კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში იყენებს მზია ნახუცრიშვილი ბუნების ანომალიებს და როგორ იქმნება მისი კოლექცია


თურმე, სუსტ არსებებსაც იზიდავთ მამაკაცური პროფესიები, თუნდაც ისეთი, როგორიც ენერგეტიკოსობაა... მაგრამ, ბუნებას თავის კანონები აქვს, ქალი ხომ მაინც ქალია და, ალბათ ამის შედეგია, რომ მზია ნახუცრიშვილს გაუჩნდა ჰობი, რომელმაც დროთა განმავლობაში კოლექციის სახე მიიღო. დღეისათვის ამ კოლექციაში ათასზე მეტი კომპოზიციაა თავმოყრილი. თითოეული ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია და ყოველი მათგანი მხოლოდ ბუნებრივი მასალისგანაა შექმნილი. როგორ იქმნებოდა ეს კოლექცია და რითი სავსე ამანათებს გზავნიდა დასასვენებლად წასული ჩვენი რესპონდენტი სახლში წარამარა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ქალბატონო მზია, როდის აღმოაჩინეთ, რომ ბუნებრივი მასალისაგან ასეთი საინტერესო ფიგურების შექმნა შეგეძლოთ?

– ბავშვობიდან მიყვარდა ყველაფერი, რაც კი ლამაზი იყო და ვაგროვებდი: ჩანთები, ჩემოდნები, თაროები – ყველაფერი გამოტენილი მქონდა. ამიტომ დედაჩემი „მენაგვეს“ მეძახდა (იცინის). ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მომავალში მათგან ასეთ ფიგურებს გავაკეთებდი.

ერთხელ გამოფენაზე მოვხვდი, სადაც ნელი ოქროპირიძის ნამუშევრები ვნახე, ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სწორედ ამის შემდეგ გავაკეთე პირველი კომპოზიცია. შემდეგ ამ საქმიანობამ გამიტაცა და თანდათან ამ ყველაფერმა კოლექციის სახე მიიღო.

– დღეისათვის რამდენი ნიმუშია ამ კოლექციაში?

– დღეს ათასზე მეტი ფიგურაა ამ კოლექციაში თავმოყრილი.

– ალბათ, ნიჭი და განსაკუთრებული თვალი უნდა გქონდეს, რომ ლიმონისგან ადამიანის სახე მიიღო, ბადრიჯნისგან – თაგვი ან გოგრისგან უზბეკი მამაკაცი... როგორ გროვდება მასალები, წინასწარ იცით, რასაც ეძებთ ხოლმე?

– არა, სადაც კი დავდიოდი – მთაში, ზღვაზე – ყველგან ვაგროვებდი უცნაური ფორმის საგნებს, მაგალითად ზღვისგან გამორიყულ ხის ნაფოტებს, ნიჟარებს, თუმცა, არ ვიცოდი, შემდეგ რაში გამოვიყენებდი. იმ წუთში, შესაძლოა, ვერ აღვიქვამდი, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, ვთქვათ, ხის ნაფოტში ქალის სილუეტს დავინახავდი – ეს თავისთავად მოდიოდა. ფართოდ ვიყენებ გირჩებს, ჭადრის ბურთულებს, ტოტებს, ყველაფერს გამხმარს, რაც კი ბუნებაშია, ხილს, ბოსტნეულს: ბროწეულს, ნიორს, მანდარინს, განსაკუთრებით კი – გოგრას, გარდა მისი ნაყოფისა, აქტიურად ვიყენებ გოგრის თესლსა და ტარს. როცა სამუშაოდ ვჯდები, წინასწარ არც კი ვიცი, რას შევქმნი. კეთებისას ვუყურებ, რომ რაღაცა გამოდის. რომ ავიღებ, ვთქვათ, ერთ მასალას და გამოვიყენებ ტანისთვის, მეორე ისე ზუსტად მოერგება თავად ან ყურად, თითქოს წინასწარ მქონდა მომზადებული. ასე იღებენ საბოლოო სახეს ეს ქმნილებები. ამ ფიგურებით შექმნილ კომპოზიციებს სახელებიც დავარქვი: „კვარტეტი“, „ექიმი აიბოლიტი“, „კინტოები“, „მომაკვდავი გედი“, „ქალი ძაღლით“, „სააღდგომო“ და ასე შემდეგ.

