კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ წელს გაჩნდა სახელწოდება „ავლაბარი“ ისტორიულ ქრონიკებში და რა დატვირთვა ჰქონდა დიდ სირაჯხანას ანუ ღვინის აღმართს

ამ ადგილზე ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროს, ქრისტესშობამდე ცხოვრობდა. ამ ფაქტს არაერთი არქეოლოგიური მასალა ადასტურებს. საუბარია თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანზე, ავლაბარზე, რომელიც მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და რომლის შესახებ „თბილისელების” ამ ნომერში მოგითხრობთ.

ავლაბარი
სახელწოდება „ავლაბარი” სავარაუდოდ, მეთექვსმეტე საუკუნიდან უნდა იყოს ფართოდ გავრცელებული. პირველი წერილობითი საბუთი – შეწირულობის სიგელი, სადაც „ავლაბარია” მოხსენიებული, 1392 წლით თარიღდება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ავლაბარი „სასახლის მიდამოს” ნიშნავს. „ჰავალი” არაბულად მიდამოა, ხოლო „ბირ” – სასახლე. ამგვარი ახსნა საკმაოდ სარწმუნო ჩანდა, რადგან ისნის ციხესიმაგრეში მართლაც მდებარეობდა მეფის სასახლე. ასეთ განმარტებაში მაინც არის ერთი გაუგებრობა. ცნობილია, რომ მეცამეტე საუკუნიდან ძველი ისნის ციხეს მეტეხი ეწოდებოდა, ავლაბარი კი გალავნის გარეთ მდებარე უბნის დასახლება უნდა ყოფილიყო. ზემოთ მოყვანილი განმარტება კი ავლაბრის სახელწოდებას მეტეხზეც ავრცელებს, რადგან სწორედ აქ მდგარა სასახლე. „ავლაბრის” ეტიმოლოგიის დამაჯერებელ ახსნას იძლევა თბილისის ისტორიის მკვლევარი თეიმურაზ ბერიძე. მისი განმარტებით, სიტყვა „ბარე” ნიშნავს სანგარს, ზღუდეს, გალავანს. მაშასადამე, სახელწოდება „ავლაბარი” გალავნის იქითა მიდამოს, გარეუბანს ნიშნავს. ეს განმარტება მით უფრო სარწმუნოა, რომ ზუსტად ასახავს შუასაუკუნოვანი თბილისის მარცხენა სანაპიროს ქალაქმშენებლურ სტრუქტურას. 1800 წლის თბილისის გეგმაზე ავლაბრის გალავანს ქართული სასაფლაო აკრავდა გარს. ვახუშტი ბატონიშვილს მახათას მთის ძირას, შუატბისა და ლილოს გზებს შორის აღნიშნული ჰქონდა „მელიქის საყდარი” და „ბებუთას ბაღი”. საყდარიც და ბაღიც მეჩვიდმეტე საუკუნეში ზარაბთხუცესს, ხოჯა ბეჰბუდას აუშენებია მეფე როსტომის დასტურით. ავლაბარში სახლობდნენ მეფის, თავადაზნაურთა და საეკლესიო ყმა-გლეხები. ამ უბანში განვითარებული იყო ხელოსნობაც. ავლაბარში, ქართველების გარდა, სახლობდნენ სპარსელები, ბერძნები და სომხები. სომეხი მოსახლეობის გამოჩენა ავლაბარში ერეკლე მეორის და გიორგი მეთორმეტის დამსახურებაა. იმ პერიოდში თბილისის მოსახლეობა ლეკთა თარეშისა და ფართოდ გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის გამო შემცირებული იყო. ამიტომ მეფეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ერევნიდან და ლორედან გადმოხვეწილი სომხები ავლაბარში დაესახლებინათ.
პორუჩიკ ჩუიკოს მიერ შედგენილი თბილისის 1800 წლის გეგმა, ფაქტობრივად, გვიანფეოდალური ხანის თბილისის განაშენიანებას ასახავს. გეგმაზე პორუჩიკი ფერადად გამოყოფდა იმ უბნებსა და ნაგებობებს, რომლებიც განადგურდა 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევების დროს. ჩუიკო თბილისს თორმეტ ნაწილად ყოფდა და ცალკე ჰქონდა გამოყოფილი ავლაბრის ტერიტორია, რომელსაც გარს გალავანი ეკრა. გალავანი 26 სხვადასხვა ზომის ნახევარწრიული კოშკით იყო გამაგრებული. შიდაავლაბარში შესასვლელი კარიბჭე ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრდიან, გზების შესაყართან მდებარეობდა (დღევანდელი ქეთევან წამებულის მოედნის მიდამოებში). პორუჩიკ ჩუიკოს ცნობით, შიდაავლაბარი მკვეთრად განსხვავდებოდა თბილისის სხვა უბანთა ქუჩების ქსელისგან. ძირითადი ქუჩა მეტეხის კლდის პარალელურად გადიოდა, მთავარი ქუჩა კი  ოდნავ ირიბად ჰკვეთდა მას. მთავარ ქუჩაზე განლაგებული იყო ავლაბრის ბაზრის რიგები. ამ ბაზარს მიუთითებს პიშჩევიჩი 1785 წლის გეგმაზე. ამავე და გვერდით ქუჩებში დიდი რაოდენობით იყო სახელოსნოები, სადაც შრომობდნენ მკალავები, მეჭურჭლეები, მეთუნეები, მეჯაგეები, მკუპრავები. მთავარმართებელ კნორინგის მიერ შედგენილ საპოლიციო წესდებაში ქალაქის მეოთხე ნაწილად აღნიშნულ ავლაბარში 300 სახლი იყო მოხსენიებული.
