კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იკრიბებიან თვეში ერთხელ მთელი მსოფლიოს კოლექციონერები და რამდენი წლისაა მირიან გუჯაბიძის კოლექცია


ჩვენი თანამემამულე, მირიან გუჯაბიძე, მეტად ორიგინალური და საინტერესო კოლექციის მფლობელია, რომელშიც წარმოდგენილია საუკუნის წინანდელი ან კიდევ უფრო ძველი ღია ბარათები. ისინი გვიამბობენ, როგორი იყო მაშინდელი საქართველო, როგორ იმოსებოდნენ, ილხენდნენ ან, თუნდაც, რა სახის ტრანსპორტით მოძრაობდნენ მაშინდელი ქართველები. ამ ბარათების ხელში ჩაგდების შემდეგ ბატონმა მირიანმა ფეხით შემოიარა ის ადგილები, რომლებიც მათზე იყო აღბეჭდილი, მოინახულა და თავადაც ფირზე დააფიქსირა ისინი. თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და დღეისთვის რამდენი ასეული ნიმუშია მირიან გუჯაბიძის კოლექციაში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო მირიან, რატომ გადაწყვიტეთ ღია ბარათების კოლექციის შეგროვება?

– ამ კოლექციის შეგროვება დავიწყე საბჭოთა კავშირის პერიოდში, მას შემდეგ, რაც მეფის რუსეთის დროინდელი ღია ბარათები ვნახე საქართველოს თემაზე. ჯერ ერთი ასეთი ღია ბარათი მაჩუქეს, შემდეგ, ერთი წელი რომ გავიდა, კიდევ მაჩუქეს. მე ორივე ბარათი ძალიან მომწონდა და ვფიქრობდი, რომ რამდენიმე ასეთი ბარათი კიდევ იქნებოდა სადმე, მაგრამ მათ ხელში ჩაგდებაზე მხოლოდ ვოცნებობდი. თუმცა, გავიდა დრო და, მოულოდნელად, 25 ცალი ასეთი ღია ბარათი ჩამივარდა ხელში.

– ეს როგორ მოხდა?

– ამ ინტერესმა მოსკოვამდე მიმიყვანა, დავდიოდი უკვე მოსკოვში, იქ არის ბაზრობები, კლუბები, სადაც იკრიბებოდნენ ხოლმე ჩემნაირი პიროვნებები ინტერესების მიხედვით. მათ დროთა განმავლობაში კარგად გამიცნეს და, რადგან იცოდნენ, რომ მე მხოლოდ საქართველოს თემა მაინტერესებდა, სადაც კი ნახავდნენ საინტერესო ბარათს, მაშინვე მიკავშირდებოდნენ და მატყობინებდნენ. ასე, ერთმა პიროვნებამ 25 ბარათი ერთად მომიტანა. ეს რომ ვნახე, ვიფიქრე: ახლა აქედან პირდაპირ ჩავალ საქართველოში, მთავრობასთან მივალ, ვაჩვენებ ამას და, ამ ბარათებს რომ ნახავენ, ძეგლს დამიდგამენ-მეთქი. უკვე ადგილსაც ვარჩევდი, სად დაედგათ (იცინის).

– ეს რამდენი წლის წინ იყო?

– დაახლოებით 25 წლის წინ. არ წამოვედი, რადგან ვიფიქრე, თუკი 25 ბარათი ერთად ვნახე, იქნებ, სხვასაც აქვს რამე-მეთქი. ასე, ნელ-ნელა, ჩემი ღია ბარათების რაოდენობა ასამდე ავიდა. უკვე ვფიქრობდი, ასის მეტი რად მინდა-მეთქი. კოლექციონერებსაც ხშირად ვეუბნებოდი, რომ ასი ბარათი შევაგროვე, ისინიც იუმორით მპასუხობდნენ: ო, ეს უკვე ბევრიაო. დროთა განმავლობაში გავიგე, რომ ასი ღია ბარათი არაფერია, ათასობითაც აქვს ხალხს. მაშინ კი დავფიქრდი და მიზნად დავისახე – სერიოზულად მოვკიდებ ხელს ამ საქმეს და, რაც კი, საქართველოს თემაზე გამოშვებული ღია ბარათი არსებობს, ყველა ჩემი უნდა გახდეს-მეთქი. მივხვდი, რომ ეს ბარათები ჩვენი ისტორიაა. დავდიოდი ლენინგრადში, სმოლენსკში, კიევში, ციმბირის ქალაქებში და, მთელი ჩემი თანხები ამ კოლექციაში მიდიოდა.

