კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცვლილების შეტანას აპირებენ კალენდარში და რა გველის 2012 წელს


კალენდრის მსოფლიო ასოციაციის წევრებმა გადაწყვიტეს, 2012 წლიდან ცვლილება შეიტანონ კალენდარში. კერძოდ, გრიგორიანულ კალენდარში შეიტანონ ურიცხვო დღეები, რამდენიმე თვეს დაამატონ ერთი დღე, ან, პირიქით, დააკლონ, საერთოდ გააქრონ კალენდრის ფურცლიდან რამდენიმე დღე და ასე შემდეგ. ეს ცვლილება ჯერ განხილვის საგანია. შესაცვლელი კალენდრის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. როგორც პროფესორი ბატონი შალვა საბაშვილი ამბობს, ამ თემაზე დიდი ხანია, მსჯელობენ. მისივე თქმით, ასეთი კალენდარული ცვლილება აბსურდულია და მას, სავარაუდოდ, გაეროშიც არ დაუჭერენ მხარს.


შალვა საბაშვილი: წელთა და საუკუნეთა ათვლა ყოველთვის რომელიმე დაფიქსირებული კალენდარული სისტემის ფარგლებში ხდება. თითოეული ასეთი სისტემის სათავე კი კალენდარული ერის დასაწყისში ყოველთვის მეტ-ნაკლებად შემთხვევით შერჩეული რომელიმე მოვლენაა, რომლის მომენტი არაფრითაა განსაკუთრებული სხვა, უსასრულოდ ბევრ მომენტს შორის. დროის შესახებ გარკვეული წარმოდგენის, მოვლენათა შორის განვლილი პერიოდის გაზომვის ხერხებისა თუ მომხდარი ფაქტების მომენტთა აღნიშვნის რაიმე სისტემის უქონლად, ყოვლად შეუძლებელია პრიმიტიული ტომების ცხოვრებაც კი. ამიტომ იყო, რომ უძველეს ქვეყნებშივე ცდილობდნენ დროის აღრიცხვის მწყობრი სისტემის შექმნას. დღე-ღამე დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდია. ბუნებრივია, საზოგადოებრივი ცხოვრება მზის ციკლზეა მორგებული, ამიტომ, კალენდრის ეტალონად სწორედ მზისმიერი დღე-ღამე შეარჩიეს, რომლის დასაწყისი შუაღამე ანუ მზის ქვედა კულმინაციის მომენტია. მზის წლიური გადანაცვლება ვარსკვლავური ფონის მიმართ მოჩვენებითია, მას დედამიწის ორბიტული მოძრაობა იწვევს, ეს უკანასკნელი კი არათანაბარია ამ ორბიტის ელიფსურობის გამო, კერძოდ, იანვრის დასაწყისში ყველაზე ჩქარია – ამ დროს დედამიწა მზესთან უახლოეს მანძილზეა; ივლისის დასაწყისში კი – ყველაზე ნელი, ანუ დედამიწა მაქსიმალურადაა დაშორებული მზეს.

– ბატონო შალვა, რამდენ წელს ითვლის კალენდრის ისტორია?