ადრე ხშირად დავდიოდი დასასვენებლად და მასალაც ბევრი და მრავალფეროვანი მქონდა. კისლავოდსკიდან და ოდესიდან ძალიან ხშირად ვგზავნიდი ხოლმე ტომრებით ამანათებს: მცენარეთა ნაყოფებს, ხის ნაფოტებს და სხვა. ტომარა ტომარაზე მოჰქონდა ჩვენს ოჯახში ფოსტალიონს, მეზობლებს უკვირდათ – ამდენს, რას გზავნისო (იცინის). აბა, რა მექნა, ჩემი კოლექციისთვის ამ მასალას ვერც მატარებლით წამოვიღებდი საქართველოში და ვერც თვითმფრინავით.

– ამ კოლექციაში ძალიან პოპულარულები არიან ბალერინები.

– კოლექციაში სამი ბალერინა მყავს. ერთი – ხის ტოტისგან არის გაკეთებული და მარტო თავი დავუმატე; მეორე გოგრის კაბითაა. „მომაკვდავი გედიც“ გოგრით გავაკეთე, მას ვაზის ხელები აქვს.

„უზბეკიც“ ძალიან საინტერესოა. ისიც გოგრისგანაა გაკეთებული. ძალიან მოსწონთ „მობანავეც“, რომელიც ხის ნაფოტისგან შევქმენი. მას თავიც ხის აქვს, მკერდი კი ბუჩქის ნაყოფისგან და განუვითარებელი ახალგაზრდა რკოსგან გავუკეთე.

– მე განსაკუთრებით მომწონს თქვენ მიერ შესრულებული ნამუშევრები რელიგიურ თემებზე. რა მასალისგანაა ისინი შექმნილი?

– მათ შესაქმნელად გამოვიყენე ნიჟარის ნამსხვრევები. დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი, მაგრამ, რისთვის – არ ვიცი. რამდენიმე წლის შემდეგ მომივიდა იდეა, რომ მათგან ხატები გამეკეთებინა.

– რა რეაქცია აქვთ თქვენს სტუმრებს, როდესაც ამ ნამუშევრებს ნახულობენ?

– ძალიან მოსწონთ, რაც, მე, რა თქმა უნდა, მახარებს. რამდენჯერმე მქონდა პერსონალური გამოფენა. ჩემ მიერ შექმნილმა „შვიდკაცამ“ ადრე მოსკოვში გამართულ გამოფენაზე გაიმარჯვა, შემდეგ ის პარიზის უნივერსიტეტში წაიღეს და საბოლოოდ იქ დარჩა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.

ამ ფიგურებს ბუნება ქმნის, უფრო სწორად, ის იწყებს და მე ვამთავრებ. მათი ფორმის მისაღებად არანაირ სამუშაო ინსტრუმენტს არ ვიყენებ, როგორიც ვიპოვე, ისეთს ვუსადაგებ ერთმანეთს. მე ვგრძნობ და ვხედავ, თუმცა ხატვა არ მეხერხება და არც ვხატავ.

– რამდენი წლისაა ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.

ერთი რამ მინდა ვთქვა: ბუნების ანომალიები უფრო დიდ დატვირთვას პოულობს ამ კოლექციაში, ვიდრე ლამაზი და სრულყოფილი ქმნილებები, ვთქვათ, ეს თითის სიგრძე ბადრიჯნები, რომლისგანაც წრუწუნები გავაკეთე.

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– კი, როგორ არა, ბევრჯერაც გამიჩუქებია.

– რამდენ ხანს ანდომებთ ერთი კომპოზიციის შექმნას?

– სხვადასხვა დროს. ყველაზე ხანგრძლივი დრო ხატების შექმნას მოვანდომე, ნიჟარის ნამსხვრევებით მოზაიკას რომ ვაკეთებდი.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია ჩემი ნაწილია, ჩემს ემოციებსა და განცდებს გამოხატავს. ხშირად მეუბნებიან, ამაში ჩანს შენი ბუნება, შენი შინაგანი სამყაროო. ბედნიერი ვარ, რომ ამ კოლექციის წყალობით ხალხს სხვა სამყაროს ვუქმნი – მათთვის სასურველს, სადაც ისინი თავს კარგად გრძნობენ.


скачать dle 11.3