კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია მიხეილ სააკაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ გახდომის სქემა და რატომ არ უნდა მიაკაროს მმართველმა ძალამ შალვა ნათელაშვილს ცივი ნიავი

წინასაარჩევნოდ ყველა ისე ცდილობს, როგორც შეუძლია: არც დაპირებებს იშურებენ და არც ერთმანეთის ლანძღვას: კონსტრუქციული კრიტიკის ფაზაში ჩვენებური დემოკრატიის სინორჩის (მე ვიტყოდი, უმწიფრობის) გამო ვერა და ვერ გადავსულვართ (მაგალითად, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ყვირილს მოუხშირეს). ვის რა იმედები აქვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ვის იმედებს რა პროცენტებით უწერია ახდენა, ერთი სიტყვით, საპარლამენტო წინა საარჩევნო პერიოდის შეფასება ირინა სარიშვილს მივანდეთ.

– ვითარება, ჩემი აზრით, დამაიმედებელი ნამდვილად არ არის. მე შესაძლოა, მშვენივრად გავიგო ის ეიფორიული განწყობა, რომელიც აქციების მონაწილეებს ახასიათებთ. როგორი გამოცდილი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს, როდესაც აქციებამდეა მისული წინასაარჩევნო კამპანია, ეს მას ძალიან აშორებს რეალობისგან და აბსოლუტურად ყველას, მოწინააღმდეგესაც და მომხრესაც წარმატების შეგრძნება აქვს. იმიტომ რომ ცა და ქვეყანა მისია იმ დროს, როდესაც აქცია ტარდება. სამწუხაროდ, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან კულისებშიც და კულისებს მიღმაც აბსოლუტურაც სხვა პროცესები ჩანს. უპირველესად, მე ყურადღებას მივაქცევდი ერთ ძალიან საინტერესო და სამწუხარო განცხადებას, რომელიც ამ ბოლო დროს ბატონმა ივანიშვილმა გააკეთა, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში ისინი 40-42-პროცენტს მაინც მიიღებენ და ესეც დიდი წარმატება იქნება ამ ხელისუფლების პირობებში.
დავიწყოთ იქიდან, რომ ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა ისეთი სიმაღლიდან, როგორიდანაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, რა თქმა უნდა, არათუ 40-42-პროცენტს, 49-პროცენტსაც არ უნდა ითვალისწინებდეს. მას ამ შემთხვევაში, მგონია, რომ ბიზნესმენობაც უნდა დაეხმაროს: საკონტროლო პაკეტი 51 პროცენტია და არა ამაზე ნაკლები. თუ ოპოზიცია თანახმაა 51 პროცენტზე ნაკლებზე, მე საერთოდ ვერ ვხედავ აზრს იმ ისტერიაში, რაც გამოყენებულია.
– მაგრამ ერთხელ მაინც ხომ უნდა მოხდეს, რომ გვყავდეს შერეული პარლამენტი, რომ სახელისუფლო პარტია არ გაქრეს არჩევნებში დამარცხებისთანავე. რას დააშავებს შერევა?
– მე გაქრობას არც ვამბობ. საუბარი მიდის კონკრეტული ძალის, როგორც მმართველი ძალის, შეცვლაზე, 49 პროცენტი კი მმართველ ძალას არ ცვლის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა გარემოცვაშია ბიძინა ივანიშვილი. მისი გარემოცვის, სულ ცოტა, ერთი მესამედი იდეოლოგიურად დღესაც „ნაციონალების“ გვერდით დგას. ეს არის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ნარჩენი, რომლებიც დღეს აღარ არიან ხელისუფლებაში. მე არ მინდა, არავის ხასიათი გავუფუჭო, მაგრამ მერამდენედ უნდა მოხდენს, რომ კარგ ცვლილებას ველოდებით და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ცვლილება საერთოდ არ მომხდარა. ერთი მხრივ, აქციებს ვერავინ ვერავის დაუშლის და აქციები უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ეს არის თუ არა ამერიკული ან ევროპული გზა, მაგრამ აქციებს მიღმა კიდევ არსებობს პროფესიული, ანუ რეალური საარჩევნო მუშაობა. მე არ ვარ ჩახედული მათ პროფესიონალიზმში. მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი პროფესიონალი პოლიტიკოსი არ არის და ვიცი ის პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ამ კოალიციის სახეს. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ვერც ერთი ცუდი ან კარგი შემთხვევისთვის მზადყოფნას.
