კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ უნდა „გააღვიძოს“ ქალმა წარსული და სად გადის ზღვარი ძველსა და ახალ სიყვარულს შორის


არავისთვისა საიდუმლო, რომ ქალები მეტისმეტად მგრძნობიარე, მეოცნებე არსებები ვართ და უფრო ხშირად ემოციების კარნახით ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, გონების კარნახით მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის უფრო გამართლებულია, რადგან სწორედ ემოცია გვაშვებინებს შეცდომებს – ზოგჯერ გამოუსწორებელს. ქალები მამაკაცებზე ხშირად ვექცევით ილუზიების ტყვეობაში. გვიყვარს არარეალური ადამიანი, ანუ კაცი, რომელსაც არარსებულ თვისებებს მივაწერთ და მერე იმედგაცრუებაც არ დააყოვნებს.

ბედნიერება ყველას თავისებურად ესმის. ზოგისთვის ის ბევრ ფულსა და ძალაუფლებაშია. ზოგისთვის სიმშვიდესა და სტაბილურობაში, ზოგს კი უსიყვარულოდ ბედნიერება ვერ წარმოუდგენია და ამ სიყვარულს ბრმად მიჰყვება. მთავარია, ამ „სიბრმავემ“ იმ რეალური ბედნიერების გარეშე არ დაგვტოვოს, რომელიც უკვე გვაქვს, მაგრამ იქამდე ვერ ვამჩნევთ, სანამ მისი დაკარგვის საფრთხე არ დაგვემუქრება.



მარინა (38 წლის): მთელი ცხოვრება იმას ვამტკიცებდი, რომ სხვა ქალებზე ჭკვიანი და წინდახედული ვიყავი, არც მიზანდასახულობა მაკლდა. არ მაკმაყოფილებდა ის ცხოვრება, რომელიც ჩემს მშობლებს ჰქონდათ. თვიდან თვემდე კაპიკებს რომ ითვლიდნენ, ხელფასიდან ხელფასამდე გაჭირვებით რომ გაჰქონდათ თავი და ყველა ზედმეტი ხარჯი ისტერიკაში აგდებდათ. საკუთარ თავს ვუთხარი, შენ ასე არ იქნები-მეთქი და მართლაც ყველაფერი გავაკეთე, უზრუნველი ცხოვრება რომ მქონოდა. მაგრამ, ეს ადვილად არ მოსულა. უშრომლად არაფერი იქმნება, მარტო სულელებს ჰგონიათ, რომ ერთ დღეს ციდან ანგელოზი გადმოუყრით მწვანე დოლარებს. დღე და ღამე გასწორებული მქონდა და მაქვს. თუმცა, იყო თექვსმეტი წლის წინ პერიოდი, როცა გრძნობას ვყავდი შეპყრობილი და მის გარდა, სხვა არავინ და არაფერი მახსოვდა. იმ თექვსმეტი წლის წინანდელმა სიყვარულმა კინაღამ დამინგრია ის, რაც ასეთი წვალებით შევქმენი. წარსულმა დამიძახა და ლამის საბედისწერო შეცდომა დამაშვებინა. არადა, რამდენი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ამ წარსულისგან თავი დამეხსნა. როცა მეგონა, მორჩა, სამუდამოდ წავშალე ჩემი მეხსიერებიდან-მეთქი, სწორედ მაშინ წამოყო თავი და კიდევ უფრო მეტი სიმწარე მანახა.

– შესაძლებელია წარსულის საერთოდ დავიწყება?

– არ ყოფილა შესაძლებელი. ვცდებოდი, როცა ვფიქრობდი, რომ მხოლოდ სუსტი ქალები ვერ ახერხებენ წარსულისგან გათავისუფლებას. საკმაოდ ძლიერ პიროვნებად მიმაჩნდა საკუთარი თავი, მაგრამ რაღაც მომენტში, სისუსტე მაინც გამოვიჩინე, გრძნობას დავემორჩილე. საქმე ისაა, რომ თექვსმეტი წლის წინ ძალიან მიყვარდა ერთი მამაკაცი, ჩემი თანაკურსელი. ეს გრძნობა უცებ მოვიდა ჩემთან. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ არანორმალურად ვიყავი შეყვარებული. ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ძალიან ბევრი რაღაც გვქონდა საერთო. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა. ექსკურსიები, ხეტიალი მთაში, გიტარა და ექსტრემი. ვახო ყველა ჩვენი თავშეყრის სული და გული იყო. ყველა გოგოსთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ მე მაინც სხვანაირად მიყურებდა.