– კალენდრების, ანუ წელთაღრიცხვის სისტემების ისტორია ხუთ ათასწლეულს მაინც ითვლის. თავდაპირველად შეიქმნა ეგრეთ წოდებული მთვარის კალენდრები. თითოეულ მათგანში ყოველი წელიწადი და ყოველი თვე აუცილებლად ახალმთვარეობით უნდა დაწყებულიყო, წელიწადი 12 თვისგან შედგებოდა, თვეების ხანგრძლივობა კი, მონაცვლეობით, 29 ან 30 დღე-ღამეს შეადგენდა. წელიწადის სრული ხანგრძლივობა 354 დღე გამოდიოდა, ეს კი 11 დღე-ღამით ხანმოკლეა ბუნებრივ-კლიმატურ წერტილამდე. ამიტომ, ყოველი მომდევნო კალენდარული წელი, წინა წელთან შედარებით, 11 დღით ადრე იწყებოდა. თვეებიც განუწყვეტლივ „სრიალებდნენ“ კლიმატურ სეზონთა მიმართ. დროთა განმავლობაში აუცილებლად გახდა მიჩნეული წელთაღრიცხვის ამ ხარვეზების გამოსწორება, ანუ კალენდრის რიტმის დაახლოება ბუნების ცვალებადობის რიტმთან, რასაც ბუნებრივად მოჰყვებოდა თითოეული თვის „დამაგრება“ რომელიმე უცვლელ კლიმატურ სეზონზე. მაგრამ, ამისთვის საშუალო კალენდარული წელიწადი უნდა „დაეგრძელებინათ“ დედამიწის გარემოქცევის ზუსტ პერიოდამდე, ანუ „მზიურ“ წელიწადამდე. მთვარის კალენდრის „წინსწრება“ ბუნების ციკლთა მიმართ ყოველ 3 წელიწადში დაახლოებით 1 თვე იყო და ამ „წინსწრების“ გამოსარიცხად, ანუ კალენდრის „სვლის“ სიჩქარის შესამცირებლად, დაიწყეს ყოველი მესამე კალენდრული წლის ბოლოს მეცამეტე თვის ჩამატება. ეს მოდიფიცირებული, შერეული სისტემა იყო, მასში თვეების დასაწყისები მთვარის ფაზების ცვლასთან იყო შეთანხმებული, წელიწადის სიგრძე კი – მზის ირგვლივ დედამიწის ორბიტული გარემოქცევის პერიოდთან, ამიტომ მას „მთვარე-მზისიერი კალენდარი“ ეწოდა. ამგვარი კალენდრების სტრუქტურის სირთულემ შემდგომში გამოიწვია მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების თანდათანობითი გადასვლა წმინდა მზისიერ კალენდარზე. თუმცა, კალენდრების ევოლუცია მათი სიზუსტის ზრდასა და ბუნებრივ ციკლებთან დაახლოებას ემსახურებოდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ერთიანი კალენდარი იყოს. ამიტომ, გაუგებრად მიმაჩნია, როცა ცალკეული პიროვნებები ცდილობენ დროის აღრიცხვისა და კალენდარში ცვლილებების შეტანას.

– დღეს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ, შესაძლოა, 2012 წელს გარკვეული ცვლილებები შევიდეს კალენდარში, კერძოდ, ამოვარდება რამდენიმე თვის რიცხვი, ორ თვეს დაემატება ეგრეთ წოდებული უსახელო, „დროის მიღმა“ ანუ ურიცხვო დღეები და ასე შემდეგ. თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ ამ თემაზე და, თუ არის შესაძლებელი და გამართლებული მსგავსი ცვლილების შეტანა კალენდარში?

