კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ტიროდა ქორწინების წინა ღამეს რეზო ჩხიკვიშვილი და ვის ევედრებოდა ის შველას


80-იან წლებში რუსთავის თეატრის სცენაზე დადგმულმა სპექტაკლმა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ რეზო ჩხიკვიშვილს არნახული აღიარება მოუტანა. თბილისში ამ ყველაზე სიმპათიურ ოცი წლის ბიჭზე ყველა გოგო ერთნაირად, უზომოდ შეყვარებული იყო. გამორჩეული მამაკაცური ხიბლი მსახიობს ვერც წლებმა დააკლო. მის დანახვაზე ქალები ახლაც „ეცემიან“ და ნერწყვს ყლაპავენ. ჩხიკვიშვილის უსაზღვრო ნიჭმა და პოპულარობამ მარჯანიშვილის თეატრიდან გერმანიაში გადაინაცვლა. უკვე მრავალი წელია, რაც ის ქალაქ ესენის დიდი თეატრის წამყვანი მსახიობია. ამ წლებმა მისი ცხოვრების საინტერესო ისტორია შექმნა. მოდი, ახლა რეზო ჩხიკვიშვილთან ერთად დროში ვიმოგზაუროთ, მეგზურობას კი მისი და, ნანა ჩხიკვიშვილი გაგვიწევს.


ნანა ჩხიკვიშვილი: ჩვენი მშობლები ექიმები იყვნენ. დედას არანაირად არ უნდოდა რეზოს გაჩენა, არც აბორტის გაკეთება უნდოდა, ეშინოდა. რაღაცეები „იჩალიჩა“, მაგრამ მაინც ვერაფრით მოიცილა ეს ბავშვი. იმდენად იყო გადაღლილი, მესამეზე არ ფიქრობდა. რეზო ძალიან აქტიური ბავშვი იყო, აბსოლუტური სმენა ჰქონდა. სულ პაწაწინა იყო, ინსტრუმენტთან რომ ჯდებოდა, ნოტებს გადმოატრიალებდა და ვითომ უკრავდა. აფერისტობა იცოდა. როცა წამოიზარდა, მუსიკაზე დაგვყავდა. ერთხელ დედამ უთხრა: ახლავე ლეილა მასწავლებელთან ვრეკავ და ვეუბნები, რომ თამაშობ და ინსტრუმენტს არ ეკარებიო. მასწავლებელთან კი არა, სასწრაფოში დარეკე, ცუდად ვარო და გაითხლაშა. გულები დაგვიხეთქა, გვეგონა, მართლა რაღაც მოუვიდა. დედაჩემმა რომ იკივლა, მერე გაახილა თვალები. ისეთი ხიფათიანი იყო, ვერ აღგიწერთ. ხან საიდან ჩამოვარდებოდა, ხან საიდან. ერთხელ მეზობელმა იპოვა სადარბაზოში გულწასული და ხელზე გადასვენებული ამოიყვანა. ბავშვები თამაშობდნენ, ერთმა ფეხში მოქაჩა და წააქცია, მან დატოვა და გაიქცა. ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთხელ კი, წყალში შევიდა და გვეგონა, დაიხრჩო. რომ გაიგო, ვეძებდით, რაღაც დიდი მილი იყო და შეშინებული იქ დაიმალა. მთელ ეზოს ისტერიკა დაემართა. მერე, ეტყობა, მობეზრდა იქ ჯდომა და დავინახეთ, სველი, გალუმპული კედელ-კედელ მიდის. იმდენი ვინერვიულე, სუნთქვა შემეკრა. დედას ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ვერ დგებოდა და ამშვიდებდნენ. ძალიან ბოხი ხმა ჰქონდა. სახლში რომ ამოვიდა, გულამოსკვნილმა გვითხრა: აბა, რა მექნა, მეგონა, გამიჯავრდებოდით, ჩემთვის ვიჯექი და ვტიროდიო. ძალიან თბილი ბავშვი იყო. ავად რომ ვხდებოდი, მეტყოდა: ნანო, დღეს სკოლაში არ წავალ და კონცერტს ჩაგიტარებო. იმიტომ კი არ ამბობდა ამას, რომ წასვლა არ უნდოდა, ვეცოდებოდი და ამიტომ. მეჯდა თავთან და, ხან მიმღეროდა, ხან ზღაპრებს მიყვებოდა. მახსოვს, უკვე სამი წლის იყო და დედამ წოვას ვერ დაანებებინა თავი. რა არ გააკეთა, წიწაკაც წაისვა, მაგრამ მაინც. მამა სამხედრო ექიმი გახლდათ. რეზო რუსულ ბაღში შეიყვანეს. ერთ დღეს, ბაღიდან რომ მოვიდა, მეკითხება: მამამ მასწავლებელი მითხრა და რას ნიშნავს მასწავლებელიო. ნამცხვარია-მეთქი. მეორე დღეს რომ მოვიდა, ისეთი დღე დამაყარა, – რატომ მომატყუე, მასწავლებელი ნამცხვარი არ ყოფილა, ყველა დამცინოდაო. დედას „პლასტმასის დედიკოს“ ეძახდა. ბაღიდან რომ მოვიდოდა, რაღაცეები მოჰქონდა – სამხედროები ჩუქნიდნენ. ჯერ მაჩუქებდა ხოლმე, რაღაცაზე რომ გაბრაზდებოდა, უკან მართმევდა. ძილის წინ კი ისევ მჩუქნიდა.

