რუსთაველის თეატრში დადგა „ბერდო ზმანია”. შემდეგ, უკვე მეორე პიესაზე მუშაობის დროს, იჩხუბა და წამოვიდა.
– ვისთან და რატომ იჩხუბა სანდრო ახმეტელმა?
– თეატრის დასთან იჩხუბა. ახმეტელი მაქსიმალისტი იყო, უნდოდა, ყველა მასავით ბოლომდე დახარჯულიყო. არადა, ნახა, რომ დისციპლინა არ იყო თეატრში: ზოგი იგვიანებდა, ზოგი ნასვამი მოდიოდა, ზოგი ნაბახუსევი და ასე შემდეგ... შეუძლებელია ასეთ პირობებში მუშაობაო, იჩხუბა და წავიდა თეატრიდან.
– ამის შემდეგ როდის უბრუნდება ის ამ თეატრს?
– კოტე მარჯანიშვილის რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ. ამ ორმა ადამიანმა ერთად 4 წლის განმავლობაში იმუშავა. პარალელურად, დამოუკიდებელ სპექტაკლებსაც დგამდნენ. შემდეგ, როცა მარჯანიშვილი კონფლიქტის გამო რუსთაველის თეატრიდან მიდის, ახმეტელი ხდება ხელმძღვანელი. შესანიშნავი სპექტაკლები დადგა სანდრო ახმეტელმა, რომელშიც ჩანდა მისი სულისკვეთება, მოქალაქეობრივი პოზიცია, ეროვნული მოტივები. პოლიტიკური სპექტაკლებიც გააკეთა. ამ მხრივ გამოვყოფდი შილერის „ყაჩაღების” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს. თვითონ პიესას შილერმა „ყაჩაღები” უწოდა და ქვესათაურად მისცა „ტირანების წინააღმდეგ”. სწორედ ეს ქვესათაური გამოიტანა ახმეტელმა მის მიერ დადგმული სპექტაკლის დასახელებად –„ინ ტირანოს”. წარმოიდგინეთ, ეს არის 1933 წელი. ამ სპექტაკლთან დაკავშირებით, ერთ ამბავს ყვებიან: მოგეხსენებათ, რუსთაველის თეატრის შესასვლელს, წინ ვერანდასავით აივანი აქვს. ახლა, სხვანაირად იქცევიან, ძველად კი თეატრის აფიშას ამ ვერანდაზე გამოაკრავდნენ ხოლმე, რომ ქუჩიდან გამვლელთ კარგად დაენახათ თუ რა სპექტაკლი იყო იმ დღეს. თურმე, ერთ-ერთი აღლუმის დროს, სულ სხვა სპექტაკლი ყოფილა დანიშნული. ახმეტელს კი აფიშა შეგნებულად მოუხსნევინებია და თეატრის აივანზე „ტირანების წინააღმდეგ” უზარმაზარი წარწერა გამოუფენია მაშინდელი საბჭოთა ლიდერების – ლენინის, სტალინის, ბერიას, მარქსის, ენგელსის პორტრეტების ქვემოთ. ცხადია, აღლუმზე მისულთაგან, ამ „უნებლიე დამთხვევის” ქვეტექსტი ბევრმა ამოიკითხა, ბუნებრივია, იმ სამსახურმაც, რომელსაც ეს ევალებოდა.
– ბერიას და ახმეტელს შორის რა გაუგებრობა მოხდა?
– როდესაც ბერია საქართველოში პირველი პირი გახდა, ის ცდილობდა, ხელოვან ხალხთან და ინტელიგენციასთან მეგობრული, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. ხანდახან პატიჟებდა კიდეც მათ, ქართულად როგორც ხდება ხოლმე. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ბერიას ახმეტელთანაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სანდრო ახმეტელი არ იყო ის პიროვნება, რომლის მართვაც შესაძლებელი იქნებოდა. თავისნათქვამა კაცი იყო ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც.
ერთი პერიოდი, დღევანდელი ქიაჩელის ქუჩაზე ცხოვრობდა ლავრენტი ბერია.   ასეთ ფაქტს იხსენებდნენ თანამედროვენი, – მოპირდაპირედ, ბერიას მეზობლად, ერთ-ერთი მშენებელი, ინჟინერი ცხოვრობდა, რომელთანაც იმდროინდელი ინტელიგენცია ყოფილა შეკრებილი და მასპინძლის აივანზე, როგორც ხდება ხოლმე, სუფრის გაშლამდე, ზოგი მუსაიფობდა, ზოგიც ნარდს თამაშობდა. ამ დროს, თავის სახლში მოსულა ბერია. აივნიდან მიუწვევიათ: ლავრენტი პავლოვიჩ, შემოგვიერთდით, ერთად მოვილხინოთო. ბერიას უპასუხია, – არ მცალია, მალე მივდივარო. ამ სიტყვებზე ახმეტელს მიუყოლებია, თუ არ გცალია, შენი...
