კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-5(475)

ლუდა და ჰამო „ჯიპში“ ჩასხდნენ და ძველ არბატზე, მედვედევების ბინისკენ გაემართნენ, სადაც პითონი ჰყავდათ დამალული. ლუდამ კარი საკუთარი გასაღებით გააღო, ბინაში ფეხაკრეფით შევიდა და მძინარე პითონს თავზე წამოადგა.

მალხაზი ხვრინავდა. საწოლზე ტანსაცმლიანად იწვა, მარჯვენა ხელი საწოლზე ედო, მარცხენაში კი პისტოლეტი ეკავა და ბალიშის ქვეშ ჰქონდა შეყოფილი. ლუდა მოღიმარი სახით მისჩერებოდა მალხაზს, ბოლოს მძინარეს თითი დაადო მხარზე, რომ გაეღვიძებინა. პითონი გველნაკბენივით წამოხტა, პისტოლეტი გოგონას მიუშვირა, მაგრამ ლუდა იცნო, იარაღი დაუშვა და ჰკითხა:

– მოხდა რამე?

– ბოდიში, ბატონო მალხაზ, მაგრამ, აქედან უნდა წავიდეთ.

– კუდზე დაგვასხდნენ?

– არა, არა. უკეთეს ადგილზე უნდა გადაგიყვანოთ, უფრო უსაფრთხო ბინა მოვძებნეთ.

პითონი და ლუდა ნახევარი საათის მერე ჩასხდნენ „ჯიპში“. ამჯერად, მანქანას ჰამო მართავდა, მის გვერდით ლუდა იყო მოკალათებული, უკანა სავარძელზე კი პითონი იჯდა.

– შორს მივდივართ, ახალგაზრდებო? – ჰკითხა ქალ-ვაჟს მალხაზმა.

– მედვედკოვოში, ბატონო მალხაზ, – უთხრა პითონს ჰამომ, – სულ რაღაც ნახევარ საათში მივალთ.

– მაინც, რა მოხდა ისეთი, რომ ასე სასწრაფოდ წამომიყვანეთ?

– საგანგაშო არაფერი, ბატონო მალხაზ, – გაუღიმა ლუდამ, – პროვინციიდან სტუმრები ჩამოვიდნენ და მამაჩემი მათ დაბინავებას ძველ არბატზე აპირებს.

– მედვედკოვოში სახლი ვისია?

– ჩემი, – უთხრა ლუდამ, – მართალია, გარეუბანია, მაგრამ იქ ეშმაკიც ვერ მოგაგნებთ. არც საჭმელ-სასმელი მოგაკლდებათ და არც სიმშვიდე.

– სიმშვიდე – საფლავში, აქ კი, სანამ ცოცხალი ხარ, უნდა იბრძოლო. მოდუნება წამითაც არ შეიძლება, – ფილოსოფიურად დაასკვნა პითონმა და პისტოლეტი ქამარში გაირჭო.

– ბატონო მალხაზ, დიდი ხანია, რაც „პრესტუპნი“ გზაზე დგახართ? – ჰკითხა ჰამომ.

– ბავშვობიდან. ჯერ კიდევ სკოლაში დავიწყეთ მე და ზვიადმა მოპარვა. ჯერ წვრილმანს ვჩალიჩობდით, მერე მსხვილმანზე გადავედით და შევუბერეთ და შევუბერეთ.

– თქვენ და მათემ, ხომ? – თქვა ჰამომ.

– ჰო, მათემ, მათემ, იმ ცხონებულმა, – სინანულით თქვა პითონმა.

– ბატონო მალხაზ, ძალიან უცნაური მეტსახელი გაქვთ.

– ჰო, – ჩაეცინა პითონს, – მათემ შემარქვა.

– შმატოკის გადაყლაპვისთვის არა?

ჰამოს სიტყვებზე პითონი შეცბა და მთაწმინდელს ჰკითხა:

– კი მაგრამ, ეს შენ საიდან იცი?

– მე ქიშოსაც კარგად ვიცნობ.

– ქიშოს იცნობ?

– დიახ, ჩემი მეზობელია.

პითონის გაოცება მხიარულმა ღიმილმა შეცვალა:

– ქიშომ მოგიყვა ყველაფერი? გასაგებია. როგორაა ეგ ძველი ფუტურისტი?

– ძველებურად – ბოლდება და მუსიკებს უსმენს, – უთხრა ჰამომ მალხაზს, მერე მანქანა მარცხნივ წაიყვანა, ტბას გვერდი აუქცია და მათეს კარ-მიდამოსთან შეაჩერა, – მოგწონთ აქაურობა?

– მშვენიერია.

– ჰოდა, დროებით აქ იცხოვრებთ, მერე კი ვნახოთ, – უთხრა მალხაზს ლუდამ, კაცებთან ერთად მანქანიდან გადავიდა, მაგრამ ეზოში პირველი შევიდა, რომ ნაგაზებს პითონი არ შეეშინებინათ.

ახალმოსულებს მათე პირველი სართულის ჰოლში შეეგება, მეორე სართულზე, სამზარეულოში აიყვანა და ლუდას უთხრა:

– აბა, შენებურად დატრიალდი, ჩემო გოგონა, რამე გვაჭამე და დაგვალევინე. პატივსაცემი სტუმარი გვყოლია და არ შემარცხვინო.

ლუდამ სუფრა გაშალა, ჰამომ ჭიქები წითელი ღვინით შეავსო, მათემ კი რუსულად თქვა:

– ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, ყველანი ბავშვობიდან მოსული ვართო და იქ ბევრი რამ უკანმიუბრუნებლად გვრჩება ხოლმე. თუმცა, ზოგჯერ ღმერთი ამ მხრივაც მოწყალეა და ბავშვობაში გაბრუნებს, ძველ მეგობრებს გახვედრებს და ამაოების ჭაობიდან მცირე ხნით ამოჰყავხარ, – მათემ ჭიქა გამოცალა და მაგიდაზე დადგა.

