კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექვსი ნაცემი პოლიციელი, უბანში ავტორიტეტმინიჭებული მილიციის უფროსი, შარვალზე „ბულავკით“ მიმაგრებული წინდები და მაყრიონი ტროლეიბუსიდან


ამბობენ, ძველ თბილისში ურთიერთობებს, ქეიფს, ძმაკაცობას, მეგობრობას და ჩხუბსაც კი სხვაგვარი ხიბლი ჰქონდაო. ბევრი სწორედ ქუჩაში სწავლობდა საუკეთესო ჩვევებს, მაშინ სხვანაირი გაგება და სხვაგვარი სიტყვა-პასუხი იცოდნენო. ჯემალ ჭკუასელს უამრავი ნამდვილი თბილისელი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს და დღესაც ღიმილითა და სიამაყით იხსენებს მათთან დაკავშირებულ თავსგადახდენილ ამბებს.


გაოცებული მილიციის უფროსი

თბილისის ცენტრალურ უბნებში, უამრავი თავშეყრის ადგილი იყო, ეგრეთ წოდებული „ბირჟები“, მაგალითად, პლეხანოვზე და რუსთაველის გამზირზე. მეც, რასაკვირველია, გარეული ვიყავი მარაქაში, თუმცა დიდი „ბირჟავიკი“ არ გახლდით – სად მეცალა ქუჩაში დასადგომად, სულ ვქეიფობდი. მაშინ სხვა წესები და ურთიერთობები იყო. უსამართლოდ არავინ გაგცემდა ხმას. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთი ძმაკაცი მყავდა, გვარად კეზევაძე. ტანად გალეული, გამხდარი ბიჭი იყო. რომ შეხედავდით, გეგონებოდათ, ვერავის გაექაჩებოდა, მაგრამ ისეთი ძალის პატრონი იყო – მტრისას! ერთ დღესაც, ჩხუბი იყო. მოვიდა მილიცია და ცუდად აკადრეს რაღაც. ვერ მოითმინა მათგან შეურაცხყოფა და ექვსი მილიციელი მარტომ ისე სცემა, ხინკლებივით დააწყო. რასაკვირველია, ამის გამო დაიჭირეს და მილიციის განყოფილებაში ამოაყოფინეს თავი. მილიციის უფროსს მოახსენეს, კეზევაძე დავიჭირეთ და მოვიყვანეთ, უფროსო, ექვსი მილიციელი გაგვილახა ამ ერთმა კაცმაო. გადაირია ის კაცი. სასწრაფოდ განკარგულება გასცა, შემოიყვანეთ ჩემს კაბინეტში, როგორ გაბედა, ან ვინ არის ასეთი ძალის პატრონიო. ოთხი მილიციელი ამოუდგა გვერდში და ასე მიჰგვარეს მილიციის უფროსს კაბინეტში დამნაშავე. შეხედა თურმე უფროსმა კეზევაძეს და გაოცდა: ეს ვინ მოგიყვანიათ, მე გითხარით, ის კაცი მომიყვანეთ, ექვსი თანამშრომელი რომ გამილახაო. უთხრეს, ეს არის ის დამნაშავე, ბატონოო. სულ გადარეულა – ამ გაწლიკულმა ადამიანმა რანაირად სცემა ექვს კაცს, ნუ შემშალეთ ჭკუიდანო. მერე დაფიქრებულა და უთქვამს იმ ორი მილიციელისთვის: გაუშვით მაგას ხელი, მოდით აქ, მოიხსენით ქამრები და დაალაგეთ იარაღი ჩემს მაგიდაზეო. ვერ მიხვდნენ, რას უპირებდა უფროსი, მაგრამ ბრძანება უხმოდ შეასრულეს. მიუბრუნდა თურმე მილიციის უფროსი კეზევაძეს და უთხრა: მიდი ახლა და დასცხე ამათ, მაჩვენე ერთი, რა ძალის პატრონი ხარო. იმასაც მეტი რა უნდოდა?! ეცა თურმე და იმდენი ურტყა, დედა უტირა. ამ დღის შემდეგ ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა ის მილიციის უფროსი და ისეთ პატივს სცემდნენ, რომ გაივლიდა უბანში, „ბირჟავიკები“ „ჩესტს“ უღებდნენ.