– კახურად...
– ასე ყვებიან. თუმცა, ეს ბუნებრივია, ბერიას, ვერ გაუგონია, მაგრამ ერთ-ერთ მწერალს მის გასაგონად ხმამაღლა უთქვამს:  რას, შვრები სანდრო, ჩვენს ლავრენტის როგორ აგინებო.
– იმხანად, ეს ერთი ფაქტიც საკმარისი იყო ადამიანი რომ დაეხვრიტათ.
– მართალია, თუმცა, იყო კიდევ ასეთი ფაქტიც: შუა რეპეტიციის დროს, ახმეტელმა დარბაზში შენიშნა, რომ უკანა რიგში ვიღაც კაცი ზის და რაღაც ჩანიშვნებს აკეთებს. იკითხა: ეს ვინ არისო? უპასუხიათ – „ზემოდან” არის მოგზავნილიო. კინწისკვრით გამოუგდია ეს „ზემოდან” მოგზავნილი კაცი და თან დაუბარებია, ვინც გამოგაგზავნა გადაეცი, რომ მე რეპეტიციაზე უცხო ადამიანს არ ვუშვებო.
ყვებიან, ასევე, რომ ერთხელ ქუჩაში, მაშინ ავტომანქანა იშვიათი იყო, მოდიოდა ბერია. მანქანის სარკმლიდან ახმეტელი შეუნიშნავს და შეუჩერებინებია: საშა, დაჯექი წაგიყვანო. ახმეტელს კი ხელი აუქნევია – მიდი, მიდიო... ასე, აგდებულად.
– ბერია ამას უდავოდ გულში ჩაიდებდა.
– ბერია არ იყო ის კაცი, ასეთი რამ დაევიწყებინა... წლების განმავლობაში ახმეტელზე დოსიე იქმნებოდა.
არის კიდევ ასეთი ფაქტი. მოსკოვში 1930 წელს თეატრალური ოლიმპიადა ჩატარდა. მთელი საბჭოთა კავშირის თეატრები მონაწილეობდნენ მასში. ფესტივალზე ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა რუსთაველის თეატრმა, ახმეტელის ხელმძღვანელობით. ერთ-ერთი უცხოელი ჟურნალისტი წერდა, ისეთი თეატრი ჰქონია საბჭოთა კავშირს, რომ ის მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოსო. ამის შემდეგ, დასთან და დასის გარეშე, პერსონალურადაც იწვევდნენ ახმეტელს, რომ უცხოეთში დაედგა სპექტაკლები. სერიოზულად იდგა ეს საკითხი, მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ თბილისიდან იყო ბერიას სატელეფონო საუბრები და გაიგზავნა დეპეშები სტალინთან – ახმეტელი ანტისაბჭოთა ელემენტია. თამამად გამოთქვამს თავის მოსაზრებებს და ამათი გაშვება გასტროლებზე არაფრით არ შეიძლებაო. გარდა ამისა,  რუსთაველის თეატრის თანამშრომელთა წინააღმდეგ შექმნილ დოსიეში ეწერა, რომ აკაკი ხორავა გასაბჭოებამდე საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან თანამშრომლობდა.
– ხორავა?
– დიახ. ის ხომ სენაკელი იყო. ბერიას მისი დოსიეც ჰქონდა. როდესაც წითლები უნდა შემოსულიყვნენ და სულ იყო მცდელობა პროვოკაციების მოწყობისა საქართველოს წინააღმდეგ, იმ დროს აკაკი ხორავა, მილიციის უფროსი ყოფილა და სენაკში ცხენზე ამხედრებული, მაუზერით დასდევდა ბოლშევიკებს. გარდა ამისა, დასის სხვა წევრთა გამოთქმებიც იყო დოსიეში ციტირებული. მაგალითად, ვასაძის ფრაზა კომუნისტებზე: ამათ დიდი დღე არ უწერიათო და ასე შემდეგ.
– ცნობილია, რომ სტალინი ამ ფესტივალზე სპექტაკლ „ლამარას” დასწრებია.
