კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა სანდრო მარგალიტაშვილის შვილი ამერიკის მოქალაქე და რა სიურპრიზი მოუწყო მას მეუღლემ


როდესაც სანდრო მარგალიტაშვილი სერიალ „შუა ქალაქში“ ჯიბოს როლში პირველად ვნახე, ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს იგივე სანდრო მარგალიტაშვილი იყო, რომელიც „იდიოტოკრატიასა“ და „ყველაფერი კარგად იქნებაში“ სახელმწიფო დეზინფექციის მინისტრის მოადგილის როლს ასრულებს. თმითა და წვერით სანდრო აბსოლუტურად სხვაგვარად გამოიყურება, თუმცა, სწორედ მისი სახასიათო გარეგნობა და გმირი გახდა ავთო ვარსიმაშვილის ფილმის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.


სანდრო მარგალიტაშვილი: ისე გავიზარდე და ისე მივედი უმაღლესში ჩაბარების ასაკამდე, რომ მსახიობობაზე დიდად არ მიფიქრია. თავიდან მინდოდა ექიმი – პლასტიკური ქირურგი გავმხდარიყავი. მომწონდა ეს პროფესია, სისხლზე და მსგავს რაღაცეებზე რეაქცია არასდროს მქონია. ერთხელ ტელევიზორში ვნახე, როგორ კეთდებოდა პლასტიკური ოპერაცია და ძალიან მომეწონა. ადამიანს რომ უფრო ლამაზს გახდი ვიდრე არის, ხომ მაგარია?! დედაჩემი და მამაჩემი არქიტექტორები არიან, სამხატვრო აკადემია აქვთ დამთავრებული, მეც ვხატავდი და პლასტიკური ქირურგობა მხატვრობაზე გავცვალე – აკადემიაში ჩაბარებას ვაპირებდი მაგრამ, ბოლო მომენტში თეატრალურში აღმოვჩნდი. სკოლაში პუშკინის საღამო გავაკეთეთ, სადაც მის ლექსებს ვკითხულობდი. იქ თამაშზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. ისე მომეწონა ეს საქმე, რომ გადავწყვიტე, მხატვრობისთვის თავი დამენებებინა. მშობლებმაც მითხრეს, ერთ ოჯახში სამი მხატვარი უკვე ნამეტანიაო და ჩავაბარე სამსახიობოზე.

ძალიან გამიმართლა, რადგან ბატონ შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი. ჩაბარებამდე ერთი წელი კოლეჯში ვსწავლობდი და ის წელი გამიცდა, მაგრამ, ეს, საბოლოო ჯამში, ჩემთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა, რადგან სხვანაირად ბატონ შალვასთან ვერ მოვხვდებოდი. შეიძლება, საბოლოოდ, ჩამოყალიბებული მსახიობი მაინც ვერ ვარ, მაგრამ, თუ რამე შემიძლია დღეს, რამე თუ ვიცი, უმთავრესი როლი ბატონმა შალვამ ითამაშა. ისე შემაყვარა ეს პროფესია, რომ ამის იქით სხვა რა უნდა გავაკეთო, საერთოდ ვერ წარმომიდგენია.

– რა არის შენთვის თამაში?

