კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა მორწყათ ლედებურია ნაკლებად და რა ტემპერატურა მოსწონს ულმოადას


საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან, თენგიზ პაპავასთან ერთად, ორ არაჩვეულებრივ მცენარეზე ვისაუბრებთ. თურმე, ოთახის ზოგიერთი მცენარე ზამთარში დაბალ ტემპერატურასაც უძლებს და მშვენივრადაც ხარობს. თუ რომელია ეს მცენარეები და როგორ გავახაროთ ისინი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


– ბატონო თენგიზ, რატომ უნდა გავახაროთ ლედებურია ბინაში?

– ეს მცენარე ფასობს ულამაზესი დეკორატიული ფოთლებით, ისინი განიერი და ოვალურია. ძირში ინტენსიურად იისფერია, მუქი მწვანე ლაქებით. თუ გსურთ, რომ თქვენი სახლი გაალამაზოთ, ნამდვილად უნდა გაახაროთ ლედებურია. ამასთან, ეს მცენარე ძალიან კომპაქტურია და მომცრო ზომის ოთახშიც მშვენივრად დაეტევა.

– რა ზომის იზრდება მცენარე?

– ლედებურიას აქვს მრავალწლიანი ღერო, რომლის ბოლქვებიც ისე სწრაფად იზრდება, რომ ქოთანში მიწა რამდენიმე თვეში იფარება, თუმცა, მცენარე პატარა ზომის იზრდება. მართალია, გახარებული მცენარის შეძენა რთულია, მაგრამ მისი გამრავლება იოლია და, შეგიძლიათ, თავად გაახაროთ. მცენარის ბოლქვი მალე ფესვიანდება, რასაც ცოტაოდენი ლოდინი სჭირდება. ეს პროცესი შეიძლება დააჩქაროთ, თუ ქოთანს სითბოში დადგამთ – 20-25 გრადუს ტემპერატურაზე.

– როგორი ნიადაგი სჭირდება მცენარეს?

– მას მარტივი შემადგენლობის მიწა სჭირდება. საკმარისია ფხვიერი ნიადაგი, ორი წილი ფოთლოვანი და ერთი წილი გადამწვარი მიწა. ბოლქვის სიღრმეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, თუ ძალიან ღრმად მოგივათ ჩარგვა, ის მაინც ამოვა მისთვის სასურველ ადგილას.

– როგორი მორწყვა მოსწონს ლედებურიას?

– მორწყეთ ზომიერად. ბევრი წყალი არ მოგივიდეთ, რადგან, შეიძლება, შემდეგ ამან მცენარის ლპობა გამოიწვიოს. ზაფხულში კარგია, თუ მინერალურ სასუქს მიაწვდით, თუმცა, შეიძლება იმ მარილებითაც დაკმაყოფილდეს, რომელიც ონკანის წყალშია. თუ ფოთლის წვერებმა ნაადრევად დაიწყო გამოშრობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნიადაგს კალიუმი და ფოსფორი აკლია. სასურველია მორწყათ „მარგანცოვკის“ ხსნარით: ორი გრამი „მარგანცოვკა“ უნდა გაურიოთ ერთ ლიტრ წყალში. რამდენიმე დღეში კი სუპერფოსფატით მორწყეთ. ამ შემთხვევაში 3-5 გრამი სუპერფოსფატი უნდა გააზავოთ ერთ ლიტრ წყალში.

– რომელ თვეს ყვავის ლედებურია და როგორ მოვუაროთ მას ზამთარში?

– ეს მცენარე ყვავის მაშინ, როდესაც ბოლქვი შეივსება, ანუ, მარტსა და აპრილში. რაც შეეხება ამ სეზონს, ამ დროს ნაკლებად მორწყეთ, მაგრამ ნიადაგი ძალიან არ გამოაშროთ, არ დაუშვათ, რომ ფოთლები დასცვივდეს.

– რაც შეეხება მცენარის გადარგვას...

– შეგიძლიათ, მცენარე გადარგოთ გაზაფხულზე, თუმცა, არც ისაა პრობლემა, რომ ლედებურია 3-4 წელიწადს გააჩეროთ ერთ ქოთანში.

– რას გვეტყვით ულმოადას შესახებ?

– ამ მცენარეს ძალიან ლამაზი ყვავილები აქვს, რომლებიც ერთმანეთისგან ფერით განსხვავდება. გასულ წლებში ის საქართველოში არ იყო გავრცელებული, თუმცა შემდეგ დარგეს ბოტანიკურ ბაღებში და ახლა დეკორატიულ მცენარედ ითვლება. მისი ვეგეტაციური პერიოდი აპრილიდან ნოემბრამდე გრძელდება.

– როდის ყვავილობს მცენარე?

– ის ყვავილობს აპრილში, ფოთლების გამოტანისთანავე. თავდაპირველად სწრაფად იზრდება, თუმცა შემდეგ ნელი ინტენსივობით განაგრძობს სიმაღლეში ზრდას.

– ძირითადად როგორი პირობები მოსწონს ულმოადას?

– ულმოადას ერთ-ერთი დადებითი თვისება ის არის, რომ ზამთარში დაბალ ტემპერატურასაც კარგად უძლებს. ასე რომ, თუ თქვენ ბინაში ყვავილებისთვის შესაფერისი პირობები არ გაქვთ, გირჩევთ, გაახაროთ ზემოთ ხსენებული მცენარე და სირთულეების გარეშე გაზრდით მას.

– კიდევ რა დამატებითი პირობების გათვალისწინებაა საჭირო მის გასახარებლად?

– ულმოადას უყვარს სინოტივე, მაგრამ, ზომიერების ფარგლებში. ყველაზე უკეთ იზრდება კარბონატულ ნიადაგში. ყოველთვის ეცადეთ, დადგათ განათებულ ადგილას, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები არ მოახვედროთ. წელიწადის ყველა სეზონზე მორწყეთ ზომიერად. თუ მცენარის გადარგვას მოინდომებთ, აუცილებლად გაზაფხულზე გადარგეთ. ზაფხულში მისი ნიადაგი მინერალური სასუქით გაანოყიერეთ და ოთახი ხშირად გაანიავეთ.

– რით მრავლდება ეს მცენარე?

– ეს მცენარე თესლით, კალმებითა და ამონაყარით მრავლდება. ნაყიდი თესლი გააშრეთ და დათესეთ შემოდგომით, თბილ გარემოში. მწვანე ყლორტებიდან გაზაფხულზე აჭერით კალამი, დაამუშავეთ მასტიმულირებელ სითხეში და დარგეთ სილაში. როდესაც დაფესვიანდება, გადაიტანეთ ქოთანში.

– როგორ მოვუაროთ ულმოადას ზამთარში?

– ზამთარში მორწყეთ შედარებით იშვიათად და ნიადაგს მორწყვიდან მორწყვამდე აცადეთ შეშრობა. მას არ სჭირდება ძალიან მაღალი ტემპერატურა. ამიტომ, არ არის მისი დადგმა აუცილებელი გამათბობელთან ან ტემპერატურის ამწევ რაიმე საშუალებასთან ახლოს. მთავარია, ეს პირობები დაიცვათ და მცენარე ზამთარში დაასვენოთ, რომ გაზაფხულს ახალი ენერგიითა და სიცოცხლით შეხვდეს.


скачать dle 11.3