– დიახ. ეს ოთხმოქმედებიანი სპექტაკლი იყო. ბელადი მესამე მოქმედებაზე მისულა. სპეციალურ სამთავრობო ლოჟაში შესულა მაშინდელი „ბობოლებით” გარშემორტყმული. ბუნებრივია, ახმეტელიც იმ ლოჟაში მიიწვიეს. მეოთხე მოქმედების შემდეგ, ბელადს უთქვამს მისთვის: ძალიან მომეწონა სპექტაკლი და გული მწყდება, პირველი და მეორე მოქმედება რომ ვერ ვნახეო. თქვენ თუ ასე გაინტერესებთ თავიდან ვითამაშებთო, – უპასუხია ახმეტელს. მართლაც, პირველი 2 მოქმედება ხელმეორედ ითამაშეს. შემდეგ კი, თეატრის ფოიეში (სამთავრობო ლოჟის წევრებმა) გადაიღეს სურათი. როცა თბილისში დაბრუნდნენ, ახმეტელმა გაადიდა ეს ფოტო და თეატრის ფოიეში ჩამოკიდა. ბერიას არ მოსწონდა ეს ამბავი, რადგან ამით ახმეტელმა ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ ქვეყნის პირველ პირთან საუკეთესო ურთიერთობაშია. ბელადსაც მოსწონს მისი ხელოვნება და ასე რომ, მას ბერიასი არ ეშინია. დაახლოებით, ასეთი ქვეტექსტი ჰქონდა ამ ფოტოს გადიდებას და გამოკვრას. ბერიამ რამდენჯერმე შეუთვალა ახმეტელს ეგ ფოტო ჩამოხსენიო. ახმეტელი კი არ დაემორჩილა. ეს კაცი მკაფიო ინდივიდუალობის მქონე პიროვნება იყო, არ ჯდებოდა მორჩილთა მასის კრიტერიუმებში. მას მარტო ბერია კი არა ვერც ერთი დიქტატორი ვერ აიტანდა.  
– შემდეგში რა ხდება?
– 1935 წელს, რუსთაველის თეატრი ბაქოში იყო გასტროლებზე. ახმეტელს, რომელიც თეატრში დისციპლინით იყო ცნობილი, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს ენა მიუტანეს – აკაკი ხორავა მთვრალი თამაშობსო. ჩაამთავრეს თუ არა სპექტაკლი („ლამარა”), ახმეტელმა იქვე დაწერა ბრძანება ხორავას თეატრიდან გაშვების თაობაზე. მივიდნენ, უთხრეს, სთხოვეს, რომ აღედგინა, მაგრამ უშედეგოდ – ერთს თუ აპატიე, ხვალ მეორე იგივეს გააკეთებსო.
 ჩამოვიდნენ თბილისში. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბერია ჩაერია, კატეგორიულად მოსთხოვა ახმეტელს ხორავას თეატრში აღდგენა. ახმეტელი სასტიკი წინააღმდეგი წავიდა. მეგობრები იყვნენ  აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და სანდრო ახმეტელი. ვასაძე გამოესარჩლა ხორავას და ამასაც ჩხუბი მოჰყვა ახმეტელსა და ვასაძეს შორის. შედეგად, ვასაძეც გამოაგდო ახმეტელმა თეატრიდან.
– საბოლოოდ როგორ დასრულდა ეს ამბავი?
– საბოლოოდ, ვასაძე და ხორავა აღადგინეს და ახმეტელი გაათავისუფლეს. ახმეტელს 2 თანამდებობა ეკავა თეატრში, შემოქმედებითი და ადმინისტრაციული. ამის შემდეგ ეს თანამდებობები გაყვეს, ხორავა დანიშნეს დირექტორად, ვასაძე კი – სამხატვრო ხელმძღვანელად. ეს იყო 1935 წელს. აქედან მოყოლებული ახმეტელმა არ შეწყვიტა ბრძოლა. ამბობდნენ, სახალხოდ, საჯაროდ აგინებდა ბერიას და ამბობდა, სტალინთან მივალ და იქ დავამტკიცებ ჩემს სიმართლესო. მოსკოვშიც ჩავიდა, მაგრამ სტალინამდე ვინ მიუშვებდა?! 1937 წლის დასაწყისში დააპატიმრეს მოსკოვში, ჩამოიყვანეს თბილისში და ამავე წლის ზაფხულში დახვრიტეს. მანამდე, თვეების განმავლობაში აწამებდნენ.
– რა იყო ოფიციალურად, ახმეტელის დაკავების მიზეზი?