მალხაზს მოხუცი მასპინძლის ხატოვნად ნათქვამი სადღეგრძელო მოეწონა. მართალია, ბოლომდე ვერ ჩაწვდა მის აზრს, მაგრამ ბერიკაცისთვის არაფერი უკითხავს, დაილოცა, ღვინო დალია და დააყოლა.

– მშვენიერი სასმელია!

– რა გასაკვირია, – მხრები აიჩეჩა მათემ, – სუფთა ხვანჭკარაა. სულ რაღაც ათი ტონა იწურება და აქედან ასი ლიტრი მე მომდის. თუმცა, ზოგიერთს ნარკოტიკი ურჩევნია ამ ღვთიურ სითხეს.

– ეს იმიტომ, ძიაკაცო, რომ ახალმა თაობამ ტრადიციები დაკარგა, – თქვა მალხაზმა და ხიზილალიანი პური მოკბიჩა.

– არა, განა ჩემ დროს არ კაიფობდნენ, მაგრამ, ჯერ ერთი, ძალიან ცოტა, თანაც, არა ასეთი ატრავით. ძირითადად, ანაშის წევით ვირთობდით თავს, – ვითომ თავისთვის თქვა მათემ და ალმაცერად გადახედა პითონს, რომელიც გემრიელად ილუკმებოდა.

მათეს სიტყვებზე მალხაზმა თავი დააქნია, ლუკმა გადაყლაპა და თქვა:

– ბავშვობაში ანაშით მეც ვბოლდებოდი, მაგრამ, ეეჰ, ეს როდის იყო. მას მერე ათასმა წყალმა ჩაიარა.

მათეს გაეღიმა, პითონს მიაჩერდა და ქართულად უთხრა:

– გახსოვს, მახო, სოხუმის სადგურში ანაშის შმატოკი რომ გადაყლაპე?

პითონს ბუტერბროდიანი ხელი ჯერ ჰაერში გაუშეშდა, შემდეგ მათეს ესროლა გამჭოლი მზერა, ქალ-ვაჟსაც გადახედა და მასპინძელს რუსულად ჰკითხა:

– რა ბრძანე, ძიაკაცო?

– კიდევ კარგი, რომ სოხუმელმა „ძაღლებმა“ იყოჩაღეს და შმატოკი გამოგაგდებინეს, თორემ ახლა კარგა ხნის მკვდარი იქნებოდი. ქიშო როგორ ვქოთეთ? – კვლავ ქართულად თქვა მათემ.

პითონს თვალები უზომოდ გაუფართოვდა, ხელიდან ბუტერბროდი გაუვარდა და აკანკალებული ხმით, ქართულად ჰკითხა მათეს:

– ზვიად, შეენ?!

– მე ვარ, შე ძველო, მე! როგორ ხარ, მახოჯან? – გაეცინა მათეს და ბავშვობის ძმაკაცები ერთმანეთს ჩაეხუტნენ...

ძველმა თბილისელმა ქურდებმა რომ ერთმანეთის მოკითხვით იჯერეს გული და ბავშვობა გაიხსენეს, პითონმა მათეს უთხრა:

– წარმოუდგენელია. ტყუილი ნათქვამი კი არაა, რომ ღმერთი, ყველაფერს ხედავს და მისი მოწყობილია ჩვენი შეხვედრა.

– სიმართლე გითხრა, შენზე კარგი აზრის არ ვიყავი და მანგუსტთან შეკრული მეგონე. რომ არა შენზე თავდასხმა, აზრს არ შევიცვლიდი.

– ბოლომდე თამაში ვერ შევძელი, – ხელი ჩაიქნია პითონმა, – მაინც გამშიფრეს და აი, შედეგი. ბოლო ხუთ თვეში ექვსჯერ დამესხნენ თავს. პირადად მანგუსტი დამიპირისპირდა და ის ნაბოზარი რამეს შეგარჩენს? ან, რამდენ ხანს უნდა მეტყუებინა? ძველი კომიტეტჩიკია და სულ თავისნაირები ჰყავს გვერდით.

– კიდევ კარგად გავძელით მე და შენ, – უთხრა პითონს მათემ, – შენ უნდა გენახა, მე რა ომი გამიმართა. ციმბირიდან ჯერ თბილისში, მერე კი შტატებში მდია, მაგრამ ფეხები ვერ მომჭამა.

– მე კი მეგონა, რომ შტატებში დაგბრიდა მანგუსტის ხალხმა.

– ეს მარტო შენ კი არა, ყველას ასე ჰგონია. იმიტომაც მოვაწყვეთ ეს შოუ. მე რომ ცოცხალი ვარ, სულ ხუთმა ადამიანმა იცის და მეექვსე შენ ხარ. აქ კი იმიტომ მოგიყვანე, რომ გვერდით დამიდგე და ერთად გავაკეთოთ საერთო საქმე.

– კონკრეტულად?

– ხვალ ღამით, ტაგანკის ციხიდან ოცი ჩვენი ძმის პაბეგი მოეწყობა. ისინი რეგიონებში წავლენ და ქურდული დვიჟენიების მოყვანას დაიწყებენ. ჩვენმა მეგობრებმა სპეციალურად ამ საქმისთვის 20 მილიონი ევრო ჩამოიტანეს თბილისიდან. პაბეგში 5 მილიონს ვიხდით, დანარჩენი 15 მილიონი კი ჩვენს ძმებს გაუნაწილდებათ დვიჟენიების მოსაყვანად.

– ესე იგი, მანგუსტს ომი გამოუცხადე?

– მან თვითონ გამოგვიცხადა ომი.

– მე რა უნდა გავაკეთო?

– რუსეთის მაყურებელი უნდა გახდე.

– რაო, რა თქვი?

– რუსეთის მაყურებელი უნდა გახდე! – გაიმეორა მათემ, – ვერაფერს ხვდები?

– თითქმის.

– ხომ არ გეშინია?

ჰამო და ლუდა უხმოდ აკვირდებოდნენ კანონიერი ქურდების დიალოგს, რომლებსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდათ, როგორც მილიონობით ადამიანის ბედის გამგებლებს... თუმცა, ეს არც ისე შორს იყო ჭეშმარიტებისგან, რადგან თითოეული მათგანის სიტყვას უამრავი ადამიანი ემორჩილებოდა...

