კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მექრთამე „გაიშნიკი“, კაი ბიჭების ჩხუბი წესების გარეშე, „ანონიმკების“ მწერალი და ნოდარ დუმბაძის „დაქოქილი“ კოსტიუმი


ალბათ, ყველას აქვს ნანახი ფილმი „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ და ყველას ახსოვს ფრაზა ამ ფილმიდან – „ქიტესას ვუცდი, ქიტესასა“. მოძრავი, ხალისიანი და ენაკვიმატი ქიტესა, ბატონი ვახტანგ ცხადაძე რეალურ ცხოვრებაშიც ასეთივე სიცოცხლით სავსე, მეგობრული და ენაკვიმატი ადამიანია. მას უამრავი მეგობარი ჰყავს და, ცხადია, მათთან უამრავი საინტერესო ამბავი აკავშირებს. მათგან ზოგი ცოცხალია, ზოგიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ბატონი ვახტანგი, თავისი ქალაქური ამბებით, დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია.


ჩხუბი „ბეზ პრავილ“ და ბუჩქებში დამალული ბიჭები

ჩემს ახალგაზრდობაში, თბილისი თავისებური ქალაქი იყო. მაშინ ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აქ, ქალაქი უბნებად იყო დაყოფილი და ყველა ერთმანეთს იცნობდა. მაშინდელი თბილისი, გულწრფელად გეტყვით და, მენატრება. სულ სხვა გაგება, სულ სხვა რაინდული საქციელი და ურთიერთობები იყო მაშინ. ყველამ იცოდა, ვინ ვისთან დადიოდა, ვინ ვისი შეყვარებული იყო, ვინ კარგი თამადა და ვინ – კარგი დამრტყმელი. უბანში რომ დოდო აბაშიძე და თენგიზ კეკელიძე ცხოვრობდნენ, იქ ცუდი რა მოხდებოდა? დოდოს არასდროს დაუჩაგრავს თავისზე სუსტი და, თუ ვინმე სუსტს დაჩაგრავდა, იმას უეჭველად გამოექომაგებოდა. ვაკეში კი იყო ამირან დუმბაძე. ტანად სუსტი იყო, არ ასკდებოდა „მუსკულები“, მაგრამ, ისე ჩხუბობდა, უნდა გენახათ. ერთხელ, კუს ტბაზე ვართ ასული ბიჭები. გავიხედეთ, ვიღაცეები მანქანებით ამოვიდნენ. ბუჩქებში დავიმალეთ. ასე შევესწარით დუელს. ამირან დუმბაძე და მასზე ტანად საკმაოდ მოსული ბიჭი დაეტაკნენ ერთმანეთს. ახლა რომ ამბობენ, „ბოი ბეზ პრავილო“, ეს იქ უნდა გენახათ. ისე ლამაზი, კორექტული ჩხუბი გამართეს მუშტით, თვალს ვერ მოაშორებდით. წარმოიდგინეთ, ამ პატარა კაცმა ისე გალახა იმხელა კაცი, სულ სისხლი ადინა. ბოლოს ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ჩასხდნენ მანქანებში და გამობრუნდნენ. ამ ამბის შემდეგ ამირანის საქციელი ლეგენდად იქცა და მთელი ვაკის ბიჭებმა „განტელებით“ ვარჯიში დაიწყეს.

ჰიმნის მოსასმენად დილის 7 საათზე შეცვლილი მარშრუტი და „ანონიმკების“ დიდოსტატი მეზობელი

