კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცდომა დაუშვა ახალდაქორწინებულმა მაგდა ანიკაშვილმა პარიზში და რას შეეგუა მისი მეუღლე


პარლამენტარ მაგდა ანიკაშვილის ცხოვრების სტილი, მისი ხასიათის მსგავსად საკმაოდ მშვიდი და ზომიერია. ის თბილისელ ინტელიგენტთა ოჯახში გაიზარდა, რასაც მაგდა საკუთარი ცხოვრების წესის მთავარ განმსაზღვრელად მიიჩნევს. მას ვერც ღამის კლუბში ნახავთ და ვერც მოდურ ტუსოვკებზე, თუმცა ცნობილი სახეების ცხოვრებისთვის ჩვეულ ჭორებს ხშირად მაინც ვერ აღწევს თავს. საქმიანი ცხოვრების მიღმა მაგდასთვის ყველაზე მთავარი ახლო მეგობრების წრე და მეუღლესთან ერთად გატარებული საღამოებია. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ადგილი, სადაც „ქრისტიან-დემოკრატების“ მომხიბვლელი წევრი საკუთარ თავს ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას აძლევს.


მაგდა ანიკაშვილი: ადამიანის ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახი, პროფესია, სამეგობრო. გამონაკლისი არც მე ვარ, ჩემი ცხოვრების სტილს უპირველესად, ჩემი საქმიანობა განსაზღვრავს. თითქმის ასეთივე იყო ჩემი ცხოვრება, როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი. ვფიქრობ, სწორად გავაკეთე პროფესიული არჩევანიც. ძალიან მადლიერი ვარ ბედის, რომ ჩემს პროფესიაში და კარიერაში ტკივილი და იმედგაცრუება არ შემხვედრია. მე არ მივეკუთვნები, ისეთი აქტიური და ამბიციური ადამიანების რიცხვს, რომლებიც მუდმივად იბრძვიან პირველობისთვის და გარშემო მყოფებთან რაღაცის დამტკიცებას ცდილობენ. ძალიან მშვიდი ხასიათი მაქვს. ახლაც კი მორცხვი ვარ, მაგრამ ადრე ზომაზე მეტად მორცხვი და გულჩათხრობილი ვიყავი. არ მყავდა ბევრი მეგობარი, არ ვიყავი ძალიან კონტაქტური.

– თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ძალიან აქტიური ახალგაზრდები სწავლობენ, ამას როგორ ახერხებდით? არ ცელქობდით მეგობრებთან ერთად თინეიჯერულ ასაკში?

– ჩემი თინეიჯერული ასაკი იმ პერიოდს დაემთხვა, როცა თბილისში თითქმის არ იყო შუქი. კარგად მახსოვს, ღამეებს ვათენებდი ლამპის შუქზე წიგნების კითხვაში. მაშინ ჩემი ცხოვრების წესი იყო წიგნები და ფილმები. იმ პერიოდში თბილისში არც იყო გართობის ამდენი საშუალება. საღამოს სახლიდან გასვლაც კი პრობლემებთან იყო დაკავშირებული. შეიძლება, უნდა ვუმადლოდე კიდეც იმას, რომ იმ რთულმა პერიოდმა სხვანაირად განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. მეგობრებთან ერთად გაძრომა-გამოძრომაშიც ცუდი შეფასება მქონდა, თითქმის ოროსანი ვიყავი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც საშინლად არ უყვარს ღამის ცხოვრება. ღამის კლუბში სულ ერთხელ ვარ ნამყოფი, მაშინაც მშობლებმა მეზობელს „ჩააბარეს“ ჩემი თავი, რომელიც ჩემზე ბევრად უფროსი იყო. ახლაც ასე ვარ – რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც თორმეტ საათზე ვიძინებ. თუ ქვეყანა ინგრევა შეიძლება ორ საათამდე გავძლო. ფიზიკურად ვერ ვიტან ღამის ცხოვრებას.

– ცხოვრების ასეთი წესის მიუხედავად, ადრეულ ასაკში გათხოვდით, ეს როგორ მოახერხეთ?

– ჩემი მეუღლე იყო ჩემი პირველი სიყვარული. ჩვენ ერთმანეთი ინსტიტუტში, პირველ კურსზე გავიცანით. ვერ ვიტყვი, რომ იქამდე თაყვანისმცემლები არ მყავდა, მაგრამ რაღაც ვერავისთან აეწყო ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩემს მეუღლეს შევხვდებოდი არც შეყვარებული მყოლია და არც პაემანზე ვიყავი ნამყოფი. სამაგიეროდ, მომავალ მეუღლესთან ერთად ვიარე ერთი წელი პაემნებზე (იცინის). ის მალევე გაიცნო ჩემმა ოჯახმა, სამეგობრომ და ფარული შეხვედრები არ დაგვჭირვებია. ჩვენ ძალიან ოფიციალურად, ნიშნობითა და ჯვრისწერით დავქორწინდით. პრინციპში, ბედნიერი ვარ იმითაც, რომ არც სიყვარულში მქონია იმედგაცრუება.

