კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნომერზე უნდა დაურეკონ ზაზა გაბუნიას კრწანისელებმა და რატომ უყვარს მას ათიანი

პარლამენტის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დარჩა. პირველი ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიას აძლიერებენ და პოლიტიკური ტემპერატურაც მატულობს... საარჩევნო ციებ-ცხელებაში არიან ქართველი ქრისტიან-დემოკრატებიც, რომლებმაც კრწანისის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, თბილისის საკრებულოს წევრი, ზაზა გაბუნია წარადგინეს. სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ და ზაზა თავად იტყვის, თუ რას ჰპირდება ის კრწანისელებს, რა ნომერზე უნდა დაურეკონ და რატომ უნდა შემოხაზონ ათიანი, რომელიც მას ძალიან უყვარს.

– მაინცდამაინც კრწანისში რატომ იყრით კენჭს?
– თუნდაც იმიტომ, რომ ამ რაიონის პრობლემებს ძალიან კარგად ვიცნობ. თბილისის საკრებულოში ჩემი ორწლიანი მუშაობის დროს ისე მოხდა, რომ ამ ძირძველი, ისტორიული უბნის პრობლემებს, რომელიც კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეშია მოხსენიებული არაბულ წყაროებში, საფუძვლიანად გავეცანი. ამ პრობლემების მოსაგვარებლად არაერთი ღამე მაქვს  თეთრად გათენებული. თუმცა, პრობლემები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და უფრო ძლიერი ბერკეტია საჭირო მათ მოსაგვარებლად. ეს ბერკეტი კი საქართველოს პარლამენტის წევრობაა. ამ მანდატისთვის ვიბრძვი, კრწანისელების დიდი იმედი მაქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ვპირდები მათ, რომ იმედებს ნამდვილად არ გავუცრუებ.
– მაინც რას ჰპირდებით კრწანისელებს?
– კრწანისელებს ვპირდები ოთხი საკითხის მოგვარებას. პირველი საკითხია ტარიფები, რომელიც, ზოგადად, მთელი საქართველოს პრობლემაა და რა თქმა უნდა, კრწანისელებისაც. მათ არავინ ჰკითხა, სურდათ თუ არა გადასახადების გადახდა ერთიანი ქვითრით. ეს კი იმ ჩატეხილი ხიდის ბრალია, რომელიც კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატსა და მოსახლეობას შორისაა. არ არსებობს არანაირი კომუნიკაცია მათ შორის და რომ იტყვიან, ამომრჩეველი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც საარჩევნო ხმები სჭირდებათ. მე კი, ისევე, როგორც საკრებულოში ჩემი ორწლიანი მოღვაწეობის პერიოდში, ახლაც პირდაპირ კავშირზე ვარ უბრალო ადამიანებთან. ჩემი მობილურის ნომერს, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ჩართული, ყველას ვაძლევ და ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია, დამირეკოს, დამელაპარაკოს და საკუთარი პრობლემები მამცნოს.
– მობილურის ნომერს მოგვიანებით დავუბრუნდეთ და მოდი, ტარიფებზე საუბარი განვაგრძოთ.