– სკოლა და სტუდენტობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ნათელ კვალს ტოვებს. იქ გატარებული საუკეთესო წლები არასოდეს გვავიწყდება, ალბათ, არც თქვენ.

– ჩვენი უფროსი ძმა ავთო, პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია. ის უკიდეგანოდ განათლებული ადამიანია. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ჩვენთვის არასდროს ეცალა, სულ თავჩაქინდრული იჯდა და მეცადინეობდა. როგორც უფროსი ძმა, სულ დამსჯელის თვალით გვიყურებდა და ჩვენც გვეშინოდა. რეზო ძალიან პაწაწუნა რომ იყო, იმდენად არაფერს ჭამდა, ერთხელ პირველ კლასში მე და დედამ მივაკითხეთ. მთელი კლასი გამოვიდა და რეზო არ ჩანს. თურმე გვერდში გვიდგას და ვერ შევამჩნიეთ. სახლში სულ კუდში დამდევდა – ნანო, ქართული დამაწერინეო. სამივე ბეჯითები ვიყავით. დილის 6 საათზე დგებოდა და გაკვეთილებს იმეორებდა. „ოთხიანს“ თუ მიიღებდა, განაწყენებული და თავჩაქინდრული მოდიოდა სკოლიდან. კარგად მღეროდა, გერმანულს სწავლობდა. მათემატიკას კი ვერც ერთი ვერ ვიტანდით, ამაში სამივე სუსტები ვიყავით.

– თქვენ თქვით, პატარა რომ იყო, ინსტრუმენტთან ჯდებოდა და უკრავდაო. მერე თუ გაგრძელდა მისი ინტერესი მუსიკის მიმართ?

– ავთოც ბევრ ინსტრუმენტზე უკრავდა და რეზოც. რეზოს ძალიან მოსწონდა ჯაზი და უნდოდა, მომღერალი გამოსულიყო. მაგნიტოფონზე ჩანაწერებს აკეთებდა. ხან ხმას იხლეჩდა, ხან კიოდა – ნახე, ხომ მაგარი ვარო, ამბობდა. პიანინოზე ნებისმიერ ჟანრში უკრავდა. შვიდწლედი დაამთავრა. მასწავლებელს ერთი სული ჰქონდა, როდის წავა სკოლიდანო. მთელი წლის განმავლობაში არაფერს აკეთებდა, მერე, ერთ ღამეს დაჯდებოდა, ოთხივე ნაწარმოების ტექსტს ერთად ისწავლიდა და უშეცდომოდ უკრავდა. პირველ წელიწადს გერმანიაში რომ ჩავიდა, ერთ-ერთ სპექტაკლზე ვიღაც კაცი დაესწრო, რომელსაც თავისი საკუთარი პარკი ჰქონდა და იქ მიიწვია. ორი საღამო უკრავდა იქაური ელიტისთვის.

– როგორ მოხვდა გერმანიაში?

