კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა დაუჯდა ქართულ ჯარს თრიაქით გაბრუებული ქართლის მეფის ბრძანების აღსრულება


სიმონ პირველი ქართლის ტახტზე მაშინ ავიდა, როდესაც ოსმალეთსა და ირანს შორის ამასიის ზავი დაიდო, რომლის მიხედვითაც, დამპყრობლებმა საქართველო შუაზე გაიყვეს. დასავლეთ საქართველო ოსმალთა მფლობელობაში შევიდა, აღმოსავლეთი კი – ირანის. სიმონი თავგადადებული იბრძოდა მტრის წინააღმდეგ, მან მრავალწლიანი ტყვეობა გაატარა ჯერ ირანელებთან, რომლის დროსაც თრიაქით თრობას მიეძალა, შემდეგ კი – ოსმალების ხელში. თუ როგორ გადაუდგა საკუთარი ძმა ქართლის მეფეს, რატომ უწოდებდა მტერი სიმონს „დელუ სიმონს“ („გიჟ სიმონს“) და როგორი ზარ-ზეიმითა და სამდღიანი უქმეთი აღნიშნეს ოსმალებმა მისი დატყვევება, ამას ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს.


ვაჟა კიკნაძე: სიმონ პირველის მამა, ლუარსაბ პირველი გვიანი პერიოდის საქართველოს ისტორიის ყველაზე დიდი და გამორჩეული მეფე იყო. მისი გამორჩეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ლუარსაბი თავდაუზოგავად, სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა საქართველოს გასათავისუფლებლად როგორც ოსმალების, ასევე ირანელებისგან. „ბოლო წუთამდე“ გადატანით არ არის ნათქვამი. უკვე ხანში შესული მეფე მხლებლებთან ერთად, 1556 წელს, გარისის მიდამოებში, შორიდან, მთიდან აკვირდებოდა ბრძოლას ყარაბაღის სულთანთან, როდესაც მას შემთხვევით შეეტაკნენ უკან დახეული მტრის ჯარები. მეფე ლუარსაბი მათთან შერკინებისას დაიღუპა. უკანასკნელ ბრძოლაში მას თან ახლდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამობრძმედილი, სიმონი, თავისი ძე. მამამ მას უანდერძა არა მარტო ქართლის, არამედ მთლიანად საქართველოს სიყვარული და, მართლაც, სიმონის მთელი ბიოგრაფია საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლებითაა გაჯერებული. ის ცდილობდა, ერთად შეეკრიბა ქართული ძალები, რომლებიც ერთად იბრძოლებდნენ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ის ორჯერ დაატყვევეს კიდეც. იმ საშინელმა ზეწოლამ, რასაც მეფე სიმონი განიცდიდა მრავალწლიანი ტყვეობისას, ასევე, მრავალგზის გადატანილმა უთანასწორო ბრძოლებმა, მის ხასიათზე გარკვეული კვალი დატოვა და, შეიძლება ითქვას, დაღიც დაასვა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას სიმონ პირველი ძალიან უყვარდა. „ახალი ქართლის ცხოვრების“ მემატიანე ამასთან დაკავშირებით აღწერს ასეთ მომენტს: ერთხელ, ქართლში ომიდან დაბრუნებული სიმონი, გადაცმული ეწვია ერთ-ერთ ოჯახს. როდესაც ბოლომდე დარწმუნდა, რომ იგი ვერ ამოიცნეს, გადაწყვიტა, გაეგო, რას ფიქრობდნენ მეფეზე. ოჯახის დიასახლისმა და, იმ მომენტში უფროსმაც, რადგან მისი მეუღლე ომში იყო წასული, სიმონს ასეთი პასუხი გასცა: უპირველესად, მე ჩემი მეფის უვნებლად დაბრუნება გამიხარდება და შემდეგ – ჩემი ქმრისაო. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო სიმონ პირველისთვის, მით უმეტეს, დარწმუნებული იყო, რომ ეს სიტყვები ყოველგვარი პირფერობის გარეშე უთხრა მას მასპინძელმა ქართველმა ქალმა.

– რა იყო სიმონ პირველის ცხოვრების ტრაგედია?

– სიმონ პირველის ტრაგედია იყო ის, რომ მისი ძმა, დავითი, მუსლიმანი გახდა, „დაუდხანად“ იწოდა და, ირანელებთან ერთად, შესაშური თავდადებით იბრძოდა საკუთარი ძმის წინააღმდეგ. გარდა ამისა, სიმონის დიდი ტრაგედია იყო 1569 წლის ფარცხისის ომიც.

– რა მოხდა ფარცხისის ომში?

