კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავხდით მეორადი პროდუქციის მომხმარებლები კულტურაშიც და რატომ იკლებს წლიდან წლამდე მისაღები გამოცდების საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი

ერთიანი ეროვნული გამოცდებით კვლავაც თავს ვიწონებთ, იმის მიუხედავადაც, რომ მომავალი წლიდან ის ისტორიას ჩაჰბარდება (ახალი სისტემა –  8+1 –  ამოქმედდება). მეორე მხრივ, როგორც უნდა ტარდებოდეს გამოცდები, წლიდან წლამდე უმოწყალოდ მცირდება საგამოცდო საგნებში კომპეტენციის ზღვარი, ისევე, როგორც საშუალო ქულა, რომელსაც ამა თუ იმ საგანში იღებენ ჩვენი აბიტურიენტები. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა და დიდი ვერაფერი შეღავათია, თუკი აბიტურიენტთა 70 პროცენტი სტუდენტი გახდა, რადგან ფაკულტეტების ჩამონათვლის 20-მდე გაზრდა იმის საშუალებას გაძლევს, ლამის თუ მხოლოდ წერა-კითხვა იცი, უმაღლესის დიპლომიც გარანტირებული გქონდეს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჯიბეში ფულიც უნდა გიჭყაოდეს (სწავლის საფასური რომ გადაიხადო).
რამაზ საყვარელიძე მრავალი წელია, სტუდენტებთან მუშაობს და ამიტომ ჩვენს ქვეყანაში განათლების დონის შეფასება (ეროვნული გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით), გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, სწორედ მას მივანდეთ.

– წლიდან წლამდე იკლებს განათლების დონე, თუ კომპეტენციის ზღვრის შემცირებით ვიმსჯელებთ, თუ უბრალოდ, განათლება ის აღარ არის, რაც ჩვენ განათლება გვეგონა?
– როგორც ვიცი, წელს სავალალო შედეგი იყო არა მხოლოდ საშუალო ქულის მიხედვით, არამედ ჩაჭრილების რაოდენობითაც, მაგალითად, ფიზიკაში. იმდენად დიდია ჩაჭრილების რიცხვი, რომ კომენტარის გაკეთება რთულია. თქვენი კითხვის მეორე ნაწილი გულისხმობს იმას, იგრძნობა თუ არა ეს აუდიტორიაში. არაერთხელ მომიყვანია ეს მაგალითი და გავიმეორებ. საერთოდ, ფსიქოლოგიაში სასურველია სიუჟეტებით, როგორც რაღაცის მაგალითით, ოპერირება. დამჭირდა ბურატინო, როგორც მაგალითი და საუბრისას მივხვდი, რომ მე ბურატინოზე ჰაერში ვლაპარაკობდი. ანუ გამგებიანი რეაქცია არ იყო აუდიტორიაში და შემდეგ, როდესაც დავსვი კითხვა, თუ რამდენს სმენოდა ბურატინოს შესახებ,  50 ადამიანიდან 4-მა აიწია ხელი. როდესაც ვიკითხე, წაკითხული თუ გაქვთ-მეთქი, აღმოჩნდა, რომ სამ მათგანს წაკითხული არ ჰქონია, ნანახი ჰქონდა.
– იყო პერიოდი, როდესაც ნაკითხობას ასეთი საყველპურო ტესტით ამოწმებდნენ: რამდენს ჰქონდა წაკითხული „სამი მუშკეტერი“, „ათი წლის შემდეგ“ და „ოცი წლის შემდეგ“. ნაწარმოებიდან ნაწარმოებამდე წამკითხველთა რაოდენობა იკლებდა, თუმცა „სამი მუშკეტერი“ თითქმის ყველას ჰქონდა წაკითხული. ახლა უარესად ყოფილა საქმე, თუ უკვე ჩამოვბურატინოებულვართ?