– რომ ჩავიდა, ენა არ იცოდა, სკოლაში ნასწავლი გერმანულის ამარა იყო. მერაბ თავაძემ და მისმა ცოლმა, იზა გიგოშვილმა, რამდენიმე ახალგაზრდა შეკრიბეს სხვადასხვა თეატრიდან და იქაურ მსახიობებთან ერთად სპექტაკლი „მეფე ლირი“ დადგეს. რეზო ძალიან მოეწონათ და დარჩენა შესთავაზეს. თუ ენას მიხედავ, დიდი წინსვლა გექნებაო. სამი-ოთხი თვით ჩამოვიდა, მაშინვე აიყვანა მასწავლებელი და არანორმალური მეცადინეობა დაიწყო. ბავშვები საშუალებას არ აძლევდნენ და ტუალეტში იკეტებოდა. მაინც ვერ მოასწრო. რაღაც ტექსტი დაამხეცა, ჩავიდა და უთხრა: არ ვიცი ენა, ვერაფერი მოვასწარიო. დირექტორი გაოცებულა, არ გაგიშვებო. ქალაქ ესენშია „გრილო თეატრში“. სამი წლის წინ ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა და ყველა გაუშვა, მხოლოდ რეზო და კიდევ ერთი გერმანელი მსახიობი დატოვა. ახლა, თურმე, ისევ ახალი ხელმძღვანელი მოდის და ცოტა შეშინებულია, მაგრამ, მგონი, დატოვებენ. იმდენად იხარჯება და ისე მოსწონთ, არა მგონია, გამოუშვან. ცხოვრობენ ქალაქის ცენტრში, სამსახურთან ახლოს ნაქირავებ სამოთახიან ბინაში. რამდენჯერმე მითხრა, ჩამოდიო, მაგრამ ძალიან მერიდება. ჩემს შვილებსაც არ ვუშვებ, თავისებიც ეყოფა. ერთი ბიჭი სტუდენტია, მეორე – მოსწავლე.

პირველ წელიწადს რეზომ ითამაშა მონოლოგი, არაბი ლტოლვილის როლი. აღარ მახსოვს, პრემიერა ჰქონდა თუ რეპეტიცია, ველოსიპედით მიდიოდა და მანქანას შეეჯახა. თითი იღრძო. შეშინებულს უფიქრია, არ დამაჯარიმონო და იქით შეუტევია – დაზარალებული ვარ, სპექტაკლზე მაგვიანდება და თქვენ კიდევ რა მიქენითო. მიუხედავად ამისა, იმ დღეს არაჩვეულებრივად უთამაშია. ორსაათ-ნახევარი მარტო იდგა სცენაზე. რომ ნახეს, რა დონის მსახიობია, ყველამ მოფერება დაუწყო, დაუმეგობრდნენ.

– მე ვიცი, რომ რეზო ზედმეტად პეწიანი და მოწესრიგებული ადამიანია.

– სისუფთავის დიდი მოყვარულია. ბავშვობაში, სადმე მტვერს თუ დაინახავდა, მტვერსასრუტს აიღებდა, გაწმენდდა და მერე დაჯდებოდა სამეცადინოდ. დედა ფაშისტივით მკაცრი გვყავდა. გაზეთი ან ჟურნალი რომ დაენახა მიგდებული, საშინელ დღეს დაგვაწევდა, ჩვენთან მიყრილ-მოყრილს ვერაფერს ნახავდით. ზედმეტი „წიკი“ მეც მქონდა და რეზოსაც. ერთხელ, რაღაცაზე გაბრაზდა და დედას უთხრა: აი, წავედი და გარდერობს თითები წავუსვიო.

– მოდით, გავიხსენოთ თქვენი ძმის პირველი სპექტაკლი – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, სადაც ის ეკა ქუთათელაძესთან ერთად თამაშობს. ფაქტობრივად, რეზო ამის შემდეგ გახდა პოპულარული.

– ეს სპექტაკლი ეკას მამამ, ანზორ ქუთათელაძემ დადგა. მახსოვს, ყოველ სპექტაკლზე წასვლის წინ ძალიან ნერვიულობდა, ღამით ვერაფრით იძინებდა. გვეტყოდა – ახლა ყველა გაისუსეთო, შევიდოდა თავის ოთახში, ჩამოაბნელებდა, წამოწვებოდა და როლზე ფიქრობდა. ძალიან ემოციური იყო, ყველაფერი ტანჯავდა, ღლიდა. დედაჩემს შენიშვნებს აძლევდა – ხალხი ასე მაფასებს და შენ როგორ მელაპარაკებიო.