პითონი წამოდგა, გაიარ-გამოიარა და მათეს უთხრა:

– მოდი, ასე ვქნათ: შენ ახლა დაწვრილებით გამიიასნე ყველაფერი და მე ყურადღებით მოგისმენ. მერე კი ყველაფერი დავალაგოთ.

– მარტივი ჩანაფიქრია. ქურდების სხოდკას შეკრიბავ, რომელზეც ჩემს წერილს დაჩითავ. წერილი ვითომ ორი წლის წინაა დაწერილი და ეწერება, რომ ჩემს მემკვიდრედ გაცხადებ, ქურდები კი ყველაფერს გააპრავებენ.

– ქურდებამდე როგორ მივალ?

– სიომა მიგიყვანს.

– ისიც საქმის კურსშია?

– არა. მას მე არაქურდი ვგონივარ და გრიმში ვერ მცნობს. ქურდებს რომ პაბეგს მოვუწყობთ და მაყუთის ასაღებად კონსპირაციულ ბინაში მოვლენ, „სხოდკასაც“ იქ მოვაწყობთ. უფრო სწორად, მოაწყობთ. მანამდე კი სიომას შეგახვედრებ. დღეს სიომას გასაცნობად ჰამო მიმყავს და ერთად წავალთ.

ჰამომ საათს დახედა და მათეს უთხრა:

– ხუთი სრულდება. ბანკშიც ვართ წასასვლელები.

– მიდი, ლუდაჩკა, ჩემი ბლანჟეიანი პარიკი მოუტანე მახოს, მოარგე და წავიდეთ, – უთხრა მათემ ლუდას.

გოგონამ მათეს თხოვნა შეასრულა, პითონს პარიკი მოარგო, მცირე მაკიაჟიც გაუკეთა და ისე შეუცვალა გარეგნობა, რომ მშობელი დედაც ვერ იცნობდა.

– მშვენიერია, წავედით, – თქვა მათემ. მაგრამ ჰამომ ხელით შეაჩერა:

– სტუმრები გვყავს. გუშინ რომ იყვნენ, ისევ ის კანტორაა, მაგრამ ახლა უკვე ოთხნი არიან, –

მერე ფანჯარაში ფრთხილად გაიხედა და თქვა:

– ესენიღა გვაკლდნენ. თქვენ აქ იყავით, გავალ და დავებაზრები. შევპირდები, რომ კარ-მიდამოს მივყიდი და გავისტუმრებ.

– გვიანაა, – მწარედ ჩაეცინა მთაწმინდელს, – ამ „ნაბოზრებმა“ შენი „ურჩხულები“ დახოცეს და სახლისკენ მოიწევენ.

მათემ ისევ გაიხედა ფანჯარაში და ჩაილაპარაკა:

– სხვა გზა არაა, უნდა შევეგებოთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგვივიდეს.

ათლეტური აღნაგობის ოთხი ახალგაზრდა ცინიკური გამომეტყველებით შევიდა სახლში. ერთ-ერთ მათგანს მაყუჩიანი პისტოლეტი ეკავა ხელში, იგინებოდა და გზადაგზა წიხლებს ურტყამდა სხვადასხვა საგნებს.

– მე და მახო აქ დავრჩებით, ვითომ მოხუცები ვართ, თქვენ კი სააბაზანოში დაიმალეთ, თორემ, ახალგაზრდებს რომ დაგინახავენ, ახალ შარში ჩაგვაგდებენ, – უთხრა მათემ ქალ-ვაჟს და ისინი სააბაზანოში გაისტუმრა, თვითონ კი პარიკიან პითონთან ერთად მაგიდას მიუჯდა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს არაფერი გაუგია.

ახალგაზრდები ოთახში ხმაურით შეიჭრნენ. პისტოლეტიანმა იარაღი მიუშვირა მათეს და უთხრა:

– ხომ გითხარი, ჯიუტო მოხუცო, მოვალთ-მეთქი. მოემზადე, სული უნდა ამოგართვა!

– აყალმაყალი რა საჭიროა, ყმაწვილო? თანახმა ვარ. მომეცით საბუთები და ხელს მოგიწერთ, – უთხრა ჰამომ პისტოლეტიანს.

– ნურას უკაცრავად, ბებერო! ხომ არ ფიქრობ, რომ ძველ არბატზე გიყიდით ბინას! ეგ გუშინ იყო, დღეს სხვა პირობები გვაქვს, 5 ათასი დოლარიც გეყოფა.

– 5 ათასად მოსკოვში თაგვის სოროსაც ვერ იყიდი, სახლზე რომ არაფერი ვთქვათ.

– სახლი რად გინდა, ბებერო? ორივე ფეხი სამარეში გაქვს და, დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოკვდები. ამ ფულით კი სადმე საყრუეთში იქირავებ ერთ ოთახს და სიკვდილამდე გეყოფა. ავეჯს, ჭურჭელს და ნივთებს გაყიდი და ესეც ფულია.

მათე მზად იყო, ყველაფერზე დათანხმებოდა მოძალადეებს, რომ მშვიდობით გაესტუმრებინა, მაგრამ, ზედმეტად არარეალურად რომ არ გამოჩენილიყო მისი საქციელი, მოღუშული სახით შეევედრა პისტოლეტიანს:

– ეს რა სამართალია, შვილო, ცოცხალ კაცს სულს მართმევთ. ერთოთახიანი ბინა მაინც მიყიდეთ.

– გუშინდელი გაიხსენე, შე დამპალო! – კბილებში გამოსცრა პისტოლეტიანმა და მათეს პისტოლეტის ლულა გაუტყლაშუნა ლოყაზე.

მახომ, რომელიც უსიტყვოდ ადევნებდა თვალყურს მოძალადეების თარეშს და მარჯვენა ხელით ჯიბეში ჩაბღუჯული პისტოლეტი ჰქონდა, პისტოლეტიანს უსაყვედურა:

– არ გრცხვენიათ, ახალგაზრდავ? ბაბუათქვენის ტოლ კაცს როგორ ეპყრობით?