– ფარცხისთან მოვიდა ყიზილბაშთა დიდი ლაშქარი, რომელსაც სიმონი თავისი ლაშქრით შეერკინა. ის ისე გაერთო ბრძოლით, რომ საკმაოდ ჩამოშორდა ქართველთა ძირითად ძალებს და მცირე ამალით აღმოჩნდა თავისი ჯარისაგან შორს. ამას დაერთო ისიც, რომ მის ცხენს ფეხი ჩაუვარდა ორმოში და მეფე ცხენიდან ჩამოვარდა. ერთ-ერთმა გამცემმა, მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილმა, მიუთითა მტერს, რომ ის განცალკევებით მდგარი, ჩამოქვეითებული და ლომივით მებრძოლი – ქართლის მეფე იყო. სიმონ პირველს ალყა შემოარტყეს. თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, მაინც ტყვედ ჩაუვარდა მტერს. დატყვევებული მეფე დიდი ზარ-ზეიმით წაიყვანეს ირანელებმა. ირანში მასზე დიდ ზეწოლას მიმართავდნენ, რომ რჯული შეეცვალა, მაგრამ, მან არაფრით არ მიიღო მუსლიმანობა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უნუგეშო და გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქართლის მეფე თითქმის 10 წელი გამოკეტეს ალამუტის ციხეში.

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– 1578 წელს ოსმალებმა ირანთან დადებული ზავის დარღვევა გადაწყვიტეს და მუსტაფა ლალა ფაშა გამოგზავნეს დიდი ლაშქრით აღმოსავლეთ საქართველოს დასაპყრობად. ირანელებმა გადაწყვიტეს, ტყვეობიდან გამოეშვათ სიმონი, რომელიც ორგანიზებას გაუწევდა ქართულ ჯარს ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. მართლაც, სიმონმა რამდენიმე ბრძოლა გადაიტანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო გორის ალყა და გორის აღება, რომლის დროსაც, მისივე გაუმართლებელი ქმედების შედეგად, მოხდა საკმაოდ უსიამოვნო მოვლენა.

– რა ჩაიდინა გორის ალყის დროს სიმონ მეფემ?

– გორი მაშინაც იყო და ახლაც არის ქართლის შუაგული. ვინც ფლობდა გორს, ის ფლობდა ქართლს. ამიტომ, თბილისის აღებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გორის ციხის აღება, რაც არც ასე მარტივი იყო, რადგან ეს ციხე საკმაოდ შემაღლებულ ადგილას – მთაზე მდებარეობდა, დაცულიც იყო და მისი იერიშით აღება გაჭირდებოდა. ამიტომ სიმონმა ხერხი იხმარა: მოადუნა მტრის ყურადღება და გორის ციხეს დიდმარხვის დროს, დაესხა თავს, ანუ, ისეთ დღეებში, როდესაც ქართველები არასდროს აწარმოებდნენ ბრძოლას და ოსმალებს ეს კარგად მოეხსენებოდათ. ქართლის მეფის წარმატება მოულოდნელობაზე იყო გათვლილი. საბოლოოდ, სიმონ პირველმა აიღო გორის ციხე. სწორედ აქ მოხდა ის არასასიამოვნო ინციდენტი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სიმონის პიროვნება ტყვეობის პერიოდში შეიცვალა: ქართველები გორის გარეუბანში, გორიჯვარში იყვნენ დაბანაკებულნი. გაზაფხული იდგა, აღდგომის წინა დღეები. სიმონმა დაინახა ახლად აბიბინებულ ბოსტნებში მწვანე ხახვი. მემატიანე წერს: მწვანე ხახვი ძვირად დაუჯდათ ქართველებსო.

– მაინც, რა მოხდა?

– სიმონმა გასცა უგუნური ბრძანება: ძალიან მომინდა ეს მწვანილი, წადით და მწვანე ხახვი მოართვით თქვენს მეფესო. ბოსტნები, რა თქმა უნდა, გაშლილ ადგილას მდებარეობდა და, ბუნებრივია, სახიფათო იყო მეფის ბრძანების შესრულება. მხოლოდ მწვანილის გამო გაგზავნა მან რამდენიმე ასეული მებრძოლი, მათ შორის – მეფის ოჯახის წევრი, ბატონიშვილი გოჩა. როგორც კი ისინი ტრიალ მინდორზე გამოჩნდნენ, მტერმა მათ ერთბაშად შეუტია. სწორედ ამ უაზრო ბრძანების გამო ჩაიხოცა რამდენიმე ასეული ქართველი და, მათ შორის – ბატონიშვილი გოჩაც. ასე შეეწირნენ ქართველი მეომრები ხახვს.

