კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ბრიტანელებისთვის ბიჭოლა „ქუულ“ ტიპი და რატომ იმოსება ის ძონძებში


თავზე ბერეტით, ქართული ულვაშით, „მოხარშული“ ჯინსითა და ულამაზესი ნივთებით ვინტაჟის მაღაზიებიდან, დიზაინერი ბიჭოლა თბილისში დაბრუნდა. ექვსთვიანი ინგლისური ცხოვრების შემდეგ, როგორც მისი გემოვნება და ცოდნის დონე, ისე მსოფლმხედველობა, საგრძნობლად შეცვლილია. თუმცა ბიჭოლა დედაქალაქში დიდი ხნით არ ჩამოსულა, ლონდონში ჯერ ისევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. თბილისში კი მოდის კვირეულში უნდა მიიღოს მონაწილეობა, სადაც ერთადერთი დიზაინერი იქნება, რომელიც ქართული მოდის შემქმნელებსა და კრიტიკოსებს მამაკაცის ხაზს წარუდგენს.


ბიჭოლა: თბილისში ჩამოსვლის მიზეზი ერთი იყო: მინდოდა, კარგად გამერკვია „ჯორჯიან ფეშენ ვიკთან“ დაკავშირებული ამბები.

– რომელსაც აკეთებს „ნატალი“ თუ თაკო ჩხეიძე?

– რამდენიმეკვირიანი შუალედით ორივე აკეთებს საინტერესო დღეებს. როგორც ნატაშასთან, ისე თაკო ჩხეიძესთან, არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ჩემს კოლექციას ორივე შემთხვევაში გავიტან. მთავარი მიზანი ის არის, რომ კოლექცია მზადდება და „ფეშენ ვიკის“ სახელი ექნება მას თუ ფესტივალის, ორივეგან წარვადგენ. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი მაქვს.

– რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება, ჯერ ხომ ლონდონში სწავლობ?

– პირველად ტარდება საქართველოში მოდის კვირეული და თავი ვალდებულად ჩავთვალე მონაწილეობა მიმეღო. თუ ვარ ქართველი, თუ მინდა, რამეს მივაღწიო და რაღაცაზე სხვა ქვეყანაში მქონდეს პრეტენზია, აუცილებლად ეს ყველაფერი საქართველოდან უნდა დავიწყო. სულ რომ მსოფლიო დონის მასშტაბებზე მქონდეს გათვლა, ეს აუცილებელია. საშინლად არ მომწონს, როდესაც ერთი ან ორი წელი რომელიმე ქვეყანაში იცხოვრებენ და ქართულად უკვე აქცენტით ლაპარაკობენ. როგორც დედა არ შეიძლება შეიცვალოს ან დაგავიწყდეს, ისე არ უნდა დაივიწყო შენი ქვეყანა. არ არის საჭირო რადიკალურობა – თუ ლონდონში ვარ, საქართველოსთან არ ვწყვეტ ურთიერთობას და პირიქით. ახლა თბილისში ვარ, მაგრამ 6 თებერვალს ისევ მივდივარ ლონდონში ქსოვილების შესაძენად. მერე ისევ ჩამოვდივარ და მთელ კოლექციას აქ ვამზადებ.

– ვიცი, რომ შენი ხელით აკეთებ კოლექციას.

– დიახ, ერთგვარად „ჰენდ მეიდი“ გამოდის. მართალია, კოლექცია პრეტ-ა-პორტეა, მაგრამ ბევრ დეტალს ჩემი ხელით გავაკეთებ. ძალიან დიდი რაოდენობით იქნება გამოყენებული ტრიკოტაჟი. იმას, რაც ხატვაში და ფერწერაში შემიძლია სამოსზე ვაჩვენებ – სამოსზე იქნება ჩემი ნახატები, ალბათ, მაინც „პრინტის“ სახით, რადგან ხელით ნახატი უკვე სერიოზული ოტ-კუტიური გამოვა. ამ კოლექციას ოცდაათი ქართველი მამაკაცი მოირგებს.

– ვინ ჩაიცვამს შემდეგ ამ სამოსს? რომელი ქართველი მამაკაცი ჩაიცვამს „დაპრინტულ“ ტანსაცმელს?

– ნამდვილად არ ვიცი, ვინ ჩაიცვამს, ეჭვი მეპარება, რომ ის ქართველმა მამაკაცებმა ჩაიცვან. მოდის კვირეულზე ჩამოვლენ ბაიერები და, დიდი იმედი მაქვს, რომ მათი დაინტერესება მოხდება. ბაიერები მსხვილი ევროპული მაღაზიებისთვის ყიდულობენ კოლექციებს და, ვნახოთ, რა იქნება.

– როგორ გგონია, შენი სამოსი სადმე გაიყიდება?