– ბოლოს, გერმანიაში წასვლამდე, კალიგულა ითამაშა. როგორ მოგეწონათ ძმა გარყვნილი და თავხედი იმპერატორის როლში?

– მაშინ არაჩვეულებრივ ასაკში და ფორმაში იყო. ვიღაცამ მითხრა, გიგა ლორთქიფანიძე მუხლებზე დადგა და ისე გადაუხადა მადლობაო. ინტიმურ სცენებში ძალიან პლასტიკურია. კალიგულა სინამდვილეში ხომ ცინიკური და „გარეკილი“ ტიპი იყო, რეზომ კი ცოტა გააკეთილშობილა. ერთი სცენაა, ვიღაცას აშაყირებს, მაგიდაზე ადის და ქათამივით კაკანებს. ეს ისე მსუბუქად გააკეთა, თითქოს მაგიდაზე აფრინდაო. დარბაზი გაგიჟდა. ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებდი რეზოს სპექტაკლებს, ვერ აღვიქვამდი ვერაფერს კარგს, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო.

– გახსოვთ, თქვენი ძმის გამო გოგოები რა ამბავში იყვნენ?

– საშინელი ბუმი იყო. თქვენ კიდევ არ იცით, რა ხდებოდა. მეც მწვდებოდნენ და საშინელი სიტყვებით მლანძღავდნენ. „ბანდა“ დავარქვი. რაღაც მანქანით დაგრიალებდნენ, ჭკუაზე არ იყვნენ. სახეზე არ ვიცოდი, ვინ იყო ის გოგო, მაგრამ, ისე მატერორებდა... რეზოს ტელეფონთან რომ ვერ იჭერდნენ, ცოფდებოდნენ. ერთხელ დედაჩემს ლამის გული გაუხეთქეს – თქვენი შვილი ქუჩაში წაიქცა, სასწრაფოა გამოძახებული და მოუსწარითო, – ასეთ რაღაცეებს იგონებდნენ. რომ დარეკავდნენ და ვეტყოდი, სახლში არ არის-მეთქი, ილანძღებოდნენ – შენი ასე და ისე, რატომ არ არის სახლშიო. ვერაფერს ვამბობდი, ენა მივარდებოდა და ვტიროდი. რეზო სულ უკანა კარიდან გადიოდა და ტაქსიში ჯდებოდა. სადარბაზოში ყვავილების ცვენა იყო. კარზე და კედლებზე წერილებს აწებებდნენ. ნორმალური ხომ ასე არ მისწერდა და სახლში არ მოუვარდებოდა! სხვათა შორის, მე ვერ აღვიქვამდი, თუ ასეთი სიმპათიური იყო. სულ ახლახან „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ უჩვენეს და, რომ შევხედე, ვთქვი: ვაიმე, რა ახალგაზრდა და სიმპათიური ყოფილა ჩემი ძმა-მეთქი. ზედმეტი რეკვები და ხმაური აღიზიანებდა. ვინც მოსწონდა, მასთან საუბრობდა, მაგრამ, თითქოს პირს არ აღებდა, ისე ჩუმად. მე ყურები „ლოკატორებივით“ მქონდა და მაინც არაფერი მესმოდა. ერთხელ ამ სპექტაკლზე ვართ მე და მამა. რეზო ხომ რაღაც მომენტში ეწევა. მამამ ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა წამოსცდა – ყლაპავსო. როგორ გაბედავდა დედის ან მამის წინაშე მოწევას. ძალიან თავშეკავებული იყო, დღესაც „ლაითად“ ეწევა.

– ამდენ გოგონაში ვერავინ მოიგო მისი გული?

