კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ „გაისროლეს“ საფეხბურთო გუნდებმა ტყუილად მილიონები და რომელი მწვრთნელები შეცდნენ ფეხბურთელების შერჩევისას


გრანდ-კლუბებში ასეა – მწვრთნელი კლუბის პრეზიდენტს კონკრეტულ ფეხბურთელთა გვარებს გადასცემს და მათ შეძენას სთხოვს, სანაცვლოდ კი ტიტულების მოგების პირობას დებს. რა თქმა უნდა, პირობის ასრულება ყველას უჭირს და ვინც ვერ ასრულებს, ის კლუბი იმ წელს მინიმუმ მინუსებში ამთავრებს, რადგან ვარსკვლავების სანაცვლოდ გადახდილ მილიონებს უკუგება არ აქვს. სავარაუდოდ, მინუსებში დაამთავრებს წელს მადრიდის „რეალი“, რადგან პრაქტიკულად გამორიცხულია, გუნდმა ერთ წელიწადში თითქმის ნახევარ მილიარდამდე მოგება ნახოს. არადა, ფლორენტინო პერესმა გასულ ზაფხულს ფეხბურთელებში დაახლოებით, ნახევარი მილიარდი „გაისროლა“. თუმცა, ამჯერად მიზნობრივად და უმიზნოდ დახარჯულ მილიონებს ორ გრანდს, იტალიურ „ინტერსა“ და ინგლისურ „ლივერპულს“ დავუთვლით.

„ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი იტალიაში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება და კლუბი მამისგან მემკვიდრეობით ერგო. ზედიზედ მეოთხე წელია, „ნერაძური“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს არ თმობს და მისი მოპოვება არც წელს უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებს და მორატის ეს გულში ხინჯად აქვს. ამიტომ იყო, შარშან მწვრთნელად ჟოზე მაურინიო რომ მიიყვანა, ევროპის მწვრთნელთა შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება – 11 მილიონი ევრო დაუნიშნა და ისიც უთხრა, ვისაც ისურვებ, გიყიდიო. პორტუგალიელის მთავარ შენაძენად კამერუნელი სამუელ ეტოო და ჰოლანდიელი უესლი სნაიდერი ითვლებიან. ორივეს სანაცვლოდ მორატიმ 60 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა და საეჭვოა, ეს თანხა ინანოს, თუმცა იგივე მაურინიო მწარედ შეცდა, როცა დაიჟინა რიკარდო კვარეჟმა მიყიდეთო და მორატის ჯიბიდან 25 მილიონი ამოაღებინა. მართალია, კვარეჟმა ახლაც „ინტერს“ ეკუთვნის, მაგრამ რომ გაყიდონ, მის სანაცვლოდ ათ მილიონსაც კი არავინ გადაიხდის. მაურინიომდე კი სხვა მწვრთნელი შეცდა და პრეზიდენტმა ფულები ისეთ „ვარსკვლავებში“ გადაყარა, როგორებიც მორფეო, რივასი, სუაზო და კოკო არიან. ამ უკანასკნელზე წიგნის დაწერაც კი შეიძლება. ზარ-ზეიმით ნაყიდი კოკო, საბოლოო ჯამში, ტრავმებმა ისე გააწამა, რომ მოედანზე გასვლა მხოლოდ რამდენჯერმე მოახერხა, მერე კი კარიერა დაასრულა. თუმცა, ოთხი წლის განმავლობაში „ინტერთან“ გაფორმებული კონტრაქტის წყალობით, ხელფასს იღებდა. არ გეგონოთ, მწვრთნელები მხოლოდ ამ კუთხით ცდებოდნენ. მაგალითად, თავის დროზე „ინტერმა“ ფაბიო კანავარო დაიწუნა და ახალგაზრდა მცველი გუნდიდან კინწისკვრით გააგდო. კანავარო „იუვენტუსმა“ დაიმატა და ფაბიო არათუ გუნდის დაცვის ლიდერი გახდა, იტალიის ნაკრების კაპიტნის სამკლაურიც მოირგო და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მოგებაში ლომის წილი შეიტანა. „ინტერში“ გასინჯეს და დაიწუნეს ტიერი ანრიც. მის სანაცვლოდ მორატის სულ რაღაც მილიონს სთხოვდნენ, მაგრამ ახალგაზრდა ანრით მწვრთნელი არ დაინტერესდა და ტიერიც საბოლოოდ ლონდონის „არსენალში“ აღმოჩნდა, ამ გუნდის ლეგენდად იქცა და დღეს ბურთს „ბარსელონაში“ აგორებს. ამასთან ერთად, საფრანგეთის ნაკრების რიგებში ტიტი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა. სამაგიეროდ, პირადად მორატის ახირება იყო „იუვენტუსიდან“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყიდვა. შვედი ფორვარდის სანაცვლოდ „ინტერმა“ 22 მილიონი გადაიხადა, ზაფხულში კი „ბარსამ“ ზლატანი 60 მილიონად იყიდა, ანუ მორატიმ 40-მილიონიანი მოგება ნახა.