– ეს ბოზი ნახე, ენა არ ამოიდგა? – ჩაიქირქილა ერთ-ერთმა მოძალადემ, რომელიც პითონთან ყველაზე ახლოს იდგა და მას თმაში ჩაავლო, მაგრამ პარიკი შერჩა ხელში...

მოძალადეები გაშრნენ და პითონს მიაჩერდნენ. პისტოლეტიანმა კი ჯერ კოპები შეკრა და მახოს მიაჩერდა, შემდეგ ბლანჟეც მოაძრო და თქვა:

– რა მასკარადი გაგიმართავთ?

– მსახიობი ვარ, ძამიკო, – უთხრა პითონმა პისტოლეტიანს, – ახალი როლი მომცეს თეატრში და გრიმს ვეჩვევი.

პისტოლეტიანი მათესკენ გაემართა, რომ ენახა, მასაც გრიმი და პარიკი ეკეთა თუ არა, მაგრამ ერთ-ერთმა მოძალადემ, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა მახოს, წამოიძახა:

– ძმებო, ეს ის არაა, ყოველ წუთს რომ ტელევიზორში აჩვენებენ? აი, ის, სახლი რომ დაუცხრილეს! მოიცა, მოიცა, რა სახელი თქვეს? პითონი, ჰო, პითონი, – გაიხსენა და მახოს გაოცებული მიაჩერდა.

– სახიფათო ცოდნა გაქვს, ბიჭუნი... – ირონიულად თქვა პითონმა და ჯერ პისტოლეტმომარჯვებულს ესროლა, შემდეგ დანარჩენი სამი მოძალადეც თითო გასროლით დახოცა და სააბაზანოდან გამოსულ ლუდას უთხრა: – მოდი, ჩემო გოგონი, პარიკი და მაკიაჟი გამიკეთე და აქედან სასწრაფოდ ავახვიოთ.

– სამწუხაროა, – თავი გააქნია მათემ, – ეს უბედურები ცუდ ფეხზე იყვნენ დღეს ამდგრები. დისლოკაციის ადგილი უნდა შევიცვალოთ.

მათემ ჰამოს ფულით სავსე კეისი მისცა და დანარჩენებთან ერთად „ჯიპისკენ“ გაისტუმრა. თავად კი სამზარეულოდან ბენზინით სავსე კანისტრა გამოიტანა და მთელ სახლში მოასხა. შემდეგ პირველ სართულზე ჩავიდა და სახლს ცეცხლი წაუკიდა. მოძალადეების მანქანასაც ცეცხლი წაუკიდა და, როდესაც მათი „ჯიპიც“ ცეცხლის ალში გაეხვია, „ჯიელში“ ჩაჯდა და ჰამოს უთხრა:

– სწრაფად წავედით აქედან, არავინ დაგვინახოს...

***

მათემ და კამპანიამ მოსკოვის ცენტრისკენ აიღეს გეზი. ჰამომ 5 მილიონი ევრო გადარიცხა ტაგანკის ციხის მთავარი მებადრაგის ანგარიშზე, ერთ-ერთი ოფშერული ზონის ბანკში. შემდეგ ისინი იმ კონსპირაციულ ბინაში წავიდნენ, სადაც მათე რომას ხვდებოდა ხოლმე და ლუდას უთხრა:

– არ გეწყინოს, ჩემო გოგონა, მაგრამ დროებით სხვა ოთახში უნდა გახვიდე და იქიდან მოისმინო ჩვენი საუბარი. საჭირო არაა, რომ სიომამ ჩვენთან ერთად გნახოს. ხომ არ გეწყინება?

– რა თქმა უნდა, არა, – თქვა ლუდამ და, მეორე ოთახში გავიდა თუ არა, კარზე კაკუნის ხმა გაისმა. მათემ ჰამოს და პითონს ანიშნა, რომ მოვიდაო და კარის გასაღებად წავიდა.

– აქა მშვიდობა, – თქვა სიომამ, ოთახში რომ შევიდა და ჰამოსა და პითონს თავი დაუკრა.

– ეს ჰამოა, ეს კი – პითონი, – უთხრა მათემ სიომას და დამხვდურები გააცნო.

სიომამ ჰამოს ხელი ჩამოართვა. შემდეგ მახოს მიაჩერდა, პარიკში ვერ იცნო და მათეს ჰკითხა:

– ვინ პითონი?

– მახო, – უთხრა მათემ.

– ვინ მახო? – დაიბნა სიომა, პითონმა პარიკი მოიძრო და სიომას გაუღიმა:

– ნუთუ ასე მცვლის პარიკი, რომ ვერ მცნობ?

– მახო, შეენ? – აღმოხდა სიომას და პითონს გადაეხვია, შემდეგ ღიმილით მიაჩერდა და უთხრა, – ყველა ტელევიზია შენი დაღუპვის ამბავს გადმოსცემს, შენ კი აქ არ გამომეცხადე საღ-სალამათი?!

– ძლივს გადავრჩი, მაგრამ, ეს მერე იყოს, – უთხრა სიომას პითონმა. შემდეგ მათეს მიუბრუნდა და სთხოვა: აუხსენი ამ პატიოსან კაცს, რაშია საქმე!

მათემ ჯიბიდან ოთხად დაკეცილი ქაღალდი ამოიღო, სიომას მიაწოდა და უთხრა:

– ეს მათეს წერილია, უფრო სწორად, ანდერძი. მათეს ხელი შენ არ გეშლება და წაიკითხე.

სიომამ ყურადღებით წაიკითხა წერილი და თქვა:

– აქ წერია, რომ მათე თავის მემკვიდრედ პითონს ასახელებს და მას აძლევს ხმას. ახსენი, რაშია საქმე?

– ახლავე, – თავი დააქნია მათემ, – როგორც იცი, ქურდების გაქცევის იდეა მათეს მოფიქრებულია. ამ წერილში არ წერია, მაგრამ, ისიც მათეს იდეა იყო, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში სერიოზული სხოდკა გამართულიყო და რუსეთის მაყურებლად პითონი აერჩიათ. სწორედ ახლაა ამის შანსი. პაბეგი რომ მოხდება და ქურდები გამოვლენ, ამ ბაითში სხოდკა ჩაატარეთ, ქურდებს ეს წერილი გააცანით და თქვენ იცით!