– როგორ ვმუშაობ როლზე, ამას გეტყვით: არის გმირი, რომელიც უნდა განვასახიერო. ვიწყებ მასზე, მის პიროვნებაზე ფიქრს, იცი, როგორ ნიუანსებზე?! როგორ იღიმება, ხელს როგორ იქნევს, წარბს როგორ წევს, ამა თუ იმ მოვლენას როგორ აფასებს, როგორ დადის. მისი ჩვევები, ქცევები, ემოციები ჩემეული ხდება. სხვათა შორის, ნებისმიერი გმირის თამაში ჩემში გარკვეულ კვალს ტოვებს. თუ საკუთარ თავს თამაშობ, მაშინ ეს უკვე მსახიობობა არ არის, უბრალოდ, ტექსტს ამბობ. როდესაც ერთ როლს გააკეთებ და შემდეგ მეორეზე იწყებ მუშაობას, შეიძლება, მისი ჩვევები გადმოგყვეს და ეს არის ყველაზე რთული. ამიტომაც არის ძალიან აზარტული ეს პროფესია, რომ არ უნდა განმეორდე, სულ ახალ-ახალი რაღაცეები უნდა აკეთო. საოცარი ისაა, რომ მერე ეს ყველაფერი ხასიათში გადადის. სახლშიც რომ ვარ ხოლმე, რაღაცეებს გმირისნაირად ვაფასებ, ანუ, როლი ცხოვრების სტილი ხდება. ეს მერე და მერე შევამჩნიე. ბევრჯერ დამიჭერია საკუთარი თავი, როდესაც, ვთქვათ, თეატრიდან სახლში მივდივარ და ქუჩაში ჩემთვის ხელებს ვიქნევ, რაღაცეებს ვლაპარაკობ, ოღონდ, ამას ვერ ვამჩნევ. მერე, როდესაც ვხედავ, რომ ხალხი დაჟინებით მიყურებს, ვხვდები, რომ უცნაურად ვიქცევი. იმედია, გიჟად არავინ ჩამთვლის, მაგრამ ასეა. როდესაც როლზე მუშაობ, ასე თუ ისე, მაინც სხვაგან ხარ, გარკვეულწილად წყდები რეალობას. ლაპარაკის დროსაც, შეიძლება, გაითიშო – უცებ დაუკავშირებ რაღაცას როლს და ხალხი როგორც გიჟს, ისე გიყურებს.

– ამ ყველაფრის შედეგი როგორია?

– ძალიან დიდი სიამოვნებაა. თუ კარგად ვერ გრძნობ როლში თავს და, თუ თამაში არ გამოვიდა, ესე იგი, არ გამოგივიდა როლი.

– თეატრის ძალიან ბევრი გენიალური მსახიობია, რომელიც ეკრანზე ისეთი კარგი ვერ არის, თეატრალურად თამაშობს, ასე რომ ვთქვათ. შენ ეს ბარიერი გადალახე – შეგიძლია, ეს კომპლიმენტადაც მიიღო.

– (იცინის) დიდი მადლობა. როდესაც პირველი „იდიოტოკრატია“ გადავიღეთ, მანამდე სპექტაკლს ვთამაშობდით. პირველად გადამიღეს ფილმში და ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული რეჟისორზე. სულ მეუბნებოდა, რომ ამა თუ იმ სცენაში ნაკლებად „მეთამაშა“. მერე ნელ-ნელა მივხვდი, როგორ უნდა მემუშავა კამერასთან. მთავარია, ორგანული იყო, ძირითადად იქით მივდივარ, რომ მაქსიმალურად ორგანული იყოს ტექსტი და ორგანულად წამოვიდეს.

– საოცარი როლი გაქვს.

– მინისტრის მოადგილე. სიმართლე გითხრათ, არ ვცდილობდი, რომ სასაცილო ყოფილიყო ეს გმირი. ჯერ გადავწყვიტე, რომ გულუბრყვილო ყოფილიყო. ტიპი ძალიან გამოუცდელია ცხოვრებაში, დედას უნდა, რომ ცოლი მოაყვანინოს. არც ქალებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს – ურთიერთობაში იმას ვგულისხმობ, რომ ყავაც კი არ აქვს ქალთან ერთად დალეული. ამას ჩემთვის ვსაზღვრავდი, რომ, ალბათ, გოგო ყავაზეც კი არ ეყოლება დაპატიჟებული-მეთქი. იმიტომაც არის მიწებებული დედის მომვლელ ქალზე. მორცხვია, დაბნეული, არანაირი პოლიტიკური სიბინძურე არ შეხებია. საქართველოს დეზინფექციის მინისტრის მოადგილეს რომ თამაშობ, უკვე ყველაფრის საშუალება გეძლევა, რადგან საერთოდ არ არსებობს ეს თანამდებობა. ნიკო გომელაური დამეხმარა ძალიან, როდესაც ამ როლის სპექტაკლში თამაში დავიწყე, ბევრი რაღაც მაპოვნინა.