– სხვანაირად ყურება რას ნიშნავს?

– ქალები ყოველთვის ვხვდებით, როცა მამაკაცს ჩვენ მიმართ ინტერესი აქვს. რამდენჯერ დავრჩენილვართ მარტონი და მიფიქრია, აი, ახლა კი მაკოცებს და მეტყვის, რომ ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ ეს არც ერთხელ არ მოხდა. ვახოს ჩემთვის სიყვარული არ აუხსნია. მე კი ყოველ წუთს ველოდი ამას და მჯეროდა, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა.

– რატომ გეგონათ, თუკი ის საბაბს არ გაძლევდათ?

– რა არის, იცით, საბაბს არ მაძლევდა-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი. სულ ჩემ გვერდით იყო, მე ვზრუნავდი მასზე, როცა ლაშქრობაზე მივდიოდით. ჩემთან ერთად მეცადინეობდა სესიების დროს. კინოს ბილეთები მოჰქონდა. კონცერტებზე დავდიოდით, კაფეებში. ყველას შეყვარებულები ვეგონეთ.

– მაგრამ რეალურად არ იყავით შეყვარებულები?

– არ უკოცნია და არ მიკოცნია. ამას იმას ვაბრალებდი, რომ სანამ უმაღლესს არ დავამთავრებდით, არ უნდოდა ჩვენზე ხალხს ზედმეტად ელაპარაკა. ანუ, გამართლებას ვუძებნიდი იმას, რომ ჩემთვის სიყვარულის ახსნას არ ჩქარობდა. მე, როგორც სულელი, ვუმტკიცებდი საკუთარ თავს, რომ ვახოსთვის სიყვარული არ იყო მხოლოდ ხორციელი ვნება, რომ მე ძალიან სერიოზულად აღმიქვამდა და ჩვენი ურთიერთობაც განსაკუთრებული იყო მისთვის. ბედნიერი ვიყავი მასთან ყოფნით და ერთ დღესაც ვახო გაქრა.

– რას ნიშნავს გაქრა?

– გაქრა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. არც რეკავდა, არც სადმე გამოჩენილა. ერთი კვირა უშედეგოდ ვცდილობდი მის პოვნას. ბოლოს, ყველა იმედი რომ გადამეწურა, სახლში მივაკითხე. დედამისს ჩემი დანახვა არ გახარებია. საკმაოდ ცივად მიმიღო და მითხრა, რომ ვახო გაემგზავრა. უცხოეთში სწავლის კარგი პერსპექტივა გამოუჩნდა და გავუშვითო. შოკი მქონდა. იქვე ავტირდი. ვეღარ მოვთოკე ნერვები. როგორ არ მითხრა, როგორ არ გამაფრთხილა, რომ მიდიოდა-მეთქი. დედამისს ერთი სანუგეშო სიტყვა არ უთქვამს, არც მისი მისამართი მოუცია. მხრები აიჩეჩა და კარი დაუმშვიდობებლად მომიკეტა. ვერ აღგიწერთ, მე რა დღეები გადავიტანე. ცოცხალ-მკვდარი დავდიოდი. ვცდილობდი, რამე გამართლება მომეძებნა ვახოს საქციელისთვის, მაგრამ ასეთმა შეყვარებულმაც კი, ვერაფერი ვიპოვე ისეთი, რასაც ჩავეჭიდებოდი. ჩემი დაბინდული გონებაც ხვდებოდა, რომ ვახოს გამართლება არ ჰქონდა, მაგრამ ეს ოდნავადაც არ შველოდა ჩემს უბედურებას. ვამბობ, საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ-მეთქი, მგონი, სწორედ იმ პერიოდში გავძლიერდი, როცა სტრესი დავძლიე და გამოვიწრთე უბედურებასთან ჭიდილში. არ მინდა, იმ ჯოჯოხეთური დღეების გახსენება. თავში სულ ვახო მიტრიალებდა და ერთი კითხვა – როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა. ჩემმა ცხოვრებამ აზრი მარტო იმიტომ არ დაკარგა, რომ მიზანი მქონდა. ვახოს საქციელმა კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ დამოუკიდებელი, მატერიალურად შეძლებული უნდა გავმხდარიყავი. მართალია, ძალიან ბევრი გავაკეთე და მიზანსაც მივაღწიე – გავთხოვდი კიდეც ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ და დავიფიცე, რომ წარსულისკენ აღარასოდეს მივიხედავდი. ქმარს უსიყვარულოდ გავყევი. გონებით მივიღე გადაწყვეტილება და არა გულით. ჩემს ქმარს ვუყვარდი, თანაც ის ჩემი მიზნის მიღწევაშიც შემიწყობდა ხელს.

