კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცდუნებებს გაუძლო გიორგი გოგშელიძემ და რა აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო ლონდონში

ოლიმპიური ოქრო მისთვის აუსრულებელ  ოცნებად დარჩა, თუმცა,  მის სპორტულ  ანგარიშზე ბევრი პრესტიჟული და  ღირებული  ჯილდოა.  ფიქრობს, რომ ოლიმპიადებზე ბრინჯაო „დაებედა”, მაგრამ, გიორგი გოგშელიძემ იმდენი წარმატება მოუტანა  თავისუფალი ჭიდაობის  გულშემატკივრებს, სიყვარულიც დიდი ერგო. მიაჩნია, რომ ეს ყველაზე დიდი მედალია, რაც კი ოდესმე მოუგია, თუმცა, ცნობილ ფალავანს არც სპორტული  ცხოვრების მიღმა აკლია ყველაზე ღირებული  „ვარსკვლავები.”  

გიორგი გოგშელიძე:  ემოციები, რაც ოლიმპიადამ დამიტოვა, რაც დრო გადის უფრო მეტად მიმძაფრდება, უფრო მეტად განვიცდი ჩემს მარცხს, რადგან, ძალიან ახლოს ვიყავი იმასთან, რისკენაც მთელი ცხოვრება მივდიოდი.  ეს ოთხი წელიც მხოლოდ იმიტომ  დავრჩი სპორტში, რომ ოქრო მომეგო.  თითქოს  ყველაფერი კარგად მიდიოდა, მოგების რეალური შანსი კი არა, უნდა მომეგო კიდეც, მაგრამ, იქ კენჭისყრაზე არ გაგვიმართლა,  იქ კიდევ, ჩემი ფეხიც დაემატა და ასე დავრჩი ისევ მესამე ადგილზე, როგორც ჩანს, ოლიმპიადებზე  მესამე ადგილი დამებედა.
– როგორ ფიქრობ, რა იყო მიზეზი, სპორტულმა  ფორტუნამ გიმტყუნა?   
– გეთანხმებით,  სპორტში ფორტუნა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება, იყო ძალიან ძლიერი, უმაღლესი კლასის  სპორტსმენი,  მაგრამ, კენჭისყრასა თუ  შეჯიბრის  დროს გაუმართლოს სხვას, უფრო დაბალი დონის სპორტსმენს. ასეთი შემთხვევა ცოტა არაა. თუმცა,  ყველაფერს ფორტუნას  ვერ დავაბრალებ, ჩემი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი მაინც თავად მე ვარ, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა, მყესები მაქვს გაგლეჯილი, რამაც მომზადებაში შემიშალა ხელი. ფეხში შესვლას ვერ ვაკეთებდი და ისე ვვარჯიშობდი, რომ ახალი სტილი შემემუშავებინა, რომელშიც ფეხი არ შემიშლიდა და მექნებოდა საშუალება, მეჭიდავა. ახალი სტილის შემუშავება იოლი არაა, პირველი პერიოდი მშვენივრად  მოვუგე ამერიკელს. ის  დღეს ოლიმპიური ჩემპიონია და უხერხულია ამის თქმა, მაგრამ, ის არ იყო ყველაზე ძლიერი კონკურენტი. იყო ერთმანეთზე ძლიერი შვიდი კაცი, რომ ვერც კი გავარკვევდი, რომელს შეიძლებოდა მოეგო და ის არ შედიოდა მათ რიცხვში.  მეორე პერიოდშიც მშვიდად ვიყავი, ვამზადებდი მომენტს, ჩამეტარებინა ტექნიკური ილეთი მაშინ, როცა ეს  აუცილებელი იქნებოდა, მაგრამ, რატომღაც, არ გამოვიდა.  როგორც ჩანს, ეს მომენტი დროულად ვერ გამოვნახე, რაშიც სწორედ იმან შემიშალა ხელი, რომ ფეხში შესვლა ჩემი სუსტი რგოლი იყო. კენჭისყრაშიც არ გამიმართლა, წითელი მაისური მეცვა, ვისაც წითელი აცვია ბურთულას ის იღებს, შევედი, ამოვიღე და... ბურთულა ისე რომ ამოსულიყო ჩემთვის, როგორც ამერიკელს დაუჯდა, ფინალში ვიჭიდავებდი.
– ეს ბურთულა ხომ შენ ამოიღე?
– გამოდის, რომ  ჩემი ხელით გამოვუწერე ამერიკელს გამარჯვების საგზური.  კი, ამბობენ, რომ მოგება და წაგება ძმები არიანო, მაგრამ, ეს სპორტში არ არის (იცინის). იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი შეჯიბრება მაქვს მოგებული, ოლიმპიადებზე მესამე ადგილს ვერ გავცდი – ეტყობა, ოლიმპიური ჩემპიონობა არ მიწერია, ამ ოცნებას ვეღარ ავისრულებ.