– ამ მიმიკით არ იღლებოდი? მუდმივად ერთნაირი, ძალიან შეწუხებული სახე რომ გქონდა?

– პირველ ფილმში ცოტა დამღალა ამ მიმიკამ, მაგრამ მერე ისე მივეჩვიე, რომ ცხოვრებაშიც გადავიტანე. მეორე ფილმის დროს, ინდოეთში, საერთოდ არ გამჭირვებია ამ სახით ყოფნა. 55 გრადუს სიცხეში, თავგადაპარსული დავდიოდი, მზე მაცხუნებდა, სპილოზე ვიჯექი და შეწუხებული სახე მექნებოდა, აბა რა იქნებოდა! მიდიხარ ჯუნგლებში, იწვის ყველაფერი, რკინა, რომელზეც ხელი გიკიდია გავარვარებულია და, ამ დროს რომ ბედნიერი სახე მიიღო – აი, ეგ არის უკვე თამაში.

– თმას როგორ შეელიე? თან, როგორ გმატებს თურმე ასაკს.

– ჰო, ყველა მეუბნება 35 წლის კაცს ჰგავხარო, რეალურად 25 წლის ვარ. თავიდან, იცი, როგორ უნდა ყოფილიყო?! თმა უნდა მქონოდა ნახევრად გადაპარსული, მხოლოდ კეფაზე რომ აქვთ ხოლმე კაცებს თმა, მაგრამ, არ მოხერხდა სათანადო გრიმის გაკეთება, მაინც ცუდად ჩანდა. ამიტომ, საბოლოოდ მთლიანად გადამპარსეს. ჯერ, ისედაც, წვერის გაპარსვას ვერ ვიტან და, ყოველდღე წვერისა და თავის გადაპარსვა ერთად, ხომ წარმოგიდგენია, რას მიშვრებოდნენ?

– სანდროს თუ ჰყავს თავისი კლეოპატრა?

– როგორც გმირი – არა, მაგრამ, მეუღლე და შვილი მყავს, პატარა უკვე სამი თვისაა.

– შენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევი.

– ჩემი სიყვარულის ისტორია მეორე კურსიდან დაიწყო, ჩემი ცოლი ჩემი ჯგუფელია, მსახიობია ისიც. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავქორწინდით. გამოვიდა, რომ ოთხი წელი დავდიოდით. თავიდან ბოლომდე შეცნობილი გვყავდა ერთმანეთი, ყველა ნიუანსი ვიცოდით ერთმანეთის – თვისებებზე, ხასიათზე. მესამე წელია უკვე, რაც ცოლ-ქმარი ვართ.

– სადმე თამაშობს?

– არა, ჯერჯერობით ბავშვთან არის. სხვათა შორის, შვილი ამერიკის მოქალაქე მყავს. საინტერესო ამბავი მოხდა: დედაჩემი ამერიკაში ცხოვრობს. როგორც იცით, იქ ყოველწლიურად თამაშდება „გრინ კარტა“, ანუ ამერიკის მოქალაქეობა და დედაჩემმაც გადაწყვიტა, ჩვენი საბუთები ჩაეგდო ლატარიაში, ოცი დოლარი ღირს თუ არ ვცდები. შენ წარმოიდგინე, ჩემმა ცოლმა მოიგო. არ მჯეროდა ასეთი რაღაცეების. რომ დარეკა დედაჩემმა და ჩემს ცოლს უთხრა, მოიგეო, გავგიჟდი. წავიდა ჩემი ცოლი, მაშინ ხუთი თვის ორსული იყო, ბავშვი იქ გააჩინა და ახლა, 31 დეკემბერს სიურპრიზი გამიკეთა – ორივე ჩამოვიდა. მთელი ექვსი თვე იქ იყო. ორსულობის ყველაზე რთული პერიოდი და ბავშვის დაბადება ისე გაიარა ჩემმა ცოლმა, რომ მის გვერდით არ ვყოფილვარ. ძალიან მტკივნეული იყო, საშინლად განვიცდიდი. როგორია – პირველი შვილი გიჩნდება და მას მხოლოდ სკაიპით ხედავ! არა, ღმერთმა დალოცოს სკაიპის მომგონი, რას ლაპარაკობ?! აი, ასეთი საოცარი სიურპრიზი გამიკეთეს ახალ წელს.