სასტუმრო „ივერია“ მაშინ ქუხდა. იქ უმაღლესი რესტორანი იყო და თავისი ყოველდღიური კლიენტები ჰყავდა. დადიოდნენ სერიოზული და პოპულარული ადამიანები, მაგალითად, პროფესორები, ექიმები, დირექტორები და ასე შემდეგ. ყველას უკვირდა, საიდან ჰქონდათ ამდენი ფული ან ვინ პატიჟებდა მათ ყოველდღე. იმ პერიოდში სასტუმრო „ივერიის“ დირექტორად დამნიშნეს. ვიღაცას ანონიმური წერილი დაუწერია ჩემზე და ცეკაში შეუტანია. ასეთი ტექსტი იყო: „საიდან აქვს ამ კაცს ამდენი ფული, რომ ყოველდღე „ივერიაში“ დაბრძანდებაო“. ამის შემდეგ ვხუმრობდი, ახალი ანონიმური შრიფტი გამოვიგონე-მეთქი. მკითხეს – ეგ როგორო. როგორ და, ანონიმური ბარათი ხომ მარცხენა ხელით იწერება, ჰოდა, მე ვწერ, ჩემი მოადგილე კი მაგიდას აქანავებს და კაცი ვერ იგებს ჩემს ნაწერს-მეთქი. ვახტანგ ჭყოიძეც ხშირად დადიოდა ამ რესტორანში. ერთი მეზობელი ჰყოლია თურმე, რომელიც „ანონიმკებს“ უწერდა და ამხელდა: ბატონო ჩემო, საიდან, ყოველდღე მთვრალი მოდის, „პრავიზიით“ დატვირთული ბრუნდება შინ, ასე და ისეო. ვახტანგმა იცოდა, ვინც უწერდა „ანონიმკებს“, მაგრამ არ იმჩნევდა. ვითომ კარგი მეზობლობა ჰქონდათ. ერთ დილას, „პახმელიაზე“ გაიღვიძა ვახტანგმა. მოწესრიგდა, რომ ხაშის საჭმელად წავიდეს. შვიდს უკლია თხუთმეტი წუთი. იფიქრა, ამ დილაადრიან ვერ დამინახავსო, არადა, იმ მეზობელს ღამეები არ ეძინა ამის კონტროლში. მოკლედ, გამოვიდა ეზოში, უნდა ჩაჯდეს მანქანაში და, ის „კეთილისმსურველი“ მეზობელი არ დაადგა თავზე?! გამარჯობა, მეზობელოო – უთხრა. ვახტანგიც მიესალმა – გამარჯობა, ჩემო ბატონოო. უკაცრავად და, სად მიბრძანდებიო, – დაინტერესდა მეზობელი. ვახტანგი ენაკვიმატი კაცი იყო და უპასუხა: რა არის, იცი, რადიო გამიფუჭდა და ჰიმნის მოსასმენად მივდივარ ლენინის მოედანზეო. ისეთი რამე უთხრა, როგორღა ამოიღებდა ამის შემდეგ ხმას „ანონიმკის“ ავტორი, ან რას დაწერდა?

კახი კავსაძის წყალობით

„დაცანცქლული“ 30 მილიონი

სასტუმრო „ივერიის“ დაფინანსების ბედი წყდება მოსკოვში. 30 მილიონზეა საუბარი, რადგან მისი რეკონსტრუქციისთვის ამდენი იყო საჭირო. ვიღაც ახალი დანიშნეს, ცეკადან გადმოიყვანეს „ინტურისტში“. არ გვიკარებს ქართველებს, არაფრით არ გვიწერს ხელს დაფინანსებაზე. მოსაცდელში უზარმაზარი რიგი დგას, ყველა დაფინანსებას ელოდება. მის გვერდით იყო სასტუმრო, სადაც დაბინავებული ვიყავით. მივედი ერთ დღესაც და მოადგილეს ვთხოვე, აქვე ვართ დაბინავებული სასტუმროში, წამოდი, კარგი პურმარილი გვაქვს, კარგი ღვინო, ქართველების სიმღერა ხომ იცი და, ჩავუსხდეთ-მეთქი. ზაფხულია. მართლაც, მოვიდა ეს კაცი ჩვენთან ნომერში, დაჯდა. გაიხედა – მიშიკო შენგელია გამოვიდა აბაზანიდან, ფეხი მოხსნილი აქვს და იქვე მიუყუდებია კედელზე, გადაირია კაცი. უცებ გამოვიდა მეორე კოჭლობით, – ამაზე სულ შეიშალა. ბოლოს კახი გამოვიდა პირსახოცშემოხვეული და მთლად გაგიჟდა. იმ დროს კახის „დონ კიხოტში“ იღებდნენ და ისედი გამხდარი იყო, ლანდი გასდიოდა. მოკლედ, ძლივს დავაკავე ის კაცი, გამიგიჟდა – ეს სად მომიყვანეო. უცებ, კახის დააკვირდა და მკითხა: „ეტა აბდულა?“ ვერ მოვედი აზრზე. ისევ გამიმეორა: „ბელოე სოლნცე ვ პუსტინე“? უცებ დამკრა თავში, გამახსენდა, ერთ-ერთ ფილმში აბდულას როლს რომ თამაშობს კახი და ვუთხარი – დიახ, ის არის, ჩვენ კოლეგები ვართ-მეთქი. თვალები გაუბრწყინდა და მითხრა, ხვალ სუფრას მე გავშლი, ჩემს ცოლსა და მის დაქალს წამოვიყვან და ეს კაცი იქ მომიყვანე, თუ გინდა, რომ ზეგ დილით ხელი მოგიწერო დაფინანსების ქაღალდზე, 30 მილიონს გამოგიყოფო. კახის ვუთხარი, არიქა, ბიჭო, შენი იმედი მაქვს ახლა უარი არ მითხრა, თორემ, აქვე მოვიკლავ თავს-მეთქი. როგორ მეტყოდა უარს? მეორე დღეს კარგადაც ვიქეიფეთ და ჯიბეში 30 მილიონით დავბრუნდით საქართველოში.