– ხელისუფლება როგორ მუშაობს კულუარებში და მის მიღმა?
– როგორც მუშაობდა ისე მუშაობს. ჯერჯერობით ხელისუფლება სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისგან განმასხვავებელ რამეს არ აკეთებს. ჯერჯერობით, სანამ საქმე არ მისულა კონფლიქტამდე. ის კონფლიქტიც შესაძლოა, რომელიღაც სხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელიც იყოს. იმის ფიქრი, რომ სააკაშვილი ამ ასაკში და ამხელა ძალაუფლების მქონე, თავისი ნებით დაემშვიდობება პოლიტიკას, გულუბრყვილობაა. ვერსად ნახავთ ვერც ერთ პოლიტიკოსს, ვერც კარგს და ვერც ცუდს, მაღალი თანამდებობის პირი იყოს და არ დარჩეს ხელისუფლებაში, თუ აქვს ამის საშუალება. და სააკაშვილი უკვე ღია ტექსტებით ლაპარაკობს.
– როგორ შეიძლება აღიქვან დასავლელმა პარტნიორებმა ეს ღია ტექსტები?
– რა უნდა ქნას, სურვილიც რომ ჰქონდეს, დასავლელმა პარტნიორმა?! ის, რაც ფარულად ისედაც გასაგები იყო, დღეს უკვე ღია ტექსტით ითქმევა. მე არ მახსენდება დასავლელი პოლიტიკოსების მძლავრი პროტესტი, როდესაც მედვედევი გახდა პრეზიდენტი, პუტინი –  პრემიერი და შემდეგ პირიქით?!
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ეს ძალიან კარგად იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, მის მთავარ მოწინააღმდეგესაც რომ სცოდნოდა, ურიგო არ იქნებოდა. ეს რომ იყოს ნორმალური ქვეყანა და მიჩვეულები რომ ვიყოთ ისეთი ტიპის შერევებს, თქვენ რომ ახსენეთ, როდესაც ოპოზიციას ანგარიშს უწევ მაშინაც, თუ ხარ გადამწყვეტ უმრავლესობაში, მაშინ ოპოზიციის 20 და 25 პროცენტიც კი გავლენას მოახდენდა ხელისუფლებაზე.
– „ქრისტიან-დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენებს“ რის იმედი შეიძლება, ჰქონდეთ?
– ხელისუფლების სურვილია, დაახლეობით, 65-პროცენტის მიღება. მათ, სადღაც, 30-35 პროცენტი ემეტებათ ოპოზიციისთვის გადასანაწილებლად. უფრო მეტი ბიძინა ივანიშვილისთვის და, სავარაუდოდ, პარლამენტში მესამე ძალად „ქრისტიან-დემოკრატებს“ შეუშვებენ. მით უფრო, რომ, თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში თვე-ნახევრის პარტიამ მეორე ადგილზე მოახერხა გასვლა და ეს არავის გაუპროტესტებია სერიოზულად...
– მაგრამ ეს მეორე ადგილი მხოლოდ ექვსი დეპუტატი იყო?
– მათ ახლა უკვე ოფიციალური ცნობა აქვთ, რომ მეორე ადგილზე გავიდნენ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“: რამდენადაც ვიცი, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ თავიანთი ამერიკელი მრჩევლებისგან და, სინამდვილეში, ინსტრუქტორებისგან მკვეთრი რეკომენდაცია მიიღეს, რომ არავისთან არ გაერთიანდნენ ბლოკში, ამიტომ მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდა ის ხალხი, რომლებიც სამარცხვინოდ და ძალიან უსარგებლოდ სარგებლობენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით, თუმცა მათგან თითო-ოროლა მაინც შეიძლება, შეაძვრინონ, იგივე ითქმის „ახალ მემარჯვენეებზეც“. არითმეტიკა ხომ ვიცით და გვესმის, რომ ყველას არ ეყოფა ეს გადანაწილება, რადგან რვა მილიარდი არ ვართ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ „ახალი მემარჯვენეების“ შემთხვევაში გარკვეული დათმობა გაკეთდეს და ერთი მაჟორიტარი მაინც მისცენ. სავარაუდოდ, დაგეგმილია, რომ ბარიერი გადალახოს სამმა პარტიამ, მაგრამ, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ 65 პროცენტი უნდა, ბევრი უნდა დაამშვიდოს და მეორე მხარეზე მრავალპარტიული სიჭრელეც ხელსაყრელია მისთვის. ამიტომ მან შეიძლება, სიის გადალახვის გარეშე გაიყვანოს ერთი-ორი მაჟორიტარი ოპოზიციური კანდიდატი, ანუ აჩუქოს ერთი-ორი მაჟორიტარული ოლქი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ „ახალ მემარჯვენეებს“ ნაკლები შანსი აქვთ. თუმცა, თუ მეოთხე გამსვლელზე იქნება საუბარი, ეს იქნება „ახალი მემარჯვენეები“ და არავინ სხვა. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ამ გადანაწილებაში კუკავას ძალა ჩაეტიოს, რადგან დიდი მადის მქონე ოპოზიციური გაერთიანებები ასეთ წვრილფეხობას არ დასთანხმდებიან და, ამდენად, ასეთი წვრილფეხობა შევა მაჟორიტარების სახით.
ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ 2008 წელს ამაყად გადახეული მანდატები ბევრმა ინანა და სინანულის ოფიციალური გამოვლინება იყო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება: საპარლამენტო მანდატებზე თქვეს უარი და ათი საფეხურით ქვემოთ მდგომ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
– როდესაც ეს ვკითხე, მაგალითად, „მემარჯვენეებმა“ ასე ახსნეს: 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ხოლო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მეტ-ნაკლებად ლეგიტიმური იყოო.
– ეს ხომ სასაცილოა, თუმცა ყველაზე სასაცილო და ორიგინალური გამოსავალი მაშინ შალვა ნათელაშვილმა ნახა, რომელმაც დაიტოვა საპარლამენტო დეპუტატის ხელფასი, საპარლამენტო პარტიის სტატუსი და არ ესწრება სხდომებს. იმ დროს, როდესაც მოსახლეობის რაღაც ნაწილმა დღემდე ისე იცის, რომ თითქოს სხვებთან ერთად „ლეიბორისტებმაც“ გადახიეს მანდატები. ახლა რას იზამს „ლეიბორისტული პარტია“, ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ მემილიონედი პროცენტითაც არ ვუშვებ, რომ მათ ვინმე შეასუნინებს აი, ასეთ ურთიერთშეთანხმებულ პარლამენტში.
– როგორ ხედავთ მიხეილ სააკაშვილის როლს, როგორც თქვენ ამბობთ, აი ასეთ ურთიერთშეთანხმებულ პარლამენტში?
– სააკაშვილი პრეზიდენტი ვეღარ იქნება და პრეზიდენტის პოსტი აღარც იქნება საინტერესო 2013 წლიდან. სააკაშვილს ახლა აინტერესებს ხელისუფლებაში დარჩენის ფორმა, ამიტომ აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. არ მგონია, სააკაშვილს ძალიან უნდოდეს პრემიერმინისტრობა ეს მისი პოსტი არ არის. მას ყველა შემთხვევაში ენდომება პარლამენტის თავმჯდომარეობა, იმიტომ რომ ვიცით, რაც გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარეობით. ის მიკროფონის ადამიანია, ის არ არის მეურნე, არც ესმის ეს საქმე, ამისთვის სხვები არიან. მას, ჩემი აზრით, ენდომება პარლამენტის თავმჯდომარეობა და პრემიერ-მინისტრზეც ექნება გავლენა, თუ პარლამენტის უმრავლესობა მისი იქნება.
– ახალი კონსტიტუცია იძლევა სამთავრობო კრიზისების შექმნის შესაძლებლობას მრავალპარტიული პარლამენტის შემთხვევაში და, მგონი, საინტერესოც იქნება ეს პროცესი, რადგან ასეთი რამ ჯერ არ გვქონია?
– დიახ, 2013 წლამდე, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება, შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარედ ბაქრაძისნაირი დაინიშნოს, რომელიც შემდეგ უპრობლემოდ შეიცვლება, როდესაც რომელიმე გამოთავისუფლებულ მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრის თავის დროზე გადამდგარი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მე გეუბნებით მოვლენების ყველაზე უმტკივნეულო განვითარებას, მაგრამ შესაძლოა, ეს მთლიანად ამოტრიალდეს კიდევ უფრო უარესისკენ ან უკეთესისკენ.