– მშვიდი ხასიათი მაქვსო, თქვით, პოლიტიკურმა პერიპეტიებმა ხასიათი არ შეგიცვალათ?

– არა, ახლაც მშვიდი ხასიათი მაქვს. ნებისმიერი პრობლემის დროს ვეძებ პოზიტივს. მიმაჩნია, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და შავს თეთრი აუცილებლად მოჰყვება. ჩემი დევიზია: რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს. სირთულეები უფრო მეტ სტიმულს და გამოცდილებას გაძლევს. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არის საქმე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს ოჯახთან და პირად ცხოვრებასთან, როცა ასე ჯანსაღად აღიქვამ ყველაფერს, ნერვების წყვეტაც არ გაქვს. ეს არის ყველაზე ეფექტური აუტოტრენინგი.

– თუმცა, არაერთხელ გახდა თქვენი პირადი ცხოვრება განსჯის თემა, მეუღლესაც კი დაგაშორეს, ამ ხმებსაც მშვიდად შეხვდით?

– ის, რომ მუდმივად ხარ განხილვის თემა, არაა იოლი. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ჭორაობა პოზიტიურია და თუ ცნობილი სახე ხარ, სკანდალებიც უნდა იყოს შენ ირგვლივ. მე ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა. მეც და ჩემი მეუღლეც მშვიდად ვხვდებით ამ ჭორებს. თუმცა გული გვწყდება, როცა ვინმე ასე არაკეთილგანწყობილია ჩვენ მიმართ და მსგავს ჭორებს თხზავს.

– დღეს თბილისში მოდური ცხოვრების სტილის ბევრი სტერეოტიპი არსებობს. თქვენ რას აკეთებთ თავისუფალ დროს – ცეკვაზე დადიხართ, სპორტულ დარბაზს სტუმრობთ თუ რაიმე სხვა გასართობი გაქვთ გამოძებნილი?

– ტრენაჟორებისა და სპორტული დარბაზის დრო ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ალბათ, ეს დროც მოვა (იცინის). ჩემი გართობაა მეუღლესთან ერთად სადმე – კინოში, თეატრში, კონცერტზე წასვლა, ან მეგობრებთან შეხვედრა, რაც ბოლო დროს, უფრო და უფრო იშვიათია. დავურეკავ ხოლმე ჩემს უახლოეს მეგობრებს და ნაღდ, თბილისურ საღამოებს ვიწყობთ, სადაც როგორც ქალებს გვჩვევია, ძალიან ბევრს ვჭორაობთ ყველას და ყველაფრის შესახებ. თემები ძალიან მრავალფეროვანია – პირველი კლასის პერიოდიდან ვიხსენებთ ვინ ვის სად შეხვდა, ვინ როგორ მოიწყო პირადი ცხოვრება, ვინ სად დაიწყო მუშაობა (იცინის). ხანდახან კარგ ღვინოსაც მივირთმევთ ხოლმე, მაგრამ ცოტას – ერთი ჭიქა კარგი ღვინო არის ჩემი ლიმიტი.

– როცა რეგიონებში დადიხართ, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებიდან გამომდინარე, ჭირვეულ მასპინძლებს როგორ უმკლავდებით?

– ოო, ეს რთული თემაა. თუმცა ყველაზე ჭირვეული მასპინძელიც კი არ აძალებს ქალს დალევას. ამას გარდა, ეს ფუნქცია მამაკაცებს აკისრიათ და განსაკუთრებული დატვირთვა ამ საქმეში გიორგი ახვლედიანს აქვს. ის არის ჩემპიონი და მისი ჩემპიონობა ჩვენ ყველას გვიცავს (იცინის).

– ასე რომ, კოლეგა მამაკაცები „გზოგავენ“. ამას როგორ ეგუება პარტიის ლიდერი? ალბათ, გპატიობთ, რადგან როგორც ამბობენ, თქვენი მის გუნდში მოხვედრის შემდეგ, გიორგის საქმიანობა უფრო წარმატებული გახდა, რის გამოც თქვენ მის თილისმასაც კი გიწოდებენ.

– თილისმა? ეს არ ვიცი, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ამ ადამიანს და მის გუნდს. მე საერთოდ მიმართლებს ადამიანებში. რაც შეეხება გიორგის, ალბათ, ისიც მზოგავს, როგორც ჩემი დანარჩენი კოლეგები. თუმცა, საქმეში ის ძალიან მომთხოვნია, ძალიან (იცინის)... მეც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემს ოჯახს და მეუღლეს არ მოაკლდეს რამე და ჩემი რეჟიმის გამო ოჯახი არ დაზარალდეს. ძალიან მიხარია, რომ ჩემს მეუღლეს კარგი ურთიერთობა აქვს ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან. ეს ძალიან მეხმარება. მისი და გიორგი თარგამაძის მეგობრობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე – ჩვენი. ჩემი მეუღლე მუშაობდა „დროებაში“ და პრინციპში მისი რეკომენდაციით მივედი მე „ტელეიმედში“.