– ბაზარი არაა, – თავი დააქნია სიომამ, – მახო ღირსეული კაცია და მათე არასწორ არჩევანს არ გააკეთებდა. დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენებიც იმავეს იტყვიან. ესე იგი, სხოდკა ხვალ გაიმართება, აქ.

– ჰო, მაგრამ, ყველაფერი მაშინ იქნება კარგად, როდესაც ქურდები გარეთ გამოვლენ. მაყუთი გადარიცხულია და პაბეგიღა დარჩა, – უთხრა მათემ სიომას.

– ვიცი. ბადრაგის უფროსი ნახევარი საათის წინ დამიკავშირდა და მიმახვედრა, რომ მაყუთი ანგარიშზე დაჯდა. ხვალ, შუაღამისას ის ქურდებს ციხიდან გამოიყვანს.

– ძალიან კარგი. მათ წამოყვანაში კი ჰამო დაგეხმარება.

სიომამ ჰამო აათვალიერ-ჩაათვალიერა და უთხრა:

– ხვალ ღამის 11 საათზე მეტროს სადგურ „ტაგანკასთან“ დაგელოდები თეთრი „მერსედესის“ მიკროავტობუსით. სამხრეთ შესასვლელთან ვიდგები და არ დააგვიანო. იქიდან წავალთ ციხესთან, სადაც მეორე მიკროავტობუსი იდგება და შენ იმაში გადაჯდები. იცოდე, არ დაიგვიანო. მე წავედი, სიომა ყველას დაემშვიდობა და წავიდა.

– ნეპმანოვსკი ქურდია, იდეინი და უბრალო. თუმცა, ბევრ რამეზე არ მოგვიწერს ხელს და იტყვის, მაფიოზურია, ბოზური და არაქურდულიო, – თქვა პითონმა.

– სწორედ ამიტომაც არ ვეჩვენები. სიომა ჩამორჩენილი ქურდია და, ჩვენი გეგმები რომ ბოლომდე გავაცნოთ, ბოზებს დაგვიძახებს. ეგ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ორმოც-ორმოცდაათიან წლებში ცხოვრობს და მისთვის ყველაფრის თქმა ამიტომ არაა საჭირო. ლუდაჩკაც ამიტომ გადავმალე. მას რომ ჩვენთან ქალი ენახა, აუცილებლად გვისაყვედურებდა.

– სწორია, სწორი, – სიცილით დაეთანხმა მათეს პითონი.

– ქურდებო, – თქვა ლუდამ, – რომელიც მანამდე უხმოდ ისმენდა მათესა და მახოს დიალოგს, – თუ აღარ გჭირდებით, მაშინ, წავალ და ამ ბიჭსაც მოგტაცებთ.

– ბაზარი არაა, წაიყვანე, მაგრამ ხვალ საღამომდე უნდა გამოუშვა, – ღიმილით დართო ნება მათემ.

– წამოხვალ, ჰამო? – ჰკითხა ლუდამ მთაწმინდელს.

– წამოვალ.

ქალ-ვაჟი ქურდებს დაემშვიდობა, კონსპირაციული ბინა დატოვეს და „ჯიელის ჯიპით“ ძველი არბატისკენ გაემართნენ, სადაც მედვედევების ფეშენებელური ბინა მდებარეობდა.

ლუდამ გზად სუპერმარკეტში შეიარა, უამრავი პროდუქტით სავსე ორი უზარმაზარი პარკით დაბრუნდა და წყვილმა მშვიდობიანად მიაღწია ბინამდე. მდიდრული ვახშმის შემდეგ თავდავიწყებით მიეცნენ ალერსს, მხოლოდ დილის 4 საათზე ჩაეძინათ და დღის 3 საათი სრულდებოდა, თვალი რომ გაახილეს.

ლუდა საწოლზე წამოჯდა, გაიზმორა და ჰამოს უთხრა:

– მოდი, კიდევ...

– მხოლოდ ცოტა ხნით. თორემ, ღამის 11 საათზე სიომას უნდა შევხვდე.

– მაშინ, დროს ნუ დავკარგავთ, – თქვა ლუდამ, ზემოდან დააცხრა და ვნების მორევში გადაეშვა...

ჰამოს და ლუდას „ცოტა ხანი“ ხუთ საათს გაგრძელდა – 8 საათი იყო, როდესაც ჰამო წამოდგა და იბანავა. შემდეგ ივახშმა, ჩაიცვა და სავარძელში მოკალათდა.

– მოდი, კვიცო, კიდევ! დრო კიდევ გვაქვს, – უთხრა ჰამოს ლუდამ.

– რა კიდევ, გაგიჟდი? ერთ საათში უნდა წავიდე, – თქვა ჰამომ და ტელევიზორი ჩართო.

– რა გაეწყობა, – თქვა ლუდამ და დედიშობილა გაემართა შხაპის მისაღებად.

ტელევიზორში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებს აჩვენებდნენ, რომელზეც ტყვიებით დაცხრილული სიომკა ჩანდა, დიქტორმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა: „მილიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ცნობილი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „სიომა“, რომელმაც სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და ორი მათგანი მოკლა“.

ჰამოს ლამის თვალები გადმოსცვივდა და იღრიალა:

– ლუდა, ლუდა, მოდი აქ!

ლუდა დედიშობილა გამოვარდა აბაზანიდან და ჰამოს წინ დაუდგა:

– ჟიმაობა გადაწყვიტე, ძვირფასო?

– რა ჟიმაობა, ჩქარა ჩაიცვი და წავედით! „ძაღლებმა“ სიომა მოკლეს.

– სიომა მოკლეს?

– ჰო, ჰო, ახლახან გადმოსცეს ტელევიზიით. ჩქარა, ჩაიცვი და მათესთან წავიდეთ.

ლუდა ათ წუთში უკვე მზად იყო. ადგილზე რომ მივიდნენ, ათს თხუთმეტი წუთი აკლდა. მათე კოპებშეკრული შეხვდა წყვილს და ჰამოს ჰკითხა:

– სიომას ამბავი გაიგე, ხომ?