1821 და 1831 წლების გეგმების მიხედვით ავლაბარი თანდათან იწყებდა განახლებას. ამ დროისთვის გალავანი უკვე მოშლილი იყო. ამასთან შიდა ავლაბარში შემორჩენილი იყო გვიანფეოდალური ხანის ქუჩების ქსელი, რომელმაც დღემდე მოაღწია. ამ დროს დამუშავდა ავლაბრის რეგულარული განაშენიანების პროექტიც, სწორხაზოვანი ქუჩების ბადის სახით. ეს პროექტი არ განხორციელებულა და ავლაბარი ქაოტურად შენდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში ავლაბარი უკვე მჭიდროდ დასახლებული უბანი გახლდათ.
გეგმარების ხასიათი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩაისახა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, დღემდეა მოღწეული. ჩვენამდე მოაღწია  იმ დროის განაშენიანების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც. აქა-იქ შემონახულია ძველთბილისური საცხოვრებელი სახლების საინტერესო მაგალითები. მეოცე საუკუნის დასაწყისში ავლაბარი მუშათა რევოლუციური  მოძრაობის ერთ-ერთი კერა იყო. აქ მდებარეობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა, რომელსაც ბოლშევიკი მიხო ბოჭორიძე ხელმძღვანელობდა და  სადაც 1903-1906 წლებში პროკლამაციები და ლენინის ნაშრომები იბეჭდებოდა. სტამბა 1906 წელს პოლიციამ დაარბია, ხოლო საბჭოთა დროს იქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. ამჟამად ავლაბარი რელიგიურ-პოლიტიკურ ცენტრად შეიძლება დასახელდეს, რადგან აქ მდებარეობს სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც 1936 წელს გაუქმებული ხოჯავანქის სომხური სასაფლაოს ტერიტორიაზე აიგო და საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც საგზაო ინსპექციის შენობის ადგილზე აშენდა. საგზაო ინსპექციის შენობა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ააგეს მეფის ჟანდარმერიისთვის. საბჭოთა პერიოდში იქ სახელმწიფო ავტოინსპექცია, მოგვიანებით კი, საგზაო პოლიცია იყო განთავსებული.
სირაჯხანა – ღვინის აღმართი
„სირაჩ” თუ „სირაჯ” მეღვინეს ნიშნავს სპარსულად, „ხანა” თუ „ხანე” კი – სახლს. სირაჯხანა ღვინით და არყით მოვაჭრეთა რიგებს ნიშნავს. ძველ თბილისში ორი სირაჯხანა იყო – პატარა და დიდი. მტკვრის მოპირდაპირე ნაპირებზე. პატარა სირაჯხანა მარჯვენა ნაპირზე, კალაში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა. დღეს ეს ქუჩა აღარ არსებობს – გაქრა ყოფილი შუაბაზრის (დღევანდელი ლესელიძის ქუჩის) რეკონსტრუქციისას. ამ ადგილზე ახლა სკვერია, სიონისა და ლესელიძის ქუჩების შესაყართან. ძველად კი პატარა სირაჯხანა მცირე აღმართი იყო.
დიდი სირაჯხანა მტკვრის მარცხენა ნაპირზე, გრზელ მოხვეულ აღმართს გასდევდა, რომელიც ძველი მეტეხის ხიდთან იწყებოდა და ავლაბრის გალავნის ქვემოთ, კლდის ძირს მიჰყვებოდა. ამ გზას სირაჯხანის აღმართსაც უწოდებდნენ. შემდგომში მას ღვინის აღმართი ეწოდა. აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები მარაგდებოდნენ კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით სავსე რუმბებითა და ტიკებით. ამ აღმართზევე იყო ძველი თბილისის უმთავრესი ღვინის ბაზარი.

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

скачать dle 11.3