– რაღაც თავგადასავლები ჰქონდა, მაგრამ ისეთი სერიოზული არ ყოფილა, რომ ქორწინებამდე მისულიყო. მომენტალური „გადაწონება“ იცოდა. ჩვენს ყველა ახლობელსა და ნაცნობს უყვარდა. ახლაც მირეკავს ერთი ქალი, რომელსაც არანორმალურად უყვარს. სულ მთხოვს, მოკითხვა გადაეციო და მავიწყდება, რომ ვუთხრა რეზოს. ისეთი პრეტენზიული გემოვნება ჰქონდა, ერთი ბუსუსიც ან რაღაც რომ ენახა გოგოზე, გული აღარ მისდიოდა. მისი ცოლი იტყვის ხოლმე: რაზე უნდა ვიეჭვიანო, ყელაფერზე ცუდად ხდებაო. ხათუნა ანგელოზი იყო, რომ მოიყვანა. ერთხელ ჩემს მეგობარს უყვებოდა, რით დააინტრიგა ხათუნამ: პირველად რომ უთხრეს, ნახე, რა მაგარი გოგოაო, უპასუხია, დიდი არაფერიო, მაგრამ, მერე, ცხოვრებაში რომ ნახა, ძალიან მოეწონა („ჩიორაში“ რეზო მარის შეყვარებულს, ნიკას ახმოვანებდა და იქიდან გაიცნო. ხათუნა რეზოზე შვიდი წლით უმცროსია – ავტორი). დაინახა, რომ ფილმის გადაღების პერიოდში ხათუნას თაყვანისმცემლები ლამის თავზე აცვივა და დაინტერესდა.

– წარმომიდგენია, რამდენს დაწყდა გული, ცოლი რომ შეირთო.

– სხვათა შორის, ცოლის შერთვა საერთოდ არ უნდოდა. უნდა გენახათ, ქორწილის წინა ღამეს რას მოსთქვამდა. დედაჩემს ეუბნებოდა: რა მეშველება ახლა, ზინაო... მერე მე გადმომხედა – რას მიყურებ, გოგო, ვერ ხედავ, რომ ცუდად ვარ და ვკვდებიო?! მე ვუთხარი: რა გინდოდა, რას ყოფდი თავს ბაწარში, თუ თავი არ გქონდა-მეთქი. აბა, რა მექნა? სცენიდან იმას ვქადაგებ, ერთმანეთი გიყვარდეთ, მე არ მომბაძოთ-მეთქი და, ახლა შეიძლება უკან დახევაო?! ბუნებით წესიერი ადამიანია და ვერ წარმოედგინა, რომ შეირთავდა მისი თავისუფლება შეიზღუდებოდა. ხათუნა საოცრად ლამაზი პატარძალი იყო, არ ეცვა ტრადიციული საპატარძლო კაბა. რეზომ აკრძალა, ჩვენთან სიახლოვეს ყვავილები არ დავინახოო. ალაფურშეტი იყო და რიტუალების სასახლეში მოაწერეს ხელი.

– თქვენს უფროს ძმაზეც ასე იკლავდნენ თავს ქალები?

– ავთომ სამედიცინო რომ დაამთავრა, სვანეთში გაანაწილეს. ისეთი „ბაბნიკი“ იყო, მამაჩემს უთხრა: რამე მომიხერხე, სადმე გადამიყვანონ, თორემ, ერთ დღესაც, პაატასავით ჩემს თავს გამოგიგზავნიანო. მამას ოზურგეთში სახლი ჰქონდა აშენებული და იქ გადააყვანინა. მგონი, ავთოზე უფრო გიჟდებოდნენ. გოგოები აქედან ჩადიოდნენ. იმ დროში არც ქალიშვილობას დაეძებდნენ და არც არაფერს. მაშინ მივხვდი, როგორი გამოთაყვანებული არსებაა ქალი, ტვინი არ ჰქონდათ და ასე იმცირებდნენ თავს. ცოლი რომ მოიყვანა, ქალების შეტევები არც მაშინ შემცირებულა. ჩემი რძალი ეჭვიანობით ლამის მოკვდა. წარმოიდგინეთ, ახალი პატარძალი შედის სახლში და ტახტის ქვეშ ლიფი იპოვა. ვიღაცეები სულ რეკავდნენ და კინაღამ გადაირია. ავთო მარტო ცხოვრობდა, სახლი შიგნიდანაც ლამაზად მოაწყო და გარედანაც. „ბასეინთან“ დინამიკები დააყენა, განათება გააკეთა და ერთობოდა სანამ უცოლო იყო.


скачать dle 11.3