– გავიგე, ახლა რა ვქნათ?

– რა უნდა ვქნათ და, პირდაპირ „ტაგანკის“ ციხესთან უნდა მიხვიდე, მიკროავტობუსი მოძებნო და ქურდებს დაელოდო.

– მერედა, მთავარი მებადრაგეც ხომ გაიგებდა სიომას ამბავს და, ალბათ, პაბეგს აღარ მოაწყობს.

– მოაწყობს, – თქვა მათემ, – მე მას უკვე დავურეკე და ვუთხარი, რომ სიომას მეგობარი ვარ და ყველაფერი ძალაში რჩება. უბრალოდ, ჩალიჩი მარტო მოგიწევს და ოცივე ქურდი ერთ მიკროავტობუსში უნდა შეყარო.

– რატომ მარტო? მეც მივეხმარები. თანაც, ხომ შეიძლება, რომ სიომას ჯერ არ ჰქონოდა ჰამოს მიკროავტობუსი ტაგანკასთან დაყენებული და, შემიძლია, დავითრიო.

– არ გვაწყობს, – თავი გააქნია მათემ, – შემთხვევით რომ ვინმემ გიცნოს, მაშინ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება და მამაშენი საშინელ შარში გაეხვევა.

– მერედა, პარიკი და მაკიაჟი რისთვის არსებობს?

– პარიკი?

– ჰო. სულ რაღაც ათი წუთი მჭირდება საამისოდ. მე და ჰამო ახლა ქვემო არბატზე დავბრუნდებით და იქიდან, გარეგნობაშეცვლილი, მიკროავტობუსით წავალთ ტაგანკისკენ.

– მიდით. მაგრამ ძალიან ფრთხილად. ღმერთი თქვენკენ! – უთხრა მათემ ლუდას და წყვილი გაისტუმრა.

ღამის თორმეტის ნახევარი სრულდებოდა, როდესაც გარეგნობაშეცვლილი ლუდა და ჰამო ძველი არბატიდან მოპარული მიკროავტობუსით ტაგანკის ციხესთან მივიდნენ.

– ამით მოგვიწევს ქურდების წაყვანა. მეორე მიკროავტობუსი ადგილზე არ დგას, როგორც ჩანს, სიომამ ვერ მოასწრო მანქანის აქ მოყვანა.

– ეგ არაფერი, – უთხრა ლუდამ ჰამოს, რომელიც მოპარული მანქანის საჭესთან იჯდა, – შეთანხმებულ ადგილზე გააჩერე მანქანა და თუ „ძაღლები“ გაიჩითნენ, როგორც მოვილაპარაკეთ, ისე მოვიქცეთ. კუპიურები ხომ გამზადებული გაქვს?

– კი, – თქვა ჰამომ და ლუდას ხუთდოლარიანების დასტა დაანახვა, რომელიც წინასწარ ჰქონდა გამზადებული იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ მილიციელები წამოადგებოდნენ თავს. ასეთ შემთხვევაში წყვილს შეყვარებულებად უნდა გაესაღებინა თავი და მილიციელები ხუთდოლარიანებით მოექრთამათ.

– რა საზარელი სიჩუმეა, – თქვა ლუდამ, რომელსაც წითური პარიკი და მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული და ისე იყო შეცვლილი რომ დედ-მამაც ვერ იცნობდა.

მანქანა პატარა სკვერში იდგა, საიდანაც ტაგანკის ციხემდე 400 მეტრი აშორებდათ, თუმცა ყველაფერი მშვენივრად მოჩანდა. ბადრაგის უფროსს პატიმრები იქამდე უნდა მიეყვანა.

ქალ-ვაჟი უხმოდ უთვალთვალებდა ციხის შესასვლელს. ზუსტად შუაღამისას კარი გაიღო და ციხიდან უზარმაზარი საბადრაგო მანქანა გამოვიდა.

– მოემზადე, მოდიან! – უთხრა ლუდამ ჰამოს და უკანა სალონში გადავიდა, რათა გაქცეული ქურდებისთვის კარი გაეღო.

საბადრაგო მანქანა საპირისპირო მიმართულებით წავიდა, ნელ-ნელა უმატა სისწრაფეს და მალევე თვალს მიეფარა.

– რა ხდება, შეხვედრის ადგილი შეეშალა? – თქვა ლუდამ.

– არა მგონია, – თავი გააქნია ჰამომ, – როგორც ეტყობა, ეგენი სხვები იყვნენ და ჩვენებიც მალე გამოჩნდებიან.

– გამოჩნდნენ კიდეც, – ლუდამ მარცხნივ გაიშვირა ხელი და ჰამოს ავტოინსპექციის მანქანა დაანახვა, რომელიც მათ მიკროავტობუსს უახლოვდებოდა.

– ხუთდოლარიანის ვარიანტისთვის მოემზადე, ლუდაჩკა, – უთხრა ჰამომ გოგონას და კოცნა დაუწყო.

ავტოინსპექტორები მიკროავტობუსთან შეჩერდნენ. ორიდან ერთ-ერთი მანქანიდან გადავიდა, ჰამოს ფანჯარაზე მიუკაკუნა, ჯერ მხედრული სალამი მისცა, მერე კი მხიარული ხმით უთხრა:

– რას ვაკეთებთ, ახალგაზრდებო?

– ამხანაგო კაპიტანო, – წაეკეკლუცა ლუდა მილიციელს, – ვაშავებთ რამეს?

მილიციელმა კოპები შეკრა, ხმა შეიცვალადა ახალგაზრდებს ოფიციალური ტონით უთხრა:

– თუ შეიძლება, მანქანის ეკოლოგიური ვარგისიანობის საბუთი მანახეთ!

– ამხანაგო კაპიტანო, – უფრო კეკლუცად უთხრა ლუდამ ავტოინსპექტორს, – ვინღა აკეთებს ამ საბუთს?

– გასაგებია. ესე იგი, არ გაქვთ. მაშინ, თქვენი საბუთები, რომ ჯარიმა გამოვწერო და მანქანა შესამოწმებლად გადავიყვანო.