– ახლა თქვენი რეჟიმის გამო ხმას ვერ ამოიღებს. იმასაც შეგუებული იქნება, რომ ძალიან ხშირად ხართ უცხოეთშიც, იქ რაიმე განსხვავებული ჰობი ხომ არ გაქვთ?

– ჩვენი ვიზიტები ყოველთვის იგეგმება მაქსიმალურად შემჭიდროვებული გრაფიკით. დილის რვა საათიდან საღამოს შვიდ საათამდე რომ შეხვედრებზე ხარ, მერე არაფრის თავი აღარ გაქვს. თუმცა, თავისუფალ დროს, გაზაფხულსა და ზაფხულში სტრასბურგში სეირნობას არაფერი ჯობია. ისეთი პატარა ქალაქია, მარტო რომ გახვიდე ქუჩაში, ვიღაცას აუცილებლად წააწყდები. თუ დრო და საშუალება გაქვს, შეგიძლია, მაღაზიებშიც შეიარო, თუმცა მე საყიდლებზე სიარული მაინცდამაინც არ მიყვარს. ეს ძალიან დამღლელი პროცედურაა ჩემთვის, თავი მტკივდება და ერთი სული მაქვს, სასტუმროში დავბრუნდე. ტანსაცმლის ყიდვის დროს, მიჭირს არჩევნის გაკეთება, თუმცა იძულებით შოპინგებს თავს მაინც ვერ ვარიდებ. ძალიან მიყვარს, როცა კარგი ხარისხის, ძვირფას ტანსაცმელს ვატარებ. ფულს სიამოვნებით ვხარჯავ ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და კარგ საკვებში. მიყვარს ეგზოტიკური საჭმელების დაგემოვნება და მერე ვცდილობ, თავადაც გავაკეთო. მოკლედ, სამზარეულოში ექსპერიმენტებსაც ვატარებ. მიყვარს კარგად ჭამა, მით უფრო გვიან, რასაც საკუთარ თავს მავნე ჩვევად ვუთვლი.

– მეუღლესთან ერთად არ დადიხართ უცხოეთში?

– ჩვენ მხოლოდ დასასვენებლად დავდივართ ერთად. საქმიან ვიზიტებზე მეუღლესთან ერთად ვერ წახვალ. ჩემი მეუღლე მომღერალია, ადრე „ქართულ ხმებში“ მღეროდა, ახლა „თბილისში“ მღერის.

– მეუღლესთან სიმღერას ბედავთ?

– არა, რაც კარგად არ გამომდის, იმას არ ვაკეთებ, მით უმეტეს პროფესიონალთან (იცინის). დასასვენებლად სიამოვნებით დავდივართ ერთად. ღამის ცხოვრება არც ჩემს ქმარს უყვარს და პენსიონერულად ვისვენებთ ხოლმე. გვირჩევნია სუფთა ჰაერი, კარგი ხედები და რომანტიკა. თუმცა, ჩემი მეუღლისგან განსხვავებით, მე ვერ ვიტყვი, რომ რომანტიკული საღამოების, სიურპრიზების დიდოსტატი ვარ. ეს ჩემს ქმარს გამოსდის კარგად (იცინის). როცა მინდა, ახლობლებს რაიმე ვაჩუქო, წინასწარ ვეკითხები მათ, რა ურჩევნიათ, რომ მერე კარგად გამოიყენონ ჩემი საჩუქარი. ამით კი მთელი სიურპრიზი იშლება ხოლმე (იცინის). როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით, პარიზში წავედით. მე ვფიქრობ, რომ იქ სტრატეგიული შეცდომა დავუშვით. როგორც ტურისტებმა, გადავწყვიტეთ, ბუკლეტის მიხედვით შემოგვევლო პარიზის ღირსშესანიშნაობები. მუზეუმებით დავიწყეთ, რაც საკმაოდ დამღლელი პროცესია. საღამოობით გასავათებულები მივათრევდით ხოლმე ერთმანეთს სასტუმროში (იცინის). ეს არაა სწორი, როცა მეუღლესთან ერთად პირველად ხარ პარიზში, უნდა დატკბე ამ ქალაქით, ისეირნო. არც ერთ ახალდაქორწინებულს არ ვურჩევ, საქორწინო მოგზაურობა მუზეუმების თვალიერებით დაიწყოს.

– ამის მერე კიდევ მოხვდით სიყვარულის ქალაქში?

– ცალ-ცალკე – კი, თუმცა პარიზში ჩვენი გზები აღარ გადაიკვეთა (იცინის). ამაზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ ქორწინების მეათე წლისთავზე, ამას აუცილებლად გამოვასწორებთ. ყველაფერი წინ არის... (იცინის).


скачать dle 11.3