– სამაგიეროდ, შენს შვილს „დაავალე” ეს. ძალიან ემოციური იყო კადრი, რომელიც გავრცელდა – შვილს რომ ეუბნები, ოქრო  შენზე იყოსო.
– ეს ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო.  რაც ბიჭი მეყოლა, სულ იმას ვფიქრობ, რომ მან უნდა იჭიდაოს, გააგრძელოს ჩვენი ტრადიცია და ქვეყანა ასახელოს. 5 წლისაა და უკვე კოჭებში ეტყობა, რომ იჭიდავებს. ასე მგონია,  ჩემზე უკეთესად ამან უნდა იჭიდაოს და ჩემზე მეტიც ამან უნდა მოიგოს. წინა დღეებში ბავშვმა მესინჯერით ვიდეო გამომიგზავნა,  მთხოვდა: მამიკო, შენ იცი, კარგად იჭიდავე, მედალი ჩამომიტანე და ოლიმპიადა მოიგეო. ეს ძალიან ჩამრჩა გულში და სწორედ ამ ემოციებმა მათქმევინა ეს სიტყვები: შვილო, ოქრო შენზეა-მეთქი. იმწუთასვე გავიფიქრე, რომ  მე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას აღარ მივიღებ, ეს ჩემი ბოლო შანსი იყო და ამიტომ ვთხოვე ჩემს შვილს, მან მაინც შეძლოს  ოქროს მოგება.   მინდოდა, ეს გამარჯვება მისთვის მიმეძღვნა, მისთვისაც, საქართველოსთვისაც.  28 წელია ვჭიდაობ, 5 წლის ვიყავი, როცა ჭიდაობაზე მივედი.  ხუთსართულიან სახლში გვქონდა ბინა. გურამ მარგველაშვილი იყო თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი და ბიჭების სპორტულ მონაცემებს ამოწმებდა. რამდენიმე ბიჭი ამოგვარჩია, სავარჯიშოდ წაგვიყვანა და, რომ დავიწყე, აღარ გავჩერებულვარ. იმდენი  ენერგია მქონდა, სახლში ყველაფერს ვამტვრევდი. დედას უხაროდა –  ამ ენერგიას სპორტში მაინც დახარჯავსო. მამაჩემიც ჭიდაობდა ძიუდოს და ქართულ ჭიდაობას. პეკინის  ოლიმპიადიდან რომ ჩამოვედი, ორ დღეში დაიღუპა. ნაომარი კაცი იყო, ძალიან განიცადა ის, რაც იმ დროს ხდებოდა გორში. ჩემი წარმატებები  ყოველთვის მას ეძღვნებოდა. მე სულ ვოცნებობდი მსოფლიოს ჩემპიონობაზე, მერე ოლიმპიურ ჩემპიონობაზე  დავიწყე ოცნება. ძალიან ბევრი რამ შევწირე  და გადავდე ამ საქმიანობისთვის. რაც ვარჯიში დავიწყე, ჩემთვის გართობა, მეგობრებთან ერთად ქეიფი და დალევა  დასრულდა.  სპორტსმენის ცხოვრება მკაცრი რეჟიმია,  ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა.  ახალგაზრდა ასაკში  ამ ცდუნებებზე უარის თქმა ძნელია,  მაგრამ, თუ არ იტყვი, რეჟიმიდან ამოვარდები და ვეღარ ივარჯიშებ. როგორც კი დაარღვევ, მაშინვე „დაისჯები”, თუმცა, ამის გარეშე ცხოვრება ძნელია.  მე ბევრი სირთულე გავიარე, რომ სპორტში წარმატებისთვის მიმეღწია,  იოლი არ ყოფილა  ჩემი გზა. თავისუფალი ჭიდაობა სპორტის ისეთი სახეობაა,  თუ არ ხარ მებრძოლი და არ გაქვს ვაჟკაცური სული, ვერ გაიტან. მე არავინ მყოლია გვერდით, მარტომ დავიწყე გზის გაკვლევა. როცა რუსეთში  წავედი, ვინ ვიყავი? –  უცხო გარემოში მარტო ჩასული ბიჭი, რომელიც დღითი დღე იზრდება და ადგილობრივებს უკეტავს გზას გამარჯვებისკენ. გორიდან ჩამოსული გოგშელიძე „მტრებსაც” აგროვებდა, თუმცა, სპორტში „მტრობა” ჩარჩოებსა და საზღვრებს მაინც არ სცილდება.        
– ის პერიოდი შენთვის  ძალიან წარმატებულიც იყო – რუსეთის სახელით მსოფლიოს ჩემპიონიც გახდი.