ცოტა რთულად არის საქმე „ლივერპულთან“ მიმართებაში. გუნდის ესპანელ თავკაცს რაფაელ ბენიტესს კონტრაქტში აქვს მუხლი, რომლის მიხედვითაც, კლუბის ხელმძღვანელებს მისი თანხმობის გარეშე არც ერთი ფეხბურთელის გაყიდვის უფლება არ აქვთ. სწორედ ამიტომ, ინგლისური გუნდის ამერიკელი მეპატრონეები, ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი კაპიტან სტივენ ჯერარდს ხელს ვერ ადებენ, თორემ მის სანაცვლოდ გასულ ზაფხულს 50 მილიონს იხდიდნენ. სამაგიეროდ, ბენიტესის დაჟინებული მოთხოვნით, გუნდმა მადრიდის „ატლეტიკოსგან“ ფერნანდო ტორესი იყიდა, რომლის სანაცვლოდაც 35 მილიონი იქნა გადახდილი. დღეისათვის ტორესის ფასი 60 მილიონია. 6 მილიონად ბენიტესმა „ვილიარეალიდან“ მეკარე პეპე რეინა იყიდა და იგი დღესვე რომ გაასხვისოს, მინიმუმ 20 მილიონს აიღებს.

– მთავარი ის კი არ არის, რა ღირს ფეხბურთელი, არამედ ის, რისი გაკეთება შეუძლია მას. თუ ფიქრობ, რომ მოთამაშეს გახსნი და უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვან, დაუფიქრებლად უნდა იყიდო, რადგან ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ, ფინანსურ სარგებელს ნახავ, – ასეთია ბენიტესის ფილოსოფია, მაგრამ ეს ფილოსოფოსიც შემცდარა და არაერთხელ.

არავინ იცის, რატომ და რისთვის, მაგრამ ორი წლის წინ რაფამ გუნდში „ტოტენჰემის“ ირლანდიელი კაპიტანი, როი კინი მიიყვანა და მის სანაცვლოდ ლონდონელის ანგარიშზე 25 მილიონი დაჯდა. კინმა „ენფილდზე“ სრული ორი სეზონი ვერ ითამაშა და „ლივერპულმა“ იგი ისევ „ტოტენჰემში“ გაყიდა, ოღონდ... 7 მილიონად. სხვა შემთხვევაში, გუნდს კინისთვის კვირაში 100 ათასი უნდა ეხადა. ბენიტესისვე იდეა იყო ფერნანდო მორიენტესის ყიდვა. ესპანელი ფორვარდი ინგლისში ზარ-ზეიმით ჩაიყვანეს და ზეიმი ექვს თვეში დასრულდა – 15 მილიონად ნაყიდი მორიენტესი 5 მილიონად გაასხვისეს.

დასასრულს – აქამდე შეუცდომლად „მანჩესტერის“ თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი ითვლებოდა, მაგრამ ორი წლის წინ მან „ტოტენჰემიდან“ ბულგარელი ფორვარდი, დიმიტარ ბერბატოვი იყიდა და მასში კლუბისთვის სარეკორდო, 32 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ბერბატოვმა კი თამაშს აშკარად მოუკლო და გართობას მოუმატა – მისი და მისი მოდელი მეგობარი გოგონას ფოტოები პრაქტიკულად ყოველ კვირას იბეჭდება ყვითელი პრესის ფურცლებზე. ფერგიუსონმა ბერბატოვი დღეს რომ გაყიდოს, საეჭვოა, მის სანაცვლოდ გადახდილი თანხის ნახევარი აიღოს. ამის მიუხედავად, ფერგიუსონს ყველა დროის რეკორდი ეკუთვნის – მან ერთ პორტუგალიელ ბიჭში 15 მილიონი გადაიხადა და ყველა დააჯერა, რომ მისგან ვარსკვლავს გამოძერწავდა. შოტლანდიელმა სიტყვა შეასრულა და მალე კრიშტიანუ რონალდუ მთელმა სამყარომ გაიცნო, ხოლო მის სანაცვლოდ გასულ ზაფხულს „რეალმა“ ჯერჯერობით სარეკორდო – 94 მილიონი ევრო გადაიხადა.


скачать dle 11.3