– ალბათ, მოუწევთ ხშირად წასვლა-წამოსვლა?

– არ ვიცი, ზუსტად რა სიხშირით, მაგრამ, ხშირად რომ მოუწევთ ჩასვლა, ვიცი. ასე რომ, შვილი ამერიკის მოქალაქე მყავს, ცოლს „გრინ კარტა“ აქვს, ერთი მე დავრჩი ბედკრული საქართველოს შვილი (იცინის). არ ვიცი, ჩავალ თუ არა იქ, ბევრი ამბობს რომ მთავარია, იქ მოხვდე და, მორჩა, უკვე კარგად ცხოვრობო. ასე არ არის, მაგრამ, დიდი შესაძლებლობების ქვეყანა რომაა, ეს ფაქტია. იქაც გამართლებაა საჭირო, რა თქმა უნდა, მაგრამ, იქ თუ ერთი გაგიმართლა, იმას მართლა გამართლება ჰქვია და, ესე იგი, შენს ბევრ საყვარელ ადამიანს გაუმართლა შენთან ერთად. ვნახოთ, როგორ აეწყობა ამ ქვეყანაში ყველაფერი. თუ დადგება ისეთი დრო, რომ ორსულობაში ჩემი ცოლი ჩემ გვერდით იქნება, შვილი ჩემ გვერდით გაჩნდება და სხვა, რა მინდა სხვა ქვეყანაში? მარტო მე რომ ვიყო, შევძლებდი ჩემი ხელფასით ცხოვრებას, ოჯახს კი ვერ ეყოფა.

– ძალიან სერიოზული გატაცება რომ გაქვს, ამაზეც მომიყევი.

– მართლა სერიოზულად ვარ გატაცებული ნადირობით და თევზაობით. სულ პატარაობიდან, 6 წლიდან, ბაბუაჩემს სანადიროდ დავყავდი, 11 წლიდან თვითონ ვნადირობ. სრული ეკიპირება მაქვს: სამხედრო ფორმები, წელამდე ამოსული „ბოტები“, ზამთრის, ზაფხულის – ყველაფერი თავის ადგილზეა. ხუთი ანკესი მაქვს, ორი თოფი. სხვათა შორის, ახლახან ვიყავით ღორზე სანადიროდ, თურქეთის საზღვარზე, გავიყინეთ და ვერაფერი მოვკალით. ამიტომაც, უფრო ფრინველზე ნადირობა მიყვარს, ცხოველზე ისეთი აზარტული არ არის. დგახარ, დგახარ და, ან გამოივლის ნადირი ან – არა. დიდი ჯგუფი ვართ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ეს ჩვენთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა.

– ბოლოს, რამე გემრიელი კერძის რეცეპტიც გვითხარი, რომელიც ნანადირევით კეთდება.

– იხვს ვამზადებ ჩემი რეცეპტით. რომ უნდა გაპუტო-გამოშიგნო – ეს, თავისთავად. მერე ვხარშავ, ტაფაზე ვდებ, რომ შეიორთქლოს, ოდნავ კარაქსაც ვუმატებ, წითელ ღვინოს ვასხამ და, სპეციფიკური სუნი რომ აუვიდეს, ვაშლს ვუწყობ გარშემო. მონადირეებისგან ვიცი იხვის სახელდახელო მომზადების წესიც: გამოშიგნულ იხვს იქვე, მინდორში, თიხაში ახვევენ მთლიანად და ნაკვერჩხალზე დებენ. ის შიგნით იხარშება და, რომ გადახსნიან ამ თიხას, იხვი მთლიანად ტყავდება.


скачать dle 11.3