ჯანსუღ კახიძის მჭამელი შვილი

ჯანსუღ კახიძის შვილი, ვახტანგი, ღმერთმა გაუმარჯოს და, ბავშვობაში ძალიან მაგარი მჭამელი იყო. ჯანსუღის მამა, ვანიჩკა კახიძე, ცნობილი თამადა გახლდათ და ხშირად ეპატიჟებოდნენ დიდ სუფრებზე. სამეგობროშიც ჰყავდა ძველი, მოქეიფე ხალხი. ერთხელაც, მისთვის ჭუტა ავალიშვილს დაურეკავს ტელეფონზე და უთქვამს, სუფრა მაქვს გაშლილი, აბა შენ იცი, წამოიყვანე შენი ბიჭები და ის შვილიშვილიც, ოღონდ ნასადილევი იყოს, თუ ძმა ხარო.

გაყინული ძმაკაცები და „სამართლიანი“ მუქარა

გივი მარგველაშვილი ქალაქში თავისი ენაკვიმატობით იყო განთქმული. ერთხელ, პანაშვიდზე ვართ მისული, ზამთარია, ცივა და სადარბაზოში ვიძუძგებით გაყინული ბიჭები. სიცივე ძვალსა და რბილში ატანს. გივიმ ითმინა, ითმინა და ბოლოს თქვა: ვაი, ზაფხულში რომ დაგინახოთ ვინმე ჩრდილში დამდგარი, გოუფრთხილებლად გაგიტეხავთ თავსო.

თამადისგან შეწუხებული ჯანსუღ ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანის ენამოსწრებულობა ცნობილი ამბავია. ერთხელ, თამადა ვიყავი ქორწილში და ხელისმომკიდეების სახელები შემეშალა სადღეგრძელოს თქმის დროს. ჯანსუღმა ნამუსი „მომწმინდა“ – არ გაიკვირვოთ, ხალხნო, წინა ქორწილის კონსპექტი აქვს წამოღებულიო. მოკლედ, ერთხელ ჯანსუღი მისულა ისეთ სუფრაზე, სადაც არავის იცნობდა. სთხოვეს, თამადად დადექიო, მაგრამ უარი უთქვამს – არავის ვიცნობ და უხერხულიაო. მოკლედ, მოუწია თამადის გვერდით დაჯდომა. გადმოიწევა თურმე თამადა ჯანსუღისკენ და ჩასჩურჩულებს ყურში: ბატონო ჯანსუღ, ეგერ რომ კაცია, რა ჰქვიაო. ეს აზრზე არ არის, მაგრამ, უთხრა – ჟორაო. ოჰ, მადლობაო. გავიდა ცოტა ხანი, ისევ ჩასჩურჩულა: იმის გვერდით რომ კაცი ზის, იმას რა ჰქვიაო. იმას, თენგიზიო. კიდევ გადაიხარა და ჰკითხა: ეგერ იმ კაცსო. ამოუვიდა ჯანსუღს ყელში და მიაძახა: თუ კაცი ხარ, შემეშვი, რას შემაწუხე, მაგდენი რომ მცოდნოდა, შენ დამასწრებდი თამადობასო?!

ნოდარ დუმბაძის „დაქოქილი“ კოსტიუმი

ერთხელ, ნოდარ დუმბაძე ძალიან გაპრანჭულ წვეულებაზე მოხვდა: პურმარილი ისეა გაწყობილი, თვალს ვერ მოწყვეტ კაცი, გაქათქათებულ სუფრაზე ძვირფასი ჭურჭელი აწყვია, გადაფუშფუშებული ხელსახოცებია დაფენილი, საუზმეულობა ისეა გაფორმებული, რომ, ნუ იტყვით! შემოუსხდნენ თურმე სუფრას სტუმრები და, ამ დროს, ვიღაც კაცი შემოვიდა და ისეთი ბენზინის სუნი ასდის მის კოსტიუმს, გააფუჭა განწყობა. ნოდარმა თურმე ითმინა, ითმინა და, რომ ვეღარ გაუძლო ბენზინის სუნს, მიუბრუნდა იმ კაცს და უთხრა: თუ ძმა ხარ, „დაქოქე“ ახლა ეგ შენი კოსტიუმი და წადი აქედანო.