– არ ვიცი, აქვს თუ არა ჩემს ამ მაგალითს ტესტის ძალა, მაგრამ აი, ასეთი პრეცედენტი მქონდა. არადა „ჰამლეტი“, „ოტელო“, ბერძნული მითოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოიდიპოსის კომპლექსს ვერ აუხსნი სტუდენტს, თუ მან არ იცის ოიდიპოსის ლეგენდა. როდესაც ასეთია ზოგადი განათლების დონე, იქ შემდეგ პროფესიული განათლებაც რთული საქმეა, რადგან პრობლემა ხდება აზროვნების უნარი.
– თავის დროზე, განათლების საბჭოთა სისტემას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ უფრო ზოგად განათლებას იძლეოდა, რის საპირწონედაც მოჰყავდათ დასავლური მოდელი, რომელიც ვიწრო სპეციალისტების გაზრდაზე იყო ორიენტირებული და ზოგადი განათლება არაფერში სჭირდებოდა. ახლა როგორ არის დასავლეთში? შეიძლება, პროფესიონალი გაზარდო ისე, რომ ელემენტარულად ნაკითხიც არ იყოს?
– მე ვმუშაობ სამედიცინო უნივერსიტეტში და მათ ახლახან ერთ-ერთ ცნობილ, ასევე, სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტთან დაამყარეს ურთიერთობა და გარკვეული ჯგუფები ამერიკული პროგრამებით ისწავლიან. მეც მთხოვეს ამ პროცესში ჩართვა და გადავხედე პირველი-მეორე კურსების პროგრამებს. იქ სამედიცინო დარგები ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ ეკითხებათ მსოფლიო ისტორია, მსოფლიო კულტურის ისტორია და ასე შემდეგ, ანუ ზოგად განათლებას აძლევენ პირველ ორ კურსზე და შემდეგ იწყება მათი მომზადება ექიმებად. ეს შემთხვევითი არ არის. ყველაზე ადრე ეს პრობლემა იგრძნო იაპონიამ. მან აღმოაჩინა, რომ, თუ ზოგადი განათლება აკლია მის მომავალ სპეციალისტს, მაშინ ის ნაკლებად პროდუქტიულია თავის პროფესიაში.
– არ არის კრეატიული, რაც ასე ფასობს ოცდამეერთე საუკუნეში?
– ვერ ახერხებს თავისი ცოდნის გამოყენებას, თუკი ეს შემთხვევა არ არის აღწერილი სახელმძღვანელოში. ამ ტიპის, ანუ კრეატიულობის პრობლემებმა გახადა აუცილებელი ზოგადი განათლება.  მაგრამ ეს მოხდა გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ.
– და ჩვენ ოცდამეერთე საუკუნის 10-იან წლებში მივდივართ იქ, საიდანაც ისინი წამოვიდნენ მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან?
– გადახედეთ ჩვენს მაღაზიებს, ქუჩებს, ჩვენ ხომ მეორადი საქონლის კლიენტები ვართ?! კულტურაშიც მეორადი საქონლის კლიენტები გავხდით.
– მეორადი ავტომანქანა კატასტროფა არ მგონია, მაგრამ მეორადი კულტურის მუშტარი უკვე კატასტროფაა?
– ჯერჯერობით რეალობას გავუსწოროთ თვალი და ამის შემდეგ დავასკვნათ, არის თუ არა ეს კატასტროფა. ის კაპიტალიზმი, ანუ ველური კაპიტალიზმი, რომელზეც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს უკვე აღარ იყო დასავლეთში, განათლებაში ვიწრო სპეციალიზაცია მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან აღარ არის  და ასე შემდეგ. თავის დროზე, ტეილორმა შრომით ორგანიზაციაში მოახდინა გადატრიალება იმით, რომ კონვეიერზე კეთდებოდა მანქანა, ანუ ვიწრო სპეციალიზაციას გადიოდა თითოეული ხელოსანი და შემდეგ ამ პრინციპზე აიგო მთელი საგანმანათლებლო სისტემაც. ჯანმრთელობის სფეროზე რომ გადავიტანოთ, თუ პაციენტს ჩამოატარებდი ექიმებთან, ის ადამიანი შეიძლება, გარემონტებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მოდელი არ ვარგოდა და ამიტომ ოჯახის ექიმის სპეციალობა შემოიტანეს, რომელიც ზოგად დიაგნოზს სვამს. ზოგადობა გახდა უფრო პატივსაცემი და პრიორიტეტული, ოღონდ ისე, რომ არ დაიკარგოს სპეციალობა, ანუ ორივეს სინთეზია საჭირო. ამიტომ, ნუ ვილაპარკებთ იმაზე, რომ დასავლეთში ხდება ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, როგორც დასავლეთს. არის კიდევ ერთი მომენტი: შეიძლება, დასავლეთში ბევრი რამ ხდებოდეს, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ დასავლეთი სწორია. უბრალოდ, ჩვენ დავამკვიდრეთ ასეთი სტილი: თუ დასავლეთში ხდება, ეს კარგია.