– კრწანისელებს, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს, ვპირდებით, რომ ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, გამოვისყიდით „თელასს“ და, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიას ფასს დავაკლებთ, რომელიც ხელოვნურადაა გაზრდილი. ასევე, გავაუქმებთ ერთიან ქვითარს. გავაიაფებთ გაზს, რომლის ტარიფიც, ასევე, ხელოვნურადაა გაზრდილი და მთავრობა ძალიან ძვირად ყიდის იმას, რაც ტრანზიტული გაზსადენიდან დარჩენილი მოგებაა, ხალხის საკუთრებაა და ასეთი ძვირი ფასი არ უნდა დაედოს. აგრეთვე, ძალაში რჩება ჩვენი შეპირება უფასო წყლის თაობაზე. უბრალო მოსახლეობისთვის წყალი უფასო იქნება, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანას ამისი რესურსი გააჩნია. წყალი ფასიანი იქნება მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც ეს ნედლეულია და ისიც გონივრულ ფასებში. ამგვარად, ჩვენს მოსახლეობას და მათ შორის, რა თქმა უნდა, კრწანისელებსაც, გამოუთავისუფლდებათ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც მთელი თვე აგროვებენ, რომ გადაიხადონ და ბოლომდე ამასაც ვერ ახერხებენ. მეორე და ძალიან მნივშნელოვანი საკითხია ახალგაზრდების დასაქმება. იმის გამო, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები თითქმის არ არსებობს, ძალიან ბევრი ჭკვიანი და პროფესიონალი ახალგაზრდა უცხოეთში მიდის სამუშაოს საძებნელად. ეს კი ერის უბედურებაა და გარდა იმისა, რომ, ფაქტობრივად, ვკარგავთ დიდ პოტენციალს, მომავალს, თუ გნებავთ, გენოფონდს, ეს ახალგაზრდები ბოროტმოქმედების გზასაც ადგებიან. უფულო, უმუშევარი ახალგაზრდა ფულის შოვნაზე ფიქრობს და ხშირ შემთხვევაში, ამას კრიმინალური გზით აკეთებს და თავს იღუპავს. ამ მხრივ საშინელი სტატისტიკა გვაქვს და როგორც აქ, ისე უცხოეთში ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდაა დაპატიმრებული კრიმინალისთვის. ეს კი უმუშევრობის ბრალია. მე გამზადებული მაქვს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, აუცილებლად განვახორციელებ.
– კონკრეტულად?
– ესაა კვოტირება. ანუ, ამ კანონპროექტის მიხედვით, კერძო და საჯარო დაწესებულებებს კანონი დაავალდებულებს, რომ ჰქონდეთ კვოტირებული სამუშაო ადგილები, რომელსაც ახალგაზრდების გარდა, სხვა ვერავინ დაიკავებს. ანუ, მოხდება ახალგაზრდობის მასობრივად დასაქმება – მათ გარანტირებული სამუშაო და ანაზღაურება ექნებათ.
მესამე საკითხია ამორტიზებული სახლები. მე ყოველდღე ვხვდები კრწანისის რაიონის ისტორიული, ძველი უბნის მოსახლეობას და კარგად ვიცი, რომ მათი საცხოვრებელი სახლების უმეტესობა ავარიული და ამორტიზებულია. ამ ადამიანებს წვიმის ეშინიათ, რომ მათი სახლები არ ჩაირეცხოს და მიწაში არ ჩავიდეს. ბევრს კი ლაპარაკობს ხელისუფლება, მაგრამ რეალურად, თითქმის არაფერი კეთდება – „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ პროგრამაც აღარ მოქმედებს. მეტსაც გეტყვით, საკრებულოს 30 ივნისის სხდომაზე, თბილისის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ფონდიდან მილიონი სპორტული და კულტურული ღონისძიებების ფონდში გადაიტანეს, რადგან ეს ღონისძიებები „კარგად იყიდება“... მე კრწანისლებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, ვაიმედებ, რომ შევახვედრებ კერძო ინვესტორს, რომელიც მათ ბევრად უკეთეს პირობებს შესთავაზებს, ვიდრე სახელმწიფო და, რაც მთავარია, შეუსრულებს.  სახელმწიფოს ჩარევა მათ ურთიერთობაში მხოლოდ საზიანოა. მათ მე პირისპირ, ყოველგვარი მესამე მხარის გარეშე დავსვამ მოსალაპარაკებლად და გარწმუნებთ, ამით კრწანისელები მხოლოდ მოიგებენ. მესამე საკითხში შედის სანიაღვრე ქსელების მოწესრიგება. ის, რაც მოხდა გულუას მოედანზე, როდესაც ძლიერი წვიმის დროს ადამიანები დაიღუპნენ, აღარ უნდა განმეორდეს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ამ საკითხსაც, აუცილებლად მოევლება.