– ამ თემაზე, დიდი ხანია, მსჯელობენ. ეს თითქოს მარტივი საკითხია, მაგრამ, როგორც მრავალი სხვა „მარტივი“ საკითხის შემთხვევაში, ბევრისთვის საკმაოდ ბუნდოვანია. რაც შეეხება კალენდარში ცვლილების შეტანას, მე ამას არ ვეთანხმები. ამ ცვლილების მომხრეთა აზრით, ერთ წელიწადში ისევ 365 დღე რჩება, ასევე, უცვლელი იქნება ნაკიანი წლებიც, მხოლოდ რამდენიმე უნომრო დღე ჩაემატება კალენდარში, ზოგი თვე „დაკარგავს“ ერთ დღეს, ზოგი კი, პირიქით – „დაიმატებს“. ანუ, მათი მიზანი მხოლოდ გრიგორიუსის კალენდრის წელიწადის შინაგანი სტრუქტურის შეცვლაა. მათი ერთ-ერთი წარმოდგენილი ვარიანტით, წელიწადში უნდა იყოს ოთხი კვარტალი, თითოეულ მათგანში – 91 დღე, პირველ თვეში – 31 დღე, მეორესა და მესამეში კი – 30. ანუ, სულ წელიწადში გამოვა 364 დღე. ურიცხვო დღეს კი წინასაახალწლო დღეს ჩაამატებენ. ასეთი წესით, 31 დეკემბერი საერთოდ გაქრება კალენდრის ფურცლიდან. ნაკიან წელიწადში კი ასეთივე ურიცხვო დღე 30 ივნისის შემდეგ ჩაემატება. ამის აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ, ფაქტობრივად, თუ ეს კალენდარი შემოიღეს, გაძნელდება ისტორიული მოვლენების დათარიღება, ზოგი ადამიანი დაბადების დღეს დაკარგავს, გადაინაცვლებს ასევე, რელიგიური დღესასწაულების თარიღებიც. კალენდარში ცვლილებების მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ ამ ცვლილებას ეკონომიკური ეფექტი მოჰყვებაო. მე ასე არ მიმაჩნია. გეტყვით იმასაც, რომ დროის ათვლა და აღრიცხვა ძალიან საფრთხილო და საპასუხისმგებლო საქმეა და აქ ექსპერიმენტები შეიძლება?! სხვათა შორის, ზოგიერთ ქვეყანაში ისევ ძველი სტილის კალენდრით ხელმძღვანელობენ, ზოგს კი საკუთარი კალენდარული სისტემა აქვს. ეს გამოსასწორებელია და ამის შემდეგ რეფორმები მისაღები გახდება. კერძოდ, როცა ყველა ეპოქის ისტორიული თარიღები ერთ სისტემაში იქნება მოყვანილი, სამომავლოდ აღრევა აღარ მოხდება. გეტყვით იმასაც, რომ ახალ და ძველ სტილს შორის სხვაობა, როგორც იცით, 13 დღეა. ეს სხვაობა მხოლოდ მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში იქნება. 2100 წლიდან კი სხვაობა 14 დღე-ღამე გახდება. კიდევ გეტყვით, რომ კალენდარში ცვლილების შეტანაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ, თუმცა მე ეს მეეჭვება. კალენდრების მსოფლიო ასოციაციის მიერ შექმნილი, ახალი კალენდრების რამდენიმე ვარიანტის განხილვა გაეროს ექსპერტიზაზე უნდა მოხდეს.

– 2012 წელს ვარაუდობენ პლანეტების გამწკრივებას მზის მიმართ ერთ სწორ ხაზზე. იმასაც ამბობენ, ეს სამყაროს დასასრულად მოიაზრებაო. ამ თემასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, მართლაც მოსალოდნელია დიდი კატაკლიზმები და კატასტროფები?

– სამყაროს აღსასრულზე საუბარი ზედმეტია, ამით ვინმეს თუ შეაშინებთ, თორემ... მაიას ტომის კალენდრის ერთ-ერთი ციკლი მართლაც 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება, მაგრამ სამყაროს აღსასრული, ნამდვილად არ დადგება. ზოგიერთმა ასტეროიდმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დედამიწას, მაგრამ ეს 2012 წელს კი არ მოხდება, არამედ, სავარაუდოდ, 2880 წელს. ეს პერიოდი კი ჯერ შორია. რაც შეეხება პლანეტების გამწკრივებას მზის მიმართ ერთ ხაზზე, ანუ როგორც ამ მოვლენას უწოდებენ „პლანეტების აღლუმი“, იწვევს დედამიწაზე კატასტროფებს, მაგალითად, ვულკანების ამოფრქვევას, მიწისძვრებს და ასე შემდეგ, მაგრამ, უახლოეს წლებში ასეთი კოსმოსური კატასტროფების საფრთხე არ გველის.


скачать dle 11.3