„ბულავკით“ დამაგრებული წინდები, ცხელი ხარჩო და გამასხარავებული გურული

წინა დღის ნაქეიფრები ვიყავით ბიჭები და გადავწყვიტეთ, პლეხანოვზე, რესტორან „რუსთავში“ „პახმელიაზე“ ხარჩოთი გამოვიდეთ. მოკლედ, შევედით და დავსხედით. გავიხედეთ, რესტორანში შემოვიდა ტიპიური გურული კაცი. ქცევაზე ეტყობოდა, ახალი ჩამოსული იყო ქალაქში და ფიქრობდა, არ დამჩაგრონ, ჩემი ადგილი უნდა დავიმკვიდროო. მამალივით იყურებოდა აქეთ-იქით. შუბლზე ეწერა – არიფი არ გეგონოთ და ზედმეტი არავინ გამიბედოთ, თორემო... „გალიფე“ შარვალი აცვია და „ნასკები“ შარვალზე აქვს „ბულავკით“ მიბმული, ჯიბეზეც „ბულავკა“ აქვს მიბნეული – ეტყობა, ფული უდევს და, არ ამომაცალონო. დაჯდა იქვე მაგიდასთან და პრაწავს თვალებს. ჩვენც, მეტი რა გვინდა? ჩუმად, მის გასაგონად ჩავილაპარაკე, ასე და ასე გურულებს-მეთქი. გავხედე, წამოყო კისერი – ვერ მიხვდა, ვინ თქვა გურულებზე ძვირი. ბოლოს ოფიციანტს მოუხმო და ჰკითხა გურული კილოთი: „გაქვენ რამე“? არადა, რესტორანშია და აბა არ ექნებათ რამე? ოფიციანტმაც უპასუხა: კი ბატონო, ხაჭაპურიო. გურული დაიჭყანა – ხაჭაპური არა, იი გაქვენ... კიდევ რა გაქვენ? სალიანკაო. ისევ დაიჭყანა – სალიანკა, თორემ, გექნებათ თქვენც იი... არადა, რა არის ეს „იი“ კაციშვილმა არ იცის. ოფიციანტი დაიბნა, ხარჩო გვაქვს, გურულიო, – შესთავაზა. ისევ აბურდღუნდა: „ხარჩო არა, იი!“ ამ დროს ჩავილაპარაკე – გურულების ასე და ისე-მეთქი. მამალივით წამოყო თავი. ისევ ვერ მიხვდა, ვინ იყო. მოკლედ, როგორც, იქნა ხარჩო მოუტანეს და კოვზი რომ მიიტანა პირთან, ისევ ვთქვი – გურულები ასე და ისე-მეთქი და, გამომიჭირა: დააგდო კოვზი მაგიდაზე გაბრაზებულმა და დამიყვირა: შენ მართლა ჩივი გურულებზე თუ ხუმრობ, ძამა? ვუპასუხე, მართლა ვამბობ-მეთქი. გაეცინა. მითხრა – რეიზა არ გიყვარვართ, არ ვართ გურულები ცუდი ხალხი, ბიჯოო. ვუთხარი – გეხუმრეთ ბატონო, მეც გურული ვარ-მეთქი. გურული ხარო?! – წამოხტა, აიფოფრა, გამოიწია საცემრად – თუ გურული ხარ, რავა დამცინი ქალაქში ჩამოსულს შენ მაინცო. ძლივს დააკავეს და დააშოშმინეს საწყალი.

სახელდახელოდ

გადახდილი ქორწილი და მაყრიონი

ტროლეიბუსიდან

ერთხელ მე და ჩემი ახალშერთული მეუღლე ტროლეიბუსში ავედით. სანამ ბილეთს ვიყიდდი, ჩემმა მეუღლემ წინ ადგილი დაინახა და წავიდა. ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ. გოგონა რომ დაინახეს, მიაძახეს – ქალიშვილოო. მივუახლოვდი და ხაზგასმით, მკაფიოდ ვუთხარი: ბიჭებო, ეს ქალიშვილი ჩემი მეუღლე არის-მეთქი. „ვა, მომილოცავს, უკვე მოიყვანე ცოლი, ძმაო? წამო, ჩავიდეთ, ვიქეიფოთ, არ უნდა აღნიშნო ცოლის მოყვანაო?“ ატეხეს ერთი ამბავი. მართლაც, გაჩერდა თუ არა ტროლეიბუსი, ჩამოვედით და იქვე რესტორანში შევედით. ასე გადავიხადე უცხო ხალხისთვის პატარა ქორწილი.