– ანუ, ანგარიშით გათხოვდით?

– შეიძლება, ასეც ითქვას. არ მეთაკილება ამის აღიარება. მე მაწყობდა ეს ადამიანი. მართლა ძალიან კარგი პიროვნებაა. უსიტყვოდ ესმის ჩემი და ყველაფერი გააკეთა, რომ მე წარმატებულ ბიზნესქალად გადავქცეულიყავი. შეიძლება, მან ჩემში ის პოტენციალი დაინახა, რომელიც ბუნებრივად მქონდა. თვითონ ჰქონდა პატარა ბიზნესი. ცოლად რომ გავყევი, მე დამნიშნა ფირმის პრეზიდენტად. საქმიან მოლაპარაკებებს უკვე მე ვაწარმოებდი. თვითონაც სულ ჩემ გვერდით იყო. კმაყოფილი ვიყავი ჩემი ცხოვრებით. ვფიქრობდი, რომ ასე თუ ისე, გამიმართლა.

– თავს ბედნიერად მაინც არ მიიჩნევდით?

– არა. იმიტომ, რომ ბედნიერება სიყვარულში მეგონა. იმ სიყვარულში, რომელიც დავკარგე, მაგრამ რეალობა სხვა იყო, რომელსაც მე ვერ ვხედავდი. ალბათ, ვერც ვეღარასოდეს მივხვდებოდი, ვინ იყო ჩემთვის ჭეშმარიტად ახლობელი და ძვირფასი ადამიანი, ის შეხვედრა რომ არა. სრულიად მოულოდნელად, ვახოს შევხვდი. რამდენიმე თვის წინ ქუჩაში მანქანა გავაჩერე და მაღაზიაში შევდიოდი, რომ უცებ დავინახე. დედამიწა დატრიალდა და ფეხქვეშ მიწა „შეიძრა“. შემეშინდა, არ დავცემულიყავი. მივხვდი, რომ გრძნობა არსად წასულა, რომ სულ ტყუილად ვცდილობდი წარსულის დავიწყებას. ის ჩემ წინ იდგა და მეც ისევ ისე მიყვარდა, თითქოს ეს თექვსმეტი წელი საერთოდ არ ყოფილა. ალბათ, ბევრი ქალი ჩავარდნილა ჩემ მდგომარეობაში. ვუყურებდი და თავი ისევ ოცდაორი წლის მეგონა, როცა სიყვარულის ტყვეობაში ვიყავი და მჯეროდა კიდეც ამ სიყვარულის. საერთოდ არ შეცვლილხარო, – მითხრა და ხელზე ხელი მომკიდა. როგორ მომიახლოვდა და საერთოდ, როდის დამინახა, არ შემინიშნავს, ისე ვიყავი გაბრუებული. მგონი, ძალიან სულელური გამომეტყველება მქონდა. ვიდექი და ვიღიმებოდი. წამოდი, სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ და მომიყევი, როგორ ცხოვრობო. მექანიკურად ვემორჩილებოდი მომართული თოჯინასავით – ანგარიშმიუცემლად. მარტო იმას ვფიქრობდი, ნეტავი, ეს წლები ამ კაცის გარეშე როგორ ვიცხოვრე-მეთქი. კაფეში ვისხედით. ვახო სულ ლაპარაკობდა, იხსენებდა ჩვენი წარსულის ეპიზოდებს. ჩვენს საერთო მეგობრებს...

– ეს იყო ყოფილი შეყვარებულების შეხვედრა?