– წამბაძველობა ერთ-ერთი უარყოფითი თვისებაა ჩვენი ხასიათის.
– ამ დროს თვითონ დასავლეთი სულ კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ, სულ ძიებასა და განახლებაშია. აი, ეს განახლების კულტურა არ გვაქვს, ავტომატური მიბაძვის კულტურა კი გვინდა, რომ გვქონდეს.
– ახლანდელ ახალგაზრდებს ინტერნეტი მეტ ინფორმაციას აძლევს. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო განვითარებულნი არიან, ვიდრე ის ახალგაზრდები, რომლებსაც არ ჰქონდათ ინტერნეტი? ინფორმაციის სიჭარბე არის კითხვის ჩამნაცვლებელი?
– წიგნითაც ინფორმაციას ვიღებთ და ინტერნეტითაც ინფორმაციას ვიღებთ, ოღონდ ეს სხვადასხვა ინფორმაციაა. ინტერნეტი ცნობარივით გაწვდის ინფორმაციას, წიგნს კი უფრო საფუძვლიანი, ფუნდამენტური ინფორმაციის მოწოდების უნარი გააჩნია. ავიღოთ წიგნი და გაზეთი, გაზეთისა და წიგნის შედარება შეიძლება?
– რა თქმა უნდა, არა.
– არადა ორივე ინფორმაციას გაწვდის, ბოლოს და ბოლოს, ინტერნეტი უფრო დიდი ფორმატის ელექტრონული გაზეთია. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ ინტერნეტის ინფორმაცია ჩაანაცვლებს წიგნს, უწიგნურობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
– თუმცა ინტერნეტშიც ბლომად წიგნებია?
– ინტერნეტი არ უნდა უარყო, ამიტომ შემოვიდა „კინგლი“ და დღეს ის მთელ მსოფლიოს დააქვს იღლიით, ანუ წიგნზე გადაერთო. მაგრამ, ვიმეორებ, ნუ ვედრებით სულ მსოფლიოს, რადგან ის, როგორც არის სხვაგან, შეიძლება არ გამოგვადგეს. არწივმა რომ ზღვაში დელფინივით ცურაობა მოინდომოს და დელფინის ილეთების გადმოღება დაიწყოს, გამოადგება? არ გამოადგება. ყველაფერს თავისი ბუნებრივი გარემო და პირობები აქვს. საქართველომ ჯერ ის უნდა გაარკვიოს, რა ტიპის ქვეყანა უნდა, რომ ჰქონდეს. თუ მას უნდა, რადგან ამერიკის მაგალითით დავიწყეთ, კონვეიერული წარმოება განავითაროს…
– არ გამოვა კონვეიერული წარმოება, ცოტანი ვართ კონვეიერისთვის.
– აი, ამით იწყება ყველაფერი, ცოტანი ვართ კონვეიერისთვის, ამიტომ შემოქმედებითი პოტენციალი უნდა განავითარო, ამისთვის კი ზოგადი განათლება გჭირდება.
– ძალიან საინტერესო ტენდენციაა, ჟურნალ-გაზეთებმა შემოიღეს ჟურნალ-გაზეთების წიგნებთან ერთად გაყიდვის პრაქტიკა, ასე წიგნი უფრო იაფი უჯდება მყიდველს. და, რადგან ამდენი წიგნი გამოდის, ესე იგი, ეს პრაქტიკა ამართლებს. არის ეს წიგნისკენ შემობრუნების მაჩვენებელი?