– დასწამეს, ფაშისტია და ჰიტლერს თანაუგრძნობს, ნაციონალისტია და ანტისაბჭოთა სპექტაკლებს დგამსო. ახმეტელი ამბობდა, ყველა ერს უნდა ჰქონდეს თავისი ეროვნული თეატრიო. არ შეიძლება, ჩვენ და რუსებს ერთნაირი თეატრი გვქონდეს, რადგან სხვადასხვა ემოციის, მენტალიტეტის, მსოფლმხედველობისა და ტემპერამენტის ხალხი ვართ სამხრეთელები და ჩრდილოელებიო. ასევე, საქმეში დევს ახმეტელის მიერ წლების წინ გამოთქმული ფრაზები. მაგალითად, ოდესღაც უთქვამს სუფრასთან: გერმანელების სახელმწიფო სტრუქტურა უფრო დისციპლინირებულიაო... გერმანიასთან ომი გარდაუვალიაო... რა იცოდა მან ეს, თუ გერმანელების აგენტი არ არისო, ასე დააყენეს საკითხი. შემდეგ, სადღაც უთქვამს, გერმანული პისტოლეტი ჯობია საბჭოთასო... კიდევ, საიდუმლო ორგანიზაცია შექმნა თეატრში, რომელსაც გეგმად ჰქონდა ბერიასა და სტალინის მოკვლაო. იგულისხმებოდა კორპორაცია „დურუჯი”. ამგვარი უტოპიური ბრალდებები წაუყენეს. ამბობენ, რომ სასტიკად ყოფილა ნაწამები...
– ეს ამბავი ვინ გამოიტანა ციხიდან?
– მრავალი წლის შემდეგ, თეატრმცოდნემ და სანდრო ახმეტელის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარმა, პროფესორმა ვასილ კიკნაძემ თავის წიგნში გვიამბო, რომ ერთ-ერთი პიროვნება, მაშინ ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტი, სანდრო ახმეტელის კამერაში მოხვედრილა. სწორედ მას უამბია: კამერაში, რომ შემაგდეს, იქ სულ ორნი ვიყავით. მე ვერც ვიცანი, მოგვიანებით გავიგე, რომ ახმეტელთან ერთად ვიჯექიო. იგი იმდენად იყო ნაცემი, რომ ვერ დადიოდა, ფეხები დამტვრეული ჰქონდა, თავ-პირი კი დასისხლიანებულიო. მირჩია: შვილო, თუ გინდა გადარჩე, ამათ გიჟად მოაჩვენე თავიო. მე, შემეშინდა, რადგან ვფიქრობდი, კამერა ისმინებოდა. ის კი ამბობდა: მე, ხომ ასეთ დღეში ვარ, მაინც ჩემსას დავამტკიცებ და ლავრენტის ასე და ასე ვუზამო და ცხრასართულიანი გინება მიაყოლაო.
– რა თქმა უნდა, არ ვიცით ახმეტელის საფლავი, ან კი აქვს?!
– მოგვიანებით, როდესაც სუკის არქივები გაიხსნა, ცნობილი გახდა, რომ სანდრო ახმეტელი დახვრეტილია 1937 წლის 29 ივნისს.
როდესაც სანდრო ახმეტელი თეატრიდან გააგდეს 1935 წელს, მის გადასარჩენად მსახიობთა ჯგუფმა სტალინის სახელზე დაწერა თხოვნა,
– დაგვიბრუნეთო. რა თქმა უნდა, ეს წერილი სტალინამდე არც ჩასულა. სამაგიეროდ, როდესაც ახმეტელი დაიჭირეს, ყველა ის მსახიობი, რომელიც განცხადებას ხელს აწერდა, ახმეტელის გზას გაუყენეს. იმ მსახიობებს შორის იყო ივანე აბაშიძეც, დოდო აბაშიძის მამა.
– რა არის ცნობილი სანდრო ახმეტელის პირად ცხოვრებაზე?
– მისი პირველი მეუღლე იყო როსტომაშვილი, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავდა და ბინა მათ დაუტოვა. მეორედ იქორწინა რუსთაველის თეატრის მსახიობზე, სერგო ამაღლობელის ცოლზე, ძალიან ლამაზ ქალბატონ თამარ წულუკიძეზე. ბინა არ ჰქონდათ და 1928 წელს მათ 2 ოთახი გამოუყვეს რუსთაველის თეატრში. თამართანაც ერთი ვაჟი შეეძინა რეჟისორს. რომელიც მამის სიკვდილისა და დედის გადასახლების შემდეგ, ტრაგიკულად დაიღუპა. გადასახლების შემდეგ, თამარი მინსკში დასახლდა და ცოლად გაჰყვა იქაურ ცნობილ მწერალს.

скачать dle 11.3