– ალბათ, არა. იმიტომ, რომ მაშინაც, წარსულში, მარტო მე მიყვარდა. მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით მივხვდი. „მარინაჩკა, საყვარელო, რაზე ჩაფიქრდიო“, – ხელზე მომეფერა. გული შემიქანდა. ყველაფერზე-მეთქი. მართლა ყველაფერზე ვფიქრობდი. იმაზე რაც არ იყო და იმაზეც, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. „არაჩვეულებრივად გამოიყურები. რა სულელი ვარ, როგორ დაგკარგე, როგორი შეცდომა დავუშვი. იქნებ მაქვს კიდევ შანსი, რომ შენი სიყვარული დავიბრუნოო“. ამ სიტყვების შემდეგ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. მომეხვია და ტუჩები ლოყაზე მომადო. არ ვიცი, რა დამემართა. მართლა არ ვიცი, გეფიცებით, არ ვცდილობ, თავი გავიმართლო. იმ წუთში ისევ ემოციებისა და წარსულის ტყვე ვიყავი და საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებდი. ძილ-ბურანში არ ყოფილხართ? სწორედ იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეტყობა, ეს ჩემი განსაცდელი იყო, რომელიც უნდა გადამელახა. გამოცდა იყო, რომელიც უნდა ჩამებარებინა. ვახოს მკლავებში აღარც ის დღეები გამხსენებია, როცა მარტოდ დარჩენილს მგელივით ყმუილი მინდოდა, როცა ტელეფონთან ერთად ვიძინებდი მისი ზარის მოლოდინში. საფოსტო ყუთს დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდი, მის წერილს ველოდი. თუნდაც რამდენიმე ფრაზას, რათა გამეცა პასუხი კითხვაზე: რატომ? ფაქტობრივად, ისევ დავთანხმდი იმას, რომ ლამაზი ტყუილი დამეჯერებინა. იმ წუთში, რომ ჩემი ქმარი მენახა, ყველაფერი დამთავრდებოდა.

– ყველაფრის დამთავრებაში რას გულისხმობთ?

– ვეტყოდი, რომ მთელი ცხოვრება სხვა მიყვარდა და გრძნობის გარეშე ვცხოვრობდი მასთან. ეს კატასტროფა იქნებოდა. საკუთარი ხელით დავანგრევდი და გავანადგურებდი ჩემს პატარა ბედნიერებას.

– თქვენ ხომ მიგაჩნდათ, რომ არ იყავით ბედნიერი?

– მიმაჩნდა, მაგრამ ვცდებოდი. ილუზიების ტყვეობაში ყოფნა საშინელებაა. ამან მე ღალატამდე მიმიყვანა. ისიც ღალატი იყო, ქმართან რომ ვიწექი და სხვა მამაკაცზე ვფიქრობდი. მაგრამ, ფიზიკური ღალატი, მაინც სხვაა. როცა მივხვდი, რა გავაკეთე, შემეშინდა. მე ხომ არაფერი ვიცოდი ვახოს შესახებ. ის უცხო იყო ჩემთვის. ერთმანეთთან მარტო წარსული გვაკავშირებდა და ისიც ბუნდოვანი. იმიტომ, რომ არც მაშინ ვიცნობდი წესიერად. ჰო, კარგი ბიჭი იყო. კომუნიკაბელური, მხიარული და კარგად მღეროდა. სულ ეს იყო, მთელი ინფორმაცია, რაც ვახოზე მქონდა და, ამ, ფაქტობრივად, უცხო მამაკაცს ჩავუწექი ლოგინში. რომ მკითხა, ქმარი გყავსო? მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა. თავი დავუქნიე. მეც მყავს ცოლი და თხუთმეტი წლის შვილიო. როცა გავაცნობიერე მისი სიტყვები, მაშინვე გამოვფხიზლდი. ერთი წელიც არ იყო გასული, რაც წავიდა და მაშინვე ცოლი მოიყვანა. ანუ, მისთვის არაფერს წარმოვადგენდი, საერთოდ არაფერს? მთელი სხეული გამეყინა და ავკანკალდი. ვახო რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ მე არ მესმოდა. უკვე ვხვდებოდი, რომ რაღაც სისულელე გავაკეთე. ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა. ქმარი მირეკავდა. ასე ძალიან რატომ დაგაგვიანდა, ხომ იცი, რომ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვართ წასასვლელი. ვერაფერი იყიდეო? რაღაც ვუპასუხე. ახლა მართლა არ მახსენდება, რა. ვახომ მკითხა, ესე იგი, გათხოვდიო. კი, გავთხოვდი, მაგრამ ჩემი შვილი მხოლოდ ცხრა წლის არის-მეთქი. შემომხედა. ვიცი, რომ მიხვდა, რაც ვიგულისხმე, მაგრამ არ შეიმჩნია. შენი მობილურის ნომერი დამიტოვე, რომ აღარ დაგკარგოო. გული შემიქანდა. ცოტა ვიყოყმანე, მაგრამ მობილურის ნომერი მაინც მივეცი.