ასეთი საქციელი არაადეკვატური და შეუსაბამო იყო სიმონ მეფის მხრიდან. მემატიანე ამბობს, რომ იმ წლებმა, როდესაც სიმონ პირველი ალამუტის ციხეში იყო გამოკეტილი, ძალიან დიდი დაღი დაასვა მის პიროვნებასო. ის პირდაპირ აღნიშნავს, რომ ტყვეობის პერიოდში მეფე თრიაქის მოწევას მიეძალა და ამ ბრძანების გაცემის დროსაც, ის თრიაქის ზეგავლენის ქვეშ იყოო.

– დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, ქართლის მეფე ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა?

– თრიაქი, მართალია, იფილტრებოდა და მთელი აღმოსავლეთი მას ეტანებოდა, მაგრამ ღვინის ქვეყანაში გაზრდილი სიმონი არ იყო, ამას ჩვეული და თრიაქის ზეგავლენის ქვეშ ყოფნისას ასეთ უაზრო ბრძანებებსაც იძლეოდა. ძნელია, ტყვეობაში მყოფმა ადამიანმა გაუძლო ყველა ცდუნებას. როგორც ჩანს, ქართლის მეფემ ვერ გაუძლო ამ ცდუნებას. რა თქმა უნდა, ყიზილბაშებმა შეგნებულად შეაჩვიეს სიმონი თრიაქს. მემატიანე აღნიშნავს, იმდენად შეცვალა ქართლის მეფის ხასიათი ამ ჩვეულებამ, რომ თვითონ ყიზილბაშებიც კი მას „დელუ სიმონს“ ანუ, „გიჟ სიმონს“ უწოდებდნენ, რამეთუ მის ფსიქიკაში ასეთი მოულოდნელი ქცევები იჩენდა თავს და, ბრძოლაშიც ასევე ამოუცნობი და მოულოდნელობით სავსე მოწინააღმდეგე იყო – ის არაადამიანური თავგანწირვით იბრძოდა.

– ამ ინციდენტის შემდეგ სიმონმა განაგრძო ბრძოლა და, როგორც ჩანს, მისთვის საბედისწერო ადგილი აღმოჩნდა ფარცხისი.

– ოსმალებთან, კერძოდ კი ჯაფარ ფაშასთან მორიგი შერკინების დროს, სიმონ პირველი კვლავ ფარცხისის მიდამოებში აღმოჩნდა. ის ისევ გამოეყო მთავარ ლაშქარს. ამ დროს, მის ცხენს ფეხი ჩაუვარდა საფლობში და აქ ის კვლავ ჩავარდა ტყვედ. მეფის ამოსაყვანად სპეციალური არხის გაჭრა გახდა საჭირო. ოსმალთათვის სიმონის დატყვევება იმდენად წარმოუდგენელი და დიდი სიხარული იყო, რომ ამის აღსანიშნავად დიდი ზეიმი და სამდღიანი უქმე გამოცხადდა სტამბულში. საიდან გაჩნდა ასეთი საფლობი ფარცხისში, მემატიანე არ ხსნის, მაგრამ, ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ შუა საუკუნეებში საქართველოში მოჰყავდათ ბრინჯი და ჰქონდათ დიდი პლანტაციები. რადგან ბრინჯს დიდი რაოდენობით წყალი ესაჭიროება, შესაძლოა, ამიტომ იყო ეს მიდამოები დატბორილი და საფლობიც ამან წარმოშვა. ამ შემთხვევაშიც, საკმაოდ დაუფიქრებლად აღმოჩნდა მეფე ასეთ ადგილას. მას მისდევდა ბუკ-ნაღარიანი ხალხი, რაც ნათელს ხდიდა, რომ მეფე მოდიოდა.

როგორ არ ეცადნენ ქართველები და გიორგი უფლისწული სიმონის გათავისუფლებას, ოსმალებს დიდი გამოსასყიდის გადახდასაც დაჰპირდნენ, მძევლების გაგზავნასაც, მაგრამ – უშედეგოდ. სიმონი ისეთი დიდი ნადავლი იყო მტრისთვის, რომ მისი გამოშვება არაპროგნოზირებადს გახდიდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად ამიერკავკასიის პოლიტიკას ოსმალეთთან მიმართებაში. სიმონ პირველმა საშინელ პირობებში გაატარა 12 წელიწადი – ის ოსმალთა ტყვე იყო იედიყულეს ციხეში და იქვე დალია სული.

ასეთი მძიმე კვალი დააჩნია გმირი და სახელოვანი მეფის პიროვნებას ტყვეობაში გატარებულმა უმძიმესმა წლებმა და თრიაქზე მიძალებამ.


скачать dle 11.3