– კარგი, რა, ამხანაგო კაპიტანო, – კეკლუცობას განაგრძობდა ლუდა, – რატომ შემოგვიჩნდით?

– მე შემოგიჩნდით?

– თქვენ, თქვენ, ჩემო მშვენიერო, – იღიმებოდა ლუდა, – თუ შეიძლება, გვაცალეთ!

– რა უნდა გაცალოთ? – ნაძალადევი სიმკაცრით წარმოთქვა ავტოინსპექტორმა, – უხეშად არღვევთ წესს და ეკოლოგიური ვარგისიანობის საბუთიც არ გაქვთ.

– სამაგიეროდ, სხვა რამ გვაქვს.

– რა „სხვა რამ“?

ლუდამ ჰამოს მუჯლუგუნი წაჰკრა:

– მიდი, ირაკლი, ამხანაგ ინსპექტორს პატივი ეცი და დააფასე!

ჰამომ ჯიბიდან ხუთდოლარიანი ამოიღო და ინსპექტორს უხალისოდ მიაწოდა. კაპიტანმა ფული არ გამოართვა და თქვა.

– ეს – ერთისთვის, ჩვენ კი ორნი ვართ.

ჰამომ ავტოინსპექტორს ორი ცალი ხუთდოლარიანი მიაწოდა, რომელმაც ისინი სწრაფად ჩაიდო ჯიბეში. შემდეგ წყვილს მხედრული სალამი მისცა და სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, უთხრა:

– მხიარულ ღამეს გისურვებთ, ნახვამდის!

– მშვიდობით, კაპიტანო, – ლუდამ ხელი დაუქნია ავტოინსპექტორს და მილიციის მანქანა რომ თვალს მიეფარა, ჰამოს უთხრა, – რა მელოჩნიკები არიან, არა?

– მაგარი მელოჩნიკები, – დაეთანხმა ჰამო, – ახლა კი, მგონი, უკვე ჩვენები მოდიან და მოემზადე.

ტაგანკის ციხის კარი კვლავ გაიღო და იქიდან მილიციის პატარა მანქანა, ეგრეთ წოდებული „ვარონკა“ გამოვიდა და მიკროავტობუსისკენ აიღო გეზი. როდესაც მიუახლოვდა, გაჩერდა, კაბინიდან უნიფორმიანი მამაკაცი გადმოვიდა, ჰამოს მიუახლოვდა და ჰკითხა:

– სიომას პაძელნიკი ხარ?

– შენ კი – ციხის მთავარი ბადრაგი? – კითხვა შეუბრუნა ჰამომ.

– ყველაფერი რიგზეა. მიიღე ქურდები, – უთხრა უნიფორმიანმა და ჯერ „ვარონკის“ კარი გააღო, მერე კი შიგ მსხდომებს მიმართა, – ქურდებო, გადაჯდომაა, სწრაფად გადმოდით!

ციხიდან ახალგამოყვანილი ოცივე ქურდი სწრაფად გადაჯდა „ვარონკიდან“ მიკროავტობუსში და ჯერ „ვარონკა“ წავიდა, მერე კი ჰამო დაიძრა.

ქურდები, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ იზოლაციაში, გაოცებულები უყურებდნენ წითურ პარიკსა და გრიმში გამოწყობილ ლუდას, რომელსაც თავისი ისედაც სექსუალური სხეული უკიდურესად სექსუალურ სამოსში ჰქონდა გახვეული. მედვედევას არ გამოჰპარვია ქურდების მზერა, თვალი გადაავლო მათ და ყველას გასაგონად თქვა:

– რაო, მგლებო, ნუგბარი ლუკმა გგონივართ, არა? ნება რომ გქონდეთ, ალბათ, კოლექტიურად დამეტაკებოდით, ხომ?

ქურდების უმრავლესობამ უპასუხოდ დატოვა გოგონას სიტყვები, მაგრამ მათ შორის ყველაზე ახალგაზრდამ, კავკასიური წარმოშობის ქურდმა, მეტსახელად „ელბრუსმა“, რომელიც ისეთი ნდომით უყურებდა ლუდას, რომ მართლაც მზად იყო, იქვე დატაკებოდა, უთხრა:

– რაც კარგია, კარგია. შენთან ერთად ნამდვილად გავატარებდი ორ-სამ საათს.

– კარგია, მაგრამ შენ არ გარგია, – ირონიულად გაულექსა ლუდამ ელბრუსს, – ორი-სამი საათი, შეგიძლია, ხელი გაივარჯიშო და დაკმაყოფილდე.

– რაო, რა თქვი?

– რამე გაუგებარია? შეგიძლია, წაივარჯიშო-მეთქი.

ლუდას სიტყვებმა ქურდების გულიანი სიცილი გამოიწვია. თუმცა, ელბრუსი უკიდურესად გაღიზიანდა:

– ქალი არ იყო, ვიცი, რასაც გიზამდი, მაგრამ თავს ვიკავებ.

– ქალი რომ ვარ, სწორედ ამიტომ არ გერჩი.

– არ მერჩი?

– მხოლოდ სიტყვით, ანუ, არ გტკეპნი შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის, – გამაღიზიანებელი ქურდული ჟარგონი იხმარა ლუდამ, რამაც ელბრუსი უკიდურესად გააცოფა.

– შენ ვინ უნდა „დატკეპნო“, შე... – ქურდმა ენას კბილი დააჭირა და გინებისგან თავი შეიკავა.

– მიდი, თქვი, რისი თქმა გინდოდა! რა კბილებში გაგეჩხირა სიტყვა, თუ, ვაჟკაცობა არ გყოფნის?

– გეყოფა, ლუდა, – უთხრა ჰამომ მედვედევას, – აქ ამის დრო არაა. მშვიდობით მივიყვანოთ ეს ხალხი დანიშნულების ადგილზე.

– მივიყვანოთ, მაგრამ, რა მანიაკებივით მიყურებენ ეს მართლა მგლები!

– შენც პირველად გიყურებენ, რა! – ჩაეცინა ჰამოს, – იმდენი ხანი იყვნენ იზოლაციაში, რომ კაბიანი ცოცხიც ქალად მოეჩვენებოდათ, შენ კი მთელი შენი სიმდიდრე გადაუშალე და, აბა, რას იზამდნენ?