– ტიტული ბევრი დავაგროვე – უამრავი საერთაშორისო ტურნირი მაქვს მოგებული,   მსოფლიოს თასი, ევროპა.   ყველაზე ემოციურად კი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი მახსენდება,  როცა საქართველოს სახელით მოვიპოვე გამარჯვება და ლეიბის გარშემო მხრებზე საქართველოს დროშაშემოხვეულს უნდა შემომევლო. ევროპა მსოფლიო ჩემპიონატს ხომ ვერ შეედრება, მაგრამ, ამ გამარჯვების სიხარული მთელი ცხოვრება გამყვება.  ერთადერთი, ოლიმპიადა დამრჩა მოსაგები და გული მწყდება, რომ ამის გარეშე წავალ სპორტიდან. ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ მიმიღია, მაგრამ, ოლიმპიადის წინ ვთქვი ახლობლებთან: ეს ჩემი ბოლო სტარტი იქნება, ამაში ჩავდებ ყველაფერს და აქ დავამთავრებ-მეთქი.  ხერხემალსა და ფეხზე ბევრი მოურჩენელი ტრავმა მაქვს, რაც ყოველ ვარჯიშზე ხელს მიშლის და ასე  ჭიდაობას ვეღარ გავაგრძელებ.  პენსიაზე გასვლას ჯერ არ ვაპირებ, ალბათ, ახლა უფრო მეტად დავეხმარები ბიჭებს, ახალ თაობას გადავცემ ჩემს ცოდნას. ამას ვარჯიშის დროსაც  ვახერხებ – გამორიცხულია, ახალგაზრდა მოჭიდავეს შეცდომა დავუნახო  და არ შევუსწორო. არ ვიცი როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება,  მაგრამ, ასე მგონია,  რასაც არ უნდა მოვკიდო ხელი, გამომივა. სპორტმა  გამძლე გამხადა,  ისეც არ არის საქმე, მარტო ჭიდაობა რომ მეხერხებოდეს, მონადირეც კი ვარ (იცინის). ამბობენ, კარგი მონადირე ხარო. დათვი არ შემხვედრია, მაგრამ, ტახი კი მყავს მონადირებული. 
 –  სპორტული „ვარსკვლავები” უხვად გაქვს, ცხოვრებაც ასეთი ვარსკვლავური გაქვს?
– დიახ,  ჩემი ცხოვრება უფრო მეტად „ბრჭყვიალაა,” ვიდრე ის მოგებული მედლები.  ერთ რამეს გაგიმხელთ: ოლიმპიადაზე ოქრო ვერ მოვიგე, თორემ ყველაფერი დანარჩენი რაც არსებობს ცხოვრებაში,  „ხუთიანზე“ მაქვს – როგორც ჩანს, ყველაფერი ერთად არ გამოდის. ვფიქრობ კიდეც, ოლიმპიადა რომ მომეგო, იქნებ სხვა რამე დამეკარგა-მეთქი და, მირჩევნია, ყველაფერი ასე დარჩეს: მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი – ცოლი და ორი შვილი. ჩემი მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს. მყავს კარგი  მეგობრები,  ვცხოვრობ ქალაქში,  რომელზეც ვგიჟდები... თბილისშიც მაქვს სახლი, მოსკოვშიც, მაგრამ, გორს ვერ ველევი.   მოსკოვში რომ ვცხოვრობდი, სამ დღეს რომ გამოვნახავდი თავისუფალს, გორში მოვრბოდი; თუ დიდი ხნის წასული ვიყავი, კედლებს ვკოცნიდი ხოლმე მონატრებისგან.  ისეთი მადლიერი ვარ ჩემი ხალხის ამ სიყვარულისთვის,  გადმოცემა მიჭირს.  წინა ოლიმპიადის დროს   ომი იყო და ოლიმპიადისთვის  ვის ეცალა,  წელს კი  განსაკუთრებული ინტერესი იყო, ყველა შეხვედრის ტრანსლაცია გადაიცა, მათ შორის, შესარჩევი შეხვედრებიც გაშუქდა.  ყველამ დაინახა, რა წვალებით მივდივართ სპორტსმენები მესამე ადგილამდე და ფინალამდე.  თბილისში რომ ჩამოვედით, აეროპორტიდან დაწყებული, ჩემს ქალაქამდე იმხელა სითბო და სიყვარული დამხვდა,  ჩემი ტკივილიც კი დამავიწყდა, ჩემთვის ეს ჭრილობაზე დადებული მალამო იყო. მადლობა ჩემს ხალხს ამისთვის – მივხვდი, რომ ჩემი ოქროს მედალი მოგებული მაქვს...

скачать dle 11.3