პავაროტით მოხიბლული საქართველოს „გაის“ უფროსი

გოგი ცინცაძე იმ დროს საქართველოს „გაის“ უფროსი იყო. პაატა ბურჭულაძე ახალი გამოჩენილია სცენაზე. მოსკოვში ჩავიდა პავაროტი და, ისე მოხდა, რომ ეს ჩვენი გოგი, პაატა და პავაროტი ერთად მოხვდნენ სუფრასთან. ჩამოვიდა გოგი თბილისში და ყვება და ყვება, პავაროტიმ ეს ქნა, პავაროტიმ ის ქნაო, – გადაგვჭამა თავი საძმაკაცოს. ბოლოს, მივუტრიალდი და ვუთხარი: რა არის, კაცო, პავაროტის გარდა იქ ვერაფერი ნახე-მეთქი? გაეცინა და მიპასუხა: რა იყო, ბიჭო, ბოლოს და ბოლოს, „გაის“ უფროსი ვარ და „პავაროტს“ ვიტყვი, აბა არიების მე რა მესმისო.

მექრთამე „გაიშნიკი“

ალიკა კაკულიამ და „გაის“ უფროსმა გოგი ცინცაძემ ერთად იქეიფეს. ქეიფს რომ მორჩნენ, ალიკამ გოგი სახლში მიაცილა. მეცხრე სართულზე ცხოვრობდა გოგი. მოკლედ, გამობრუნდა უკან ალიკა და დიდუბეში არ გააჩერა მოტოციკლეტიანმა „გაიშნიკმა“?! უთხრა ნასვამი ხარო. ალიკას არ დაუმალავს, კი ბატონო, ნასვამი ვარო. ჰოდა, თუ ნასვამი ხარ, არ ვიცი არაფერი, ამ საქმეს 150 მანეთი უნდაო. შეწუხებულა ალიკა, უთქვამს, მაგდენი არ მაქვს, აგერ 50 მანეთი მიდევს ჯიბეში, მოგცემ და გამიშვი სახლში მშვიდობიანადო. თავი გაუგიჟებია „გაიშნიკს“, ვერ გამოვა ეგ საქმეო. ალიკას უთქვამს, კარგი მაშინ, აგერ, ახლოში ცხოვრობს ჩემი სიდედრი, მივიდეთ და მასესხებსო. დათანხმებულა „გაიშნიკი“. მივიდნენ თურმე კორპუსთან და ალიკამ უთხრა, დააყენე ეგ შენი მოტოციკლეტი, ჩემი სიდედრი მეცხრე სართულზე ცხოვრობს, მე ავალ, შენ მერვეზე შეყოვნდი და ნელ-ნელა ამოდი, გული არ გაუსკდესო. შეთანხმებულან. მივიდნენ თურმე, ავიდა ალიკა, მისცა კარზე ზარი, მილიციელი ნელა მოუყვება კიბეს. უცბად გაიღო კარი, ზაფხულია და ეს „გაის“ უფროსი დგას „ტრუსიკში“. რომ დაინახა ალიკა, გადაირია – რა გინდა, ახლა არ დამტოვე სახლშიო? ამ დროს იმ „გაიშნიკის“ თავიც გამოჩნდა კიბეზე. ალიკას უთქვამს, გოგი, რა არის, იცი? აგერ რომ მოდის ეს კაცი, შენი თანამშრომელი ხომ არის, გამაჩერა და 150 მანეთი მომთხოვა, მე 50 ვაძლიე, არ ქნა და, იქნებ, მასესხო 100 მანეთი, ხვალ ჩაგასესხებო. იქ ამბავი მომხდარა, მტრისას. იმ „გაიშნიკს“ რომ უცნია თავისი უფროსი, გიჟივით ჩაურბენია კიბე, ზორო რომ დაახტება ზემოდან თავის ცხენს, ისე შემოხტომია თავის მოტოციკლს და მოუცოცხავს იქიდან.


скачать dle 11.3