მეოთხე საკითხია ჯანდაცვა, რომელიც უშუალოდ ადამიანის სიცოცხლეს ეხება და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავრობა დაპირების დონეზეც კი ძალიან მწირია. აცხადებს, რომ  დააზღვევენ მხოლოდ 0-დან 6 წლამდე ბავშვებს. ჯანმრთელობის დაცვის პოლისი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას, იქნება სრული და არა მხოლოდ სათაურის დონეზე, როგორიც ახლაა. ჩვენი პოლისის მიხედვით, ყველა მიიღებს იმ მომსახურებას, რაც რეალურად სჭირდება და, რა თქმა უნდა, ყველა ძვირად ღირებულ წამალს და არა მხოლოდ ასპირინსა და ანალგინს, როგორც ახლაა... ანუ, დღევანდელისგან განსხვავებით, ყოველ დაზღვეულ მოქალაქეს ინდივიდუალურად მიუდგებიან და რომ იტყვიან, ერთ ქვაბში არ მოხარშავენ მდიდარსაც და ღარიბსაც. აი, სწორედ ამას ელოდება როგორც სრულიად საქართველო, ასევე ჩემი კრწანისელი ამომრჩეველიც და სწორედ ამიტომ უნდა შემოხაზონ ათიანი – აგვირჩიონ ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები.
– რატომ მაინცდამაინც ქრისრტიან-დემოკრატები და არა სხვა, სხვებსაც ხომ არანაკლები დაპირებები აქვთ მოსახლეობისთვის?
– ეს უკვე პოლიტიკური საკითხია და ამ ჭრილში განვიხილოთ. საქართველოში დღესდღეობით ორი პოლარიზებული პოლიტიკური ძალა, ორი პოლიტიკური მონსტრია, რომლებიც მზად არიან ერთმანეთს შუბლებით შეასკდნენ, უკან არაფერზე იხევენ და თუკი ასე მოხდა, მაშინ კატასტროფაა მოსალოდნელი. ამიტომ, სწორედ ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატებს უნდა დაგვიჭირონ მხარი, რომ გაჩნდეს მესამე, მძლავრი პოლიტიკური მოთამაშე საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ოქროს შუალედს უზრუნველყოფს, არ დაუშვებს სამოქალაქო ომს და ქვეყანას დაღუპვისგან იხსნის. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვინც ხმას მისცემს ქრისტიან-დემოკრატებს, ის ხმას მისცემს ერთიან, მშვიდობიან და აღორძინებულ საქართველოს. ამიტომ, ყველას ათიანის შემოხაზვისკენ მოვუწოდებ, რომელიც მე ძალიან მიყვარს (იცინის).
– რატომ გიყვართ ათიანი?
– თუნდაც იმიტომ, რომ მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და თითქმის ყველა გენიალური ფეხბურთელი: დავით ყიფიანი, ზინედინ ზიდანი, თვით ფეხბურთის მეფე – პელე და ასევე, დიეგო მარადონა ათი ნომრით თამაშობდნენ, სიხარული და ბედნიერება მოჰქონდათ ხალხისთვის. არჩევნებშიც ათიანის შემოხაზვა ასევე, ბედნიერებას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას.
– ჩვენი საუბრის დასაწყისში განაცხადეთ, რომ თქვენი მობილურის ნომერი ნებისმიერი მოქალაქისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს მართალია თუ მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკია?
– ეს სრული სიმართლეა.
ჩემი ნომერია: 599 037 110. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დამირეკოს, დამელაპარაკოს და ერთად ვიპოვოთ ის გზა, რომელიც მიგვიყვანს ტაძრამდე და ბედნიერ, ძლიერ საქართველოსკენ გაგვიძღვება.

скачать dle 11.3