– არ მინდა, გადაჭარბებული შთაბეჭდილება დატოვოს ამ ფრაზამ, მაგრამ წიგნისკენ ცოტა მოტრიალება შეინიშნება და, როგორც ლექტორი ვადასტურებ, რომ სტუდენტებში განათლებაზე ორიენტაცია არის. თუ გაიხსენებთ, უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ-ერთი საპროტესტო თემა ის იყო, ბიბლიოთეკების მდგომარეობა რატომ არ არის მოწესრიგებულიო. ასეთი განწყობა ტრიალებს, მაგრამ ტრიალებს იმ რეალობის ფონზე, რომ ახალგაზრდებიც გრძნობენ, განათლების დონე აკლიათ და დისკომფორტს განიცდიან ამის გამო. გაუნათლებლობა არ არის მხოლოდ ახალგაზრდების ბრალი, აქ შეიძლება, სახელმწიფო იყოს დამნაშავე და სხვა დამნაშავეებიც მოიძებნებიან, მათ შორის, ოჯახი. უზარმაზარი წყვეტა იყო, უყურადღებოდ დატოვებული თაობების მთელი რიგია საქართველოში, ამიტომ ძნელია უცბად ამის დაძლევა. ახალგაზრდები გაცილებით მეტს უკეთებენ ერთმანეთს, ვიდრე ჩვენ ვახერხებთ მათთვის გაკეთებას.
– რას გულისხმობთ?
– მაგალითად, წაკითხვის მოტივი იმით ჩნდება, რომ ახალგაზრდას უნდა, ჰქონდეს ის, რაც მის თანატოლს აქვს. ეს ხომ ის პერიოდია, როდესაც მისთვის ავტორიტეტი თანატოლია. ჩვენ მთელი თაობები გადავატარეთ ისე, რომ ეს ღირებულებები თაობებში ჩაქრა, არადა ეს ფაქტორი ჩვენს თაობაში ძალიან ძლიერი იყო. დრო დასჭირდება იმას, რომ ეს ღირებულება, განათლების ღირებულება, განახლდეს.
– რატომ დაიწია ჩვენმა დონემ ტექნიკურ საგნებში? საკმაოდ ძლიერი მათემატიკური სკოლა გვქონდა და დვალი ცარიელ ნიადაგზე ვერ გაჩნდებოდა, ფიზიკის ქართულ სივრცეში დაგროვილა კრიტიკული ოდენობის ცოდნა. რთულია ტექნიკური საგნები და იმიტომ მოვიკოჭლებთ თუ სხვა მიზეზია?
– ჯერ ერთი, რთულია, მეორე, სკოლის საფუძველია სუსტი. საბუნებისმეტყველო მეცნიერების მწვერვალების წვდომა უფრო ძნელია, ვიდრე –  ჰუმანიტარულის. ნებისმიერი მკვლევრის კრიტიკულ ნაშრომს წაიკითხავ, კითხვის პრობლემა ჯერჯერობით არ გვაქვს, საბუნებისმეტყველო ნაშრომს კი ვერ გაიგებ, თუ სათანადო მომზადების დონე არ გაქვს და ჩვენ უკვე აი, იმ დონეს ვკარგავთ. მაგრამ ესეც დამოკიდებულია იმაზე, რა ქვეყანას ვაშენებთ. თუ გამოვალთ სახელმწიფო პოლიტიკიდან, რომ საბოლოოდ ეს არის ტურიზმის ქვეყანა, მაშინ არათუ საბუნებისმეტყველო დარგების, ჰუმანიტარული დარგების სპეციალისტებიც კი არ გვჭირდება.
– ჩვენი სკოლის ერთადერთი მიღწევა, სანამ ჩვენს ატესტატს არავინ აღიარებს ჩვენ გარდა, უსაფრთხო სკოლაა, ისიც არა აღზრდა-სწავლების, არამედ მანდატურების ხარჯზე, რაც ცალკე თემა და პრობლემაა. მეორე მხრივ, ძირითადი აქცენტი კეთდება ინგლისურისა და კომპიუტერზე მუშაობის ცოდნაზე. მხოლოდ ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ განათლებული ადამიანი გერქვას?