– ყველაფერი მაინც ფიარის საქმეა. გჭირდება კარგი აგენტი, რომელიც შენს საქმეებს მიხედავს და გააკეთებს ყველაფერს რაც საჭიროა, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს მიმართულება არ მაინტერესებს, სწავლით ვარ დაკავებული და ძალიან მინდა, ჩემს პროფესიაში სრულყოფილი განათლება მქონდეს. ამ განათლების შემდეგ უკვე ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩემი სამოსი ჩემი ბრენდის სახელით გაიყიდოს. პროფესიას რაც შეეხება, ბოლომდე ვინარჩუნებ თანმიმდევრულობას. ასაჩქარებელი არაფერი მაქვს, ყველაფერი წინ არის, ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ.

– მომიყევი, რა ხდება ლონდონში, ყველაზე წვიმიან ქალაქში?

– მეგონა, რომ ყველაზე წვიმიან ქალაქში დავიკარგებოდი, ვერ ვიქნებოდი ისე, როგორც აქ, მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობა დამხვდა: ლონდონი მიგიღებს, მოგეფერება და – შენია.

– ინგლისი მაინც ცივია, ანუ ბოლომდე უცხოდ გტოვებს.

– კი არის ნაციონალურობის მომენტი, საოცრად აქვთ გამძაფრებული ინგლისელობა, მაგრამ, იმასაც გააჩნია, შენ რა ტიპი ხარ. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, ძალიან მოსწონთ ჩემი ჩაცმულობა, ყოველთვის ხაზს უსვამენ, როგორ გამოვიყურები, როგორი ნიჭიერი ვარ და ეს ყველაფერი გაუცხოების შეგრძნებას ფარავს. თან როგორი მომენტია, იცი? ინგლისელებს დიდად არ უყვართ სამხრეთევროპელები – იტალიელები, ესპანელები, გარუჯული ევროპელები (იცინის). როგორი რაღაც სჭირთ, იცი? რომ, ბრიტანელის გარდა, „ქუულ“ ტიპი არავინაა. ამის გამო ლონდონში გარუჯვაც ძალიან ცუდ ტონად მიიჩნევა, ანუ, ლათინოამერიკელებსა და სამხრეთელებს ემსგავსები (იცინის). მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მალე მიიღებენ, თუ ვინმე მოეწონათ. მაგალითად, საქართველოში იშვიათად, რომ ვინმემ კომპლიმენტი გითხრას, იქ კი – პირიქით, არ არსებობს, არ აღნიშნონ, როგორ გამოიყურები. ძალიან ბევრჯერ უცხო ადამიანსაც გავუჩერებივარ და უთქვამს, რა კარგად გაცვიაო. მიყვარს მრავალფეროვნება და საკმაოდ ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გამოვიყურები. ჩემთვის ეს არ არის – „ბრახ“! – და ჩავიცვი, რაც ხელში მომხვდა, ასე არ ვარ. ვფიქრობ, რომ ბოლომდე ბრიტანულად მაცვია და ამის გამო ბრიტანელებიც დაინტერესებული არიან ჩემი პიროვნებით.

– ვიცი, რომ იქ ცუდ ტონად მიიჩნევა ძვირად ღირებულ და გაფიარებულ ბრენდებში „აწყობა“.

– ზუსტად ასე ვფიქრობდი და, ლონდონში ცხოვრებისას კიდევ უფრო კარგად მივხვდი, რომ კარგად ჩაცმა – არ ნიშნავს მარტო იმას, რომ „შანელის“ თხუთმეტათასიანი ჩანთა გეჭიროს და „დოლჩე და გაბანას“ უფრო ძვირად ღირებული პიჯაკი გეცვას. არაბები, აზიელები, შეიხებისა და ამ ტიპის ადამიანების ცოლები უფრო ყიდულობენ მსგავს ნივთებს, ევროპელები – ნაკლებად. შეიძლება, ჩანთა „მარკ ჯეიკობსის“ გეჭიროს, მაგრამ სხვა დანარჩენი შენი გემოვნებით გქონდეს აწყობილი. ყოველ კვირას ლივერპულ-სტრიტზე ეწყობა ერთგვარი ბაზრობა, ჩვენი მშრალი ხიდის სტილში, რომელსაც „სანდეი მარკეტი“ ჰქვია. დილის 6 საათიდან, პირდაპირ კლუბებიდან მიდის ხალხი, შემოქმედებითად საკმაოდ საინტერესო ადამიანები და იქ იძენენ სამოსს, აქსესუარებს. იქ ყველაფერი ძალიან იაფად იყიდება, მეორად ფასებში, ანუ, რასაც ჩვენთან „ძონძებს“ უწოდებენ. ძალიან საინტერესოა, როდესაც ამ ბაზრობაზე ულამაზეს ნივთებს აღმოაჩენ. რაც მთავარია, ის ნივთი, შეიძლება, ერთი ფუნტი ღირდეს და შენ ეუბნები, ნახევარ ფუნტად მომყიდეო. მაგალითად, ჩემს საუკეთესო მეგობარს დაბადების დღისთვის „ვიქტორ ენდ როლფის“ ულამაზესი სამაჯური ვუყიდე. „ვიქტორ ენდ როლფი“ არ არის ისეთი ბრენდი, რომლის პატენტებიც დიდი დოზებით მზადდება, შესაბამისად, ეს პატენტი არ იყო. შენ თვითონ უნდა გამოიყვანო რაღაცეები. მოდაშია ვინტაჟი, ძველებური სტილის ნივთები. ისეთ მაღაზიაში, როგორიც „ტოპ შოპია“, არის ვინტაჟის განყოფილება, სადაც ძველებური ნივთებით ძალიან კარგი ანსამბლის შექმნა შეგიძლია. ძალიან მიყვარს იაპონელი დიზაინერები, რომლებიც იმდენად გაფიარებულები არ არიან. თუ ვიღაცას ჰგონია, რომ მოდურობა მხოლოდ „ლუი ვიტონის“ ან „არმანის“ რაღაცეების ჩაცმას ნიშნავს არ ვიცი, ჩემთვის კი პირიქითაა. თუმცა, რა თქმა უნდა, არ მინდა, ჩემი ეს დამოკიდებულება ვიღაცას თავზე მოვახვიო.