– თუ გაიხსენებთ ყველაზე დიდ თანხას, რომელიც რომელიმე ღია ბარათის შესაძენად გადაგიხდიათ?

– მაშინ არ იყო ასეთი სიძვირე, თუმცა, მახსოვს 100 დოლარი ღირდა ერთი ბარათი, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოდის თბილისში, მეფისნაცვლის სასახლიდან ქართველი თავადობა. ძალიან მომეწონა და შევიძინე.

– ეს როდის?

– დაახლოებით 20 წლის წინ.

შემდეგ მოხდა ისე, რომ, შეიძლებოდა, თვის განმავლობაში არაფერი შემეძინა საქართველოს თემაზე, მაგრამ, თუკი რამე საინტერესოს წავაწყდებოდი, თუნდაც სხვა თემა ყოფილიყო, მაინც ვყიდულობდი – იქნებ შემდეგ დამჭირვებოდა, ან გადამეცვალა სხვა ჩემთვის საინტერესო ბარათში. მოსკოვში თვეში ერთხელ იკრიბებიან კოლექციონერები მთელი მსოფლიოდან, ამ შეხვედრებზე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ჩამოდიან ამერიკიდან, ისრაელიდან და სხვა მრავალი ქვეყნიდან, თუმცა, ამ ადამიანების უმრავლესობა ებრაელები და სომხები არიან. სომხები გაფაციცებით ეძებენ, ოღონდ რომელიმე ბარათზე რაიმე კვალი იყოს სომხური და ნებისმიერ თანხას იხდიან. ვთქვათ, მათთვის საინტერესო რომელიმე ბარათი ობიექტურად 10 დოლარი თუ ღირს, 30 დოლარიც, რომ დაუფასო, არ არის პრობლემა, იმდენად არიან დაინტერესებულნი იყიდიან. ერთი პერიოდი ძალიან მწყინდა, რომ ჩვენები მაინცდამაინც არ იყვნენ გატაცებული ღია ბარათების შეგროვებით. არის თითო-ოროლა კოლექციონერი, ვინც ეძებს თავისი კუთხის, ან, პირველი გიმნაზიის ფოტოებს, სადაც სწავლობდნენ. ზოგიერთი, საქართველოს თემატიკით ფართოდ არის დაინტერესებული. ასეთი ქართველი კოლექციონერი რუსეთში ჯერ არ შემხვედრია ამ 15-20 წლის განმავლობაში. ნაკლებად, მაგრამ თბილისში უფრო შეხვდებით ასეთ კოლექციონერებს.

– თქვენ დაკავებული ხართ საქართველოს თემაზე არსებული ღია ბაღათების შეგროვებით, თუმცა თქვენი კოლექცია რამდენიმე თემად იყოფა.

– მართალია. ამ კოლექციაში ნახავთ საქართველოს ხედებს, კავკასიურ ტიპაჟებს, ქართულ სუფრას, ცეკვა-თამაშს, ჩაცმულობას, თავად-აზნაურთა პორტრეტებს, ნახავთ, რა ტრანსპორტი მოძრაობდა იმდროინდელ საქართველოში. თუმცა, რა ტრანსპორტი, ძირითადად ვირებსა და ცხენებს თუ ნახავთ, მარტო ერთ ბარათში ჩანს ვიღაცის ავტომანქანა სოხუმში, რამდენიმეგან კიდევ – ველოსიპედი. სულ ეს იყო მაშინდელი ტრანსპორტი. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

– როგორც შევიტყვე, თქვენ კიდევ გაქვთ ერთი გატაცება, რომელიც საკმაოდ ახლოსაა ამ კოლექციასთან თემატურად. მას თქვენი ბარათების კოლექციის თანამედროვე ვარიანტიც შეიძლება, ვუწოდოთ. გვიამბეთ ამის შესახებ.

– ეს არის ფოტოგრაფია, არა როგორც ხელოვნება, არამედ როგორც რაიმე დროის, საგნის ან მოვლენის დამახსოვრება ამ ფოტოების წყალობით. მინდა, რომ ეს ფოტოები ისეთივე საინტერესო გახდეს ვინმესთვის 100-120 წლის შემდეგ, როგორც დღესაა საინტერესო ჩემი ღია ბარათების კოლექცია ჩემთვის.