– არ მყავდნენ, რა, რასპუტინები...

ქურდებს მხოლოდ ჩაეცინათ ლუდას სიტყვებზე. ელბრუსმა კი კვლავ ვერ მოითმინა და ლუდას უთხრა:

– ენას კბილი დააჭირე, წერამ ნუ აგიტანა, თორემ...

– თორემ, ჩემთან ორი-სამი საათით საოცრებებს ჩაიდენ, ხომ? – თქვა ლუდამ. შემდეგ ელბრუსს შეხედა და ხარხარი აუტყდა.

– გიჟია, – ჩაილაპარაკა ელბრუსმა, ხელი ჩაიქნია და თვალი მოაცილა მოხარხარე ლუდას.

მიკროავტობუსმა მარცხნივ გაუხვია, გზატკეცილზე გავიდა და ჰამო სისწრაფის მომატებას აპირებდა, მაგრამ უცებ ლუდას უთხრა:

– წინ გადმოდი. ჩვენი ნაცნობი „ძაღლები“ გაიჩითნენ და შენ ხარ საჭირო.

ლუდა წინ გადავიდა. ჰამომ კი მილიციელის მოთხოვნით, მიკროავტობუსი გააჩერა. მედვედევამ ფანჯარა ჩასწია და ავტოინსპექტორს უთხრა:

– ეს ჩვენ ვართ, კაპიტანო, რაშია საქმე?

ქალ-ვაჟის ნაცნობი კაპიტანი, რომელსაც ჰამომ ათი დოლარი მისცა, ლუდას ელაპარაკებოდა. მეორე მილიციელი კი, რომელიც ლეიტენანტის ჩინს ატარებდა, ჰამოს მხრიდან მიადგა მანქანას.

– თუ შეიძლება, თქვენი საბუთები! – მკაცრად უთხრა კაპიტანმა ლუდას.

– რა საბუთები, მაგის საფასური ხომ გადაგიხადეთ? წაეკეკლუცა ლუდა. მაგრამ კაპიტანი შეუვალი იყო და პირქუშად გაუმეორა:

– საბუთები!

ჰამომ ჯიბიდან ორი ცალი ხუთდოლარიანი ამოიღო და ლუდას მისცა. გოგონამ კი კაპიტანს გაუწოდა და უთხრა:

– აი, კიდევ, კაპიტანო, ღმერთმა შეგარგოთ!

– საბუთები! – გაიმეორა ინსპექტორმა.

– არ გვაქვს, – მოკლედ მოუჭრა ლუდამ.

– მაშინ, მანქანიდან გადმოდით, მანამდე კი ფარდა გადაწიეთ, რომ ვნახოთ, სალონში რა ხდება! – თქვა კაპიტანმა..

– არ გადავწევთ, – წაკეკლუცება სცადა ლუდამ, მაგრამ კაპიტანმა მოულოდნელად პისტოლეტი ამოაცურა, ლუდას მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:

– ფარდა გადაწიე!

– შენ რა, გამოსირდი, კაპიტანო? – უთხრა ლუდამ მილიციელს, – პისტოლეტი მოაშორე, არ გავარდეს!

– ფარდა გადაწიე, შე ძუკნა! – გაიმეორა მილიციელმა, – ტაგანკის სუპერმარკეტი გაქურდეს, ათი ყუთი ლუდია წაღებული და უნდა შევამოწმოთ.

– რა ათი ყუთი ლუდი, გიჟი ხარ? რომელი ქურდები გვნახე. ნაშები ვართ და საჟიმაოდ გამოვედით მანქანით, – თქვა ლუდამ.

– ფარდა გადაწიე, შე ძუკნავ! – თქვა მილიციელმა და პისტოლეტი შეაყენა.

– მიდი და გადაწიე! – უთხრა ლუდამ და მანქანიდან გადავიდა, მაგრამ მოულოდნელად პისტოლეტი აართვა მილიციელს და ძირს დააგდო. თუმცა კაპიტანმა სასხლეტს თითი გამოჰკრა, პისტოლეტი გავარდა და სალონიდან ყვირილის ხმა გაისმა...

ლუდამ მილიციელი იდაყვით გათიშა. იგივე გაიმეორა ჰამომაც. შემდეგ წყვილმა ორივე მილიციელი ხელბორკილებით გადააბა ერთმანეთზე, მანქანასთან მიათრია და უკანა სავარძელზე დაყარა, თან მილიციის რაცია გაუთიშა. მერე, მეორე პისტოლეტიც აართვეს, მიკროავტობუსში დაბრუნდნენ და ჰამომ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.

ლუდამ პისტოლეტი ქამარში გაირჭო და ელბრუსთან მივიდა, რომელსაც მილიციელის მიერ ნასროლი ტყვია მარჯვენა დუნდულში ჰქონდა მოხვედრილი. მართალია, ჭრილობა იმდენად მსუბუქი იყო, რომ სისხლიც აღარ მოსდიოდა, მაგრამ, შეშინებული ელბრუსი თვალებგაფართოებული იყურებოდა დუნდულზე და ჭრილობის შეხვევას ცდილობდა.

მედვედევამ ქურდს გაუღიმა და ჰკითხა:

– ტრაკში დაგჭრეს? – შემდეგ უზარმაზარი ცხვირსახოცი ამოიღო და, ჭრილობაზე შემოახვია, – უახლოეს ჟიმაობამდე გაგივლის, ნუ გეშინია.

– ისევ დაიწყე? – უთხრა ელბრუსმა ლუდას, თუმცა ქურდის ხმაში მუქარის ნაცვლად საყვედური იყო, რადგან მიხვდა, რომ უცნაურ ქალთან ჰქონდა საქმე.

– კარგი, ბოდიში, ცოტა არ იყოს, გადავამეტე. მოდი, შევრიგდეთ, – თქვა ლუდამ და ელბრუსს ხელი ჩამოართვა.

– მოემზადე, ლუდა, „ძაღლები“! – თქვა უცებ ჰამომ.



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3