– ანუ, არ გამორიცხეთ ურთიერთობის გაგრძელება.

– იმ წუთში ამაზე არ მიფიქრია. შეიძლება, ასეც იყო. ჩემმა ქმარმა შემატყო, ჩვეულებრივი შემართებით რომ არ შევუდექი საქმიანობას. თავი მტკივა-მეთქი. მეც მტკივაო, ახლა მაგარ ყავას მოვატანინებ და ორივემ დავლიოთო. მისმა ზრუნვამ გული ამიჩუყა. ყოველთვის ასეთი თბილი და ყურადღებიანი იყო. ჩვენი ქორწინების თერთმეტი წლის განმავლობაში, ერთხელაც არ უტკენია ჩემთვის გული. ასეთ ქმრებს სანთლით ეძებენ. მე კი რა ჩავიდინე. იმ ღამეს ვახო დამესიზმრა კიდეც. ისეთი ეროტიკული სიზმარი იყო, რომ დილით საკუთარი თავის შემრცხვა. ისეთი შეგრძნება მქონდა, საშინელ „პახმელიაზე“ რომ აქვთ ხოლმე. გული მერეოდა, თავი მტკიოდა. სული მქონდა დამძიმებული. ფიქრებში ღალატი არ ვაკმარე ჩემს ქმარს და ფიზიკურადაც ვუღალატე. მერე ამას სიზმარიც დაემატა. ორი დღე ძალიან ცუდად ვიყავი. სინდისი მაწუხებდა, თან იმაზეც ვფიქრობდი, იქნებ ვახო ისევ მიყვარს და თუ დამიძახებს, რა უნდა ვთქვა-მეთქი. ამ მტანჯველ ფიქრებში რომ ვიყავი, ვახოსგან მესიჯი მივიღე: „მარინა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი არ იყო. ბედისწერის არ მჯეროდა, მაგრამ ახლა გეუბნები, რომ ამაში ბედისწერის ხელი ურევია. ღამით მესიზმრები. ასეთი რაღაც აქამდე არ დამმართნია. ცოლი მყავს, მაგრამ შენც გყავს ქმარი. მომცემ შანსს, რომ ჩემი სიყვარული დაგიმტკიცო? ოჯახი ოჯახია, მაგრამ ჩვენც ხომ ვიმსახურებთ პატარა სიხარულს, მით უმეტეს, ამდენი წლის შემდეგ“. ეს მესიჯი აღმოჩნდა ის, რამაც საბოლოო გადაწყეტილება მიმაღებინა. საყვარლობას მთავაზობდა ბიჭი – „პატარა სიხარული“, ალბათ, მასთან სექსი იყო. გავცოფდი. უფრო საკუთარ თავზე მომეშალა ნერვები. რა იდიოტი ვარ-მეთქი. ამ დროს ჩემმა ქმარმა დამიძახა, ვახშამი არ გინდაო? სამზარეულოში რომ შევედი, სუფრა გაშლილი დამხვდა, რომელთანაც უკვე ისხდნენ ჩემი მეუღლე და ქალიშვილი. ისინი სიყვარულით მიყურებდნენ. ჩემი გახარება უნდოდათ და იმიტომაც მოინდომეს ასე. მე არავინ მყავდა მათზე ახლობელი. ვახო ყალბი იყო, ეს ჩემი ოჯახი კი – ნამდვილი. ჩემს ქმარს არასოდეს დაუწუწუნია ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, პირიქით, ყველაფრით მეხმარებოდა – ჭურჭელსაც კი რეცხავდა, როცა ჩემს დაღლილ სახეს ხედავდა. არ მესმის, ასეთი მამაკაცი როგორ არ მიყვარდა. ვახო მის ფრჩხილადაც არ ღირდა. ახლავე მოვალ-მეთქი... სააბაზანოში გავედი და ვახოს მივწერე: „მშვიდობით. შენ თექვსმეტი წლით დაიგვიანე-მეთქი“. საბოლოოდ გავთავისუფლდი ჩემი წარსულისგან. ვახო საერთოდ გაქრა ჩემი გულიდან, მაგრამ ახლა სხვა პრობლემა მაქვს. სინდისი ძალიან მაწუხებს, ქმარს რომ ვუღალატე. ამ ტკივილისგან როგორ გავთავისუფლდები, ეს უკვე აღარ ვიცი.


скачать dle 11.3