შვიდი წლის წინ გადავწყვიტე საუკუნის წინანდელ ბარათებზე აღბეჭდილი ხედების კვალდაკვალ მევლო. მცხეთიდან ლარსამდე ჩავედი, თბილისი მომავლისთვის მოვიტოვე. ვხელმძღვანელობდი ასი წლის წინ გამოცემული საქართველის სამხედრო გზების ამსახველი ღია ბარათებით. ვპოულობდი მათზე ასახულ ადგილებს და ფირზე ვაფიქსირებდი. ერთი და იგივე ადგილის მაშინდელი და ახლანდელი ხედების 150 წყვილი გავაკეთე. მერე თბილისი მოვიარე და 300 წყვილი თბილისში გავაკეთე. მაგალითად, დღევანდელი პარლამენტის ადგილას წინათ ეკლესია იყო. გადავიღე პარლამენტის წინ მდებარე ქაშუეთის ეკლესია, როგორი იყო უწინ და როგორია ახლა, საკმაოდ სახეცვლილი. ჩაის სახლი რომაა, მის უკან მშვენიერი ღვინის სარდაფები იყო, მერე კი ეს შენობა მიადგეს, რა დასამალი იყო, ვერ ვხვდები, ან, რა არქიტექტურული დატვირთვა აქვს. ახლა ჩაის სახლიც აღარ არის, იქ კაზინოა გახსნილი. აბრეშუმის ქარხანა რომ იყო კოსტავას ქუჩაზე, მანდ, თურმე, რუსეთის მეფე მიდიოდა ეტლით და გადავარდნილა, თუმცა, ცოცხალი გადარჩა და იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა, რუსებმა ჯვარი აღმართეს, დაახლოებით 4-5 მეტრი სიმაღლის. ახლა ამ ჯვარის ადგილას ელექტროგამანაწილებელი ჯიხური დგას, თუმცა სვეტის თავი კიდევ მოჩანს, რომელიც ჯვარს ერტყა გარს. ახლა, რომ მეტეხის ხიდია, იქ ადრე ორი ხიდი იყო, ერთ მათგანთან მეჩეთიც იდგა. ის ხიდიც და მეჩეთიც გაჰყვა ისტორიას. პირველი გიმნაზია, როგორიც იყო, თითქმის ისევე გამოიყურება ახლაც.

– დღეისათვის რამდენი ბარათია თქვენს კოლექციაში?

– შვიდი ათასამდე ბარათი მაქვს. მათ შორის შვიდასამდე ბარათი დავაწყვილე. რაც შეეხება ჩემს გადაღებულ ფოტოებს, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ ასი წლის შემდეგ ვიღაც დააფასებს, იქნება, ალბათ, 16 ათასი – რაც დაბეჭდილი მაქვს და, დისკების მიხედვით თუ დავითვლი, ალბათ, სამი მაგდენი გამოვა.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს ფოტოები ჩემთვის დიდი არაფერია, იმიტომ რომ, მე მას ყოველდღე უყურებ, მაგრამ იმისთვის, ვინც ასი წლის შემდეგ ნახავს მათ, უდიდესი ისტორია ექნება, ისევე, როგორც ეს ღია ბარათებია დღეს ჩემთვის.

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– რაც ორეული მაქვს, მხოლოდ იმას გავაჩუქებ.

– როგორ ფიქრობთ, მრავალი წლის შემდეგ ვის დარჩება თქვენი კოლექცია?

– კარგი იქნებოდა, დაარსებულიყო პირად კოლექციათა მუზეუმი. სიამოვნებით გადავცემდი ამ კოლექციას.

ერთი მეგობარი მყავს, ჩვენმა გატაცებამ დაგვამეგობრა, ისიც ღია ბარათების შეგროვებითაა დაკავებული და საქართველოს ბევრი კუთხე მოვიარეთ ერთად. მას ჩემი გადაღებული ფოტოები თავის კომპიუტერში გადააქვს, რომელსაც როგორც ჩანს, ამერიკაში ხშირად ათვალიერებენ ხოლმე. ერთხელ, მითხრა: შენ რომ იცოდე მირიან, ამ ფოტოებით რამდენ ადამიანს შეაყვარე საქართველოო. თუნდაც მხოლოდ ამიტომაა ჩემი კოლექცია ფასეული.


скачать dle 11.3