ჯემალ ჭკუასელის ენაკვიმატობით შერცხვენილი რძლები

ჩემი ბიჭი 17 წლის იყო, როცა ცოლი შეირთო, რძალი კი 16 წლის გახლდათ. ძალიან გამიხარდა შვილის ბედნიერება, თან, პირველი რძალია და მინდა, „მამა“ დამიძახოს. ვერა და ვერ მოახერხა. როცა რამე დასჭირდებოდა, მომიახლოვდებოდა და მეტყოდა: ისა, იცით, თქვენ... რას ვეტყოდი, ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვი იყო. ერთ დღესაც, ოჯახის წევრები სუფრას შემოვუსხედით. ეს ჩემი რძალი გვემსახურება. ცოტა დავლიე და შევზარხოშდი. უცებ, ტელეფონის ზარია. აიღო ჩემმა რძალმა ყურმილი, მერე მომიახლოვდა და მითხრა: ისა, თქვენ გთხოვენ ტელეფონზეო. მომენტს ჩავეჭიდე და ვუთხარი, გამოიხედე, გოგო აქეთ-მეთქი. შემომხედა – დიახ, გისმენთო. დიახ კი არა, შენ სანამ დედას ამას-იმას არ გიზამ, მანამდე „მამას“ არ დამიძახებ-მეთქი. უნდა გენახათ, როგორი თვალებით შემომხედა. სამწუხაროდ, გაშორდნენ ჩემი შვილი და რძალი ერთმანეთს. ჩემმა ვაჟმა მოიყვანა მეორე ცოლი, წარმოშობით სვანი. ერთი მეგობარი მყავდა – ჯოტია ონიანი. ტრადიციების პატივისმცემელი, ვაჟკაცი და კარგი ადამიანი გახლდათ. რომ გაიგო, სვანი რძალი მყავს, გაგიჟდა სიხარულით. ერთ დღესაც, დიდ სუფრასთან მოვხვდით. ერთი სიტყვით, დიდი პურმარილია და სერიოზული ხალხია მოწვეული. ადგა ჯოტია, წავიდა და ყველას დასანახავად სუფრის თავში დადგა. მივხვდი, რაღაცას მიჩალიჩებდა. უცებ ხმამაღლა, სვანური კილოთი დამიძახა, ყველას რომ გაეგო, ისე: ჯემალ, ეს მეორე რძალი რომ მოიყვანე, როგორია, „მამას“ გეძახისო? მეც, არც ვაციე, არც ვაცხელე და მივაძახე: მამას კი მეძახის, მაგრამ დედას აქეთ – იმას.

დამფრთხალი მოცეკვავე

ერთხელ, გასტროლები გვაქვს ანსამბლს. საერთოდ, მკაცრი ვარ და მოცეკვავეებს წესრიგს ვთხოვ, თან, იციან, დაგვიანებას ვერ ვიტან, მით უმეტეს – სცენაზე ცეკვის დროს. კონცერტის მსვლელობისას, მე კულისებში, ყოველთვის პარტერიდან მარჯვენა მხარეს ვდგავარ. იმ დღეს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, მეორე მხარეს დავდექი. დაიწყო ფარიკაობა. ვხედავ, ერთი გოგო აკლია სცენაზე. მომაწვა სისხლი კისერში, ვიფიქრე, სად არის ეს მამაძაღლი-მეთქი. ამ დროს ვიღაცამ დამარტყა ხელი მხარზე და უხეშად მითხრა: რას დამდგარხარ აქ, ვერ ხედავ, ხელს მიშლი, ვერ გავდივარ სცენაზე, გაიწი იქითო. მივხვდი, ის დაგვიანებული მოცეკვავე იყო. არ გავიწიე. უცებ არ მომაძახა გადი, შე კრეტინო, მომკლავს ჯემალიო?! აი, მაშინ კი შემოვბრუნდი და რომ მიცნო, კინაღამ მოკვდა. სცენაზე კი გავიდა, მაგრამ მკვდრის ფერი ედო, ძლივს იცეკვა.

ჯილდოსთვის გადაკეთებული გვარი და შეცვლილი ეროვნება

მე და ბატონი ტარიელ ჭანტურია ოპერაში გახლდით. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, ვიდექით და ვსაუბრობდით. გურამ ბათიაშვილიც შემოგვიერთდა. გურამი ვიღაც კაცს მიესალმა. ტარიელი დაინტერესდა – ვინ არისო. მანაც უპასუხა, ეს კაცი ებრაელთა საზოგადოებაში მუშაობს, მწერლებს აჯილდოებსო. ტარიელმა სერიოზულად მიუგო – მერე, მეც დამაჯილდოვოს, არ შეიძლებაო? გურამი შეწუხდა, შენ როგორ დაგაჯილდოვებთ, ებრაელებზე, ურიებზეა საუბარი და შენ მათთან რა კავშირში ხარო. ტარიელი აღშფოთდა და უთხრა: კაცო, შენ მე არ მიცნობ, მგონი, მე ჭანტურია კი არ ვარ, „ჭანთ ურია“ ვარ და ერთი ჯილდო აღარ მეკუთვნის ებრაელებისგანო?


скачать dle 11.3