– ივანიშვილს რა უნდა? ფაქტია, რომ პრემიერმინისტრობა –  არა?
– ის არ იქნება პარტიულ სიაში, არ უნდა არანაირი თანამდებობა, ესე იგი, გამოდის იმ პოლიტიკური ძალების ლობისტად და დამფინანსებლად, რომლებიც მის კოალიციაში არიან.
– ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერით, ივანიშვილს უნდა ეთქვა ოპოზიციური პარტიებისთვის, აი, ბიჭებო, ფული და, აბა, თქვენ იცითო, ამის ნაცვლად კი მან თვითონ დაიწყო თავისი ფულით საკუთარი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაო. პოლიტიკოსის მიერ ასეთი განცხადების გაკეთება რას ნიშნავს?
– როგორი დამოკიდებულებაც უნდა მქონდეს შალვა ნათელაშვილს მიმართ, ფაქტია, რომ მას საბოლოოდ უმტყუნა ნერვებმა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, იმიტომ რომ მისი პირველივე გამოსვლები იყო მისთვისვე წამგებიანი. უკვე აღარავინ აღარ უკვირდებოდა შალვა ნათელაშვილის ნათქვამის შინაარსს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მართალი თუ ტყუილი. ბურჯანაძესაც არ ვთვლი დიდ პოლიტიკოსად და დარწმუნებული ვარ, რომ მას არანაირი სიმპათია არ შეიძლება ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ის მიხვდა, რომ ასეთი ნაბიჯი უნდა გადაედგა. თუ ერთი პოლიტიკოსი ხვდება, რომ ასეთი  ნაბიჯი უნდა გადადგას, რატომ ვერ ხვდება ამას ნათელაშვილი? ის ჯერ მიდიოდა პოლიტიკიდან, მანამდე ლანძღავდა ივანიშვილს და ცოტა უფრო ადრე პრემიერ-მინისტრის პოსტს სთავაზობდა.
– ასევე, იმავე ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს, თავის დროზე, პრემიერ-მინისტრის პოსტს გამოსასწორებლად ვთავაზობდიო?
– თუ პრემიერ-მინისტრის პოსტი გამოსასწორებელი ადგილია, იმდენი გვყავს გამოსასწორებელი, რომ მაშინ თვეში ორი პრემიერ-მინისტრი მაინც უნდა გვყავდეს. ამიტომ ნათელაშვილის მოქმედებები უკვე საერთოდ ასცდა ლოგიკას, იმდენად, რომ მის მიმართ რეალურად გაჩნდა ის აგრესია, რომელიც მანამდე არასდროს ყოფილა. მე ვერ გეტყვით ამ განცხადებებით, რამდენი დაკარგა ან მოიგო, მაგრამ ის, რომ ნათელაშვილი ვერ მოხვდება პარლამენტში, ძალიან ბევრისთვის გასაოცარი აღარ იქნება.
– შალვა ნათელაშვილს არ უყვარს ამის შეხსენება.
– ის ძალიან თანმიმდევრული ადამიანია თავის გეგმაში. ის ყოველთვის არსებობს და სულ ცალკე. მასთან არავინ მივა და ისიც არავის გაუერთიანდება, ამიტომ, მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ცივ ნიავს არ მივაკარებდი. ის არის ხმის გამყოფი ოპოზიციისთვის. მხოლოდ იყვირებს, მაგრამ სინამდვილეში არც თანამდებობა უნდა და არც არაფერი, უნდა საპარლამენტო პარტიის სტატუსი, ყველა თავისი პრივილეგიით და ტრიბუნით და შესანიშნავად იგრძნობს თავს. ერთი გადამწყვეტი მომენტი მაინც გამახსენეთ, როდესაც საქმე პოლიტიკურ შეტაკებამდე იყო მისული და ვინმეს დაენახოს რომელიმე ბუჩქის წინ რომელიმე „ლეიბორისტი“, ბუჩქის უკან –  ბევრი. თუმცა დღეს ის მაინც აკეთებს თავის საქმეს, იმიტომ რომ რაღაც ელექტორატი ჰყავს. ეს ელექტორატი აღარ მიდის ივანიშვილთან, ანუ რამდენიმე ნაწლად იყოფა ოპოზიციური ხმები.

скачать dle 11.3