– როგორ ფიქრობ, როგორ შეაფასებენ ქალს, რომელსაც „ბიჭოლა“ ეცმევა?

– მგონია, რომ ძალიან მოდურად შეაფასებენ. იცი, ჯერ არ გადამიწყვეტია, როგორი სახელით ვმკვიდრდები, ამას, ალბათ, დროთა განმავლობაში მივხვდები და მიეცემა ფორმულირება. ვიღაცას „კლასიკას“ შეარქმევენ, ვიღაცას – „ავანგარდს“. როგორი ფინანსური დაინტერესებაც არ უნდა მქონდეს და რა ბრენდისთვისაც არ უნდა ვიმუშაო, ყოველთვის შევინარჩუნებ კოსტიუმის საინტერესოობას. სულ ვამბობ, რომ კოსტიუმი ჩემთვის არ არის გართობა, ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობ, ბევრს ვსწავლობ და, ვცდილობ, ვიყო პროფესიონალი. პროფესიონალია „ვერსაჩეც“ და პროფესიონალია „კომ დე გაღსონი“ და კავაკუბოც, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან. აქედან გამომდინარე, ვიღაცას, შეიძლება, მოვეწონო, ვიღაცას – არა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ვიღაცას მოვწონვარ თუ არ მოვწონვარ, ის ადამიანებიც კი, ვინც ჩემი უტრირებული იმიჯის გამო მაკრიტიკებენ, მაინც ამბობენ: „ბიჭოლა ძალიან ნიჭიერია“.

 – ჩემი საუკეთესო მეგობრები ქართველები არიან: სალომე ერისთავი, რომელიც არაჩვეულებრივი ჩამცმელია და გიორგი კიწმარიშვილი, „კიწ მუს“ ვეძახით. ვმეგობრობ ძალიან ცნობილ ფოტოგრაფთან, რომლის ფოტოებიც „ნეიშენალ გელერიში“ იყო გამოფენილი. მყავს იტალიელი მეგობარიც – ფრანჩესკა სალმერი მილანიდან. სულ მეუბნება, ჩადი მილანში, იქ გაცილებით მალე მიაღწევ ყველაფერს, ვიდრე ლონდონშიო. მას ლონდონში „სენ მარტინიში“ შევხვდი, გრაფიკულ დიზაინზე სწავლობდა. რა თქმა უნდა, როდესაც ევროპის გაერთიანებების წევრი ქვეყნებიდან ხარ, შენთვის ყველაფერი გაცილებით ადვილია. არ გაქვს ვიზის პრობლემა, სწავლის გადასახადის პრობლემა და სხვა. თუმცა, ჩემს ქართულ ხასიათს იქაც ვავლენ, თუნდაც ეს ფინანსებს ეხებოდეს. კლუბში ვიღაცეების დაპატიჟება მიყვარს. ფრანჩესკა იყო სრულ შოკში, როდესაც კლუბში ყოფნის დროს დავპატიჟე – იტალიის გარდა, ასეთი საქციელი არსად მინახავსო, თან, ფრანჩესკა, რომლის მამაც მილანში მსხვილი ბიზნესმენია, დედა კი იმ იპოდრომების მეპატრონე, სადაც მარნი და ასეთი ადამიანები საჯირითოდ და გასართობად დადიან. ჩემი ასეთი საქციელი ყოველთვის ყველას უკვირს.

– როგორ ერთობი იქ?

– არის ძალიან კარგი კლუბები, სადაც ხშირად დავდივარ, უფრო პატარა კლუბები, სადაც ხშირად ერთი და იგივე ხალხი დადის. ვიყავი ისეთ დიდ, ტურისტულ კლუბებშიც, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო. სხვათა შორის, ძალიან ბევრ წვეულებაზე აღუნიშნავთ ჩემი ჩაცმულობა, რაც მართლა მახარებს. ჩემი ქართველი მეგობრები ყველანაირად მიწყობენ ხელს იმაში, რომ კარგი ლონდონური გართობა სრულყოფილად ავითვისო.


скачать dle 11.3