–  ჩემი აზრით, ეს მაინც მორიგი ბლეფია. ეს კრიტერიუმი მთელ თაობებს გაგინადგურებს. ჩემს თაობაში ბევრია ისეთი, რომელმაც იცის თავისი საქმე და არ ფლობს არც ერთ ენას ქართულის გარდა. ამ შემთხვევაში კი, გამოდის, რომ საქმის ცოდნა კი არ არის საჭირო, არამედ მთავარია ინგლისურის ცოდნა. ოდიოზურია, არა?! ინგლისური იქნება თუ სხვა რომელიმე ენა, საქმისთვის გჭირდება, როგორც პომიდორი, საჭმელად, თორემ ისე რაში გამოიყენებ?! ამ შემთხვევაში დათრგუნვის ინსტრუმენტია ეს ჩვენი პატივცემული ინგლისური, მაგრამ, გარდა ამისა, ისევ ჩვენს სათქმელს რომ დავუბრუნდეთ, რა კონცეფციით ვაშენებთ ქვეყანას? თუ შემოქმედებითი ხალხი გვინდა, ისინი მონოლინგვები არიან, ბილინგვა იშვიათად არის დიდი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე. ამდენად, მიმაჩნია, რომ ამაზე დიდი დაფიქრება არ არის აუცილებელი. ამერიკელები, ასე რომ მოგვწონს, მონოლინგვები არიან.
– ფრანგებიც…
– იტალიელებიც, საერთოდ, ევროპა, რომლისკენაც მივდივართ, ძირითადად, მონოლინგვურია.
– გამოსავალი ერთადერთი ყოფილა –  კითხვის იძულება, ანუ კარცერ-ლუქსები?
– მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი ის არის, რომ გაუნათლებლობა უნდა გახდეს სირცხვილი. მართალია, ამაზე დამცავი მექანიზმები შეიძინა ახალგაზრდობამ, არ იმჩნევენ, მაგრამ ეტყობათ, რომ თვალები ემღვრევათ, როდესაც აღმოაჩენენ, რომ რაღაც არ იციან და ეს არ სიამოვნებთ. მათ შიდა წრეებში რომ გახდეს უცოდნირობა სირცხვილი, სამუშაო ადგილზე რომ გახდეს უცოდინრობა სირცხვილი, ჟურნალისტის უცოდინრობა რომ გახდეს სირცხვილი, ვითარება გამოსწორდება. ჩვენ ახლა ბავშვებზე გვაქვს აქცენტი, მაგრამ ის ბავშვები კომბოსტოში ხომ არ გვიპოვია?! უვიცობის პრობლემა ისტორიულია და ლუარსაბ თათქარიძეშია ეს პრობლემა მოცემული. რუსეთშიც იყო ეს პრობლემა და პეტრემ ნაჯახით გადაწყვიტა. ასე რომ, არ არის რთული მისი გადაჭრა. ევროპაში და ევროპის მიბაძვით რუსეთშიც, წიგნზე ორიენტაცია იმან გამოიწვია, რომ განათლებული ადამიანი, ანუ მეცნიერი იძლევა ისეთ პროდუქტს, რომელიც აუმჯობესებს ცხოვრებას. ცხოვრებას უნდა აუმჯობესებდეს განათლებული ადამიანი, თუ ეს დაინახა მაყურებელმა, ის ამას გადაიღებს.
– დღეს ხშირია იმის მაგალითები, რომ განათლებული ადამიანი ცუდად ცხოვრობს, მასზე უკეთ კი –  გაუნათლებელი.
– ბიზნესს განათლება არ სჭირდება, ის აღებ-მიცემობაა, მაგრამ ბიზნესმენს, წარმოების განსავითარებლად, განათლებული ადამიანი სჭირდება. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული მოდაზე და ამ მოდას, 90 პროცენტით, ქმნით ჟურნალისტები.

скачать dle 11.3